არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
უჩა ნანუაშვილი - სახალხო დამცველის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციის პროექტში სრულიად დასახიჩრებულია
11:29 01-05-2017
უჩა ნანუაშვილი - სახალხო დამცველის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციის პროექტში სრულიად დასახიჩრებულია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა. როგორ აფასებს კომისიის საქმიანობას მისი ერთ-ერთი წევრი, სახალხო დამცველი? კონსტიტუციის პროექტში ასახული რომელი ცვლილებები მიაჩნია პოზიტიურად და რა შენიშვნები აქვს დოკუმენტთან დაკავშირებით? საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობასა და კონსტიტუციის პროექტზე ”ინტერპრესნიუსი” სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს ესაუბრა.

- სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დაასრულა. თქვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია კომისიის მუშაობის ვადებს უკავშირდებოდა. სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევდა კომისიას მუშაობა გაეგრძელებინა, დასახელებული თარიღი - აპრილის ბოლო შეცვლილიყო და პროცესი კიდევ რამდენიმე თვით გაგრძელებულიყო. თუმცა, ამის მიუხედავად, პროექტს კომისიის დასკვნით სხდომაზე კენჭი უკვე ეყარა. საბოლოო ჯამში, როგორ შეაფასებთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობას, რომლის ერთ-ერთი წევრი თქვენც იყავით?
- როცა საუბარია კონსტიტუციაზე და მასში განსახორციელებელ ცვლილებებზე, ალბათ ყველას ცოტა უფრო სხვანაირი მიდგომა უნდა გვქონდეს. ეს არის ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელიც მუდმივად არ იცვლება და რამდენიმე წელიწადში ერთხელ არ უნდა იცვლებოდეს. მით უმეტეს, ჩვენ საკმაოდ ნეგატიური გამოცდილება გვაქვს, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა კონსტიტუციას ცვლიდა. კონსტიტუცია სხვადასხვა ხელისუფლების მხრიდან რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ ეს დოკუმენტი კიდევ გადასინჯვადი ხდებოდა, როგორც კი ხელისუფლებაში სხვა პოლიტიკური ძალა მოდიოდა. ასეთი ძალიან ბევრი სამწუხარო მაგალითი გვაქვს. ხშირ შემთხვევაში, კომისია ფაქტობრივად თავიდანვე მიმართული იყო მმართველი პარტიის ინტერესებზე მორგებული ცვლილებები განეხორციელებინა, ან იყო ისეთი შემთხვევები, როცა კომისია კონკრეტულ შედეგამდე ვერ მივიდა. ფორსირება იყო ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა, რომელიც ჩვენ ამ კომისიაში მუშაობის დროს დავინახეთ. იყო შემთხვევები, როდესაც, ჯგუფის შეხვედრა მომდევნო სამუშაო დღეს ჩანიშნეს. რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება არასერიოზულია, როდესაც პირიქით, კომისიაში ის ადამიანები არიან გაწევრიანებული, რომლებიც პარალელურად, სხვა საქმიანობით არიან დაკავებულები. გარდა იმისა, რომ საჭიროა მათ კომისიის მუშაობას საკმარისი დრო მიუძღვნან, ასევე მნიშვნელოვანია, ნებისმიერი საკითხი შესწავლილი იყოს, რაც დროს მოითხოვს. სამწუხაროდ, დრო, რომ ყველა თემა დეტალურად შეგვესწავლა ჩვენც არ გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ გვყავს აპარატი, ამავდროულად, თანამშრომლები სხვა მიმდინარე საქმეებით არიან დაკავებული. აუცილებელი იყო მეტი დრო, რომ სერიოზულ შედეგამდე მივსულიყავით. სამწუხაროდ, ამ ფორსირებულმა რეჟიმმა არ მოგვცა შესაძლებლობა სრულყოფილად ჩავრთულიყავით კომისიის მუშაობაში. კონსტიტუციის პრინციპიც ისეთია, რომ მის შემუშავებაში რაც მეტი ადამიანი, მეტი ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას, მით უფრო მეტად მყარი იქნება პრინციპები, რომელიც გაზიარდება. ყველა ადამიანს, ყველა დაინტერესებულ ჯგუფს უნდა ჰქონდეს კომისიაში საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა. ეს შესაძლებლობა სამწუხაროდ არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ამის მცდელობა იყო და კომისისაში ჩართულნი იყვნენ გარკვეული ჯგუფები, საზოგადოების წარმომადგენელბი, პოლიტიკური პარტიები. მაგრამ, საბოლოო ჯამში ვნახეთ, რომ კონსესუსი რეალურად არ იქნა მიღწეული და პირიქით, ნაწილმა კომისია დატოვა კიდეც. მიღებულმა გადაწყვეტილებებმა კონკრეტულ პირთა უფლებები უნდა შეცვალოს. იმ ადამიანებს, ვისაც ეს ცვლილებები შეეხება, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება იცოდნენ ამ ცვლილებების შესახებ. დარწმუნებული ვარ, დღეს, იმის გამო, რომ მუშაობა შემჭიდროვებულ ვადებში მიმდინარეობდა, ძალიან ბევრმა ადამიანმა ამ საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ვერც გაიგო და არც იცის კონკრეტულად რაზეა საუბარი, გარდა ყველაზე მეტად გახმაურებული თემებისა, რომლებიც მედიის და პოლიტიკური პარტიების მხრიდან ყოველდღიურად შუქდებოდა - ასეთი მხოლოდ ერთი-ორი თემაა. ახალ ვარიანტში ცვლილებები საკმაოდ ბევრია, ამაზე სამწუხაროდ სერიოზული დისკუსია არ ყოფილა. ამ შედეგით ჩვენ შესაძლებლობა დავკარგეთ ეს ფორმატი გამოგვეყენებინა იმისთვის, რომ საზოგადოებაში კონსესუსისთვის მიგვეღწია, განსხვავებული პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი ჯგუფები რაღაც საკითხებზე შეთანხმებულიყვნენ და კონსესუსის შედეგი ყოფილიყო ის ვარიანტი, რომელსაც მივიღებდით. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა, პირიქით, რეალურად განხეთქილებას ჰქონდა ადგილი. საბოლოო ჯამში, კომისიის შემადგენლობაც კი შეიცვალა საბოლოო შეხვედრის წინა დღეს.
- როგორ აფასებთ საკონსტიტუცო კომისიის თავმჯდომარის აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რომლითაც ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემაჯამებელ სხდომამდე ერთი დღით ადრე კომისიის შემადგენლობა შეცვალა?
- როცა კომისიის შემადგენლობაში ადამიანები, პოლიტიკური ორგანიზაციები მუშაობდნენ, მათ მონაწილეობა მიიღეს გარკვეული საკითხების მომზადებაში, რა თქმა უნდა, მათი უფლებაა კომისია ნებისმიერ დროს დატოვონ, მაგრამ ისინი იყვნენ კომისიის წევრები. არ მიმაჩნია მაინცდამაინც გამართლებულად ამ ადამიანების გაყვანა კომისიის შემადგენლობიდან უშუალოდ საბოლოო, შემაჯამაბელი შეხვედრის წინა დღეს. ეს ჩემთვისაც ცოტა არ იყოს, გაუგებარია.
- უშუალოდ პროექტის შინაარსზე რომ ვისაუბროთ, რომელია ის ცვლილებები, რომელთა პროექტში ასახვა მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ და ასევე საინტერესოა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც არ მოხდა?
- ორი კონკრეტული რეკომენდაცია იყო გათვალისწინებული. ერთ-ერთი ინტერნეტზე წვდომას და ინტერნეტით სარგებლობის უფლებას ეხება. ეს ასევე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობასაც გულისხმობს. ჩვენი ეს ინიციატივა გაზიარებული იყო, ისევე როგორც გენდერული თანასწორობის მიმართულებით ჩვენი რეკომენდაცია, რომ ქვეყანაში ხელი შეეწყოს გენდერული თანასწორობის მიღწევას. ეს ორი საკითხი გაზიარებული იყო, მაგრამ, გაცილებით მეტი საკითხია, რომლის გაზიარებაც არ მოხდა. მაგალითად, მოქმედ კონსტიტუციაში არის მუხლი სოციალური დაცვის უფლებასთან დაკავშირებით. ეს უფლება მოქალაქეებს სამწუხაროდ აღარ ექნებათ, რადგან რეალურად, ეს მუხლი ამოღებულ იქნა კონსტიტუციის ახალი ვერსიიდან და სოციალური დაცვის უფლება გადავიდა ზოგადი დებულებების თავში. თავიდან ასეთი შეთანხმება იყო, რომ არც ერთი უფლების სტანდარტი არ გაუარესებულიყო. მაგრამ მოხდა ისე, რომ ამ უფლებას ცვლილება ძალიან ცუდად შეეხო. ეს არის უფლება, რითაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეები სარგებლობენ. საქართველოში ასეთი ადამიანები ასეულ ათასობით არიან, ვისაც არ აქვს ინტერნეტი, შეიძლება ტელევიზორიც არ ჰქონდეს და ვერც გაიგოს, რომ სახელმწიფოს აქვს გარკვეული პროგრამები მათ დასახმარებლად, გარკვეული შემწეობის მიღება შეუძლიათ. სოციალური დაცვის ერთგვარი გარანტია იყო ის ჩანაწერი, რომელიც არსებობდა. მეორე რეკომენდაცია, რომელიც ჩვენ დავაყენეთ შრომის უფლებებს ეხებოდა. კერძოდ, შრომის უფლებების ეფექტიანი განხორციელების უზრუნველსაყოფად სახელმწიფოში სპეციალური ზედამხედველობის შექმნას, რომლის ვალდებულება შრომის პირობების და შრომის უსაფრთხოების საკითხების მონიტორინგი იქნება. ეს გადაწყვეტილებაც ასევე უარყოფილი იქნა, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ჯგუფის წევრებს შორის კონსესუსი მიღწეული იქნა და ყველამ მოიწონა ეს საკითხი. საბოლოო ვერსიიდან გავიგეთ, რომ მთავრობა იყო წინააღმდეგი ამ გარანტიის კონსტიტუციაში ასახვასთან დაკავშირებით. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში შრომის უფლებების დაცვის კუთხით სერიოზული განმოწვევები არსებობს. გასულ წელს სამუშაო ადგილებზე 58 ადამიანი დაიღუპა და 85 დასახიჩრდა. ეს ორი საკითხი აუცილებლად უნდა გათვალისწინებულიყო ქვეყანაში არსებული რეალობიდან გამომდინარე. ასევე იყო რეკომენდაცია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე. ქვეყანას რამდენიმე წელია გააჩნია ვალდებულება, რომ შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით, ვითხოვდით ამ ვალდებულების ასახვას კონსტიტუციაში. ამაზეც იყო უარი, ისევე როგორც კიდევ ერთ ჩვენს ინიციატივას, რომელიც ეხებოდა ე.წ. მართლმსაჯულების ხარვეზის დამდგენი მექანიზმის შექმნას. ეს მოთხოვნა წლების განმავლობაში არსებობდა საზოგადოებაში, იყო ”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირება, რომ ასეთი მექანიზმი შეიქმნებოდა. მოსახლეობაში მოლოდინი არსებობდა და ეს მოლოდინი ნამდვილად იყო ლეგიტიმური, რადგან პარტიის მხრიდან პირდაპირი დაპირება გაიცა. თუმცა მსგავსი არაფერი შექმნილა. ჩვენი ინიციატივა იყო, რომ მსგავსი მექანიზმი შექმნილიყო, რომლითაც ძალაში შესული განაჩენების გადახედვა მოხდებოდა. სამწუხაროდ, ეს რეკომენდაციაც უარყოფილი იქნა. რეალურად, მივიღეთ მდგომარეობა, სადაც ჩვენი რეკომენდაციების ძალიან დიდი ნაწილი არ იყო გათვალისწინებული. უარესსაც გეტყვით, ერთ-ერთ შეხვედრას ფიზიკურად ვერ დავესწარით, რადგან კომისიის სხდომა ჩაინიშნა იმავე დღეს, როდესაც კომიტეტში საპარლამენტო ანგარიშის მოსმენა იყო. იმ სხდომაზე ჩვენი ინფორმირების გარეშე სახალხო დამცველის სახელიც კი შეცვალეს. არ შეიძლება ასეთი დაჩქარებული ტემპებით ერთ დღეს შეთანხმდე სხვა რამეზე და მეორე დღეს დაგხვდეს კონსტიტუციის სხვა ვერსია. კონსტიტუციის ასე ჭრა, გადაკეთება, გადმოკეთება, ვიღაცის რაღაც ინტერესებიდან გამომდინარე ნამდვილად არ არის სერიოზული.
- საბოლოოდ სახალხო დამცველისთვის ომბუდსმენის დარქმევის იდეა პროექტში აღარ ჩაიწერა, თუმცა ცვლილებები ეხება თავად სახალხო დამცველსა და მის აპარატსაც. კერძოდ, საუბარია სახალხო დამცველად ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევის დაუშვებლობაზე, ამასთან, თქვენი წინადადებების გათვალისწინება არ მოხდა ინსტიტუტის საბიუჯეტო გარანტიებთან დაკავშირებულ საკითხზე. რა სურათი იკვეთება კონსტიტუციის პროექტით სახალხო დამცველის როლზე?
- ვფიქრობ, სახალხო დამცველის როლი ახალი ჩანაწერით შესუსტებულია. რომ შევადაროთ მოქმედი მუხლი და ახალი შემოთავაზებული ვარიანტი დავინახავთ, რომ ამ ორ ჩანაწერს შორის საკმაოდ სერიოზული სხვაობაა. მაგალითად, მოქმედ ჩანაწერში ასეთი მუხლია, რომელიც საუბრობს, რომ სახალხო დამცველი უფლებამოსილია გამოავლინოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის კონკრეტული ფაქტები და რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებსა და პირებს მიმართოს. ინსტიტუტის ეს მთავარი დანიშნულება, საერთოდ გამქრალია ახალი შემოთავაზებული ვარიანტიდან. რამდენჯერმე კითხვა დავსვით ჩანაწერზე, რომელიც გულისხმობს, რომ ერთი და იმავე პირის არჩევა ხელმეორედ დაუშვებელია, მაგრამ ვერანაირი რეალური არგუმენტი ვერ მივიღეთ, მით უმეტეს, როდესაც სხვა არჩევით თანამდებობებზე მსგავსი შეზღუდვა არ არის. ხელმეორედ ყველას არჩევა შეიძლება, გარდა სახალხო დამცველისა. რაღაც ლოგიკა, არგუმენტი უნდა იყოს. ასეთი არგუმენტი მათ არ დაუსახელებიათ. 20 წლის განმავლობაში, რაც სახალხო დამცველის აპარატი არსებობს პირიქით, რეალური პრობლემა აპარატისთვის ის იყო, რომ რიგ შემთხვევებში სახალხო დამცველები თავისი უფლებამოსილების ვადას ბოლომდე ვერ იყენებდნენ. საქართველოში სამი ომბუდსმენი გადადგა ისე, რომ უფლემაბოსილება ბოლომდე ვერ გამოიყენა. ზოგი მინისტრი გახდა, ზოგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ზოგი პარლამენტარი. მხოლოდ სოზარ სუბარმა, ხუთიდან ერთმა სახალხო დამცველმა თავისი უფლებამოსილება ბოლომდე ამოწურა. როცა მსგავსი ჩანაწერი კეთდება, ეს დასაბუთებული უნდა იყოს. ჩვენ კომისიას შევთავაზეთ, სახალხო დამცველის ერთი ვადით არჩევა მომხდარიყო, მაგრამ უფლებამოსილების ვადა გაზრდილიყო. ჩვენ წარვადგიეთ 9 გვერდიანი მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით. უმეტეს შემთხვევებში, შესაძლებელია მეორედ არჩევა, გარდა რამდენიმე ქვეყნისა, სადაც უფლებამოსილების ვადა გაცილებით მეტია - 6,7, 8, ზოგან 10 წელიც კი. ეს იმიტომაა, რომ სახალხო დამცველის არჩევნები საარჩევნო ციკლს არ დაემთხვას. რადგან სახალხო დამცევლი დამოუკიდებელი, ნეიტრალური ინსტიტუტია, მისი არჩევა საპარლამენტო არჩევნებს არ უნდა ემთხვეოდეს. პრობლემა, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ პარლამენტმა საკუთარი ფავორიტი გაიყვანოს, ეს რისკები ყოველთვის დგას. ამიტომ, რაც უფრო მეტი ვადა ექნება, ეს გამორიცხავს, რომ საარჩევნო ციკლი და ომბუდსმენის არჩევის დრო ერთმანეთს დაემთხვეს. სამწუხაროდ, ამაზე საერთოდ ვერაფერი მოვისმინეთ. რეალურად, სახელწოდების შეცვლაზეც კი, საკმაოდ დიდი საუბარი დაგვჭირდა. საბოლოო ჯამში, როგორც იქნა, სახელწოდება დატოვეს, რადგან ომბუდსმენი არ არის გენდერულად ნეიტრალური ტერმინი. ევროპაში ამ სიტყვას ხშირად უკვე აღარ იყენებენ. ომბუდსმენად ქალის არჩევა რომ მოხდეს, მაშინ, დაბოლოება უნდა შეიცვალოს, ამას გარდა, სახელმწიფო ენის პატივისცემაზეც არის საუბარი. როცა ქართულში შესაბამისი ტერმინი გვაქვს, რატომ უნდა მოხდეს უცხოური ტერმინის გამოყენება? რაც შეეხება ბიუჯეტს. კონსტიტუციაში დღესაც არის ჩანაწერი, რომ პარლამენტის ბიუჯეტი არ შეიძლება შემდეგ წელს შემცირებული იყოს წინა წელთან შედარებით, ანუ, ბიუჯეტის სტაბილურობა კონსტიტუციით არის გარანტირებული. ძალიან ბვერი ქვეყნის კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერი არსებობს სახალხო დამცველის აპარატთან დაკავშირებით. ჩვენც ვითხოვდით, არსებობდეს ასეთი ჩანაწერი, რადგან ავირიდოთ ნებისმიერ შემთხვევაში თუნდაც ბიუჯეტის შემცირება, რისი ალბათობა ყოველთვის არსებობს, რაც რა თქმა უნდა იქნებოდა არაპირდაპირი ზეწოლა სახალხო დამცველის აპარატზე. იმისათვის, რომ ინსტიტუტი ძლიერი, დამოუკიდებელი იყოს და რეალურად თავისი მისია შეასრულოს, ამიტომ აუცილებელია მინიმალური საბიუჯეტო გარანტიები ჰქონდეს. თუნდაც ის, რომ შემცირება არ მოხდეს. ჩვენი შეთავაზებული ჩანაწერის თანახმად, მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატის წინასწარი თანხმობით უნდა ყოფილიყო შესაძლებელი ბიუჯეტის შემცირება. თავიდან ეს ჩანაწერიც მოწონებული იყო, თუმცა, ვნახეთ, რომ საბოლოო ვერსიიდან ესეც ამოვარდა. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ არ არსებობდა ინტერესი სახალხო დამცველის აპარატი გაძლიერებულიყო, პირიქით, სახალხო დამცველის შესახებ მუხლი მთლიანად დასახიჩრდა. ჩანაწერი, რომელიც მოქმედ კონსტიტუციაში არსებობს, გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტების შემცველია, ვიდრე შემოთავაზებული ვარიანტი. სახალხო დამცველის შესახებ ჩანაწერი კონსტიტუციის პროექტში სრულიად დასახიჩრებულია. 20 წლის განმავლობაში არც ერთ ხელისუფლებას არ გაუკეთებია მსგავსი რამ, რომ სახალხო დამცველის შესახებ ჩანაწერი დაესახიჩრებინა და სტანდარტები დაბლა დაეწია, ან რაღაც ისეთი ჩანაწერი განეხორციელებინა მუხლში, რომლითაც ეჭვქვეშ დადგებოდა სახალხო დამცველის უფლებამოსილება, მისი დამოუკიდებლობა. ეს იყო ძალიან სამწუხარო. მე ამაზე კომისიის სხდომის დროსაც გავაკეთე განცხადება.
- როგორია თქვენი მოლოდინი, მოიწონებს თუ არა პროექტს ვენეციის კომისია და შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ, გაითვალისიწინებს თუ არა მათ უმრავლესობა?
- ჩამოთვლილი პრობლემების გარდა, ბევრი საკამათო თემაა, რომლებიც უკავშირდება პრეზიდენტის არჩევის წესს, საარჩევნო სისტემას, ქორწინების შესახებ დეფინიციას, რომელზეც საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა იყო. საკითხთან დაკავშირებით ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობას ვგეგმავთ.
(28 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველი სტრასბურგში ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ჯანი ბუკიკიოს შეხვდა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, უჩა ნანუაშვილმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტს პირადად გააცნო ის პოზიტიური ცვლილებები და შენიშვნები, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისას გამოიკვეთა).
- პროექტის საყოველთაო განხილვა იგეგმება. რა ტიპის აქტივობებს გეგმავს სახალხო დამცველის აპარატი?
- იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველი მხოლოდ ერთი სამუშაო ჯგუფის წევრი იყო, პროექტის მხოლოდ ნაწილზე გვქონდა კონკრეტული კომენტარები და შენიშვნები გაკეთებული. ჩვენ ვგეგმავთ მთლიანი პროექტის შესწავლას, რადგან სამწუხაროდ, დრო არ გვქონდა, შემოთავაზებული მცირე დრო სრულიად არაადეკვატური იყო მთლიანად ამხელა დოკუმენტის შესასწავლად. ამიტომ ჩვენ დავიწყებთ მთლიანი დოკუმენტის შესწავლას და სხვა სავარაუდო პრობლემურ თემებზეც გვექნება საუბარი. რა თქმა უნდა, ყველა ფორმატს, ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ ყველას მივაწოდოთ არგუმენტები, რომ კონსტიტუცია არ უნდა გაუარესდეს.

ანა მარშანია
”ინტერპრესნიუსი”


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები