არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
23-07-2018
რამაზ საყვარელიძე - სასურველია, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ამჟამად მაინც არ განვიხილოთ შიდაპოლიტიკური დაპირისპირების კონტექსტში
13:03 31-03-2017
რამაზ საყვარელიძე - სასურველია, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ამჟამად მაინც არ განვიხილოთ შიდაპოლიტიკური დაპირისპირების კონტექსტში საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, ვინაიდან ჩვენში საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მიღებისაგან გამოწვეული საყოველთაო ეiფორიის განწყობაა, თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და თქვენი დაკვირვებით, რამდენად შეძლებენ ჩვენი მოქალაქეები ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის საშუალების ეფექტურად და გონივრულად გამოყენებას?
- ვსარგებლობ შემთხვევით და ყველას ვულოცავ ევროპის კარის ამ შეღებას. ჩვენ ხომ, უპირველეს ყოვლისა, იმან გაგვახარა, რომ როგორც იქნა ევროპამ საქმით გამოხატა საქართველოს მიმართ თავისი კეთილგანწყობა და ნდობა.
თავზეხელაღებულობა ქართველებს კი გვჩვევია, მაგრამ თუ ევროპელები გავხდით, ალბათ, ევროპული რაციონალიზმიც გაგვიჩნდება და ანგარიშს გავუწევთ რეალობას
რაც შეეხება მოქალაქეებს, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ რამეს შეძლებენ ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში და არ გავლენ დათქმული ჩარჩოებიდან. ცნობილია, რომ გამარტივებული მიმოსვლის წესს თან ახლავს დარღვევებზე რეაგირების მკაცრი სისტემა, რომელიც მკაცრია ქვეყნისთვისაც და დამრღვევი მოქალაქისთვისაც. თავზეხელაღებულობა ქართველებს კი გვჩვევია, მაგრამ თუ ევროპელები გავხდით, ალბათ, ევროპული რაციონალიზმიც გაგვიჩნდება და ანგარიშს გავუწევთ რეალობას.
- თბილისს ვენეციის კომისია სტუმრობს. ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გადასცა. ოპოზიცია აცხადებს, რომ არ იცის საკონსტიტუციო ცვლილებების რა ვარიანტი გადასცა ხელისუფლებამ ვენეციის კომისიას. დიდი ალბათობით მასში საკონსტიტუციო ცვლილებების ის პაკეტია, რაზეც მმართველი გუნდის წარმომადგენლები საჯარო სივრცეში საუბრობდნენ. ეს ეხება როგორც პრეზიდენტის არჩევის წესს, ისე სხვა საკითხებს, რომლებზეც ჩვენთან აზრთა სხვადასხვაობაა. თამარ ჩუგოშვილის მტკიცებით, პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიას შენიშვნები არ ჰქონია. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა დასკვნას დადებს ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების ახალ პროექტზე და გაითვალისწინებს თუ არა მათ შენიშვნებს მმართველი გუნდი?
- საერთაშორისო ეკონომიკური და იურიდიული ორგანიზაციების, მათ შორის ვენეციის კომისიის დახმარებაზე მხოლოდ მადლობა გვეთქმის, ახალი დემოკრატიის ქვეყანა ვართ და სწავლა გვიწევს. ოღონდ სასურველია, რომ ვენეციის კომისიის ამ სტუმრობაზე არ გავრცელდეს ერთი ტრადიცია, რომელიც ოდითგან მოგვდგამს, როგორც პატარა ქვეყანას.
როცა ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან ომი ჰქონდათ, ხშირად ცდილობენ ამ ომის მოგებას უცხოელების მხარდაჭერით. თქვენ გგონიათ მე მხოლოდ ახლო წარსულზე ვამბობ?! არა, ეს სტრატეგია გვახასიათებდა ირანთან, ბიზანტიასთან, თუ მონღოლებთან ურთიერთობისას. ახლო წარსულში ანალოგიური ფორმულა გვქონდა საბჭოთა რუსეთთან. ოღონდ ყველა ისინი დამპყრობლები იყვნენ და ფლობდნენ რეალურ ძალაუფლებას. დღეს დამპყრობელი აღარ გვყავს, მაგრამ შიდა ომის (საბედნიეროდ, პოლიტიკური ომის) სხვისით მოგების იგივე ფორმულის კონტურები ჩნდება დასავლეთთან ურთიერთობაში.
დასავლეთის მხარდაჭერით შიდა დაპირისპირების მოგების პრინციპი წამყვანი იყო სააკაშვილის პოლიტიკაში. ეს ტენდენცია, მეტ-ნაკლებად, სხვა ჯგუფებსაც აქვს. დასავლეთის წარმომადგენლებიც ხშირად იფერებენ ხოლმე ჩვენს მიერ შეთავაზებულ ამ როლს. აშშ-ის ელჩი, რომელსაც ჟურნალისტები ყველა თემაზე უსვამენ კითხვას, ხშირად ვეღარ იცავს ხოლმე დიპლომატიურ ეთიკას და უნებლიეთ შიდაპოლიტიკური დაპირისპირებების მხარეც კი ხდება.
სასურველია, რომ დასავლეთის არაპოლიტიკური ინსტიტუტები არ გადაიქცეს შიდაპოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტად, როგორც ეს მოხდა სტრასბურგის სასამართლოში, რადგან ეს თავად დასავლეთის დევალვაციას ახდენს მოსახლეობის თვალში, მით უფრო მაშინ, როცა დასავლეთი იკავებს პოზიციას, რომელიც არაა მისაღები მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. ხოლო დასავლეთის მიმართ დადებითი დამოკიდებულების შენარჩუნება მოსახლეობაში სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნისთვის, რადგან გვყავს არაკეთილმოსურნე მეზობელი, რომელიც ცდილობს ამ დამოკიდებულების შეცვლას. ამიტომ, სასურველია ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ამჟამად მაინც არ განვიხილოთ შიდაპოლიტიკური დაპირისპირების კონტექსტში.
ნებისმიერ უცხოურ ინსტიტუტზე გადაჭარბებული ორიენტაცია საზიანოა ამ ინსტიტუტებისთვისაც, პოლიტიკოსებისთვისაც და ჩვენი დასავლური ვექტორისთვისაც… ზედმეტად მიმაჩნია იმაზე დაძაბული ფიქრი, რას გვეტყვის ვენეციის კომისია
საჭიროა მოსახლეობამ დაინახოს, რომ სწორი პოზიციის შემუშავება ჩვენ თავად შეგვიძლია ისევე, როგორც ამას დასავლეთი აკეთებს საკუთარი საკითხების გადაჭრისას. ჩვენ ყველაფერში ვბაძავთ დასავლეთს აზროვნების დამოუკიდებლობის გარდა, მიუხედავად იმისა, რომ ამის უნარი ჭარბადაც კი გვაქვს. ამ ქვეყნის მოქალაქეს ქართველ პოლიტიკოსებში, თავის ლიდერებში სწორედ დამოუკიდებელი და კომპეტენტური აზროვნების დანახვა სურს, სხვაგვარად მათ ლიდერებად ვერ აღიქვამს. არადა, ლიდერის არსებობა მოსახლეობას სჭირდება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ნებისმიერ უცხოურ ინსტიტუტზე გადაჭარბებული ორიენტაცია საზიანოა ამ ინსტიტუტებისთვისაც, პოლიტიკოსებისთვისაც და ჩვენი დასავლური ვექტორისთვისაც.
ვისურვებდი, რომ არა მარტო ვენეციის კომისიას შეეფასებინა ჩვენი იურისტების მუშაობა, არამედ მოგვესმინა ჩვენი იურისტების შეფასებაც ვენეციის კომისიის მუშაობაზე. როლების ამგვარი გათანაბრება საჭიროა. ვენეციის კომისია მხოლოდ რეკომენდაციებს იძლევა, რომელიც მხოლოდ იურისტების შესაფასებელია. პოლიტიკოსებმა მერე ყველა ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მიიღონ საქართველოსთვის საჭირო გადაწყვეტილება. მე ამ საბოლოო შედეგს ველოდები და ზედმეტად მიმაჩნია იმაზე დაძაბული ფიქრი, რას გვეტყვის ვენეციის კომისია.
- ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებების ბევრ საკითხზე სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი კონსტიტუციის ახალ პროექტზე რეფერენდუმის ჩატარება იქნებოდა. თქვენ დაუჭერდით მხარს კონსტიტუციის ახალი პროექტის მიღებაზე რეფერენდუმის ჩატარებას?
- არა მარტო მხარს დავუჭერდი, ვისურვებდი, რომ ტრადიციად დამკვიდრებულიყო რეფერენდუმზე კონსტიტუციური ცვლილებების გატანა. ხაზს ვუსვამ - მხოლოდ იმ მუხლების გატანა, რომელიც იცვლება, რადგან საკონსტიტუციო ნორმების მთელი მასისთვის აღქმა ძნელი იქნება.
ვისურვებდი, რომ ტრადიციად დამკვიდრებულიყო რეფერენდუმზე კონსტიტუციური ცვლილებების გატანა. ხაზს ვუსვამ - მხოლოდ იმ მუხლების გატანა, რომელიც იცვლება... ამგვარი ნაბიჯი აამაღლებს მოსახლეობის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, აქტივობას და კომპეტენციას და ამაღლდება ამ წესით მიღებული კონსტიტუციის ლეგიტიმურობა

ამგვარი ნაბიჯი აამაღლებს მოსახლეობის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, აქტივობას და კომპეტენციას. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამაღლდება ამ წესით მიღებული კონსტიტუციის ლეგიტიმურობა. კომიკურია, რომ გადასახადის შეცვლა რეფერენდუმზე გადიოდეს და კონსტიტუციის შეცვლა - არა.
- 7 აპრილს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარდგება. საკონსტიტუციო საკითხებზე პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის აზრთა სხვადასხვაობის გათვალისწინებით პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა საინტერესო უნდა იყოს.
ამ თემაზე საუბრისას თქვენმა კოლეგამ, ბატონმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ განაცხადა - ”თითქოს პრეზიდენტსა და პარლამენტს უნდა, რომ ნებისმიერ საკითხზე ბოლო სიტყვა მას დარჩეს, ამიტომ მგონია, რომ ასეთ დაპირისპირებას შორს მიმავალი პოლიტიკური მიზნები აქვს”. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობაზე? თუ სახელისუფლებო შტოებს შორის კონფრონტაცია გაღრმავდება, სავარაუდოდ, რა ფორმები შეიძლება მიიღოს მან და როგორ აისახება იგი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე?

- მეც მგონია, რომ დაძაბული სტუმარ-მასპინძლობა იქნება. კონფრონტაციის გაღრმავება, გინდ ამ გამოსვლისას და გინდ შემდეგში, კონფრონტაციის ორივე მხარისთვის წამგებიანია მოსახლეობის თვალში, მით უმეტეს, თითოეულის პოლიტიკური მომავლისთვის.
გიორგი მარგველაშვილმა და გიორგი კვირიკაშვილმა დიდად მოიგეს, როცა დაპირისპირებაზე მაღლა დადგნენ. კარგი იქნება, თუ მათ სხვებიც მიჰბაძავენ. თუ არ მიჰბაძავენ და დაპირისპირება გაგრძელდება, ეს ქვეყნის პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მაინც არ მოახდენს. ახლა არის დაპირისპირება, მაგრამ რამე იცვლება ქართულ პოლიტიკაში? პოლიტიკის არსი ძალაუფლებაა. პრეზიდენტის ინსტიტუტს იმდენად სუსტი ძალაუფლება აქვს, რომ ამ ინსტიტუტის მდგომარეობა პოლიტიკაზე გავლენას არ ახდენს.
გიორგი მარგველაშვილმა და გიორგი კვირიკაშვილმა დიდად მოიგეს, როცა დაპირისპირებაზე მაღლა დადგნენ. კარგი იქნება, თუ მათ სხვებიც მიჰბაძავენ. თუ არ მიჰბაძავენ და დაპირისპირება გაგრძელდება, ეს ქვეყნის პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას მაინც არ მოახდენს
შერეული, ან საპრეზიდენტო მმართველობა რომ გვქონოდა, მაშინ კონფრონტაცია პრეზიდენტსა და მთავრობას შორის მნიშვნელოვანი იქნებოდა პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ახლა ეს მხოლოდ სასაუბრო თემაა.
- რამდენიმე დღის წინ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა თვითმმართველობების შემცირებაზე გააკეთეს განცხადებები. საუბარია თვითმმართველი ქალაქების გაზრდაზე კი არა, როგორც ამას თვითმმართველობის რეფორმა ითვალისწინებდა, არამედ შემცირებაზე. ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება დიდი ბიუროკრატია შევინახოთ. არასამთავრობო ორგანიზაციები 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებას თვითმმარეთველობების რეფორმის დეკლარირებული პრინციპებიდან გადახვევად აფასებენ. მათ ამ საკითხზე ხელისუფლების უმაღლეს პირებს ღია წერილითაც მიმართეს. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ საკითხზე ხელისუფლების გეგმებს?
- თვითმმართველობის განვითარება საშური საქმეა, მაგრამ მხოლოდ თვითმმართველი ერთეულების გაზრდის მოთხოვნა, მგონია, რომ საკითხის ცალმხრივი ხედვაა. თვითმმართველობის გაძლიერება ყოველთვის შეიცავს ცენტრის გავლენის იმდენად დასუსტების რისკს, რომ შეიძლება სახელმწიფოს დაშლამდე მივიდეს საქმე, მით უმეტეს - ისეთი მტრის მეზობლად, რომელმაც სეპარატიზმი უკვე გამოიყენა საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაშლისთვის.
ხსენებული რისკი გულისხმობს, რომ თვითმმართველობის გაფართოება უნდა ხდებოდეს ცენტრის გავლენის ისეთი მექანიზმების გაძლიერების პარალელურად, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს მთლიანობას. თუ ამგვარი მექანიზმების გააზრებაზე და შექმნაზე არავინ ზრუნავს, მხოლოდ თვითმმართველობის გაფართოებამ შეიძლება პრობლემები წარმოშვას. ამიტომ მიმაჩნია, რომ თვითმმართველობის განვითარება ცენტრალური ძალაუფლების განვითარებასაც უნდა გულისხმობდეს ფუნქციების მკაფიო გამიჯვნით. არ ვიცი, პარალელური განვითარების ამ პრინციპზე მუშაობენ თუ არა ან ხელისუფლება, ან არასამთავრობოები. იშვიათად მინახავს ამაზე მსჯელობა.
- არგუმენტი რომ თვითმმართველობების შენახვა ძვირი ჯდება, უცნაური არგუმეტია. თვითმმართველ ერთეულებს იმიტომაც ჰქვიათ თვითმმართველობები, რომ თავად უნდა წყვეტდნენ თავის პრობლებებს, მათ შორის ფინანსურს. მაგრამ, ვითარებაში, როცა ხელისუფლებას არ განუსაზღვრავს მათი რესურსები, რა და როგორ უნდა განკარგავდნენ ისინი მათ, თვითმმართველოებების გაუქმებაზე საუბარი უბრალოდ გაუგებარია... თქვენი აზრით, რატომ სურს ხელისუფლებას ქალაქები და თვითმართველი ორგანოები ცენტრიდან იმართებოდნენ?
- სავსებით გეთანხმებით, რომ რეგიონების ეკონომიკური დამოუკიდებლობა აუცილებელი რამ არის. ცივილიზებული ქვეყნები თვითმმართველობას, ძირითადად, იმისთვის ანვითარებენ, რომ შემცირდეს ცენტრის ეკონომიკური და ადმინისტრაციული ტვირთი, ამასთანავე გაიზარდოს რეგიონის კეთილდღეობა.
მიმაჩნია, რომ თვითმმართველობის განვითარება ცენტრალური ძალაუფლების განვითარებასაც უნდა გულისხმობდეს ფუნქციების მკაფიო გამოჯვნით. არ ვიცი, პარალელური განვითარების ამ პრინციპზე მუშაობენ თუ არა ან ხელისუფლება, ან არასამთავრობოები. იშვიათად მინახავს ამაზე მსჯელობა
ამის პარალელურად ცენტრი რეგიონის კონტროლს აძლიერებს ძალოვანი სტრუქტურებით, საკადრო პოლიტიკით, კულტურით თუ სხვა მექანიზმებით. თუ ცენტრის გავლენის ეს მექანიზმები ეფექტურად არ მუშაობს, ცენტრი ირჩევს ხოლმე ძველ და მარტივ ხერხს - კონტროლს ეკონომიკით. ამ დროს, როგორც თქვენ აღნიშნავთ, ფინანსური დამოუკიდებლობის გარეშე თვითმმართველობის არსებობა გაუგებრობაა. ამგვარი თვითმმართველობა მართლაც მხოლოდ ბიუროკრატიული ტვირთია ცენტრალური ბიუჯეტისთვის.
ხელისფლება როცა იმას მოახერხებს, რომ თვითმმართველობა გახადოს პროდუქტიული, როცა რეგიონი თავსაც შეინახავს და ქვეყნის ბიუჯეტსაც გაზრდის, მერე, ალბათ, ხელისუფლებაც შეიცვლის პოლიტიკას ამ მიმართულებით.
- ხელისუფლება ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობს. ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, ახალი წლის პირველი თვეები იმაზე მიუთითებს, რომ ”საკმაოდ კარგად მივდივართ”, ვინაიდან 4,4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. გაიზარდა ექსპორტი და სხვა პარამეტრებიც საიმედოდ გამოიყურება. ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ არსებული ეკონომიკური ზრდით საქართველო ისევ მაჩანჩალა ქვეყანა იქნება, როგორც უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში იყო. მესმის, რომ ეკონომიკური საკითხები თქვენი სფერო არაა, მაგრამ ამ თემებზე საუბარს რომ ორივე მხრიდან აშკარად გამოკვეთილი პოლიტიკური ელფერი დაკრავს, ცხადია. თქვენ როგორ შეაფასებდით ეკონომიკურ თემებზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიციების შეუთანხმებლობას?
- ეკონომიკურ დისკუსიაში ვერ ჩავერთვები, როგორც აღნიშნავთ - ეს ჩემი სფერო არაა. ჩემი სფერო ფსიქოლოგიაა და ამ მხრიდან თუ შევხედავთ დავას, ჩემი აზრით, ორივე მხარე ერთ საერთო შეცდომას უშვებს. ორივე ადვილად პროგნოზირებადი ხდება. ადვილად პროგნოზირებადია, რომ ხელისუფლება სულ თვითკმაყოფილი იქნება და ოპოზიცია სულ კრიტიკული.
კარგი იქნება თუ ხელისუფლება და ოპოზიციაც არ იქნებიან ასე ერთფეროვანი და შეეძლებათ მოწინააღმდეგის ერთი რამ მიიღონ და მეორეში შეეკამათონ
კამათის წესებს ვინც იცნობს იცის, რომ სიხისტე, პროგნოზირებადობა, ერთფეროვნება წამგებიანია, რადგან მსმენელი ნათქვამს აღარ აკვირდება. კარგი იქნება თუ ხელისუფლება და ოპოზიციაც არ იქნებიან ასე ერთფეროვანი და შეეძლებათ მოწინააღმდეგის ერთი რამ მიიღონ და მეორეში შეეკამათონ. ამით მათი დავა უფრო საინტერესო და დიფერენცირებული გახდება. მერე შეიძლება ჩვენც მეტი ინტერესი გაგვიჩნდეს და ცოტა მეტი გავიგოთ სხვადასხვა რამეზე, მაგალითად, ქვეყნის ეკონომიკაზე.
- ჟენევაში აფხაზური და სამხრეთ ოსეთის მხარეების მონაწილეობით რუსულ-ქართული კონსულტაციების მორიგი რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. მოულოდნელი არაფერი მომხდარა, მაგრამ ჟენევის ბოლო შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა ამ შეხვედრაზე განცხადება, რომელშიც ნათქვამია, - ”აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის დელეგაციებმა საქართველოს მიუთითეს რომ თბილისის მიერ გადადგმული ნაბიჯები ჟენევის ფორმატის მიზნებს ზიანს აყენებს.” ვითარებაში, როცა ჟენევის კონსულტაციების ფარგლებში მოქმედი დევნილთა დაბრუნების კომისიის სხდომებს სოხუმისა და ცხინვალის წარმომედგენლები წლებია დემონსტრაციულად არ ესწრებიან, კრემლი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავის სამხედრო ყოფნას აძლერებს, მეტიც მოსკოვში ხელი მოეწერა სამხრეთ ოსეთის ქვედანაყოფების რუსეთის შეიარაღებულ ჯარებში გაერთიანებას, გაუგებარია, მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის პრეტენზიები საქართველოს მისამართით. თქვენ როგორ შეაფასებდით, ჟენევის კონსულტაციებზე, ერთი მხრივ, რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას და მეორე მხრივ, იმ ნაბიჯებს, რომლებსაც მოსკოვი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით დგამს?
- საერთოდ, ვეთანხმები ყველას, ვინც ამბობს, რომ ანექსია არ დამთავრებულა, იგი გრძელდება. ამიტომ, არაა გასაკვირი ლავროვის უწყების არც განცხადება და არც პრეტენზიები. გასაკვირი ისაა, რომ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებაში არ მწიფდება პროტესტი ოკუპაციის მიმართ, რუსული ოკუპაციის ყველაზე დიდი მსხვერპლი ხომ ისინი არიან.
ოკუპაციის შესუსტებისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის პოზიციის შეცვლა პერსპექტიულად მეჩვენება. მოსკოვის არც დაშინებას და არც დანამუსებას შედეგის მომტანად არ ვთვლი, რადგან თანამედროვე ისტორია გვიჩვენებს, რომ მოსკოვს ამჟამად არც შიში და არც ნამუსი არ გააჩნია
აფხაზები და ოსები დგანან „რბილი“ გენოციდის საფრთხის წინაშე. მათ რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური ალტერნატივა ესაჭიროებათ. ამგვარ შეთავაზებას მხოლოდ საქართველო ვერ გააკეთებს, არ ეყოფა არც ნდობის და არც ეკონომიკური რესურსი რუსულ კაპიტალთან შერკინებისთვის. ოკუპირებული რეგიონებისთვის სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური შეთავაზებების პაკეტის შემუშავება დასავლეთს შეუძლია. ეს დასავლეთის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს, რადგან ამგვარი ინიციატივების გარეშე გაგრძელდება რეგიონზე რუსული გავლენა.
სავარაუდოა, რომ რაღაც კეთდება ამ მიმართულებით, ოღონდ ძალიან მდორედ. ოკუპაციის შესუსტებისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის პოზიციის შეცვლა პერსპექტიულად მეჩვენება. მოსკოვის არც დაშინებას და არც დანამუსებას შედეგის მომტანად არ ვთვლი, რადგან თანამედროვე ისტორია გვიჩვენებს, რომ მოსკოვს ამჟამად არც შიში და არც ნამუსი არ გააჩნია.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები