არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5451
EUR
1 EUR
3.1058
RUB
100 RUB
4.5069
17-01-2018
გიორგი კობერიძე - 2017 წელს წყალმომარაგების სექტორში 180 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ
10:28 15-05-2017
გიორგი კობერიძე - 2017 წელს წყალმომარაგების სექტორში 180 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს მასშტაბით, ამ ეტაპზე 11 პროექტს ახორციელებს, ხოლო 2017 წლის ბოლომდე, ეტაპობრივად, კიდევ 15 ახალ პროექტს დაიწყებს. რა კეთდება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის საკურორტო ზონებში, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის კუთხით - ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს გიორგი კობერიძეს ესაუბრა.

- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ სივრცითი მოწყობის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის წარდგენისას აღნიშნა, რომ დამატებით, ნახევარ მილიონამდე ადამიანი ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით. რა პროექტებია დაგეგმილი ამ მიმართულებით და რა შედეგებზეა გათვლილი?
- სივრცითი მოწყობის 4 წლიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას და პრიორიტეტს სწორედ წყალმომარაგება და ამ მიმართულებით შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია წარმოადგენს. 2017-2020 წლებში სხვადასხვა ქალაქსა და დაბაში ჩვენ ვგეგმავთ დამატებით ახალი, 50-ზე მეტი პროექტის განხორციელებას. დღეის მდგომარეობით, გვაქვს მიმდინარე 11 პროექტი, ხოლო 2017 წლის ბოლომდე, ეტაპობრივად, კიდევ 15 ახალ პროექტს დავიწყებთ. იმ ქალაქებში, სადაც შევდივართ, საკითხს კომპლექსურად ვუდგებით და მაქსიმალურად ვცდილობთ, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები სამივე მიმართულებით განვახორციელოთ. კერძოდ, საუბარია წყალმომარაგების, წყალარინებისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობაზე.

- საქართველოს მასშტაბით, რომელ ქალაქებში დგას ყველაზე მწვავედ წყალმომარაგების პრობლემა, რა კეთდება მის გადასაჭრელად?
- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მდიდარია წყლის ბუნებრივი რესურსით, დღემდე გარკვეულ ქალაქებში, წყალმომარაგების პრობლემა დგას. ამის მიზეზი კი ის არის, რომ უმეტეს ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურა გასული საუკუნის 60-70-იან წლებშია მოწყობილი, მეტად მოძველებული და ამორტიზებულია, შესაბამისად 21-ე საუკუნის საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს. იმ ქალაქებიდან, სადაც დღეს წყალმომარაგების საკითხი კვლავ პრობლემური რჩება, გამოვყოფდი ხაშურს, ჭიათურას, ზუგდიდს, ვალეს, სამტრედიას, თელავს და ქუთაისის გარკვეულ უბნებს. ეს ის ქალაქებია, რომლებიც გამორჩეულად საჭიროებდნენ არსებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას. ყველა ჩამოთვლილ ქალაქში, ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს აქტიური საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები. კომპანია მუშაობს სრული დატვირთვით, რათა 2017-2019 წლებში ეტაპობრივად დასრულდეს პროექტები და შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს 24 საათიანი წყალმომარაგებით. აღნიშნული ქალაქებიდან, წყალმომარაგების კუთხით, ყველაზე პრობლემურია ვალე. რაც შეეხება ქუთაისს, აქ იყო გარკვეული უბნები, სადაც ქსელი ფიზიკურად არ იყო განვითარებული, თუმცა I ეტაპის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი დღეს უკვე 24 საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს. პროექტის II ეტაპის დასრულების შემდეგ, ქუთაისის მოსახლეობა სრულად იქნება 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი. იგივე შემიძლია ვთქვა ზუგდიდზე, სადაც ქალაქის თითქმის ნახევარი, ათწლეულების მანძილზე ცენტრალური სისტემების გარეშე იყო დარჩენილი. ამ პრობლემის გადასაჭრელად უკვე დაწყებული გვაქვს აქტიური სამუშაოები, რომლის დასრულების შედეგად ზუგდიდის მოსახლეობა გადავა სტაბილურ წყალმომარაგებაზე. ასევე, მინდა აღვნიშნო კახეთის რეგიონის შვიდ ქალაქში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და რომელშიც აქტიურადაა ჩართული ჩვენი კომპანია. აღნიშნულ პროექტებში იყო გარკვეული ტიპის ხარვეზები, რომელიც საჭიროებდა შესაბამის ცვლილებებსა და კორექტირებებს, რამაც სამშენებლო სამუშაოების დასრულების თარიღის გადავადება გამოიწვია. თუმცა, დღესდღეობით პროექტებში საჭირო ცვლილებები სრულადაა შეტანილი და მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც მიმდინარე წლის ბოლომდე, ეტაპობრივად დასრულდება.

- ამორტიზებული, ან ძველი წყალმომარაგების სისტემები ექვემდებარება თუ არა რეკონსტრუქციას, თუ საერთოდ ახლის მშენებლობას ახორციელებთ?
- ჩვენ ძირითადად სრულიად ახალი სისტემების მშენებლობა გვიწევს. იგივე შემიძლია ვთქვა რეზერვუარებზე, სატუმბ სადგურებზე და საქლორატოროებზე. ვინაიდან ტექნოლოგიები წლიდან წლამდე ვითარდება, არსებული ინფრასტრუქტურა ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებსა და მოთხოვნებს, რომელიც უზრუნველყოფს ამა თუ იმ ქალაქის სტაბილურ წყალმომარაგებას. ამ კუთხით, კომპანიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ენერგოეფექტური დანადგარებისა და მოწყობილობების მონტაჟი. ეს გაცილებით ეფექტურს ხდის შემდგომ მოვლა-პატრონობასა და ექსპლუატაციაც შედარებით მცირე ხარჯებთანაა დაკავშირებული. ჩვენ სრულიად ახალ, ევროპული სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას ვაშენებთ იმ ქალაქებში, სადაც დღეის მდგომარეობით პროექტებს ვახორციელებთ.

- რა თანხებია გამოყოფილი აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად და როგორია ამ პროცესში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თანამონაწილეობა?
- ძირითადი თანხები საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ არის გამოყოფილი. ჩვენ ყველაზე მსხვილ დამფინანსებელ დონორ ორგანიზაციებს აზიის განვითარებისა და ევროპის საინვესტიციო ბანკები წარმოადგენენ. ამჟამად, კომპანია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად მოლაპარაკებებს აწარმოებს დამატებით, სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში, მათთან მიღწეული იქნება შეთანხმებები, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, პარალელურ რეჟიმში სხვა ქალაქებშიც დავიწყოთ საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები. სტატისტიკისთვის მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიამ 2012 წელს განახორციელა 18-20 მილიონი ლარის ღირებულების წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტები. 2013 წელს ეს რიცხვი 23 მილიონამდე გაიზარდა და უკვე 2016 წლისთვის 110 მილიონ ლარს მიაღწია. ზრდის დინამიკა უცვლელია, რადგან 2017 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში უკვე განვახორციელეთ 28 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები, ხოლო მიმდინარე წლის ბოლომდე ჯამში 180 მილიონი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება. ყველა სხვა გასულ წელთან შედარებით ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი წყალმომარაგების სექტორში. შედეგი კი იქნება ის, რომ ქვეყნის მასშტაბით უფრო მეტი ადამიანი ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით. 21-ე საუკუნეში, საქართველოში, სადაც ბუნებრივი წყლის ამხელა რესურსია, მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. ამ ყველაფერის მიზეზია ამა თუ იმ ქალაქში მოძველებული ან საერთოდ არარსებული ინფრასტრუქტურა, რომლის მასშტაბური რეაბილიტაცია ნახევარ საუკუნეზე მეტია არ ჩატარებულა. ჩვენი კომპანია მთავრობის აქტიური მხარდაჭერით სრული დატვირთვით მუშაობს, რომ 2020 წლისათვის ყველა ქალაქი, რაიონული ცენტრი და ტურისტული ზონა 24 საათიანი წყალმომარაგებით იყოს უზრუნველყოფილი.

- ზოგიერთ დასახლებებში საერთოდ არ არსებობს ან ამორტიზებულია წყალარინების სისტემა. რას გეგმავს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ამ მიმართულებით უახლოესი წლების განმავლობაში?
- წყალმომარაგება წყალარინების გარეშე არ არსებობს. პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთ ქალაქში წყალარინების სისტემა საერთოდ არ არსებობს ან ამორტიზებულია, ხოლო ზოგან - შედარებით ნაკლებად. არის ისეთი ქალაქებიც, სადაც მართალია ინფრასტრუქტურა ძველია, მაგრამ კარგ მდგომარეობაშია. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა მხოლოდ უმნიშვნელო კოსმეტიკური რეაბილიტაციის ჩატარება იყოს საკმარისი და სისტემა კიდევ მრავალი წელი იქნას გამოყენებული ექსპლუატაციაში.

- რაც შეეხება კურორტებს, იქაც ერთ-ერთ პრობლემად წყალმომარაგება ან წყლის დაბალი წნევით მიწოდება რჩება. თუ გეგმავთ 2017-2018 წლებში ტურისტულ ქალაქებში ამ მიმართულებით პროექტების დაწყებას?
- ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტი არის საკურორტო ზონები. გასულ წელს დავასრულეთ წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა ანაკლიაში. ალბათ, ბევრს ემახსოვრება, ორი წლის წინ ანაკლიაში ონკანებში როგორი შეფერილი წყალი მოდიოდა, რომელსაც მოსახლეობა სასმელად არ იყენებდა. დღეს ანაკლიაში 24 საათიანი, ხარისხიანი სასმელი წყალი გვაქვს, რაც ასევე უზრუნველყოფილია შესაბამისი წყალარინების სისტემებით. წელს, დამატებით, დავასრულებთ გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას და შედეგად ,გარემო მაქსიმალურად იქნება დაცული მავნე ზემოქმედებისგან. ყველას კარგად გვახსოვს, წყალმომარაგების კუთხით, რა ვითარება იყო ურეკში, გრიგოლეთსა და შეკვეთილში. აღნიშნულ კურორტებზე, სამივე მიმართულებით დავიწყეთ სამუშაოები, ვგულისხმობ წყალმომარაგების, წყალარინების სისტემებისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას. მომავალი ზაფხულის სეზონს ურეკი, შეკვეთილი და გრიგოლეთი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სისტემებითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურით შეხვდება, რაც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივი, ასევე დამსვენებლების უწყვეტ წყალმომარაგებას. ასევე, ფოთის მოსახლეობა დღეს უკვე სარგებლობს 24 საათიანი წყალმომარაგებით. ამ ეტაპზე, ვასრულებთ სატენდერო პროცედურებს ფოთის წყალარინების სისტემის მშენებლობაზე და სამშენებლო სამუშაოებს მიმდინარე წლის ბოლომდე დავიწყებთ. თუმცა, ვინაიდან ფოთი ზღვის დონიდან დაბალ ნიშნულზეა, სხვა პროექტებთან შედარებით, გამორჩეულად რთული იქნება მისი განხორციელება. გარდა ამისა, წელს დაიწყება ფოთის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაც. მესტიაში კი მიმდინარე წელს დასრულდება წყალმომარაგების სისტემებისა და გამწმენდი ნაგებობის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ხოლო წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას 2018 წელს დავიწყებთ. მინდა აღვნიშნო, რომ ყველა გამწმენდი ნაგებობა აღჭურვილი იქნება სრული ბიოლოგიური წმენდის ტექნოლოგიით, რაც იმას ნიშნავს, რომ გამწმენდი ნაგებობიდან გამოსული წყალი აბსოლუტურად უვნებელი და გასუფთავებული ჩავა მდინარეებსა თუ შავი ზღვის აუზში. რაც შეეხება ბაკურიანს, სასმელი წყლის პრობლემა აწ ასე მწვავედ არ დგას, თუმცა ყოველწლიურად იმდენად ვითარდება ინფრასტრუქტურა და დიდია ინვესტორების დაინტერესება, რომ ვგეგმავთ დიდველისა და კოხტას მიმართულებით ქსელის გაფართოებას. ეს გულისხმობს წყლის დამატებითი დებიტის შექმნას, რეზერვუარის, წყალარინების სისტემებისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას. ზოგადად, ბაკურიანსა და გუდაურში პროექტების განხორციელება სამ ეტაპად დაიყოფა, რადგან აღნიშნულ კურორტებზე სამუშაოების წარმოების სეზონი მცირეა. ზამთრის სეზონზე მუშაობა ფაქტობრივად შეუძლებელია. ამიტომ, ზამთრის პერიოდს საპროექტო სამუშაოებისთვის ვიყენებთ. ბაკურიანში, ასევე ვგეგმავთ მიტარბისთვის ცალკე ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნულ კურორტულ ზონაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. მაქსიმალურად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ინვესტორებს და იმ ადგილებში, სადაც სასტუმროებისა თუ გასართობი კომპლექსების მშენებლობა მიმდინარეობს, ობიექტების დასრულებამდე, უკვე მზა ინფრასტრუქტურა დავახვედროთ. წყალმომარაგების კუთხით საკმაოდ პრობლემური იყო გუდაურიც. 2016 წელს განვახორციელეთ პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები, მოვაწყეთ წყალმომარაგების ახალი სისტემები და ავაშენეთ 1000 კუბური მეტრის მოცულობის ახალი რეზერვუარი. წელს იყო პირველი სეზონი, როდესაც გუდაურში ეს პრობლემა მინიმუმამდე დავიდა, თუმცა ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის. გუდაურში წყლის არასაკმარისი დებიტია, გამომდინარე აქედან წელს დავიწყებთ დამატებით ახალი სათავე ნაგებობისათვის 300 მეტრის სიღრმის ჭაბურღილების მოწყობას, რომელიც მსგავსი წარმადობის და პარამეტრების თვალსაზრისით, ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველია. ახლო მომავალში დასრულდება ინდივიდუალური გამრიცხველიანება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია წყლის რაციონალური მოხმარების თვალსაზრისით. გარდა ამისა, მიმდინარე წელს მოხდება ყაზბეგის ოთხი ქუჩის რეაბილიტაციია, ბახმაროს წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარება და აბასთუმანის საპროექტო სამუშაოების მაისის ბოლოს დასრულება, რომელსაც შესაბამისად სამშენებლო სამუშაოები მოჰყვება.

- რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებენ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები და ხომ არ იყო ამ კუთხით მათთან გარკვეული პრობლემები?
- იყო გარკვეული პრობლემები, თუმცა ჩვენ იმისთვის ვართ, რომ არსებული პრობლემები მინიმუმამდე დავიყვანოთ. ზოგადად, მშენებლობა ისეთი სფეროა, სადაც პრობლემები მუდმივად არის. ამისათვის საჭიროა დროული და სწორი გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ კონტრაქტორ - მშენებელ კომპანიებს აღვიქვამთ როგორც პარტნიორებს და მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს, რომ კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში დაასრულონ სამუშაოები, მოთხოვნილი ხარისხის შესაბამისად. ამ მოკლე პერიოდში შესამჩნევად კარგი შედეგები გვაქვს პროექტების ეფექტურად განხორციელების კუთხით და ეს ტენდენცია მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანია მაქსიმალურად უწყობს ხელს ქართული ბიზნესის წახალისებას და ქართული კომპანიების მიერ წარმოებული მილების რეალიზებას, რომლებიც საკმაოდ მაღალი ხარისხისაა და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. ბაზარზე უკვე არის პოლიეთილენის მილების მწარმოებელი რამდენიმე კომპანია და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ პროექტებში მათ მიერ წარმოებული პროდუქცია გამოვიყენოთ. ეს კარგი ტენდენციაა, რადგან ამ შემთხვევაში მასალაზე გარანტორი საქართველოშივე გვყავს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ხარისხზეა პასუხისმგებელი.

- რამდენად შეესაბამება წყლის სტანდარტი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და როგორ და რა პერიოდულობით ხდება ხარისხი შემოწმება?
- წყლის ხარისხი ჩვენი კომპანიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. სათაო ოფისში გვაქვს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცენტრალური ლაბორატორია, ხოლო რეგიონებისთვის შევიძინეთ მობილური ლაბორატორიები, რომელთა მეშვეობითაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება სინჯების აღება. წყალი, რომელსაც მოსახლეობას ვაწვდით, შეესაბამება სტანდარტებსა და ტექნიკურ რეგლამენტს.

- როგორც ცნობილია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სტრუქტურა შედგება თბილისის სათავო ოფისისგან, 9 რეგიონული ფილიალისა და 50 სერვის ცენტრისგან. რამდენი ადამიანია დასაქმებული კომპანიაში და ხომ არ იგეგმება ფილიალებისა და სერვის ცენტრების რაოდენობის გაზრდა?
- საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებელს წარმოადგენს. დღეის მდგომარეობით, კომპანიაში დასაქმებულია 2700 - მდე თანამშრომელი. მათი რიცხვი წლიდან წლამდე, არა მკვეთრად, თუმცა გარკვეულწილად გაიზრდება, ვინაიდან ჩვენ ვაშენებთ ახალ ინფრასტრუქტურას ისეთ ქალაქებსა და დაბებში, სადაც აქამდე არ ყოფილა ცენტრალიზებული სისტემები. ბუნებრივია, აღნიშნული დამატებით პერსონალს საჭიროებს. მიმდინარე წელს ავაშენებთ ჯამში 7 ახალ სერვისცენტრს: ანაკლიაში, ჯვარში, წალენჯიხაში, ურეკში, გუდაურში, აბაშასა და სენაკში, რათა უფრო ეფექტურად და ოპერატიულად შევძლოთ ჩვენი მომხმარებლის ადგილზე მომსახურება.

- იმ საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო აბონენტებიდან, რომლებსაც კომპანია ემსახურება, დაახლოებით, რამდენი პროცენტია გამრიცხველიანებული და რა იგეგმება მიმდინარე წელს ამ კუთხით?
- კომპანია ჯამში 325 000 აბონენტს ემსახურება. აქედან 165 000 გამრიცხველიანებულია, ხოლო 160 000 გაუმრიცხველიანებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი წყლის გადასახადს სულადობის მიხედვით იხდიან. მრიცხველის მქონე 165 000 აბონენტიდან 18 000 არასაყოფაცხოვრებო, ანუ იურიდიული პირია, ხოლო დანარჩენი - ფიზიკური პირი. გამრიცხველიანება ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ვინაიდან მისი მეშვეობით საგრძნობლად მცირდება კომერციული დანაკარგები და შესაძლებლობას გვაძლევს მომხმარებელს გავუუმჯობესოთ წყლის მიწოდების რეჟიმი. 2016 წლამდე მოსახლეობას ერთი აღრიცხვის კვანძის მოსაწყობად 100 ლარის გადახდა უწევდა, თუმცა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ აღნიშნული გადასახადი გააუქმა, შესაბამისად, საყოფაცხოვრებო სექტორში ნებისმიერი მომხმარებლისთვის, ვისაც აღრიცხვის კვანძის მოწყობა სურს, ჩვენ ამას აბსოლუტურად უსასყიდლოდ უზრუნველვყოფთ.

- რამდენად კმაყოფილია კომპანია დღეს არსებული ტარიფებით და ხომ არ გეგმავთ მიმართოთ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნული კომისიას მათი გადახედვის მოთხოვნით?
- იმისათვის რომ კომპანიამ სემეკს მიმართოს არსებული ტარიფების გადახედვის განაცხადით, საჭიროა, კომპანიის მასშტაბით, მოხდეს აქტივების აღრიცხვა და შეფასება. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ვგეგმავთ მიმდინარე წლის ბოლომდე დავასრულოთ აქტივების აღრიცხვისა და შეფასების პროცედურები, რის შემდგომაც სემეკი განიხილავს არსებული ტარიფების გადახედვის საკითხს.
ასევე, მინდა შევეხო უმნიშვნელოვანეს საკითხს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომპანიის სუბსიდირებას ეხება. მიმდინარე წელს კომპანიის ძირითადი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ეფექტურად მობილიზება და საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაცია შესაძლებლობას მოგვცემს, კომპანიამ საკუთარი საოპერაციო ხარჯების სრულად დაფარვა თავადვე შეძლოს, რაც გულისხმობს იმას, რომ საოპერაციო ხარჯის ნაწილში კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული აღარ იქნება. ეს კი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის არსებობის ისტორიაში პირველი პრეცედენტი იქნება.

ნათია რუხაძე
„ინტერპრესნიუსი“
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები