არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
რამაზ საყვარელიძე - აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებით დროული მოქმედება შესაძლებელი იყო და ამ შანსის ხელიდან გაშვება მიმაჩნია შეცდომად, რომლის საზღაურს ახლა ვიხდით
15:48 06-06-2017
რამაზ საყვარელიძე - აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებით დროული მოქმედება შესაძლებელი იყო და ამ შანსის ხელიდან გაშვება მიმაჩნია შეცდომად, რომლის საზღაურს ახლა ვიხდით საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტის ბაქოს ციხეში აღმოჩენამ რომ საქართველოს და ქვეყნის ხელისუფლების იმიჯს უდიდესი ზიანი მიაყენა, ფაქტია. მიუხედავად იმისა, რომ ახლა აშკარად დაგვიანებულია საუბარი იმაზე, შეიძლებოდა თუ არა მომხდარის თავიდან აცილება, რატომ განვითარდა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ირგვლივ მოვლენები ისე, როგორადაც განვითარდა, თქვენ როგორ პასუხს გასცემდით ყველა ამ კითხვებს, რომლებიც ჩვენს საზოგადოებას აშკარად აწუხებს?
- გეთანხმებით, საქართველოს საერთაშორისო იმიჯს საფრთხე ემუქრება. ანალოგიური სირთულეების წინაშე აღმოჩნდა საქართველო, როცა საექსტრადიქციოდ გაამზადა საქართველოში მცხოვრები თურქი პედაგოგი, რომელმაც, რამდენადაც ვიცი, თავი ვალდებულად ჩათვალა საქართველოს მხარეს ებრძოლა 2008 წლის ომში. უნდა დაიცვას საქართველომ ეს ადამიანები, თუ პარტნიორი ქვეყნების ღია ან ფარული მოთხვნა დააკმაყოფილოს? ამ დილემამ ახლა იჩენა თავი, მაგრამ სამომავლოდ, ალბათ, კიდევ უფრო ხშირად გამოჩნდება.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტთან დაკავშირებული მსგავსი ამოცანების გადაჭრისთვის ქვეყნებს გარკვეული სტრატეგია აქვთ გამომუშავებული. როგორც წესი, სახელმწიფო არ აძლევს თავშესაფარს მის პარტნიორ ქვეყანასთან დაპირისპირებულ ადამიანს
ერთი მხრივ, საქართველოს ძალიან კარგი პარტნიორები არიან ქვეყნები, სადაც შიდა პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა შეიძლება დაჩრდილოს ადამიანის უფლებები. მეორე მხრივ, ასევე ჩვენი უმთავრესი პარტნიორები არიან დასავლეთის ის ქვეყნები, სადაც ადამიანთა უფლებების დაცვა პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენც ამ დასავლურ ღირებულებებს ვიზიარებთ და მათი დაცვით ვიწონებთ თავს დასავლეთის წინაშე. ქვეყანამ უნდა გააცნობიეროს, რომ პარტნიორების ამ ორ ჯგუფთან პასუხისმგებლობა მოვა ხოლმე ერთმანეთთან წინააღმდეგობაში და უნდა ჰქონდეს ამგვარი პრობლემის გადაჭრის მზა სქემა.
ბევრი და ჩვენზე ძლიერი ქვეყანაა ანალოგიურ მდგომარეობაში. ამერიკასაც კი წლების განმავლობაში ჰქონდა და ახლაც აქვს ურთიერთობა ქვეყნებთან, რომელთა შიდა პოლიტიკას არ ეთანხმება, მაგრამ არ ერევა მასში, თუ არ დასჭირდა საგარეო პოლიტიკისთვის. იმავე ამერიკამ გიულენი „გააპარა“ თავისი ქვეყნიდან, რათა თავი აერიდებინა თურქეთის ხელისფლებასთან დაძაბულობისთვის. ეს ის შემთხვევებია, როცა საგარეო პოლიტიკა საშინაოს გაგრძელებას არ წარმოადგენს. ასეთი ამოცანები კიდევ უფრო რთულია ჩვენნაირი ქვეყნისთვის, რომელიც უფრო მეტად არის დამოკიდებული პარტნიორებზე.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტთან დაკავშირებული მსგავსი ამოცანების გადაჭრისთვის ქვეყნებს გარკვეული სტრატეგია აქვთ გამომუშავებული. როგორც წესი, სახელმწიფო არ აძლევს თავშესაფარს მის პარტნიორ ქვეყანასთან დაპირისპირებულ ადამიანს. სომხეთმა და აზერბაიჯანმა საქართველოდან დევნილი გამსახურდია არ შეიფარა, რომ სირთულეები არ გასჩენოდათ საქართველოსთან ურთიერთობაში. სამაგიეროდ, შეიფარა ჩეჩნეთმა, რომელიც შემდეგ „ბოევიკებით“ დაუპირისპირდა საქართველოს აფხაზეთის ომში. ამდენად, თავშესაფრის მიცემა პოლიტიკური მნიშვნელობის ნაბიჯია და მისი დაფიქრებლად გადადგმა დაუდევრობაა, რომელიც გააჩენს სირთულეებს.
ხელისუფლებას ადრე უნდა გაერკვია რითი იყო დაკავებული საქართველოში ალიევის ოპოზიციონერი ადამიანი და წინასწარ შეექმნა როგორც ამ პირის, ასევე ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების უსაფრთხოების გარანტირები
როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება სხვა ქვეყნის მოქალაქის შეკედლების სირთულეს ვერ აცნობიერებდა, იგი მხოლოდ ახლა ცდილობს გაარკვიოს, თუ რას საქმიანობდა აფგან მუხთარლი. ხელისუფლებას ადრე უნდა გაერკვია რითი იყო დაკავებული საქართველოში ალიევის ოპოზიციონერი ადამიანი და წინასწარ შეექმნა როგორც ამ პირის, ასევე ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების უსაფრთხოების გარანტიები. დროული მოქმედებით ამის გაკეთება, მგონია, რომ შესაძლებელი იყო. ამ შანსის ხელიდან გაშვება მიმაჩნია შეცდომად, რომლის საზღაურს ახლა ვიხდით.
- ახლა ალბათ ყველაზე აქტუალური თემაა, თუ რით დასრულდება ეს ისტორია. მას რომ კარგი დასასრული არც შეიძლება ჰქონდეს, უკვე ჩანს. მხედველობაში მაქვს ის, რომ მთავრობა არ იღებს გადაწყვეტილებას იმ ქართველი ძალოვნების გათავისუფლებაზე, ვინც სავარაუდოდ, პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობდა აზერბაიჯანელი ოპოციციონერი ჟურნალისტის თბილისიდან გაქრობასა და ბაქოს ციხეში აღმოჩენაში. თუ მომხდარის რეზონანსულობიდან გამომდინარე, მმართველმა გუნდმა არ მიიღო გადაწყვეტილება ძალოვანი უწყების რომელიმე ხელმძღვანელის გათავისუფლების შესახებ, რა პოლიტიკური შედეგები იქნება ამ საკითხზე ხელისუფლების თავშეკავებულ ქმედებას ერთი მხრივ ქვეყნის შიგნით, ხოლო მეორე მხრივ ქვეყნის გარეთ?
- დავაკვირდეთ, რა შედეგი ექნება, როგორ აღიქმება ძალოვანების თანამდებობიდან განთავისუფლება საქმის გამოძიების დასრულებამდე?! ეს ხომ იქნება საქართველოს მხრიდან ბრალის წინასწარი აღიარება. არ მესმის, რას იგებს საქართველო ამით. ამიტომ არც ის მესმის, ქვეყნის გულშემატკივარმა ადამიანმა როგორ უნდა მოითხოვოს მინისტრების დასჯა გამოძიების დასრულებამდე. რა გითხრათ, ქვეყნის შიგნით ოპოზიცია, ალბათ, იგივეს გააგრძელებს. ხოლო ქვეყნის გარეთ მყოფები, ალბათ, დაელოდებიან გამოძიების შედეგებს.
- ახლა საქმეს ისიც ართულებს, რომ მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ უარი თქვა საქართველოს ხელისუფლების წინადადებაზე მას და მის შვილებს საქართველოს მოქალაქეობა მიეღოთ. მან ხელისუფლებას მისი მეუღლის გატაცების ფაქტზე გამოძიების დაჩქარებისაკენ მოუწოდა და იქვე დასძინა - ”თუ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი ოჯახის დახმარება უნდა, საქართველოს მოქალაქეობა ჩემს ქმარს შესთავაზოს”. ამგვარ ნაბიჯს რომ ქართული მხარე უბრალოდ ვერ გადადგამს, უკვე ცხადია. ამ საკითხზე ჩვენ ხელისუფლებას თქვენთვის რომ აზრი ეკითხა შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად, თქვენ რა რჩევას მისცემდით?
- რჩევა შეიძლება ვინმეს მისცე მაშინ, როცა იცი საქმის რეალური ვითარება. რეალური ვითარება არათუ არ ვიცი, რაიმე ვარაუდიც კი არ მაქვს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკით გატაცებულ მუხთარლის საქართველოდან ემოქმედა ალიევის საწინააღმდეგოდ და არ ეფიქრა იმაზე, თუ რა მდგომარეობაში აგდებს საქართველოს.
ერთადერთი რჩევაა და სურვილი რომ გამოძიება იყოს სწრაფი და დამაჯერებელი. გაჭიანურება ყოველთვის ზრდის ეჭვებს
არც იმის გამორიცხვა შემიძლია, რომ ალიევის ხელისუფლებას ემოქმედა ფარული ხერხებით, რაც თითქმის ყველა ქვეყანაში მომხდარა. არც იმის გამორიცხვა შემიძლია, რომ ჩვენ ძალოვნებზეც იყოს ამ საქმის ცოდვა, ახლო წარსულიდან ბევრი ასეთი გადაცდომა გვახსოვს. ამ ალტერნატივებიდან რეალურის გასაგებად დაველოდოთ, რას იტყვის ორი ქვეყნის გამოძიება და თუ მათ განცხდებებში იქნება შეუსაბამობები, მერე შეიძლება რაიმე ვერსიის გაჩენა. ერთადერთი რჩევაა და სურვილი, რომ გამოძიება იყოს სწრაფი და დამაჯერებელი. გაჭიანურება ყოველთვის ზრდის ეჭვებს.
- მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გაითვალისწინებენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ასეც რომ მოხდეს, ექსპერტთა ნაწილი და ოპოზიციის უმრავლესობა აცხადებს, რომ დიდი ალბათობით საკონსტიტუციო ცვლილებებს ”ქართული ოცნება” პოლიტიკურ ძალთა შორის ნულოვანი კონსენსუსის პირობებში მიიღებს. მათივე მტკიცებით, ეს საფრთხის შემცვლელია, ვინაიდან მმართველი გუნდის მიერ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ლიგიტიმაცია ექნება ძალიან დაბალი. თქვენი დაკვირვებით, შეძლებს თუ არა მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებები ისე არ იქნას მიღებული, რომ მას ”ნულოვანი კონსენსუსით” მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების დამღა იმთავითვე ჰქონდეს? და კიდევ, რა საფრთხეები შეიძლება წარმოიშვას თუ მმართველი გუნდის მიერ განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებების ლეგიტიმაცია ძალიან დაბალი იქნება?
- ოპოზიცია აცხადებს, რომ ის არ შეურიგდება კონსტიტუციის მიღებას „ნულოვანი კონსენსუსით“, რევოლუციურ სცენარზეც არის ლაპარაკი. რევოლუციას ხალხის მხარდაჭერა სჭირდება. როგორც გამოკვლევები აჩვენებს, ხელისუფლების მხარდამჭერთა რიცხვი შემცირებულია, მაგრამ ოპოზიციის მხარდამჭერთა რიცხვი კიდევ უფრო მცირეა. მით უმეტეს მცირე იქნება მათი რიცხვი, ვინც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის გამოვა ქუჩაში. ეს ცვლილებები ხომ მხოლოდ პარტიების ინტერესებშია და ხალხის ინტერესებს ნაკლებად ეხმიანება.
რევოლუცია ხელისუფლების დასაშინებლად არ გამოდგება. თუ რაიმე იმოქმედებს საკონსტიტუციო პროცესზე, ალბათ, ისევ ვენეციის კომისია იქნება
საერთოდაც, საქართველომ იმდენი ენთუზიაზმით დაწყებული და იმედგაცრუებით დასრულებული რევოლუცია ნახა, რომ მასში რევოლუციის მუხტის გაჩენა ძნელი წარმოსადგენია. ამიტომ, რევოლუცია ხელისუფლების დასაშინებლად არ გამოდგება. თუ რაიმე იმოქმედებს საკონსტიტუციო პროცესზე, ალბათ, ისევ ვენეციის კომისია იქნება.
- კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ბონუსის სისტემასთან დაკავშირებით მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარებას პროგნოზირებს - ხელისუფლება გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, მაგრამ მაჟორიტარები მას მხარს არ დაუჭერენ და შესაბამისად ”ბონუსის სისტემა კენჭისყრაზე ჩავარდება და დარჩება ძველი სისტემა”. რამდენად დიდია იმის ალბათობა რომ ბატონ ვახტანგის პროგნოზი გამართლდება?
- ბატონი ვახტანგი ყოველთვის ხელმძღვანელობს მიუკერძოებელი და საღი აზრით, რის გამოც მისი პროგნოზი ხშირად მართლდება. მე მგონია, გამართლდება ახლაც.
- არ ცხრება დისკუსია თვითმმართველობების შემცირებაზე. პარლამენტში უკვე ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც თვითმმართველი ქალაქების შემცირებას და 7 თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანებას ითვალისწინებს. კანონპროექტით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე მცირდება. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ექნება მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთს და ბათუმს. ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში და კიდევ 20 კანონში შედის. პროექტის ავტორია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. ისტორიული კუთხეების ისეთი მთავარი ქალაქებისთვის როგორიც თელავი, ზუგდიდი, გორი, ახალქალაქი და ონია, თვითმმართველი ქალაქების სტატუსის ჩამორთმევა გაუგებარიც კია. ზედმეტად თამამად ხომ არ ექცევა ისტორიულ წარსულს ”ქართული ოცნების” ხელისუფლება?
- ისტორიული წარსული ჯიუტია. ადრე თუ გვიან, იგი თავს მაინც გამოავლენს. თუ ვინმეს ექცევა „ოცნების“ ხელისუფლება ზედმეტად თამამად, ეს ხალხის მისადმი დამოკიდებულებაა. შეიძლება, რომ გადაწყვეტილების მიღებისას არ დაფიქრდე, ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოთა რიცხვი გაგეზრდება თუ არა? სტატუსჩამორთმეული ეს ქალაქები ხომ უკმაყოფილოთა რიცხვში გადადის.
შესაძლებელია ამგვარი პოლიტიკური მსხვერპლი გაიღო, მაგრამ საპირწონე შედეგი მაინც უნდა დაასაბუთო გასაგებად, რომ უკმაყოფილომაც კი აღიაროს შენი გადაწყვეტილების მართებულობა. ესეც არ ხდება. ზემოთ ვთქვი, რომ მუხთარლის საქმეზე წინასწარ არ დაფიქრდნენ. ახლაც იგივეს გამეორება მიწევს. სამწუხარო ტენდენციაა.
- რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის მტკიცებით, ”მოსახლეობამ დეცენტრალიზაციის სიკეთეები რომ იგრძნოს, საჭიროა ადგილზე უკეთესი მმართველობა”. მისივე თქმით, 2014 წელს დეცენტრალიზაციის ძირითადი პრინციპები კი განისაზღვრა, მაგრამ რა 8-12 ფუნქცია გადავა ადგილობრივი თვითმმართველობების მოვალეობებში, ამის სტრატეგიას ხელისუფლება წლის ბოლოსთვის გაწერილ სტრატეგიაში წარმოადგენს.
ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნები, სავარაუდოდ, ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. იქნებ ბევრად უმჯობესი იქნებოდა თვითმმართველობების შემცირებაზე ხელისუფლებას იმის შემდეგ ემსჯელა, როცა თვითმმართველობების 8-12 პუნქტიან სტრატეგიას განსაზღვრავდა. თქვენი აზრით, რას შეიძლება უკავშირდებოდეს თვითმმართველობებთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან, როგორც მინიმუმ, არათანმიმდევრულობა? თან, მოახლოებული არჩევნების წინ...

- მე მგონია, რომ არა აქვთ წინასწარ განსაზღვრული საარჩევნო სტრატეგია და შემთხვევითი ვარიანტები საჯაროვდება. ალბათ, ზაფხულის ბოლოს უფრო გასაგებ სურათს ვიხილავთ.
თუ უმრავლესობას შეადგენენ რეპუტაციაშერყეულები, ისინი თავისნაირს აირჩევენ. თავისუფალი არჩევანი საუკეთესოს არჩევას გულისხმობს მხოლოდ მაშინ, თუ ამრჩევთა უმრავლესობას საუკეთესო უნდა
- იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 11 რაიონში სასამართლოების თავმჯდომარეები დანიშნა. სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს ბევრი საკმაოდ კვალიფიციური კრიტიკოსი ჰყავს. განსაკუთრებული კრიტიკა ისმის იმ მოსამართლეების მისამართით, ვინც წინა ხელისუფლების პერიოდში ხელისუფლების სასარგებლო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში არიან შემჩნეული. თქვენ როგორ შეაფასებდით სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს და იმას, რომ ხელისუფლება რეპუტაციაშერყეული მოსამართლეების მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას ავლენს და თავად მოსამართლეებს არ აძლევს სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის საშუალებას?
- მომხდარმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ თავისუფალი არჩევანის პირობებში გამორიცხული არაა, მოსამართლეებმა ისევ რეპუტაციაშერყეულები აირჩიონ. ნებისმიერი არჩევნების ბედს წყვეტს უმრავლესობა.
თუ უმრავლესობას შეადგენენ რეპუტაციაშერყეულები, ისინი თავისნაირს აირჩევენ. თავისუფალი არჩევანი საუკეთესოს არჩევას გულისხმობს მხოლოდ მაშინ, თუ ამრჩევთა უმრავლესობას საუკეთესო უნდა. სანამ ამგვარი უმრავლესობა არ ჩამოყალიბებულა, დანიშვნის წესი უფრო მისაღები არის იმ შემთხვევაში, თუ... დამიშნავსაც რეპუტაციაშერყეული არ სურს.
ამ მოჯადოებული წრიდან გამოსავალი მთელ რიგ ქვეყნებში ნაპოვნია იმით, რომ სასამართლო სისტემის საკვანძო პირებს ირჩევს ხალხი. შეიძლება, ღირს იმაზე ფიქრი, რომ ჩვენთანც ანალოგიური სისტემა დაინერგოს.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები