არქივი
«« ოქტომბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4826
EUR
1 EUR
2.9305
RUB
100 RUB
4.3371
17-10-2017
გია ხუხაშვილი - როდესაც ხელისუფლება შანტაჟის ენით იწყებს საუბარს, ეს კარგად არასოდეს მთავრდება
15:45 18-04-2017
გია ხუხაშვილი - როდესაც ხელისუფლება შანტაჟის ენით იწყებს საუბარს, ეს კარგად არასოდეს მთავრდება საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, კარგა ხანია დაანონსებულია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ვიზიტი სოხუმში. როგორც ვიცით, იგეგმება სოხუმში რუსეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნა და ახალი ელჩის ჩაყვანა. თქვენი აზრით, სოხუმში ვიზიტით რისი თქმა უნდა მოსკოვს თბილისისთვის?
- არ მგონია, რომ ლავროვის ვიზიტი სოხუმში მხოლოდ თბილისისთვის განხორციელებული ვიზიტია. ჩვენ ვხედავთ თუ რა გლობალური პროცესები მიმდინარეობს დღევანდელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ირგვლივ. ამ პროცესებს რომ განვითარების თავისი ლოგიკა აქვს, ამას ვხედავთ. რუსეთი ცდილობს გლობალურ პოლიტიკაში იყოს პოლუსი. ვხედავთ, რომ მისი ფრონტის ხაზი, უკრაინიდან დაწყებული - სირია-ჩრდილოეთ კორეით დამთავრებული, ძალიან გაიწელა. ამ უზარმაზარ არეალზე არის უამრავი ცხელი წერტილი. რუსეთის ეს ნაბიჯი არის ერთ-ერთი ელემენტი იმ პარტიისა, რომლის თამაშსაც გლობალურ პოლიტიკაში კრემლი ცდილობს. მე ვიტყოდი, რომ ის როგორც რუსეთისთვის, ისე ჩვენთვის საკმაოდ სარისკო პარტიაა.
არ მგონია, რომ ლავროვის ვიზიტი სოხუმში მხოლოდ თბილისისთვის განხორციელებული ვიზიტია... რუსეთის ეს ნაბიჯი არის ერთ-ერთი ელემენტი იმ პარტიისა, რომლის თამაშსაც გლობალურ პოლიტიკაში კრემლი ცდილობს... ის როგორც რუსეთისთვის, ისე ჩვენთვის საკმაოდ სარისკო პარტიაა

ჩვენი ამოცანაა არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება, თუმცა, რეალობა ისეთია, რომ მსოფლიოში დაწყებულ პროცესებს ჩვენ ვერაფრით ხელს ვერ შევუშლით. ლავროვის ვიზიტით არაფერი იცვლება. რუსეთმა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში რუბიკონი კარგა ხანია გადალახა, როცა სოხუმი და ცხინვალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების დედაქალაქებად აღიარა. ამის შემდეგ, ამ ტერიტორიებზე რაც ხდება, დაწყებული პროცესის გაგრძელება და ნაწილია და ამაში არაფერი სიახლე არ არის.
- რუსეთის საგარეო უწყებაში კარგა ხანია საუბრობენ აფხაზეთში რუსეთის აწ უკვე ყოფილი ელჩის, გრიგორიევის აზერბაიჯანში ელჩად დანიშვნის შესაძლებლობაზე. ვიცით, რომ აზერბაიჯანი ამ თემაზე მოსკოვისაგან ზეწოლას განიცდიდა. არ ვიცით, ახლა არის თუ არა გრიგორიევის ბაქოში დანიშვნის საკითხი რუსეთის საგარეო უწყების დღის წესრიგში, მაგრამ თქვენი აზრით, გაუძლებს ამ საკითხში მოსკოვის ზეწოლას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი თუ არა?
- ეს ყველაფერი სიმბოლოებია და მეტი არაფერი. არ ვთვლი, რომ ეს არის სერიოზული პოლიტიკური საკითხი. ბაქოში რუსეთის ელჩად გრიგორიევი იქნება თუ აფანასიევი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რომც დაინიშნოს, ამაში მე მხოლოდ სიმბოლიკას დავინახავ, ვინაიდან ამით არაფერი იცვლება. ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ამას არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური მნიშვნელობა არ აქვს. ემოციურის გარდა, არა მგონია ამას რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს.
პოლიტიკის გაგებით აზერბაიჯანი და საქართველო არიან სტრატეგიული პარტნიორები. ჩვენდა საბედნიეროდ, აზერბაიჯანი არასოდეს არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რაც საქართველოსთვის საზიანო იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. ამას არა მარტო ემოციები მალაპარაკებს, აზერბაიჯანის პრაგმატული პოლიტიკური ინტერესებიც.
აზერბაიჯანი და საქართველო არიან სტრატეგიული პარტნიორები...აზერბაიჯანი არასოდეს არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რაც საქართველოსთვის საზიანო იქნება

- საკონსტიტუციო კომისია რამდენიმე წევრმა დატოვა, რამდენიმე აპირებს - ამაზე ბევრი საუბრობს და საკმაოდ ხშირადაც. სავარაუდოდ, რა სიტუაცია შეიქმნება იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო კომისიას მართლაც საკმაოდ ბევრი წევრი დატოვებს მანამ, სანამ ის 30 აპრილს მუშაობას დაამთავრებს?
- ფორმალურად, ხელისუფლებას აქვს ყველა ინსტრუმენტი იმისათვის, რომ კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებით თავისი სურვილები განახორციელოს, ანუ, ყველა ის ცვლილება, რაც მათ უნდათ ბოლომდე გაიტანონ, მაგრამ ფორმალური მხარე ერთია და მეორეა პოლიტიკური მხარე.
თუ ხელისუფლება კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით ფაქტობრივად მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც დაგეგმილი აქვს, ეს ბუნებრივად გააძლიერებს საზოგადოებაში განწყობას, რომ ხელისუფლება ამ პროცესში ხელმძღვანელობს არა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან, არამედ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე.
სამწუხაროდ, გვინახავს, როცა სასწორზე იდებოდა სახელმწიფოს ინტერესები. საქართველოში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ცდუნებას, რომ კონსტიტუცია თავის თავზე არ მოერგო, რასაც შემდგომ, გარკვეული ხნის შემდეგ, მოჰყვებოდა ხოლმე გარკვეული პროცესები. ჩვენ გვახსოვს, შემდეგ თუ როგორი ვერდიქტი გამოჰქონდა საზოგადობას. ასე მოხდა შევარდნაძის შემთხვევაში, ასე მოხდა სრულიად აშკარად სააკაშვილის შემთხვევაში. თუ მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით თავის განწყობებში კორექტივებს არ შეიტანს, სავარაუდოდ, საქართველოში პროცესები ისევ ისე განვითარდება, როგორც წინა ხელისუფლებების შემთხვევაში.
თუ ხელისუფლება კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით ფაქტობრივად მიიღებს იმ გადაწყვეტილებას რაც დაგეგმილი აქვს, ეს ბუნებრივად გააძლიერებს საზოგადოებაში განწყობას, რომ ხელისუფლება ამ პროცესში ხელმძღვანელობს არა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან, არამედ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე

ხელისუფლების გადასაწყვეტია საკონსტიტუციო საკითხებზე ამოვიდეს სახელმწიფო ინტერესებიდან, ანუ ემსახურებოდეს საზოგადოებას და ხალხს. ან მეორე ვარიანტია - შეეცადოს იბატონოს ხალხზე. ეს კი დასჯადია.
- თქვენ სწორად შენიშნეთ, მმართველ გუნდს მართლაც აქვს ყველანაირი რესურსი კონსტიტუცია ისე შეცვალოს, როგორც თავად აქვს დაგეგმილი, მაგრამ ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ მმართველი გუნდი ახდენს ხელისუფლების უზურპაციას. თქვენი აზრით, რატომ ვერ ახერხებს მმართველი გუნდი თუნდაც საკონსტიტუციო კომისიაში შემავალ პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსენსუსის მოძებნას? და მართლაც ახდენს თუ არა მმართველი გუნდი ძალაუფლების უზურპაციას?
- უზურპაციაზე საუბარი ნაადრევია, დღევანდელი ხელისუფლება ამ მიმართულებით ნაკლებად ეფექტურია და როცა ამ პროცესზე ვსაუბრობთ, ეს არის ერთადერთი პოზიტივი. რატომ ვერ ახერხებს? გარდა იმ ფუნდამენტური მიზეზისა, რაზეც უკვე ვისაუბრე, ბევრი რამ აიხსნება ამ საკითხზე ხელისუფლების ტაქტიკის უხარისხო შესრულებით. შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების ტაქტიკა იყო ძალიან უცნაური და სასაცილოც კი.
ერთი მხრივ, ხელისუფლებამ ეშმაკურად დაგეგმა ყველაფერი - ლაპარაკობდა კონკრეტულ მუხლებზე, არაკონკრეტულობით ცდილობდა მაქსიმალურად გაეხანგრძლივებინა წვრილმანებზე საუბარი, ბოლოსკენ ამოეცურებინა თავისი სურვილები, რაც წინასწარვე ჰქონდათ გამზადებული და ამით უხარისხო ტაქტიკისთვის შეექმნა პროცესის დემოკრატიულობის ფასადი.
თუმცა, მას მოუვიდა რამდენიმე ძირეული შეცდომა, რამაც მოხდინა პროცესის ლუსტრირება. მაგალითად, როდესაც ვენეციის კომისიას გაატანეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, აღმოჩნდა რომ კომისიის წევრების უმეტესობამ არც იცოდა თუ რა გაატანეს მათ. ამან, ფაქტობრივად ფარსად აქცია მთელი ეს პროცესი და ხელისუფლების რეალური მიზნები წარმოაჩინა.
გარდა ამისა, ბოლო ეტაპზე, როდესაც უკვე თქვეს თუ რა უნდოდათ მას შემდეგ, რას ქმნიდნენ ილუზიას, რომ ეს საკითხები მოლაპარაკებადი იყო, მათ ძალიან კატეგორიულად გამოაცხადეს, რომ ორ საკითხზე, - საარჩევნო თემებზე და პრეზიდენტის არჩევნების წესზე - კომპრომისები არ იქნება. მათ უნდათ დააკანონონ ტრადიცია, რომ ე.წ. ”ნაშთების””, ანუ ბარიერგადაულახავ პარტიათა ხმები, გამარჯვებულმა პარტიამ წაიღოს. სუსტი ლეგიტიმაციის პირობებში საარჩევნო კანონი იძლევა საშუალებას პარლამენტი იმ შემთხვევაში დაკომპლექტდეს გამარჯვებული პარტიით, თუ მას ხმათა 30% აქვს მიღებული.
მიუხედავად იმისა, რომ მათთვის კარგად არის ცნობილი პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით საზოგადოების განწყობა, ისინი ჯიუტად ამბობენ, რომ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს და აქ არაფერი შეიცვლება. მეტიც, ის საკითხიც კი, რომელიც თითქოს გადაწყვეტილი იყო, ვგულისხმობ, რომ პრეზიდენტის პარლამენტის მიერ არჩევა 2023 წელს ამოქმედდებოდა, აქაც ბუნდოვანება გააჩინეს. დატოვეს იმის შანსი, რომ პრეზიდენტის ირიბ არჩევნებზე 2018 წელსვე გადავიდეთ. შესაძლოა, ეს თემა სავაჭროდ დაიტოვეს და ამით კომისიის წევრებს ეუბნებიან - თუ თქვენ ძალიან გაჯიუტდებით და კონფრონტაციაში შემოხვალთ, მაშინ ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩება. ფაქტობრივად ამის ქვეშ შანტაჟი იკითხება.
როდესაც ვენეციის კომისიას გაატანეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, აღმოჩნდა რომ კომისიის წევრების უმეტესობამ არც იცოდა თუ რა გაატანეს მათ. ამან, ფაქტობრივად ფარსად აქცია მთელი ეს პროცესი და ხელისუფლების რეალური მიზნები წარმოაჩინა

როდესაც ხელისუფლება შანტაჟის ენით იწყებს საუბარს, ეს კარგად არასოდეს მთავრდება. მით უმეტეს ისეთი ხელისუფლებისთვის, რომელსაც ერთი იდეოლოგური პლატფორმა არ აერთიანებს და წარმოადგენს ადამიანების თავყრილობას, რომლებსაც მხოლოდ ხელისუფლებაში ყოფნის სურვილი აერთიანებთ. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება თავისი ძლევამოსილების ილუზიას ქმნის.
- ბევრი თქვენი კოლეგა გამოთქვამს აზრს, რომ საპარლამენტო მმართველობას, საპრეზიდენტო მმართევლობა სჯობია. თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, არჩევანს რომელ მათგანზე გააკეთებდით?
- საბოლოო ჯამში, საპარლამენტო მმართველობა ძალიან ნორმალური ფორმაა მმართველობის. მით უმეტეს მაშინ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ დემოკრატიაზე. ჩვენ ამ მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ. მაგრამ, საერთოდ, ისტორიული კონტექსტი ყოველთვის გასათვალისწინებელია და ჩვენ აქედან უნდა ამოვდიოდეთ. საბოლოო ჯამში ყველა ქალი თხოვდება და იქმნება ოჯახები, მაგრამ არასრულწლოვანის გათხოვება ხომ აკრძალულია.
ქართული დემოკრატია იმდენად ფორმირებული არაა, რომ ჩვენ დღესვე ვისაუბროთ საპარლამენტო რესპუბლიკაზე. საპარლამეტო რესპუბლიკები წარმატებული არიან მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანაში მულტიპარტიული მმართველობა არსებობს. ანუ, ძალიან კარგადაა განვითარებული პარტიული სტრუქტურა, სადაც ფაქტობრივად შეუძლებელია ერთი რომელიმე პარტიის მხრიდან ძალაუფლების უზურპაცია, უმეტეს წილად კოალიციური მთავრობები იქნმნება, რითაც ჩნდება შიდა პოლიტიკაში ბალანსები, რაც, თავის მხრივ, ძალაუფლების უზურპაციას გამორიცხავს.
ქართული დემოკრატია იმდენად ფორმირებული არაა, რომ ჩვენ დღესვე ვისაუბროთ საპარლამენტო რესპუბლიკაზე

ისეთ ქვეყანაში, სადაც არათუ მულტიპარტიული დემოკრატია არ არსებობს, არამედ, პრაქტიკულად არც ერთი სრულფასოვანი პარტია არ არსებობს, სახელისუფლებო პარტიას პირობითად შეიძლება ვუწოდოთ პოლიტიკური პარტია. ასე იმიტომ ვთვლი, რომ მას არა აქვს არანაირი ერთიანი პოლიტიკური ფუნდამენტი- იდეოლოგია. ”ქართული ოცნება” ოპოზიციაში რომ იყოს, სიცოცხლისუნარიანი ვერ იქნება. მე არ მეგულება ”ქართულ ოცნებაში” ადამიანი, რომელიც ამ პარტიაში დარჩება იმ შემთხვევაში, თუ ეს პარტია ოპოზიციაში იქნება. ეს პრემიერმინისტრსაც ეხება. ამ ადამიანებს, გარდა ძალაუფლებისა, არაფერი აერთიანებთ.
ასეთ ვითარებაში თუნდაც სუსტი პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობა, რომელსაც ხელისუფლების დაბალანსება შეუძლია, ჩვენი პოლიტიკური მოზაიკიდან ამ ინსტიტუტის ამოგდება ძალიან სახიფათოც კია. ამიტომ ამის გაკეთება არ შეიძლება.
- რამდენად სამართლიანია მმართველი გუნდის ბრალდებები პრეზიდენტის მიმართ? ვგულისხმობ იმას, რომ მმართველი გუნდის მტკიცებით, საკონსტიტუციო კომისიიდან წევრების წასვლის უკან ის დგას...
- ეს არის წმინდა წყლის პარანოია. არავის, მათ შორის ჩვენს ხელისუფლებას არ უყვარს თავისი შეცდომების დანახვა და სურს ყველაფრის ვიღაცისთვის გადაბრალება. ამ შემთხვევაში, ”ნაცმოძრაობისთვის” რამის გადაბრალება სუსტი არგუმენტი იქნებოდა და ამიტომ ამ როლისთვის მათ პრეზიდენტი შეარჩიეს. ამით ისინი ორ ამოცანას ასრულებენ - ერთი რომ, თითქოს თავად ყველაფერს სწორად აკეთებენ და ყველაფერში გარე ფაქტორებია დამნაშავე, რაც საკონსტიტუციო კომისიაში შეიქმნა, მეორე არის ის, რომ ვიღაცას ეპრანჭებიან და უნდათ, რომ ასიამოვნონ. ”ქართული ოცნების” პოლიტელიტას რატომღაც ჰგონია, რომ იქ, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება, პრეზიდენტის გინება მოდაშია და ეს მათ პოლიტიკური კარიერი გაკეთებაში წაადგებათ, რაც ჩემი აზრით, ძალიან სასაცილოა.
- ხშირად გვესმის, რომ პრეზიდენტს დაწყებული აქვს საარჩევნო კამპანია. რომ იგი საკონსტიტუციო კომისიის საპირწონედ პარალელურ პროცესებს წარმართავს. დაწყებული აქვს თუ არა პრეზიდენტ მარგველაშვილს საარჩევნო კამპანია? და კიდევ, თუ მას პარალელურ რეჟიმში აქვს დაწყებული საკონსტიტუციო პროცესები, გაუგებარია, რა ფორმით წარუდგენს პრეზიდენტი მათ საზოგადოებას?
- იქიდან გამომდინარე, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ძალიან დიდი დროა დარჩენილი, ამაზე საუბარი სრული აბსურდია. გარდა ამისა, რამდენადაც მე მეჩვენება, პრეზიდენტს არც აქვს გადაწყვეტილი მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. პრეზიდენტი იმით განსხვავდება დანარჩენი პოლიტიკური ელიტისაგან, რომ მისთვის პრეზიდენტის სტატუსი ტვირთია და არა პრივილეგია. მარგველაშვილი არ განეკუთნება ასეთი ტიპის პოლიტიკურ ელიტას. ამაში არის თავისი პლიუსებიც და მინუსებიც.
რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუციასთან დაკავშირებით რაღაც პროცესები დაიწყოს, აქაც არის გარკვეული ლოგიკური ხარვეზი. როდესაც გრძელვადიან დოკუმენტზე მუშაობაზეა საუბარი, მასში საზოგადობა უნდა იყოს ჩართული, როგორც ერთი მხრივ, პოლიტიკური დამკვეთი და მეორე მხრივ, როგორც ხელისუფლების წყარო.
რესტორნის ფუნქციონირების ტერმინოლოგიით რომ ვისაუბროთ, დამკვეთთან საჭმლის მიტანა მხოლოდ მას შემდეგ ხდება, როცა ჯერ მენიუს წარუდგენ და ის შეუკვეთავს იმას, რაც მას სურს. ჩვენთან პოლიტიკურმა კლასმა უნდა გააცნობიეროს, რომ პოლიტელიტა საზოგადოების მომსახურე პერსონალია და არა ბატონი, რომელიც თავის შეხედულებებით საზღვრავს რა უნდა საზოგადოებას. პრეზიდენტი ამაზე მიანიშნებს და არანაირი პროცესის წარმმართველი არაა. ის არც რამე კონკრეტული საკონსტიტუციო წინადადებებით არ გამოდის, იგი ცდილობს ხიდი გადოს საზოგადოების მოთხოვნებსა და ხელისუფლების სურვილებს შორის და გარკვეული კონსენსუსი იქნას მიღწეული. ის ცდილობს, ხალხის აზრი საკონსტიტუციო კომისიამდე მიიტანოს, რაზეც საკონსტიტუციო კომისია უარს აცხადებს და ფეხებს საკმაოდ ისტერიულად აბაკუნებს.
- იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო კომისია საკმაოდ ბევრმა პოლიტიკურმა სუბიექტმა და წევრმა დატოვა, რამდენად შეიძლება ეს დაემუქროს ქვეყნის შიგნით სტაბილურობასა და ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს?
- ვფიქრობ რომ, კონსტიტუციის სახით სუსტი ლეგიტიმაციის დოკუმენტს მივიღებთ. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას შეუძლია საკონსტიტუციო პროცესი ისე წარმართოს, როგორც თავად სურს, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ კონსტირუციის ახალ რედაქციას ექნება სუსტი ლეგიტიმაცია და ოპოზიციისთვის კონსტიტუციის საკითხი საარჩევნო ციკლში სასტარტო პლატფორმა გახდება. რამდენად შექმნის ეს კრიზისისთვის ობიექტურ საფუძვლებს, ძნელი სათქმელია.
ხელისუფლებას შეუძლია საკონსტიტუციო პროცესი ისე წარმართოს, როგორც თავად სურს, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციას ექნება სუსტი ლეგიტიმაცია და ოპოზიციისთვის კონსტიტუციის საკითხი საარჩევნო ციკლში სასტარტო პლატფორმა გახდება

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტის ოპოზიციური ფრთა ღრმა კრიზისშია და ძალიან სუსტია. ასეთ ფონზე თუნდაც საკონსტიტუციო საკითხებზე გარკვეული პროცესების აგორება ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია. თუმცა, გრძელვადიან პოლიტიკურ პროცესში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამით ძალიან სერიოზულ პრობლემას შეიქმნის. თუ კონსტიტუციას არ ექნა შესაბამისი ლეგიტიმაცია ხალხისგან, საზოგადოებისგან, საკონსტიტუციო კომისიისგან, ბუნებრივია, ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ადრე თუ გვიან დადგება. როდის დადგება, მე გამიჭირდება ამის თქმა.
- მას შემდეგ, რაც 16 აპრილს მეზობელ თურქეთში რეფერენდუმი ჩატარდა კონსტიტუციის თემაზე, ამ ქვეყანაში პროცესები დრამატულად განვითარდა. მოსახლეობის ნახევარზე ოდნავ მეტმა დაუჭირა ქვეყანაში ერდოღანისეულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ვითარება ისე გართულდა, პრეზიდენტ ერდოღანს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც კი მოუწია. ღმერთმა დაგვიფაროს ამ ტიპის არეულობისგან, მაგრამ მეზობლების გამოცდილებიდან საქართველომ რა გაკვეთილი შეიძლება გამოიტანოს?
- როგორც წესი, ჩვენი პოლიტიკური ელიტა არათუ სხვის შეცდომებზე, საკუთარ შეცდომებზეც ვერაფერს ვერ სწავლობს. მე მაინცდამაინც არ მაქვს იმის იმედი, რომ ჩვენთან თურქეთის მაგალითზე რამე დასკვნები გაკეთდეს. თუმცა, ის პროცესები, რაც ახლა თურქეთში მიმდინარეობს, საქართველოსთვის რისკების შემცველია. თურქეთის ნებისმიერი არასტაბილურობა პირდაპირ აისახება საქართველოზე ძალიან ბევრი მიზეზების გამო.
გარდა ამისა, თუ ერდოღანს მოუწია საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება ძალაუფლების გასამტკიცებლად, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება შიდა დაძაბულობის საგარეო ფრონტზე გადატანა. გამომდინარე იქედან, რომ მას მანევრირების დიდი საშუალება არ აქვს და ამ მხრივ საკმაოდ შეზღუდულია, და მას შექმნილ ვითარებაში გარკვეული წარმატების ილუზიის შექმნა სჭირდება, ასეთ ვითარებაში საქართველოსთვის არსებობს გარკვეული თეორიული რისკები.
მე იმედი მაქვს, რომ ეს ვექტორი საქართველოს მიმართულებით არ განვითარდება. თუმცა, ამ პროცესების ანალიზი უნდა ხდებოდეს და ვარიანტები ითვლებოდეს. ვინ უნდა დათვალოს არ ვიცი. თუ ეს საკითხები ჯანელიძის ამარაა დატოვებული, კარგად გვქონია საქმე.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”







მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები