არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
19-01-2018
ალექსანდრე თვალჭრელიძე - თითქოს პრეზიდენტსა და პარლამენტს უნდა, რომ ნებისმიერ საკითხზე ბოლო სიტყვა მას დარჩეს, ამიტომ მგონია, რომ ასეთ დაპირისპირებას შორს მიმავალი პოლიტიკური მიზნები აქვს
10:18 27-03-2017
ალექსანდრე თვალჭრელიძე - თითქოს პრეზიდენტსა და პარლამენტს უნდა, რომ ნებისმიერ საკითხზე ბოლო სიტყვა მას დარჩეს, ამიტომ მგონია, რომ ასეთ დაპირისპირებას შორს მიმავალი პოლიტიკური მიზნები აქვს საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, პრემიერ-მინისტრის განცხადებამ ორთაჭალაში სამთავრობო კომპლექსის მშენებლობის შესახებ საზოგადოების საკმაოდ ნაწილი გააღიზიანა. გვახსოვს თუ როგორ საყვედურობდა დღევანდელი ხელისუფლება სააკაშვილს უმწვავესი ეკონომიკური პრობლემების ვითარებაში თბილისში პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ქუთაისში პარლამენტის მშენებლობას. ვითარებაში, როცა ეკონომიკური პრობლემები მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა, თქვენ როგორ შეაფასებდით ხელისუფლების ინიციატივას ორთაჭალაში სამთავრობო კომპლექსის მშენებლობის დაწყების შესახებ? რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ ხელისუფლებამ არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა?
- ყველაფერს ორი მხარე აქვს - დადებითი და უარყოფითი. პრაქტიკულად ყველა სამინისტროს ერთიან კლასტერში განთავსება გამოიწვევს მთავრობის შრომის ეფექტიანობის შესამჩნევ მატებას - დღეს საჯარო მოხელეები ტრანსპორტით გადატვირთულ თბილისში სამუშაო საათების მნიშვნელოვან ნაწილს გზაში ატარებენ. გარდა ამისა, მშენებლობაზე დასაქმდება მრავალი ადამიანი, ხოლო გაწეული ხარჯები გამოიწვევს მშპ-ს სწრაფ ზრდას.
მეორე მხრივ, ლოგიკურია კითხვა - შეიძლება თუ არა ამ სახსრების გამოყენება სხვა მიმართულებით, მაგალითად, უმწეოთათვის სოციალურ დახმარებაზე. რასაკვირველია, შესაძლებელია. ამავე დროს, მეშინია, რომ მას შემდეგ, რასაც ეხლა ვიტყვი, მეც ისეთივე არაპოპულარული გავხდები, როგორიც მთავრობაა. ცინიზმში არ ჩამითვალოთ, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით შემწეობებზე დახარჯული სახსრები პრინციპულად გადაყრილი ფულია, რომელიც ქვეყნის განვითარებას არ ემსახურება. შესაძლებელია ალტერნატიული ვარიანტიც: მაგალითად, ამ მშენებლობაზე დასაქმდნენ უმუშევრები ან ლტოლვილები და ა.შ.
ყველა სამინისტროს ერთიან კლასტერში განთავსება გამოიწვევს მთავრობის შრომის ეფექტიანობის შესამჩნევ მატებას… მაგრამ ყველაზე სახარბიელო იქნებოდა, რომ ეს მნიშვნელოვანი რესურსები მწარმოებლური დარგების განვითარებას მოხმარებოდა, ვთქვათ, ქიმიურ ან ხე-ტყის გადამამუშავებელ ან კიდევ სამთო მრეწველობას

მაგრამ ჩემთვის ყველაზე სახარბიელო იქნებოდა, რომ ეს მნიშვნელოვანი რესურსები მწარმოებლური დარგების განვითარებას მოხმარებოდა, ვთქვათ, ქიმიურ ან ხე-ტყის გადამამუშავებელ ან კიდევ სამთო მრეწველობას.
თქვენ კითხვას რომ დავუბრუნდეთ, ნამდვილად ვერ გეტყვით, რატომ წამოიწყო ეს პროექტი პრემიერ-მინისტრმა. მაქვს ჩემი მოსაზრებები, რომლებსაც მტკიცებულებები არ გააჩნია.
- მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო კომისიამ საქმიანობა დაიწყო, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტს შორის საკონსტიტუციო საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობის გამო ხელისუფლების ამ ორ შტოს შორის საჯარო სივრცეში კამათმა სისტემატური ხასიათი მიიღო. ვინაიდან კონსტიტუციის ახალი რედაქციის დაახლოებით 18 მნიშვნელოვან საკითხზე მმართველი გუნდის დამოკიდებულება მეტ-ნაკლებად უკვე ცნობილია, თქვენ როგორ შეაფასებდით საკონსტიტუციო კომისიის მუშაობას? პრეზიდენტის არჩევის წესზე მმართველი გუნდის მიერ ვახტანგ ხმალაძის წინადადების გაზიარებას?
- პრაგმატულად ვაზროვნებ და ჩემთვის რაც ნაკლები ფული დაიხარჯება საპრეზიდენტო არჩევნებზე, მით უკეთესია. პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერი აღარ არის და ზოგადი თვალთახედვით აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმას, თუ რა გზით აირჩევენ პრეზიდენტს, თუ იგი საერთოდ მემკვიდრეობით გადასცემს თავის სავარძელს, როგორც ეს კონსტიტუციურ მონარქიულ ქვეყნებში ხდება ხოლმე.
ამ ფონზე გაკვირვებას იწვევს ის საკმაოდ მომაბეზრებელი კინკლაობა, სხვა სიტყვა არ მომდის თავში, რომელიც პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის გაჩაღდა. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს პრეზიდენტსა და პარლამენტს უნდა, რომ ნებისმიერ საკითხზე ბოლო სიტყვა მას დარჩეს. ამიტომ მგონია, რომ ასეთ დაპირისპირებას შორს მიმავალი პოლიტიკური მიზნები აქვს.
საკონსტიტუციო ცვლილებებში კი მე ყველაზე უფრო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მაშფოთებს…ასეთი მოდელის შემოღება ძალიან დიდი ხნით, საბოლოოდ თუ არა, დაგვაშორებს ცივილიზებულ სამყაროს

საკონსტიტუციო ცვლილებებში კი მე ყველაზე უფრო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მაშფოთებს. საკითხი გადაწყვეტილია, სადავო დარჩა მხოლოდ გამოუყენებელ ხმათა გადანაწილების მექანიზმი.
ჩემი აზრით, ასეთი მოდელის შემოღება ძალიან დიდი ხნით, საბოლოოდ თუ არა, დაგვაშორებს ცივილიზებულ სამყაროს. გაიხსენეთ, რომ ტრადიციულ დემოკრატიულ ქვეყნებში საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარული სისტემაა გავრცელებული, ხოლო პოლიტიკური პარტიები თავის მიერ წარდგენილ კანდიდატს საარჩევნო კამპანიებს უფინანსებენ და ლოჯისტიკურად ეხმარებიან. მეც მინდა თვალებში ვუყურო ადამიანს, ვისაც ხმას მივცემ. ასე, რომ, „რაღაც დალპა დანიის სამეფოში“.
- პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ქვეყანაში ამ ეტაპზე ანუ 3-4 ძლიერი პარტიის არარსებობის პირობებში საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე სრულად გადასვლა ნაჩქარევად მიაჩნია. ეთანხმებით ამ საკითხში ბატონ სოსოს? მისივე მტკიცებით, - ”ჩვენ რომ ახლა მთლიანად საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადავიდეთ, ხელისუფლებაში სულ ”ქართული ოცნება” იქნება”. თქვენი აზრით, რამდენად საფუძვლიანია ბატონ სოსო ცინცაძის მოსაზრება?
„ქართულ ოცნებაში“ სტრატეგიული ხედვის, ეფექტურობისა და პროფესიონალიზმის პრობლემებია, მაგრამ იმის თქმა, რომ „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ ემსგავსება, სრულიად უსამართლო და არაკომპეტენტურია

- მაპატიოს ბატონმა სოსომ, მაგრამ ვერ დავეთანხმები. გაერთიანებულ სამეფოშიც ორი ძლიერი პარტიაა და რა, ცუდად არის იქ პოლიტიკის საქმე? 2010 წელსაც საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ფიქრობდა, რომ „ნაცმოძრაობა“ სამუდამოდ დაეუფლა მართვის სადავეებს, მაგრამ...
საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელი არაფერ შუაშია. მინდა დავიჯერო, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ეტატისტურ ფლანგს შორის არსებულ გადაულახავ რღვევას ახალი პოლიტიკური ძალა დაეპატრონება და როდესმე მოიგებს არჩევნებს.
- დამკვირვებელთა და ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ”ქართული ოცნება” ”ნაცმოძრაობას” ემსგავსება. ამ მოსაზრების სასარგებლოდ მოჰყავთ მმართველი გუნდის მიერ კონსტიტუციის მმართველი გუნდის სასარგებლოდ მორგება, მოსმენების კანონი, სასამართლოს მოთვინიერების მცდელობები, ასევე მედიასივრცეში კორექტივების მცდელობები, იგულისხმება საზმაუზე დაწყებული პროცესები და ”რუსთავი-2”-თან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო დავა. თქვენც გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ”ქართული ოცნება” ”ნაცმოძრაობას” ემსაგავსება?
- „ქართულ ოცნებაში“ ძალიან ბევრი პრობლემაა. ეს არის სტრატეგიული ხედვის, ეფექტურობის, პროფესიონალიზმის და სხვა ამგვარი პრობლემები. მაგრამ იმის თქმა, რომ „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობას“ ემსგავსება სრულიად უსამართლო და არაკომპეტენტურია.
ამ ორ პარტიას შორის, როგორც მრავალჯერ მითქვამს, არსებობს ძალიან მკვეთრი მსოფლმხედველური და იდეოლოგიური განსხვავება. პირველი თავისუფლებასა და დემოკრატიაზე დებს ფსონს, მეორე კი ეტატიზმზე. გაიხსენეთ, თუნდაც თუ რას ეუბნებოდა სპეცდანიშნულების რაზმს ხელმძღვანელობა ბათუმში ამასწინდელი აქციის დაშლის დროს: „არ დაარტყა“, ეს ღია ეთერშიც მკაფიოდ ისმოდა. მიშას დროს? „დაარტყი, შეკოჭე, მოკალი!“. ვერ ხედავთ განსხვავებას?
ხელისუფლება გამუდმებულ ცუგცვანგშია და უწევს შემარბილებელი ღონისძიებების გატარება იმის მაგივრად, რომ წინმსწრებად იმოქმედოს

ეხლა ამიხსენით, რატომ უნდა ხელმძღვანელობდეს პრემიერ-მინისტრი სატელეფონო მოსმენებს? სხვა საქმე არა აქვს, ან ათად უნდა გაიხლიჩოს? ვის სჭირდება ეს მოსმენები? რასაკვირველია, სპეცსამსახურებს. ზუსტად მათ უნდა უხელმძღვანელონ მოსმენებს და ამაზე აგონ პასუხი. თორემ კანონის დამრღვევს ვერასდროს ვიპოვით. დამისახელეთ ერთი ქვეყანა მაინც, სადაც ასეთ სააგენტოს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი ედგეს სათავეში.
ამიხსენით, როგორ ირგებს „ქართული ოცნება“ თავისთვის კონსტიტუციას? ეს რაში გამოიხატება? გამოუყენებელი ხმების გადანაწილების პრინციპში? მაგრამ თუ ამ პარტიამ ერთი ხმით მაინც არჩევნები წააგო, იგი უმრავლესობას ვეღარასდროს შექმნის. სად ჩანს კონსტიტუციის მორგება? ძველ სტერეოტიპებს ხომ არ ვებღაუჭებით?
- დამოუკიდებელი ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის რეფერენდუმით მიღება ბევრად უმჯობესი იქნებოდა. თქვენ ასე არ ფიქრობთ? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ თუ მმართველმა გუნდმა თუნდაც უმცირესობის აზრის გაუთვალისწინებლად განახორციელა კონსტიტუციაში ცვლილებები, ეს პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებას კიდევ უფრო გააღრმავებს და ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე შეექმნება?
- რასაკვირველია, კონსტიტუცია, რომელიც ჩვენსა და სახელმწიფოს შორის ურთუიერთობის ძირითად პრინციპებს ასახავს, რეფერენდუმის გზით უნდა იყოს მიღებული. მაგრამ, როგორ გესახებათ ეს? რეფერენდუმზე კონსტიტუციის ყველა მუხლი ცალ-ცალკე გავიტანოთ? ან რამდენია საქართველოში ადამიანი, რომელიც პროფესიულად გააანალიზებს კონსტიტუციის შემოთავაზებულ ტექსტს?
მეჩვენება, რომ რეფერენდუმი ფორმალური ხასიათისა იქნება და მოსახლეობის უმრავლესობა კონსტიტუციას მხარს ნამდვილად დაუჭერს. ამიტომ აჯობებს, თუ კონსტიტუციის შემუშავებული ტექსტი ფართო სამოქალაქო განსჯის საგანი იქმნება, ხოლო მის შედეგებს დამოუკიდებელი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული კომისია შეაჯამებს და რეფერენდუმზე გამოიტანს ორ ალტერნატიულ ვარიანტს. ასეთ კომისიას შეიძლება, მაგალითად, სახალხო დამცველმა, როგორც პოლიტიკურად არაანგაჟირებულმა პირმა, უხელმძღვანელოს. აი, ასეთ შემთხვევაში რეფერენდუმს აზრი ნამდვილად ექნება.
- ჯერ ე.წ. ”ციანიდის საქმე”, შემდეგ ”რუსთავი-2”-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, შემდეგ ბათუმის მოვლენები იყო ყველაზე განხილვადი თემები. გასაგებია, რომ ამ სამიდან ორ საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ძნელი დასაჯერებელია, რომ ე.წ. ”ციანიდის საქმე” და ბათუმის მოვლენები ხელისუფლების ინტერესებში იყო. ისეთი პირი უჩანს, რომ ამ პრობლემური საკითხების სადავეები ახლა ხელისუფლების ხელში მეტადაა, ვიდრე მათ გაჩენამდე იყო. ბათუმის მოვლენებზე დაკავებები გრძელდება, მაგრამ მამა გიორგი მამალაძის საქმე ისეთი პირი უჩანს, რაც მას ბრალი ჰქონდა წაყენებული, ბრალდებას მტკიცებულებები აკლია. ყოველ შემთხვევაში, დეკანოზის ადვოკატები ასე ფიქრობენ. თქვენი დაკვირვებით, ამ ორივე საქმიდან და კიდევ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რა გაკვეთილები მიიღო ერთი მხრივ ხელისუფლებამ და მეორე მხრივ საზოგადოებამ?
- როგორც უკვე გითხარით, ჩვენი მთავრობის ძირითადი პრობლემები პროფესიონალიზმი და სტრატეგიული ხედვაა. ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრს არ ვგულისხმობ, მაგრამ მას მარტო საქმის კეთება ხომ არ შეუძლია? შედეგად, ხელისუფლება, ჭადრაკის ენით რომ ვილაპარაკოთ, გამუდმებულ ცუგცვანგშია და უწევს შემარბილებელი ღონისძიებების გატარება იმის მაგივრად, რომ წინმსწრებად იმოქმედოს.
ტრამპი რუსეთის არც ერთ ახალ პროვოკაციას აღარ შეეგუება. რასაკვირველია, ამან ახალ ომამდე შეიძლება მიგვიყვანოს, მაგრამ ეს რუსეთის შეკავების ყველაზე ქმედითი მექანიზმია

გაკვეთილი მარტივია: აუცილებლად უნდა დაფუძნდეს სტრატეგიულ კვლევათა ინსტიტუტი და არა ისეთი, რომელმაც 2008 წელს პრეზიდენტ სააკაშვილს ქართულ-ოსურ კონფლიქტში რუსეთის ჩაურევლობის გარანტია მისცა - კონდოლიზა რაისის აზრის საპირისპიროდ, არამედ მაღალპროფესიული.
ასეთი ინსტიტუტი გამოცდილი (და არა ნიჭიერი ახალგაზრდა), ბრძენი, სხვადასხვა პროფესიის ქართველი და უცხოელი უმაღლესი დონის სპეციალისტებით უნდა დაკომპლექტდეს. ეს ინსტიტუტი ყველა მიმართულებით უნდა გახდეს ჩვენი მთავრობის მთავარი კონსულტანტი. მაშინ არც ახალი „ციანიდის“ საქმე გამოჩნდება და არც სტრასბურგის სასამართლო დაგვაშინებს.
- პენტაგონმა რუსეთთან მიმართებაში თანამშრომლობიდან შეკავების რეჟიმზე გადასვლა გამოაცხადა, რითაც პრაქტიკულად დაანონსდა მეორე ”ცივი ომის” დაწყება. ვითარება მძიმდება უკრაინაში. სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების წინ პუტინის ლეონიდ თიბილოვთან კრემლში შეხვედრა იმაზე მიუთითებს, რომ 9 აპრილს სამხრეთ ოსეთში დაგეგმილი რეფერენდუმი, რასაც შეიძლება ამ ტერიტორიის საბოლოო ანექსიაც მოჰყვეს, კრემლთან შეთანხმებული საკითხია. თუ ამას დავუმატებთ საქართველოდან სომხეთში სამხედრო ტექნიკის შეტანის მცდელობის ფაქტს, რომელზეც გამოძიება არ დასრულებულა, აშკარაა, რომ ჩვენს ირგვლივ ვითარება აშკარად მძიმდება. უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა - ”თუ პუტინს ახლა ვერ შევაჩერებთ, მერე მისი შეჩერება უკვე შეუძლებელი იქნება”. თქვენი დაკვირვებით, ცხინვალის მიმართულებით კრემლის მიერ გადადგმული ნაბიჯების მიზანი რაში მდგომარეობს? და, შექმნილ ვითარებაში რა ნაბიჯები უნდა გადადგას თბილისმა, რომ პუტინის შეჩერება შესაძლებელი გახდეს?
- თბილისი პუტინს ნამდვილად ვერ შეაჩერებს, ისევ აშშ-ს იმედი უნდა გვქონდეს. ცივი ომის ახალი ტალღა ახლა არ დაწყებულა, იგი 2014 წელს დაიწყო, როცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იქნა შემოღებული. ეხლა ეს ცივი ომი ახალ, უფრო მწვავე, ფაზაში გადადის.
როგორც მეჩვენება, დონალდ ტრამპს, მრავალ ნაკლოვანებასთან ერთად, ერთ, ჩვენთვის სახარბიელო თვისებას ვერ წავართმევთ: იგი რუსეთის არც ერთ ახალ პროვოკაციას აღარ შეეგუება. რასაკვირველია, ამან ახალ ომამდე შეიძლება მიგვიყვანოს, მაგრამ ეს რუსეთის შეკავების ყველაზე ქმედითი მექანიზმია.
9 აპრილის რეფერენდუმი და პუტინ-თიბილოვის შეხვედრები კი უბრალო პიარია: შეიცვლება ვითარება, შეიცვლება ჩვენი ოსეთთან ურთიერთობანი. გაცილებით უფრო სახიფათოა ის გარემოება, რომ სამხრეთ ოსეთის არმია რუსეთის არმიას შეერწყა. მაგრამ ესეც, დარწმუნებული ვარ, დროებითია. თქვენს კითხვაზე პასუხი კი არა მარტო მე, არამედ, როგორც მგონია, თვით პუტინსაც არა აქვს. მან ნამდვილად არ იცის, ხვალ რას მოიმოქმედებს. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, იგი ბრწყინვალე ტაქტიკოსია, მაგრამ სტრატეგიული ხედვა საერთოდ არ გააჩნია.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”




მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები