არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
უჩა ნანუაშვილი - აშშ-ში ყველა შეხვედრაზე, ყველა ოთახში, ყველა დერეფანში აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით დაისვა კითხვები
11:40 28-06-2017
უჩა ნანუაშვილი - აშშ-ში ყველა შეხვედრაზე, ყველა ოთახში, ყველა დერეფანში აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით დაისვა კითხვები ბოლო დროს, საქართველოს სამართალდამცავი და საგამოძიებო სტრუქტურები კრიტიკის ობიექტი ხდებიან. მიზეზი არაერთი რეზონანსული საქმეა, რომელთან მიმართებაშიც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს კითხვის ნიშნები აქვს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის და გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას საქმეები - ესენი მხოლოდ რამდენიმეა იმ საქმეებს შორის, რომლებზეც უფრო მეტი შეკითხვა არსებობს, ვიდრე პასუხი. საზოგადოების იმ ნაწილს შორის, რომელიც ყველა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული გამოძიების მიმდინარეობით და შედეგებით უკმაყოფილოა, სახალხო დამცველიცაა. უჩა ნანუაშვილი საგამოძიებო უწყებებისგან შეკითხვებზე პასუხებს ითხოვს...

- როგორც ცნობილია, ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდით, სადაც სახალხო დამცველმა სხვადასხვა უწყებას ბოლო დროს გახმაურებულ საქმეებზე ინფორმაცია მიაწოდა. პირველ რიგში, როგორ შეაფასებთ ვიზიტს და კონკრეტულად, რომელ საქმეებზე გააკეთეთ აქცენტები?
- ამერიკაში ვიზიტის დროს შეხვედრები გვქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესის მაღალი თანამდებობის პირებთან. ამერიკაში ვიზიტი საინტერესო იყო იმ მხრივაც, რომ საქართველოში მიმდინარე აქტიურ პროცესებს დაემთხვა. ძალიან ბევრი კითხვა იყო მუხთარლის საქმეზე, დემირელის კოლეჯის ხელმძღვანელის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავების საქმეზე, ასევე გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას საქმეზე. ამის გარდა, ბევრ სხვა თემას შევეხეთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი კითხვა უკავშირდებოდა აფგან მუხთარლის საქმეს. ფაქტობრივად, ყველა შეხვედრაზე, ყველა ოთახში, ყველა დერეფანში, სადაც კი ჩვენ მივედით, მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით დაისვა კითხვები.

- აფგან მუხთარლის საქმე რეზონანსულია როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის - ევროპარლამენტმა რეზოლუციაც კი მიიღო ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორ შეაფასებთ გამოძიების მიმდინარეობას და არის თუ არა ის ქმედებები ადექვატური, რასაც საქართველოს საგამოძიებო უწყებები ახორციელებენ. რა არის ძირითადი ხარვეზები, რაზეც კითხვის ნიშნები არსებობს?
- მუხთარლის მეგობრები და ოჯახის წევრები თავიდანვე მიუთითებენ, რომ ჟურნალისტი შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს. თავისთავად, როდესაც რომელიმე უწყების წარმომადგენლები არიან ეჭვმიტანილნი სავარაუდო დანაშაულში, ელემენტარულია, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ იყოს და სხვა უწყებამ, ამ შემთხვევაში პროკურატურამ ჩაატაროს გამოძიება. კიდევ ერთი საკითხი, რის გამოც შსს-ს არ უნდა დაეწყო საქმის გამოძიება, არის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული კითხვები - საზღვარი შსს-ს დეპარტამენტის კონტროლის ობიექტია და ამ მხრივაც ინტერესთა კონფლიქტია.
მუხთარლის საქმის გამოძიება დაიწყო გაუჩინარების მუხლით ძველი თბილისის რაიონული სამმართველოს მიერ. ოჯახი მიუთითებდა, რომ მუხთარლი გაიტაცეს და საზღვარზე გადაიყვანეს, რაც სცილდება ძველი თბილისის რაიონის პოლიციის უფლებამოსილებას, რადგან ეს არ იყო ლოკალური დანაშაული, რომელიც დაიწყო და დასრულდა იმ კონკრეტულ მონაკვეთზე.
კითხვის ნიშნებს ასევე იწვევს ისიც, რომ მუხთარლის მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას დაკითხვა არ მოხდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ისევე როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერება არ განხორციელდა. ფაქტი 29 მაისს დაფიქსირდა და 2 კვირის შემდეგაც შემთხვევის ადგილი არ იყო შესწავლილი.
საინტერესოა ისიც, რომ თავიდანვე გაკეთდა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ხელისუფლების უმაღლესი შტოების წარმომადგენლების მხრიდან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ მუხთარლი „მწვანე ზოლში“ გადავიდა. ასევე დასვეს კითხვები - მუხთარლი ჟურნალისტი იყო თუ დაცვის თანამშრომელი. გამოძიება, რეალურად, ჩვენი გადმოსახედიდან, არც ტარდებოდა და იყო გაუგებარი კითხვის ნიშნები იმისთვის, რომ მომხდარიყო მუხთარლის შესახებ საზოგადებაში ნეგატიური სურათის შექმნა.
კიდევ ერთი საკითხია საყურადღებო - დაზარალებულის სტატუსი არც მუხთარლის და არც მის მეუღლეს დღემდე არ აქვთ. თუ გაქვს დაზარალებულის სტატუსი, შეგიძლია საქმის მასალებს გაეცნო. ოჯახს ეს სტატუსი არ მისცეს და შესაბამისად, მტკიცებულებებზე წვდომა არ აქვთ.
პრემიერ-მინისტრმა და იუსტიციის მინისტრმაც გააკეთეს განცხადებები. თქვეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა ისინი ყველა ვერსიას უშვებდნენ გარდა იმისა, რომ ქართული მხარე მონაწილეობდა ამ სპეცოპერაციაში. ვსვამთ კითხვას - თუკი რეალურად არსებობს გამოძიება, მაშინ რატომ უნდა იყოს რომელიმე ვერსია წინასწარ გამორიცხული? ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს გარკვეულ ინტერესს ხელისუფლების მხრიდან, რომ არ მოხდეს ამ ფაქტის გამოძიება კონკრეტული მიმართულებით. როცა ერთ ვერსიას გამორიცხავ, ეს ნიშნავს, რომ ამით ზეწოლას ახდენ გამოძიებაზე, ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროზე, რომ მათ სხვა მიმართულებით წაიყვანონ ძიება და ჩვენ ამის ნიშნებს ვხედავთ.

- ოჯახის ვერსიით, მუხთარლი გაიტაცეს, საქართველოს სამართალდამცავი უწყებები კი აცხადებენ, რომ მუხთარლიმ თავად გადაკვეთა „მწვანე ზოლი“. თქვენი შეფასებით, აფგან მუხთარლი როგორ მოხვდა თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე პასპორტის გარეშე?
- ჩემთვისაც ბევრი რამ ბურუსით არის მოცული, მაგრამ ქვეყანაში, სადაც საზღვრები დაცულია, სადაც რეალურად, მარტივი არ არის ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში გადასვლა კონტროლის გავლის გარეშე, გაუგებარია ვერსია, რომ საკუთარი ნებით წავიდა აზერბაიჯანში - იქ, სადაც დევნიან და საიდანაც საკუთარ ხელისუფლებას გამოექცა, თავისი ნებით რატომ უნდა დაბრუნებულიყო?
რაც შეეხება უშუალოდ შემთხვევის ადგილს - თბილისის ცენტრში, ჩიტაძისა და ჭონქაძის ქუჩების ტერიტორიაზე უამრავი ვიდეო კამერაა გამომდინარე იქედან, რომ აქ არის ბევრი უწყება: უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი ადმინისტრაციული კორპუსი, პარლამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, იტალიის საელჩო და სხვა. დანაშაული სავარაუდოდ, 19:00 საათზე მოხდა და სურვილის შემთხვევაში, გამოძიებას ბევრი ინფორმაციის მოძიება შეუძლია. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, როგორ სწრაფად მოახდინეს რეაგირება ქალბატონის სავარაუდო ცემასთან დაკავშირებით და შემთხვევიდან რამდენიმე საათში გაავრცელეს ვიდეომასალა. თუკი ასეთი ოპერატიულია შსს, დააკმაყოფილოს მუხთარლის საქმეზე არსებული ინტერესი.
მუხთარლის საქმე, საქართველოს ისტორიაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე უფრო გახმაურებული საქმეა. ვიცით, რომ ევროპარლამენტმა მიიღო სპეციალური რეზოლუცია, ევროსაბჭო, ევროკომისია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა საკითხს. ადამიანის უფლებათა 24-მა საერთაშორისო ორგანზიაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ამ ფაქტს „საქართველოს რეპუტაციისთვის შავი ლაქა“ უწოდეს.
ქართველმა სამართალდამცველებმა ვერანაირი კონტრარგუმენტი ვერ დაუპირისპირეს საერთაშორისო ორგანიზაციების ბრალდებებს, რომ ადამიანი გაიტაცეს თბილისში, ქალაქის ცენტრში და ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერავინ უარყოფს. მუხთარლი აღმოჩნდა საქართველოდან სხვა სახელმწიფოში პასპორტის გარეშე და ამასაც ვერავინ უარყოფს. ეს სამწუხაროდ, ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოში მსგავსი დანაშაული შესაძლოა, კიდევ მოხდეს და ნებისმიერი მოქალქე გაიტაცონ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საკითხი, არიან თუ არა ადამიანები დაცული საქართველოში.

- ქართულმა მხარემ აზერბაიჯანს თხოვნით მიმართა, მუხთარლის დაკითხვის უფლება მიეცეს. რამდენად ჩანს თუნდაც ამ სურვილში ის, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია სიმართლე დადგინდეს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი?
- ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მუხთარლის დაკითხვის სურვილი დაგვიანებულიც კი არის. საქართველოს ხელისუფლებას პირველივე დღიდან უნდა ჰქონოდა კონკრეტული გეგმა და გადაედგა კონკრეტული ნაბიჯები რომ რეალურად გამოეძიებინა საქმე. ხელისუფლების სურვილს, რომ დაკითხოს მუხთარლი, ვიგებთ მას შემდეგ, რაც ქვეყანაზე საერთაშორისო ზეწოლა განხორციელდა. ფაქტობრივად, ამ ერთმა შემთხვევამ, ხაზი გადაუსვა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან წარმატებას და წინსვლას, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია.
მინდა ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ საკითხზე. პრემიერ-მინისტრმა მუხთარლის ოჯახს საქართველოს მოქალაქეობა შესთავაზა იმ ფონზე, როცა მუხთარლის მეუღლეს, ლეილა მუსტაფაევას, საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინ უარი უთხრა ბინადრობის უფლების გაგრძელებაზე. მუსტაფაევამ მიიღო პასუხი, რომ მას უარი „სახელმწიფო უსაფრთხოებიდან“ გამომდინარე უთხრეს, თუმცა რას გულისხმობდა „სახელმწიფო უსაფრთხოება“ განმარტებული არ იყო. ამის შემდეგ მუსტაფაევამ ჩვენ მოგვმართა. ომბუდსმენის აპარატმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სთხოვა განმარტებები, მაგრამ პასუხი დღემდე არ მიგვიღია. ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს ბადებს იმ მხრივაც, რომ ბინადრობის უფლებაზე უარის თქმის მიუხედავად პრემიერ-მინისტრმა მუსტაფაევას მოქალაქობა შესთავაზა. ეს არის საქმე, რომელმაც ძალიან ბევრი ხარვეზი გამოავლინა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაში. გაჩნდა დაუსჯელობის განცდა, რომ შეიძლება ასეთი სპეცოპერაცია ჩატარდეს, ვიღაც გაიტაცონ, ვიღაცას გადასცენ და არავინ დაისაჯოს. ეს არის სერიოზული პრობლემა და ეს საქმე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრ მიღწევას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

- რაც შეეხება კიდევ ერთ რეზონანსულ საქმეს, რომელიც დემირელის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავებას უკავშირდება, თქვენ სწავლობთ ამ საქმეს და გააკეთეთ კიდეც კრიტიკული შეფასებები. რა საკითხებთან მიმართებაში გაქვთ კითხვის ნიშნები და როგორ მიმდინარეობს გამოძიება?
- სანამ ამ საქმეზე დავიწყებ საუბარს, მინდა გავიხსენო ბათუმის შაჰინის სკოლა-ლიცეუმის საქმე. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ეს საქმეც გარკვეულწილად კავშირში შეიძლებოდა ყოფილიყო იმ მოვლენებთან, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში თურქეთში განვითარდა. რა პროცესებიც არ უნდა განვითარდეს აზერბაიჯანსა ან თურქეთში, საქართველოს გააჩნია საკუთარი კონსტიტუცია, საკუთარი კანონები და უნდა იყოს ერთგული იმ ვალდებულებებისადმი, რომელიც საერთაშორისო კონვენციებით აქვს ნაკისრი.
22 მაისს, თურქეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია საქართველოს. მისი გამგზავრებიდან რამდენიმე საათში, 23 მაისს, დემირელის კოლეჯის მენეჯერი დააკავეს. მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავება უკავშირდებოდა მის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს, რაც რეალურად, არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის და ინტერპოლის მიერ არ არის დადასტურებული. საქართველოს პროკურატურამ ეს დაკავება განახორციელა უშუალოდ ანკარის მოთხოვნით. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემურია, რადგან უნდა იქნას შესწავლილი, რამდენად არის ეს ორგანიზიაცია ტერორისტული. გიულენის ორგანიზიაცია ამერიკაშია რეგისტრირებული. ამერიკის ხელისუფლებას რაიმე კითხვის ნიშნები არ აქვს. მხოლოდ თურქეთის მიერ არის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული. ძალიან მნიშვენლოვანია, რომ ამ ეტაპზე არ მოხდა ჩაბუქის გადაცემა თურქეთისთვის. ჩვენც, საერთაშორისო ორგანიზაციებმაც, გავავრცელეთ განცხადება, რომ თურქეთისთვის ჩაბუქის გადაცემის შემთხვევაში არსებობდა გარკვეული რისკები, რომ ის არაადამიანური მოპყრობისა და წამების რისკის ქვეშ იყო. ამრიგად, ექსტრადიცია შეჩერებულია და ჩაბუქი საქართველოში იმყოფება. გიულენთან დაკავშირებით არაერთ ქვეყანაში მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ ძალიან ერთეულ შემთხვევებში მოხდა თურქეთის ხელისუფლებისთვის კონკრეტული პირების გადაცემა - ძირითადად აზიის იმ ქვეყნებიდან, სადაც ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით არის კითხვის ნიშნები. არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს, მიუხედავად თურქეთის მოთხოვნისა, არ გადაუცია არც ერთი პირი. იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოც არ გადასცემს ასეთი დაუსაბუთებელი მოთხოვნით ჩაბუქს თურქეთის ხელისუფლებას.

- გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას საქმესთან დაკავშირებითაც არსებობს კრიტიკული მოსაზრებები. თქვენ როგორ შეაფასებთ ამ საქმეს?
- ლაშა თორდიას საქმე ერთგვარად იყო ლაკმუსის ქაღალდი, სადაც დავინახეთ, რომ გამოძიება რეალურად არ იყო დაინტერესებული ობიექტური ჭეშმარიტების დადგენით. 1 წლის წინ მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით გავრცელდა ვიდეომასალა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცალკე გააკეთა განცხადება, რაც ნიშნავს, რომ გამოძიების მიზანი იყო არა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და სიმართლის გარკვევა, არამედ კონკრეტულად ერთ-ერთი მხარის გამართლება და მეორის მიმართ ნეგატიური სურათის შექმნა. გარკვეულწილად ამას მიაღწიეს კიდევაც.
თვენახევარია გასული და გამოძიებას შედეგი არ აქვს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გამოძიება ეფექტურად არ მიმდინარეობს. პირიქით, გამოძიების ინტერესი შესაძლოა, იყოს ამ საქმის ჩაფარცხვა. ეს ყველაფერი უფრო სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს, რაც საგამოძიებო ორგანოებში არსებობს - საგამოძიებო ორგანოებს არ აქვთ სურვილი დაადგინონ ჭეშმარიტება. კითხვის ნიშნები ჩნდება მათ პოლიტიზებასთან დაკავშირებით.

- საინტერესოა, რა მოლოდინები და რეკომენდაციები აქვთ ამერიკელებს ამ საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით?
- ვისთანაც გვქონდა შეხვედრები, ელოდებიან გამოძიების შედეგებს ამ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ გამოძიება უნდა იყოს რეალური, ეფექტური და არა დროში გაწელილი. კიდევ ერთხელ, იმედს გამოვთქვამ, რომ მოლოდინი არ იქნება მხოლოდ მოლოდინი და გამოძიება მალე დასრულდება.

ნინო ხოზრევანიძე
„ინტერპრესნიუსი“
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რა არის ბიო რძე?
მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი კვების პროდუქტები გახლავთ ბიო პროდუქტები. განვითარებული ქვეყნები ძალიან მკაცრად აკონტროლებენ საკვების