არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
ბაკურ კვაშილავა - აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში უკვე ჩამოყალიბდა როგორც გრძელვადიანი სტრატეგია, რომელსაც ტაქტიკური ცვლილებები ძნელად თუ შეცვლის
15:07 08-05-2017
ბაკურ კვაშილავა - აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში უკვე ჩამოყალიბდა როგორც გრძელვადიანი სტრატეგია, რომელსაც ტაქტიკური ცვლილებები ძნელად თუ შეცვლის საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ჯიპა-ს პროფესორს, ბაკურ კვაშილავას ესაუბრა.

- ბატონო ბაკურ, როგორც მოსალოდნელი იყო, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუილ მაკრონმა გაიმარჯვა. სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს მაკრონის გამარჯვება ერთი მხრივ, პარიზის საგარეო პოლიტიკაზე, ევროპის მომავალზე და საქართველოს მიმართ გაერთიანებული ევროპის პოლიტიკაზე?
- დიახ, მართლაც მაკრონის გამარჯვება ნავარაუდევი იყო და მას ყველაზე მეტად სტატუს-კვოს კანდიდატსაც უწოდებდნენ. ანუ, კანდიდატს, რომელიც გააგრძელებდა საფრანგეთის ტრადიციულ პოლიტიკას ევროკავშირთან მიმართებაში.
მაკრონს ჰქონდა კონკრეტული წინადადებები როგორ უნდა გახადოს ევროკავშირი უფრო ქმედითი ორგანიზაცია. მას აქვს ინიციატივები, რომელთა განხორციელების შემთხვევაში ისინი ხელს შეუწყობენ ევროკავშირის ეფექტიან მოთამაშედ გადაქცევას. მისი ერთ-ერთი ასეთი ინიციატივაა ევროზონის რეფორმა, ევროს მქონე ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ ცალკე ბიუჯეტი და ჰყავდეს მინისტრი, რომელიც ამ საკითხებს დაარეგულირებდა და თან ხელს შეუწყობდა ევროს, როგორც ფულადი ერთეულის გაძლიერებას.
საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი მაკრონი ევროკავშირთან მიმართებაში პარიზის ტრადიციულ პოლიტიკას გაატარებს და ლე პენის რადიკალური შემოთავაზებები უკვე ძალაში აღარ იქნება

იმავდროულად, მაკრონი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ხისტი პოლიტიკა უნდა გაგრძელდეს, იგი უნდა იქცეს ევროპის გამაერთიანებელი და ევროკავშირის პოლიტიკა რუსეთის მიმართ უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ არ შესრულდება უკრაინასთან დაკავშირებით ხელმოწერილი მინსკის ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე, უნდა ველოდოთ, რომ საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი მაკრონი ევროკავშირთან მიმართებაში პარიზის ტრადიციულ პოლიტიკას გაატარებს და ლე პენის რადიკალური შემოთავაზებები უკვე ძალაში აღარ იქნება.
- გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო აქტს, რომლითაც პირველად მოხდა აშშ-ს კანონით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპირებულად აღიარება. ამ საკანომდებლო აქტში საკმაოდ ბევრ, ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხზეა გამახვილებული ყურადღება. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ დოკუმენტს? აშშ-ში ამ ტიპის საკანონმდებლო აქტის გაჩენა რა გზავნილია ერთი მხრივ საქართველოსათვის, ხოლო მეორე მხრივ რუსეთისათვის?
- ჩემი აზრით, ეს მართლაც უპრეცედენტო პოლიტიკის გატარებაა აშშ-საგან. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება აშშ-ს არც ერთ ადმინისტრაციას არც ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის მიმართ არ მიუღია. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ მისი შესაძლო კავშირები იყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, მან ჩვენთან მიმართებაში გადადგა ის ნაბიჯები, რაც მის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში აისახა.
როგორც ჩანს, იმდენად ძლიერი იყო კონგრესსა და სენატში ერთსულოვნება საქართველოსთან დაკავშირებით, რომ ამ საბიუჯეტო გადაწყვეტილებას დაერთო სპეციალური ჩანართი, რომელიც ეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას. ეს მიუთითებს იმაზე, რომ აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში უკვე ჩამოყალიბდა როგორც გრძელვადიანი სტრატეგია, რომელსაც ტაქტიკური ცვლილებები ძნელად თუ შეცვლის.
- საქართველოსთან მიმართებაში აშშ-ს მიერ უკვე მიღებული გადაწყეტილებების ფონზე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ვიზიტად ვაშინგტონში იმყოფება. შედეგის თვალსაზრისით რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს ვაშინგტონში პრემიერის ამ ვიზიტისაგან?
- ერთი შეხედვით ჩანს, რომ ეს ვიზიტი სწორედ ამ კანონთან არის დაკავშირებული. ალბათ, საქართველოს მხარეს სურს დეტალურად გაეცნოს თუ რა ქმედით და რა რეალურ ზომებს მიიღებს აშშ ამ კანონის მიღების შემდეგ.
ალბათ, საქართველოს მხარეს სურს დაუდასტუროს აშშ-ს მადლიერება ამგვარი მხარდაჭერისათვის და შეთანხმდნენ იმ მოქმედების საერთო სტრატეგიულ გეგმაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს ორივე მხრიდან. ვფიქრობ, პრემიერის ვიზიტის მიზანი ვაშინგტონში სწორედ ეს უნდა იყოს.
- ტრამპმა კანონმდებლობით აკრძალა იმ ქვეყნებისთვის ეკონომიკური დახმარების გაწევა, ვინც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ იმოქმედებს ეს მუხლი რუსეთთან მიმართებაში?
- ეს მუხლი სწორედაც რომ რუსეთთან მიმართებაში იგულისხმება. თან აქ საუბარია მთავრობის მხარდაჭერაზე ამერიკული ფონდებიდან და აშშ-ს ბიუჯეტიდან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ გამორიცხავს რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას. ან ისეთი ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც რუსეთში დემოკრატიისთვის იბრძვიან. უეჭველია, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ს გადაწყვეტილების სამიზნე სწორედ რუსეთი და მისი მთავრობაა და არა მხოლოდ ვენესუელა.
ამავდროულად, ეს ალბათ შემდგომში მნიშვნელოვანი იქნება სწორედ ვენესუელასთვის, სადაც მთავრობის ცვლილების შემდეგ ვენესუელა გაიწვევს კიდეც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას. სამხრეთ ამერიკის ამ ქვეყნის ინტერესებში ნამდვილად არ უნდა შედიოდეს კავკასიაში მიმდინარე მოვლენები.
უეჭველია, რომ საქართველოს მიმართ აშშ-ს გადაწყვეტილების სამიზნე სწორედ რუსეთი და მისი მთავრობაა და არა მხოლოდ ვენესუელა

ვფიქრობ, აშშ-ს ამ გადაწყვეტილებას დიდი გავლენა ექნება იმაზე, რომ გაიყინოს ე.წ. აღიარების პროცესი, რომელიც ისედაც შეჩერებულია. ახლა ეს ზომები მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს აღიარების გაწვევის ტალღის დაწყება. ამას ექნება დიდი მნიშვნელობა. იმავე კანონში საუბარია იმაზე, რომ აშშ არც ერთ საფინანსო ორგანიზაციაში არ დაუჭერს მხარს არც ერთ პროექტს, რომელიც რამენაირად წაეხმარება ამ თვითაღიარებული რესპუბლიკების შემდგომ დიპლომატიურ აღიარებას.
- ვინაიდან ჩვენთვის ყველაზე აქტუალურია უსაფრთხოებისა და კონფლიქტების თემები, მე ისევ ხელმოწერილ დოკუმენტს დავუბრუნდები, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ სახელმწიფო მდივანს დაევალა 90 დღის განმავლობაში კონგრესს მოახსენოს რუსეთის ოკუპაციის მიმართებით განხორციელებული ქმედებების შესახებ. ვითარებაში, როცა დამკვირვებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ვაშინგტონის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობებია, თქვენი აზრით, ამ ეტაპზე რა შესაძლებლობებზე შეიძლება იყოს საუბარი და რამდენად შესაძლებელია ამავე შესაძლებლობების რეალიზება?
- ალბათ, ეს თემები იქნება განხილვის მთავარი თემები იმ შეხვედრებზე, რაც ვაშინგტონშია დაგეგმილი. კარგი იქნება, თუ 90-დღიანი მომზადების პროცესი გადაიქცევა რეგულარულ თემად. აშშ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებული ვითარების განხილვას რეგულარულ პროცესად აქცევს.
ახლა ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც ჩვენ გვაწუხებს, არის მცოცავი ოკუპაცია. შესამაბისად, ახლა განხილვის ცენტრალური თემა უნდა იყოს ამ პროცესის შეჩერება. ვინაიდან, იგი საქართველოს უსაფრთხოებისთვის ყველაზე მეტად დიდი მადესტაბილიზებელი ფაქტორი გახლავთ.
თუკი ამერიკის მთავრობასთან მიღწეული იქნება შეთანხმება, რომ ამერიკა ჩაერთვება არაფორმალურ მოლაპარაკებებში, რომელიც უზრუნველყოფს მცოცავი ოკუპაციის ერთხელ და სამუდამოდ შეჩერებას, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა ამ დოკუმენტის ყველაზე დიდი მიღწევა

თუკი ამერიკის მთავრობასთან მიღწეული იქნება შეთანხმება რომ, ამერიკა ჩაერთვება არაფორმალურ მოლაპარაკებებში, რომელიც უზრუნველყოფს მცოცავი ოკუპაციის ერთხელ და სამუდამოდ შეჩერებას, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა ამ დოკუმენტის ყველაზე დიდი მიღწევა.
- ვიდრე დონალდ ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტი გახდებოდა, იგი აცხადებდა, რომ ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკა პრაქტიკულად იზოლაციონისტური იქნებოდა. ახლა კი ვხედავთ, რომ აშშ საკმაოდ აქტიურ საგარეო პოლიტიკას ატარებს. აქვს მცდელობა უკრაინის საკითხზე მომუშავე ე.წ. ”ნორმანდიულ ოთხეულშიც” ჩაეთოს, აძლიერებს შავ ზღვაში თავის ყოფნას, ემზადება განახორციელოს რუმინეთში არსებული ავიაბაზა ”მიხაილ კოგელინჩაუს” რეკონსტრუქცია, რომელიც შავი ზღვიდან 10 კილომეტრში მდებარეობს. აშშ რუსეთს ცალსახად აფრთხილებს იმის თაობაზე, რომ თუ კრემლი ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთს ბალტიის ქვეყნებში საქმე ნატოსთან ექნება. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რას უკავშირდება ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში კრემლის მიმართ თეთრი სახლის მიერ საკმაოდ ხისტი პოლიტიკის წარმოება?
- ჩემი აზრით, უკავშირდება რეალობას, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია შეეჩეხა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდა მცდელობა მართლაც რადიკალურად გადაეხედათ ურთიერთობებისთვის დანარჩენ მსოფლიოსთან, მათ შორის რუსეთთან, რეალობამ აჩვენა რომ ამის გაკეთება საკმაოდ ძნელია, ვინაიდან საკმაოდ ძნელია შეცვალო ისეთი დიდი ქვეყნის ეროვნული ინეტერესები, როგორიცაა აშშ და არა აქვს მნიშვნელობა ვინ მოვა ხელისუფლებაში.
აშშ-ს, ისევე როგორც რუსეთს, გააჩნიათ ეროვნული ინტერესები, რომელიც უფრო გრძელვადიანია და თეთრი სახლის კონკრეტულ ადმინისტრაციაზე არ არის დამოკიდებული. სურს თუ არა ეს პოლიტიკურ ლიდერს, მისი შეცვლა შეუძლებელია. ისეთი ტიპის დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორც აშშ-ია, რომელიმე ერთი ახალი ადმინისტრაციის პირობებში ქვეყნის ინტერესების შეცვლა შეუძლებელია.
უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიის ძირითად ისტებლიშმენტს, რაზეც დგას კონგრესი და სენატი და ვის გარეშეც აშშ-ს ნებისმიერ ადმინისტრაციას ძალიან უჭირს დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება და ამ მიმართულებით გადაწყვეტილების მიღება, ჩამოყალიბებული და დასაბუთებული აზრი აქვს იმის თაობაზე თუ რა როლს უნდა თამაშობდეს აშშ იმ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
ალბათ, სწორედ ამითაა გამოწვეული ის, რომ აშშ-ს მოუწია საკმაოდ აქტიური ნაბიჯების გადადგმა მსოფლიოს ბევრ რეგიონში და მათ შორის რუსეთთან მიმართებაში.
- უკანასკნელი თვეების მანძილზე ამერიკასა და რუსეთს, ბრიუსელსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დინამიკა გვიჩვენებს, რომ პოზიციებს არც ერთი მხარე არ თმობს. პირობითი დასავლეთი უამრავ საკითხებში, მათ შორის უკრაინასა და საქართველოსთან დაკავშირებულ თემებზე კრემლის პოზიციას მიუღებელს უწოდებს. თავის მხრივ, არც მოსკოვს განუცხადებია, რომ ამ საკითხებზე დასავლეთის პირობები მიღებული აქვს. რჩება შთაბეჭდილება, რომ მხარეები ხანგრძლივი კონფრონტაციისთვის ემზადებიან. თქვენ ასე არ ფიქრობთ?
- ამ კონფრონტაციის არსებობის ერთადერთი იმედი იყო ის, რომ ტრამპს შეეცვალა თავისი პოლიტიკა. ილუზია იმასთან მიმართებაში, რომ პუტინი თავის პოლიტიკას შეცვლიდა უკრაინის ან სირიის, ანდა საქართველოს მიმართ, არავის ჰქონია. როგორც ჩანს, რუსეთს დიდი იმედი ჰქონდა, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვებდა ლე პენი. დღეს უკვე იგრძნობა რუსულ პრესაში გარკვეული სევდა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებში მაკრონმა გაიმარჯვა. მოსკოვს ჰქონდა იმედი, რომ საფრანგეთი და გერმანია თავად იტყოდნენ უარს იმ პოლიტიკაზე, რომელსაც ისინი რუსეთის მიმართ ატარებენ, მაგრამ საფრანგეთის მხრიდან უახლოეს მომავალში ამგვარი პოლიტიკა, ცხადია, არ გატარდება.
კონფრონტაციას, რომელიც დასავლეთსა და ავტორიტარულ რუსეთს შორის არსებობს, შესაძლოა, საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივა ჰქონდეს. თუ დღევანდელ ტემპებს გავითვალისწინებთ, ეს პერიოდი შესაძლოა 5 წელი იყოს, მაგრამ დღევანდელ ეპოქაში ეს საკმაოდ დიდ დროდ ითვლება

ვინაიდან ასე არ მოხდა, კონფრონტაციას, რომელიც დასავლეთსა და ავტორიტარულ რუსეთს შორის არსებობს, შესაძლოა, საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივა ჰქონდეს. თუ დღევანდელ ტემპებს გავითვალისწინებთ, ეს პერიოდი შესაძლოა 5 წელი იყოს, მაგრამ დღევანდელ ეპოქაში ეს საკმაოდ დიდ დროდ ითვლება. ვფიქრობ, რომ უახლოესი 5 წლის მანძილზე ამ დაპირისპირების ძირითადი შეხების წერტილები უცვლელი დარჩება.
- მოგეხსენებათ, რომ ახლა ჩვენთან ყველაზე აქტიურად განხილვადი თემა საკონხტიტუციო ცვლილებების ახალი პროექტია. მესმის, რომ ამ თემაზე უამრავი თემაა სადავო და საკამათო. თქვენთვის რომელი მათგანია ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ?
- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების თემა, კონკრეტულად ის, თუ როგორ უნდა იქნას არჩეული მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც მერე ირჩევს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, რომელიც რეალურად მართავს ქვეყანას.
მოგეხსენებათ, ახლა დისკუსია მიმდინარეობს პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებაზე, ოღონდ ერთი დათქმით, რომლის თანახმადაც გამარჯვებულ პარტია იღებს გაუნაწილებელ მანდატების 100%-ს. ვფიქრობ, ეს წარმოადგენს პრობლემას - იმიტომ, რომ საქართველოსნაირ ქვეყანაში ძალიან დიდი უპირატესობა აქვს პარტიას, რომელიც ხელისუფლებაშია. ამ კანონიდან გამომდინარე, მას შეუძლია საკმაოდ დაბალი მხარდაჭერისა და ნდობის შემთხვევაში აიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.
თუ ჩვენ ამ მოდელს გამოვიყენებდით 2016 წელს, მაშინ ”ქართული ოცნება” მიიღებდა ხმების 68%-ს. რაც 8%-ით განსხვავდება წილების იმ რაოდენობისაგან, რომელიც მაჟორიტარული და პროპორციული შერეული სისტემის შედეგად მიიღო.
დღეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანია შეიქმნას ისეთი მთავრობა, რომელსაც მოუწევს ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგი გადაწყვეტილებების მიღების დროს - თუ მთავრობის ფორმირებაში არა, საკონსტიტუციო ცვლილების მიღების დროს მაინც. პრაქტიკულად ასეთი რამ ჩვენ ისტორიულად არ გვქონია 1995 წლიდან და 1995 წლიდან მოყოლებული საქართველო არასოდეს არ ყოფილა დემოკრატიული ქვეყანა თავისუფლების ინდექსის მიხედვით.
თუ ჩვენ გვინდა საქართველოს დემოკრატიული მომავალი, მნიშვნელოვანია სწორედ ისეთი პროპორციული საარჩევნო სისტემის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობდა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგს, რაც იქნებოდა დამოკიდებული არა მმართველი პარტიის კეთილ ნებაზე, არამედ აუცილებლობით განპირობებული

აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ გვინდა საქართველოს დემოკრატიული მომავალი, მნიშვნელოვანია სწორედ ისეთი პროპორციული საარჩევნო სისტემის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობდა სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგს. რაც იქნებოდა დამოკიდებული არა მმართველი პარტიის კეთილ ნებაზე, არამედ აუცილებლობით განპირობებული.
- მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიების ნაწილთან და პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობას მიიღებს კონსტიტუციის ახალი რედაქციის საყოველთაო-სახალხო განხილვაში. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ამგვარი განხილვების რამდენიმე შეხვედრამ?
- საყოველთაო განხილვები პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო. ახლა ეს იდეა საკონსტიტუციო კომისიამ აიტაცა მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო კომისია აცხადებდა - რა სისულელეა, გაუგებარია რატომ იწყებს პრეზიდენტი ამას, ჩვენ ამ პროცესის დაწყება დაგეგმილი გვქონდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პროექტზე მუშაობა დასრულდებოდაო.
როგორც ჩანს, პოლიტიკური ელიტა მიიჩნევდა რომ განხილვები აუცილებელია და მართლაც სწორია, როდესაც აცნობ მოსახლეობას იმ დასკვნებს, რომელიც გააკეთე. შესაძლოა, უკეთესიც ყოფილიყო თუ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მუშაობისას პარალელურად წარმართულიყო განხილვები.
რაც შეეხება განხილვებს, რასაც ვადევნებთ თვალს. ცოტა განსხვავებულია ფორმატი, მხედველობაში მაქვს ის, რომ განხილვებზე ხანდახან მართლაც სადღეგრძელოები ისმის ვიდრე რეალური დისკუსია იმ საკითხებზე, რომელიც წესით უნდა იყოს განხილული.
მიუხედავად ამისა, მე მაინც ვთვლი, რომ საზოგადოებრივი ინტერესის გამოხატვა მნიშვნელოვანია, არ იქნებოდა ცუდი, თუკი ძირითად საკითხებზე დაინიშნებოდა პლებისციტი. თუ ამ განხილვების ლოგიკური შედეგი იქნებოდა პლებისციტის ჩატარება, მაშინ ამ საყოველთაო განხილვას აზრი მართლაც ექნებოდა.
დღეს ასეთი ვითარება გვაქვს - ”ქართულ ოცნებას” აქვს სრული შესაძლებლობა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება როგორიც სურს. ასეც შეიძლება მოხდეს, თუ მას საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაში არც ერთი ოპოზიციური პარტია არ დაეთანხმა

საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე ნებისმიერი განვითარება პირდაპირ და მხოლოდ დაკავშირებულია იმაზე თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ”ქართული ოცნება”. დღეს ქვეყანაში არ არსებობს არც ერთი ძალა, რომელიც აიძულებდა მმართველ გუნდს მოქცეულიყო სხვანაირად და არა ისე, როგორც მას სურს.
გამომდინარე იმ საარჩევნო სისტემიდან, რაზეც მას ოპოზიცია ედავება, ”ქართულ ოცნებას” აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა. თუკი მან საარჩევნო სისტემაში ცვლილებები თავად არ შეიტანა, მას ექნება შესაძლებლობა შემდეგ პარლამენტშიც საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავდეს. ასე მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუ როგორც 2012 წელს პოლიტიკურ ასპარეზზე არ გამოჩდა ისეთი ფინანსური შესაძლებლობები პოლიტიკური ფიგურა, როგორიც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა.
დღეს ასეთი ვითარება გვაქვს - ”ქართულ ოცნებას” აქვს სრული შესაძლებლობა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება როგორიც სურს. ასეც შეიძლება მოხდეს, თუ მას საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაში არც ერთი ოპოზიციური პარტია არ დაეთანხმა.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რა არის ბიო რძე?
მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი კვების პროდუქტები გახლავთ ბიო პროდუქტები. განვითარებული ქვეყნები ძალიან მკაცრად აკონტროლებენ საკვების