არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
სოსო ცინცაძე - თუ ვაშინგტონს საქართველოს მიმართ რაიმე გეგმები აქვს, მასში კორექტივებს ტრამპსა და პუტინს შორის ჰამბურგში დაგეგმილი შეხვედრა შეიტანს
18:12 01-07-2017
სოსო ცინცაძე - თუ ვაშინგტონს საქართველოს მიმართ რაიმე გეგმები აქვს, მასში კორექტივებს ტრამპსა და პუტინს შორის ჰამბურგში დაგეგმილი შეხვედრა შეიტანს საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორს, სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

- ბატონო სოსო, ჯერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა განცხადება, რომ ჰამბურგში, GE-20-ს სამიტის ფარგლებში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა შედგება, რომლის შედეგადაც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები გაირკვევა. შემდეგ, თეთრმა სახლმაც დაადასტურა, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრა ჰამბურგის სამიტის ფარგლებში გაიმართება, დრო და ფორმატი ზუსტდება. მაგრამ, მხარეები ვერ თუ არ აზუსტებენ ამ შეხვედრის სავარაუდო დღის წესრიგს.
თუ ადრე კრემლში იმედოვნებდნენ, რომ მოსკოვი ვაშინგტონს გავლენის სფერობის გადანაწილებაზე შეუთანხმდებოდა, ახლა კრემლში იმის იმედიც არავის აქვს, რომ აშშ რუსეთს დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს მოუხსნის. მეტიც, რუს ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება მოსაზრებაში, რომ პუტინი უფროა დაინტერესებული ტრამპთან შეხვედრით, ვიდრე ტრამპი. შესაბამისად, ამ შეხვედრიდან კრემლს კარგი მოლოდინები არ უნდა ჰქონდეს.
თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდება ჰამბურგში დაგეგმილი ტრამპი-პუტინის შეხვედრა?

- ამ თვალსაზრისით, საინტერესოა თავად ამერიკელი ექსპერტების მოლოდინი. რუსეთი ამ შეხვედარაზე ოპტიმისტური განწყობილებით და იმედით მიდის. ამის საფუძველს ისინი ხედავენ ამას წინათ პრიმაკოვის სახელობის კონფერენციის ფარგლებში გამართულ დისკუსიებში, რომელშიც პუტინის მოწვევით მონაწილეობა მიიღო 93 წლის ჰენრი კისინჯერმა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მდივანმა. ცნობილია, რომ მას შეხვედრები ჰქონდა როგორც პუტინთან, ისე ლავროვთან.
- კისინჯერი რომ აშშ-ში რუსეთის ლობისტია, აღიარებული ფაქტია, მაგრამ რამდენად დიდია დღეს მისი გავლენა ამერიკის საგარეო პოლიტიკაზე, ამ კითხვაზე პასუხი დღემდე საკმაოდ ბუნდოვანია...
- რასაკვირველია, ეს ცნობილი ფაქტია, მაგრამ საინტერესოა ისიც, რომ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მეტრმა კისინჯერმა პუტინს უთხრა - მე პოლიტიკაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე თქვენგანო. თუ ისევ მოლოდინების თემას გავაგრძელებთ, ამერიკელ ექსპერტებს აქვთ შიში იმისა, რომ ტრამპი დღეს პუტინთან შესახვედრად მზად არ არის. ორი კვირის წინ ტრამპმა თავის გუნდს მისცა მითითება მოემზადონ იმისათვის, რომ წინ აღუდგნენ რუსეთის მცდელობებს გააძლიეროს და გააფართოვოს თავისი გავლენები ბალკანეთში და ბალტიის ქვეყნების დაცვის საკითხში და მოსკოვმა გააცნობიეროს, რომ ამ საკითხებში აშშ-ს პოზიცია მკაფიო და მტკიცეა.
ამერიკელ ექსპერტებს აქვთ შიში იმისა, რომ ტრამპი დღეს პუტინთან შესახვედრად მზად არ არის

მაგრამ, იმავე ამერიკელი ექსპერტების აზრით, არც სახელმწიფო დეპარტამენტს და არც თეთრ სახლს არ აქვს შემუშავებული გეგმა, თუ რა შეიძლება უნდოდეს ტრამპს პუტინისაგან. და ეს მაშინ, როცა პუტინი ტრამპთან შესახვედრად მარტის თვიდან ემზადება. როგორც მოვლენათა რეტროსპექტული ანალიზი გვიჩვენებს, პირველ შეხვედრებზე პუტინი ყოველთვის აღწევს წარმატებას. ასეა იმიტომ, რომ ის ყოველთვის უფრო მტკიცეა, უკომპრომისოა და უფრო არის მზად იდგეს ბოლომდე იმ პოზიციებზე, რაც მას თავად აქვს. მეტიც, პირველ შეხვედრებზე იგი ნაკლებად მიდის დათმობებზე.
რა შედეგით დასრულდება ჰამბურგში ტრამპი-პუტინის შეხვედრა, დღეს ამის თქმა ძნელია. დღევანდელი კისინჯერი კარგა ხანია აღარ არის 70-იანი წლების კისინჯერი. მას ფინანსური ინტერესები უფრო მეტი აქვს რუსეთში, ვიდრე ამერიკაში. გარდა ამისა, კისინჯერი, ისევე როგორც პრეზიდენტი ტრამპი, რესპუბლიკელია. მინისტრი ლავროვი საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი მტკიცებით, მას კისინჯერმა უთხრა - ჩემთვის ყოველთვის უფრო ადვილია ისეთ ხალხთან ლაპარაკი, ვისაც თავიანთი ინტერესები ზუსტად ესმითო. ლავროვი ამბობს, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრა დაეფუძნება პრაგმატიზმსა და რეალიზმს.
რა შეიძლება დღეს პუტინმა დასავლეთს შესთავაზოს? მხოლოდ ერთი რამ - სირიაში ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა, მაგრამ აქაც უნდა გვესმოდეს - ის, რისი შეთავაზება შეიძლია პუტინს, ესეც დროებითია. იმ გაგებით, რომ ადრე თუ გვიან, დასავლეთს ექნება წარმატებები ”ისლამური სახელმწიფოსთან” ბრძოლაში. რა იქნება, შემდეგ? როცა გამოცხადდება, რომ მოსულის მსგავსად რაკა, ისლამისტების დედაქალაქი აღებულია, ”ისლამური სახელმწიფო” აღარ არის აქტუალური, შემდეგ დაიწყება სირიაში გავლენის სფეროებისთვის ბრძოლა.
კიდეც რომ მოინდომოს ტრამპმა, მას არავინ დაათმობინებს ქურთებს და ასადის დემოკრატიულ ოპოზიციას, რომელიც ასადის წინააღმდეგ იბრძვის და ვისაც ამერიკა ეხმარება

პუტინი არ დათმობს ასადს. კიდეც რომ მოინდომოს ტრამპმა, მას არავინ დაათმობინებს ქურთებს და ასადის დემოკრატიულ ოპოზიციას, რომელიც ასადის წინააღმდეგ იბრძვის და ვისაც ამერიკა ეხმარება. სწორედ მაშინ უფრო გამწვავდება აშშ-სა და რუსეთის ერთმანეთის პირისპირ დგომა. ეს ესმით ამერიკელ სერიოზულ მკვლევარებსა და ექსპერტებს. მათი შეშფოთების საგანიც ის არის, რომ ისინი ვერ ხედავენ, რომ ტრამპსა და მის გუნდს, იგივე მაკ მასტერს, ეს კარგად ესმით.
ამას წინათ ამერიკულ მედიაში გამოქვეყნდა მაკ მასტერის ინტერვიუ, რომელსაც აშშ-ში მთელი ამბები მოჰყვა. შეფასება დაახლოებით ასეთი იყო - ნეტარ არიან მორწმუნენიო. რატომღაც, ტრამპი დაციკლულია იმაზე, რომ პუტინთან მეგობრობა შესაძლებელია. ამაში მას რამდენიმე რესპუბლიკელი კონგრესმენი უჭერს მხარს, რომლებიც რუსეთთან დამოკიდებულების საკითხში პრაქტიკულად დემოკრატების პოზიციას იზიარებენ.
- გასაგებია, რომ ბევრ საკითხში, მათ შორის რუსეთთან დამოკიდებულების საკითხში კონგრესში აზრთა სხვადასხვაობაა. მაგრამ, 100 კონგრესმენიდან 98-მა მხარი დაუჭირა აშშ-ს მიერ რუსეთისათვის ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას. ამას წინათ, აშშ-ს კონგრესის შეიარაღების კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის შეკავების ევროპული ინიციატივის მხარდაჭერის ფარგლებში 4 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას.
ამ თანხების საკმაოდ დიდი ნაწილი ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების გაძლიერებას მოხმარდება. ასევე 500 მილიონი დოლარი გამოეყოფა უკრაინას დონბასში სეპარატისტებთან საბრძოლველად. სხვათა შორის, კონგრესის შეიარაღების კომიტეტმა მხარი დაუჭირა აშშ-ს მიერ უკრაინისათვის ლეტალური იარაღის მიწოდებას. ვარაუდობენ, რომ ისევე როგორც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას, კონგრესის შეიარაღების კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას მხარს 98 კონგრესმენი დაუჭერს.
ის მოცემულობა, რომელიც სადღეისოდაა ჩამოყალიბებული აშშ-სა და რუსეთს შორის არა მარტო სირიის, იგივე უკრაინის საკითხში, არ ტოვებს საფუძველს ვიფიქროთ, რომ ჰამბურგში ტრამპ-პუტინის შეხვედრაზე ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში გაუმჯობესებაა მოსალოდნელი...

- კი, შანსი ნამდვილად არ ჩანს. მაგრამ, აქტუალური თემაა, თუ პუტინი წავიდა კომპრომისზე, რომელ ფრონტზე წავა იგი კომპრომისზე? უკრაინის ფრონტზე თუ სირიის ფრონტზე? დონბასს დათმობს? მარიუპოლზე, რომელიც ზღვაზე გადის საბოლოოდ აიღებს ხელს, რომელსაც სუპერსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს? თუ სირიას დათმობს?
ფაქტია, რომ ტრამპს სანქციებზე ხელი არ მიუწვდება იმიტომ, რომ ამას კონგრესი წყვეტს. გარდა ამისა, ტრამპს დაწყებული აქვს ფიქრი იმაზე, რომ შეცვალოს საგანგებო საქმეთა პროკურორი რობერტ მილერი, რომელიც ტრამპის რუსეთთან ურთიერთობებს სწავლობს. ამაზე ამერიკული პრესა უკვე ხმაურობს. ასეთი რამ თავის დროზე გააკეთა პრეზიდენტმა ნიქსონმა, რასაც შემდეგ მოჰყვა მისი იმპიჩმენტის კამპანიის უფრო გაძლიერება. ტრამპი ახლა იმავე შეცდომის დაშვებას აპირებს, რომელიც ნიქსონმა დაუშვა.
ტრამპი ახლა იმავე შეცდომის დაშვებას აპირებს, რომელიც ნიქსონმა დაუშვა

ტრამპი ახლა ცდილობს თავისი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას. ემიგრანტების წინააღმდეგ კედლის აშენება არ გამოდის. შტატების სასამართლოები ერთი-მეორის მიყოლებით აუქმებენ მის განკარგულებას. ახლა რჩება რუსეთთან ურთიერთობის თუნდაც ნორმალიზება.
- ნორმალიზაცია, მაგრამ რის, ან ვის ხარჯზე?
- სწორედ ეგაა მთავარი საკითხი. პუტინი ტრამპისგან ითხოვს სანქციების გაუქმებას. დღეს პუტინის მდგომარეობაც არ არის ისეთი, როგორიც იყო თუნდაც 2-3 წლის წინ. ახლა პუტინს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მხრებზე აზის ოპოზიციონერი ნავალნი. არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი. ნავალნის აუკრძალეს არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ საინტერესოა აქ სხვა რამაა.
ისევე როგორც ჩვენმა ოპოზიციამ იცის, რომ ”ქართული ოცნება” კონსტიტუციას არ შეცვლის, მაგრამ მათი მიზანია კონსტიტუციის არალეგიტიმურად გადაქცევა, ასევე იცის ნავალნიმაც - ის პუტინს ვერ დაამარცხებს, მაგრამ გაისად მარტში, მას შეუძლია არალიგიტიმური გახადოს პუტინის პრეზიდენტობა

ისევე როგორც ჩვენმა ოპოზიციამ იცის, რომ ”ქართული ოცნება” კონსტიტუციას არ შეცვლის, მაგრამ მათი მიზანია კონსტიტუციის არალეგიტიმურად გადაქცევა, ასევე იცის ნავალნიმაც - ის პუტინს ვერ დაამარცხებს, მაგრამ გაისად მარტში, მას შეუძლია არალიგიტიმური გახადოს პუტინის პრეზიდენტობა. პუტინი იძულებულია, ეს გარემოება დღეს გაითვალისწინოს იგივე ამერიკასთან ურთიერთობაში, იგივე უკრაინის თუ სირიის საკითხში.
- ვიდრე აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობები არ ჩამოყალიბებულა, გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგორი კარასინმა საქართველოსთან მიმართებაში საკმაოდ საყურადღებო განცხადებები გააკეთა. მან საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ნატოს შეკავების პოლიტიკაში ჩართვაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, ფაქტია, რომ გახშირდა თბილიში მოსკოვის ემისრების ვიზიტები.
იმის ფონზე, თუ რა პრობლემები აქვს რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე, თქვენ როგორ დაახასიათებდით და შეაფასებდით იმ პოლიტიკას, რომელსაც დღეს მოსკოვი საქართველოს მიმართ ატარებს?

- ჩემი აზრით, ახლა საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა უფრო ემოციურია. რუსეთი ხშირად გაზვიადებულად აქცევს ყურადღებას ისეთ რამეებს, რაც საქართველოსთან მიმართებაში არაფერს ცვლის. ვგულისხმობ აშშ-ს კონგრესში სააკაშვილის მამობილის, მაკეინის განცხადებებს, რაზეც მყისიერად რეაგირებენ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში.
რუსეთმა იცის, რომ ნატო მას თავს არასოდეს დაესხმება, მაგრამ უკანასკნელი 20 წელია რუსი პოლიტიკოსები რუსეთის საზღვართან ნატოს მოახლოებაზე უმწვავესად რეაგირებენ.
პუტინის მიზანია დასავლეთმა პოსტსაბჭოთა სივრცე რუსეთის გავლენის სფეროდ აღიაროს. მათი აზრით, ასევე კარგი იქნება თუ დასავლეთი უცხოეთში სადმე კიდევ რუსულ სამხედრო ბაზასაც აღიარებს.
- გავლენის სფეროებად მსოფლიო განაწილების თემაზე რუსეთს მიღებული აქვს უარყოფითი პასუხი. კარგა ხანია დასავლეთი ცდილობს გააგებინოს კრემლს, რომ ეს არარეალისტური მიზანია. ძნელი დასაჯერებელია, რომ რეალიზმისა და პრაგმატიზმის მიმდევარ კრემლის პოლიტიკოსებს ეს არ ესმოდეთ...
- კრემლში ესმით, მაგრამ საქმე ისაა, რომ სწორედ ასეთ არაეალისტურ აღქმაზეა დამოკიდებული დღეს რუსეთში პუტინის რეიტინგი. კრემლში კამიკაძეები არ არიან. თავად პუტინის ერთი მილიარდერი ქალიშვილი ევროპაში ცხოვრობს, მეორე ასევე მილიარდერი ქალიშვილი მოსკოვში. არც ერთი რუსი ოლიგარქის შვილი რუსეთში არ სწავლობს. სკოლაშიც არ დადიან მათი შვილები რუსეთში. მე მგონი, მათი შვილები რუსეთში ბაღშიც არ დადიან. სულ ევროპასა და ამერიკაში ცხოვრობენ. რამდენიმე მილიარდერია, სამუშაოდ მოსკოვში ჩაფრინდება, მთელი დღე მოსკოვშია და დღის ბოლოს ისევ უკან მიფრინავს ევროპაში. ამათ რაში უნდათ ახლა დასავლეთთან დაპირისპირება, მაგრამ რუსეთში ახლა ძალიან პოპულარულია მუხლებიდან ამდგარი რუსული ზესახელმწიფოს იდეა. ამაზეა დამოკიდებული პუტინის რეიტინგი.
პუტინის მიზანია დასავლეთმა პოსტსაბჭოთა სივრცე რუსეთის გავლენის სფეროდ აღიაროს... სწორედ ასეთ არარეალისტურ აღქმაზეა დამოკიდებული დღეს რუსეთში პუტინის რეიტინგი

სხვათა შორის, კრემლში ძალიან ჭკვიანი ხალხი ზის. იგივე სურკოვი. ნეტა ჩვენ გვყავდეს 5 ისეთი პოლიტტექნოლოგი, როგორიც სურკოვია. მაგრამ რა უყონ ხალხში არსებულ პოსტსაბჭოურ ნოსტალგიას. იგივე ჟირინოვსკის, რომელსაც 20 წელზე მეტია მხარს ყველა არჩევნებზე სტაბილურად უჭერს 6-7 მილიონი გიჟი ამომრჩეველი. რა უყოს ამ ხალხს პუტინმა?
- კი მაგრამ, სსრკ-ს აღდგენის იდეის, საბჭოური ნოსტალგიის, იგივე საბჭოთა ლიდერის სტალინის განდიდების პოლიტიკის გატარების ინიციატორი თავად პუტინი არ გახლავთ როგორც მინიმუმ, უკანასკნელი 10 წელია? ეს იდეები ხომ სწორედ მან გააცოცხლა და ახლა ხელის სხვისკენ გაშვერა არ იქნებოდა არც სწორი და არც მართებული...
- კი, არ იქნებოდა სწორი. თავად პუტინმა გააცოცხლა რუსეთის მოქალაქეებში პოსტსაბჭოთა ნოსტალგია და იგი არ ჰგავს ხევისბერ გოჩას, რომ თავისი შვილი მოკლას.
- ვითარებაში, როცა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების პირობებში მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა 6-ჯერაა შემცირებული, ეკონომიკური ზრდის ვარდნა 20-25%-ის მაჩვენებელზეა, უმუშევრობა იზრდება, სოციალური ფონის დამძიმების პირობებში კრიმინოგენულ ვითარებას გაუარესების ტენდენციები აქვს. რუს ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ ეს იდეოლოგია არის პუტინისა და საბჭოთა ნომენკლატურის ხელისუფლებაში დარჩენის საუკეთესო საშუალება...
- სამწუხაროდ, დღეს ეს ასეა. რასაკვირველია, განჭვრეტად მომავალში პუტინის კურსი უპერსპექტივოა. ამ კურსს, მომავალი არ აქვს. მაგრამ როგორ თავის დროზე გენიოსმა ტიუტჩევმა თქვა - умом россию не понять. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია, პუტინი რუსეთის საგარეო პოლიტიკას არ შეცვლის. ახლა რუსეთსა და პუტინს ყველა სფეროში პრობლემები აქვს. უკვე ბევრი ითხოვს რუსეთში არ ჩატარდეს 2018 წლისთვის დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.
- თუ ჩვენ ისევ ჩვენ პრობლემებსა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების თემას დავუბრუნდებით...
- ამერიკის რბილი, არცთუ ისე მტკიცე, მაგრამ მაინც პოლიტიკური მხარდაჭერის პირობებში ქართულ დიპლომატიას აქვს შანსი გამოიყენოს პუტინის კურსის ისტორიული უპერსპექტივობა. სამწუხაროდ, მე იმასაც ვერ ვხედავ, რომ ჩვენი დიპლომატია ამას იყენებს.
განჭვრეტად მომავალში პუტინის კურსი უპერსპექტივოა, თუმცა მან გააცოცხლა რუსეთის მოქალაქეებში პოსტსაბჭოთა ნოსტალგია, მაგრამ იგი არ ჰგავს ხევისბერ გოჩას, რომ თავისი შვილი მოკლას

რატომღაც ჩვენი დიპლომატია ელოდება იმას, ჩვენთან ვინ მოვა და რას გვეტყვის და რითი დაგვეხმარება. აზრზე არა ვარ, ჩვენი ელჩები რას აკეთებენ. ტრამპი-პუტინის შეხვედრამდე არც ისე ბევრი დროა დარჩენილი და ვნახავთ რით დასრულდება მათი შეხვედრა ჰამბურგში.
- ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების, თუნდაც ევროპასა და რუსეთს, ანაც აშშ-სა და რუსეთს შორის დაულაგებული ურთიერთობების ფონზე თბილისში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტი შემთხვევითი ნამდვილად არ უნდა იყოს. ყოველივე იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვაშინგტონს საქართველოზე სხვა გათვლა, ფუნქციისა თუ მისიის შესრულება ჰქონდეს მოაზრებული?
- ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კი არა, პრეზიდენტი ჩამოვიდა, მაგრამ ამან რუსეთი ვერ შეაჩერა. ეს ჩვენთვის გაკვეთილი არ უნდა იყოს? თავისთავად, პენსის ჩამოსვლა რა თქმა უნდა, კარგია.
მაგრამ, თუ ვაშინგტონსა და თეთრ სახლს საქართველოს მიმართ რამე გეგმები აქვს, მასში კორექტივებს შეიტანს ტრამპსა და პუტინს შორის ჰამბურგში დაგეგმილი შეხვედრა.
ეს მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად პენსი ჩერნოგორიასა და საქართველოს ესტუმრება. მოგეხსენებათ, ჩერნოგორია ნატოში ახალი მიღებულია, ხოლო საქართველო ნატოში მიისწრაფვის. მიუხედავად ამისა, მე არ გამოვრიცხავ, პენსმა თბილისში ვიზიტისას გვითხრას, რომ ჩვენ რუსეთთან საერთო ენა უნდა გამოვძებნოთ. არ შეიძლება 140-მილიონიან რუსეთთან 4-მილიონიანი საქართველო სულ დანასისხლად იყოს გადამტერებული.
თუ ვინმე ჩვენთან რუსეთიდან პოლიტიკური მიზნებით ჩამოდის, ან არ უნდა ჩამოუშვა, ან თუ ჩამოვა, ამაზე ხმაურის ატეხვა არც ღირს და არცაა ლამაზი. საერთოდ გაუგებარია, როცა ერთი ხელით ჯერ უშვებენ, ხოლო მეორე ხელით ტყუილებს ამბობენ. შეიძლება შსს-ს მინისტრის მოადგილემ არ იცოდეს გაუვიდა თუ არა რუსი სტუმრის მიერ ჩადენილ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა? რჩება შთაბეჭდილება, რომ თუნდაც ამ საკითხში ჩვენ ხელისუფლებას არ აქვს მყარი და მკაფიო პოზიცია. თუ კანონი ”ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” არ ვარგა, მაგის შეცვლა რა გახდა, როცა მთელი კონსტიტუცია შეცვალეს?
- გასულ კვირას, უკვე კენჭნაყარ ახალ კონსტიტუციაზე ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს შეფასებებმა საკონსტიტუციო პროცესი ლამის თავდაყირა დააყენა. თქვენ როგორ დაახასიათებდით იმ ვითარებას, რაც შიდა პოლიტიკაში მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისა და მასზე ბატონ ბუკიკიოს რეაქციის შემდეგ ჩამოყალიბდა?
- პირადად მე, ყველაზე ცუდად ის მეჩვენება, რომ ხელისუფლება კომკავშირული აღტაცებითა და წინდაუხედაობით ხელისუფლების შენარჩუნების გარანტიებს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე, თუ გნებავთ ევროპაში ქვეყნის რეპუტაციას.
ამერიკის რბილი, არცთუ ისე მტკიცე, მაგრამ მაინც პოლიტიკური მხარდაჭერის პირობებში ქართულ დიპლომატიას აქვს შანსი გამოიყენოს პუტინის კურსის ისტორიული უპერსპექტივობა

ბატონი ბუკიკიო ჩვენი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არაა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი გუშინ გამომცხვარი პარლამენტარები, რომლებიც ევროპაში ბევრს კი დადიან, ეტყობა პროსპექტებისა და მაღაზიების გარდა ვერაფერს ხედავენ. იგივე ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა ევროპილი ქვეყნების მთავრობებისა და ლიდერებისთვის ბუკიკიოსა და ვენეციის კომისიის შეფასებები უმაღლესი დონის საექსპერტო დასკვნაა.
ბუკიკიომ თქვა - იმედგაცრუებული ვარო, ჩვენ კი შეგვიძლია ვიფიქროთ, ”ქართულმა ოცნებამ” 4 მილიონ კაცს გაუცრუა იმედები და ეს ერთი კაცი რაღააო, მაგრამ ეგრე არაა. შე დალოცვილო, შენ თუ მართლა ევროპა გინდა, მაშინ რატომ იქცევი ასე არაევროპულად, ანუ რატომ მატყუებ. გამოდის, რომ შენ ევროპული კურსი არ გინდა. მთელი ევროპა უსმენს ბუკიკიოს და შენ იმის გაგონება არ გინდა, რასაც იგი გეუბნება. სხვათა შორის, ევროპის დედაქალაქებში ბუკიკიოს ხმას, თუ გადამწყვეტი არა, დიდი მნიშვნელობა აქვს.
ვუსმინე ტელევიზიით უმრავლესობის ლიდერ თალაკვაძის გამოსვლას, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. სტანისლავსკის მოფიქრებულია - როცა სცენაზე ხმაურის იმიტაცია უნდა ყოფილიყო, სცენაზე მყოფი არტისტს უნდა ემეორებინა ფრაზა - что говорить, когда нечего сказать. ხმაურისა და აღშფოთების იმიტაციის შესაქმნელად სულ ეს ფრაზა ისმოდა მხოლოდ. კაცს არაფერი არ ჰქონდა სათქმელი და მაინც მისი ჭკუით ისე დამაჯერებლად ლაპარაკობდა, გამიკვირდა. უტიფრობასაც ხომ აქვს საზღვარი...
- თქვენი აზრით, როგორ აისახება ჯერაც დაუსრულებელი საკონსტიტუციო პროცესი ჩვენს შიდა პოლიტიკაზე?
- არა მგონია, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებული საკითხები ხელისუფლებისთვის ქვეყნის შიგნით რეპუტაციაზე კატასტროფულად აისახოს. ჩვენი მოსახლეობა არაა მზად საკონსტიტუციო საკითხებში იყოს მეტად გარკვეული. ამ თემაზე პროტესტს ძირითადად ინტელიგენციიდან დარჩენილი ნამსხვრევები და პოლიტიკური აქტივისტები გამოთქვამენ.
ინტელიგენციის წარმომადგენლებისგან განსხვავებით, კონსტიტუციაზე პოლიტიკოსები ხმას იმიტომ იმაღლებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებში მათი ხელისუფლებაში მოსვლის ბარიერებს ხედავენ. გარწმუნებთ, ამ ადამიანებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა ნაკლებად ადარდებთ. ეს თემა მათთვის მხოლოდ შირმაა.
ყველაზე ცუდად ის მეჩვენება, რომ ხელისუფლება კომკავშირული აღტაცებითა და წინდაუხედაობით ხელისუფლების შენარჩუნების გარანტიებს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე, თუ გნებავთ ევროპაში ქვეყნის რეპუტაციას

თუ ჩვენს ხელისუფლებას კურსი განვითარების ევროპულ გზაზე აქვს აღებული, ერთ მშვენიერ დღეს ასე თავაზიანად კი არ გვეტყვიან, რომ ძალიან იმედგაცრუებული არიან, ისევე დაგვემშვიდობებიან, როგორც ერთ დროს ლუკაშენკოს - კარგად იყავი! ანუ, გვეტყვიან - თქვენ ევროპისთვის მზად არა ხართ, ახლა წადით და შემდეგ ახალი თაობა რომ მოვა, ამ თემაზე მერე ვილაპარაკოთ.
ლუკაშენკოს, ჩვენი ხელისუფლებისაგან განსხვავებით, რესურსი აქვს, ამდენი სოციალურად დაუცველი და მშიერ-მწყურვალი ხალხი არ ჰყავს. ფაქტია, რომ საკონსტიტუციო პროცესს დრამატიზმს მატებს უმძიმესი სოციალური ფონი.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ უმძიმეს სოციალურ ფონს ხელისუფლება, სამწუხაროდ, ვერ ამჩნევს და მასზე ვერც ადეკვატურად რეაგირებს. რაც არ უნდა იძახოს ჩვენმა ეკონომიკის მინისტრმა, რომ ეკონომიკური ზრდა 5 თუ 7% გვაქვს, მშიერ ხალხს ეს ციფრები სულ არ აინტერესებს.
და კიდევ, ვფიქრობ და ვერ გამიგია ვინ და რატომ დააკისრა მინისტრ ჯეჯელავას მთავრობის მოლაპარაკე თავი ყოფილიყო. იქნებ დროზე მიხვდეს მთავრობა და ამ კაცს არ მისცეს მათი სახელით ლაპარაკის უფლება და საშუალება.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები