არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4791
EUR
1 EUR
3.0282
RUB
100 RUB
4.0254
25-04-2018
თორნიკე შარაშენიძე - ”ქართული ოცნების” ხელისუფლება უფრო მეტადაა ორიენტირებული ევროკავშირზე, ვიდრე აშშ-ზე და მას ამ გზაზე გარკვეული შედეგებიც აქვს
09:44 05-04-2017
თორნიკე შარაშენიძე - ”ქართული ოცნების” ხელისუფლება უფრო მეტადაა ორიენტირებული ევროკავშირზე, ვიდრე აშშ-ზე და მას ამ გზაზე გარკვეული შედეგებიც აქვს საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ჯიპა-ს პროფესორს, თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.

- ბატონო თორნიკე, თბილისში საქართველოსა და ევროპას შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ამ შეთანხმებისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა - ჩვენი ქვეყანა, პრაქტიკულად, ევროპის ოპერატიული პარტნიორი და ევროპული წესრიგის განუყოფელი ნაწილი ხდება. ჩვენ ვხდებით ევროპული ოჯახის ნაწილი სამართალდაცვით სფეროშიც, შესაბამისად, ჩვენ გვექნება უსაფრთხოების სულ სხვა შესაძლებლობები". თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს? ფაქტია, რაც უფრო მეტად ადანაშაულებს ოპოზიცია ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკის არასაკმარისად გატარებაში, საქართველო მით მეტად უფრო მკაფიო ნაბიჯებს დგამს ევროინტეგრაციის გზაზე...
- ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებები ნამდვილად არის და ეს წარმატებები ხელშესახები რომაა, ფაქტია. საქართველოს დღევანდელ მთავრობას წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებული საგარეო კურსი აქვს. დღევანდელ ოპოზიციას უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკური კურსი ჰქონდა და იგი უფრო მეტად იყო ორიენტირებული ამერიკაზე, ვიდრე ევროპაზე. ”ქართული ოცნების” ხელისუფლება კი უფრო მეტადაა ორიენტირებული ევროკავშირზე ვიდრე აშშ-ზე და როგორც ვხედავთ, მას ამ გზაზე გარკვეული შედეგებიც აქვს.
საქართველოს დღევანდელ მთავრობას წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებული საგარეო კურსი აქვს. დღევანდელ ოპოზიციას უფრო აგრესიული საგარეო პოლიტიკური კურსი ჰქონდა და იგი უფრო მეტად იყო ორიენტირებული ამერიკაზე, ვიდრე ევროპაზე

ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს წარმატებები აიხსნება იმითაც, რომ ნაკლებ მსხვერპლს მოითხოვს. მხედველობაში მაქვს ის, რომ იგი იმდენად არ აღიზიანებს რუსეთს, როგორც ამერიკაზე ორიენტაცია. ჩვენს წარმატებას ასევე ხელი შეუწყო უკრაინასთან რუსეთის კონფლიქტმა. რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა ჩვენი რეგიონის მიმართ ევროპის ინტერესი მნიშვნელოვნად გაზარდა, რამაც ჩვენ ეფექტური მოქმედების შესაძლებლობა მოგვცა. ძალიან კარგია, რომ ხელისუფლება ამ შესაძლებლობით სარგებლობს და საკმაოდ წარმატებულადაც.
- რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში დაჩქარებული ტემპებით ჩართვას არ იმჩნევს. თუმცა, თავს იმით გვახსენებს, რომ სამხრეთ ოსეთის ქვედანაყოფებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში აერთიანებს, მნიშვნელოვნად ზრდის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავის სამხედრო ყოფნას. დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩევს, რომ მიუხედავად საქართველოს მიერ ევროინტეგრაზიის გზაზე მიღწეული წარმატებებისა, მოსკოვი საქართველოზე გავლენას მნიშვნელოვნად ინარჩუნებს. თქვენც გაქვთ განცდა, რომ რუსეთს საქართველოზე ზეწოლის განსახორციელებლად საკმაო ბერკეტები აქვს? თუ ამ კითხვაზე თქვენი აზრი დადებითია, შეგიძლიათ დააზუსტოთ, ამგვარი ბერკეტების რესურსი უპირატესად რა სფეროებშია? დამკვირვებელთა ნაწილი ამ თვალსაზრისით ეკონომიკის გარკვეულ სფეროებსა და მედიას ასახელებს...
- ჩემი აზრით, ბუნებრივია, რომ რუსეთს საქართველოზე გააჩნია გარკვეული ბერკეტები, მაგრამ იგი ახლა თავად არის გახვეული ორ სერიოზულ კონფლიქტში, უკრაინასა და სირიაში. ამას ემატება ისიც, რომ საქართველო მოსკოვს არ აძლევს აგრესიის გამოვლენის არანაირ საბაბს. აშკარაა, რუსეთს არ მოსწონს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება, მაგრამ ისე არ აღიზიანებს, როგორც ნატოსთან დაახლოება. ახლა მისი პასუხი მაინც შეზღუდულია, ვინაიდან დაკავებულია უკრაინით და სირიით და არც ჩვენი ხელისუფლება აძლევს ჩვენზე გაბრაზების საბაბს.
აშკარაა, რუსეთს არ მოსწონს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება, მაგრამ ისე არ აღიზიანებს, როგორც ნატოსთან დაახლოება...
პირიქით, ჩვენ მას ხელ-ფეხს ვუხსნით საქართველოში რუსული ”რბილი ძალის” გაფართოება-გაძლიერებაზე და გარკვეულ სფეროებში აქტიურადაც ვთანამშრომლობთ. საქართველოში რუსული ”რბილი ძალა” მოქმედებს, მაგრამ მას ისეთი ზიანი არ მოაქვს, როგორიც შეიძლებოდა მოეტანა.
რუსული ბერკეტების კვალი ჩანს ქართულ მედიაში. რა თქმა უნდა, არაა სასიამოვნო მათი მხრიდან რაღაც-რაღაცეებზე ზედმეტად ყურადღების გამახვილება, გაუთავებელი პროპაგანდის რეჟიმში ყოფნა და ტყუილების მოსმენა, მაგრამ როგორც ვხედავთ, საბოლოო ჯამში მას ისეთი ზიანი არ მოაქვს, როგორი მოლოდინიც შესაძლოა ჩვენ თავად გვქონდა. საქმე ისაა, რომ მათი სამიზნე მაინც შეზღუდულია. სამიზნე შემოიფარგლება იმ ხალხით, ვისაც ინტერნეტზე არ აქვს წვდომა და ვინც არ ფლობს ინგლისურ ენას.
- ვითარებაში, როცა რუსეთსა და ევროპას, რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები არაა გარკვეული, თქვენი აზრით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი ამოცანა რა უნდა იყოს, ან უკვეა?
- ამოცანა ის უნდა იყოს, რასაც ხელისუფლება მისდევს და სხვათა შორის, საკმაოდ თანმიმდევრულად. მხედველობაში მაქვს რუსეთის დამშვიდების ფონზე ევროკავშირთან ეტაპობრივად დაახლოების პროცესის განხორციელება.
როგორც ვხედავთ, ეს არის ჩვენი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის ტაქტიკაცა და სტრატეგიაც. იგი ხორციელდება და მას რომ გარკვეული შედეგებიც მოჰყვება ვხედავთ. ვიმეორებ, ეს შედეგები იმანაც განაპირობა, რომ რუსეთი დაკავებულია უკრაინით და სირიით, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენს ამგვარ პოლიტიკას შედეგი რომ მოჰყვება, ფაქტია.
რუსული ბერკეტების კვალი ჩანს ქართულ მედიაში... მაგრამ როგორც ვხედავთ, საბოლოო ჯამში მას ისეთი ზიანი არ მოაქვს, როგორი მოლოდინიც შესაძლოა ჩვენ თავად გვქონდა
- ფაქტია ისიც, რომ საშინაო პოლიტიკა ძირითადად ”ქართულ ოცნებასა” და ”ნაცმოძრაობას, ”ქართულ ოცნებასა” და ”ევროპელი დემოკრატების” დაპირისპირების ნიშნით ხასიათდება. საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ვადის დასრულების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მეტად გახდა ცხადი, რომ საკონსტიტუციო საკითხებზე საჯარო სივრცეში პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრეზიდეტის ადმინისტრაციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა საჯარო სივრცეში ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები დააფიქსირეს. თქვენ როგორ შეაფასებდით ერთი მხრივ ”ქართულ ოცნებასა” და ”ნაცმოძრაობას, ”ქართულ ოცნებასა” და ”ევროპელ დემოკრატებს” შორის პოლიტიკურ ბრძოლას, ხოლო მეორე მხრივ პრეზიდენტსა და მმართველ გუნს შორის საკონსტიტუციო საკითხებზე აშკარა დაპირისპირებას?
- დაპირისპირებები არსებობს, მაგრამ როგორც ვხედავთ, საბოლოო ჯამში ”ქართულმა ოცნებამ” უკან დაიხია და არ გააუქმა პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები. პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა 2023 წლისთვის გადაიტანა. ეს მათ დათმეს, მაგრამ რატომ? მე ვერ გეტყვით, უბრალოდ არ ვიცი.
პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის დაპირისპირება ახლა უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს. მათ შორის დაპირისპირების საკითხი საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარება-არჩატარება იყო. კონფლიქტის საფუძველი ახლა არ არსებობს და მათ შორის დაპირისპირება როგორც ვთქვი, ჩემი აზრით სიმბოლურ ხასიათს ატარებს.
დაპირისპირებები არსებობს, მაგრამ ”ქართულმა ოცნებამ” უკან დაიხია და არ გააუქმა პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები... პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის დაპირისპირება ახლა უფრო სიმბოლურ ხასიათს ატარებს

რაც შეეხება ”ქართულ ოცნებასა” და ”ნაცმოძრაობას” შორის დაპირისპირებას, ეს გასაგებია საიდანაც მოდის. მხედველობაში მაქვს პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა და მასზე ”ნაცმოძრაობის” რეაქცია და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მკვეთრი დაპირისპირება.
- თუ კონსტიტუციის ახალი რედაქციით პრეზიდენტის უფლებამოსილება მკვეთრად იქნა შეზღუდული, რა მნიშვნელობა აქვს მას პირდაპირი წესით ავირჩევთ თუ მას პარლამენტი აირჩევს?
- როდესაც პრეზიდენტი პირდაპირი წესითაა არჩეული, მას მეტი ლეგიტიმაცია გააჩნია და შეუძლია თუნდაც თავისი მორალური ავტორიტეტით მოახერხოს მმართველი გუნდისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დაბალანსება, რომელიც, სამწუხაროდ, იგივე პრაქტიკას დაადგა, როგორც თავის დროზე ”ნაცმოძრაობა”. მხედველობაში მაქვს აბსოლუტური ხელისუფლების ერთ ხელში კონცენტრაცია.
- უკანასკნელმა წლებმა გვანახა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე მმართველ გუნდთან პრეზიდენტის წინააღმდეგობას პრაქტიკულად არანაირი აზრი არ აქვს...
- ახლა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სათქმელი აქვს, რომ მისმა ვეტოებმა საბოლოო ჯამში მაინც გაამართლა. მაგალითად, უმრავლესობამ პრაქტიკულად აღიარა, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მიღებული კანონი არასწორი იყო და ახლა შეაქვს მასში შესწორებები. პრეზიდენტი ცდილობს შეინარჩუნოს მორალური უპირატესობა. თუ მარგველაშვილს პოლიტიკური კაპიტალი ექნა დაგროვილი, არა გამორიცხული რომ იგი მას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოადგეს.
თუ მარგველაშვილს პოლიტიკური კაპიტალი ექნა დაგროვილი, არა გამორიცხული, რომ იგი მას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოადგეს

- 7 აპრილს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარდგება. თქვენ რა მოლოდინი გაქვთ პრეზიდენტის პარლამენტში სტუმრობაზე? თუ სახელისუფლებო შტოებს შორის კონფრონტაცია გაღრმავდება, სავარაუდოდ, რა ფორმები შეიძლება მიიღოს მან და როგორ აისახება იგი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე?
- ჯერჯერობით ეს იქნება სიმბოლური დაპირისპირება, მაგრამ თუკი რამდენიმე წელიწადში ”ქართული ოცენების” პოზიციები შეირყევა, ამის პარალელურად მარგველაშვილის - გაიზრდება. როგორც ვთქვი, შესაძლოა ეს მას შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოადგეს.
რაც შეეხება პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას, ვფიქრობ, რომ მისი შეფასებები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საკმაოდ მძაფრი იქნება.
- ვინაიდან საკონსტიტუციო ცვლილებების ბევრ საკითხზე სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა, ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი კონსტიტუციის ახალ პროექტზე რეფერენდუმის ჩატარება იქნებოდა. თქვენი აზრით კონსტიტუციის ახალი პროექტის მიღებაზე უნდა ჩატარდეს თუ არა რეფერენდუმი?
- მე არც იურისტი ვარ და არც კონსტიტუციონალისტი და შესაბამისად ამ საკითხზე ჩემი აზრი კომპეტენტური ვერ იქნება.
- რამდენიმე დღის წინ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა თვითმმართველობების შემცირებაზე გააკეთეს განცხადებები. საუბარია თვითმმართველი ქალაქების გაზრდაზე კი არა, როგორც ამას თვითმმართველობის რეფორმა ითვალისწინებდა, არამედ შემცირებაზე. ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, საქართველო პატარა ქვეყანაა და ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება დიდი ბიუროკრატია შევინახოთ. არასამთავრობო ორგანიზაციები 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებას თვითმმარეთველობების რეფორმის დეკლარირებული პრინციპებიდან გადახვევად აფასებენ. მათ ამ საკითხზე ხელისუფლების უმაღლეს პირებს ღია წერილითაც მიმართეს. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ საკითხზე ხელისუფლების გეგმებს?
თვითმმართველობის საკითხებში ჩახედულთა აზრით, თვითმმართველი ორგანოების შემცირება მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებს უკავშირდება, რაც ძალიან ცუდია

- თუ ეს თვითმმართველობის ორგანოების მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება, ძალიან ცუდი იქნება. ჩვენ საპარლამენტო არჩევნების წინ ერთხელ უკვე ვნახეთ თუ როგორ გადათამაშდა რეგიონები. მხედველობაში მაქვს რაიონების გაერთიანების ხარჯზე საარჩევნო ოლქების გამსხვილება, რითაც ”ქართულმა ოცნებამ” მოიგო.
თუ ესეც ამავე მიზანს მოემსახურება, ვიმეორებ, ძალიან ცუდი რამ იქნება. თვითმმართველობის საკითხების სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ მათ, ვინც ამ საკითხებში მეტად ჩახედულია, მათი აზრით, თვითმმართველი ორგანოების შემცირება სწორედაც რომ თვითმმართველობების მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები