არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
ზაზა ვაშაყმაძე - რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის მხრივ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში გამორჩეულია
12:03 22-05-2017
ზაზა ვაშაყმაძე - რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის მხრივ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში გამორჩეულია ინტერვიუ რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელ ზაზა ვაშაყმაძესთან.

- რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დაარსებიდან 3 წელი გავიდა. როგორია თქვენი 3-წლიანი მუშაობის შედეგი და რა პრობლემებს წააწყდით ამ პერიოდის განმავლობაში?
- დიახ, მაისში ჩვენი სააგენტოს დაარსებიდან 3 წელი გავიდა. ჩვენი სააგენტო იმ დროს შეიქმნა, როდესაც მომწიფდა სიტუაცია საიმისოდ, რომ ქვეყანას დამოუკიდებელი რელიგიური პოლიტიკა უნდა ეწარმოებინა. 70-წლიანი ათეისტური იდეოლოგია მძიმე დამღა აღმოჩნდა ადამიანებისთვის. აი, ამ ფონზე შეიქმნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. კარგია, როცა რაღაც საქმეს გარკვეული ტრადიცია აქვს. იცი ის გზა, რომელზეც წინამორბედებმა იარეს, რა აკეთეს უშეცდომოდ, რა შეცდომით. ითვალისწინებ და ისე აკეთებ საქმეს, რომ ვიღაცის გამოცდილებას ეყრდნობი. ჩვენს ქვეყანას ასეთი სისტემური გამოცდილება არ ჰქონდა. ამიტომაც, რელიგიურ ორგანიზაციებთან, საზოგადოებასთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აკადემიურ წრეებთან, ახალგაზრდებთან და სტუდენტებთან ჩვენით უნდა აგვეწყო ურთიერთობები, მაგრამ გვქონდა უმთავრესი - ისტორიული გამოცდილება. რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიის მნიშვნელოვანი ნიშანია. ეს იყო, ალბათ, რის გამოც 3 წელიწადში შევძელით ის, რაც შევძელით.

- ჩვენთვის ცნობილია, რომ USGIRF – ის ბოლო კვლევის მიხედვით, რელიგიური თავისუფლების თვალსაზრისით საქართველო პრობლემურ ქვეყანათა რიცხვში არ აღმოჩნდა. როგორ ფიქრობთ, რა წვლილი მიგიძღვით ამ რეალობის დადგომაში?
- დიახ, მიმდინარე წლის 26 აპრილს რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ აშშ-ს კომისიამ (USCIRF) გამოსცა ყოველწლიური, 2017 წლის ანგარიში, რომელიც მონიტორინგს უწევს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უნივერსალურ უფლებას საზღვარგარეთ. რელიგიის საერთაშორისო თავისუფლების შესახებ აშშ-ს კომისია (USCIRF) იყენებს საერთაშორისო სტანდარტებს, რათა მეთვალყურეობა გაუწიოს რელიგიის თავისუფლების დარღვევებს მსოფლიო მასშტაბით და პოლიტიკურ რეკომენდაციებს აძლევს პრეზიდენტს, სახელმწიფო მდივანსა და კონგრესს.
ამ ანგარიშში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დამრღვევ ქვეყანათა სიაში საქართველო კვლავ არ იქნა შეყვანილი, რაც მრავალეთნიკურ და მრავალრელიგიურ საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის მხრივ დადებით ტენდენციაზე მიანიშნებს. ამ მხრივ საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში გამორჩეულია.
რა თქმა უნდა, სახელწიფომ და შესაბამისად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ბევრი იმუშავა ამ მიმართულებით, მაგრამ, ვფიქრობ, ამ რეალობის დადგომაში ლომის წილი, პირველ რიგში, საქართველოს საზოგადოებას და რელიგიურ ორგანიზაციებს მიუძღვის. ისინი ქმნიან საქართველოში რელიგიური ტოლერანტობისა და რელიგიური თავისუფლების კლიმატს. ჩვენ ერთმანეთს ვეშველებით, რომ ეს ვითარება შევინარჩუნოთ და უფრო გავაღრმავოთ.
საქართველო არა თუ რეგიონში, მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა გახლავთ ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, არის გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც რაღაც შესაძლოა აღმოჩნდეს დავის საგანი, მაგრამ ეს მხოლოდ ერთეული შემთხვევებია და ისინიც სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით ძირითადად მშვიდობიანად და კეთილმეზობლურად გვარდება. კიდევ მეტი - იმ დაპირისპირების ფონზე, რაც მსოფლიოს უმეტეს რეგიონებშია მუსლიმ სუნიტებსა და შიიტებს შორის, საქართველოში სუნიტები და შიიტები ერთ სამლოცველოში ლოცულობენ. აღარაა საუბარი იმაზე, რომ თბილისში ერთ მცირე ტერიტორიაზეა თავმოყრილი ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, სომხური ეკლესია, სინაგოგა, კათოლიკური ეკლესია, მეჩეთი... ეს გახლავთ ჩვენი სიმდიდრე და ვცდილობთ, ურთიერთობების ეს სიმდიდრე შევინარჩუნოთ და გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას.

- ბატონო ზაზა, რა პროექტების განხორციელება გახდა შესაძლებელი ამ სამი წლის მანძილზე, რომელმაც საშუალება მოგცათ ახალი საქმეები გეკეთებინათ ამ მიმართულებით?
- მნიშვნელოვანი შეკითხვაა. ერთია, რომ არსებობს ტრადიცია და მეორეა, რომ აუცილებელია ამ ყველაფრის ინსტიტუციონალიზება სახელმწიფოებრივ დონეზე. ამაში ჩვენი პარტნიორებიც გვეხმარებოდნენ. ჯერ ერთი უამრავი ქვეყნის გამოცდილება გავიზიარეთ. სხვადასხვა ქვეყნაში შევხვდით მსგავსი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს. მუდმივი კავშირი გვაქვს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსთან. მხოლოდ 2016 წელს შეხვედრა გვქონდა ბორის სილევიჩთან და კერსტინ ლუნდგრენთან - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებთან; რომის პაპთან - ფრანცისკესთან, რუმინეთის, ბულგარეთის, სომხეთის პატრიარქებთან, სადეგ დესორხთან - ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა შაჰრისტანის წარმომადგენელთან; ქეთრინ ქოსმანთან - ამერიკის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო კომისიის ოფიცერთან; რენე ლევონიანთან - ევრაზიის ევანგელისტური რეგიონალური სომხური ეკლესიის პრეზიდენტთან; იმან მასმუდთან - ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევართან; კეილა ჩანგთან - საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის - „ მსოფლიო მშვიდობისა და სინათლის აღდგენისათვის“, წარმომადგენელთან; სეიდ ალი აქბარ ოჯახ ნეჯედთან - ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამნეის წარმომადგენელთან და ა. შ.
მათთან ურთიერთობა და მათი გამოცდილება ძალზე გვეხმარება, რომ სწორად მოვნახოთ ის სამომავლო პერსპექტივები, რომელიც უნდა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას რელიგიური პოლიტიკის თვალსაზრისით.
ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ადენაუერის ფონდთან ერთად განხორციელებული პროექტი - „ტრენინგი „რელიგიური ტოლერანტობა და სეკულარიზმი“ საჯარო მოხელეებისათვის“, რომლის მასალებიც გამოიცა სახელმძღვანელოდ - „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი საჟარო სამსახურში.“ ეს პროექტი განხორციელდა ჩვენი აკადემიური წრეების პროფესიონალების, ექსპერტებისა და ჩვენივე თანამშრომლების ადამიანური რესურსით. საქართველოს ყველა რეგიონში საჯარო მოხელეებთან გავმართეთ ტრენინგი, რაც შემდეგ ფართო დისკუსიის გაშლის შანსს იძლეოდა „მრგვალი მაგიდის“ ფორმატში.
ამის გარდა ფრიდენს ბოტეს მისიის საქართველოს ფილიალის წარმომადგენლობასთან ერთად ჩავატარეთ საქველმოქმედო აქციები - სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ბათუმში, ხელვაჩაურში, საჩხერეში, ახალციხეში, ვანში, მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს ამბროსი ხელაიას სახელობის გიმნაზიაში - პანსიონის მოსწავლეებისათვის.
ჩვენი სააგენტო ყოველწლიურად განაახლებს და გამოსცემს ინტერრელიგიურ კალენდარს. იგი ატვირთულია ჩვენს საიტზეც და ნებისმიერი აღმსარებლობის მორწმუნეს ჩვენი კალენდრით საშუალება აქვს თვალი მიადევნოს მისივე ან სხვა აღმსარებლობის რელიგიური რიტუალების თარიღებს, თუ სხვა რელიგიურ დღესასწაულებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ამ სამი წლის მანძილზე გამოსცა სამი ტომი სერიიდან - რელიგია და სამართალი.
ასევე ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ დავბეჭდეთ და წიგნად გამოვეცით კონფერენციის მასალები - „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“
ვფიქრობ, ჩვენი განხორციელებული საქმიანობიდან უმნიშვნელოვანესია ინტერრელიგიური სათათბიროს შექმნა, სადაც განიხილება საქართველოში არსებული რელიგიური თემების საკითხები.
ალბათ, აღარ სჭირდება შეხსენება რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისა და მათთვის ქონების ეტაპობრივი დაბრუნების თემას.
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ საქმიანობების, რაც ჩვენმა სააგენტომ სამი წლის განმავლობაში განახორციელა.

- რაც შეეხება სამომავლო გეგმებს...
- ახლა მზად გვაქვს პროექტი - „საქართველოს რელიგიური რუკა“ . ჩვენს საიტზე იგი უკვე ატვირთულია. იგი სწორედ ჩვენი პატარა ქვეყნის რელიგიურ მრავალფეროვნებას აღწერს. ამ რუკას აქვს შესაძლებლობა ფოტომასალის დონეზე „ამოწიოს“ ყველა აღმსარებლობის ის საკულტო ნაგებობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დგას. ვფიქრობთ, არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის, საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვისაც ეს კარგი საჩუქარია. ამ რუკის პრეზენტაცია ჩვენი სააგენტოს შექმნის სამი წლისთავს ეძღვნება და პატივი გვაქვს, მოგიწვიოთ.
სხვა გეგმებზე წინასწარ საუბარს რაც შეეხება, სასურველია მათი განხორციელების შემდეგ ვისაუბროთ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები