არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
23-04-2018
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქვეყანას ისეთი ხელისუფლება ჰყავს, როგორსაც იმსახურებს, ამაში თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების გადაწყვეტილებებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა
10:34 24-05-2017
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქვეყანას ისეთი ხელისუფლება ჰყავს, როგორსაც იმსახურებს, ამაში თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების გადაწყვეტილებებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, ტერაქტმა მანჩესტერში კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ტერორისტები უკან დახევას არ აპირებენ. გასაგებია, რომ დღევანდელ გლობალისტურ სამყაროში ტერაქტების აცილება სულ უფრო რთული ხდება, მაგრამ თქვენი აზრით, რა გახლავთ მთავარი მიზეზი იმისა, რომ წამყვანი სახელმწიფოები ვერ უმკლავდებიან ტერორისტულ საფრთხეს?
- ურთულეს კითხვას სვამთ, რომელზედაც ერთმნიშვნელოვანი პასუხი დიდი შვიდეულის ან თუნდაც ოცეულის არც ერთ ლიდერს არა აქვს. მოგეხსენებათ, მე პოლიტოლოგი არა ვარ, ამიტომ ჩემი პასუხი უბრალო მოქალაქის აზრად ჩათვალეთ, თუმცა, სიმართლე გითხრათ, ამ პრობლემაზე გამუდმებით ვფიქრობ.
ჩემი მოკრძალებული აზრით, ისლამისტური ტერორიზმი სათავეს ერთდროულად ორ „ცხელ წერტილში“ იღებს. პირველი ასეთი ცხელი წერტილი სინაის ნახევარკუნძულია, სადაც აიათოლა ხომეინის მიერ დაფინანსებულმა ტერორისტულმა მოძრაობებმა ჰამასმა და ჰეზბოლამ ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა. გაიხსენეთ, თუნდაც, მიუნჰენის 1972 წლის ოლიმპიადა. მეორე ცხელი წერტილი ავღანეთია, სადაც აშშ 1980 წლიდან მოჯაჰედებს (და, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, უსამა ბინ ლადენს) აფინანსებდა რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად.
რუსეთი ცდილობს საქართველო თავისი გავლენის არეალს დაუბრუნოს და მიხვდა, რომ აქ ხისტი ზომები ქმედითუუნაროა. ჩვენც ეს გარემოება ჭკვიანურად უნდა გამოვიყენოთ

მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ისლამისტური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა თითქოს და წარმატებით ვითარდებოდა - შეწყდა თვითმფრინავების გატაცების ტალღა, ტერორისტთა ყველაზე ოდიოზური ფიგურები ისრაელის, აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების საპყობილეებში აღმოჩნდნენ ან კიდევ დაპატიმრების მცდელობისას იყვნენ ლიკვიდირებული.
სიტუაცია ძირფესვიანად შეიცვალა 2001 წლის 11 სექტემბერს - ამ ტერორისტულმა აქტმა ორი მნიშვნელოვანი სიახლე დაგვანახა - ისლამისტური ტერორიზმის გლობალიზაცია და თვითმკვლელი კამიკაძე ტერორისტების მთელი კოჰორტის დაარსება. ეს გახლდათ ბინ ლადენის ბოლო საჩუქარი დემოკრატიულ სამყაროს. ასეთ ტერორიზმთან საბრძოლველად კი დასავლეთის ქვეყნებს აშკარად აკლია შესაბამისი სტრატეგია და ტექნოლოგიები: ერთის მხრივ, ტერორიზმის წინააღმდეგ გაჩაღებულმა ყველა ომმა (ერაყი, ლიბია, სირია) წარმოშვა ლტოლვილთა უზარმაზარი ტალღა და ამ ტალღასთან ერთად წინასწარ მომზადებული ტერორისტები ადვილად აღწევენ სამიზნე ქვეყნებში.
მეორე მხრივ, ტერორიზმთან მებრძოლი ქვეყნები, რომლებიც პატივს სცემენ კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებს, ვერ გამოიყენებენ ტოტალიტარული ქვეყნების ტაქტიკას - ვგულისხმობ ეთნიკური წმენდას.
პრობლემა ჩიხშია მოქცეული, რასაც ტერორიზმთან მებრძოლი ქვეყნების სტრატეგიული ინტერესების წინააღმდეგობაც ემატება: გააანალიზეთ, თუნდაც, სირიაში ნატოს ქვენების, რუსეთის, თურქეთის ან ირანის ქმედებები.
გამოსავალი, ჩემი ღრმა რწმენით, ერთია: ტერორიზმთან საბრძოლველად გაეროს ქოლგის ქვეშ შეიქმნას მობილური, მაღალპროფესიული, არაპოლიტიზირებული საერთაშორისო სტრუქტურა, რამელიც გლობალურად შეითავსებს როგორც გამოძიების, ასევე სამხედრო ქმედებების ფუნქციას. სხვანაირად ტერორიზმი 20-30 წელიწადში ონკოლოგიური სიმსივნის მეტასტაზებივით მთელ მსოფლიოს მოიცავს და ჩვენს ცივილიზაციას მოსპობს.
- ბატონო ალექსანდრე, ბოლო ხუთი წლის მანძილზე ქართული პროდუქციის ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, არსებითად გაიზარდა. თუ 2014 წელს დსთ-ში ორჯერ მეტი პროდუქცია გადიოდა ვიდრე ევროკავშირში, დღეს ვითარება რადიკალურად შეცვლილია. 2016 წელს ევროკავშირში 514 მილიონი დოლარის ქართული პროდუქცია გავიდა, ანუ 14%-ით მეტი ვიდრე დსთ-ში. ევროკავშირში ”სუფთა ექსპორტი” 20%-ით გაიზარდა, 2012 წელთან შედარებით კი 83%-ით. ჩინეთში ქართული პროდუქცია გაორმაგდა და დღეს ჩინეთი ქართული ”სუფთა ექსპორტის” მიხედვით მეორე ადგილზეა. როგორ შეაფასებდით ქართული ექსპორტის მოძრაობაში გეოგრაფიული ცვლილების დინამიკას? რას შეიძლება იგი ნიშნავდეს და რა უნდა გაკეთდეს რომ ეს ტენდენცია შეუქცევადი და კიდევ უფრო ნაკლებად დამოკიდებული გახდეს არაპროგნოზირებად რუსულ ბაზარზე?
- დსთ-ს ბაზარი საბჭოთა წარსულის გადმონაშთია და ქართველები მას ტრადიციულად კარგად ვიცნობდით. ამიტომ საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში ეს ჩვენთვის, პრაქტიკულად, ერთადერთი ბაზარი იყო. ამისგან განსხვავებით, ევროკავშირის ბაზრის ასათვისებლად საჭირო იყო, ჯერ ერთი, პროდუქციის შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფა, მეორე, მისი სერტიფიცირების საერთაშორისო სქემების დაფუძნება და მესამე, ნაყოფიერი სამარკეტინგო პოლიტიკის შემუშავება.
ამის განხორციელებას ჩვენ 20 წელი მოვანდომეთ. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამ პროცესს შეუქცევადად ხელი შეუწყო რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების ექსპორტის აკრძალვამ, რის გამოც მწარმოებლები იძულებულნი გახდნენ თვისობრივად გაეუმჯობესებინათ პროდუქციის ხარისხი და შედეგად დღეს ქართული ღვინო ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.
ამას დაემატა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რომელმაც საქართველოს ევროპის საბაჟო საზღვრები გაუხსნა. გარდა ამისა, ჩინეთი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ძალიან მოქნილი მონაწილეა. სხვადასხვა მიზეზთა გამო, რომელთა დასახასიათებლად ჩვენ ეხლა დრო არა გვაქვს, ჩინეთი მსოფლიო გეოეკონომიკურ რუკაზე ჯერ ვერ პოულობს საკადრის ადგილს. ამიტომ იგი ახალი ბაზრების მუდმივ ძიებაშია და ლაკმუსის ქაღალდადაც შეიძლება გამოდგეს - ქვეყანაში, რომელთანაც ჩინეთი შეღავათიან ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს ამყარებს, იგი ძალიან სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას ელოდება.
დღეს საერთაშორისო საზოგადობაში საქართველო მოდაშია, რასაც ვიზალიბერალიზაციის პირველი გამოცდილებაც ადასტურებს. ჩვენთან წლიურად ორჯერ მეტი ტურისტი ჩამოდის, ვიდრე ჩვენი მოსახლეობაა და პრაქტიკულად ყოველი ჩამოსული სახლში დაბრუნებისას საქართველოში ახალ მგზავრობას გეგმავს. სიტუაცია არ შეიცვლება მანამდე, სანამ საქართველოში წესრიგი და სტაბილურობა იზეიმებს.
სხვათა შორის, ევროკავშირისა და ჩინეთის ბაზრების გახსნა დსთ-ს ბაზრის შენარჩუნების ყველაზე ქმედითი მექანიზმია

სხვათა შორის, ევროკავშირისა და ჩინეთის ბაზრების გახსნა დსთ-ს ბაზრის შენარჩუნების ყველაზე ქმედითი მექანიზმია. დააკვირდით შემდეგ გარემოებებს: აშშ-ს რომ 10 წლის წინ მიეღო კანონი, რომელიც კრძალავს ფინანსურ დახმარებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც აფხაზეთისა და/ან სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა სცნეს, საქართველოს რომ 10 წლის წინ ლუჟკოვის დონის ფიგურა შავ სიაში შეეყვანა, რუსეთი მყისიერად თავის საზღვრებს ქართულ პროდუქციას დაუხურავდა, დღეს კი მხოლოდ რუსი ტურისტების ფორმალურ გაფრთხილებას დასჯერდა, რომლისთვისაც, რასაკვირველია, ყურადღება არავის მიუქცევია.
რუსეთი ცდილობს საქართველო თავისი გავლენის არეალს დაუბრუნოს და მიხვდა, რომ აქ ხისტი ზომები ქმედითუუნაროა. ჩვენც ეს გარემოება ჭკვიანურად უნდა გამოვიყენოთ.
- თვითმმართველობის ორგანოების რეფორმის ფარგლებში ხელისუფლებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლითაც ქალაქის სტატუსი მოეხსნებათ ჩვენი ისტორიული მხარეების მთავარ ქალაქებს. საინტერესო ისაა, რომ ამ ქალაქების საკრებულოების ნაწილმა უკვე დაუჭირა მხარი ხელისუფლების ამ პროექტს. პროფესორი დავით იაკობიძე ხელისუფლების მიერ ამგვარი ნაბიჯების გადადგმას ”ისტორიული წარსულისადმი თამამ დამოკიდებულებად” მიიჩნევს. ხელისუფლება რაიონების ადმინისტრაციებისა და საკრებულოების გაერთიანებას მათი შენახვის სიძვირით ხსნის. თქვენ როგორ აფასებთ თვითმმართველობის ორგანოებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ შემუშავებულ კანონპროექტს?
- ძალიან არ მომწონს ეს კანონპროექტი. კანონის უზენაესობის პრინციპიდან და კანონის სინერგიულობიდან გამომდინარე, თუ ქვეყანაში ერთი თვითმმართველი ქალაქი არსებობს, მაშინ ყველა ქალაქი თვითმმართველი უნდა იყოს. კანონში არანაირი გამონაკლისი არ უნდა არსებობდეს. თუმცა, ქვეყანას ისეთი ხელისუფლება ჰყავს, როგორსაც იგი იმსახურებს. ამაში თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების გადაწყვეტილებებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა.
ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსების სიძვირე კი არაფერ შუაშია. ეს არასწორი საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის შედეგია. მერწმუნეთ, რეგიონული თვითდაფინანსების მოდელებზე მე პროფესიულად ვმუშაობ და ერთ დღეს შეგვიძლია ამ საკითხს მთელი ინტერვიუ დავუთმოთ.
- თუ ხელისუფლებას რეალურად უნდა რეგიონები და იგივე თვითმმართველობები რამდენადაც შესაძლებელია გამდიდრდნენ, მაშინ გაუგებარია, რატომ არ იღებენ შესაბამის კანონებს, რომლითაც თვითმმართველ ორგანოებს მათსავე ტერიტორიაზე არსებული ქონების განკარგვა შეეძლებათ? რა თვითმმართველობაა ასეთი, რომელიც ცენტრთან შეუთანხმებლად თავის ტერიტორიაზე ვერ წყვეტს ქალაქისათვის მნიშვნელოვან ვერც ერთ საკითხს? თქვენი აზრით, რას შეიძლება უკავშირდებოდეს თვითმმართველობების არა დეცენტრალიზაციის, არამედ ცენტრალიზაციისაკენ გადადგმული ნაბიჯები თუ ამ მიმართულებით საერთოდაც უმოქმედობა?
- მახსენდება საბჭოთა პერიოდის დისიდენტური ანეკდოტი: „კითხვა: მაქვს უფლება? პასუხი: რასაკვირველია, გაქვთ. კითხვა: მაშ, შემიძლია? პასუხი: არა, არ შეგიძლიათ“. თქვენ რაც ახსენეთ, საბჭოთა მენტალიტეტის აშკარა გამოვლინებაა - თვალები ცენტრისკენ უნდა იყოს მიმართული. თანაც, ეს მენტალიტეტი როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ადმინისტრაციებისთვისაა დამახასიათებელი.
უფლებამოსილებების გამიჯვნა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის ურთულესი პრობლემაა. ვშიშობ, რომ შესაბამისი კანონპროექტების დასაწერად იუსტიციის სამინისტროში არც ინტელექტუალური რესურსი და არც კეთილი ნება არსებობს. ისევ ევროკავშირი თუ გვაიძულებს

ნებისმიერ წარმომადგენლობით ორგანოში არჩეულ პიროვნებას უნდა ჰქონდეს უნარი და გამბედაობა პასუხისმგებლობა თავის თავზე წარბშეუხრელად აიღოს. აკი გითხარით, რომ ზუსტად ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელსაც ვიმსახურებთ. უფლებამოსილებების გამიჯვნა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის კი ურთულესი პრობლემაა. ვშიშობ, რომ შესაბამისი კანონპროექტების დასაწერად იუსტიციის სამინისტროში არც ინტელექტუალური რესურსი და არც კეთილი ნება არსებობს. ისევ ევროკავშირი თუ გვაიძულებს...
- მიწის უცხოელებზე გასხვისების საკითხზე ჩვენში აზრთა დიდი სხვადასხვაობაა. თქვენი კოლეგა ბატონი ლადო პაპავა მიიჩნევს - ”თუკი კონსტიტუციაში იქნება მკაფიო ჩანაწერი, რომ უცხოელს არ შეეძლოს მიწის ყიდვა, ეს იქნება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ხედვის გათვალისწინება”. თქვენი აზრით, ამ საკითხზე ჩვენს კონსტიტუციაში ოპტიმალური ჩანაწერი, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს?
- ვფიქრობ, რომ საქმე არც ისე მარტივადაა. უცხოელს სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენის უფლება არც ეხლა აქვს, მაგრამ იგი აფუძნებს კომერციულ იურიდიულ პირს და მიწებს ეს იურიდიული პირი ასხვისებს. კონსტიტუციაში ჩანაწერი ამ პრაქტიკას ვერ შეცვლის.
თუ იქნება ჩანაწერი, რომ მიწის მფლობელი იურიდიული პირის წილის 50%-ზე მეტს საქართველოს მოქალაქეები უნდა ფლობდნენ, გაჩნდება ყალბი დამფუძნებლების ინსტიტუტი. გარდა ამისა, არსებობს მიწის პირველადი და მეორადი ბაზარი. ვთქვათ მე, საქართველოს მოქალაქე, ვფლობ მიწის ნაკვეთს და მისი გაყიდვა მსურს, მე ჩემს სამეწარმეო საქმიანობაში ვარ აბსოლუტურად თავისუფალი და ამ თავისუფლებას კონსტიტუცია უზრუნველყოფს. მაშ, რატომ არ უნდა მქონდეს უფლება მივყიდო მიწის ნაკვეთი ნებისმიერ პირს, თუნდაც უცხოელს? თუ ამ უფლებას წამართმევენ, ესეც ხომ ჩემი კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების შეზღუდვაა?
უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვა საუკეთესო გამოსავალი ნამდვილად არ არის... შეგვიძლია ვიმსჯელოთ ფრანგულ ან ბრიტანულ ანდა კიდევ სკანდინავიურ მოდელებზე და არა ტლუდ შევკვეცოთ სამოქალაქო თავისუფლებები. „არა“, ყოველთვის უარესი პასუხია

ამით მე იმის თქმა მინდა, რომ პრობლემა რთულია და მისი ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტა არ შეიძლება. უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვა საუკეთესო გამოსავალი ნამდვილად არ არის. სხვათა შორის, სხვა ქვეყნებშიც არსებობს მოქალაქეებისთვის მიწის საკუთრების საკანონმდებლო გარანტიები. შეგვიძლია ვიმსჯელოთ ფრანგულ ან ბრიტანულ ანდა კიდევ სკანდინავიურ მოდელებზე და არა ტლუდ შევკვეცოთ სამოქალაქო თავისუფლებები. „არა“, ყოველთვის უარესი პასუხია.
- ეკონომიკის დოქტორმა ვანო ჩხაიძემ მიწის უცხოელებზე გაყიდვის თემაზე ”ინტერპრესნიუსთან საუბრისას განაცხადა - ”კონსტიტუციას აკლია აქტივების კაპიტალიზაციის და ლიკვიდობის გაზრდის მხარდამჭერი ჩანაწერი - ყველა აქტივი, რაც ეკონომიკაში მონაწილეობს, კერძო საკუთრებაა და სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ, მიუკერძოებელი კონკურენციით, თავდაპირველად მხოლოდ ქვეყნის მოქალაქეებს გადაეცემა კერძო საკუთრებაში”. თქვენ როგორ შეფასებდით ამ მეტად აქტუალურ თემაზე ბატონ ვანოს მოსაზრებას?
- ბატონი ვანო აბსოლუტურად მართალია. მისი სიტყვების უკან იგივე ლოგიკაა, რაც მიწის პირველად და მეორად ბაზრებზე მსჯელობისას მოგახსენეთ.
- საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ყველაზე ხმაურიანად განხილვადი თემებია პრეზიდენტის არჩევის წესი და ის, თუ როგორ უნდა იქნას გადანაწილებული გაუნაწილებელი ხმები. თქვენ პრეზიდენტის არჩევის როგორ წესს ემხრობით - პარლამენტის მიერ არჩევას თუ პირდაპირი წესით არჩევას?
- პრეზიდენტის არჩევის წესზე პასუხი წინა ინტერვიუებში ორჯერ გაგეცით. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, აბსოლუტურად სულერთია თუ რა წესით აირჩევა პრეზიდენტი.
გაუნაწილებელ ხმებს საერთოდ ჩამოვწერდი... „ქართული ოცნება“ არჩევნებს როდესმე წააგებს და შემდეგ, როგორც საპარლამენტო უმცირესობა, იგემებს თავისი ხელით დაწერილი კანონის სიამტკბილობას

მთავარია, ეს წესი იყოს მდგრადი, ხოლო პრეზიდენტად არჩეულ იქნას თავისუფლად მოაზროვნე, ზეპარტიული, საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე ფიგურა, რომელიც ღირსეულად წარმოაჩენს საქართველოს საერთაშორისო სარბიელზე.
- რაც შეეხება გაუნაწილებელი ხმების განაწილებას, თქვენი აზრით, გაუნაწილებელი ხმების ყველაზე სამართლიანად გადანაწილება სავარაუდოდ, როგორი იქნებოდა?
- მე რომ მკითოთ, ამ გაუნაწილებელ ხმებს საერთოდ ჩამოვწერდი. თუმცა ამ საკითხის ნებისმიერი გადაწყვეტა ტრაგედია არ იქნება.
ბოლოს და ბოლოს, „ქართული ოცნება“ არჩევნებს როდესმე წააგებს და შემდეგ, როგორც საპარლამენტო უმცირესობა, იგემებს თავისი ხელით დაწერილი კანონის სიამტკბილობას.
- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ვითარებაში, როცა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება, საერთაშორისო ტერორიზმი სულ უფრო მეტად იკრებს ძალას, საქართველოს საკმაოდ სხვადასხვა სახის ტურბულენციების პირობებში უწევს ცხოვრება, საკონსტიტუციო ცვლილებების შემოთავაზებული პროექტი ქვეყნის სტაბილურობისთვის ძალიან სახიფათოა. თქვენ ეთანხმებით ამგვარ მოსაზრებას?
ქვეყანაში არ მომსპარა პროტექციონისტული სულისკვეთება. კანონი თორდიასთვის, ფარცხალაძისთვის, ნარმანიასთვის და ჩემთვის ერთი უნდა იყოს. სხვანაიარად, რა გვესაქმება ევროპაში?

- როგორი კონსტიტუციაც არ უნდა მივიღოთ, იქნებიან კმაყოფილები და იქნებიან უკმაყოფილოები. მაშ, კონსტიტუციის შესახებ კონსენსუსსა და ქვეყნის უსაფრთხოებას შორის რა არის საერთო? პოლიტიკური თამაშები ერთია და ქვეყნის უსაფრთხოება სულ სხვა რამეა.
მე მჯერა, რომ კრიტიკულ სიტუაციაში საქართველოს ყველა მოქალაქე მხარდამხარ დავდგებით და ჩვენ ყველა უთანხმოებას გვერდზე გადავდებთ. როგორც, სხვათა შორის, მოვიქეცით 2008 წლის აგვისტოს ცხელ დღეებში.
- შარდენის ქუჩაზე ყოფილ გენპროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და აუდიტის სამსახურის უფროს ლაშა თორდიას შორის მომხდარმა ინციდენტმა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა. გარდა იმისა, რომ პროკურატურამ საკმაოდ გვიან გამოაქვეყნა ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა, ხელისუფლებისაგან არ მოგვისმენია განმარტებები თუ რატომ უწყობდა იგი ხელს ხელოვნურად ყოფილი გენპროკურორის გამდიდრებას. რჩება შთაბეჭდილება, რომ პროკურატურასა და ხელისუფლებას ჰგონია, საზოგადოებას ამ ინციდენტის დეტალები უფრო აინტერესებს. არადა, მგონი, ასე სულაც არ უნდა იყოს. თქვენ როგორ შეაფასებდით, იმას, რაც ფარცხალაძე - თორდიას თემას უკავშირდება და ამ ინციდენტისაგან, სავარაუდოდ, რა გზავნილები მიიღეს ერთი მხრივ საზოგადოებამ, ხოლო მეორე მხრივ სახელმწიფო მოხელეებმა?
- არ ვიცი, რა გზავნილები მიიღეს საჯარო მოხელეებმა, ჩემთვის კი გამოვლინდა ორი გარემოება: პირველი, როცა საქმე მის პიროვნებას ეხება, როგორც ამჟამინდელი, ისე ყოფილი ჩინოვნიკი სახელმწიფო ინტერესებს ივიწყებს და საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს.
სახელმწიფო მოხელეებს სახელმწიფოებრივი აზროვნება არ გააჩნიათ. ჩემი აზრით, ეს არის ჩვენი საზოგადოების ყველაზე შემაშფოთებელი ტენდენცია. ძალიან ცუდია, როცა უბრალო მოქალაქე, რომელსაც საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა არ გააჩნია, უფრო პატიოსნად და გამბედავად იქცევა, ვიდრე თანამდებობის პირი, რომელსაც არჩევნების გზით ჩვენს კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობა დავაკისრეთ.
მეორე გარემოებაც პირველის შედეგია: ქვეყანაში არ მომსპარა პროტექციონისტული სულისკვეთება. კანონი თორდიასთვის, ფარცხალაძისთვის, ნარმანიასთვის და ჩემთვის ერთი უნდა იყოს. სხვანაირად, რა გვესაქმება ევროპაში?
სამწუხაროდ, ბატონმა დავით ნარმანიამ მთავარი აუდიტორისთვის აუცილებელი თვისებები მერობისას ვერ გამოავლინა
- თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაადასტურა, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება. რამდენად სწორად მიიჩნევდით ნარმანიას აუდიტის სამსახურის უფროსად დანიშვნას? ოპონენტები ხელისუფლებას ახსენებენ იმას, რომ ისეთივე გადაცდომის გამო, რაც ახლა ნარმანიას აქვს ფარცხალაძესთან დაკავშირებით, ასეთივე დანაშაულზე გიგი უგულავა ციხეში იჯდა...
- მე ეს შედარება ოდნავ არაკორექტულად მიმაჩნია, თუმცა ამაზე იურისტებმა იმსჯელონ. ერთი კი ჩემთვის ცხადია: ქვეყნის მთავარი აუდიტორი პროფესიონალი, დამოუკიდებელი, გამბედავი, ხისტი, აბსოლუტურად პატიოსანი ადიამიანი უნდა იყოს, რომელიც ნებისმიერ ზეწოლასა და ცდუნებას გაუძლებს. სამწუხაროდ, ბატონმა დავით ნარმანიამ მთავარი აუდიტორისთვის აუცილებელი თვისებები მერობისას ვერ გამოავლინა.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები