არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4546
EUR
1 EUR
2.8520
RUB
100 RUB
3.8927
19-07-2018
ზაზა ფირალიშვილი - როდესაც სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში პირადი ურთიერთობების როლი კრიტიკულ ზღვარს სცილდება, კარგს არაფერს უნდა ველოდეთ
13:24 10-04-2017
ზაზა ფირალიშვილი - როდესაც სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში პირადი ურთიერთობების როლი კრიტიკულ ზღვარს სცილდება, კარგს არაფერს უნდა ველოდეთ საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფილოსოფოსს, ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, აშშ-ს მიერ სირიაში განხორციელებული შეტევა ასადის ძალებზე ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი თემა გახლავთ. ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილი თანხმდება იმაში, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ასადის წინააღმდეგ განახორციელა სამხედრო ძალის დემონსტრირება, მაგრამ ამავე ქმედებით პრეზიდენტი პუტინიც გააფრთხილეს ახლო აღმოსავლეთში რუსეთის აქტიურობაზე. უკვე ცნობილია, რომ მოსკოვმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ს პენტაგონს შორის მოქმედი ”ცხელი ხაზი” გააუქმა. ისიც ფაქტია, რომ სირიაში ვითარება ჩიხურია. თქვენი დაკვირვებით, პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება სირიის დაბომბვის შესახებ ”იმპულსური გადაწყვეტილება” იყო, როგორც ამას რუსი ექსპერტები ამტკიცებენ, თუ თეთრის სახლის მიერ შემუშავებული რუსეთთან ახალი პოლიტიკის ნაწილი?
- დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ საერთაშორისო პოლიტიკის ბევრი სპეციალისტი ვარაუდობდა, რომ მოსალოდნელი იყო რუსეთის ხელისუფლებას რამე ტესტისთვის მიემართა ტრამპის რეაქციის შესამოწმებლად. როგორც ვხედავთ, ტრამპი არ დაელოდა ამას და პირველივე შესაძლებლობა გამოიყენა საიმისოდ, რომ მკვეთრ ზომებზე თავისი მზაობა ეჩვენებინა. არადა, ობამას მმართველობა კიდევ ორიოდე წელი რომ გაგრძელებულიყო, აშშ-ის, როგორც მსოფლიო ლიდერის პოზიცია უკვე სერიოზულად შეირყეოდა.
სირიის სამხედრო ბაზის დაბომბვა მხოლოდ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში კი არ შეიტანს ცვლილებებს, არამედ ევროპულ ქვეყნებსაც ბევრწილად გამოიყვანს იმ ჰიპნოზის მდგომარეობიდან, რომელშიც ისინი ობამას უფერული და უვნებო პოლიტიკის წყალობით აღმოჩნდნენ

არ მინდა გადავაჭარბო, მაგრამ მგონია, რომ სირიის სამხედრო ბაზის დაბომბვა მხოლოდ აშშ-რუსეთის ურთიერთობებში კი არ შეიტანს ცვლილებებს, არამედ ევროპულ ქვეყნებსაც ბევრწილად გამოიყვანს იმ ჰიპნოზის მდგომარეობიდან, რომელშიც ისინი ობამას უფერული და უვნებო პოლიტიკის წყალობით აღმოჩნდნენ. ამ ნაბიჯით ტრამპმა უარი თქვა საგარეო პოლიტიკაში დიპლომატიურ „შეშფოთებათა“ სტრატეგიაზე. მისი წინამორბედის მიერ დეკლარირებულ გადატვირთვის, მოლაპარაკებებისა და დაყვავების პოლიტიკას, როგორც მოსალოდნელი იყო, პასუხად მოჰყვა არა მშვიდობა და ურთიერთგაგება, არამედ ის, რომ რუსებმა იმპერიის რეანიმაციის იდეა ახალ ფაზაში გადაიყვანეს.
დასავლეთში გაძლიერდა რუსული სიმპათიების მქონე კონსერვატიული მოძრაობები. რუსეთი მათი ბუნებრივი მოკავშირე ჩანდა. უფრო მეტიც: ბევრი რუსი პოლიტიკოსი ტრამპსაც ამ კონტექსტში განიხილავდა და ჩვენ ვნახეთ, როგორი ბედნიერები იყვნენ ისინი არჩევნებში მისი გამარჯვების გამო. არადა, აშკარა იყო, რომ ტრამპი პუტინს კონსერვატიული იდეის ფლაგმანობას წაართმევდა და ამით ევროპის იდეოლოგიურ რელიეფზე მის გავლენას შეასუსტებდა. მაგრამ, როგორც ვხედავთ, აშშ ახალი პრეზიდენტი მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდა. სავარაუდოა, რომ მისი მოქმედება სირიაში საერთაშორისო ურთიერთობებში დემოკრატებისაგან მკვეთრად განსხვავებული პარადიგმის შემოტანას ნიშნავს.
მე თქვენს ყურადღებას უმალ გავამახვილებდი იმაზე, თუ რა გავლენას იქონიებს ეს ფაქტი რუსეთის საშინაო ცხოვრებაზე. იმპერიის რესტავრაციის იდეას მნიშვნელოვანი ჩრდილი მიადგა. არ გამოვრიცხავ, რომ ამას ნაციონალისტური აღმაფრენის ახალი ტალღა მოჰყვეს, თუმცა კი გაძლიერდება საპროტესტო მოძრაობაც. პუტინს მალე ამ ორ ფაქტორთან მოუწევს გამკლავება. იგი მკაცრად ასოცირდება იმპერიის რენესანსთან. მან უკვე გააღვიძა ისეთი ძალები, რომლებიც უკან დახევის საშუალებას არ მისცემენ - უკიდურეს შემთხვევაში, ახალ ლიდერს გამოძებნიან.
ყველა შემთხვევაში, პუტინის ყოვლისშემძლეობის მითი შეირყა. ამ მითის ზენიტი მაშინ იყო, როდესაც აშშ-ის დემოკრატიული პარტია და კრემლი ერთად განიხილავდა ტრამპს რუსულ კრეატურად. სხვა თემაა, თუ რა როლი ითამაშა ამან ტრამპის რუსული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში.
არ გამოვრიცხავ, იგი მართლაც ფიქრობდა რუსეთთან საერთო ენის გამოძებნას და კრემლმა ამ მითქმა-მოთქმით ყველა გზა მოუჭრა. აშკარაა, რომ კრემლის პროპაგანდისტებს ჟანრის კრიზისი დაუდგათ. ის, რაც ჭრიდა წლების განმავლობაში ახლა მათ წინააღმდეგვე შებრუნდა. თუ ასე გაგრძელდა, მეზობელ ქვეყნებში გაჩაღებულ ჰიბრიდულ ომს გამოეცლება მთავარი მდგენელი: რუსული იმპერიის ძლევამოსილებისა და ფატალურობის მიმართ უმწეობის განცდა.
რუსეთს პირდაპირ დაანახეს, რომ ის არ არის რეგიონში მთავარი მოთამაშე და რომ მისი ნეოიმპერიული იმედები, სულ მცირე, გადაჭარბებულია

საბჭოთა ეპოქაში შესაძლებელი იყო ფაქტების დამალვაც და მათი ისეთი გაშუქებაც, თითქოს სინამდვილეში საბჭოეთმა წარმატება მოიპოვა. გახსნილი საინფორმაციო სივრცის პირობებში ეს შეუძლებელია. პირველად ჩვენ მხოლოდ ამ ორიოდე ათეული წლის წინ შევიტყვეთ, რომ, თურმე, 1950 წლის 8 ოქტომბერს ამერიკულმა თვითმფრინავებმა ვლადივოსტოკის სიახლოვეს საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ბაზა დაბომბეს. რამდენიმე ათეული საბჭოთა თვითმფრინავი განადგურდა. მაშინ ამ ფაქტის დამალვა შეიძლებოდა. დღეს ეს შეუძლებელია. ამიტომაც არის, რომ რუს ოფიციალურ პირებსა და ანალიტიკოსებს უკიდურესად უჭირთ რაიმე ერთიანი და დამაჯერებელი ვერსიის შემუშავება. მომხდარს ვერ შეალამაზებ.
რუსეთს პირდაპირ დაანახეს, რომ ის არ არის რეგიონში მთავარი მოთამაშე და რომ მისი ნეოიმპერიული იმედები, სულ მცირე, გადაჭარბებულია.
- უკვე ცნობილია, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მოსკოვს პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება. სირიაში განვითარებული პროცესების შემდეგ, თქვენი აზრით, აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დღის წესრიგი როგორი შეიძლება იყოს? სირიიდან გასვლის სანაცვლოდ ხომ არ მოითხოვს მოსკოვი ვაშინგტონისაგან პოსტსაბჭოთა სივრცეზე ექსკლიუზიურ უფლებებს?
- ვფიქრობ, ამერიკელები პუტინს მისცემენ საშუალებას, ერთგვარად მაინც შეინარჩუნოს სახე და დაპირისპირების მკვეთრი ესკალაციის გზით არ წავლენ. საჰაერო იერიშით მათ უკვე გააკეთეს გასაკეთებელი.
რაც შეეხება სირიას, აშშ არ უნდა იყოს დაინტერესებული რუსეთის იქედან წასვლით. უმალ, პირიქით. რუსები იქ უზარმაზარ რესურსებს და მორალურ კაპიტალს ხარჯავენ. უფრო ველი, რომ რუსებიც, თავის მხრივ, გაზრდიან თავიანთ კონტინგენტს, შეიარაღებას და, რაც მთავარია, აქტიურობას, რათა რამე საგრძნობ წარმატებას მიაღწიონ და ეს ბოლო ფაქტი გადაფარონ.
რუსული საერთაშორისო პოლიტიკა მნიშვნელოვნად არის მიბმული სირიაზე. იქიდან წასვლა იქნება არა მხოლოდ კონკრეტული კონფლიქტის გადაჭრის უუნარობის აღიარება, არამედ რუსეთის, როგორც საერთაშორისო მოთამაშის ავტორიტეტის შელახვაც. ვიმეორებ: პუტინისათვის დღეს მთავარი ის საშინაო შედეგებია, რაც ამას მოჰყვება.
რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცეს, აქ სიტუაციას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თავად ამ ქვეყნების პოზიცია. საბჭოთა კავშირის დაშლის დღიდან რუსებს არავითარი ამერიკული სანქცია არ დაჭირვებიათ სომხეთზე გავლენის შესანარჩუნებლად.
სიტყვამ მოიტანა და სენატორი მაკეინი თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში აცხადებს, რომ პუტინთან მოლაპარაკება მხოლოდ ძალის პოზიციიდან იქნება შესაძლებელი. ასახელებს უკრაინისა და სირიის პრობლემებს, მაგრამ არ ასახელებს საქართველოს. შეიძლება ეს შემთხვევით მოხდა, მაგრამ არ არის გამორიცხული, ზოგი ჩვენი პოლიტიკოსის ძახილი - 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყოო, თავის უარყოფით შედეგს იძლევა. ვიღაცის სიძულვილმა ქვეყნის ინტერესები არ უნდა დაგვავიწყოს.
მოკლედ რომ შევაჯამო, ალბათ, შევესწრებით ორივე მხრიდან სამხედრო ძალის დემონსტრირებას და გამალებულ შეიარაღებას. ვფიქრობ, ერთ-ერთი პირველი, რასაც პუტინი შეეცდება, ერთგვარი ანტიამერიკული ბლოკის ჩამოყალიბებაა. თუმცა საქმე მცდელობაზე შორს არ წავა. ამ საქმეში წარმატებისათვის რუსეთს უნდა შეეძლოს, პოტენციურ მოკავშირეებს დაანახოს, რომ აშშ-ს თანაზომადი სამხედრო ძალის პატრონია. მესამე მსოფლიო ომზე საუბარიც, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია. ჰიბრიდული ომი კი უფრო მრავალფეროვან და გამოკვეთილს სახეს მიიღებს.
რუსული საერთაშორისო პოლიტიკა მნიშვნელოვნად არის მიბმული სირიაზე. იქიდან წასვლა იქნება არა მხოლოდ კონკრეტული კონფლიქტის გადაჭრის უუნარობის აღიარება, არამედ რუსეთის, როგორც საერთაშორისო მოთამაშის ავტორიტეტის შელახვაც. ვიმეორებ, პუტინისათვის დღეს მთავარი ის საშინაო შედეგებია, რაც ამას მოჰყვება

ვერც იმას ვიტყვი, რომ რუსეთი, თავისი მოსახლეობის ფსიქოლოგიური თავისებურების წყალობით, იოლად გადაიტანს ამას. ქვეყნის სათავეში სტალინის ყაიდის ასკეტები რომ იდგნენ, კიდევ შეიძლებოდა ამაზე ლაპარაკი. დღევანდელი ხელისუფლება კი სრულიადაც არ წარმოადგენს ასკეტიზმის ნიმუშს. თუ ამ მარცხს კიდევ მოჰყვება მსგავსი მოვლენები, მაშინ ქვეყანაში გამეფებული ტოტალური კორუფციის გამო პროტესტი, ალბათ, კიდევ უფრო მასშტაბური გახდება.
რაც შეეხება რუსეთის მხრიდან პოსტსაბჭოთა სივრცეზე ექსკლუზიურ უფლებების მოთხოვნას, აშშ-ს წინა ადმინისტრაციის დროს ამის ალბათობა გაცილებით უფრო დიდი იყო.
- შექმნილ ვითარებაში რა უნდა გააკეთოს თბილისმა, რომ ჩვენს სიახლოვეში მიმდინარე პროცესები საქართველოს არ შეეხოს?
- ძნელი სათქმელია. ჩვენზე აგრესიით მარცხის გამოსწორება რუსეთს ძვირი შეიძლება დაუჯდეს. ჩვენ ხომ შტატებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გვაკავშირებს და ეს მნიშვნელოვნად გვაზღვევს. ჩვენში იტყვიან, დათვი რომ მოგერევა, ბაბა დაუძახეო, მაგრამ არავინ ამბობს, თუ რა პასუხს იძლევა დათვი ამგვარ „ბაბას“ ძახილზე. დაყვავებამ ის შეიძლება კიდევ უფრო გაათავხედოს.
ერთადერთი გამართლებული პოზიცია, ვფიქრობ, მშვიდი და პრინციპული პოზიციაა. არც იმას უნდა ეცადო, რომ დიდი ბიჭების ჩხუბში თავი გამოიჩინო, მაგრამ, ვერც გაჩუმებით და თავის მოკატუნებით მიაღწევ რამეს.
- 7 აპრილს საქართველოს პარლამეტის წინაშე თავისი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. პოლიტიკით დაინტერესებულ საზოგადოებას ჰქონდა საშუალება პირდაპირ ეთერში ეხილა პრეზიდენტის ყველაზე მოკლე, მაგრამ ყველაზე კრიტიკული გამოსვლა. ვიდრე პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლისა და შემდგომ პოლიტიკური დებატებისას გაჟღერებული მოსაზრებების განხილვა-შეფასებებზე გადავიდოდეთ, ჩემი პირველი კითხვა საკმაოდ მოკლე და ზოგადი იქნება. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლამ და ყველაფერმა იმან, რაც ქართული პოლიტიკისა და ქართული დემოკრატიის ნაწილად მიიჩნევა?
არც იმას უნდა ეცადო, რომ დიდი ბიჭების ჩხუბში თავი გამოიჩინო, მაგრამ, ვერც გაჩუმებით და თავის მოკატუნებით მიაღწევ რამეს

- მარგველაშვილი რამდენიმე მნიშვნელოვან თემას შეეხო. ის გარემოება, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ”ქართული ოცნებისათვის” შეიძლება მახედ ქცეულიყო, საპარლამენტო არჩევნებამდე ითქვა და აღარ გავიმეორებ. ისიც არაერთხელ თქმულა, რომ ”ოცნება” თავის თავში ჩაკეტვისა და სხვებთან დიალოგზე უარის თქმის გზას ადგას. ბატონი გიორგი კვირიკაშვილის მცდელობა, ეს ვითარება დაეძლია, ჯერჯერობით მაინც, ამაო აღმოჩნდა.
სამწუხაროდ, ”ოცნებაში” წამყვანი როლი განსხვავებული გემოვნების ადამიანებს უპყრიათ - აი, იმათ, რომლებიც კი არ გესაუბრებიან, არამედ წინასწარ გამზადებულ ფორმულებს გაყრიან. ამაში ისინი ”ნაციონალების” კარგი მოწაფეები აღმოჩნდნენ. ცუდია, როდესაც პოლიტიკოსი თავს უმწეოდ გრძნობს, როდესაც აზრის თავისუფლად გამოხატვა უწევს და დაუფიქრებლად იმეორებს სხვის მიერ მოწოდებულს. ჩვენი ბევრი პოლიტიკოსი მექანიკურ სათამაშოს დაემსგავსა.
არა მგონია, ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს, რომ მომავალი საკონსტიტუციო ცვლილებების ხასიათს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს არა პრინციპული მოსაზრებები, არამედ მიმდინარე სიტუაცია და ადამიანებს შორის ურთიერთობები. 2011 წელს ბიძინა ივანიშვილმა თავის ერთ-ერთ პირველ გამოსვლაში თქვა, სააკაშვილს კონსტიტუცია თავისი უბის წიგნაკი ჰგონიაო. ანალოგიური ვითარება ხომ არ შეიქმნა დღესაც? როდესაც სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში პირადი ურთიერთობების როლი რაღაც კრიტიკულ ზღვარს სცილდება, კარგს არაფერს უნდა ველოდეთ.
ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ქართველი კაცი თავის ხელისუფლებას შეცდომებსაც პატიობს და ტყუილსაც კი. უფრო მეტიც, უარესის შიშით ხშირად თავგამოდებითაც იცავს მას, მოიძულებს ხოლმე ყველას, ვინც კი ბედავს, რომ ხელისუფალს რამე დაუწუნოს. ოპოზიცია ამ დროს უმრავლესობისათვის მიუღებელ მეტაფორებში პერსონიფიცირდება: ზვიადიზმი, მოქკავშირი, ნაციონალები. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც განწყობა იცვლება და ამას ვეღარ შველის ვერც მასმედიის მეშვეობით განხორციელებული პიარ ხრიკები და ვერც სოციალურ ქსელებში თუ ინტერაქტივებში ჩასმული აგრესიული პროპაგანდისტები. საპროტესტო განწყობებმა სრულიად მოულოდნელი ხვრელები შეიძლება გამოძებნოს.
საგანგებოდ უნდა მოიცალო ადამიანმა და შეისწავლო, თუ როგორ ქმნიდნენ ლიდერის შესახებ მითს მისი გარემომცველები, თავადვე რა უგვანად სარგებლობდნენ ამით და საბოლოოდ - რა როლი შეასრულეს ამ მითებმა ლიდერთა პოლიტიკურ ბედში.
სამწუხაროდ, ”ოცნებაში” წამყვანი როლი განსხვავებული გემოვნების ადამიანებს უპყრიათ - აი, იმათ, რომლებიც კი არ გესაუბრებიან, არამედ წინასწარ გამზადებულ ფორმულებს გაყრიან. ამაში ისინი ”ნაციონალების” კარგი მოწაფეები აღმოჩნდნენ
- პრეზიდენტ მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლაზე უკვე ბევრი აზრი კი გამოითქვა, მაგრამ ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა იმაზე გაცილებით კონტრასტული გახლდათ, ვიდრე მოსალოდნელი იყო - აღმოჩნდა, რომ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს ”ბევრად უფრო მრავლისმომცველი, ღრმა და ობიექტური” გამოსვლის მოლოდინი ჰქონდა, ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ პრეზიდენტს სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობა უსაყვედურა. უმრავლესობის წევრების გამოსვლები უფრო მეტად მშობელთა კრებაზე კლასის დამრიგებლის გამოსვლა-საყვედურებს ჰგავდა, ვიდრე პრეზიდენტის მიერ საჯაროდ დასმულ განსახილველ თემებზე მსჯელობის სურვილს. თქვენ როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის გამოსვლას? რამდენად აქტუალურ თემებზე გაამახვილა მან ყურადღება?
- არ დავმალავ, რომ პრეზიდენტის გამოსვლამ მეც დამიტოვა ერთგვარი უკმარობის განცდა, მაგრამ ეს შეიძლება ჩემი პირადი შთაბეჭდილება იყოს. ამ გამოსვლაში ნამდვილად იყო კრიტიკული ელემენტი. თუმცა, ვფიქრობ, სურვილის შემთხვევაში, უფრო მკვეთრიც შეიძლებოდა ყოფილიყო. მას არც იმაზე დაუხევია უკან, რომ ხელისუფლების საერთაშორისო წარმატებები აღენიშნა.
ვფიქრობ, ეს ტექსტი სრულიადაც არ იმსახურებდა იმგვარ ორგანიზებულ შეტევას, რომლის მომსწრენიც გავხდით. უფრო მეტიც, ეს აგრესია ზოგჯერ უადგილოც ჩანდა. როგორც ჩანს, „ოცნება“ აგრძელებს მანკიერ ქართულ ტრადიციას და ყოველგვარ კრიტიკულ აზრს აგრესიას ახვედრებს. გაიხსენეთ, რომ კრიტიკული აზრისადმი დამოკიდებულება თავიდანვე გამოჩნდა ე.წ. ექსპერტებთან და ჟურნალისტებთან დამოკიდებულებაში. ასე რომ არ იყოს, მარგველაშვილის გამოსვლის ასეთი მტკივნეული აღქმა გაუგებარია. ვინ ან სად ნახა მარგველაშვილის მიერ ხელშეწყობილი საზოგადოებრივი დაძაბულობა? ამას გადაჭარბებაც აღარ ჰქვია. ლიდერის სასიამოვნებლად ყველა ხერხს არ უნდა მივმართოთ.
2012 წელს ვწერდი, რომ იყო საშიშროება, ქვეყნის ახალი ლიდერი, კვლავ და კვლავ, რელიქტური საბჭოთა გემოვნებით შეგვექმნა. ამ ეჭვს მეც და სხვებსაც გვიძლიერებდა იმ ადამიანების გააქტიურება, რომლებიც ინტელიგენტის ნიღაბს ირგებენ და ნებისმიერ აღმავალ პოლიტიკურ ძალას თავს პროპაგანდისტებად სთავაზობენ.
ვინ, ან სად ნახა მარგველაშვილის მიერ ხელშეწყობილი საზოგადოებრივი დაძაბულობა? ამას გადაჭარბებაც აღარ ჰქვია. ლიდერის სასიამოვნებლად ყველა ხერხს არ უნდა მივმართოთ
- როგორ შეაფასებდით დებატების ფარგლებში მმართველი გუნდის წარმომადგენელთა გამოსვლებს? თქვენი დაკვირვებით, რამდენად ადეკვატური და კვალიფიციური გახლდათ პრეზიდენტის მიერ დასმულ საკითხებზე მათი რეაქცია? თქვენმა კოლეგამ სოსო ცისკარიშვილმა ამას წინათ მმართველ გუნდზე ასეთი განაცხადა - ”პარლამენტში საკონსტიტუციური უმრავლესობის მიღების შემდეგ ”ქართული ოცნება” თავხედურად იქცევა”...
- ძალზე ზოგადად ვიტყვი: დასავლეთი, პირველ რიგში, ურთიერთობათა კულტურაა. პირველ მსოფლიო ომში გერმანელ მფრინავს ბარონ მანფრედ რიხტჰოფენს, როგორც მას უწოდებდნენ, ”წითელ ბარონს” 80-ზე მეტი ინგლისური თვითმფრინავი ჰქონდა განადგურებული. როდესაც, ბოლოს და ბოლოს, ინგლისელებმა მისი ჩამოგდება შეძლეს, თავადვე დაკრძალეს ჯარისკაცული პატივით და მის საფლავის ქვას დააწერეს, ჩვენს უდიდეს და უკეთილშობილეს მტერსო.
ოპონენტის პლებეური მიუღებლობა საბჭოთა მემკვიდრეობაა და, როგორც ჩანს, კიდევ კარგახანს მოვუნდებით მის დაძლევას. ვეფხვისა და მოყმის ლექსის შემქმნელ ხალხს ასე არ უნდა უჭირდეს ოპონენტის ღირსებების დანახვა.
არადა, დემოკრატია, პირველ რიგში ნიშნავს არა პლებეური სიავით „ქოქოლა დააყარას“ ჟანრში ერთმანეთის განადგურების უფლებას, არამედ ოპონენტთა დიალოგსა და თანამშრომლობას საერთო სასიცოცხლო სივრცის შესაქმნელად. როგორც მგონია, სწორედ ამაზე მინიშნებით დაიწყო თავისი სიტყვა მარგველაშვილმა და, ვფიქრობ, ეს თემა - როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის გასაგონად - კიდევ უფრო უნდა განევრცო.
- ფაქტია, რომ პრეზიდენტისათვის პრეტენზიების, შენიშვნებისა და ბრალდებების წაყენებაში ყველაზე გამორჩეული პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აღმოჩნდა. რამდენად დამაჯერებელი იყო თქვენთვის სპიკერის მიერ პრეზიდენტის მისამართით გამოთქმული მოსაზრებები და მისი გამოსვლის ფარგლებში მოყვანილი სტატისტიკა სხვადასხვა სფეროებში არსებული მდგომარეობის შესახებ?
- ბატონი ირაკლი სხვებზე უკეთესად აღმოჩნდა მომზადებული, მაგრამ როგორი სტატისტიკაც არ უნდა მოიშველიო და როგორი მომგებიანიც არ უნდა იყოს ის, ”ოცნების” მიმართ უკვე ბევრი კითხვაა დაგროვილი და ამ კითხვებს ვერც რიცხვებით ვერ უშველი და ვერც სოციალურ ქსელებში გამეფებული აგრესიით. კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. გავიხსენებ, რომ სულ რამდენიმე წლის წინ მიხეილ სააკაშვილიც ასე მტკივნეულად განიცდიდა ყოველგვარ შენიშვნას და დიალოგის ნაცვლად ოპონენტებს მიწასთან ასწორებდა.
ოპონენტის პლებეური მიუღებლობა საბჭოთა მემკვიდრეობაა და, როგორც ჩანს, კიდევ კარგახანს მოვუნდებით მის დაძლევას

- დებატებისას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ბევრ საკითხში პრეზიდენტის პოზიციებს უფრო ოპოზიციის წარმომადგენელები იზიარებდნენ. მათი პოზიციების თანხვედრაზე მმართველმა გუნდმა იმდენჯერ გაზგასმით გაამახვილა ყურადღება, რომ ”ევროპელი დემოკრატების” ლიდერს მოუწია შემდეგ განცხადების გაკეთება - ”არანაირ ალიანსს ბატონ მარგველაშვილთან არ განვიხილავთო”. მიუხედავად ამისა, მანვე პრეზიდენტს ეკონომიკური საკითხების მოგვარებაში პარტნიორობა შესთავაზა. თქვენი აზრით, რატომაა პრეზიდენტ მარგველაშვილის პოლიტიკური მომავლის საკითხი მმართველი გუნდის დღის წესრიგში? თქვენი დაკვირვებით, რა შანსები აქვს პრეზიდენტ მარგველაშვილს ”საკუთარი რეიტინგით” გახდეს პრეზიდენტი და არა ”ნასესხებით”?
- მოგვწონს თუ არა და გამოსდის თუ არა, მარგველაშვილი ცდილობს, დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს. ცხადია, სახელისუფლებო პროპაგანდისტებმა ამის გამო ”ნაციონალებისა” თუ მათი განაყოფების მიმართ სიმპათიაში დასდეს ბრალი. სულ ორიოდე წლის წინ ეს ხერხი ჭრიდა. შეიძლება ზედმეტად ოპტიმისტი ვარ და მაინც მგონია, ჩვენი მოსახლეობა თანდათან თავისუფლდება ”ოცნებისა” და ”ნაციონალების” მიერ შექმნილი ხშირად ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობისაგან.
რაც შეეხება მარგველაშვილის პოლიტიკურ პერსპექტივას, ერთი რამ აშკარაა: ამ ეტაპზე მას ამისი სურვილი არ გაუმჟღავნებია და არ მისცემია თავისი პოლიტიკური გუნდის შექმნის ცდუნებას. როგორც ვიცი, რამდენიმე მცდელობა იყო სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან იგი შიდაპოლიტიკურ ბატალიებში ჩაერთოთ და მიზანს ვერ მიაღწიეს. ამ ნაბიჯის გადადგმისაკენ მას ვერ უბიძგა ვერც ირაკლი ღარიბაშვილისა და ამჟამად უკვე ირაკლი კობახიძის აგრესიულმა ტონმა. იგი ავად თუ კარგად ცდილობს, დარჩეს იმ როლის ფარგლებში, რომელსაც ახალი კონსტიტუცია განუწესებს. სხვას ახლა ვერაფერს ვიტყვი. მომავალი გვიჩვენებს.
ვფიქრობ, მის მიმართ განწყობებზე რამდენიმე ფაქტმა იქონია მნიშვნელოვანი როლი. ასეთი იყო, ვთქვათ, პრეზიდენტის სასახლის თემა. ვფიქრობ, აჯობებდა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის ღირსება ამ სასახლის თემასთან არ გადაება. ამან საკმაოდ უსიამოვნო ფონი შექმნა. ჩვენში ასე ხდება: სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს რაღაც მსგავსი ფსიქოლოგიურად წონადი ფაქტი და არა პრინციპები.
რაც შეეხება მის დადანაშაულებას საზოგადოებრივი დაძაბულობის ესკალაციაში, მაპატიეთ და სად შენიშნეს რაიმე მსგავსი? ვფიქრობ, ეს უმალ იყო ლიდერის მოსაწონად წამოსროლილი ფრაზა. ასე მწვავედ და არაადექვატურად მაშინ განიცდიან კრიტიკას, როდესაც საკუთარ სიმართლეს ვერ გრძნობენ.
რაც შეეხება ”ნაციონალებსა” და მათ განაყოფებს, ისინი 2012 წლის შემდეგ ცდილობენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მოკავშირეები გამოძებნონ.
- თქვენი აზრით, რა ასახვას ჰპოვებს პარლამენტში გამართული დებატები საქართველოს შიდა პოლიტიკაზე? როგორ დაახასიათებდით პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ქართულ რეალობაში რეალურად არსებობს და როგორია მისი სავარაუდო ტრაექტორია?
შინაარსობრივი თვალსაზრისით დებატებს ბევრი არაფერი მოუტანია... მოცემული პოლიტიკური კონფიგურაცია უპერსპექტივოა და ამომრჩეველი მას მხოლოდ უკეთესის არქონის გამო ითმენს. პირადად მე, სწორედ ეს აზრი გამიღრმავა ამ დებატებმა

- შინაარსობრივი თვალსაზრისით დებატებს ბევრი არაფერი მოუტანია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია განაგრძობენ სამოქალაქო ”ცივი ომის” რეჟიმში ცხოვრებას, რაც ყოველ ჩვენგანს აზარალებს.
კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ”ნაციონალების,” მათი განაყოფებისა და ”ოცნების” წინასწარ გამზადებული პროპაგანდისტული ფორმულები. კიდევ ერთხელ დავინახეთ ადამიანები, ვინც გრძნობს ”ოცნების” შინაგან არასტაბილურობას და ლიდერს თავის თავს სთავაზობს ძველების ჩამნაცვლებლად. კიდევ ერთხელ ვნახეთ იმ ადამიანების აქტიურობაც, რომლებმაც თავისი მორალური რესურსები ხელისუფლებაში ყოფნისას ამოწურეს.
გავლენა, ვფიქრობ, სხვა რიგისაა. არა მგონია, მარტო ვიყო ამ განწყობაში: ვფიქრობ, მოცემული პოლიტიკური კონფიგურაცია უპერსპექტივოა და ამომრჩეველი მას მხოლოდ უკეთესის არქონის გამო ითმენს. პირადად მე, სწორედ ეს აზრი გამიღრმავა ამ დებატებმა...
ხოლო თუ ტრამპი განაგრძობს რუსეთთან ძალის პოზიციიდან საუბარს, ცხადია, ეს ჩვენს საშინაო ცხოვრებაზეც აისახება.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რა არის ბიო რძე?
მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი კვების პროდუქტები გახლავთ ბიო პროდუქტები. განვითარებული ქვეყნები ძალიან მკაცრად აკონტროლებენ საკვების