არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4488
EUR
1 EUR
2.8700
RUB
100 RUB
3.9137
18-07-2018
ზაზა ფირალიშვილი - ჩვენი, როგორც რეგიონალურ მოთამაშესთან დაკავშირებული პრობლემები იმ ზღვარს უახლოვდება, როდესაც მათი გადაჭრა აუცილებელი ხდება
15:13 03-07-2017
ზაზა ფირალიშვილი - ჩვენი, როგორც რეგიონალურ მოთამაშესთან დაკავშირებული პრობლემები იმ ზღვარს უახლოვდება, როდესაც მათი გადაჭრა აუცილებელი ხდება საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, თქვენ როგორ დაახასიათებდით იმ ვითარებას, რაც შიდა პოლიტიკაში მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებისა და მასზე ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ბატონ ჯანი ბუკიკიოს რეაქციის შემდეგ ჩამოყალიბდა?
- როგორც ჩანს, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ბუკიკიო დააბნია მმართველი ძალის განცხადებებსა და მიღებულ ცვლილებებს შორის განსხვავებამ. როგორც ჩანს, „განვლილი 9 წლისა“ და „ჭარბი ნდობის“ არგუმენტებით აღჭურვილმა მმართველმა ძალამ თავს უფლება მისცა ვენეციის კომისიასთან არაგულწრფელი თამაში ეწარმოებინა. არადა, საქმე შეეხება უდიდესი ავტორიტეტის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც საკონსტიტუციო პროცესის დიდი გამოცდილება აქვს და სადაც ამინდს ქმნიან არა ყოფილი ხელოვანები თუ სპორტსმენები, არამედ ევროპის უდიდესი კონსტიტუციონალისტები.
როდესაც ჩვენისთანა პატარა, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მმართველ გუნდს არ ესმის რას ნიშნავს მისი საერთაშორისო ავტორიტეტი და მისადმი ნდობა, ასეთ სიტუაციაში შეიძლება შემოგვრჩეს ერთადერთი რეალური საერთაშორისო პარტნიორი ჩრდილოელი მეზობლის სახით

როდესაც ბუკიკიოსა და ვენეციის კომისიას განსახილველად სთავაზობენ ერთს და მხარს უჭერენ სხვას, იმ იმედით, რომ ამას ოპოზიციის გარდა ვერავინ შეამჩნევს, ან, უბრალოდ, საქმეს გაგებით მოეკიდებიან, მავანთა პოლიტიკურ უნარებზე საუბარი უკვე ძნელი ხდება. როდესაც ჩვენისთანა პატარა, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მმართველ პოლიტიკურ გუნდს არ ესმის, რას ნიშნავს მისი საერთაშორისო ავტორიტეტი და მის მიმართ ნდობა, ასეთ სიტუაციაში შეიძლება შემოგვრჩეს ერთადერთი რეალური საერთაშორისო პარტნიორი ჩრდილოელი მეზობლის სახით.
ამდენად, ის სალტო-მორტალეები, რომელიც ხელისუფლებამ განახორციელა კონსტიტუციასთან დაკავშირებით, არ არის მხოლოდ მისი საქმე. ეს გააკეთა ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ და არ გაგვიკვირდეს, თუკი დასავლელი პარტნიორები უფრო და უფრო ნაკლები გაგებით მოეკიდებიან ჩვენს განცხადებებს, ევროპული სამყაროს შვილები ვართო. ერთადერთი, ვისაც შექმნილი ვითარება გაახარებდა, მხოლოდ მოსკოვის პოლიტიკური სტრატეგოსები თუ იქნებიან.
ერთსაც დავამატებ: საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესმა ზედმიწევნით მომაგონა ის, რაც საუკუნეების მიჯნაზე ახალი სახელმწიფო სიმბოლიკის მიღების დროს ხდებოდა. კომისიის წევრი ვიყავი და ზოგჯერ ისეთი ირაციონალური მითო-პოეტური ფანტაზიების მოსმენა გვიწევდა, რომ უხერხულობისაგან თავი აღარ ვიცოდით, სად წაგვეღო. კომისიის ერთმა წევრმა - საკმაოდ ცნობილმა მხატვარმა - ერთხელ განაცხადა, რომ ქართული დროშა უნდა ყოფილიყო შავი, რადგან „ვგლოვობდით, ვგლოვობთ და კიდევ ვიგლოვებთ საქართველოსო“. გაჩნდნენ ისეთებიც, ვისაც ზეციური ძალები სიზმრად ევლინებოდნენ და ამცნობდნენ, როგორი დროშა უნდა გვქონოდა. საინტერესო ისაა, რომ ამ სიზმრების შინაარსი მუდმივად განსხვავებული და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავიც იყო.
ამჯერად, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საქმე ასე შორს არ წასულა, თუმცა კი, აშკარად ჩანდნენ ადამიანები, ვინც ამგვარ მითო-პოეტურ რელსებზე ცდილობდა პროცესების გადატანას. ცხადია, ვაჭარბებ. ზოგს, მგონი, კონსტიტუცია პატრიოტული სადღეგრძელოების კრებული ჰგონია. მიწის გაყიდვის, აბსტრაქტულ ეროვნულ ღირებულებებსა და ქორწინების პრობლემებზე ლაპარაკით თითქოს საგანგებოდ შეიქმნა ის საინფორმაციო ქაოსი, რომელსაც მმართველი ძალის საქციელი უნდა დაემალა.
პოპულისტურმა ნაციონალისტურმა რიტორიკამ ხელისუფლებას საშინაო სივრცეზე ხელსაყრელი გარემო შეუქმნა, მაგრამ, როგორც ბუკიკიოს განცხადებებმა დაგვანახა, ამ ხერხმა სრულიადაც ვერ იმოქმედა ჩვენი პარტნიორების განწყობებზე

დამერწმუნეთ, არ ვამცირებ ამ პრობლემების მნიშვნელობას, მაგრამ მაშინ, როდესაც საარჩევნო სისტემების საკითხები იყო გადასაწყვეტი, ამ თემების წინა პლანზე წამოწევა თავად მათაც ვნებს. საკმაო გამოცდილება გვაქვს, რათა ეჭვი გაგვიჩნდეს, რომ პოპულისტურმა ნაციონალისტურმა რიტორიკამ ხელისუფლებას საშინაო სივრცეზე ხელსაყრელი გარემო შეუქმნა, მაგრამ, როგორც ბუკიკიოს განცხადებებმა დაგვანახა, ამ ხერხმა სრულიადაც ვერ იმოქმედა ჩვენი პარტნიორების განწყობებზე.
- ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო რესპუბლკის მოდელზე გადასვლა ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო. საზოგადოებაში დამკვიდრებულია აზრი, რომ საქართველოში საპრეზიდენტო მმართველობამ არ გაამართლა. რამაზ საყვარელიძის მტკიცებით, იმ რესურსების გათვალისწინებით, რაც ჩვენს პოლიტიკურ კლასს აქვს, დიდია იმის ალბათობა, რომ ჩვენში არც საპარლამენტო მმართველობის მოდელი გაამართლებს.
თუ მართლაც ასე აღმოჩნდა, მონარქიის აღდგენის მხარდამჭერები იტყვიან - ხომ ხედავთ ყველაფერი ვსინჯეთ, მაგრამ მონარქიის აღდგენის იქით სხვა გზა არ გვაქვსო. მართლა ამგვარი შედეგის მიღებაზე ხომ არაა გათვლილი ჩვენში პოლიტიკური ექსპერიმენტების ასე უხეშად და რაც მთავარია, გაუაზრებლად გატარების მცდელობები?

- ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ დღეს რეალურად საპარლამენტო მმართველობის მოდელით ვცხოვრობთ. როდესაც საპარლამენტო მოდელი გარდაუვალად საჭიროებს აბსოლუტური კომპეტენციის მატარებელ არაფორმალურ მმართველს, ცხადია, საქმე მხოლოდ ნომინალურად გვაქვს მართვის საპარლამენტო მოდელთან.
საპარლამენტო მოდელი საზოგადოებრივი სიმწიფის ძალზე მაღალ ხარისხს გულისხმობს. იგი გულისხმობს, რომ საზოგადოების კრიტიკულად დიდ ნაწილს არ ესაჭიროება ეგულებოდეს პირი, ვინც ყველაფერი იცის და ყველაფერს მართავს. ალბათ, არ არის საჭირო იმის გახსენება, რომ ამგვარი პირები სულ მალე განტევების ვაცებად იქცევიან ხოლმე. ნამდვილად არ ვიცი, შეგვიძლია თუ არა ამ ტვირთის ზიდვა. თუ კვლავ და კვლავ უნდა გამოვიგონოთ ან შევქმნათ აბსოლუტური კომპეტენციის მატარებელი პირები, მაშინ საპარლამენტო მოდელი რეგრესის გზად შეიძლება იქცეს და არა პროგრესისა. ამაზე ადრეც არაერთხელ მისაუბრია.
იქნებ, სანამ დრო იყო, ასეც დაგვესვა საკითხი: ხომ არ გამოიწვევს პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცა და არაპირდაპირი არჩევის წესის შემოღება არაფორმალური მმართველობის ფსიქოკულტურული აუცილებლობის გაძლიერებას?
საქართველოში საკონსტიტუციო მონარქიას არასოდეს უარსებია

თუ მმართველობის საპარლამენტო მოდელი იმთავითვე გულისხმობს რამე ფორმით არაფორმალური და უზენაესი კომპეტენციის მატარებელი მმართველის არსებობას, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ვითარებასთან შედარებით საპრეზიდენტო მმართველობის ფორმა შეუდარებლად უფრო პროგრესული იყო.
საკმარისი გახდა, ივანიშვილის ავადმყოფობის შესახებ ხმა გავრცელებულიყო, რომ მაშინვე გაჩნდა ახალი აბსოლუტური კომპეტენციის მატარებელი პირის - მონარქის იდეა და ეს იდეა, როგორც ვნახეთ, მავანმა პოლიტიკოსებმაც აიტაცეს და მონარქიის სიკეთეებზე დაიწყეს ლაპარაკი. ეს არ უნდა იყოს შემთხვევითი დამთხვევა.
ისიც ნუ შეგვაცდენს, რომ საუბარი მხოლოდ საკონსტიტუციო მონარქიაზე იყო. ჩვენს პირობებში, ჯერჯერობით მაინც, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა იმას, თუ როგორია კანონი, არამედ იმას, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს მის მიმართ. როდესაც ამბობენ, რომ ქართველ ხალხს სჭირდება მმართველობის ტრადიციული ფორმის - საკონსტიტუციო მონარქიის - აღდგენა, ნებსით თუ უნებლიეთ, იგულისხმება არსებობა პირისა, რომელიც ფორმალურად მინიმალური უფლებებით იქნება აღჭურვილი, რეალურად კი მისი გავლენა ეკლესიის მეშვეობით ლამის უსაზღვრო იქნება.
სიტყვა „ტრადიციული“ მხოლოდ ჩვენს სტერეოტიპებზე, ჩვენს რომანტიკულ პატრიოტიზმზე აპელირებას ისახავს მიზნად და არა რეალურ წარსულზე. ვფიქრობ, არც არის საჭირო იმის განმეორება, რომ საქართველოში საკონსტიტუციო მონარქიას არასოდეს უარსებია.
საკონსტიტუციო მონარქია ჩვენ კვლავ რომანტიკულ ილუზიებში, ფუჭი და არაფრისმომცემი იდეებით ნარკოტიკულ თრობაში მიგვაბრუნებდა. ამის დაშვება, უბრალოდ, არ შეიძლება

ბევრ მიზეზს ასახელებენ თუ რატომ არის საკონსტიტუციო მონარქიის იდეა რუსული ელფერის მატარებელი. ამ არგუმენტებს დავამატებდი: არაფორმალური უზენაესი ავტორიტეტების არსებობა ქვეყანაში იმას ნიშნავს, რომ უსასრულოდ გაჭიანურდეს ის სიბეჩავე, რომელიც საბჭოთა ეპოქიდან ყველა საზოგადოებრივი ელიტის განადგურების შედეგად გამოგვყვა.
ეს კი ნიშნავს, რომ უსასრულოდ გადაიდება ის მომენტი, როდესაც ყოველი ჩვენგანი აიღებს პასუხიმგებლობას საკუთარ თავზე და ქვეყნის ბედზე და კვლავ ვიღაც მხსნელზე არ იქნება ორიენტირებული. არადა, თითქოს ბოლო წლებში თავს ვაღწევთ ამ სიბეჩავეს და თანდათან ვსწავლობთ ჩვენი თავის პატრონობას - ნელა, წვალებით, მაგრამ მაინც ვსწავლობთ. საკონსტიტუციო მონარქია ჩვენ კვლავ რომანტიკულ ილუზიებში, ფუჭი და არაფრისმომცემი იდეებით ნარკოტიკულ თრობაში მიგვაბრუნებდა. ამის დაშვება, უბრალოდ, არ შეიძლება.
რაც შეეხება რუსეთს, მისმა სტრატეგოსებმა კარგად იციან, რაც მეტი სიბეჩავე იქნება ჩვენში, მით უფრო გაუადვილდებათ ”რბილი ძალის“ მეშვეობით ჩვენი განწყობების მართვა. ამიტომაც არის, რომ „საკონსტიტუციო მონარქია“ შეიძლება იქცეს მხოლოდ ევფემიზმად, რომელმაც ჩვენს დაბნეულობას მიჩქმალავს და გააღრმავებს.
აქვე ვიტყვი, რომ სახელმწიფო ძალაუფლების ფორმებზე ზრუნვა, განსხვავებით ისლამისაგან, არ ჩადებულა ქრისტიანობის საფუძველში. ეს უკვე გვიანდელი ზედნაშენია, რომელმაც ბიზანტიაში, შემდეგ კი რუსეთში მიიღო განსაკუთრებული მნიშვნელობა და ორივე იმპერია, ყველა სხვა მიზეზთან ერთად, შეუთავსებელთა შეთავსების ამ მცდელობასაც შეეწირა.
სახელმწიფო სამართლის სფეროა და არა ჭეშმარიტებისა. ჭეშმარიტება ეკლესიის სფეროა და ეს ორი სფერო ჯერ კიდევ სახარებაში იქნა ერთმანეთისაგან განცალკევებული.
ცხადია, სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს ადამიანების თავისუფალ სვლას ჭეშმარიტებისაკენ, მაგრამ ის შეუძლებელია თავად ეკლესიის ერთგვარ საერო ანალოგს წარმოადგენდეს. ეს მასაც ავნებს და ეკლესიასაც.
სახელმწიფოს საქმეა ყველა მოქალაქისათვის სამართლიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნა და სამი ვექტორის: პოლიტიკურის, ეკონომიკურისა და კულტურულის განვითარებაზე ზრუნვა. განათლება სამივეს ფუნდამენტად იგულისხმება.
ჩვენს თვალწინ მონარქიის იდეასთან ერთად ახალმა მითოლოგემებმაც დაიწყო დაბადება. ერთი მათგანის მიხედვით მონარქიულმა რუსულმა, ქართულმა, სერბულმა და ბერძნულმა სახელმწიფოებმა, თურმე, ერთგვარი გლობალური ჯარი უნდა შექმნან, რათა ბოროტებისაგან დავიფაროთ მთელი კაცობრიობა და ამ პროცესს, თურმე, ახლად მოვლენილი წმინდანი - ბერი ნიკოლოზი უნდა ჩაუდგეს სათავეში. კიდევ არაუშავს, როდესაც მესიანიზმს შრომა და ძალისხმევა უძღვის წინ. ამ თვალსაზრისითაც ჩვენი მესიანიზმი, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულად გამოიყურება.
რუსეთის სტრატეგოსებმა კარგად იციან, რაც მეტი სიბეჩავე იქნება ჩვენში, მით უფრო გაუადვილდებათ ”რბილი ძალის” მეშვეობით ჩვენი განწყობების მართვა... ამიტომაც არის, რომ „საკონსტიტუციო მონარქია“ შეიძლება იქცეს მხოლოდ ევფემიზმად, რომელმაც ჩვენს დაბნეულობას მიჩქმალავს და გააღრმავებს.

ჩვენ შეიძლება გაგვეღიმოს ამ მითოლოგემაზე, მაგრამ გაიხსენეთ, რამდენ ადამიანში აღძრავს ის ენთუზიაზმს და რა აქტიურობა ახასიათებს ამგვარ ადამიანებს. ასეთ ნაციონალ-მისტიკოს ექსტრემალებს და მათ ოპონენტებს პოლიტკორექტული ექსტრემალების სახით მუდმივად ქაოსი შემოაქვთ ჩვენს ისედაც მყიფე მსოფლმხედველობრივ ცხოვრებაში. იმედი მაქვს, ისეთი დროც დადგება, რომ მათ ვეღარც შევამჩნევთ.
სიტყვამ მოიტანა და ჩვენში ხშირად ყველა პრობლემის სათავეს განათლების დეფიციტში ხედავენ. მე თუ მკითხავთ, გაუნათლებელზე საშიში ყურმოკრული და ზერელე განათლების მქონე ენთუზიასტი ადამიანია.
სამწუხაროდ, ჩვენს ყოფაზე ყველაზე დიდ გავლენას სწორედ ასეთები ახდენდნენ და ახდენენ - ადამიანები, ვისაც ზერელე რელიგიური და ისტორიული განათლება აქვთ. ამათ დაუმატეთ ისინიც, ვინც ვორკშოპებსა და სემინარებზე შეიძინეს ასეთივე ზერელე „ცნობიერების განვითარება“.
ყველა მათგანი მონოპოლიურად ფლობს ჭეშმარიტებას. ყველა მათგანი დარწმუნებულია, რომ ჩვენი ბედის ყველა საიდუმლო იცის და არც ერთი მათგანი არ უშვებს დიალოგის შესაძლებლობას. არადა, სწორედ დიალოგი და თანამშორმლობაა დემოკრატიის ქვაკუთხედი. ბოროტება სწორედ ზერელე განათლებაა, რომელზე დაყრდნობითაც თავს რაღაცის უფლებას აძლევ. სწორედ ასეთები ქმნიან ბრბოს ამ სიტყვის ყველაზე ცუდი მნიშვნელობით.
კიდევ უფრო მასშტაბური ეიჯიზმი გველის - არა ისეთი, რომელიც ვნახეთ, არამედ გაცილებით უფრო მასშტაბური, ყოვლისმომცველი და აგრესიული... არადა, ახალგაზრდებს სულ უფრო და უფრო ნაკლებად სურთ იცხოვრონ ჩვენი ნაციონალ-მისტიკური თუ ლიბერალური მითოლოგემებით გარემოცულებმა

აი, ასეთი სამყარო დავახვედრეთ ჩვენ ჩვენს ახალგაზრდებს. ჰოდა, ვხედავთ, რომ, თურმე, ისინი სხვა სამყაროში ცხოვრობენ და ჩვენგან თითქოს საგანგებოდ კეტავენ ამ სამყაროსაკენ მიმავალ გზებს. არც ტყუიან. საკმარისია, ჩვენ შევიჭრათ იქ და მთელს ჩვენს სულიერ სნეულებებსაც შევიტანთ. ისიც ეყოფათ, რაც უკვე მიიღეს მემკვიდრეობით.
ხანდახან ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მასშტაბური ეიჯიზმი გველის - არა ისეთი, რომელიც ვნახეთ, არამედ გაცილებით უფრო მასშტაბური, ყოვლისმომცველი და აგრესიული. არა მგონია, ვცდებოდე და ახალგაზრდებს სულ უფრო და უფრო ნაკლებად სურთ იცხოვრონ ჩვენი ნაციონალ-მისტიკური თუ ლიბერალური მითოლოგემებით გარემოცულებმა.
- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა, რომელსაც საქართველოს მიმართ კრემლის პოლიტიკის გატარებაში საკვანძო როლი აკისრია, განაცხადა, რომ ოფიციალური თბილისი იმგვარ პოლიტიკას ატარებს, რომ ის ”რუსეთის შეკავების პოლიტიკის ნაწილია”. გაზეთ ”იზვესტიასათვის” მიცემულ ინტერვიუში მან ასევე შეშფოთება გამოხატა, რომ საქართველოში ნატოს ქვეყნების მონაწილეობით სამხედრო სწავლებები ტარდება, უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამოც, რომ ”დასავლეთიდან საქართველოში ოპერატიულად მიმდინარეობს მძიმე ტექნიკის გადასროლა”. თქვენ როგორ აღიქვით კარასინის განცხადებები? ექსპერტთა ნაწილმა კარასინის საქართველოს დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები რუსეთის მორიგ მუქარად შეაფასა...
- კარასინის ლოგიკა თითქმის იდენტურია ალექსანდრე დუგინის ლოგიკისა. იგი აცხადებს, რომ თურმე ქართველები ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის დასმით ქართულ-რუსულ დიალოგსაც ვუშლით ხელს და მართლმადიდებელი სამყაროს მთლიანობასაც ვაზარალებთ. არაჩვეულებრივი ლოგიკაა. ეგებ, აგვიხსნან, კიდევ რითი ვუშლით ხელს ქართულ-რუსულ დიალოგს? იმით ხომ არა, რომ შავი ზღვის სანაპიროს გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ჩვენი ტერიტორიაა? ან, ეგებ, იმით, რომ საკუთარ თავს არსებობის უფლებას ვაძლევთ?

ალექსანდრე დუგინიც რაღაც მსგავსს აცხადებდა 2008 წლის ომის შემდეგ და სრული სერიოზულობით ამატებდა - ქართველი კაცი კავკასიელია, ამაყი და არ ესმის, ბოლომდე რატომ არ დავჩაგრეთ. მაშასადამე, თბილისი უნდა დაგვებომბაო. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალი რუსული სახელმწიფოს აშენებას სწორედ ამგვარი გონებასუსტი მოძალადის ლოგიკით აპირებენ.
საერთოდაც, რუსული პოლიტიკა რომ მითოლოგემების ტყვეობაშია, ეს ტრამპის არჩევასთან დაკავშირებულ ბატალიებშიც გამოჩნდა. იმდენი ილაპარაკეს, ტრამპი ჩვენი არჩეულიაო, სანამ ამ უკანასკნელს ჩინეთის პრობლემა არ დაავიწყეს და მთელი ყურადღება რუსეთზე არ გადმოატანინეს. ამ თავმომწონე განცხადებების შედეგად რაც მიიღეს, ყველანი ვხედავთ.
რუსული პოლიტიკა რომ მითოლოგემების ტყვეობაშია, ეს ტრამპის არჩევასთან დაკავშირებულ ბატალიებშიც გამოჩნდა

ჩვენისთანა პატარა ქვეყანას რომ ელაპარაკებიან ამ ენით კიდევ გასაგებია, მაგრამ როდესაც იმავე ენითა და იმავე ლოგიკით საერთაშორისო პოლიტიკის წარმართვას ცდილობენ, ამას კარგი არაფერი შეიძლება მოჰყვეს და თანაც არა მხოლოდ რუსეთისათვის. გასულმა საუკუნემ ამის არაერთი მაგალითი იცის.
- გასუკ კვირას, თბილისში კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებების ფორუმი გაიმართა. ოპოზიციამ შანსი არ გაუშვა და ხელისუფლება იმის გამო გააკრიტიკა, რომ თბილისში ვიზიტად იმყოფებოდა პრეზიდენტ პუტინის მრჩეველი მიხეილ შვიდკოვი, რომელმაც რუსეთის დაფინანსებით თბილისში მოქმედი საინფორმაციო მედიასაშუალება ”სპუტნიკი” მოინახულა და ჟურნალისტი მამონტოვი, რომელიც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს საქართველოში იმის გამო არ შემოუშვეს, რომ იგი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა.
საგარეო საქმეთა მინისტრ ჯანელიძეს იმის უარყოფაც მოუწია, რომ მოსკოველ სტუმრებთან პრემიერის წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს შეხვედრა არ ჰქონია.
ვითარებაში, როცა კრემლი საქართველოს დასავლეთთან დაახლოების ფონზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თავის პოზიციებს აძლიერებს და საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობას საყვედურობს, თქვენ როგორ შეაფასებდით, თბილისში კრემლის დესპანების გახშირებულ ვიზიტებს და თუნდაც ხსენებული ფორუმის ჩატარებას?

- აშკარაა, რომ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში უახლოესი ორი-სამი ათწლეულის პერსპექტივით გადაწყდება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ ჩვენი რეგიონის ბედიც. ამ აზრით ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ძალზე მნიშვნელოვანია. ეს კარგად იციან რუსეთშიც და უახლოეს ხანებში მათ კიდევ უფრო მეტ გააქტიურებას უნდა ველოდეთ. 2008 წელს მათ თავადვე მოხსნეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემები, როგორც ჩვენთან ურთიერთობის არგუმენტები.
აშკარაა, რომ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში უახლოესი ორი-სამი ათწლეულის პერსპექტივით გადაწყდება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ ჩვენი რეგიონის ბედიც

რაც შეეხება დასავლეთთან ურთიერთობას, თუ რუსეთი რამე სერიოზულ რეგიონალურ გარანტიებს მიიღებს, მან შეიძლება დაივიწყოს კიდეც ამ ქვეყნების არსებობა. მანამ კი, ყველანაირად შეეცდება, პუტინისტურ-სტალინისტური საკაზმით დაამუშავოს ჩვენი საზოგადოებრივი აზრი და მისი სახით დასავლეთთან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი შეიძინოს.
გაკვირვებას იწვევს მხოლოდ ერთი რამ - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ რა ლოგიკით, რა ბერკეტებით ფიქრობენ ისინი ჩვენს საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებას?
ლოგიკა ასეთია - დაივიწყეთ დაკარგული ტერიტორიები და გაიხსენეთ, რომ ჩვენც მართლმადიდებლები ვართ. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ რუსულ პოლიტიკას ვერაფერი ასწავლა განვლილმა საუკუნემ და კვლავ მათრახისა და თაფლაკვერის არგუმენტებით ცდილობს მცირე ერების გაბითურებას.
- რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ თბილისის მერობისათვის ბრძოლაში ”ქართული ოცნების” ფალავანი კახი კალაძე იქნება? შესაძლოა, ადრეა იმაზე საუბარი, თუ ვინ გახდება თბილისის მერი, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს თბილისის მერობისთვის ბრძოლა, მეტ-ნაკლებად ცხადი გახდება პოლიტიკურ ძალებს შორის ბალანსის თანაფარდობა. თქვენი აზრით, მისი სავარაუდო შედეგები რა გავლენას იქონიებს ან როგორ აისახება ჩვენს შიდა პოლიტიკაზე?
- ვფიქრობ, ცოტას თუ ეპარება ეჭვი, რომ კახი კალაძე ქალაქის მერი გახდება და ამის შემდეგ იგი იქნება ყველაზე დიდი თანამდებობის მქონე არჩეული პირი ქვეყანაში. თუმცა, ვფიქრობ, რომ მას საკმაოდ მძიმე ბატალიები ელის. ბევრი ამომრჩეველი მას ხმას კოლექტივისტური განწყობების გამო მისცემს და არა იმიტომ, რომ მის უპირატესობაში იქნება დარწმუნებული. მის თავზე მუდამ დამოკლეს მახვილივით იქნება ჩამოკიდებული ”გაზპრომთან” დადებული ხელშეკრულების ისტორია, მისი ურთიერთობები და ა.შ. ყველაფერ ამაზე პასუხის გაცემა მას გაუჭირდება. ეს უკვე ის ცუდი თესლია, რომელიც ბოლომდე შეიძლება გაჰყვეს მის პოლიტიკურ ბიოგრაფიას.
სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკოსების აბსოლუტურ უმრავლესობას არ ესმის ბიოგრაფიის ამგვარი „საეჭვო წერტილების“ ფასი და კიდევ უფრო ნაკლებმა იცის, თუ როგორ უნდა დაღწიოს თავი მათ შედეგებს. იმედი ვიქონიოთ, რომ კალაძე იზრუნებს ამაზე.
ვეთანხმები თუ არა მის პოლიტიკურ შეხედულებებსა და ქცევას, არა აქვს მნიშვნელობა. ფაქტია, რომ მან შეძლო დამოუკიდებლობის იმ ხარისხის შენარჩუნება, რომელიც თავის გუნდში ერთგვარად დამოუკიდებელ მოთამაშედ აქცევს, განსხვავებით იმ ათეულებისაგან, ვისი მდგომარეობაც მთლიანად ივანიშვილზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, მას აშკარად ზრდის ტენდენცია აღმოაჩნდა. რა შედეგებს მოიტანს ეს? წინასწარ თქმა ძნელია.
კალაძის თავისუფლების ხარისხი დიდი იქნება, მაგრამ არც იმდენად, რომ მან სრული თავისუფლების მოპოვება შეძლოს

არის იმის საშიშროებაც, რომ მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არ აღმოჩნდეს საკმაოდ მაღალი და რომ, ადრე თუ გვიან, იგი თავისი წინამორბედის გზის გამგრძელებელი აღმოჩნდება, რაც, ცხადია, პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი იქნება.
კალაძის თავისუფლების ხარისხი დიდი იქნება, მაგრამ არც იმდენად, რომ მან სრული თავისუფლების მოპოვება შეძლოს. მართალია, ის ფინანსურად დამოუკიდებელია, მაგრამ არც იმდენად, რომ ამან სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოუტანოს. ამასთან, კვირიკაშვილთან შედარებით ის უფრო მყარს გახდის ბუფერს საზოგადოებასა და ივანიშვილს შორის. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ქართული ოცნების ვერტიკალი ვერტიკალად დარჩება, თუმცა შეიცვლება პერსონალიები და ძალების ბალანსი.
ამიტომაც ვფიქრობ, რომ მოწოდებები, რომ ივანიშვილი საჯარო პოლიტიკას დაუბრუნდეს, არავითარ შედეგს არ იქონიებს. დღეს ეს მას არაფერში სჭირდება და, უფრო მეტიც, სახიფათოცაა. ორჯერ ერთსა და იმავე მდინარეში ვერ შეხვალ. 2012 წლის ენთუზიაზმი წარსულს ჩაბარდა. არა მგონია, მას არ ესმოდეს, რომ ამ მოწოდებებზე გამოხმაურება მისთვის სერიოზული მახე შეიძლება აღმოჩნდეს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ მის გარემოცვაში არიან ადამიანები, ვინც საწინააღმდეგოში არწმუნებენ.
რაც შეეხება ოპოზიციას, აქ კიდევ უფრო რთულადაა საქმე. არსად ჩანს პიროვნება, რომელიც მას ახალ ენერგიას შესძენს და გააერთიანებს. პოლიტიკას არ ქმნის მხოლოდ კომპეტენცია და რაციონალიზმი. ერთიც და მეორეც უსარგებლოა, თუ არ არსებობს კარგი გაგებით ავანტიურიზმის რაღაც მარცვალი, თუ გნებავთ, გადამდები ენერგია და პათოსი. ამ უკანასკნელის გარეშე საქმე მხოლოდ ვეგეტარიანულ შეჭამანდთან გვაქვს, საქართველოში რომ ვერასოდეს იქნება ბოლომდე პოპულარული. თუნდაც ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის გაერთიანება რეალური შედეგების აზრით არაფერს მოიტანს.
მეც და სხვებსაც მრავლად გვინახავს პოლიტიკური მოძრაობები, ფრიადოსნის სიბეჯითით რომ ასრულებენ პიარის უცხოელი სპეციალისტების დავალებებს, უზუსტეს სლოგანებს რომ შეიმუშავებენ, კაბინეტებში უზარმაზარ ენერგიას რომ ახარჯავენ პოლიტიკური კონცეფციის შექმნას და ავიწყდებათ ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალი: პოლიტიკოსი ენერგიის ცენტრი უნდა იყოს, თავისი ენერგია და განწყობები უნდა „გადასდოს“ ადამიანებს. „ისედაც ყველამ ყველაფერი იცის“ ისეთივე ილუზიაა, როგორც საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევებზე დაფუძნებული პოლიტიკური ქცევა. ეს უკანასკნელი აუცილებელი ინსტრუმენტია, მაგრამ მხოლოდ ინსტრუმენტი და არა მეტი. ნიჭიერ ადამიანს თავისი პოლიტიკური ალღოთი შეიძლება ეს ინსტრუმენტიც არ დასჭირდეს.
მოწოდებები, რომ ივანიშვილი საჯარო პოლიტიკას დაუბრუნდეს, არავითარ შედეგს არ იქონიებს. დღეს ეს მას არაფერში სჭირდება და, უფრო მეტიც, სახიფათოცაა

ოპოზიციურ საინფორმაციო ნიშას ინერციით დღემდე ”ნაცმოძრაობა” ფლობს. თითქმის მხოლოდ ის ცდილობს საზოგადოებასთან ურთიერთობის რეჟიმის შექმნას და რამდენადაც მის მიმართ მოსახლეობის კრიტიკულად დიდ ნაწილში მიუღებლობაა, ეს მცდელობა ჰაერში იფანტება. სამაგიეროდ, ისინი ამით ახერხებენ, რომ თავისი მომხრეები მუდმივად მობილიზებული ჰყავდეთ. ასეთი ოპოზიცია დიდ საჩუქარს წარმოადგენს „ქართული ოცნებისათვის“.
- თეთრმა სახლმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ პენსის თბილისში ვიზიტი დაანონსა. აშშ-სა და რუსეთს შორის უკიდურესად გართულებული ურთიერთობებისა და მსოფლიოში არსებული სხვა ურთულესი პრობლემების ფონზე, რას შეიძლება უკავშირდებოდეს პენსის ვიზიტი საქართველოში? თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება აღმოჩნდეს მისი შედეგები?
- აქაც იგივეს ვიტყოდი. როგორც ჩანს ჩვენი, როგორც დასავლეთის პარტნიორთან და რეგიონალურ მოთამაშესთან დაკავშირებული პრობლემები იმ ზღვარს უახლოვდება, როდესაც მათი გადაჭრა აუცილებელი ხდება. ვნახოთ. ბევრი რამ ვიზიტის შემდეგ გამოჩნდება.
ერთი რამ აშკარაა, რომ შეერთებულ შტატებში ესმით ცივილიზებული სამყაროსათვის ჩვენი მნიშვნელობაც და ისიც, თუ რა რთულ მდგომარეობაში ვართ. ბევრი სხვა საზოგადოება ვერ გაუძლებდა ოცდახუთი წლის განმავლობაში გაგრძელებულ საგარეო აგრესიას, ტერიტორიების დაკარგვას, პოლიტიკური კლასით იმედგაცრუებას და სხვ. ძალიან ცუდია, რომ ეს ვიზიტი ვენეციის კომისიის პრეზიდენტის დაუფარავად უკმაყოფილო განცხადებებს დაემთხვა. ძალზე არასახარბიელო კონტექსტია ამერიკის ოფიციალურ პირებთან შეხვედრის დროს.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რა არის ბიო რძე?
მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი კვების პროდუქტები გახლავთ ბიო პროდუქტები. განვითარებული ქვეყნები ძალიან მკაცრად აკონტროლებენ საკვების