არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
19-01-2018
ზაალ ანჯაფარიძე - თუ დაკავებული რეპერები არ გამოუშვეს, აქციას, რომელიც ყველაზე დიდი სპონტანური აქცია იყო ბოლო 5 წლის განმავლობაში, მოჰყვება გაგრძელება და დაემატება ახალი მოთხოვნები
13:53 11-06-2017
ზაალ ანჯაფარიძე - თუ დაკავებული რეპერები არ გამოუშვეს, აქციას, რომელიც ყველაზე დიდი სპონტანური აქცია იყო ბოლო 5 წლის განმავლობაში, მოჰყვება გაგრძელება და დაემატება ახალი მოთხოვნები საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარებაზე აზერბაიჯანელი დეპუტატის, ელმან ნასიროვის განცხადებამ, რომ მომხდარი აზერბაიჯანული და ქართული სპეცსამსახურების თანამშრომლობის შედეგია, მუხთარლის საქმე, რომელსაც სკანდალურობა ისედაც არ აკლდა, ამ თემაზე თბილისში ხმაურის კიდევ ერთი საბაბი გახლდა. ჩვენმა სუს-მა აზერბაიჯანელის განცხადება კატეგორიულად უარყო, მაგრამ მას დამაჯერებლობა რომ აშკარად აკლდა, ფაქტია. იმის გათვალისწინებით, რომ ამ თემაზე გამოძიების დასრულებას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აკვირდება, თქვენი აზრით, მუხთარლის თემაზე ქართული მხარისთვის საუკეთესო დასასრული როგორი შეიძლება იყოს?
- აფგან მუხთარლის საქმე შეიძლება ჩვენი ხელისუფლებისათვის „პანდორას ყუთი“ აღმოჩნდეს. თუკი, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ქართველ სამართალდამცავებს მის გატაცებასა და საზღვარზე გადაყვანაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მაშინ გამოდის, რომ აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა განახორციელეს ეს ოპერაცია ჩვენს ტერიტორიაზე, ისე რომ ჩვენს შესაბამის სტრუქტურებს ეს ყველაფერი გამოეპარათ.
ხელისუფლებას ვურჩევდი მაქსიმალურად თავი შეიკავოს არაადეკვატური განცხადებებისგან, რადგანაც ამ სიტუაციაში მისი ყოველი სიტყვა შეიძლება მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული

თუ მართლაც ასე მოხდა, აქ უკვე მთლიანად სახელმწიფოს, მისი ინსტიტუტებისა და მოქმედი ხელისუფლების ქმედუნარიანობაზეა საუბარი და ხელისუფლებას მაინც მოუწევს ამის გამო პასუხისმგებლობის აღება. გარდა ამისა, ამ ინციდენტის გამო აზერბაიჯანთან ურთიერთობები იქნება გასარკვევი, რადგანაც ასეთი ქმედებები ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში დარღვევაა, ისევე როგორც საერთაშორისო ნორმების. თუმცა ეს მხოლოდ ვერსიებია და მეც სხვებთან ერთად ველოდები გამოძიების შედეგებს. რაც შეეხება აზერბაიჯანელი დეპუტატის განცხადებას, მან თავისი თავდაპირველი განცხადება შემდეგ უარყო და სხვათა შორის, ესეც გახლავთ მუხთარლის საქმის გარშემო ინფორმაციული ხასიათის კონფლიქტების კიდევ ერთი მაგალითი.
ხელისუფლებისთვის საუკეთესო დასასრული მუხთარლის საქმეს ვერ ექნება, რადგანაც პროცესი უკვე შორს წავიდა და ვერც ძალოვანი მინისტრების შესაძლო გადაყენებით მოხდება პოლიტიკური და რეპუტაციული ზარალის სრული კომპენსაცია.
ხელისუფლებას ვურჩევდი სასწრაფოდ დაიქირავოს პროფესიონალური უცხოური პიარ-კომპანია, რაკი საკუთარი არ ჰყავს, რომელიც დაეხმარებოდა საერთაშორისო არენაზე შელახული იმიჯისა და პოზიციების აღდგენაში

ხელისუფლებას ვურჩევდი, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავოს არაადეკვატური განცხადებებისგან, რადგანაც ამ სიტუაციაში მისი ყოველი სიტყვა შეიძლება მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. ასევე, სასწრაფოდ დაიქირავოს პროფესიონალური უცხოური პიარ-კომპანია, რაკი საკუთარი არ ჰყავს, რომელიც დაეხმარებოდა საერთაშორისო არენაზე შელახული იმიჯისა და პოზიციების აღდგენაში.
- სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე „ევროპულმა საქართველომ“, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „რესპუბლიკური პარტიამ” ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მასში ნათქვამია, რომ ”ქართულმა” ოცნებამ” საკუთარ თავზე მოირგო ყველა ის მანკიერება, რაც სასამართლო სისტემაში არსებობდა. ისინი ითხოვენ მოსამართლეთა დანიშვნების დაუყოვნებლივ შეჩერებას და სასამართლო ხელისუფლებიდან ყველა იმ პირის ჩამოშორებას, რომელსაც არ გააჩნია საზოგადოების ნდობა.
ეს განცხადება იმითაა საინტერესო, რომ ”ქართული ოცნების” კოალიციიდან გამოსულმა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „რესპუბლიკურმა პარტიამ” და ”ნაციონალებს” გამოყოფილმა ”ევროპელმა დემოკრატებმა” ერთობლივი განცხადება პირველად გაავრცელეს. თან ისეთ თემაზე, რომელიც კარგა ხანია საზოგადოებას ნამდვილად აწუხებს. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ დასახელებულმა პოლიტიკურმა ძალებმა ერთმანეთთან აქტიური თანამშრომლობა სასამართლო სისტემაში არსებული უმძიმესი ვითარებით დაიწყონ და შემდგომ ერთიან პოლიტიკურ ძალადაც იქცნენ? ან თბილისის მერობისასთვის ბრძოლაში მათ ერთიანი კანდიდატი ჰყავდეთ?
- ყველას კარგად მოეხსენება, რომ პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მტრები, მაგრამ არსებობენ მუდმივი ინტერესები. ვფიქრობ, სწორედ ინტერესთა თანხვედრა გახდა მათი ერთობლივი პოლიტიკური განცხადების მიზეზი. ორიოდე წლის წინ ეს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ დღეს რეალობაა. ეს ერთობლივი განცხადება შეიძლება განვიხილოთ მათი პოლიტიკური თანამშრომლობის ნიადაგის მოსინჯვად. ისე კი, ამ პარტიებში გაერთიანებულ ლიდერებს მსგავსი ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის გარდა, ბევრი რამე აკავშირებთ წარსულში, რომლის გადახაზვაც ჩვენთან ასე მარტივად არ ხდება.
საკითხი რაც მათ დააყენეს, ნამდვილად აქტუალურია. თუ ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მაღალი სტანდარტი გვსურს, სასამართლო უნდა გათავისუფლდეს ისეთი მოსამართლეებისგან, რომელთა წარსული საქმიანობა, პროფესიული თუ პიროვნული რეპუტაცია ეჭვებს და კითხვებს აჩენს.
ერთობლივი განცხადება შეიძლება განვიხილოთ მათი პოლიტიკური თანამშრომლობის ნიადაგის მოსინჯვად... ამ პარტიებში გაერთიანებულ ლიდერებს მსგავსი ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის გარდა, ბევრი რამ აკავშირებთ წარსულში, რომლის გადახაზვაც ჩვენთან ასე მარტივად არ ხდება

როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მან, სამწუხაროდ, სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორების ზეგავლენით, ვერ გაბედა სასამართლოს და პროკურატურის გაწმენდა სახელშელახული პირებისგან და ამ სტრუქტურების პალიატიური რეფორმების გზა ამჯობინა. მაგრამ როგორც ცნობილი ანდაზა ამბობს; „ძველ ტიკში ახალი ღვინო არ ჩაისხმება.“
- ”რუსთავი-2”-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი და ამავე კომპანიის გენდირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერობისთვის ”ნაცმოძრაობის” სახელით იბრძოლებს. ფაქტია, რომ ეს გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიღებულია. თქვენი დაკვირვებით, რას შეიძლება ნიშნავდეს ზაალ უდუმაშვილთან დაკავშირებით სააკაშვილის გადაწყვეტილება?
- უდუმაშვილს ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია შეთავაზებაზე თანხმობა. თუმცა ის, რომ „ნაცმოძრაობა“ თბილისის მერობის კანდიდატს პარტიის გარეთ ეძებს, მოწმობს პარტიაში არსებულ კრიზისზე. რომ მის რიგებში ვერ მოიძებნა თუნდაც ერთი ადამიანი, ვინც დედაქალაქის მერობაზე კონკურენტუნარიანი კანდიდატი იქნებოდა. ამას გარდა, ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ეჭვებს „რუსთავი-2“-ზე, როგორც „ნაცმოძრაობასთან“ აფილირებულ ტელევიზიაზე.
- ფაქტია, რომ დიდი გაურკვევლობაა ”რუსთავი-2”-ში, მაგრამ იქ რომ ასეთი ვითარება დიდხანს ვერ გაგრძელდება, ესეც ცხადია. დამკვირვებელთა ერთი ნაწილი ”რუსთავი-2”-ში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას ხელს ივანიშვილისკენ იშვერს, მეორე ნაწილი კი სააკაშვილისკენ. თქვენი დაკვირვებით, რა ხდება ”რუსთავი-2”-ში და სავარაუდოდ, რით დასრულდება ამ კომპანიაში სადღეისოდ არსებული გაურკვევლობა?
- ”რუსთავი-2”-თან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების ჯაჭვი და სხვა ინფორმაცია, რომელიც მეტ-ნაკლებად სანდო წყაროებიდან მოდის, მაძლევს საფუძველს ვივარაუდო, რომ არის გარკვეული უთანხმოებები „რუსთავი-2“-ის ფაქტობრივ მფლობელებსა და გვარამიას შორის, რაც შესაძლოა აისახა ტელეკომპანიის დაფინანსებაზეც.
თუ გვარამია და მისი გუნდი წავლენ და ამის შემდეგ ტელეკომპანიაში ფინანსური სიტუაცია მეტ-ნაკლებად გამოსწორდება, მაშინ ბევრ რამეს მოეფინება ნათელი

თუ გვარამია და მისი გუნდი წავლენ და ამის შემდეგ ტელეკომპანიაში ფინანსური სიტუაცია მეტნაკლებად გამოსწორდება, მაშინ ბევრ რამეს მოეფინება ნათელი. ამის შემდეგ უკვე „რუსთავი-2“-ის სარედაქციო პოლიტიკაზე დაკვირვება მოგვცემს საშუალებას უფრო ზუსტად ვთქვათ, ვინ და რა იდგა ამ ყველაფრის უკან. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ „რუსთავი-2-ის“ საქმე სტრასბურგში იხილება და ტელეკომპანიაში განვითარებულ მოვლენებს იქ აუცილებლად გაითვალისწინებენ.
- საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიის დასკვნის პროექტის დეტალები ცნობილია. მიუხედავად იმისა, რომ იგი დასკვნის საბოლოო ვარიანტი არ აღმოჩნდა, მასზე ჩვენში საკმაოდ სერიოზული დისკუსია იყო. ხელისუფლება დასკვნის მხოლოდ იმ ნაწილზე შეეცადა ყურადღების გამახვილებას, სადაც საკონსტიტუციო კომისიის მიერ გაგზავნილი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე დადებითი კონტექსტი ჭარბობდა, ხოლო ოპოზიცია კი პირიქით. გასაგებია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში უამრავ საკითხებზეა საუბარი, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით ვენეციის კომისიის არა საბოლოო, მაგრამ მაინც დასკვნის პროექტს?
- ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა არ აღმოჩნდა ხელისუფლებისათვის ისე დრამატული, როგორც მისი ოპონენტები პროგნოზირებდნენ. ამავე დროს ის არ აღმოჩნდა ისეთი ოპტიმისტური და დადებითი, როგორც ხელისუფლება ცდილობს დაგვაჯეროს.
ის რეკომენდაციები, რაც გასაჯაროვდა, ასახავს ვენეციის კომისიის სურვილს, საქართველო შეძლებისდაგვარად დაუახლოვოს ევროპულ სტანდარტებს.
- ვენეციის კომისიამ მოიწონა 5% ბარიერის არსებობა. როცა პარტიებს ბლოკების შექმნის უფლება აღარ ექნებათ, ფაქტია, გაიზრდება დაკარგული ხმების რაოდენობაც. ეს კი ცხადია, რომ წინაპირობაა ერთპარტიული უმრავლესობის შექმნის. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ბონუსებზე და ასევე 5%-იანი ბარიების მოწონებაზე ვენეციის კომისიის დასკვნამ?
- მესმის, რომ ჩვენი ჯერჯერობით დაბალი პოლიტიკური კულტურის პირობებში, ერთპარტიული უმრავლესობა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ კონსტიტუციას ხომ გრძელვადიან პერიოდზე გათვლით ვიღებთ და ამ ხნის მანძილზე იმედია უკეთესი პოლიტკულტურა და პოლიტიკოსები გვეყოლება და საპარლამენტო უმრავლესობაც ერთი პარტიის ხელში, მით უმეტეს თუ ეს ხალხის ნების გამოხატულებაა, აღარ იქნება აღქმული ასე ტრაგიკულად, როგორც ეხლა.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გადაუნაწილებელი მანდატების სამართლიან განაწილებაზე ბარიერგადალახულ პარტიებზე, სწორი რეკომენდაციაა. მე თავიდანვე უსამართლოდ მიმაჩნდა ამ მანდატების მხოლოდ პირველ ადგილზე გასულ პარტიისათვის მიკუთვნება და ჩემი აზრით, ისინი 2 ან 3 საუკეთესო შედეგის მქონე პარტიებზე უნდა გადანაწილდეს შესაბამისი პროპორციით, რომლის სქემაც შესამუშავებელი იქნება.
ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა არ აღმოჩნდა ხელისუფლებისათვის ისე დრამატული, როგორც მისი ოპონენტები პროგნოზირებდნენ. ის ასევე არ აღმოჩნდა ისეთი ოპტიმისტური და დადებითი, როგორც ხელისუფლება ცდილობს დაგვაჯეროს

რაც შეეხება 5% ბარიერს, აქაც ვენეციის კომისია მას ლეგიტიმურად მიიჩნევს და ეს სავსებით სამართლიანია. ვერ ვხედავ ბარიერის დაწევის აუცილებლობას, რათა ხელოვნური მრავალპარტიულობით პარტოკრატიის დამყარებას შევუწყოთ ხელი. რა საჭიროა ქრონიკულად ჩამორჩენილი და უპერსპექტივო პარტიების ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთება?!
ჩვენი კანონმდებლობით, 3% ბარიერის დამძლევი პარტიები ისედაც იღებენ ბიუჯეტიდან დაფინანსებას და ამ თანხის რაციონალურად გამოყენების შემთხვევაში, შეუძლიათ მომავალი არჩევნებისთვის უკეთ მოემზადონ.
- თამარ ჩუგოშვილის მტკიცებით, ვენეციის კომისია აღნიშნავს - ”ეს ცვლილებები სრულყოფილს ხდის საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციას საპარლამენტო სისტემაზე გადასვლისაკენ, რომელიც 2010 წლის რეფორმებით დაიწყო და წარმოადგენს პოზიტიურ წინგადადგმულ ნაბიჯს ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის კონსოლიდაციისა და გაუმჯობესებისკენ, კანონის უზენაესობის დამკვიდრებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვისკენ.” მეტიც 2010 წელს მათ გასცეს რეკომენდაცია გაძლიერებულიყო პარლამენტის ფუნქცია და დახვეწილიყო უნდობლობის გამოცხადების პროცედურა.” კომისია ამბობს, რომ შემოთავაზებული რეფორმა პასუხობს ამ რეკომენდაციას და იგი მიესალმება საკონსტიტუციო ცვლილებების ამ პროცესს. ვითარებაში, როცა პარლამენტარებს ნებაყოფილობით აქვთ უარი ნათქვამი ან ამჟღავნებენ სრულ უუნარობას აკონტროლონ მთავრობა, რამდენად გაქვთ იმის მოლოდინი, რომ კონსტიტუციურად პარლამენტის გაძლიერება პრაქტიკულად იმუშავებს?
- როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ბევრად თუ არა მთლიანად დამოკიდებული იქნება ჩვენი პოლიტიკური კულტურისა და პოლიტიკური სისტემის დახვეწის ტემპზე. დღევანდელი პოლიტიკური კულტურა ისეთია, რომ პარლამენტართა უმრავლესობას მიაჩნია - თუ მთავრობა კონტროლის მარწუხებში მოაქციე, ეს ზედმეტი თავის ტკივილია და შესაძლოა, ამის გამო პრობლემებიც შეექმნათ. ამიტომაც ცდილობენ რეალური კონტროლის ნაცვლად მისი იმიტაცია შექმნან .
- პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ყურადღებას იმაზე ამახვილებენ, რომ ვენეციის კომისიის აზრით, ისეთ ქვეყანაში როგორც საქართველოა, რომელსაც დემოკრატიის დიდი ტრადიციები არ აქვს, საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებებმა გააძლიეროს ისეთი ინსტიტუტები, როგორიცაა პრეზიდენტის ინსტიტუტი და საკონსტიტუციო სასამართლო, რომლებმაც ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი უნდა უზრუნველყოს.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით პრეზიდენტის ინსტიტუტს მნიშვნელოვნად უმცირდება ფუნქციები. ძნელი დასაჯერებელია, ვენეციის კომისიას ეს ვერ შეემჩნია. მართალია, კომისიამ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კარგი იქნებოდა თუ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ასაკი 35 წლის ნაცვლად კიდევ თუ გაიზრდებოდა. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ წარმოდგენილი სახით საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში საქართველო რეალურად აღმოჩნდება ვითარებაში, როცა სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი აშკარად დარღვეული აღმოჩნდება? მხედველობაში მაქვს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არჩეული მთავრობა, პარლამენტისა და ხმოსნების მიერ არჩეული უფლებშეკვეცილი პრეზიდენტი, და საპარლამენტო უმრავლესობის მიერვე დაკომპლექტებული საკონსტიტუციო სასამართლო...

- თუ როგორი იქნება ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი გამოჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ქვეყანა და ხელისუფლება ახალი კონსტიტუციით დაიწყებენ ცხოვრებას და რეალურ პოლიტიკურ სიტუაციებში შემოწმდება რამდენად ეფექტურია ხელისუფლების შტოებს შორის უფლებამოსილებების გადანაწილება, ასევე ურთიერთგაწონასწორებისა და შეკავების არსებული მექანიზმები.
აბსოლუტურად მართებულია რეკომენდაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ასაკობრივი ცენზის გაზრდაზე. საკვირველია, რომ ვენეციის კომისიამ ეს რეკომენდაცია მხოლოდ ეხლა მოგვცა და არა უფრო ადრე

მანამდე კი ყველა მსჯელობა მხოლოდ ჰიპოტეთური იქნება. სხვათა შორის, აბსოლუტურად მართებულია რეკომენდაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ასაკობრივი ცენზის გაზრდაზე. საკვირველია რომ ვენეციის კომისიამ ეს რეკომენდაცია მხოლოდ ეხლა მოგვცა და არა უფრო ადრე.
- ვენეციის კომისიამ კონსტიტუციაში ოჯახის განსაზღვრების ჩაწერის პარალელურად, საკანონმდებლო დონეზე ერთსქესიანი წყვილების სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრა გვირჩია. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა - ”საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას მოსახლეობას ორ საკითხზე ჰქონდა ემოციური დამოკიდებულება, ორივე გათვალისწინებული იქნება.” საუბარია მიწის უცხოელებზე არგასხვისებისა და ქორწინების განმარტებასთან დაკავშირებულ ფორმულირებაზე.” ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილებით ხელისუფლებამ აუტკივებელი თავი აიტკივა. თქვენი აზრით, რატომ?
- მმართველი პარტია იძულებულია „აიტკივოს თავი“ ამ საკითხების ისე მოგვარებით, როგორც ამას საზოგადოების უმრავლესობა ითხოვს ხელისუფლებისგან და რომელთა ხმებითაც ის ხელისუფლებაში მოვიდა.
გარდა ამისა, ამ საკითხების წამოწევა პოლიტიკური ქულების მომტანია საზოგადოების კონსერვატულად განწყობილ ნაწილში. ხელისუფლების დაპირებებმა მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით ვნებათაღელვები დროებით ჩააცხრო. თუმცა, ჯერ არ ვიცით საბოლოოდ რა სახის ჩანაწერი გაკეთდება კონსტიტუციაში.
რაც შეეხება კონსტიტუციაში ქორწინების და ოჯახის რაობის განსაზღვრის სახელისუფლებო ვარიანტს, ვენეციის კომისია აქაც ცდილობს ევროპული სტანდარტი შემოგვთავაზოს.
მმართველი პარტია იძულებულია „აიტკივოს თავი“ მიწისა და ქორწინების საკითხების ისე მოგვარებით, როგორც ამას საზოგადოების უმრავლესობა ითხოვს ხელისუფლებისგან და რომელთა ხმებითაც ის ხელისუფლებაში მოვიდა

ფაქტობრივად, მისი რეკომენდაცია ითვალისწინებს, რომ იმას, რასაც ჩვენთან არარეგისტრირებული ქორწინება ანუ პარტნიორობა ეწოდება, ოფიციალური სტატუსი მიენიჭოს. ამით კი ფაქტობრივად ნეიტრალდება კონსტიტუციაში ოჯახის და ქორწინების შესახებ ახალი ჩანაწერის მნიშვნელობა. თუ ასე მოხდა, ვფიქრობ, საზოგადოების კონსერვატიულ ნაწილს ამაზე მწვავე რეაგირება ექნება.
- პარლამენტის შენობასთან ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ მხარდამჭერი აქცია ხალხმრავალი აღმოჩნდა. აქციის ორგანიზატორებმა დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტური აქციები დაანონსეს. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული რეპერის, მიხეილ მგალობლიშვილის თქმით, ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მას ამოუღეს, თავად არ ეკუთვნის და ის პოლიციამ ჩაუდო. როგორც ჩანს, ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ დაკავებასთან დაკავშირებით პროცესები ერთი აქციით არ დასრულდება...
- ხელისუფლებით და ძალაუფლებით ტკბობა, ასევე არასათანადო საპარლამენტო და სამოქალაქო კონტროლი იწვევს ამ სტრუქტურების ცალკეულ წარმომადგენლებში განცდას, რომ ყველაფერი შენია და ყველაფერი გაგივა. მე მგონი, ეს იყო ყველაზე მაშტაბური სპონტანური სამოქალაქო პროტესტი, რომელიც ამ ხელისუფლებამ მიიღო ბოლო 5 წლის მანძილზე, აქცია, რომელსაც არ ჰყოლია ლიდერები და როგორც ჩანს, არც პოლიტიკური რეჟისორები.
თუ დადგინდა, რომ რეპერებს მართლაც ჩაუდეს ნარკოტიკი რათა დაეკავებინათ მხოლოდ სარკასტული კლიპის გამო, რომელიც ვიღაცას პოლიციაში არ მოექონა, ის ვინც ჩაიდინა უნდა დაისაჯოს კანონის მიხედვით და არა მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლებით.
დიდი ეჭვი მაქვს, რომ შსს-მ რეპერებთან დაკავშირებით გადაამლაშა და ახლა სხვებს უწევთ სხვების გაფუჭებულ-დასვრილის მიწმენდ-მოწმენდა

თუ დაკავებული რეპერები არ გამოუშვეს, აქციას, დიდი ალბათობით მოჰყვება გაგრძელება და დაემატება ახალი მოთხოვნები და პროტესტი თოვლის გუნდასავით აგორდება და მერე ამას ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვისაც ძალიან არასასურველი შედეგი შეიძლება მოჰყვეს.
რაკი ამ თემაზე პრემიერის და ვიცე-პრემიერის და კიდევ პარლამენტის ვიცე-სპიკერის დონეზე გაკეთდა შესაბამისი ტონალობის განცხადებები. დიდი ეჭვი მაქვს რომ შსს-მ რეპერებთან დაკავშირებით გადაამლაშა და ახლა სხვებს უწევთ სხვების გაფუჭებულ-დასვრილის მიწმენდ-მოწმენდა.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები