არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
ლევან ალექსიძე - თუ აფხაზეთში დაბრუნებულმა მოსახლეობამ მიიღო აფხაზეთის ან რუსეთის მოქალაქეობა, მათ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება მოუწევთ
09:28 14-06-2017
ლევან ალექსიძე - თუ აფხაზეთში დაბრუნებულმა მოსახლეობამ მიიღო აფხაზეთის ან რუსეთის მოქალაქეობა, მათ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება მოუწევთ უკანასკნელ პერიოდში აფხაზეთში მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილებების სამართლებრივ ასპექტებზე ”ინტერპრესნიუსი” აკადემიკოს ლევან ალექსიძეს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, მიმდინარე წლის 30 მარტს სოხუმის ხელისუფლებამ გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის სამართლებრივი სტატუსი განსაზღვრა. სიმართლე გითხრათ, მქონდა მოლოდინი, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ მიღებულ ამ დოკუმენტს ხელისუფლების წარმომადგენლები შეაფასებდნენ, მაგრამ ვინაიდან ამგვარი არც არაფერი მომხდარა, ხოლო პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითმა კომიტეტმა ამას წინათ, რატომღაც, მხოლოდ გალის რაიონის სკოლებში პრაქტიკულად ქართული ენის რუსული და აფხაზური ენებით ჩანაცვლების პრობლემებზე იმსჯელა, გადავწყვიტეთ თქვენთვის მოგვემართა.
ვიდრე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ მიღებული დოკუმენტების სამართლებრივ შეფასებას გთხოვდეთ, მინდა გკითხოთ - თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომიტეტის სხდომამ, რომელიც ხმაურიანი აღმოჩნდა და დაპირისპირების ნიშნით წარიმართა?
- რაც ტელევიზიით ვიხილეთ, ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა, იმ თვალსაზრისით, რომ არგუმენტების არარსებობის პირობებში შეკრებილები ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ერთნი ოპონენტების ციხეში ჩასმას მოითხოვდნენ, მეორენი ისევე აყენებდნენ თავის ოპონენტებს შეურაცხყოფას, როგორც მათვე შეურაცხყოფდნენ.
როგორც ყოველთვის, განსაკუთრებით აქტიურობდა დეპუტატი ადა მარშანია. ჩემთვის გაუგებარია, რატომ მოითხოვდა იგი ასე დაჟინებით სხდომის დახურულ რეჟიმში ჩატარებას. რა ისეთი საიდუმლო იყო ის, რის განხილვასაც კომიტეტი აპირებდა? საერთოდ, ადა მარშანიას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ბატონ ლორიკ მარშანიას ქალიშვილია, რომელიც ბრწყინვალე დიპლომატი და პოლიტიკოსი იყო და გამოირჩეოდა თავისი მშვიდი, მაგრამ პოლიტიკურად ძალზე მძაფრი გამოსვლებით და პუბლიკაციებით.
ამას წინათ მასმედიაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთის აზრით ცუდი არ იქნებოდა აფხაზებთან კონფედერაციის შექმნა. სიმართლე გითხრათ, დღესაც გაოგნებული ვარ ამ წინადადებით.
ბინადრობის უფლება პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ ამგვარი დოკუმენტის მფლობელი არის უცხოელი. ანუ, გალში მცხოვრები ქართველები უცხოელებად არიან მიჩნეულიც და გამოცხადებულიც

დავუბრუნდეთ კომიტეტის სხდომას. ჩემთვის გასაკვირი იყო ის, რომ ძირითადად გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის სწავლების მდგომარეობის საკითხი განიხილებოდა. გალის რაიონში ქართული ენის სწავლების საკითხები აქტუალურია, მაგრამ ახლა არანაკლებ აქტუალურია თუ რა გადაწყვეტილებები მიიღო სოხუმის ხელისუფლებამ გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის სტატუსის განსასაზღვრავად.
სოხუმის ხელისუფლების მიერ გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის სტატუსის განსასაზღვრავად მიღებული გადაწყვეტილებები ჩვენი მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ვინაიდან, როგორც ჩანს, გალის რაიონში მცხოვრებლებთან მიმართებაში სოხუმის ხელისუფლებამ ახალი ტაქტიკა და სტრატეგია შეიმუშავა, რომელსაც პრაქტიკულად ახორციელებს. ამ საკითხების მიმართ მეტი ძალისხმევა მართებს თუნდაც იმავე დროებით კომისიას, რომლის ხმაურიანი დასაწყისი ჩვენ ტელევიზიებით ვნახეთ.
რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ამ ახალ ეტაპსა და დაწყებულ პროცესს გალის მოსახლეობასთან მიმართებაში ან არ ვიმჩნევთ, ან ვერ ვამჩნევთ. რეალურად რასთან გვაქვს საქმე, ზუსტად მიჭირს თქმა.
არადა, აპრილის ბოლოდან აფხაზეთში, კერძოდ, გალის რაიონის მცხოვრებთა მიმართ, დაიწყო გარკვეული რეგულაციების რეალიზაცია. არ შეიძლება არ გამოვხატო გაკვირვება და შეშფოთება იმის გამო, რომ ქართველები აფხაზეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეებად ცხადდებიან ან შეიძლება გამოცხადნენ. ვგულისხმობ გალის რაიონის მცხოვრებლების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას.
პარლამენტის დროებითმა კომიტეტმა გალის რაიონში მხოლოდ ქართული ენის შევიწროების საკითხებზე იმსჯელა. არადა, ქართული ენის შევიწროების საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდათ რეაქცია და მათი მხრიდან მიღებულ იქნა უმკაცრესი გადაწყვეტილებები.
- სოხუმის ხელისუფლებამ გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის სამართლებრივი სტატუსი განსაზღვრა. 18 აპრილიდან აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების შს სამინისტროს საპასპორტო სამმართველომ დაიწყო საბუთების მიღება, რომლითაც გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობა აფხაზეთში ბინადრობის ნებართვას მიიღებს. მათთვის განსაზღრული სტატუსი კი ასეთია - უცხო ქვეყნების მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები მიიღებენ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება მათზე გაცემული ნებართვა მუდმივად იცხოვრონ აფხაზეთის რესპუბლიკაში და თავისუფლად შევიდნენ ან დატოვონ აფხაზეთის რესპუბლიკა. სოხუმის ხელისუფლების შსს-ს მინისტრის, ასლან კობახიას განმარტებით, - „დოკუმენტი - ”აფხაზეთში ცხოვრების ნებართვა” არ არის აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი“. მისივე თქმით, გალის რაიონში მცხოვრებლები მიიღებენ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება მათი ვინაობა და მათი სამართლებრივი სტატუსია განსაზღრული, რაც მათ დამშვიდების საშუალებას მისცემს.
თქვენ როგორ შეაფასებდით გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის სოხუმის ხელისუფლების მიერ განსაზღვრულ სამართლებრივ სტატუსს?
- შეშფოთებული ვარ იმდენად, რამდენადაც ნორმატიული აქტი, რომელიც სეპარატისტებმა მიიღეს, ეწინააღმდეგება ყველა რეზოლუციას, რომელიც მიიღო გაეროს უშიშროების საბჭომ და ბოლო წლებში იღებს გაეროს გენერალური ასამბლეა.
სოხუმის ხელისუფლების მიერ გალის რაიონის მცხოვრებთა მიმართ განსაზღრული სტატუსი ისევე არალეგიტიმურია, როგორც აფხაზეთის მიერ გამოცხადებული დამიუკიდებლობა და მისი აღიარება რუსეთის მიერ.
გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2010 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა დონეზე მიღებული რეზოლუციები „აფხაზეთში, საქართველო, და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, საქართველო, ლტოლვილთა და ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული ა.წ. 3 მაისის რეზოლუცია და სხვ. დაფიქსირებულია გადაწყვეტილებები დევნილთა და გადაადგილებულ პირთა უპირებო დაბრუნების შესახებ, მათთვის ქონების უკან დაბრუნებასა და კომპენსაციის გაცემაზეც კი არის საუბარი, ვინაიდან ისინი აფხაზეთის რეგიონის ძირძველ მოსახლეობას წარმოადგენენ. საერთაშორისო თანამეგობრობას არაერთ მიღებულ დოკუმენტში დაგმობილი აქვს რეგიონში დემოგრაფიის შეცვლის მცდელობა და განდევნილი მოქალაქეების ნაცვლად სხვების ჩასახლების შემთხვევები.
იმ ქვეყანაში, სადაც კანონითაა შესაძლებელი ბინადრობის უფლების მინიჭება, პრაქტიკულად დაკანონებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მეორეხარისხოვან ადამიანებად ყოფნა

გალის რაიონში დღეისათვის მცხოვრები მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეები არიან, ზოგი დაბრუნდა და ცხოვრობს აფხაზეთში, ზოგი ვერ ბრუნდება. საქართველოს მოქალაქეობა მათ აძლევთ საშუალებას ზუგდიდის გავლით გადმოვიდნენ ენგურსგამოღმა და ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ ახლობლებთან და ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რაც ესაჭიროებათ. მხედველობაში მაქვს არა მხოლოდ მკურნალობა, ბევრი დაკავებულია მცირე ბიზნესით.
ამ გადაწყვეტილებაში საინტერესო ბევრი რამ გახლავთ. ბინადრობის უფლება პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ ამგვარი დოკუმენტის მფლობელი არის უცხოელი. ანუ, გალში მცხოვრები ქართველები უცხოელებად არიან მიჩნეულიც და გამოცხადებულიც. მათი ცხოვრება აფხაზეთში დამოკიდებულია იმაზე, მისცემს თუ არა მას აფხაზეთში დროებითი ბინადრობის უფლებას ხელისუფლება.
ევროპის საბჭოს მინისტრთა საბჭომ 3 მაისს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთია გამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ბატონ-პატრონად. შესაბამისად, ყველა პრეტენზიები, რაც ამ რეგიონებში საერთაშორისო საზოგადოებას აქვს, რუსეთს უკავშირდება.
აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში მიღებულ ყველა დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს ტერიტორიები დროებით არის ოკუპირებული. ყველა მოქალაქეს, ვინც იქედან დევნილია, აქვს როგორც უპირებოდ დაბრუნების უფლება, ისე იმ ქონების დაბრუნების უფლება, რომელსაც ისინი კონფლიქტამდე ფლობდნენ. ქონებრივ საკითხებში მათი ყოველგვარი შეზღუდვა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა გახლავთ. რაზეც ყველას უნდა ჰქონდეს სერიოზული რეაქცია.
საერთაშორისო სამართლისა და კონსტიტუციური სამართლის თვალსაზრისით ყველგან არსებობს ბინადრობის უფლება. ბინადრობის უფლება მოქალაქეობას არ ანიჭებს, მაგრამ აძლევს ამა თუ იმ ქვეყანაში მუშაობის უფლებას. ასეთ შემთხვევაში მათი ქონებრივი ან მატერიალური მდგომარეობის საკითხი დამოკიდებულია კონკრეტულ ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობაზე.
- შეიძლება ითქვას, რომ სოხუმის ხელისუფლების მიერ გალის რაიონის მოსახლეობისათვის განსაზღვრული ე.წ. სტატუსი, აფხაზეთში დაბრუნებულთა არც ქონებრივ და არც პოლიტიკურ უფლებებს არ ითვალისწინებს?
- რასაკვირველია, არ ითვალისწინებს. უცხოელებს არც ერთ ქვეყანაში, რამდენიმე ქვეყნის გარდა, არ აქვთ არც ქონებრივი და არც პოლიტიკური უფლებები. ეს კი არა, დემონსტრაციის ორგანიზების უფლებაც არ გააჩნიათ. რაც მთავარია, მხოლოდ ცხოვრების უფლების მქონე ადამიანებს არ აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
ყველგან, სადაც კანონითაა შესაძლებელი ბინადრობის უფლების მინიჭება, პრაქტიკულად დაკანონებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მეორეხარისხოვან ადამიანებად ყოფნა.
აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში დაბრუნებული მოსახლეობა იღებს არა მკვიდრი მოსახლეობის, არამედ დროებით მცხოვრები ადამიანების სტატუსს

სამწუხაროდ, გამოდის რომ სოხუმის ხელისუფლებას გალის რაიონში თავის სახლებში დაბრუნებული მოსახლეობა მუშახელად სჭირდება. სხვათა შორის, გალის რაიონში დაბრუნებული მოსახლეობა საკმაოდ დიდი რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო დოვლათს ქმნის. თუ ადრე ამ პროდუქციის უდიდესი ნაწილი ზუგდიდში ხვდებოდა, ახლა სოხუმისა და გაგრის ბაზრებში ხვდება. ეს ეხება თხილსაც, რომლის ფასი ენგურსგამოღმა ყოველთვის უფრო მაღალია.
ვიმეორებ, სოხუმის ხელისუფლების მიერ გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის განსაზღვრული ე.წ. სტატუსის სამართლებრივი შეფასება ასეთია - აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში დაბრუნებული მოსახლეობა იღებს არა მკვიდრი მოსახლეობის, არამედ დროებით მცხოვრები ადამიანების სტატუსს. სამწუხაროდ, უნარჩუნდება თუ არა ბინადრობის უფლების მქონე გალელს უძრავ ქონებაზე (მიწა) საკუთრების უფლება, უცნობია.
- სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებმა იციან, რომ გალის რაიონში მცხოვრებლებს მიღებული აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ თუ ადრე ისინი ამაზე თვალს ხუჭავდნენ, ახლა გალის რაიონის მოსახლეობისაგან მოითხოვენ უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე და მიიღონ აფხაზეთის მოქალაქობა. აღმოჩნდა, რომ ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის მოქალაქეობას არ ცნობს, განცხადების დაწერის შემთხვევაშიც მათ არ ჩამოერთმევათ საქართველოს მოქალაქეობა.
ამას წინათ, გალის რაიონის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ გალის რაიონის მოსახლეობას საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის სასარგებლოდ რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე განცხადების დაწერა შესთავაზა. მისი მტკიცებით, ვინაიდან აფხაზეთის კანონმდებლობით აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეობის ერთდროულად ქონა შესაძლებელია, სწორედ ეს არის ის გამოსავალი, რომელიც აქამდე ვერ მოიძებნა.
ნადარაიას წინადადებაზე გალელების პასუხი ასეთია - რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოში ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის შესაბამისად ისინი ვეღარ შეძლებენ ენგურის ხიდით ზუგდიდში ჩასვლას, სადაც მათ ნათესავებთან კავშირი აქვთ. კანონის დარღვევის შემთხვევაში მათ ჯარიმის სახით 3 ათასი დოლარის გადახდა, ან 5 წლით თავისიფლების აღკვეთა მოუწევთ.
თქვენ როგორ შეაფასებდით აფხაზური ხელისუფლების მცდელობას გალის რაიონის მოსახლეობას მიაღებინოს რუსეთის მოქალაქეობა და როგორ შეაფასებდით იმ პოლიტიკას, რომელსაც სოხუმი გალის რაიონში რუსეთის პირდაპირი თუ ირიბი მონაწილეობით ცდილობს გაატაროს?
- გალის რაიონში დაბრუნებული მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის შეთავაზება იურიდიულად აფხაზეთის ანექსიის აშკარა გამოხატულება გახლავთ.
თქვენს მიერ აღწერილი ვითარება რამდენიმე კითხვას აჩენს. 1. თუ მათ აძლევენ ბინადრობის უფლებას, რა მოქალაქეობაზეა საუბარი, გაუგებარია. თუ ადამიანს ბინადრობის უფლება მაქვს, რუსეთის მოქალაქეობის მიღება რა შუაშია და მათ მიერვე გაცემული დოკუმენტი რა ფუნქციას ასრულებს?
თუ ჩვენ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გალის რაიონში დაბრუნებული მოსახლეობისათვის განსაზღვრულ სტატუსს ჩავყლაპავთ, ეს ნიშნავს ჩვენ ვაღიარებთ იმას, რომ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა არ გახლავთ აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობა

2. თუ ჩვენ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გალის რაიონში დაბრუნებული მოსახლეობისათვის განსაზღულ სტატუსს ჩავყლაპავთ, ეს ნიშნავს ჩვენ ვაღიარებთ იმას, რომ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა არ გახლავთ აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობა.
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გალის რაიონში დაბრუნებული მოსახლეობა საკუთარი რისკის ფასად დაბრუნდა აფხაზეთში. სხვათა შორის, გაეროს ეგიდით მხოლოდ 314 მოქალაქეა დაბრუნებული.
თავის დროზე სოხუმის ხელისუფლებამ მათ აფხაზური პასპორტები ანუ აფხაზეთის მოქალაქეობა იმის გამო ჩამოართვა, რომ აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე გალის რაიონის მოსახლეობას გადამწყვეტი სიტყვა არ ეთქვა.
სხვათა შორის, ანქვაბს ოპოზიცია სწორედ გალის რაიონის მოსახლეობისათვის აფხაზური პასპორტების გაცემის გამო აკრიტიკებდა. ძალის გამოყენებით ანქვაბის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, გალის რაიონში დაბრუნებულ მოქალაქეებს, თუ სწორად მახსოვს, 26 ათასზე მეტს, ჩამოართვეს აფხაზეთის მოქალაქეობა.
სოხუმის ხელისუფლებამ გალელებისთვის დროებითი ბინადრობის უფლების დაწესება იმისათვის მოიგონა, რომ გალის რაიონში დაბრუნებული მოსახლეობისათვის პოლიტიკური უფლებები ჩამოერთვათ.
რამდენადაც მახსოვს, ამჟამად გალის რაიონში აფხაზეთის მოქალაქეობა 400-მდე ადამიანს აქვს მიღებული. მათ ჰქონდათ უფლება მონაწილეობა მიეღოთ ე.წ. საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში. ვისაც გალის რაიონში მიღებული აქვს აფხაზეთის მოქალაქეობა, ისინი წარმოადგენენ გალის რაიონში სოხუმის ხელისუფლების ე.წ. სახელისუფლებო რესურსს. სწორედ ამ რესურსის საშუალებით გამოიცა გაზეთი „გალ“ და ამოქმედდა ტელევიზია „გალ“, რომელიც რუსულ ენაზე მაუწყებლობს. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ გალის რაიონის ქართულ სკოლებში ქართული ენა პრაქტიკულად აკრძალულია და ცდილობენ სწავლება რუსულ ენაზე წარმართონ, სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება, რომ სოხუმის აფხაზურ ადმინისტრაციას კურსი აქვს აღებული გალის რაიონის მოსახლეობის გარუსება-გააფხაზებაზე. ამ ყველაფრის ფონზე, მათ ასევე კარგა ხანია სურთ გალის რაიონს უწოდონ სამურზაყანო.
სოხუმის ხელისუფლებამ გალელებისთვის დროებითი ბინადრობის უფლების დაწესება იმისათვის მოიგონა, რომ გალის რაიონში დაბრუნებული მოსახლეობისათვის პოლიტიკური უფლებები ჩამოერთვათ

ყველაფერი ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხორცილდება არა პოლიტიკური, მაგრამ იურიდიული მცოცავი ანექსიის პოლიტიკა. გალის რაიონის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის შეთავაზება კარგად შეფუთული მცდელობაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აღმოჩნდეს სოხუმის ხელისუფლების იურისდიქციაში.
თუ აფხაზეთში დაბრუნებულმა მოსახლეობამ მიიღო აფხაზეთის ან რუსეთის მოქალაქეობა, მათ არა მარტო სოხუმის ხელისუფლების, არამედ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება მოუწევთ. როგორც ვიცით, აფხაზეთში აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეობის სტატუსი თანაბრად მოქმედებს. აფხაზური კანონმდებლობით აფხაზეთის მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს რუსეთის მოქალაქეც.
- აფხაზეთში დიდი ხმაური მოჰყვა აფხაზეთსა და რუსეთს შორის „საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის“ შექმნას, რომელსაც ხელი სოჭში 18 მაისს მოეწერა. ხმაური უკავშირდებოდა როგორც ამ ცენტრის შექმნის მიზეზებს, ისე მისი ფორმირებისა და ფუნქციონირების მიზნებს. თავიდან საუბარი იყო იმაზე, რომ ცენტრში 400 სამართალდამცავი იმუშავებდა, ( მხარეებიდან 200-200, და ეს მაშინ როცა აფხაზეთის შსს-ში სულ 1500 ადამიანი მუშაობს) მაგრამ საბოლოდ, ცენტრში 20 სამართალდამცავი იმუშავებს - 10 ადგილობრივი და 10 რუსეთიდან. უკვე ცნობილია, რომ სახელმწიფოთაშორისო ”საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი” დაექვემდებარება აფხაზეთისა და რუსეთის შს მინისტრებს და მისი პირველი ხელმძღვანელი აფხაზეთის შსს-ს წარმომადგენელი იქნება. ამ თემაზე კამათისას აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების შს მინისტრმა ასლან კობახიამ განაცხადა - ”2009 წლიდან აფხაზეთის ყველა ძალოვანი ბლოკის უწყებები რუსეთის ფედერაციიდან ფინანსდება”.
თქვენ როგორ შეაფასებდით აფხაზეთსა და რუსეთს შორის ”საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის” შექმნას? რას შეიძლება იგი ნიშნავდეს და რა პოლიტიკური დივიდენდები მიიღო ამ შეთანხმებით ერთი მხრივ სოხუმმა, ხოლო მეორე მხრივ მოსკოვმა?
- სხვათა შორის, ასეთი წინადადება რუსეთისაგან საქართველომაც მიიღო. მათ ჩვენთან უნდოდათ ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ცენტრის შექმნა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ჩვენ მათთვის უნდა გადაგვეცა ყველა ის საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ჩვენს სტრუქტურებს ჰქონდათ. ეს კი, მათ ჩვენთან მიმართებაში მომგებიან პოზიციაში ჩააყენებდა. თავის დროზე თბილისმა მოსკოვის წინადადება არ მიიღო.
ახლა აფხაზეთთან მიმართებაში პრაქტიკულად ხდება იმის იურიდიულად გაფორმება, თუ რა ურთიერთობები და რა პროცესებიც ვითარდება რუსეთსა და აფხაზეთს შორის.
როგორც აფხაზური მხარე თავად აცხადებს, მრავალი წელია აფხაზეთის ძალოვანი უწყებები და უსაფრთხოების სამსახურები მოსკოვიდან ფინანსდება. ასეთ ვითარებაში მნიშვნელობა არ აქვს თუ რამდენი ადამიანი იმუშავებს ამ საკოორდინაციო ცენტრში, ვინაიდან ამ ცენტრსაც მოსკოვი დააფინასებს. ვინც ფულს იხდის, ის უკვეთავს მუსიკას. ანუ, აფხაზეთის რეალური ბატონ-პატრონი სოხუმი კი არა, მოსკოვია. დღესაც ასეა, მაგრამ ამას სოხუმი არ აღიარებს. დროთა განმავლობაში ალბათ, სოხუმი შეეგუება ადგილობრივ საკითხებში მოსკოვის კურირება-კურატორობას.
სოხუმის აფხაზურ ადმინისტრაციას კურსი აქვს აღებული გალის რაიონის მოსახლეობის გარუსება-გააფხაზებაზე

ახლა ბევრი აფხაზი ხვდება, რომ აფხაზეთი თავისი სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილსაც კარგავს. თუ მანამდე რუსეთი აფხაზეთის „თავდაცვისა და უსაფრთხოების დაცვაზე ზრუნავდა“, ახლა იგი აფხაზეთში წესრიგზეც იქნება პასუხიმგებელი. ეს კი ის საკითხებია, რომელთა გარეშე აფხაზეთის სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია.
ასეთ ფონზე აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტმა ხაჯინბამ სულ ახლახანს განაცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთისთვის არის ერთადერთი პარტნიორი. არა ვარ დარწმუნებული, რომ აფხაზეთში ხაჯინბას პოზიციას იზიარებდნენ ის აფხაზები, რომლებსაც კარგად ესმით - რაც მეტი დრო გადის, მოსკოვის მიერ აღიარებული აფხაზეთის დამოუკიდებლობიდან, პრაქტიკულად არც აღარაფერი რჩება.
მეტიც, თუ ადრე რუსეთი ცდილობდა აფხაზეთში მცხოვრები ქართველების იდენტობაში შეეტანა კორექტივები, ახლა სულ უფრო ცხადი ხდება, რომ რუსეთი აფხაზურ იდენტობაში ცდილობს მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ახლა სრული რუსიფიცირების პოლიტიკა ტარდება, მე მაინც მგონია, რომ ჩანაფიქრის განხორციელება რუსეთს მაინც გაუჭირდება.
- მიუხედავად იმისა, რა სურათიც იკვეთება, თქვენც, პოლიტიკოსები და ექსპერტთა უმრავლესობა სულ საუბრობთ იმაზე, რომ რუსეთი ახორციელებს აფხაზეთის ანექსიის მცდელობას. არადა, ის ვითარება, რასაც თქვენ აღწერთ, რა ინფორმაციებიც აფხაზეთზე ვრცელდება,სხვა არაფერია თუ არა ანექსია... თქვენ ასე არ თვლით?
- საერთაშორისო სამართლის თვალსაზრით, ანექსია ნიშნავს სახელმწიფოს ან მისი ტერიტორიის ნაწილის შეიარაღებული ძალების მეშვეობით, ადგილობრივი მოსახლეობის ნების გარეშე აგრესორი სახელმწიფოს საზღვრებში მოქცევას. ასე განვითარდა მოვლენები 1921 წელს, როდესაც საქართველოს დემოკრატიული მთავრობის დამხობისა და ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ, თუმცა საქართველო რჩებოდა ფორმალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, რუსეთი ფაქტობრივად მისი პოლიტიკური ცხოვრების ბატონ-პატრონი იყო, რაც შემდეგ იურიდიულად გაფორმდა საბჭოთა კავშირში „ნებაყოფლობით“ გაწევრიანებით.
ახლა ბევრი აფხაზი ხვდება, რომ აფხაზეთი თავისი სუვერენიტეტის მნიშვნელოვან ნაწილსაც კარგავს. თუ მანამდე რუსეთი აფხაზეთის „თავდაცვისა და უსაფრთხოების დაცვაზე ზრუნავდა“, ახლა იგი აფხაზეთში წესრიგზეც იქნება პასუხისმგებელი. ეს კი ის საკითხებია, რომელთა გარეშე აფხაზეთის სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია

მე აფხაზეთის ხალხად მხოლოდ აფხაზებს ვერ ჩავთვლი, იქ იყვნენ ქართველები, რომელთა ნაწილი იქ ახლაც ცხოვრობს. ამ ხალხების საერთო სურვილი არ ყოფილა ის ვითარება, რომელიც ახლა აფხაზეთშია ჩამოყალიბებული.
ფორმალურად აფხაზეთი რუსეთს აქვს აღიარებული დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ზუსტად ისე, როგორც ეს იყო 1921 წელს.
- ცნობილი ფაქტია, რომ მოსკოვი სოხუმისაგან ითხოვს კანონის მიღებას, რომლის ძალითაც რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში უძრავი ქონებისა და მიწის შეძენის უფლება ექნებოდა. აფხაზურ პოლიტიკურ და საექპერტო წრეებში ამგვარი შესაძლებლობის სხვადასხვა ვარიანტები განიხილება. ამ თემაზე საუბრისას ევროპულ გამოცდილებასაც ხშირად იშველიებენ, მაგრამ ისიც ფაქტია, საზოგადოებრივი აზრი და განწყობები მოსკოვის სასარგებლოდ საკითხის გადაწყვეტა სულაც არ არის. აფხაზეთში მიწის საკითხი ყოველთვის საკმაოდ მტკივნეული და პრობლემური თემა იყო. ისეთი პირი უჩანს, ადრე თუ გვიან, სოხუმს მოუწევს კრემლის პირობების მიღება. თქვენი აზრით, თუ პოლიტიკურმა სოხუმმა და საზოგადოებრივმა აზრმა ვერ შეძლო ამ საკითხში აფხაზური პოზიციების დაცვა, სავარაუდოდ, როგორი იქნება ამის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები?
- პრაქტიკულად, აფხაზეთში მიწაზე და უძრავ ქონებაზე უფლება გააჩნიათ ეთნიკურ აფხაზებს და აფხაზეთის მოქალაქეებს. რუსეთის მოქალაქეებიც შეიძლება იყვნენ აფხაზეთის მოქალაქეები, მაგრამ მათ მისცემენ თუ არა მიწისა და უძრავი ქონების შეძენის უფლებას, ჩვენ არ ვიცით.
აფხაზურ ელიტას გაცნობიერებული აქვს და კარგად ესმის, თუ მათ დააკანონეს რუსეთის მოქალაქეების მიერ აფხაზეთში მიწისა და უძრავი ქონების შეძენის უფლება, რუსეთის მოქალაქეები უმოკლეს ვადებში შეიძენენ აფხაზეთის საუკეთესო ადგილებსა და უძრავ ქონებას. ეს აფხაზეთში ესმით და ამიტომაც არის ასეთი წინააღმდეგობა. ხაჯიმბას ხელისუფლებას ამგვარი გადწყვეტილების მიღება კი სურს, მაგრამ ახლა ცდილობს ამ საკითხში საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვალოს.
მე აფხაზეთის ხალხად მხოლოდ აფხაზებს ვერ ჩავთვლი, იქ იყვნენ ქართველები, რომელთა ნაწილი იქ ახლაც ცხოვრობს. ამ ხალხების საერთო სურვილი არ ყოფილა ის ვითარება, რომელიც ახლა აფხაზეთშია ჩამოყალიბებული

თუ რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის უფლება მიეცა, უმოკლეს ვადებში აღარც „დამოუკიდებელი“ აფხაზეთი აღარ იქნება, აფხაზეთი რუსეთის ერთ-ერთ რეგიონს დაემსგავსება, აფხაზეთში აფხაზები უმცირესობაში იქნებიან და შესაძლოა, აფხაზეთში აფხაზების ადგილიც აღარ აღმოჩნდეს.
თუ ასეთი სცენარით წარიმართა პროცესები, ყველაფერი მე-19 საუკუნეში აფხაზთა მაჰაჯირობას დაემსგავსება. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თუ მე-19 საუკუნის 60-70-იან წლებში რუსეთის იმპერიამ ცეცხლითა და მახვილით განდევნა აფხაზები თურქეთში, ახლა აფხაზები ნებაყოფლობით დაუთმობენ რუსეთს აფხაზეთს.
- როგორც ამბობენ, ადგილობრივთაგან ყველაზე მეტად დაინტერესებული იმაში, რომ რუსეთის მოქალაქეებმა შეიძინონ აფხაზეთში მიწები და უძრავი ქონება, არიან სომხური თემის წარმომადგენლები, რომლებიც იმედოვნებენ, რომ ამგვარი კანონის მიღების შემდეგ ბევრი მათი ნათესავი, ვისაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს, აფხაზეთში დაფუძნდება... თუმცა, დაზუსტებული ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეობის მქონე სომხები აფხაზეთში ადგილობრივი სომხების მეშვეობით ისედაც ახერხებენ სხვადასხვა საშუალებით დაფუძნებას...
თუ რუსეთის მოქალაქეებს აფხაზეთში მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის უფლება მიეცა, უმოკლეს ვადებში აღარც „დამოუკიდებელი“ აფხაზეთი აღარ იქნება

- მართალი ბრძანდებით, დღეს აფხაზებისთვის ყველაზე დიდი თავსატეხი სომხები არიან. ცნობილია, რომ ბაგრამიანის ბატალიონის მიერ ჩადენილი დანაშაულები ქართველების მიმართ საერთაშორისო დანაშაულად არის აღიარებული. ისინი გამოირჩეოდნენ ქართველების მიმართ თავისი სისატიკით. დღეს ისინი პრეტენზიას აცხადებენ აფხაზეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში თანასწორუფლებიანობაზე იმ მოტივით, რომ „სწორედ მათ უნდა უმადლოდნენ აფხაზები, რომ საქართველოსაგან მოიპოვეს დამოუკიდებლობა.“ რამდენადაც ვიცი, აფხაზებს და სომხებს შორის დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური დაპირისპირებაა.
- 5 მაისს გალში გამართულ შეხვედრაზე აფხაზური მხარის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქე გიგი ოთხოზორიას მკვლელობისთვის დაკავებული რაშიდ კანჯი-ოღლი, რომელიც წინასწარი პატიმრობის ქვეშ იმყოფებოდა, განთავისუფლებულია. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ თემაზე საუბარი არა მარტო გალის შეხვედრაზე, არამედ მაღალი დონის შეხვედრებზე გაგრძედება. ვინაიდან საკმაოდ ძნელია პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ოთხოზორიას მკვლელ რაშიდ კანჯი-ოღლის ირგვლივ, თქვენ როგორ შეაფასებდით რაშიდ კანჯი-ოღლის განთავისუფლების შესახებ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების გადაწყვეტილებას? სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს მასზე საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქცია?
ადმინისტრაციულ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ოსებისა და აფხაზების თვითნებობა მოითხოვს ხელისუფლებისაგან სერიოზული ტაქტიკური და სტრატეგიული ზომების შემუშავებას

- უნდა ავღნიშნო, რაც მოხდა ოთხოზორიასთან დაკავშირებით, ამან თავიდანვე ჩემში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ძალაუნებურად გამახსენდა სომხეთში რუსეთის ბაზიდან გაქცეული ჯარისკაცის ერთ-ერთ სომხურ ოჯახში შეჭრა და ოჯახის ექვსივე წევრის ავტომატით დაცხრილვა. შემდგომ იგი დააკავეს და ბაზაზე დააბრუნეს. მთელი სომხეთი ფეხზე დადგა. თხოულობდნენ დამნაშავის გადაცემას და ადგილობრივი იურისდიქციით გასამართლებას. მას შემდეგ რაც რუსეთი დარწმუნდა, რომ იგი ვერ გააპარებდა დამნაშავეს სამშობლოში, მან აიღო ვალდებულება დამნაშავის თავის კანონმდებლობით გასამართლების შესახებ ბაზის ტერიტორიაზე, რაც გააკეთა კიდევაც და უვადო პატიმრობა მიუსაჯა დამნაშავეს. თუმცა სომხები დიდი ხნის განმავლობაში მაინც არ აძლევდნენ ტერიტორიიდან გაყვანის შესალებლობას რუსეთის ტერიტორიაზე (სასჯელის მოხდისათვის).
მახსენებდება კიდევ ერთი ეპიზოდი, არანაკლებ შთამბეჭდავი, როდესაც 1989 წელს აფხაზეთში ქართველების ლიდერი ვეკუა მოკლეს, 40 000 შეიარაღებული ქართველი, ძირითადად სამეგრელოდან, დადგა ენგურის საზღვარზე და ამან დიდი ხნით დაავიწყა სეპარატისტებს თავისი გეგმების რეალიზაცია.
ამჯერად, რატომღაც ვერ დავინახე ზუგდიდის რეგიონის რეაგირება და არც ხელისუფლების სათანადო რეაქცია იყო ადეკვატური, რამაც გაათამამა სეპარატისტები. ადმინისტრაციულ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ოსებისა და აფხაზების თვითნებობა მოითხოვს ხელისუფლებისაგან სერიოზული ტაქტიკური და სტრატეგიული ზომების შემუშავებას
რასაკვირველია, საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქცია ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მკაფიო და ხისტი უნდა ყოფილიყო, რომელიც, ჩემი აზრით ,ნაკლებად შემტევი იყო.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები