არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
23-04-2018
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნამდვილი დემოკრატია უმცირესობის აზრის გათვალისწინებასა და პატივისცემას გულისხმობს
10:21 26-06-2017
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნამდვილი დემოკრატია უმცირესობის აზრის გათვალისწინებასა და პატივისცემას გულისხმობს საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, პარლამენტმა მეორე მოსმენით კენჭი უყარა საკონსტიტუციო ცვლილებებს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას იმას საყვედურობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი პოლიტიკურ ძალებს შორის არ ყოფილა და თუ კონსენსუსზე ვისაუბრებთ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი მხოლოდ ”ქართული ოცნების” შიგნით იყო. თქვენ როგორ შეაფასებდით საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს? თუნდაც იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მხოლოდ ერთმა მმართველმა პარტიამ ”ქართულმა ოცნებამ” განახორციელა და ამ პროცესში მონაწილეობა სხვა პოლიტიკურ ძალებს არ მიუღიათ?
- დავიწყოთ თავიდან. საკონსტიტუციო ცვლილებები იმისთვის გახდა საჭირო, რომ ჩვენს ქვეყანაში შეუქცევადად დასრულებულიყო საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლა. საკონსტიტუციო ცვლილებებმა ეს მისია მეტ-ნაკლებად შეასრულა და ამიტომ ვენეციის კომისიამ პარლამენტის ინციატივა საერთო ჯამში დადებითად შეაფასა.
უთანხმოება პოლიტიკურ ძალებს შორის სულ რამდენიმე, მაგრამ ამავდროულად ძირეულ საკითხს შეეხო - მხედველობაში მაქვს პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევის წესები.
საკონსტიტუციო პროცესი და შესაბამისი კონსენსუსის ძიების პროცედურები კარიკატურულად გამოიყურებოდა

თავის დროზე ოტო ფონ ბისმარკმა თქვა, რომ ”პოლიტიკა - ეს შესაძლებლის ხელოვნებაა”. პარლამენტის ახალგაზრდა, გამოუცდელ და სულსწრაფ თავმჯდომარეს ეს მარტივი, მაგრამ ძალიან ბრძნული გამონათქვამი დაავიწყდა და შედეგად, თვით „ქართული ოცნების“ წიაღში მოუწია კონსენსუსის ძიება. ამიტომ მთლიანად საკონსტიტუციო პროცესი და შესაბამისი კონსენსუსის ძიების პროცედურები კარიკატურულად გამოიყურებოდა.
გარდა ამისა, უკლებრივ ყველა პოლიტიკურ ძალას მიაჩნია, რომ მათ აქვთ შეძენილი ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკის ლიცენზია. ეს ასე ნამდვილად არ არის. პოლიტიკური სპექტრი ჩვენი მოსახლეობის სულ რამდენიმე პროცენტია, ხოლო უკლებლივ ყველა პოლიტიკური პარტია კონსტიტუციის ტესტში მისი მიზნების განსახორციელებლად ყველაზე კარგ გარემოს ეძებდა. მათ დაავიწყდათ, რომ კონსტიტუცია პოლიტიკოსებისთვის კი არა, ქართველი ერისთვის იწერება, ამიტომ მიმაჩნია, რომ კონსენსუსის მიღწევის ტექნოლოგია თავიდანვე დამახინჯებული იყო, ტექსტის განხილვაში უნდა ჩართულიყო მთლიანად საქართველოს მოსახლეობა, რისთვისაც გარემო არ შექმნილა.
ყველას დაავიწყდა, რომ „Vox populi – vox Dei” (ხმა ერისა - ხმა ღვთისა). ე.წ. საჯარო განხილვები პოლიტიკური პარტიების კინკლაობაში გადაიზარდა. ამიტომ საკონსტიტუციო განხილვები თავიდანვე ჩასაშლელად განწირული იყო.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კონსტიტუცია სამომავლო ცვლილებებისთვისაა განწირული

და მესამე. საპარლამენტო რესპუბლიკაში ქვეყნის განვითარებაზე პასუხისმგებლობას პარლამენტი იღებს. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რომელიც პარლამენტში რაც შეიძლება უფრო კომპეტენტურ ადამიანებს მოიყვანს.
ეს მარტივი ჭეშმარიტება უკლებლივ ყველას, მათ შორის ვერნეციის კომისიას, დაავიწყდა და ასეთი პროცესის უზრუნველსაყოფად არც ერთი ნაბიჯი არ იყო გადადგმული. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კონსტიტუცია სამომავლო ცვლილებებისთვისაა განწირული.
- პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა - ”კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ოპოზიციური სპექტრი კონსენსუსისა და კომპრომისისთვის მომწიფებული არ არის”. ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის მტკიცებით, ”პრეზიდენტის ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი”. არადა, გვინდა თუ არ გვინდა ფაქტია, საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ ატეხილი ისტერია დასტურია, რომ პოლიტიკური კრიზისი გარკვეული სახითა და ფორმით უკვე გვაქვს და მნიშვნელობა არ აქვს ამას ხელისუფლება აღიარებს თუ არა.
თუ ხელისუფლებამ იცის, რომ ოპოზიციური სპექტრი კონსენსუსისა და კომპრომისისთვის მზად არ აღმოჩნდა, პრეზიდენტის ქმედებები კი პოლიტიკური კრიზისის შექმნისკენაა მიმართული, ლოგიკურია კითხვა ასე დაისვას - რატომ არ გადადგა თავად ხელისუფლებამ იმგვარი ნაბიჯები, რომ ისეთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტზე, როგორიც კონსტიტუციაა, პოლიტიკურ ძალებს შორის როგორმე შემდგარიყო კონსენსუსი და თუნდაც პრეზიდენტს არ მისცემოდა პოლიტიკური კრიზისისკენ მიდრეკილი ნაბიჯების გადადგმის საშუალება?

- პარლამენტის თავმჯდომარესა და მის გარემოცვას მიაჩნია, რომ კონსენსუსი მათი აზრის მოწონებას გულისხმობს. ისევ სააკაშვილის ტექნოლოგიას მიმართეს - რაც უფრო ხისტი ვიქნები, მით უფრო სახოვნად ვაჩვენებ ჩემს ძალას ხალხს.
სინამდვილეში, საქმე ზუსტად პირიქითაა - ნამდვილი დემოკრატია უმცირესობის აზრის გათვალისწინებასა და პატივისცემას გულისხმობს. ამ ნაკლოვანებას მე მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ არ მივაწერდი, ეს საერთოდ ჩვენი ნორჩი და გამოუცდელი დემოკრატიის ნიშან-თვისებაა - გაიხსენეთ, ვინც არ უნდა მოსულიყო უმრავლესობაში, იქნებოდა ეს „მრგვალი მაგიდა“, „მოქალაქეთა კავშირი“, „ნაციონალური მოძარაობა“, თუ „ქართული ოცნება“, მაშინვე ოპონენტების ხელების გრეხას იწყებდა.
კონსენსუსი დათმობის გარეშე არ არსებობს, ამიტომ მგონია, რომ პარლამენტში კონსენსუსის მისაღწევად სივრცე საერთოდ არ შექმნილა

თუ ამ ნაკლოვანების აღმოფხვრა გვინდოდა, მაშინ გაცილებით უფრო გამოცდილი, გამჭრიახი და ტოლერანტული პარლამენტის თავმჯდომარე უნდა აგვერჩია. კონსენსუსი დათმობის გარეშე არ არსებობს, ამიტომ მგონია, რომ პარლამენტში კონსენსუსის მისაღწევად სივრცე საერთოდ არ შექმნილა.
- პოლიტიკოსთა და დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ერთი პარტიის მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები ვერანაირად ვერ შეასრულებს კონსტიტუციის ფუნქციას, ვინაიდან მის მიმართ ნდობა და პატივისცემა საკმაოდ დაბალი იქნება. მეტიც, კონსტიტუციის ამ ფორმით მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო ნაბიჯი გადადგა, რასაც შესაძლოა მოჰყვეს პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანა და სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიყვანა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება და თუ მოვლენები მართლაც ასე განვითრდა, მთელი პასუხიმგებლობა ”ქართულ ოცნებას” დაეკისრება.
თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება აღმოჩნდეს ის თემა, რამაც შესაძლოა მკვეთრად შეცვალოს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების დინამიკა და ტრაექტორია?

- არმაგედონის წინასწარმეტყველება ჩვენი პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისთვის დამახასიათებელი ნიშანია. გადახედეთ ფეისბუქს - რაზე ფიქრობს და რაზე პაექრობს ჩვენი საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი - ახალგაზრდობა. კონსტიტუციაზე ერთ სიტყვასაც ვერ გაიგებთ.
არა მგონია, რომ დაპირისპირება ქუჩაში გამოვიდეს და კონსტიტუციას, რომლისაც არ სჯერა, ხალხმა თავისი ბედი ან თუნდაც დრო შესწიროს

„ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია ერთ ძალიან სავალალო შედეგს - პოლიტიკის ვირტუალიზაციას. შედეგად, მოსახლეობასა და პოლიტიკოსებს შორის უზარმაზარი რღვევა გაჩნდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი ვირტუალურ სივრცეში აღმოჩნდა, ხოლო რეალური ცხოვრება, ადამიანთა პრობლემები, წუხილი, სიხარული, ოცნებანი და გაწბილებანი სადღაც პოლიტიკის მიღმა დარჩა.
ამიტომ არა მგონია, რომ დაპირისპირება ქუჩაში გამოვიდეს და კონსტიტუციას, რომლისაც არ სჯერა, ხალხმა თავისი ბედი ან თუნდაც დრო შესწიროს. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ხალხი სოციალური უსამართლობისა და ძალოვანი სტრუქტურების არაადექვატური მოქმედების დანახვისას ღიზიანდება და თავის ნებას ხელისუფლებას უჩვენებს. ხალხს პოლიტიკა გულგრილს ტოვებს, მას მისი თავისუფლების შეზღუდვა აღიზიანებს.
- გასაგებია, რომ დღეს მმართველმა გუნდმა ანგარიში მისივე გუნდში მყოფ მაჟორიტარებს გაუწია, დღეს ოპოზიციას პოლიტიკურ პროცესზე გავლენის პოტენციალი და ნდობის რესურსი ნაკლებად გააჩნია და სწორს ბრძანებს ბატონი რამაზ საყვარელიძე როცა ამბობს - ”თითქმის 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი აქციაზე არ გამოვა”.
მაგრამ ვითარებაში, როცა სოციალური ფონი შესამჩნევად მძიმდება, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს - ”ასეთი იზოლირებული არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა”, რეალურად დგას სასიცოცხლო ამოცანა - ინსტიტუციური ბალანსის შენარჩუნება, თქვენი აზრით, აქვს ხელისუფლებას იმის რესურსი, რომ იმოქმედოს ეფექტურად სოციალური ვითარების გასაუმჯობესებლად და აიცდინოს კრიზისის საშიში ტრანსფორმაციის ალბათობა?
- ბატონ რამაზ საყვარელიძის აზრს ვემხრობი. საერთოდ კი, კრიზისი ისეთი სიტუაციაა, რომლის დაძლევა აუმჯობესებს საზოგადოებას. კრიზისების გარეშე პოლიტიკა არ არსებობს. საზოგადოებისგან იზოლირება მარტო „ქართული ოცნების“ სენი არ ყოფილა და აქ თვისობრივ განსხვავებას სხვა ადმინისტრაციებისგან ვერ ვხედავ.
კრიზისი ისეთი სიტუაციაა, რომლის დაძლევა აუმჯობესებს საზოგადოებას. კრიზისების გარეშე პოლიტიკა არ არსებობს. საზოგადოებისგან იზოლირება მარტო „ქართული ოცნების“ სენი არ ყოფილა და აქ თვისობრივ განსხვავებას სხვა ადმინისტრაციებისგან ვერ ვხედავ

თვისობრივად სიტუაციის გაუმჯობესება და საზოგადოებასთან დიალოგისთვის აუცილებელი გარემოს შექმნა პარლამენტის ამჟამინდელ თავმჯდომარეს გაუჭირდება, ამისთვის პარლამენტის ხელმძღვანელობაა შესაცვლელი.
- ახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები. თქვენი დაკვირვებით, როგორ პოლიტიკურ ფორმაში ხვდებიან ამ არჩევნებს ქართული პოლიტიკური სცენის ძირითადი აქტორები? რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ თბილისის მერობისათვის ბრძოლაში ”ქართული ოცნების” ფალავანი კახი კალაძე იქნება?
- მეჩვენება, რომ მხოლოდ თბილისის მერის არჩევნებზე იქნება გაცხარებული პოლიტიკური ბრძოლა, რეგიონებში არჩევნები უინტერესოდ და ამომრჩეველთა დაბალი აქტიურობით ჩაივლის.
ყველას ესმის, რომ თბილისის მერის არჩევნები ლაკმუსის ქაღალდია, რომელიც ხალხის სიმპათიებსა და გულისწყრომას გამოავლენს. მგონია, რომ არჩევნები ძალიან დაძაბული იქნება და მეორე ტური აუცილებლად დაინიშნება.
არჩევნების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ ძირფესვიანად მოუწევს თავისი პოლიტიკის შეცვლა. ამიტომ სარბიელზე ხისტი და მებრძოლი კახი კალაძე გამოუშვეს.
თბილისის მერის არჩევნები ძალიან დაძაბული იქნება და მეორე ტური აუცილებლად დაინიშნება

რამდენად მოახერხებს იგი ამომრჩეველთა გულის მოგებას, სხვა საკითხია, და აქ ბატონი ირაკლი კობახიძის გამონათქვამი, რომ კახი კალაძე უალტერნატივო კანდიდატურაა, მხოლოდ მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. ისე კი, თბილისის მერი თბილისელი უნდა იყოს, ისეთი ადამიანი, რომელსაც ძვალში და ხორცში გამჯდარი აქვს თბილისის პრობლემები.
- ვიცი, რომ თქვენი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად სტუმრობთ ირანს. რადგანაც სულ ახლახან დაბრუნდით თეირანიდან, უნდა გკითხოთ - პრეზიდენტ ტრამპის ისრაელსა და საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ვითარება მეტ-ნაკლებად გარკვეულია, ვგულისხმობ იმას, რომ გაირკვა ვინ ვის მხარესაა სირიის საკითხში და ირანთან დამოკიდებულების თვალსაზრისით. თქვენ როგორ შეაფასებდით ირანში არსებულ ვითარებას და ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტ ტრამპის ვიზიტის შემდეგ ამავე რეგიონში შექმნილ სიტუაციას?
- ირანი ჩაკეტილი და თვითმყოფადი ქვეყანაა და სპარსელებისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია შიდა პრობლემები. აქ კი სიტუაცია ერთობ დაძაბულია. ირანში გამოუცხადებელი, ფარული, მაგრამ ცალსახა დაპირისპირებაა რევოლუციის გუშაგებსა და მეტ-ნაკლებად პროგრესულ საპრეზიდენტო ადმინისტრაციას შორის. პრეზიდენტი, რომელიც პირველივე ტურში აირჩიეს, წინ იყურება და საზოგადოების გათანამედროვებისა და ქვეყნის გახსნილობისთვის იღწვის, ხოლო რევოლუციის გუშაგები აიათოლა ხომეინის მიერ დაფუძნებულ პრივილეგიებს ებღაუჭებიან.
გუშაგები თუმცა ცოტანი არიან, მაგრამ მათ ხელშია ფული, რომელიც ნავთობის გაყიდვებიდან შემოდის და საბაჟო. არმია თეორიულად პრეზიდენტის დაქვემდებარებაშია, მაგრამ ირანში არაფერი კეთდება სასულიერო ლიდერის მოწონების გარეშე.
ირანის მთავარი პრობლემა თეოკრატიული მმართველობის დაძლევაა და აქ, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ირანის მოსახლეობისა და ტრამპის ინტერესები თანხვედრილია

ირანის მთავარი პრობლემა თეოკრატიული მმართველობის დაძლევაა და აქ, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ირანის მოსახლეობისა და ტრამპის ინტერესები თანხვედრილია.
- აშშ-მ რუსეთს ეკონომიკური სანქციები კიდევ უფრო გაუმკაცრა. ევროკავშირმა ასევე გაუგრძელა რუსეთს ეკონომიკური სანქციები. თეთრი სახლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ”დიდი ოციანის” სამიტის ფარგლებში ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრა არ იგეგმება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კრემლის მცდელობების მიუხედავად, ტრამპი პუტინთან შეხვედრას არ ჩქარობს. პარალელურად, მსოფლიო ბაზარზე კვლავაც ვარდება ნავთობის ფასი. დასავლეთი ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ სულ უფრო ნაკლებად იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე. თქვენ როგორ დაახასიათებდით იმას, რაც ახლა მსოფლიო პოლიტიკაში ხდება და იმ დინამიკის გათვალისწინებით, რაც რეალურად არსებობს, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება წარიმართოს ურთიერთობები მსოფლიო სცენის ძირითად აქტორებს შორის?
- ძალიან ძნელია ამ კითხვაზე მოკლედ პასუხი: მსგავსი პასუხის გასაცემად მე აშშ-ში 906-გვერდიანი და თბილისში 540-გვერდიანი მონოგრაფიები დავწერე. მაინც შევეცდები.
გლობალიზებულ მსოფლიოში საერთაშორისო კაპიტალისა და ნედლეულის ბაზრების მდგომარეობა დამოკიდებულია ნავთობის ფასზე.
ვინაიდან ეს უკანასკნელი აშშ დოლარებში კოტირდება, აშშ-ს, რომელიც ნავთობის არც ძირითადი მწარმოებელი და არც ძირითადი მომხმარებელია, აქვს ქმედითი მექანიზმები ბაზრების გასაკონტროლებლად - ეს მსოფლიო ნავთობის უდიდესი ბაზარი ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟა და აშშ დოლარის გაცვლითი კურსია. სახელმწიფო სარეზერვო სისტემა, ცვლის რა დოლარის კურსს, ნავთობის ფასს აკონტროლებს.
რუსეთი ან დაემორჩილება საერთაშორისო წესრიგს, ან 10 წელიწადში თავის ამჟამინდელ საზღვრებში აღარ იარსებებს

ზუსტად ნავთობის ფასზე კონტროლმა 2014-2015 წლებში შესაძლებლობა მისცა ბარაკ ობამას რუსეთის მშპ 37%-ით შეემცირებინა. დონალდ ტრამპმა ჯერ სცადა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობების დამყარება, მაგრამ მისმა მრჩეველებმა იგი უმალვე სწორ გზაზე დააყენეს და მან გააგრძელა აშშ-სთვის მომგებიანი ნავთობპოლიტიკის გატარება. ამ ყველაფრის შედეგად რუსეთი ან დაემორჩილება საერთაშორისო წესრიგს ან 10 წელიწადში თავის ამჟამინდელ საზღვრებში აღარ იარსებებს.
მადლობელი ვიქნები, თუ ერთხელ ამ თემაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”




მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები