არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
19-01-2018
გაგი ბუაძე - 13 ივნისის სტიქიის შედეგად დანგრეული წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია იწყება
18:03 21-04-2017
გაგი ბუაძე - 13 ივნისის სტიქიის შედეგად დანგრეული წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია იწყება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის პროექტირებისა და რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოავლინა. როდიდან დაიწყება 13 ივნისის სტიქიის შედეგად დანგრეული გზის რეაბილიტაცია და რომელი კონტრაქტორი შეასრულებს სამუშაოებს, ამას გარდა, როდის გაიხსნება მეტროსადგური ”უნივერსიტეტი“, ამ და ქვეყანაში მიმდინარე სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ”ინტერპრესნიუსი” მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს გაგი ბუაძეს ესაუბრა.

- 13 ივნისის სტიქიის შედეგად დანგრეული წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოცხადებული მესამე ტენდერი დასრულდა. გამარჯვებულის გამოვლენა ორ ჯერ ვერ მოხერხდა. რა იყო ამის მიზეზი და საბოლოოდ, ტენდერში მონაწილე რომელმა კომპანიამ, რა პირობებით გაიმარჯვა?
- წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის პროექტირებაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი 3-ჯერ გამოაცხადა. პირველი - ადგილობრივი ტენდერი 2016 წლის 28 ივნისს გამოაცხადა, გზის პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე. თუმცა, სატენდერო წინადადებები არ იქნა მიღებული, რადგან ევროპის საინვესტიციო ბანკის შესყიდვების სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, შემოთავაზებული სატენდერო წინადადებების ფასები მნიშვნელოვნად აღემატებოდა ეროვნული საკონკურსო ტენდერის სამუშაოებისთვის განსაზღვრულ თანხებს. შესაბამისად, საჭირო გახდა გამოცხადებულიყო ახალი საერთაშორისო ტენდერი. მეორე - საერთაშორისო ტენდერი 2016 წლის 23 აგვისტოს გამოცხადდა გზის პროექტირებასა და რეაბილიტაციაზე, თუმცა წარმოდგენილი წინადადებები არ აკმაყოფილებდა სატენდერო მოთხოვნებს და საქართველოს მუნიციპალური განვითრების ფონდმა დონორთან - ევროპის საინვესტიციო ბანკთან შეთანხმებით ხელახალი ტენდერის გამოცხადების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება. მესამე - საერთაშორისო ტენდერი წელს, 19 იანვარს გამოცხადდა. ტენდერი 6 მარტს გაიხსნა და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია - ერთობლივი საწარმო ,,კავკასუს როუდ პროჯექტი“ და ,,ჯეო იზოლი“. იმის გათვალისწინებით, რომ წყნეთი-ბეთანიის მონაკვეთი დიდ რისკებთან არის დაკავშირებული, დიდი ყურადღების ცენტრშია და ხალხის უსაფრთხო გადაადგლებასთან გვაქვს საქმე, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, მთლიან სამუშაოზე პასუხისმგებლობა ერთ კომპანიას, ან ერთობლივ საწარმოს ჰქონოდა, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა. ჩვენ მოვიძიეთ აღნიშნული კომპანიის შესახებ ინფორმაცია. მათ ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ, კონკრეტულად მსგავსი ტიპის სამუშაოებში. ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში გავაფორმებთ.

- როდიდან დაიწყება და რა ტიპის სამუშაოების ჩატარება იგეგმება წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზაზე?
- მობილიზაცია ამ თვეშივე დაიწყება. პირველი ეტაპისთვის გამწმენდი სამუშაოები ჩატარდება, ჩამოწოლილი მასის გადატანა მოხდება. პარალელურ რეჟიმში კონტრაქტორი დეტალური პროექტის დამუშავებას დაიწყებს. კონტრაქტის თანახმად, პროექტი 13 თვეში უნდა დასრულდეს. კონტრაქტორის მხრიდან მზაობა არის და ჩვენი მხრიდან აბსოლუტური ხელშეწყობა იქნება, ვიმედოვნებთ, სამუშაოებს ვადაზე ადრე დავასრულებთ.

- სპეციალისტების ნაწილი შიშობს, რომ გზის აღნიშნული მონაკვეთის აღდგენა, ადგილმდებარეობის სპეციფიურობიდან გამომდინარე საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს. ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით, წყნეთი-ბეთანიის გზის დაზიანებული ნაწილისა და მიმდებარე ტერიტორიის გეოლოგიური კვლევა ჩატარდა. რა რეკომენდაციებზეა საუბარი კვლევაში, რა სახის ღონისძიებები უნდა განხორციელდეს წყნეთი-ბეთანიის მეწყერსაშიშ მონაკვეთებზე გზისა და მიმდებარე ფერდების მდგრადობის უზრუნველსაყოფად. იქნება თუ არა უსაფრთხოების გარანტიები?
- ყველა თანხმდება, რომ ეს ფერდობი ძალიან საშიშია. არის გარკვეული რეკომენდაციები USAID- ის მიერ გაკეთებულ კვლევებში, რომელთა გათვალისწინება იმ კონკრეტულ მონაკვეთზე, სადაც სამუშაოებს ვახორციელებთ კონტრაქტორისთვის სავალდებულო იქნება, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერავინ გასცემს გარანტიას, რომ ამ ფერდობზე არსად ძვრა არ მოხდება. იქ, სადაც სამუშაოების წარმოებაა დაგეგმილი და მომიჯნავე ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი და გარანტორი კონტრაქტორი იქნება, პროექტირებაზეც პასუხისმგებლობას კონტრაქტორი იღებს. თუმცა, ჩვენი თანხმობის გარეშე სამუშოებს ვერ დაიწყებს. პროექტს ექსპერტებთან განვიხილავთ. კონსესუსის მიღწევის შემდეგ გადავალთ მშენებლობის ეტაპზე.

- უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ერთ-ერთი სამუშაო მდინარე ვერეს კალაპოტში ნატანდამჭერი ნაგებობების მოწყობას უკავშირდება. როდიდან დაიწყება და რა პერიოდში შესრულდება აღნიშნული სამუშაოები?
- ამ საკითხთან დაკავშირებით დასრულებულია ტენდერი, კონტრაქტორი მოწვეულია, გაიმარჯვა კომპანია ”ერკერმა”. ველოდებით გარანტიის წარმოდგენას. მობილიზაცია სავარაუდოდ ამ თვეში უნდა დაიწყოს. სამუშოებისთვის ერთი წელია განსაზღვრული.

- დიდ ინტერესს იწვევს მეტროსადგურ ”უნივერსიტეტის” მშენებლობის მიმდინარეობა. რა სტადიაზეა პროცესი და როდის ვარაუდობთ ახალი სადგურის გახსნას?
- მეტროსადგურ ”უნივერსიტეტში” სამშენებლო სამუშოები ფინალურ ფაზაშია შესული. სადგურის ტესტირება მაისში დაიწყება. ტესტირება ძალიან მნიშვნელოვანი ფაზაა, ყველა დეტალი ძალიან დიდი სიზუსტით უნდა შემოწმდეს და დაიტესტოს. ტესტირების სავარაუდო ხანგრძლივობა ორი თვეა. ვფიქრობთ, ივნისში ტესტირებები უნდა დასრულდეს, რის შემდეგ სადგურს თბილისის მეტროპოლიტენს ოფიციალურად გადავცემთ. ისინი სავარაუდოდ შიდა ტესტირებას ჩაატარებენ, რათა ამ ყველაფრის სისტემასთან ინტეგრირება მოხდეს. თითქმის მთლიანი აღჭურვილობა დამონტაჟებულია - ექსკავატორები, ელექტრო მექანიკური დანადგარები... ძირითადი სამუშაო დასრულებულია. იწყება მოპირკეთება. ტესტირების წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, სადგური სავარაუდოდ ზაფხულში გაიხსნება. ყველაზე ოპტიმალური და ობიექტური მოლოდინი იქნებოდა, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის სადგური ოპერირებაში იყოს შესული.

- ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ტურისტულ ზონებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაა. რა სამუშოებს ატარებს ამის უზრუნველსაყოფად მუნიციპალური განვითარების ფონდი?
- ამ მიმართულებით ძალიან ბევრს ვმუშაობთ. მსოფლიო ბანკის დაფინანსებული ტურიზმის განვითარებისკენ მიმართული სამი პროგრამა გვაქვს. მათ გარდა, სხვა დონორების სახსრებითაც ვაფინანსებთ პროექტებს. უკვე დასრულებულია ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ძველ და ახალ შუამთაში, ასევე იყალთოში. ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს გელათის და კაცხის მონასტრებთან. ჯვრის მონასტერთან და ზედაზენთან დაკავშირებით პროექტირების ეტაპზე ვართ. აბასთუმანში იგეგმება ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ობსერვატორიისა და საბაგიროს, 17 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია.

- რაც შეეხება სხვა პროექტებს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. რა ვითარება არის ისეთი მსხვილი პროექტების მიმართულებით, როგორიც არის - ჭიათურის საბაგირო, ვანის არქეოლოგიურ მუზეუმამდე მისასვლელი გზა, ბათუმის ნაპირდაცვა და რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი გზა?
- მსხვილი პროექტებიდან აღსანიშნავია, რომ მარტის თვეში დასრულდა ქობულეთის საკანალიზაციო გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. ამ სეზონზე უკვე ქობულეთის სანაპირო ზოლზე და ზღვაში დაბინძურებული წყალი აღარ ჩაედინება. ეს ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ეკოლოგიურად ბევრად გამართლებულია, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის გადადგმული ნაბიჯია. რაც შეეხება სხვა დიდ პროექტებს: აღსანიშნავია ჭიათურის საბაგირო გზები. ოთხი მიმართულებით სრული რეაბილიტაცია, ბაგირებისა და გონდოლების შეცვლა ხდება. პროექტი საფრანგეთის მთავრობის დახმარებით ფინანსდება. ჯამური ღირებულება დაახლოებით 40 მილიონი ლარია. აქტიურად მიმდინარეობს ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა. ვანში გაკეთებული არქეოლოგიური აღმოჩენები მსოფლიო მნიშვნელობისაა და ხალხის ძალიან დიდ ნაკადს ველოდებით. როგორც კი მუზეუმის მშენებლობა დასრულდება, მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება იგეგმება. კიდევ ერთი მსხვილი პროექტი ბათუმის ნაპირდაცვას უკავშირდება. შტორმის მიერ დაზიანებული სანაპირო ზოლის შევსება და რეაბილიტაცია მოხდება. აქტიურ ფაზაში გადადის თბილისი- რუსთავის ჩქაროსნული გზის მშენებლობა. დაწყებულია მობილიზაცია, მიმდინარეობს დემონტაჟის სამუშაოები. უშუალოდ სამშენებლო და მიწის სამუშაოები აქტიურ ფაზაში მომდევნო კვარტალში შევა. პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. მისი ღირებულება 119 მილიონ ლარამდეა. კიდევ ბევრ პროექტს ვგეგმავთ - მათ შორის ბაკურიანში, ახალდაბაში, ლაითურში და სხვა დასახლებებში, რომლებიც მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

ანა მარშანია
”ინტერპრესნიუსი”
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები