არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
23-07-2018
არმაზ ახვლედიანი - “ოცნებამ“, წინა ხელისუფლების მსგავსად, კონსტიტუციაზე ძალადობის და მისი საკუთარი ჯიბის დოკუმენტად გადაქცევის გზა აირჩია, ეს კი საშიში თამაშია
13:53 20-06-2017
არმაზ ახვლედიანი - “ოცნებამ“, წინა ხელისუფლების მსგავსად, კონსტიტუციაზე ძალადობის და მისი საკუთარი ჯიბის დოკუმენტად გადაქცევის გზა აირჩია, ეს კი საშიში თამაშია საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელსა და დირექტორს, არმაზ ახვლედიანს ესაუბრა.

- ბატონო არმაზ, პატრიარქმა მოგვიწოდა ვიფიქროთ მონარქიაზე! მან ასევე განაცხადა - ”კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე მოაქვს ქვეყანაში”. ეს თემა 2007-2008 წლებში აქტუალური იყო და ამ ტალღაზე მაშინ შედგა ქორწინებაც. მაშინ პატრიარქის ინიციატივას, ხელისუფლების გარდა, თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფი პოზიტიურად შეხვდა. მაშინდელი ხელისუფლება მონარქიის რამე პერსპექტივას გამორიცხავდა და ამ იდეის მიმართ დაუფარავად კრიტიკულიც იყო. შსს-ს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა რუსული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში მონარქიის აღდგენის იდეას ”პრიმაკოვის პროექტი” უწოდა. თუ ვოლსკის, ბესელიასა და მდინარაძის განცხადებებს გავითვალისწინებთ, დღევანდელი ხელისუფლება მონარქიის აღდგენის იდეას მიესალმება. პარლამენტის სპიკერს ირაკლი კობახიძეს და დეპუტატ ეკა ბესელიას საკონსტიტუციო მონარქიის თემაზე პატრიაქრთან შეხვედრა ჰქონდათ. თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოში მონარქიის აღდგენის იდეას და თქვენი აზრით, ამ თემისადმი მმართველი გუნდის ინტერესი რას შეიძლება უკავშირდებოდეს?
- პატრიარქის განზრახვა კეთილშობილურია. პოლიტიკოსთა აღტკინება კი არაერთ ეჭვს ბადებს: როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ახლაც იკვეთება ხელისუფლების მცდელობა, საკუთარ დღის წესრიგს მოარგოს პატრიარქის ინიციატივა, საკუთარი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენოს მისი შეთავაზება.
მთავრობა განაგრძობს არადემოკრატიულ, ქვეყნისთვის სახიფათო სვლას, უარს ამბობს მრავალპარტიულობაზე, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებაზე. ყველაფერს აკეთებს ძალაუფლების შენარჩუნებისათვის და ამით გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს

მთავრობა განაგრძობს არადემოკრატიულ, ქვეყნისთვის სახიფათო სვლას, უარს ამბობს მრავალპარტიულობაზე, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებაზე. ყველაფერს აკეთებს ძალაუფლების შენარჩუნებისათვის და ამით გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს.
- ვითარებაში, როცა თითქმის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მონარქიაა, მეფეს დიდი არაფერი ფუნქცია არ აქვს, იგი მხოლოდ სიმბოლური ფიგურაა. შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ ახლა მონარქიის აღდგენაზე მეტად, ალბათ უფრო აქტუალურია მმართველი ორგანოების შემცირება-ოპტიმიზაციის საკითხი, ვინაიდან ქვეყანაში ისედაც ბევრი ადამიანია დასაქმებული სახელმწიფო სტრუქტურებში და მათი ხელფასები და დანამატ-პრემიები ბიუჯეტს საკმაოდ ძვირი უჯდება... ამ თემის აქტუალიზაცია ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მმართველი გუნდი ცდილობს ნებისმიერ ფასად უარი თქვას პრეზიდენტის ინსტიტუტზე? საკონსტიტუციური მონარქიის პირობებში პრეზიდენტის ინსტიტუტი არც ერთ ქვეყანაში არაა...
- ხელისუფლება ცდილობს, ხუთწლიანი წარუმატებელი მმართველობით გამოწვეული იმედგაცრუება როგორმე გადაფაროს. მას ეს ცუდად გამოსდის. მმართველი ძალა მიზანმიმართულად ებრძვის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ყოველგვარ დემოკრატიულ აზრს. მისთვის მიუღებელია ყველა და ყველაფერი, რაც მის ხედვას არ ეთანხმება და ოდნავ მაინც ეწინააღმდეგება მისი არადემოკრატიული მმართველობის შენარჩუნებას.
- სპიკერ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა შეიძლება მოხდეს არა 2020, არამედ 2024 წელს, ნიშნავს,  პრაქტიკულად მართლდება კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის წინასწარმეტყველება, რომ მმართველი გუნდი პროპორციულ სისტემაზე უარს იტყვის. დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კარგი იქნებოდა თუ ”ქართული ოცნება” კონსტიტუციის ახალ პროექტში დააკანონებდა ორპალატიან პარლამენტს, რაც სისტემურად შეუწყობდა ხელს უამრავი საარჩევნო და პოლიტიკური პრობლემის მოგვარებას. მისივე თქმით, ორპალატიანი პარლამენტი ტერიტორიულ მოწყობაზე არაა მიბმული. იმ ვითარება-მოცემულობაში, რომელშიც ვართ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მმართველმა გუნდმა მიიღოს გადაწყვეტილება ჩვენში ორპალატიანი პარლამენტის შემოღების თაობაზე? თუ - კი, ასეთ შემთხვევაში გაიზრდება თუ არა იმის შანსები, რომ ”ოცნება” შეძლებს მაჟორიტარების პროპორციულ სისტემაზე დაყოლიებას?
- ამა თუ იმ ფორმალურად დემოკრატიული სისტემის შერჩევა და სათავისოდ მორგება დამახასიათებელია ავტოკრატული მმართველობისთვის. არაფერი არ შეიცვლება არსებითად და ქვეყნისთვის სასიკეთოდ თუ „ოცნება“ არ დაიწყებს საფუძვლიან დემოკრატიულ რეფორმებს პარტიაში და მთელ მმართველობაში.
გადაწყვეტილების მიმღებთა უმრავლესობისთვის სრულიად უცხოა დემოკრატია, დემოკრატიული აზროვნება და კულტურა

უნდა გავაცნობიეროთ, რომ დემოკრატია დემოკრატების გარეშე შეუძლებელია. დღეს კი გადაწყვეტილების მიმღებთა უმრავლესობისთვის სრულიად უცხოა დემოკრატია, დემოკრატიული აზროვნება და კულტურა. ისინი მხოლოდ სიტყვით აღიარებენ დემოკრატიულ, სამართლებრივ პრინციპებს, რეალურად კი ღრმად ავტორიტარული, საბჭოთა ტიპის ფუნქციონერები არიან
- როგორ შეაფასებდით პროცესს, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავებას უკავშირდება? მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიამ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ძირითადად მოიწონა, ახლა ასეთი ვითარება გვაქვს - პარტიებმა ”ქართულ ოცნებასთან” ვერ შეძლეს უამრავ საკითხზე კონსენსუსის მიღწევა...
- უბედურება ისაა, რომ ხელისუფლება არც ერთ არსებით დათმობაზე არ მიდის თუ მას ხალხის პროტესტი ან საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგობა არ ხვდება. ხალხის პროტესტი ჯერ კიდევ სუსტია.
საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილი კი ბოლომდე ვერ გარკვეულა ამ ხელისუფლების არადემოკრატიულობაში და ხან ამ მიზეზით, ზოგჯერ კი ელემენტარული გულგრილობით, ზედაპირულობით და კიდევ ვინ იცის რა კონიუნქტურული თუ სხვა ხელსაყრელი გარიგებების ფასად, მზადაა მწვანე შუქი აუნთოს დემოკრატიის ნიღაბს ამოფარებულ მმართველობას. “ოცნებამ“, წინა ხელისუფლების მსგავსად, კონსტიტუციაზე ძალადობის და მისი საკუთარი ჯიბის დოკუმენტად გადაქცევის გზა აირჩია. ვიცით,როგორც მთავრდება ეს საშიში თამაში...
- ”ქართულ ოცნებას” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰყავს და შესაბამისად, მას საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არ გაუჭირდება, მაგრამ, რა საფრთხეები შეიძლება გაუჩნდეს ქვეყანას, თუ კონსტიტუციის ახალი რედაქცია პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსის არარსებობის პირობებში იქნა მიღებული? უნებლიეთ გამახსენდა ამ თემაზე ”ინტერპრესნიუსთან” თქვენს მიერ ნათქვამი - ”ოცნებამ” იმაზე გაცილებით დიდი ლუკმა გადაყლაპა, ვიდრე მონელება შეუძლია”...
- ასეთი გზით მოპოვებული საკოსნსტიტუციო უმრავლესობა ამ ხელისუფლების სანუკვარი ლუკმაცაა და საბედისწერო განაჩენიც.
„ოცნება“ ვეღარ ახერხებს საკუთარი ილუზიების ტყვეობიდან გათავისუფლებას. ღრმა კრიზისში მყოფი ვერც კი აცნობიერებს, რომ თავადაც ჩიხშია და ქვეყანაც უბედურების ზღვართანაა

„ოცნება“ ვეღარ ახერხებს საკუთარი ილუზიების ტყვეობიდან გათავისუფლებას. ღრმა კრიზისში მყოფი ვერც კი აცნობიერებს, რომ თავადაც ჩიხშია და ქვეყანაც უბედურების ზღვართანაა.
- პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, პრეზიდენტი არ არის მოწადინებული ხელი შეუწყოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის ჩამოყალიბებას. მისივე თქმით, პრეზიდენტმა ამ პროცესში თავიდანვე არასწორი, დაპირისპირების გზა აირჩია. მას შემდეგ, რაც დადასტურდა საკონსტიტუციო რეფორმის წარმატება, პრეზიდენტი ჩიხში შევიდა და უარი თქვა შეთავაზებაზე პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მიეღო მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე პირდაპირ ეთერში. თქვენი აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე მართლაც ჩიხშია თუ არა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი?
- პრეზიდენტი არ მონაწილეობს „ოცნების“ წარუმატებელ ექსპერიმენტში. ამიტომაც აითვალწუნა იგი „ოცნებამ“. პარლამენტის თავმჯდომარე იქნებ არც თუ ურიგო კონსტიტუციონალისტია, მაგრამ აშკარაა, რომ იგი არაა დემოკრატი. მისთვის მთავარია, ძალაუფლების შენარჩუნება და რეალური მმართველის გულის მოგება.
პარლამენტის თავმჯდომარე იქნებ არც თუ ურიგო კონსტიტუციონალისტია, მაგრამ აშკარაა, რომ იგი არაა დემოკრატი. მისთვის მთავარია ძალაუფლების შენარჩუნება და რეალური მმართველის გულის მოგება

სამწუხაროდ, არადემოკრატიულად მოაზროვნეები და მედროვეები აქა-იქ პრეზიდენტის გარემოცვაშიც არიან. ვფიქრობ, რაც მალე გათავისუფლდება იგი მათგან, მით უფრო გაიმყარებს პოზიციებს, როგორც „ოცნებასთან“ ურთიერთობაში, ასევე საზოგადოებაში.
- ისეთი პირი უჩანს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თემა კიდევ კარგა ხანი იქნება არა მარტო ჩვენში განხილვის საგანი. ფაქტია, გასაგები მიზეზების გამო ჯანჯლდება გამოძიება. მაგრამ, ვიდრე ყველაფერს თავისი სახელი არ დარქმევია, თქვენი აზრით, მუხთარლის საქმისაგან რა ტიპის სამართლებრივი და პოლიტიკური გაკვეთილები მიიღო საქართველომ, როგორც სახელმწიფომ და ქართულმა საზოგადოებამ?
- ამ ხელისუფლების უბედურება, ტრაგედია სწორედ ისაა, რომ ის არ ითვალისწინებს არც სხვის და არც საკუთარ შეცდომებს. საზოგადოება კი ამის გაუთვალისწინებლად კვლავ ჩაკეტილ, მოჯადოებულ წრეში ტრიალებს.
ამ ხელისუფლების უბედურება, ტრაგედია სწორედ ისაა,რომ ის არ ითვალისწინება არც სხვის და არც საკუთარ შეცდომებს

მოქალაქეებმა უნდა გავბედოთ და ვამხილოთ ჯერ საკუთარი შეცდომები, რომლებმაც ასე გაათამამა და დააბრმავა „ოცნება“, აგრეთვე სააშკარაოზე გამოვიტანოთ ეს მანკიერი მმართველობა და უარი ვთქვათ მის გაგრძელებაზე.
- ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები. თქვენი დაკვირვებით, როგორ პოლიტიკურ ფორმაში ხვდებიან ამ არჩევნებს ქართული პოლიტიკური სცენის ძირითადი აქტორები? და კიდევ, რას შეიძლება ნიშნავდეს მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებები იმის თაობაზე, რომ თბილისის მერობისათვის ბრძოლაში ”ქართული ოცნების” ფალავანი კახი კალაძე იქნება?
- გასულ საპარლამენტო არჩევნებში ძალადობა, გაყალბება და ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა რომ შევარჩინეთ „ოცნებას“, ახლა ისიც უნდა გვესმოდეს, რომ იგი უფრო მეტს გაგვიბედავს ადგილობრივ არჩევნებზე და ყველგან მორჩილ, ყურმოჭრილ ვასალს დაგვისვამს ადგილობრივ მმართველად.
კალაძემ სხვებთან ერთად პასუხი უნდა აგოს იმაზე, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ამ კომატოზურ მდგომარეობაშია, ქვეყანა კი მორიგ სახიფათო, წარუმატებელ ექსპერიმენტში აღმოჩნდა

კალაძემ სხვებთან ერთად პასუხი უნდა აგოს იმაზე, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ამ კომატოზურ მდგომარეობაშია, ქვეყანა კი მორიგ სახიფათო, წარუმატებელ ექსპერიმენტში აღმოჩნდა.
სულ უფრო და უფრო მცირეა იმის ალბათობა,რომ „ოცნება“ თავად შეძლებს ამ ჩაკეტილი წრიდან თავის დაღწევას. ერთადერთი გამოსავალი, ღვთის წყალობით, ხალხის მტკიცე სამოქალაქო პოზიცია და უნარია, უარი უთხრას ამ და ნებისმიერ მმართველობას, რომელიც სამართლიან, საქვეყნო ინტერესს, საკუთარ ვიწრო მისწრაფებებსა და ვნებებს ანაცვალებს.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები