არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
23-04-2018
სოსო ცისკარიშვილი - როცა ახალი კონსტიტუციის საბოლოო ვერსიას ვიხილავთ, მხოლოდ მაშინ შევძლებთ დავრწმუნდეთ, ჩვენი პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაური იქნება თუ პრემიერ-მინისტრის მესამე თანაშემწე
14:14 24-04-2017
სოსო ცისკარიშვილი - როცა ახალი კონსტიტუციის საბოლოო ვერსიას ვიხილავთ, მხოლოდ მაშინ შევძლებთ დავრწმუნდეთ, ჩვენი პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაური იქნება თუ პრემიერ-მინისტრის მესამე თანაშემწე საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტს, სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

- ბატონო სოსო, საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო კომისიის საბოლოო შედეგს კომისიაში შემავალმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს, კომისიის 8 წევრმა კონსტიტუციის ახალ პროექტს მხარი არ დაუჭირა, როგორც მოსალოდნელილი იყო, მმართველმა გუნდმა კომისიის 43 წევრის მხარდაჭერით კონსტიტუციის ახალი პროექტი მიიღო. ვინაიდან ახალი კონსტიტუციის საბოლოო ტექსტი კონსენსუსს უნდა ეფუძნებოდეს, მაგრამ მას მხარი 73 წევრიდან მხოლოდ 43 დაუჭირა მხარი, თქვენ როგორ შეაფასებდით საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის შედეგს? კერძოდ, უმრავლესობის წარმომადგენელთა მტკიცებას, რომ ”კონსტიტუციის ახალი პროექტი მთლიანად ორიენტირებულია ქვეყნის გრძელვადიან სტაბილურ განვითარებაზე”...
- შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების ფსევდოდემოკრატიული პროცესი და მისი შედეგები, ისევე, როგორც გამარჯვებულთა სულსწრაფი ყიჟინა კონსტიტუციური ცვლილებების გადაუდებელი აუცილებლობლობის შესახებ, მაშინვე ბადებდა ეჭვს, რომ კონსტიტუციის ახალი პროექტი ორიენტირებული იქნებოდა არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ, უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნების“ „გრძელვადიან სტაბილურ განვითარებაზე”. იგივე აზრი დამკვიდრდა მაშინაც, როდესაც გვახარეს, რომ მრავალსუბიექტიანი საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი წარმოდგენილი იქნებოდა „ქართული ოცნების“ წარჩინებულთა მიერ.
გულსატკენია ის, რომ საქართველოს ჭრელმა პოლიტიკურმა სპექტრმა და ავტორიტეტულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვერც ამჟამად შესძლეს ჩვენ ქვეყანაშივე მიეღწიათ საერთო საღი აზრის ჩამოყალიბებისთვის და ახლა ვენეციის კომისიაში უნდა ვეძიოთ მალამო მიჭირხვნილი ქართული დემოკრატიის გამოსაფხიზლებლად

რასაკვირველია, ამ კომისიის თითოეულ წევრს შესაბამისად უნდა დავუფასოთ ხანგრძლივი და შედეგიანი შრომა - ახალ კონსტიტუციაში საყოველთაო კონსენსუსის საფუძველზე შეტანილი პოზიტიური ცვლილებები.
გულსატკენი კი ის არის, რომ საქართველოს ჭრელმა პოლიტიკურმა სპექტრმა და ავტორიტეტულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვერც ამჟამად შესძლეს ჩვენ ქვეყანაშივე მიეღწიათ საერთო საღი აზრის ჩამოყალიბებისთვის და სტრასბურგის სასამართლოს შემდეგ, ახლა ვენეციის კომისიაში უნდა ვეძიოთ მალამო მიჭირხვნილი ქართული დემოკრატიის გამოსაფხიზლებლად.
- როგორც გაირკვა, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის 21 აპრილის ბრძანებით, ანუ კომისიის შემაჯამებელი სხდომადე ერთი დღით ადრე, კომისიის ყველა ის წევრი, რომლებმაც კომისიას ბოიკოტი გამოუცხადეს, კომისიის წევრობის სიიდან ამოიღეს. თქვენი აზრით, რამდენად მართებულია საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის 21 აპრილის ბრძანება და სავარაუდოდ, რას შეიძლება იგი ნიშნავდეს?
- ჩემი აზრით, საქართველოს პარლამენტს გამოცდილი, მელოტი თავმჯდომარე რომ ჰყოლოდა, ასეთ ბავშვურ შურისძიებას ადგილი არ ექნებოდა. დიდი ალბათობით, მეოცნებე კომისიის ქმედებების მიმართ 13 კრიტიკულად განწყობილი წევრის სამარცხვინო გარიცხვის საფუძველი გახლდათ პრიმიტიული არითმეტიკული მიზანი: ამ ნაბიჯით „ქართულ ოცნებას“ სურს დაარწმუნოს საკუთარი თავი, რომ მეოცნებეთა პირმშო კონსტიტუცია მიუღებელია არა 21, არამედ 8 წევრისთვის.
საქართველოს პარლამენტს გამოცდილი, მელოტი თავმჯდომარე რომ ჰყოლოდა, ასეთ ბავშვურ შურისძიებას ადგილი არ ექნებოდა

- ფაქტია, რომ კონსტიტუციის ახალი პროექტით საქართველო აღარ იქნება საპრეზიდენტო-საპარლამენტო მმართველობის ქვეყანა და კონსტიტუციის ახალი პროექტის მიღების შემდეგ იგი სრულად გადავა საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე. ვითარებაში, როცა საქართველოში არ არსებობენ ძლიერი პოლიტიკური სუბიექტები, ჩვენში არ არსებობს პარლამენტის მიერ მთავრობის საქმიანობაზე კონტროლის ტრადიცია და სათანადო პოლიტიკური კულტურა, ვის და რა მიზნით მოუვიდა აზრად საქართველო საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასულიყო?
- თუ ვის და რა მიზნით მოუვიდა აზრად, რომ საქართველო სრული საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასულიყო, ყველაზე მკაცრი სახელმწიფო საიდუმლოება აღმოჩნდა.
ქვეყნის უშიშროების სტრუქტურებისთვისაც გაუგებარია ვინ, როდის, რა ფორმატში განიხილა ეს საკითხი და რატომ არ არის ამ ცვლილების არგუმენტირებული საფუძველი ხელმისაწვდომი საყოველთაო განხილვისთვის. არსებული რეალობა ქმნის განცდას, რომ ქვეყნის მართვის ბერკეტები რომელიღაც იატაკქვეშეთშია განლაგებული.
- კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით უამრავი მოსაზრება გამოითქვა. ვინაიდან წინ კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვა გველის, უახლოეს მომავალში, ალბათ, კიდევ უფრო მეტი გამოითქმება. მაგრამ, ამჯერად ახალი კონსტიტუციის პროექტის ორ საკითხზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება - საარჩევნო სისტემასთან და პრეზიდენტის არჩევის წესთან. დავიწყოთ საარჩევნო სისტემით. ვინაიდან, ახალი პროექტით ქვეყანა სრულად გადავა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე, თქვენ როგორ აფასებთ საარჩევნო სისტემის ამ წესს? და კიდევ, თქვენი აზრით, რატომ არ დათანხმდა უმრავლესობა გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების ალტერნატიულ წესს? კერძოდ, ბარიერის 3%-მდე დაწევას და გამარჯვებული პარტიისათვის 80 სადეპუტატო მანდატამდე შევსებას, რომელიც გამარჯვებულ პარტიას მთავრობის სხვა პარტიების გარეშე დაკომპლექტებას და პარლამენტში სხვა პარტიების შესვლასაც ითვალისწინებდა...
საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა არჩევნებზე გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების ახალი დრაკონული წესის შემოღებამ დაგვარწმუნა, რომ მმართველი პარტია, გვაყვედრის რა მაჟორიტარული სისტემის ლიკვიდაციას, დიდი ალბათობით, თავხედურად, მაჟორიტარული თავისტკივილის გარეშე მიიღებს მეტ ადგილებს მომდევნო არჩევნებზე

- როგორც მოსალოდნელი იყო, საარჩევნო სისტემა და პრეზიდენტის არჩევის წესი ყველაზე მტკივნეული თემები აღმოჩნდა საკონსტიტუციო კომისიისთვის. რამე კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელი აღმოჩნდა, რაც მორიგი საქვეყნო შფოთის აზვირთების საფუძველი გახდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ეს თემა საკუთარ სადარდებელთა პირველ ათეულში არ მოიაზრება.
საპარლამენტო არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა არჩევნებზე გადაუნაწილებელი მანდატების განაწილების ახალი დრაკონული წესის შემოღებამ დაგვარწმუნა, რომ მმართველი პარტია, გვაყვედრის რა მაჟორიტარული სისტემის ლიკვიდაციას, დიდი ალბათობით, თავხედურად, მაჟორიტარული თავისტკივილის გარეშე მიიღებს მეტ ადგილებს მომდევნო არჩევნებზე.
- ოპოზიციის მტკიცებით, ამ საარჩევნო სისტემით, როცა პარტიებს წინასაარჩევნოდ პარტიული ბლოკების შექმნის უფლება არ ექნება, დღევანდელ ხელისუფლებას შემდგომ არჩევნებში სხვა პარტიებთან შედარებით ექნება უპირატესობა და შესაბამისად არჩევნებში გამარჯვების შანსები. თქვენც ასე ფიქრობთ?
- საარჩევნო ბარიერის ცვლილებაზე კონსენსუსის მიუღწევლობა, ისევე, როგორც პარტიული ბლოკების შექმნის უფლების ჩამორთმევა, მიგვანიშნებს იმაზე, რომ მეოცნებენი ცდილობენ მუდმივი ორსუბიექტიანი პარლამენტი შეინარჩუნონ და ერთადერთ ოპონენტად დაამკვიდრონ ”ნაცმოძრაობა” მათი ცხრაწლიანი წარსულით...
- ცალკე საუბრის თემაა კონსტიტუციის ახალ პროექტში პრეზიდენტის უფლებამოსილებები და მისი არჩევის წესი. საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით - ”პრეზიდენტის მაღალი სტატუსი რჩება უცვლელი, ის არის სახელმწიფოს მეთაური და უმაღლესი მთავარსარდალი.” ვითარებაში, როცა კონსტიტუციის ახალი პროექტით პრეზიდენტის უფლებამოსილებები მნიშვნელოვნად შეკვეცილია, დღეს მოქმედი კონსტიტუციის მიუხედავად ძნელად შეიძლება იმაზე საუბარი, რომ პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია, თქვენ როგორ შეაფასებდით საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ზემოთმოყვანილ მოსაზრებას და კონსტიტუციის ახალი პროექტით როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, ისე არჩევის წესს? ვგულისხმობ, პრეზიდენტის არჩევნებში „ხმოსნების“ მონაწილეობასაც.
- ალბათ გახსოვთ, გასული წლის შემოდგომაზე, მაჟორიტარული არჩევნების წარმატებით დასრულებისთანავე, პარლამენტის ახალბედა თავმჯდომარის და საკონსტიტუციო უმრავლესობის წევრთა მყისიერი განცხადებები პრეზიდენტის არჩევნების ფორმის აუცილებელი და სწრაფი ცვლილების შესახებ.
დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ სწორედ ეს ყოფილა „ქართული ოცნების“ ყველაზე საოცნებო პრიორიტეტი. არც შევმცდარვართ. ამ ოცნების რეალიზაციის ჟინი არ განელებულა. მაშველ რგოლად მეოცნებეებს თურმე მოევლინებიან უნისონში მომღერალი ხმაჩახლეჩილი „ხმოსნები“. გვარწმუნებენ, რომ თურმე ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში პრეზიდენტს ირჩევენ „ხმოსნები.“ არავის გაუცია პასუხი კითხვაზე: ასეთ ქვეყნებში რა გვარისა არიან ის „რიგითი ადამიანები“, რომლებიც ერთპიროვნულად ახდენენ მთელი ქვეყნის არაფორმალურ მწყემსვას. თუ ასეთი პირი ევროპულ სივრცეში არ მოიპოვება, მაშინ ამგვარი „ევროპული რეცეპტი“ საქართველოსთვის ხანგრძლივი ზიანის მომტანია!
- თქვენ ქართულ მედიაში არაერთხელ გამოგითქვამთ მოსაზრება საპრეზიდენტო ანდა შერეული საპრეზიდენტო-საპარლამენტო მმართველობის სასარგებლოდ. მას შემდეგ, რაც კონსტიტუციის ახალი პროექტის არსი ვიცით, ამ საკითხზე ახლაც თქვენსავე აზრზე რჩებით? თუ - კი, რატომ? და კიდევ, რადგან პრეზიდენტის უფლებამოსილებები საკმაოდ შეკვეცილია, ლოგიკურია კითხავაც - საერთოდ რაში გვჭირდება შეკვეცილი უფლებების პრეზიდენტის ინსტიტუტი?
შეკვეცილი უფლებების პრეზიდენტი შესაძლოა გამოადგეს მხოლოდ იმ ხელისუფლებას, ვისაც სურვილი აქვს პრეზიდენტის თანამდებობაზე წარადგინოსუ პრინციპო სუბიექტი

- შეკვეცილი უფლებების პრეზიდენტი შესაძლოა გამოადგეს მხოლოდ იმ ხელისუფლებას, ვისაც სურვილი აქვს პრეზიდენტის თანამდებობაზე წარადგინოს უსუსური სუბიექტი. ქვეყნის სიმბოლო არის არა პროკურორი, მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, ან პარლამენტის სპიკერი, არამედ, პრეზიდენტი. ადრე თუ გვიან, შევძლებთ ვიხილოთ ახალი კონსტიტუციის საბოლოო ვერსია და მხოლოდ მაშინ შევძლებთ დავრწმუნდეთ, ჩვენი პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაური იქნება, თუ პრემიერ-მინისტრის მესამე თანაშემწე...
- საკონსტიტუციო საკითხებზე საუბრისას ბატონმა გია ხუხაშვილმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა - ”ხელისუფლებას შეუძლია საკონსტიტუციო პროცესი ისე წარმართოს, როგორც თავად სურს, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციას ექნება სუსტი ლეგიტიმაცია და ოპოზიციისთვის კონსტიტუციის საკითხი საარჩევნო ციკლში სასტარტო პლატფორმა გახდება”. თქვენი დაკვირვებით, რამდენად საფუძვლიანია ბატონ გიას მოსაზრება, რომ წარმოდგენილი სახით კონხტიტუციის ახალი პროექტის მიღების შემთხვევაში მისი ლეგიტიმაციის ხარისხი სუსტი იქნება?
- ბატონი გიას ეს შეფასება აქსიომის ტოლფასია და ინტერპრეტაციას არ საჭიროებს.
- ბატონო სოსო, კონსტიტუციის ახალი რედაქციის მისაღებად საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარების სასარგებლოდ მოსაზრება თქვენ ადრეც არაერთხელ გამოგითქვამთ. გასაგებია, რომ ამ პროცესში საზოგადოების მაღალი დონის ჩართულობა ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა, მაგრამ საკონსტიტუციო საკითხები იმდენად რთული თემაა, ძნელი სავარაუდოა, რომ ამ საკითხებში საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის კვალიფიკაცია და პოლიტიკური ალღო საკმარისი იქნებოდა.
- წარმატებულია მხოლოდ ის ქვეყანა, რომელშიც ჰარმონიზებულია „ხმა ღვთისა და ხმა ერისა“. საბედნიეროდ, ხმა ღვთისა ყოველთვის ჟღერს ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესი კათალიკოს-პატრიარქის ქადაგებებში.
ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ღირსეული ხელისუფლება შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ იმ საზოგადოებას, რომელსც გააჩნია მოქალაქეობრივი ღირსების ძლიერი მუხტი

თითქმის ათი წელია, რაც ყოფილი და დღევანდელი ხელისუფლებისთვის კომფორტულია, რომ დღეს არსებული კონსტიტუციით შეზღუდულია რეფერენდუმის ჩატარება, ვიდრე მასში მონაწილეობის საშუალება არ ექნება საქართველოს ყოველ მოქალაქეს.(იგულისმება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრენი) ეს ვადაგასული ჩანაწერი ამჟამად ვნებს შესაძლებლობას, რომ გავიგოთ და გავითვალისწინოთ ხმა ერისა. ასეთი ცვლილების აუცილებლობის მიუღებლობა მახასიათებელია მხოლოდ ისეთი ხელისუფლებისთვის, რომელსაც არ აინტერესებს, არ ითვალისწინებს და შიშს ჰგვრის ხმა ერისა. რასაკვირველია, ამ პროცესში საზოგადოების მაღალი დონის ჩართულობა აუცილებელია და ასეთი რესურსი ნამდვილად გააჩნია ჩვენ ქვეყანას.
ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ღირსეული ხელისუფლება შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ იმ საზოგადოებას, რომელსც გააჩნია მოქალაქეობრივი ღირსების ძლიერი მუხტი.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები