არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - საქართველოს შთამბეჭდავი შედეგები აქვს, რეკომენდაციას ვიძლევით, რომ MAP-თან დაკავშირებით ნაბიჯები გადაიდგას
23:21 27-05-2017
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი - საქართველოს შთამბეჭდავი შედეგები აქვს, რეკომენდაციას ვიძლევით, რომ MAP-თან დაკავშირებით ნაბიჯები გადაიდგას საქართველო უკვე რამდენიმე დღეა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მასპინძელია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიაში, ნატომ ასამბლეის სხდომის არაწევრ ქვეყანაში გამართვის თაობაზე მეხუთედ დაუშვა გამონაკლისი და შესაბამისად, რამდენიმე დღით თბილისი პოლიტიკურ ცენტრად აქცია. პირველი ოთხი სახელმწიფო, რომელმაც თავის დროზე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომებს არაწევრი ქვეყნის სტატუსით უმასპინძლა, დღეს უკვე ალიანსის რიგებს წარმოადგენს, რაც შეეხება საქართველოს, ალიანსელები ქართველების, მეზობელი რუსეთის და სრულიად მსოფლიოს მისამართით ახლა უკვე თბილისიდან აღნიშნავენ, რომ საქართველოსთვისაც ნატო-ს კარი ღიაა და ჩვენი ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი...

კონკრეტულად, რას ეუბნება ნატო საპარლამენტო ასამბლეის სხდომის თბილისში გამართვით საქართველოს, რა ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერ დეკლარაციაში, რომელსაც ასამბლეა თბილისში მიიღებს, აპირებს თუ არა ალიანსი საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებასთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას და იქნება თუ არა რუსეთი შემაფერხებელი ფაქტორი? - ამ და სხვა თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პაოლო ალის ესაუბრა...

- ბატონო პაოლო, პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ძლიერი მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველოს უცხადებთ და ალბათ, ჩვენს ქვეყანაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ჩატარებაც ამ მხარდაჭერის დემონსტრირებაა, თუმცა მინდა უფრო კონკრეტული შეფასება გთხოვოთ , ამ ფაქტით რა მესიჯს უგზავნის ნატო საქართველოს და თუნდაც რუსეთს?
- ის ფაქტი, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია თბილისში ტარდება, ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია. ეს იმას ნიშნავს, რომ ნატო და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვაღიარებთ იმ წარმოუდგენელ ძალისხმევას, რომელიც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში აჩვენა დემოკრატიის გაძლიერების კუთხით. საქართველოს შთამბეჭდავი შედეგები აქვს. ვფიქრობ, ჩვენი აქ ყოფნა ცხადყოფს იმას, რომ ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას. ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ თქვენს რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებს. საქართველოს სტაბილურობა არა მხოლოდ საქართველოსა და რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ყველა დასავლური ქვეყნისთვის - ის, რაც რეგიონში ხდება მნიშვნელოვანია, თუკი გავითვალისწინებთ რუსეთის აგრესიულ საქციელს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. ეს კონფლიქტები ყველასთვის წარმოადგენს საფრთხეს. შესაბამისად. ჩვენი მესიჯი ის არის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და მის ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთი უნდა დაუბრუნდეს ოფიციალურად აღიარებულ საზღვრებს. ჩვენ მტკიცედ ვართ მოწოდებული დავიცვათ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს დემოკრატიის განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით.

- როგორც აღნიშნეთ, მხარს უჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მის უსაფრთხოებას, მაგრამ საქართველო უფრო მეტ ხელშესახებ შედეგებს ელოდება და ეს შედეგია ნატო-ში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება. ამ მხრივ, რას უნდა ელოდოს საქართველო ალიანსისგან უახლოეს მომავალში?

- საუბარია MAP-ზე (წევრობის სამოქმედო გეგმა). ამ გადაწყვეტილებას ნატო მიიღებს. ჩვენს რეზოლუციაში, რომელსაც ორშაბათს მივიღებთ, რეკომენდაციას ვიძლევით, რომ MAP-თან დაკავშირებით ნაბიჯები გადაიდგას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მომავალში გახდება ნატო-ს წევრი. რაც შეეხება დროის ჩარჩოებს, ჯერ ცხადი არაა, თუ როგორ განვითარდება პროცესი. თუმცა, საბოლოო პუნქტი ის არის, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და ჩვენ უნდა დავაჩქაროთ პირობები, შევქმნათ ის პირობები, რაც ამას შესაძლებელს გახდის უახლოეს დროში. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საერთაშორისო გარემო. ამ კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯებს, ვფიქრობ, რუსეთში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დავინახავთ. ჩემი აზრით, პუტინი დღეს სიტუაციას ძაბავს, ვინაიდან მას ქვეყნის შიგნით მხარდჭერა სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია, თუ როგორ იქნება არჩეული პუტინი. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის შიდა პოლიტიკა ძალიან დაკავშირებულია საგარეო პოლიტიკასთან. მე არ ველოდები, რომ ადგილი ექნება მნიშვნელოვან ცვლილებებს პუტინის საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ, ჩემი აზრით, ის მზარდი დაძაბულობა, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში რუსეთში, საპრეზიდენტო არჩევნებთანაა დაკავშირებული. არ ვფიქრობ, რუსეთს იმდენი ძალა გააჩნია, რომ ეს კონფლიქტები ღიად დატოვოს. ის ახლა ჩართულია სირიაში, ლიბიაში მიმდინარე მოვლენებში, განიცდის ეკონომიკურ კრიზისს...

- ხომ არ ფიქრობთ, რომ რუსეთი თვითონ ქმნის საერთაშორისო კრიზისული სიტუაციების კერებს, რათა მერე მათი გადაჭრის განუყოფელი ნაწილი გახდეს. შესაბამისად, დასავლეთს ყოველთვის მოუწევს რუსეთთან დიალოგის რეჟიმში ყოფნა... ალბათ, რუსეთის საგარეო პოლიტიკის ეს მიდგომა არ შეიცვლება ახლო მომავალში...
- შესაძლოა. რუსეთი ასევე პროპაგანდას აწარმოებს, რათა გავლენა მოახდინოს დასავლურ ქვეყნებზე. ყველა ეს კონფლიქტი - საქართველოში, უკრაინაში, დნესტრისპირეთში, რუსეთის მიერ იყო შექმნილი იმ მიზეზით, რომელიც თქვენ ახსენეთ. უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს მინსკის შეთანხმებები. რუსეთი არ ასრულებს მათ. საერთაშორისო საზოგადოება კვლავ განაგრძობს რუსეთთან მიმართებაში სანქციების გამოყენებას. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მეტისმაც განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებაში ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას არ ექნება ადგილი, ვიდრე მინსკის შეთანხმებები არ შესრულდება. აშშ მტკიცედ გამოდის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. სავარაუდოდ, თქვენ მართალი ბრძანდებით. რუსეთი ქმნის კრიზისულ სიტუაციებს, რათა ამ პრობლემების გადაჭრის ნაწილი გახდეს, მაგრამ ეს რეალობაა, რომლის წინაშე ვდგავართ.

- აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროკავშირსა და აშშ-ის არ აქვთ ერთიანი პოზიცია რუსეთთან მიმართებაში. რას ნიშნავს ეს განცხადება და როგორ უნდა გავიგოთ ის?
- არსებობს სხვადასხვა მიდგომა. სანქციების მოხსნა? - არა მგონია, აშშ-მ სანქციები მოუხსნას რუსეთს. აშშ-ის კონგრესი მტკიცედ უჭერს მხარს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. ეს უფრო მიდგომების საკითხია. ტრამპი ამბობს, რომ არ უნდა ვიყოთ რუსეთის წინააღმდეგ, რომ რუსეთი პრობლემების გადაჭრის ნაწილი უნდა იყოს. ევროკავშირი კი ამბობს, რომ რასაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს საზღვრებთან სულ სხვა ისტორიაა. ის, ფაქტი, რომ ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო რუსეთიდან ევროპული პარტიების დაფინანსების წინააღმდეგ, ეს პირველად მოხდა. ეს კი ნიშნავს, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები აღშფოთებულნი არიან რუსეთის მიერ ევროპაში გავლენის მოხდენით. ევროპამ კარგად იცის რუსეთთან არსებული სიტუაცია. დონალდ ტრამპი უფრო ბიზნესმენია, ვიდრე პოლიტიკოსი. ის ფიქრობს, რომ პუტინთან საუბრით გადაჭრის პრობლემებს. მე კი ვფიქრობ, რომ ასე არ მოხდება. არც აშშ-ის კონგრესი ფიქრობს, რომ ეს გამოვა.

- ნატო ბევრს საუბრობს იმაზე, რომ საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში დიდ პროგრესს მიაღწია. ეს მართლაც ასეა. თუკი შევადარებთ საქართველოში 15-20 წლის წინ არსებულ სიტუაციას დღევანდელობასთან, სხვაობა თვალშისაცემია. ამავდროულად, ნატო ყოველთვის აღნიშნავს, რომ საქართველოს კიდევ ბევრი რამ აქვს გასაუმჯობესებელი. ამაში სრულად გეთანხმებით. თუმცა, თუ შევხედავთ საერთაშორისო რეიტინგებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების განვითარების კუთხით, საქართველოს უკეთესი მაჩვენებლები აქვს, ვიდრე ნატო-ს ზოგიერთ წევრ ქვეყანას. მოდით, გულახდილად ვთქვათ, რომ საქმე არა საშინაო დავალებებსა ან დემოკრატიის განვითარებაში, არამედ იმაშია, რომ რუსეთის ფაქტორის გამო ნატო-ს რიგ წევრ ქვეყანას არ სურს ამ მომენტისთვის საქართველოს ნატო-ში მიღება.
- ნატო-ს ყველა წევრ ქვეყანას რამდენიმე წელი დასჭირდა გასაწევრიანებლად, ვინაიდან არსებობს საკითხი, თუ როგორ იქნები ინტეგრირებული შეიარაღებულ ძალებთან ანუ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამხედრო ასპექტიცაა გასათვალისწინებელი, თუმცა საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს თავდაცვის სფეროში. ასევე საუბარია სასამართლო რეფორმაზე. ამ სფეროში კიდევ არის გასაკეთებელი. უნდა ვთქვა, რომ საქართველო უკეთესია, ვიდრე სხვა ქვეყნები, მათ შორის ნატო-ს ზოგიერთი წევრი. მაგალითად, საქართველოში კორუფციის ინდექსის მაჩვენებელი ძალიან კარგია. ჩვენ არ უნდა გავითვალისწინოთ რუსეთის გავლენა. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ საქართველოს ინტერესები ამ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში. ვფიქრობ, ამას რაღაც დრო დასჭირდება, მაგრამ საბოლოოდ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.

- საქართველოში გარკვეული ძალები, ვგულისხმობ, ანტიდასავლურ ძალებს, ყოველთვის აპელირებენ იმ ფაქტორზე, თითქოს ნატო საქართველოს კარს ბოლომდე არ უხსნის და არ აპირებს ჩვენი ქვეყანა მიიღოს, როგორც წევრი სახელმწიფო. ისინი ამას პროპაგანდად იყენებენ და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ნატო-სადმი იმედგაცრუებას თესავენ. პირადად თქვენ, რას ეტყოდით საქართველოში არსებულ იმ პოლიტიკურ ძალებს, ვინც ნატო-სადმი იმედგაცრუებას თესავენ და შესაბამისად, ეს რუსეთის პროპაგანდის ნაწილია?
- მე მათ ვეტყოდი, „ნუთუ მართლა გინდათ, რომ ხვალ საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს?“. თუ ისინი რუსეთის პროპაგანდას იყენებენ, გულწრფელები უნდა იყვნენ. ჩვენ ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ ვთანამშრომლობთ. ჩვენ ვაღიარებთ იმ წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს საერთაშორისო ოპერაციებში, მათ შორის როგორც ავღანეთში. საქართველოს წვლილი წარმოუდგენლად დიდია. ჩვენ ბევრ სამუშაოს ვაკეთებთ ერთად. ეს ასამბლეა, რომელიც აქ ტარდება, ჩვენი წესების გამონაკლისია. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ისტორიაში ეს მეხუთე შემთხვევაა, როდესაც სესია ნატო-ს არაწევრ ქვეყანაში იმართება. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.

- ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებს. საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საკუთარ პროგრამაში წერს, რომ საფრანგეთი მხარს არ დაუჭერს ნატო-ს გაფართოებას. საქართველოს ნატო-სკენ მსვლელობის კუთხით რა ინტერპრეტაცია უნდა მივცეთ საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის ამგვარ პოზიციას?
- ვფიქრობ, წინასაარჩევნო და სამთავრობო პროგრამები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. წინასაარჩევნო პროგრამა შეიძლება შეიცვალოს. მაკრონის გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროპისთვის. მარინ ლე პენის პრეზიდენტად გახდომა დიდ რისკს წარმოადგენდა, თუმცა ფრანგმა ხალხმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ზოგადად, საფრანგეთს აწუხებს რუსეთთან კონფლიქტი. ალბათ, ეს არის იმის მიზეზი, თუ რატომ განაცხადა მაკრონმა, რომ ის არ ხედავს ნატო-ს გაფართოების საჭიროებას. თუმცა, საფრანგეთი რეალისტურად უყურებს მოვლენებს.

- რუსეთი არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინას ემუქრება, არამედ ნატო-სა და ევროკავშირის რიგ სახელმწიფოს, კერძოდ, ბალტიისპირეთის ქვეყნებს. როგორ ფიქრობთ, რა ეფექტური მექანიზმები უნდა შეიქმნას საიმისოდ, რომ მომავალში რუსეთის საფრთხეს და შესაძლო აგრესიას გავუმკლავდეთ?
- როგორც იცით, ალიანსმა შეიმუშავა შეჩერების შთამბეჭდავი გეგმა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე. ნატო დაფუძნებულია საერთო თავდაცვის პრინციპზე. თუმცა, ცივი ომის დასრულების შემდეგ ნატო უფრო იყო ორიენტირებული ჰუმანიტარულ ოპერაციებზე, კიბერუსაფრთხოებასა და ა.შ. და ხშირად ხალხმა არც იცის, რომ ნატო ამით დაკავებულია. ხალხი ფიქრობს, რომ ნატო მხოლოდ ბომბებს ისვრის. გარდა სამხედრო ოპერაციებისა, ნატო ბევრი სხვა რამით არის დაკავებული. რუსეთის უკრაინისადმი აგრესიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ნატო-ს წესდების მე-5 მუხლი ძალიან მნიშვნელოვანია. ორი-სამი წლის ნატო მზად არ იყო დაპირისპირებოდა რუსეთის მხრიდან ლიტვასა ან ლატვიაზე ძლიერ თავდასხმას, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა. ჩვენ გვაქვს შემუშავებული გეგმა ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგისთვის.არსებობს რეაგირების ძალები, პატრულირება, საჰაერო პატრულირება... არ ვფიქრობ, რომ პუტინი დაინტერესებულია, თავს დაესხას ნატო-ს წევრ ქვეყანას. ეს მსოფლიო ომის ტოლფასი იქნება. მას არ აქვს იმის ფული, რომ მსოფლიო ომი გააჩაღოს, თუმცა, ფრთხილად უნდა ვიყოთ.


კახა დგებუაძე
„ინტერპრესნიუსი“
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები