არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
ვალერიან გორგილაძე - თუ ვინმეს ჰგონია, რომ ოპოზიციური პარტიები გავლენით და სიძლიერით აღემატებიან მაჟორიტარების ფრაქციას, უბრალოდ, ცდება
16:49 22-06-2017
ვალერიან გორგილაძე - თუ ვინმეს ჰგონია, რომ ოპოზიციური პარტიები გავლენით და სიძლიერით აღემატებიან მაჟორიტარების ფრაქციას, უბრალოდ, ცდება საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” სოციოლოგ ვალერიან გორგილაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვალერიან, მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიამ მთლიანობაში მოიწონა საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩატარებული სამუშაო, ჩვენი საშინაო პოლიტიკის ყველაზე აქტუალური თემა გახლავთ ის, თუ რა სახით მიიღებს ”ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს.
მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობა არ ეთანხმება, მაგრამ უახლოესი წარსული გვახსენებს, რომ ჩვენში საკონსტიტუციო ცვლილებები არასდროს არ მიღებულა ვითარებაში, როცა პოლიტიკური სპექტრში მასზე სრული კონსენსუსი იყო. როგორ შეაფასებდით პროცესს, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავებას უკავშირდებოდა და ახლა, როცა მის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა სულ უფრო აშკარა და თვალშისაცემია?

- მე იშვიათად თუ ვეთანხმები ბატონ დავით ბაქრაძის შეფასებებს თუ მოსაზრებებს, მაგრამ ამ შემთხვევაში სრულად ვიზიარებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ “დღეს პარლამენტს უწევს კონსტიტუციის მიღება, რომელიც დგას მხოლოდ ერთ კონსენსუსზე - ეს არის კონსენსუსი მხოლოდ ”ქართული ოცნების” შიგნით“.
დღეს საქართველოს პოლიტიკური რეალობა ისეთია, რომ „ქართულ ოცნებას“ კონსენსუსის მოძებნა უწევს მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალასთან და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა წარმოადგენს „ოცნების“ რეალურ ოპონენტს და მოწინააღმდეგეს - ეს თავად „ქართული ოცნებაა“

ეს არის ძალზედ ნიშანდობლივი შეფასება, მგონი თავად ბატონი ბაქრაძეც კი ვერ ხვდებოდა, რომ ამ ერთ ციტატაში მოახდინა ქვეყნის ყოვლისმომცველი პოლიტიკური შეფასება-დიაგნოზი.
დიახ, დღეს საქართველოს პოლიტიკური რეალობა ისეთია, რომ „ქართულ ოცნებას“ კონსენსუსის მოძებნა უწევს მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალასთან და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა წარმოადგენს „ოცნების“ რეალურ ოპონენტს და მოწინააღმდეგეს - ეს თავად „ქართული ოცნებაა“.
- პრეზიდენტი პარლამენტს მოუწოდებს კონსტიტუციის ახალი ვერსია დაწეროს. ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ”არც ერთ ხელისუფლებას ასეთი ღია ვაჭრობა არ ჰქონია.” ოპოზიცია ხელისუფლების მიერ საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევას ”იაფფასიან აფიორას” უწოდებს, რისი ფასი ”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში სამუდამოდ დარჩენაა”. სპიკერი ირაკლი კობახიძე აცხადებს - ”პრეზიდენტმა დაიწყო და ამთავრებს დესტრუქციით”. თქვენ როგორ შეაფასებდით იმ ვითარებას, რომელშიც პოლიტიკური სპექტრი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესში აღმოჩნდა?
- არც ერთ ქვეყანაში კონსნენსუსი არ მიიღწევა მმართველი პარტიის ინერესების საზიანოდ და მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც მმართველი ძალა ფლობს ლეგიტიმურ საკონსტიტუციო უმრავლესობას, ხოლო დანარჩენი პარტიული ორგანიზაციები ფაქტობრივ კოლაფსში იმყოფებიან.
შეგახსენებთ თქვენც და ბატონ დავით ბაქრაძესაც თუ როგორ მიიღებოდა 2010 წლის კონსტიტუციის რედაქცია - იმ დროს “ნაცმოძრაობას” კონსენსუსის მიღწევის ილუზიის შექმნაც კი ზედმეტ ფუფუნებად ეჩვენებოდა.
თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“, “ნაცმოძრაობისგან განსხვავებით (და აქაც ამ მოძრაობებს შორის ფუნდამენტური სხვაობა ვლინდება), გაითვალისწინა საზოგადოებაში არსებული სამი ფუნდამენტური სოციალ-ეკუნომიკური და ღირებულებითი მოთხოვნა - ეს არის მიწის საკუთრების, ოჯახის და ქორწინების და ჩრდილო-ატლანტიკური სივრცითი ორიენტაციის შესახებ.
თავი დავანებოთ იმას, თუ რას ვფიქრობთ თქვენ ან მე ამ ჩანაწერების შესახებ, მთავარია, რომ ეს არის საზოგადოებაში არსებული დიდი უმრავლესობის ბაზისური სოციალური დაკვეთა და ამ დაკვეთის ასახვა კონსტიტუციაში მოხდა „ქართული ოცნების“ მიერ.
საქართველოში დღეს ოპოზიცია პრაქტიკულად არ არსებობს...„ქართულ ოცნებას“ კონსენსუსის მიღწევა და შეთანხმება უწევს პარტიის შიგნით... გარწმუნებთ, ეს არ არის არც თამაში არც დადგმული დრამა, ეს არის დღევანდელი რეალობა

და მეორე, ჩვენ ვიცით, რომ ბუნებაში ვაკუუმი არ არსებობს. არ შეიძლება არსებობდეს სივრცე, რომელიც განთავისუფლებულია ყოველგვარი ნივთიერებისგან, ასეა პოლიტიკაშიც თუ პოლიტიკურ სპექტრში არ არსებობს ოპოზიცია.
მოგვიწევს იმაზე შეთანხმება, რომ ბაქრაძის ციტატა სწორედ ამ თვითაღიარებას ნიშნავს, რომ საქართველოში დღეს ოპოზიცია პრაქტიკულად არ არსებობს, მაშინ ჩნდება ოპოზიცია თავად მმართველ პარტიაში.
ამ პროცესის მოწმენი ვხვდებით დღეს და დიახ, „ქართულ ოცნებას“ უწევს კონსენსუსის მიღწევა და შეთანხმება პარტიის შიგნით, ვინაიდან დღეს „ქართული ოცნების“ ერთადერთი ოპონენტი და მოწინააღმდეგე თავად „ქართული ოცნებაა“ და გარწმუნებთ, ეს არ არის არც, თამაში არც დადგმული დრამა, - ეს არის დღევანდელი რეალობა.
- ხელისუფლების ოპონენტთა და ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ “ოცნებამ“, წინა ხელისუფლების მსგავსად, კონსტიტუციაზე ძალადობის და მისი საკუთარი ჯიბის დოკუმენტად გადაქცევის გზა აირჩია. თბილისის პოლიტიკური სწავლების დირექტორი, პოლიტოლოგი არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ „ოცნება“ ვეღარ ახერხებს საკუთარი ილუზიების ტყვეობიდან გათავისუფლებას. ღრმა კრიზისში მყოფი ვერც კი აცნობიერებს, რომ თავადაც ჩიხშია და ქვეყანაც უბედურების ზღვართანაა”. თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის საფრთხე, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება-არმიღების თემა ქვეყნისა და ხელისუფლებისთვის ”სახიფათო თამაში” აღმოჩნდეს?
- გულწრფელად არ მესმის, ვინ შეუქმნის ხელისუფლებას საფრთხეს, - ოპოზიცია, რომელთა გაერთიანებული რეიტინგული ჯამი არ აღემატება 10%-ს? შედგა შეთანხმება საზოგადოების ძირითად სოციალურ კონტრიბუტორებთან იმის შესახებ, რომ დაკმაყოფილდეს მიწის, საგარეო ორიენტაციის და ოჯახის ფორმულირებასთან დაკავშირებული საკითხები.
ვენეციის კომისიის გენერალური დასკვნა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ „შემოთავაზებული რეფორმა ზოგადად პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს და დადებით წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის კონსოლიდირებისა და გაუმჯობესების კუთხით“.
შედგა კონვენციური შეთანხმება მაჟორიტარების მრავალრიცხოვან და გავლენიან ჯგუფთან 2024 წლამდე შერეულ სისტემაში მაჟორიტარული არჩევნების ფორმატის შენარჩუნების შესახებ. თუ ვინმეს ჰგონია, რომ დღეს ოპოზიციური პარტიები თავისი გავლენით და სიძლიერით აღემატებიან მაჟორიტარების ფრაქციას პარლამენტის შიგნით, ის უბრალოდ ცდება. პოლიტიკაში კომპრომისი და კონსენსუსი მიიღწევა ძლიერ ოპონენტთან, „ოცნებამ“ სწორედ ეს მოახერხა, მიაღწია კონსენსუსს ყველა ძლიერ შიდა და სხვათა შორის გარე პილიტიკურ აქტორთან.
- პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრში გაწონასასწორებულობითა და კონსტრუქციულობით გამოირჩევა, ამავე თემაზე ასეთი განცხადება გააკეთა - ”თუ ”ოცნების” ლიდერებმა არ გაიაზრეს საით მიექანება პროცესები, საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლების მორიგ ხისტ ცვლილებას მივიღებთ”. პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასთან დაწყებული პროცესები იმაზე მიუთითებს, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციის არც ერთი პრეტენზიის გათვალისწინებას არ აპირებს, რაც მას მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე უპირატესობას მიანიჭებდა. თუ ყველაფერი ისე დარჩა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში, რასაც მმართველი გუნდის გარდა არავინ ემხრობა, თქვენი აზრით, მართლაც დიდია იმის ალბათობა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე შესაძლოა, ქვეყანა ხელისუფლების ცვლილების მორიგი ხისტი ცვლილების საშიშროების წინაშე აღმოჩნდეს, როგორც ამას დავით უსუფაშვილი პროგნოზირებს?
- ისევ ვიმეორებ, ის, რომ მმართველი ძალა არ იზიარებს ოპოზიციის მოთხოვნეს ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ოპოზიცია არ არსებობს და არსებობენ ის ძალები, რომელთანაც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიაღწიოს კონსენსუს.
ის, რომ მმართველი ძალა არ იზიარებს ოპოზიციის მოთხოვნებს, ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ოპოზიცია არ არსებობს და არსებობენ ის ძალები, რომელთანაც „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მიაღწიოს კონსენსუსს

მარკერი ამ შემთხვევაში არის არა ფორმალური ნიშანი (ის თუ ვინ უწოდებს თავის თავს ოპოზიციას) არამედ ის, თუ ვისთან (რომელ სოციალურ თუ პოლიტიკურ ჯგუფებთან) უწევს „ოცნებას“ კომპრომისის მოძებნა.
- ”ევროპელმა დემოკრატებმა” 150 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს და საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ. მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში მიწის უცხოელებზე არგასხვისებისა და ქორწინების განსაზღვრის საკითხებში ისეთ ფორმულირებებზე შეჯერდა, რასაც ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა ემხრობა და იზიარებს. ამიტომ, ძნელი სავარაუდო არ უნდა ყოფილიყო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ხელისუფლებისეულ ვარიანტს რეფერენდუმზე საზოგადოება მხარს დაუჭერდა. თქვენი აზრით, თავად ხელისუფლებამ თავიდანვე რატომ არ მოისურვა საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერემდუმის ჩატარება?
- შეიძლება იმის გამოც, რომ ფლობს საკონსტიტუციო უმრავლესობას რაც ცნებობრივადაც გულისხმობს მანდატის ფლობას საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებაზე.
- საარჩევნო სისტემაში მაჟორიტარული სისტემის დარჩენა ის თემაა, რომელიც პრაქტიკულად პოლიტიკური ძალების უმრავლესობას იმის გამო არ მოსწონს, რომ იგი მმართველ გუნდს აძლევს შანს კვლავაც დარჩეს ხელისუფლებაში.
მაჟორიტარული სისტემა ცუდი ნამდვილად არაა, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენში, გამსახურდიას პერიოდიდან მოყოლებული, დღემდე საკმაოდ ძნელია მაჟორიტარების უმრავლესობის პოლიტიკური მსოფლმხედველობის გარკვევა. ეს, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მათი უმრავლესობა ყოველთვის გამარჯვებული პარტიის ფარვატერში აღმოჩნდება ხოლმე. ასეთ მოცემულობაში მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება მართლაც გაუგებარია. მით უმეტეს მაშინ, როცა ქვეყანაში სრულყოფილი პოლიტიკური პარტიების ნაკლებობაა, ხოლო საქართველო ცდილობს საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლას. დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ”ქართული ოცნება” მაჟორიტარი დეპუტატების ტყვეობაშია. ინტერვიუს ჩაწერამდე საუბრისას თქვენ გამოთქვით მოსაზრება, რომ ეს ასე სულაც არაა. იქნებ, დააზუსტოთ, რატომ ფიქრობთ, რომ ასე არაა?

- მოდით, პატიოსნად გავაანალიზოთ დებულება იმის შესახებ, რომ პოლიტიკური ძალების უმრავლესობას მაჟორიტარული სისტემა იმის გამო არ მოსწონთ, რომ თურმე იგი, ანუ მაჟორიტარული სისტემა უზრუნველყოფს მმართველი ძალის ხელისუფლებაში დარჩენას.
მოდით გავიხსენოთ, შეუნარჩუნა თუ არა მაჟორიტარულმა სისტემამ ძალაუფლება შევარდნაძის ან სააკაშვილის რეჟიმებს? თუ არ ვართ დაავადებულები ისტორიული ამნეზიით, პასუხი არის არა.
შესაბამისად, ოპოზიციური პარტიები იმიტომ კი არ ილაშქრებენ მაჟორიტარების წინააღმდეგ, რომ თითქოსდა ისინი უნარჩუნებენ მმართველ ძალებს ძალაუფლებას, არამედ იმიტომ, რომ მაჟორიტარებში ხედავენ კონკურენტებს პოლიტიკური გავლენის ველზე.
ოპოზიციური პარტიები იმიტომ კი არ ილაშქრებენ მაჟორიტარების წინააღმდეგ, რომ თითქოსდა ისინი უნარჩუნებენ მმართველ ძალებს ძალაუფლებას, არამედ იმიტომ, რომ მაჟორიტარებში ხედავენ კონკურენტებს პოლიტიკური გავლენის ველზე

მაჟორიტარების შესუსტება ასევე შედიოდა „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილის ინტერესებში, თუმცა „ოცნების“ ახალგაზრდულ ფრთას მოუწია კომპრომისის გამოძებნა მაჟორიტარების ფრაქციასთან და სწორედ ამაში ვლინდება რაციონალური ქცევა, ადეკვატური რეაქცია ძალასთან, რომელთანაც გიწევს კომპრომისის გამოძებნა, სწორედ ამაში ვლინდება პოლიტიკის არსი.
რაც შეეხება პარტიულ სისტემას, ვინ დაადგინა, რომ სახელმწიფოს ან საზოგადოების ამოცანას პარტიული სისტემის გაძლიერება უნდა წარმოადგენდეს? გამოჩენილი ამერიკელი სოციოლოგი მარტინ ლიპსეტი ამბობდა, რომ ამერიკული პოლიტიკური სისტემის ეფექტურობა დიდწილად არის განპირობებული იმით, რომ ამერიკული ძირითადი პარტიებიც კი ბევრად უფრო სუსტები არიან ვიდრე პოლიტიკური ორგანიზაციები ევროპაში. ამერიკაში ძალზე დიდი გავლენა გააჩნიათ არაფორმალურ ჯგუფებს, საზოგადოებრივ მოძრაობებს, ფონდებს, სააზროვნო ცენტრებს, საუნივერსიტეტო კამპუსებს და ა.შ. თავისი გავლენით სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე ჰოლივუდი არანაკლებ გავლენას ახდენს, ვიდრე რომელიმე პოლიტიკური პარტია. ამის ნიშნები შეიმჩნევა საქართველოშიც - საზოგადოებაზე კვლავ დიდ გავლენას ახდენს ეკლესია.
ჩემი აზრით, სხვადასხვა არაფორმალური ჯგუფების, მემარცხენე თუ ლიბერალური მოძრაობების სოციალური მობილიზაციის ხარისხი ბევრად რელევანტური და ადეკვატურია, ვიდრე მთლიანი ოპოზიციის ძალისხმევა ამ მიმართულებით.
ვინ აიძულებდა ხელისუფლებას მიწასთან, ოჯახთან და ევროატლანტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებული ჩანაწერების დაფიქსირებას კონსტიტუციაში? ვინ აპროტესტებდა ”ბირჟა- მაფიასთან” დაკავშირებულ ინციდენტს? ვინ აღწევს მარიხუანის დეკრიმინალიზაციას? ამ ყველაფერს აღწევენ არა ოპოზიციური პარტიები, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციები და ფონდები, ისეთი ფორმალური ჯგუფები და მოძრაობები როგორებიც არიან: ახალგაზრდული მემარცხენე მოძრაობები, „აუდიტორია 115“, „ქართული იდეა“, „თეთრი ხმაური“ და ა.შ.
სწორედ ეს მოძრაობები ქმნიან თანამედროვე ტრენდებს და შესაბამის პოლიტიკურ კონტექსტს და არა ის 12 პოლიტიკური პარტია, რომელიც ჩემთვის გაურკვეველ მიზეზთა გამო იკვებება გადამხდელების გადასახადებით და ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
- ამას წინათ, დეპუტატმა ოქრუაშვილმა საჯარო სივრცეში მინისტრ სეერგენკოს წინააღმდეგ განცხადება გააკეთა. სერგეენკოს მისთვის, ყოველ შემთხვევაში საჯარო სივრცეში, პასუხი არ გაუცია. ფაქტია, რომ ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატები, გარდა იმისა, რომ კანონმდებლები არიან, საკმაოდ შეძლებული ხალხია და ავლენენ იმ რაიონსა თუ რეგიონზე პასუხიმგებლობას პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებში, რომელსაც წარმოადგენენ. რადგან ასეთი მოცემულობა გვაქვს, იმისათვის, რომ პოლიტიკური სიტემა მეტად იყოს გამართული, ხომ არ იქნებოდა ბევრად უკეთესი საკონსტიტუციო ცვლილებებს დაეკანონებინა ორპალატიანი სისტემა? განსაზღვრულიყო ზედა პალატაში რეგიონებისთვის კვოტები და ყველა რეგიონს ჰყოლოდა წარმომადგენელი? თქვენი აზრით, რატომ არ დგამს ამგვარ ნაბიჯს მმართველი გუნდი? ექსპერტთა ნაწილი აღარ თვლის, რომ ეს თემა ტერიტორიულ მოწყობას, ანუ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებს უკავშირდება...
- მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას, ტერიტორიული მოწყობა, აფხაზეთის და სამაჩაბლოს საკითხი, გარდა ამისა თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარეობა და შემდგომი განვითარება, ვფიქრობ, მომავალში მოახდენს გავლენას ორპალატიანი პარლამენტის ინსტიტუციონალიზაციაზე.
- ისეთი პირი უჩანს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თემა კიდევ კარგა ხანი იქნება არა მარტო ჩვენში განხილვის საგანი. ხელისუფლება გვაიმედებს, რომ ამ საკითხზე ორ კვირაში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ვიდრე ყველაფერს თავისი სახელი არ დარქმევია, თქვენი აზრით, მუხთარლის საქმისაგან რა ტიპის სამართლებრივი და პოლიტიკური გაკვეთილები მიიღო საქართველომ, როგორც სახელმწიფომ და ქართულმა საზოგადოებამ?
- საქართველოს სუვერენიტეტი შეზღუდულია და ეს პროცესი დიდწილად არის განპირობებული მეზობელი ქვეყნების ინტერესებით. თუმცა, ეს პროცესიც ორმხრივია, საქართველო შეიძლება მეტად დამოკიდებული იყოს აზერბაიჯანსა და თურქეთზე (და უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩვენ ნათლად ვხედავთ თურქეთ-აზერბაიჯანის ღერძის გავლენის გაძლიერებას კავკასიაში) და ნაკლებად სომხეთზე. თუმცა, საქართველოსაც გააჩნია ზემოქმედების ბერკეტები თურქეთზეც, აზერბაიჯანზეც და სომხეთზეც.
მუხთარლის დრამას გააჩნია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ქვეტექსტი და ვფიქრობ, რომ საზოგადოების ადეკვატური რეაქცია მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს იმუნიზაციას მსგავსი ექსცესებისაგან მომავალში

მუხთარლის დრამას გააჩნია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ქვეტექსტი და ვფიქრობ, რომ საზოგადოების ადეკვატური რეაქცია მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს იმუნიზაციას მსგავსი ექსცესებისაგან მომავალში. საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოში ცხოვრობს მოსახლეობა, რომლისთვისაც ადამიანის უფლებები წარმოადგენენ უზენაეს ღირებულებას.
- ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები. თქვენი დაკვირვებით, როგორ პოლიტიკურ ფორმაში ხვდებიან ამ არჩევნებს ქართული პოლიტიკური სცენის ძირითადი აქტორები? და კიდევ, რას შეიძლება ნიშნავდეს მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებები იმის თაობაზე, რომ თბილისის მერობისათვის ბრძოლაში ”ქართული ოცნების” ფალავანი კახი კალაძე იქნება?
- მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ ყოველთვის ავლენს ელექტორალურ მოქნილობას. გავიხსენოთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, როდესაც „ქართული ოცნება“ ლამის ერთადერთ გუნდს წარმოადგენდა, რომელმაც მოახერხა ძირითადი ავანგარდული ძალების გადახალისება. „ოცნების“ მომავალი საპარლამენტო ფრაქციის ახალმა სახეებმა ძალზედ წარმატებულად შეასრულეს ამომრჩევლის დაკვეთა პოლიტიკოსების ახალ კოჰორტაზე.
ამ შემთხვევაშიც „ქართული ოცნება“ იქცევა ძალზედ რაციონალურად. მოსახლეობაში არის დაკვეთა ენერგიულ, ეფექტურ, გამბედავ, დამოუკიდებელ, გადაწყვეტილების მიმღებ პოლიტიკურ ლიდერზე. ვფიქრობ, რომ მოსახლეობის ამ მოლოდინებს სრულად შეესაბამება კახა კალაძეს პერსონა და მისი პიროვნული თუ პოლიტიკური თვისებები.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”





მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები