არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
21-01-2018
უჩა ნანუაშვილი - „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი მიმართული უნდა იყოს ოკუპაციის და არა ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ
11:09 22-03-2017
უჩა ნანუაშვილი - „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი მიმართული უნდა იყოს ოკუპაციის და არა ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველი საზოგადოების წინაშე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის ანალიზითა და რეკომენდაციებიც წარსდგა. ანგარიში აღნიშნულ კანონში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებულ ხარვეზებს მიმოიხილავს და ისეთ პრობლემურ საკითხებს შეეხება, როგორიცაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა, ეკონომიკური საქმიანობა, დე ფაქტო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები.
ამას გარდა, გასულ თვეს ომბუდსმენმა მედიას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2014-2016 წლებში ქალთა და ბავშვთა უფლებების მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში ნათქვამია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზოგადოებებში ოჯახში ძალადობა ერთ-ერთ რთულ და ამასთან, დაფარულ პრობლემას წარმოადგენს.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ დროისთვის არსებული სოციალური ვითარებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე, ქვეყნის მთავარი დოკუმენტის გადახედვისას გაცემულ რეკომენდაციებსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე ”ინტერპრესნიუსი” საქართველოს სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს ესაუბრა:
- ბატონო უჩა, საუბარი ბათუმში განვითარებული მოვლენებით დავიწყოთ. რამდენიმე საათის განმავლობაში ვადევნებდით თვალ-ყურს ქვეყნის ტურისტულ ქალაქში მიმდინარე არეულობას, მოქალაქეების მიერ ინფრასტრუქტურის განადგურებას, ავტომობილების, მათ შორის პოლიციის მანქანის განზრახ დაზიანებას... მეორე მხრივ, კითხვის ნიშნებია პოლიციელების მიმართ, ასევე სხვადასხვა პირის განცხადებაში ფიგურირებს ეთნიკური მოტივიც. როგორ აფასებს სახალხო დამცველი ბათუმში განვითარებულ მოვლენებს, რამდენად ადეკვატური იყო ხელისუფლების რეაგირება და მნიშვნელოვანია თქვენი დამოკიდებულება პროცესების შემდგომი განვითარების შეფასებისას.
-ეს იყო უპრეცენდენტო სახის ძალადობა. მე არ მახსოვს საქართველოში მსგავსი ძალადობა, რომელიც უკავშირდება შეკრების, თუ გამოხატვის თავისუფლებას. რა თქმა უნდა, ასეთი ვანდალიზმი ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია. კარგია, რომ ყველაფერი შედარებით მშვიდობიანად დასრულდა. ჩვენ თავიდანვე ვაკვირდებოდით პროცესს და მთელი რიგი კითხვები გაგვაჩნია. მაგალითად, ექვსივე დაკავებული, რომელიც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მოტივით პირველ ეტაპზე დააკავეს, აცხადებდა, რომ მათ მიმართ პოლიციის მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ისევე როგორც, არანაირი შეურაცხმყოფელი გამონათქვამები არ ყოფილა, რაზეც შემდგომ არა ერთხელ იყო საუბარი. მაშინ ისმის კითხვა - თუკი ასეთი ფაქტები არ ყოფილა, რატომ მოხდა, რომ ამ ინფორმაციის გადამოწმების მიუხედავად, რამდენიმე საათის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ფართომასშტაბიანი აქციის დაგეგმვას, განხორციელებას? შემდგომ ძალადობის ესკალაციასაც შევესწაროთ. ძალიან ბევრ ადამიანს მთელი საათების განმავლობაში ჰქონდა განცდა, რომ ყველაფერი სტიქიურად მიმდინარეობდა. რეალურად, მოსახლეობას დაუცველობის განცდა ჰქონდა და ამას ყველანი პირდაპირ ეთერში ვხედავდით. ვფიქრობ, ეს არის მთავარი პრობლემა, როდესაც სახელმწიფოში არსებობენ სამსახურები, რომელთა ვალდებულებაა ერთი მხრივ, მსგავსი კრიზისების პრევენცია, მეორე მხრივ, თუკი უკვე არსებობს კონფლიქტი, დაძაბული მგგომარეობა, სახელმწიფომ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მდგომარეობა განიმუხტოს. ჩვენ დავინახეთ პირიქით, განმუხტვის ნაცვლად, კიდევ უფრო მეტად დრამატიზება მოხდა და ძალადობის ესკალაცია ვიხილეთ. ამიტომაც მივმართეთ პრემიერ-მინისტრს, რომ შეისწავლოს კრიზისების მართვასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა. საუბარია, როგორც კრიზისების მართვის საბჭოზე, ასევე უსაფრთხოების სამსახურებზე, რამდენად ეფექტურად მუშაობდნენ, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია, იმის შესახებ - ეს იყო წინასწარ ორგანიზებული აქცია, თუ მართლაც სპონტანური იყო, რადგან შეუძლებელია სპონტანურად ასეთი მასშტაბური აქციის გამართვა. გამოძიებამ ამ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი. მთლიანობაში ბევრი რამ არის შესასწავლი, თუნდაც რატომ არ მოხდა სხვა სპეციალური საშუალების გამოყენება? როდესაც დემონსტრანტს, აქციის მონაწილეს რეზინის ტყვიებს ესვრი, ან ცრემლსადენ გაზს იყენებ. რატომ არ მოხდა სხვა სპეცსაშუალების გამოყენება, მითუმეტეს ზამთრის პერიოდში, წყლის ჭავლის გამოყენება გაცილებით უფრო ეფექტური იქნებოდა, ვიდრე, თუნდაც რეზინის ტყვიების. როდესაც პოლიცია იყენებს ასეთ სპეციალურ საშუალებებს, ეს რა თქმა უნდა, პოლიციის უფლებაა და კანონიერია, იქაც ალბათ გარკვეული თანრიგი არსებობს, როდის, რა შემთხვევაში შეიძლება კონკრეტული სპეცსაშუალების გამოყენება მოხდეს. მითუმეტეს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ იყო პოლიციის შენობაში შევარდნის ფაქტები. რომ ყოფილიყო შენობაში შეჭრა - გასაგებია, იქ სხვა სპეცსაშუალებებიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო. შესაძლოა, ამ სპეცსაშუალების გამოყენებამ კიდევ უფრო მეტი აგრესია გამოიწვია დემონსტრანტებში და იმის ნაცვლად, რომ ძალადობის ლოკალიზება მომხდარიყო, ამან კიდევ უფრო მეტად წაახალისა. რეალურად სახელმწიფოს ევალება მაქსიმალურად განმუხტოს მსგავს შემთხვევებში ნებისმიერი აგრესია. მე ეს ვერ დავინახე. პირიქით, დავინახე, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიცია დაგვიანებითაც კი რეგირებდა ძალადობაზე. ყველა უყურებდა და ამის მოწმე მთელი საქართველო იყო, რომ პოლიცია საკმაოდ გვიან ჩაერთო. როგორც ჩანს, კრიზისულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, ხელისუფლებაში გარკვეული ხარვეზები არსებობს.
- რაც შეეხება შემდგომ პროცესებს. როგორ აფასებთ და რამდენად დამაკმაყოფილებელია სახალხო დამცველისთვის ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებული გამოძიების მიმდინარეობა?
- ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის, დაკავებულთა რაოდენობის შესახებ, თუმცა ჩვენ გადავამოწმეთ და ვნახეთ, რომ ციფრები განსხვავდება. გამოცხადებული იყო 40, ჩვენ ვნახეთ 75. ახლა ვამზადებთ პირველად ანგარიშს და ვაფასებთ მიმდინარე მოვლენებს. ერთი მხრივ, ვსწავლობთ, რა პირობებში იმყოფებოდნენ დაკავებულები, მეორე მხრივ, სასამართლო პროცესებს ვესწრებით და საზოგადოებას უფრო დეტალურ ინფორმაციას წარვუდგენთ. მთლიანობაში შეფასება ცოტა ადრე არის, რადგან გამოძიება რამდენიმე დღის დაწყებულია და არ იქნება ჩვენი მხრიდან ეს გამართლებული, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასეთი ვანდალიზმის, ძალადობის ფაქტი იყოს შესწავლილი და გამოძიებული. ყველა ადამიანმა, ვინც დამნაშავე იყო, აგოს პასუხი. მნიშვნელოვანია, რომ ძალის გადამეტებული გამოყენების და დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის თაობაზე საუბარი არ არის. თუმცა ძალის გადამეტების შემთხვევებს ვსწავლობთ.
- უკვე რამდენიმე კვირაა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ქვეყნის ძირითადი დოკუმენტის გადახედვაზე მუშაობს. ამ ფონზე, თვალშისაცემია პრეზიდენტისა და მმართველი გუნდის წევრების დაპირისპირება. როგორ აფასებთ პროცესს და რა არის თქვენი ძირითადი რეკომენდაციები აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებისას?
- ვფიქრობ, ეს პროცესი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლია ყველა მხარის, ყველა ორგანიზაციის, მაქსიმალურად მეტი ადამიანის, ნებისმიერი ინსტიტუტის მონაწილეობა. ზოგადად, ასეთი დამოკიდებულებები, წინააღმდეგობები, რომელიც პრეზიდენტის ინსტიტუტსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის არსებობს, რა თქმა უნდა, პროცესის დამაზიანებელია. ჩემთვის ყველაზე სამწუხარო და საგანგაშოა, რომ კომისიის მუშაობა ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში ხდება. საუბარია, რომ კომისიამ მუშაობა აპრილის ბოლოს უნდა დაასრულოს. ვფიქრობ, ასეთი ტემპებით ვერ იქნება მიღებული ის შედეგი, რომელიც მთლიანობაში ქვეყნის განვითარებისთვის სასიკეთო იქნება, რადგან აუცილებელია, რომ არა მხოლოდ კომისიის წევრები მუშაობდნენ ცვლილებებზე, არამედ, ამ პროცესში ჩართული იყოს როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ასევე აკადემიური წრეები, სხვადასხვა ორგანიზაციები, ინსტიტუტები. მოსახლეობას რომ კითხონ, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრს ინფორმაციაც არ აქვს, თუ რა საკითხები განიხილება საკონსტიტუციო კომისიაში. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. მით უფრო, საუბარი არის ქვეყნის ძირითად კანონზე, რომლის შექმნაში და ცვლილებებში მაქსიმალურად მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული. მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს დაჩქარებული და ფორსირებული ტემპით ხდება გარკვეული ცვლილების მიღება და შემდგომ ამ ცვლილების პარლამენტის მიერ დამტკიცება - იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს გარკვეული შესაძლებლობა, საკონსტიტუციო უმრავლესობამ გაიტანოს ცვლილებები, რომელიც მმართველი პარტიისთვის ხელსაყრელია. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციაა პროცესი რაც შეიძლება მეტად გაგრძელდეს, დიდი ხნის განმავლობაში. ჩვენ არსად გვეჩქარება, რომ მაინცდამაინც აპრილის ან თუნდაც მაისის ბოლოს იყოს კონკრეტული წინადადებები. ასევე მნიშვენლოვანია საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების, ვენეციის კომისიის და სხვა ორგანიზაციების ჩართულობა, რადგან ეს არ არის ის, რასაც ყოველწლიურად შევცვლით. კონსტიტუცია წლების განმავლობაში უნდა იყოს ქვეყნის მთავარი კანონი. ჩვენ რამდენიმე რეკომენდაცია გაგვჩანია და რამდენიმე საკითხზე თანხმობაც გვაქვს მიღებული ჯგუფის წევრებისგან. ჩვენ ჩართული ვართ ადამიანის უფლებთა სამუშაო ჯგუფში. ერთ-ერთი საკითხი შრომის უფლებების ეფექტური რეალიზაციის საკითხია, კონსტიტუციური ზედამხედველობის ორგანოს შექმნა. შეიძლება ითქვას, რომ ეს უფლება კონსტიტუციაში სრულყოფილად ასახული არ არის და ჩვენი მიზანია, იგივე, შრომის ინსპექციის შექმნა, რასაც წლებია ვითხოვთ, ორგანო, რომელიც შრომის პირობებისა და შრომითი უფლებების ზედამხედველი იქნება. ამაზე გარკვეული კონსესუსი ჯგუფის ფარგლებში მიღწეულია. ასევე, ერთ-ერთი თემა, რომელზეც ჩვენი ინიციატივით დავიწყეთ საუბარი არის ის, რომ ინტერნეტზე წვდომა და სარგებლობა კონსტიტუციური ნორმა გახდეს. ესეც ახალი უფლებაა. ამაზეც პრინციპში თანხობა უკვე მიღწეულია. ჩვენ გვქონდა მხარდაჭერა სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან, ინტერნეტზე წვდომა და ინტერნეტით სარგებლობა იქნება საკითხი, რომელიც კონსტიტუციაში შევა, რათა კონსტიტუციით იყოს გარანტირებული.
- რატომ გახდა აღნიშნული საკითხის კონსტიტუციის დონეზე ინიცირების საჭიროება, ვის აქვს ინტერნეტის წვდომაზე შეზღუდვა და რა ვალდებულებები დაეკისრებათ პროვაიდერებს?
- აქ ასევე საუბარია გეოგრაფიულ წვდომაზე. მაგალითად, მაღალმთიან რეგიონებში უზრუნველყოფილი იყოს ინტერნეტზე წვდომა, რაც დღეს გეოგრაფიულად არ არის. პრინციპში, დაწყებულიც არის სპეციალური პროგრამა, რომელიც ყველა დასახლებული პუნქტის ინტერნეტით უზრუნველყოფას გულისხმობს. რამდენადაც მახსოვს, ამაზე გასულ წელს დაიწყო მუშაობა და უახლოეს ხანში დასრულდება, უბრალოდ, გვინდა, რომ ეს საკითხი იყოს კონსტიტუციაში შესული.
ასევე, ერთ-ერთი თემა, რომელიც ჩვენს მიერ წარდგენილია სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერებას ეხება, მათ შორის, ერთ-ერთი საკითხი ბიუჯეტთან დაკავშირებულია, რომ პარლამენტის მხრიდან არ მოხდეს სახალხო დამცველის ბიუჯეტის შემცირება და თუკი ეს ასე იქნება, უნდა მოხდეს სახალხო დამცველის აპარატის თანხმობით. ეს მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა გაიზარდოს.
ჩვენი ერთი-ერთი რეკომენდაცია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში შეიძლება ითქვას, მთავარ რეკომენდაციად რჩება, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაა. ანუ წამების, არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებასთან დაკავშირებით არსებობდეს ცალკე სამსახური, ცალკე მექანიზმი, რომელიც პოლიციელთა, სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენლების, თუ პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს და ჩვენ ამაზეც გვაქვს წინადადება წარდგენილი, რომ კოსტიტუციაში გაჩნდეს სპეციალური მუხლი.
კიდევ ერთი მნიშვენლოვანი ინიციატივა, რომელიც გასულ წელს პარლამენტში გვქონდა წარდგენილი, თუმცა, მხარდაჭერა ვერ ჰპოვა, საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაზრდას ეხება. რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარეობდა მუშაობა, რომ მართლმსაჯულების ხარვეზის დამდგენი კომისია შექმნილიყო, რომელიც წარსულში მომხდარ დანაშაულებს ხელახლა შეისწავლიდა, მათ შორის, გარკვეულ საქმეებს გადასინჯავდა. ეს იყო ერთ-ერთი მოთხოვნა და მთავრობის დაპირება, რომელიც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა, თუმცა, რეალურად, ეს კომისია არ შეიქმნა. მაგრამ საზოგადოებაში ლეგიტიმური მოლოდინი არსებობდა, რომ იმ საქმეების გადასინჯვა მოხდებოდა, რომლებზეც მთელი ქართული საზოგადოება წლების განმავლობაში საუბრობდა. ჩვენ ამ ინიციატივით გვსურდა სიტუაცია მაქსიმალურად გამოგვესწორებინა. ოღონდ არსებული სამართლებრივი სტრუქტურების ფარგლებში ანუ, სასამართლოებისთვის მიგვეცა დამატებითი უფლებამოსილება, რომ მათ გარკვეულ საკითხებში მოეხდინათ რეაგირება და შეესწავლათ ის საქმეები, რომელზეც წარსულში გამოტანილი იყო გადაწყვეტილება, მაგრამ გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობდა და მოქალაქეები ითხოვდნენ ამ განაჩენის გადახედვას. ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ უშუალოდ ეს საკითხიც განხილული იყოს საკონსტიტუციო კომისიის შესაბამის ჯგუფში.
ამას გარდა, კიდევ ერთი თემა, რომელიც ჩვენ დავაყენეთ, ეხება ქალთა უფლებებს, გენდერული თანასწორობის საკითხებს. კარგი იქნება, რომ კონსტიტუციაშიც იყოს გარკვეულწილად რაღაც უფრო მეტად გარანტირებული ეს უფლებები, ისევე როგორც, სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა. იმედი მაქვს, ამ საკითხებზეც იქნება გარკვეული კონსესუსი და საბოლოო ჯამში, გაჩნდება მუხლები, რომლებიც მიმართული იქნება თუნდაც, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისკენ, შშმ პირთა უფლებების უკეთ დაცვისკენ და ა.შ. პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია, არსად გვეჩქარება, რატომ უნდა დასრულდეს ერთ, ორ ან სამ თვეში? როგორც წესი, ასეთი კომისიები მსოფლიოში წლების განმავლობაში მუშაობენ და კონკრეტული ცვლილებები არის მრავალწლიანი დისკუსიის შედეგი. რატომ უნდა ვიჩქაროთ არ მესმის, თუ არსებობს გარკვეული პოლიტიკური ნება კონკრეტული პოლიტიკური ცვლილებებისთვის - ეს სხვა საკითხია.
- ომბუდსმენის აპარატის ინტერესის ერთ-ერთი საგანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და კონფლიქტებია. ცოტა ხნის წინ, აფხაზეთში ე.წ. არჩევნებიც ჩატარდა. რა შეგიძლიათ გვითხრათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ დროისთვის არსებული სოციალური ვითარებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ?
- ჯერ კიდევ 2013 წელს ვეცადეთ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში დამკვირვებლის სტატუსით მიგვეღო მონაწილეობა, თუმცა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ეს საკითხი არ დაიძრა. მანდატით ჩვენი უფლებამოსილება ვრცელდება ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფახაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი უფლებამოსილება განვახორციელოთ. 2014 წლიდან აპარატში სპეციალური მრჩეველი საქმიანობს, რომელიც უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების და უფლებების დაცვაზე მუშაობს. ამას გარდა, ვცდილობდით, რომ მაქსიმალურად ყველა ფორმატი გამოგვეყენებინა, რათა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები წამოწეული ყოფილიყო. რადგან არ გამოვიდა ჟენევის ფორმატში ჩვენი დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა, ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად სხვა ფორმატის შექმნაზე დავიწყეთ მუშაობა. ასეთი ფორმატი 2014 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა. სახალხო დამცველი რეგულარულად მუშაობს აფხაზ უფლებადამცველებთან. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვიხილავთ იმ თემებს, რომელიც უშუალოდ ადამიანის უფლებებს ეხება, ესენია - გადაადგილების თავისუფლება, დაკავებები საოკუპაციო ხაზზე, ჯანმრთელობისა და განათლების ხელმისაწვდომობა და სხვა. წლების განმავლობაში არაერთ მოქალაქეს, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობს, შესაბამისი დახმარება გავუწიეთ. განსაკუთრებით ეს ეხება სოციალურ უფლებებს. ჩვენი რესურსების და უფლებამოსილების ფარგლებში მათ გავუწიეთ დახმარება, ასეთი არაერთი კონკრეტული ფაქტი ყოფილა, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, ჩვენ ნაკლებად ვასაჯაროვებთ, რომ ხელი არ შეეშალოთ და მათი უსაფრთხოება იყოს დაცული. სახალხო დამცველს ასევე ჰყავს საკონტაქტო პირები აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“, რომლებიც ჩვენთან აქტიურად მუშაობენ. იქ მომუშავე ორგანიზაციებთან გვაქვს საკმაოდ აქტიური კავშირი, რათა მივიღოთ მეტი ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ. შემდგომ უკვე ჩვენ კონკრეტული რეკომენდაციებით და ანგარიშებით ვცდილობთ ამ პრობლემების მიტანას როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე. წლების განმავლობაში ჩვენ ასეთი არაერთი ანგარიში მოვამზადეთ. დიალოგი შესანიშნავი ფორმატია, რომ ინფორმაციის გაცვლა მოხდეს, რაც მთავარია, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ნდობის აღდგენას. არა მხოლოდ უფლებადამცველთა შეხვედრებს ვაწყობთ, სხვა ახალი ფორმატებიც შეიქმნა, მათ შორის, ბავშვთა უფლებების საკითხებზე რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ეს შეხვედრები როგორც წესი, ნეიტრალურ ტერიტორიაზე იმართება და ორივე მხრიდან ესწრებიან სპეციალისტები, რომლებიც ამ თემებზე მუშაობენ. ასევე ჩატარდა რამდენიმე შეხვედრა ქალთა უფლებებისა და გენდერის საკითხებზე. გარდა ამისა, რამდენიმე სასწავლო ვიზიტიც განხორციელდა. ერთ-ერთი ასეთი სასარგებლო და მნიშვნელოვანი სასწავლო ვიზიტი შედგა ბოსნია ჰერცეგოვინაში, სადაც ქართველმა და აფხაზმა უფლებადამცველებმა, რომლებიც ქალთა უფლებებზე მუშაობენ ვიზიტის ფარგლებში შეისწავლეს იქ არსებული მდგომარეობა, მაგალითად კანონმდებლობა, მდგომარეობა ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით. ახლახანს მუშაობა დაიწყო სპეციალურმა თემატურმა ჯგუფმა, რომელიც პენიტენციურ სისტემას, ციხეებში არსებულ მადგომარეობას და პატიმრების პირობებს ეხება.
- რა ვითარებაა აფხაზეთის პენიტენციურ სისტემაში?
- აფხაზეთში მხოლოდ ერთი - დრანდის ციხეა, სადაც დაახლოებით 300-მდე პატიმარი იმყოფება. იქ რამდენიმე ქართველი პატიმარი კვლავ რჩება. სახალხო დამცველი წლების განმავლობაში ჩართული იყო პატიმართა გაცვლის პროცესში, რომელიც გასული წლის მარტში დასრულდა. თბილისმა, სოხუმმა და ცხინვალმა პატიმრები გაცვალეს, რომლებიც ომამდე და ნაწილი ომის შემდეგ იყვნენ დაკავებულები, თუმცა რამდენიმე პატიმარი კვლავ დარჩენილია და ჩვენ ვცდილობთ, მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვქონდეს, ასევე ვიმუშაოთ რომ მათი გათავისუფლებაც მოხდეს. იქ მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმეა, პრობლემები გაცილებით რთულია, აფხაზეთის ციხეში არსებული მდგომარეობა 90-იან წლებში საქართველოს მდგომარეობას მახსენებს. ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენის პროგრამების განხორციელება, სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფებს შორის ურთიერთობის აღდგენა. ეს პროცესი ევროსაბჭოსთან თანამშრომლობით სახალხო დამცველის ინიციატივით დაიწყო და ვფიქრობ, მიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო გაფართოვდეს. სწორედ ასეთი შეხვედრების დროს ჩნდება შემდგომი თანამშრომლობის ან ერთობლივი პროექტების იდეები. მაგალითად, უახლოეს მომავალში დაიწყება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ სოციალური თემატური ჯგუფის მუშაობა. ამ შეხვედრების ერთ-ერთი შედეგი იყო სტამბოლში ორი წლის წინ გამართული საზაფხულო სკოლა ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდა უფლებადამცველებისთვის. ერთი კვირის განმავლობაში მათ ევროპელი ექსპერტებისგან მიიღეს სერიოზული ცოდნა ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ. ასეთ ერთობლივ საქმიანობას ყოველთვის მოაქვს შედეგი. ჩვენ მაქსიმალურად ვდილობთ წავახალისოთ და ახალი ფორმატები გავხსნათ, არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ პოლიტიკურ ფორმატზე. რამდენიმე ანგარიშია მომზადებული ჩვენი მხრიდან, რომელიც ეხება უსაფრთხოების საკითხებს, გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებებს და სხვა მნიშვნელოვან თემებს.
- „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული ხარვეზები, არაერთხელ გამხდარა თქვენი კრიტიკის საგანი. თქვენ ფიქრობთ, რომ საქართველოს პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის თაობაზე გადასახედია, კიდევ რა ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას ხედავთ ამ კუთხით?
- ეს კანონი არ უნდა იყოს მიმართული ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ. მიმართული უნდა იყოს ოკუპაციის წინააღმდეგ. შექმნილ მდგომარეობას, რუსეთის ბაზების განთავსებას რაღაც სტატუსი უნდა ჰქონდეს, მაგრამ მეორე მხრივ, კანონმა არ უნდა შექმნას კიდევ უფრო მეტი დაბრკოლება, რომ ადამიანის უფლებები არ იყოს რეგიონში დაცული. ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად ხელი შეეწყოს ერთობლივ ეკონომიკურ საქმიანობას. მაგალითად, თუკი ზუგდიდსა და გალს შორის კერძო მეწარმეებს სურთ ერთობლივი საქმიანობა, გარკვეული ეკონომიკური აქტივობა, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ასეთი ტიპის ღონისძიებებს და ამ მიმართულებით ნაკლები შეზღუდვები უნდა იყოს, რათა ორივე მხარეს სოციალურ-ეკნომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ერთ-ერთი რეკომენდაცია გადააადგილებას ეხება, რომ ნაკლები შეზღუდვები იყოს. ეს ყველაზე მეტად საერთაშორისო ორგანიზაციებს აღელვებთ. როცა საქართველო ითხოვს საერთაშორისო ორგანიზაციების პროცესში მაქსიმალურ ჩართვას, აუცილებელია მათაც ხელი შევუწყოთ და კონკრეტული პირობები შევუქმნათ, რომ მათ ეფექტური მუშაობისთვის შესაბამისი პირობები ჰქონდეთ, მათ შორის, განსაკუთრებულ შემთხვევებში, რუსეთის ფედერაციიდან შესვლის შესაძლებლობა, რაც დღეს არ გააჩნიათ. იგივე, ჩრდილოეთიდან შემოსვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღევანდელი მოქმედი ნორმებით დასჯადია და სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი იწვევს. ჩვენ ვფიქრობთ, ეს უნდა შეიცვალოს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად უნდა იყოს განხილული. შედეგად, ზარალდებიან განსაკუთრებით ის მოქალაქეები, რომელთაც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ნათესავები ჰყავთ. მაგალითად, ცხოვრობენ აფზაზეთში და გადმოდიან ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნათესავების მოსანახულებლად, მათ შემოსვლის დროს პრობლემები ექმნებათ. ეს ვფიქრობ, უფრო მეტად ხელს უშლის როგორც გადააადგილების თავისუფლებას, ასევე კონტაქტების შენარჩუნებას, გაძლიერებას. ეს ნორმები მთლიანობაში, უფრო მეტ იზოლაციას უწყობს ხელს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დეიზოლაცია მოხდეს, მათ რაღაცნაირად შესაძლებლობა მივცეთ, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადმოვიდნენ, ჰქონდეთ მეტი სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა. ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემულ გარკვეულ დოკუმენტებს ეხება, როგორიც არის მაგალითად, დაბადების მოწმობა და სხვა მსგავსი დოკუმენტები. ომის მერე არაერთი ადამიანი დაიბადა აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე. მათ გააჩნიათ მხოლოდ ის დოკუმენტები - დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ არის გაცემული. შესაბამისად, ეს ადამიანები ვერ სარგებლობენ გარკვეული სერვისებით. ამ მიმართულებით სერიოზული გამოწვევები და პრობლემებია, რომელსაც განსაკუთრებით ახალი თაობა აწყდება. ანგარიშში მოცემულია და ჩვენ შევისწავლეთ რამდენიმე ქვეყნის პრაქტიკა, როდესაც მაგალითად კვიპროსში, მოლდოვაში ხდება ასეთი დოკუმენტების გამოყენება. სხვა არაერთი შემთხვევაა განხილული, სადაც ჩვეულებრივ ხდებოდა ასეთი არალეგიტიმური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების აღიარება, რათა პიროვნების იდენტიფიცირება მომხდარიყო. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ლეგალიზაცია და იმ სტრუქტურების აღიარება. უბრალოდ, ეს ხდება, რათა პიროვნება დადგინდეს და უფრო მარტივად მიიღოს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი. ჩვენი ინფორმაციით, ძალიან ბევრი ადამიანი მაგალითად, გალის რაიონის ტერიტორიაზე ყოველგვარი საბუთის გარეშე ცხოვრობს. მათ არ გააჩნიათ არც ქართული, არც აფხაზური პასპორტი და ვერ იღებენ ვერანაირ სერვისებს. ესეც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა.
- საქართველოს ხელისუფლებას ურჩევთ, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გაცემული დოკუმენტები აღიაროს?
- ძირითადად უფრო მეტად საუბარია დაბადების მოწმობაზე ან სხვა მსგავსი ტიპის დოკუმენტზე, რომლითაც შესაძლებელი იქნება პიროვნების იდენტიფიცირება. აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ მცხოვრებნი საქართველოს მოქალაქეებად ითვლებიან. საქართველო უარს არ ამბობს. შესაბამისად, პროცედურებიც ისეთი გამარტივებული უნდა იყოს, რომ, თუკი ისინი საქართველოს მოქალაქის პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის აღებას მოისურვებენ, მათთვის ეს სერვისები ხელმისაწვდომი უნდა იყოს, მარტივად შეძლონ და არა იმ პროცედურების გამოყენებით, რომელიც დღეს არის. ასეთი პროცედურების შედეგად ძალიან რთულია, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც არის მათთვის საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება. ასევე ერთ-ერთი რეკომენდაცია ეხება, ხელისფლებამ უფრო მეტად გაააქტიუროს ადამიანების უფლებათა დაცვის კუთხით მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამას გარკვეულწილად აკეთებს, მაგრამ ეს კანონშიც არ არის გაწერილი, ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში” ამაზე არაფერია ნათქვამი. მთელი პასუხისმგებლობა გადადის რუსეთის ფედერაციაზე და დე ფაქტო ხელისუფლებაზე. მაგრამ ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებამაც გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. მითუმეტეს, როცა, საქართველოს ხელისუფლება მოაქალეებს სთავზობს გარკვეულ სერვისებს, განსაკუთრებით ჯანდაცვის მიმართულებით. ეს რომ არ იყოს მხოლოდ მთავრობის კეთილი ნება, არამედ ვალდებულების სახით კანონში იყოს გაწერილი, კანონით ევალებოდეს ზრუნვა და მოსახლეობისთვის გარკვეული სერვისების გაწევა ადგილზე, ასევე მნიშვენლოვანი იქნებოდა.
- პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მიმართულებით ქვეყანაში გამოწვევები კვლავ დასაძლევია. ცოტა ხნის წინ, თქვენ გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს პირადი ცხოვრების უფლების საკითხებში ჯოზეფ კანატაჩის მოწვევის წერილი გაუგზავნეთ. რას საქმიანობს სახალხო დამცველის აპარატი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად და რა მოლოდინი გაქვთ გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის ვიზიტთან დაკავშირებით?
- ეს არის პრობლემა, რომელზეც სახალხო დმაცველი არაერთი წელია მუშაობს. მით უფრო, აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო ნათლად წარმოჩნდა ბოლო პერიოდში. არაერთხელ მოხდა პირადი კადრების, ჩანაწერების გასაჯაროება, რამაც კიდევ ერთხელ დაგვაყენა ფაქტის წინაშე, რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში საკმაოდ სერიოზული პრობლემები არსებობს. საუბარი წარსულში მომხდარ დანაშაულს, ათასობით ფაილს ეხება, რომელიც უკანონოდ იყო მოპოვებული, გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა გამოძიების ეფექტურობის კუთხით სერიოზული კითხვის ნიშნები გაგვაჩნია. არ შეიძლება ასეთი გამოძიება წლების განმავლობაში გრძელდებოდეს, როდესაც სისტემურ დანაშაულზე ვსაუბრობთ. 20 000 - 30 000 ფოტო, ვიდეო, თუ აუდიო ფაილის მომზადება, რა თქმა უნდა, სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს, შესაბამისად, ასეთ სისტემურ პრობლემაზე რეაგირება ასევე სისტემური უნდა იყოს და ჩვენ ეს ნამდვილად ვერ დავინახეთ. რამდენიმე საქმე აღიძრა, თუმცა ბოლომდე არ არის მისული თითქმის არც ერთი მათგანი. ეს არის პრობლემა. თუმცა ცალკე პრობლემაა ამ სფეროს მარეგულირებელი სხვადასხვა ნორმები და კანონები, რომელიც მოქმედებს. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით გარკვეული პოზიტიური ცვლილებები ნამდვილად იყო, თუნდაც, სახელმწიფომ აღიარა, რომ ეს იყო პრობლემა და ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა სამართალდამცავი ორგანების მხრიდან. გარდა ამისა, გარკვეული ცვლილებები შევიდა ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონში, მაგრამ რეალურად, კვლავ რჩება მთელი რიგი გამოწვევები. ჩვენ ამ მიმართულებითაც გვქონდა არაერთი კრიტიკული შენიშვნა. იმის გათვალისწინებით, რომ წლების განმავლობაში ეს საკითხი პრობლემური იყო და კვლავ არ არსებობს სამართალდამცველების მიმართ ნდობა, რომ მომავალშიც არ იქნება გამოყენებული მსგავსი კანონები, რათა არ მოხდეს პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა, ამიტომ, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ნდობა საზოგადოებაში აღდგეს. როცა იგივე სტრუქტურას - უსაფრთხოების სამსახურს, ან შსს-ს ენიჭება უფლებამოსილება მათ გააგრძელონ მუშაობა და ორგანო, სპეციალური სააგენტო იქნება მათ სტრუქტურებში მოაზრებული, რა თქმა უნდა, ეს თავიდანვე იწვევს საზოგადოებაში ერთგვარ სკეპტიციზმს. სტრუქტურები, რომლებიც წლების განმავლობაში უკანონო თვალთვალში იყვნენ შენიშნულები და ამის დამამტკიცებელი საბუთებიც არსებობს, კვლავ ამ სტრუქტურებში რატომ უნდა მოიაზრებოდეს ის სამსახური, რომელიც ასეთ მოსმენებთან დაკავშირებით ნებართვებს გასცემს? ჩვენ კანონში გარკვეულ კოსმეტიკურ ცვლილებებს ვიღებთ, მაგრამ მთლიანობაში არსი არ იცვლება, მონიტორინგის უფრო ეფექტური მექანიზმების შექმნა იყო სასურველი, რაც სამწუხაროდ ამ კანონით ვერ იქნა მიღწეული. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება მოვისმინოთ გაერო-ს სპეციალური მომხსენებლის აზრი თუნდაც ამ კანონთან, პრაქტიკასთან დაკავშირებით. კარგი იქნება საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა და რეკომენდაციები გვქონდეს სახეზე.

ანა მარშანია
”ინტერპრესნიუსი”
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები