არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
ვახტანგ ძაბირაძე - არჩევნებიდან შვიდ თვეში ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც საფუძვლიან ანალიზს მოითხოვს, რათა პროცესი კონტროლიდან არ გამოვიდეს და ქაოტური ხასიათი არ მიიღოს
14:40 11-07-2017
ვახტანგ ძაბირაძე - არჩევნებიდან შვიდ თვეში ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც საფუძვლიან ანალიზს მოითხოვს, რათა პროცესი კონტროლიდან არ გამოვიდეს და ქაოტური ხასიათი არ მიიღოს საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, აშკარაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი, რომელზეც 5 თვეზე მეტია მიდის მსჯელობა, როგორც მინიმუმ, შეუთანხმებელ საკითხებში გაიჭედა. თქვენ როგორ დაახასიათებდით იმ ვითარებას, რაც შიდა პოლიტიკაში მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებისა და მასზე ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ბატონ ჯანი ბუკიკიოს რეაქციის შემდეგ ჩამოყალიბდა?
- აუცილებელია აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმდინარე პროცესი არის მეორე მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან განახორციელოს საკონსტიტუციო რეფორმა.
პირველი მცდელობა, განხორციელებულიყო კონსტიტუციური ცვლილებები, შედგა წინა მოწვევის პარლამენტში. მაშინაც შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, მაშინაც ამ კომისიას ხელმძღვანელობდა პარლამენტის თავმჯდომარე და კომისიის მაშინდელი შემადგენლობაც, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ისე პერსონალური თვალსაზრისით, განსაკუთრებით ოპოზიციურ და საექსპერტო-საზოგადოებრივ ნაწილში, დიდად არ განსხვავდება შემდგომში შექმნილი კომისიის შემადგენლობისაგან.
სამწუხაროდ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველ გუნდს ერთიანი პოზიცია არ აღმოაჩნდა, რამაც პროცესი ჩიხში შეიყვანა და მივიღეთ ქართული პოლიტიკისათვის ტრადიციად ქცეული სავალალო ვითარება - როდესაც მმართველი გუნდი, თავისი წინამორბედების მსგავსად, რჩება ერთ მხარეს, ხოლო საზოგადოებრივ-ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი მეორე მხარეს, რაც ქმნის საზოგადოების გახლეჩისა და დაპირისპირების წინაპირობას

მართალია, მაშინ კომისიამ მუშაობა ისე დაასრულა, რომ ცვლილებათა საბოლოო პროექტი ვერ შეიმუშავა, მაგრამ ამის მიზეზი იყო არა კომისიის ცუდი ან არაორგანიზებული მუშაობა, არამედ ის, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერ მოხერხდა შეთანხმება ძირითად საკითხზე - საარჩევნო სისტემაზე.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა ყველასათვის აშკარა გახადა თუ რაოდენ არაადეკვატურად ასახავს შერეული საარჩევნო სისტემა მოსახლეობაში არსებულ განწყობებს - „ქართულმა ოცნებამ“, რომელსაც პროპორციული სისტემით მოსახლეობის 48%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა, მაჟორიტარულ არჩევნებში ფაქტობრივად 100%-იანი მხარდაჭერა და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.
ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ვფიქრობ, დიდი გაჭრიახობა არ სჭირდებოდა იმის პროგნოზირებას, რომ, თუ კონსტიტუციის გადასინჯვა დაიწყებოდა, მთავარი საკითხი არჩევნები და საარჩევნო სისტემა იქნებოდა.
ამიტომ, როდესაც ახლად არჩეულმა პარლამენტმა კვლავაც განიზრახა კონსტიტუციური რეფორმის განხორციელება და შექმნა საკონსტიტუციო კომისია, იმ პირობებში, როდესაც თავადვე ფლობდა საკონსტიტუციო უმრავლესობას, ჩავთვალე, რომ მმართველ გუნდში, ოპოზიციის მოთხოვნების გათვალისწინებით, შემუშავებული იყო ერთიანი პოზიცია.
სამწუხაროდ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მმართველ გუნდს ერთიანი პოზიცია არ აღმოაჩნდა, რამაც პროცესი ჩიხში შეიყვანა და მივიღეთ ქართული პოლიტიკისათვის ტრადიციად ქცეული სავალალო ვითარება - როდესაც მმართველი გუნდი, თავისი წინამორბედების მსგავსად, რჩება ერთ მხარეს, ხოლო საზოგადოებრივ-ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი მეორე მხარეს, რაც ქმნის
საზოგადოების გახლეჩისა და დაპირისპირების წინაპირობას.
ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს ის გარემოება, რომ კონსტიტუციის პროექტმა ვერც საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვა მხარდაჭერა. ამის დასტურია ვენეციის კომისიისა და ევროსტრუქტურების წარმომადგენელთა მოწოდებები, რომ კონსტიტუციური შესწორებები მიღებულ იქნას „ფართო კონსენსუსის“ პირობებში.
- პარლამენტისა და იმავდროულად საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა - ”საკონსტიტუციო რეფორმა არის წარმატებული და წარმატებით იქნება მიყვანილი ბოლომდე შემოდგომაზე”. ამავე თემაზე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა კი განაცხადა - ”მზად ვართ, საკონსტიტუციო პროექტზე დიალოგი გავაგრძელოთ”. მეტიც, მან თქვა, რომ ”რაღაც დონის კომპრომისი ჩვენი მხრიდან იქნება”.
ოპოზიცია აცხადებს, თუ ხელისუფლებას კომპრომისი სურს, მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე უნდა დაბრუნდეს”. ამასობაში ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო საკითხებზე ხელისუფლება და ოპოზიცია კონსულტაციებს სტრასბურგში ვენეციის კომისიის მდივნის ტომას მარკეტის მონაწილეობით გამართავენ. მაშინ როცა, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს - ”შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებში რამე ძირეული ცვლილებები აღარ შევა”, გაუგებარია რაზე უნდა ისაუბრონ მხარეებმა სტრასბურგში.
ვითარებაში, როცა პრეზიდენტი და ოპოზიცია საკონსტიტუციო პროექტის შეჩერებას მოითხოვენ, თქვენი დაკვირვებით, მოქმედების რა გზას აირჩევს ხელისუფლება? და კიდევ, თუ მმართველი გუნდი არანაირ დათმობაზე არ წავიდა საკონსტიტუციო პროცესთან მიმართებაში, რა სურათს მივიღებთ და სავარაუდოდ, როგორ აისახება იგი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე?

- სამართლებრივი თვალსაზრისით ხელისუფლებას პრობლემა არ აქვს კონსტიტუცია მესამე მოსმენით შემოდგომაზე მიიღოს. მისთვის არც ოპოზიციური და საზოგადოებრივი სპექტრის პოზიციაა მნიშვნელოვანი, მაგრამ იძულებულია საერთაშორისო ორგანიზაციებს ანგარიში გაუწიოს.
პრემიერის განცხადებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება - ცდილობს, საერთაშორისო ორგანიზაციები დაარწმუნოს, რომ ხელისუფლება მზადაა კომპრომისზე წავიდეს, მაგრამ ოპოზიცია კომპრომისს არ თანხმდება. ამ აზრის შესაქმნელად მისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციურ ფლანგზე აღმოჩნდეს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც ხელისუფლებასთან ითანამშრომლებს და ე.წ. „კონსტრუქციული ოპოზიციის“ როლს შეასრულებს, ხოლო დანარჩენი ოპოზიცია, ცხადია, იქნება - „დესტრუქციული“.
ამგვარი თამაშები ქართულ პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, გვინახავს, მაგრამ ისინი მოკლევადიანი პიარის ფუნქციას ასრულებს და პოლიტიკურ პროცესზე რეალურ გავლენას ვერ ახდენს.
ფაქტობრივად, შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებას მომგებიანი სვლა არ გააჩნია. მისთვის პოლიტიკურად წამგებიანია მესამე მოსმენით კონსტიტუციის მიღება, მაგრამ კიდევ უფრო წამგებიანია პროცესის თავიდან დაწყება, რადგან ოპოზიცია ასეთ ნაბიჯს ხელისუფლებას მარცხად ჩაუთვლის და არა კომპრომისად.
თავის მხრივ, კომპრომისზე წასვლის მარჟა არც ოპოზიციას გააჩნია - ხელისუფლება ოპოზიციას ამჯერად გაცილებით მძიმე პირობებს და დროში უფრო მეტად გაწელილ პროცესს სთავაზობს, ვიდრე წინა მოწვევის პარლამენტი სთავაზობდა.
სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, შესაძლოა, აღმოჩნდეს ის სივრცე, რომელიც არსებული ჩიხიდან ღირსეულად თავის დაღწევის შესაძლებლობებს შექმნის. თუმცა, ალბათობა იმისა, რომ ამ შეხვედრაზე ფართო კონსენსუსი იქნება მიღწეული, ძალიან მცირეა

ასეთ ვითარებაში სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, შესაძლოა, აღმოჩნდეს ის სივრცე, რომელიც არსებული ჩიხიდან ღირსეულად თავის დაღწევის შესაძლებლობებს შექმნის. თუმცა, ძალიან მცირეა ალბათობა, რომ ამ შეხვედრაზე ფართო კონსენსუსი იქნება მიღწეული.
ამიტომ, განცხადებები „კომპრომისების“ შესახებ განცხადებებად დარჩება და შემოდგომაზე ხელისუფლება კონსტიტუციას მიიღებს.
კონსტიტუცია და კონსტიტუციური რეფორმის პროცესი, ცხადია, მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის და, ვფიქრობ, საზოგადოებისთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა მიზანს ისახავდა მმართველი გუნდი, როდესაც კონსტიტუციის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო?
ხომ უნდა სცოდნოდათ, რომ კონსტიტუცია, თუნდაც იდეალურად შესრულებული, უკეთეს შემთხვევაში თეორიულ ნაშრომად დარჩება თუ მას ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკური მხარდაჭერა არ ექნა?
ისიც ხომ ცხადი იყო, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების გარეშე, კონსტიტუციური რეფორმა მხარდაჭერას რომ ვერ მიიღებდა? და ეს თუ იცოდნენ, რატომ დაიწყეს ისეთი პროცესი, რომელიც მათთვის პოლიტიკურად წამგებიანი იქნებოდა როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო ასპარეზზე? პროცესი, როდესაც კონფლიქტური ქვეყნების მსგავსად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები საერთაშორისო წარმომადგენლების მეშვეობით ხორციელდება და არცთუ სასიამოვნო სურათს ქმნის?
იქნებ პრობლემა ისაა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მრავლად გამოჩნდნენ ახალგაზრდა და ახალი სახეები, რომელთაც წამყვანი პოზიციები დაიკავეს, მაგრამ პოლიტიკური საქმიანობის ნაკლები გამოცდილება აქვთ? არადა, არჩევნებიდან შვიდ თვეში ბევრი ისეთი რამ მოხდა, რაც ღრმა და საფუძვლიან ანალიზს მოითხოვს, რათა პოლიტიკური პროცესი კონტროლიდან არ გამოვიდეს და ქაოტური ხასიათი არ მიიღოს.
- შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ არჩევნებამდე ხელისუფლების გადაწყვეტილებას თვითმმართველი ქალაქების შემცირების შესახებ?
- თვითმმართველობა რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების აუცილებელი პირობაა, ვფიქრობ, დისკუსიას არ ექვემდებარება. მაგრამ, საუბარია რეალურ და სრულყოფილ თვითმმართველობაზე, როდესაც თვითმმართველი ერთეულები აღჭურვილნი არიან დეცენტრალიზაციის შედეგად მათ კომპეტენციაში გადასული უფლებამოსილებებით და დამოუკიდებელი ფინანსური რესურსებით. ამასთანავე, თვითმმართველობა გააზრებული უნდა იყოს სახელმწიფო მოწყობის ერთიან კონტექსტში.
ჩვენ ვერ შევძელით თვითმმართველი ერთეულებისათვის რეალური და სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, ვერც მათი უფლებამოსილებებით აღჭურვა მოვახერხეთ და ვერც ფინანსური დამოუკიდებლობის გარანტიები შევქმენით

სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევძელით თვითმმართველი ერთეულებისათვის რელური და სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზის შექმნა, ვერც მათი უფლებამოსილებებით აღჭურვა მოვახერხეთ და ვერც ფინანსური დამოუკიდებლობის გარანტიები შევქმენით. ამიტომ, თვითმმართველობის რეფორმა ქაოტურად განვითარდა. ჩვენი თვითმმართველი ერთეულები, ფაქტობრივად, ცენტრალურ ხელისუფლებაზე არიან დამოკიდებული და მათ გაგრძელებას წარმოადგენენ.
ჩემი აზრით, არ შეიძლება თვითმმართველობა განხილული იქნას როგორც დასაქმების წყარო. რამდენიმე მილიონი, რომელზედაც ოპოზიცია ლაპარაკობს, რამდენიმე ასეულ მილიონად გადაიქცევა, თუ თვითმმართველობის რეფორმა ისევე ქაოტურად გაგრძელდება, როგორც დაიწყო.
არა ვარ დარწმუნებული, რომ ხელისუფლება თვითმმართველობის რეალურ რეფორმას განახორციელებს, უფრო პირიქით, მაგრამ არც ამ თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას ვთვლი დიდ უბედურებად. სხვათა შორის, ოპოზიციას ამ გაუქმებულ თვითმმართველ ქალაქებშიც წარმატების იგივე შანსი აქვს, რაც სხვა თვითმმართველ ერთეულებში.
- ფაქტია, რომ მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების მთავარი ინტრიგა იქნება თუ ვინ გახდება თბილისის არჩეული მერი. რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს თბილისის მერობისთვის ბრძოლა, მეტ-ნაკლებად ცხადი გახდება პოლიტიკურ ძალებს შორის ბალანსის თანაფარდობა. ვინაიდან, კახი კალაძის პოლიტიკურ მომავალზე ახლა აქტიურად მიდის მსჯელობა, თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ თბილისის მერობისათვის ბრძოლაში ”ქართული ოცნების” კანდიდატი სწორედ კახი კალაძე იქნება? და კიდევ, ადგილობრივი არჩევნების სავარაუდო შედეგები რა გავლენას იქონიებს ან როგორ აისახება ჩვენს შიდა პოლიტიკაზე?
- გეთანხმებით, თვითმმართველობის არჩევნების მთავარი ასპარეზი თბილისი იქნება. ამ არჩევნების შედეგების მიხედვით, შეიძლება განვსაზღვროთ თანაფარდობა როგორც პოლიტიკურ ძალთა შორის, ასევე დავაკვირდეთ საზოგადოებაში ფარულად მიმდინარე პროცესს.
„ნაცმოძრაობა“ შეგუებულია მარცხს და შექმნილი ვითარებიდან საკმაოდ საინტერესო და სწორი გამოსავალი მოძებნა - პარტიის ლიდერი ნიკა მელია კახა კალაძესთან დაპირისპირებას მოარიდა და პარტიულ სიას ჩაუყენა სათავეში

თბილისის ადგილობრივ არჩევნებში წარმატება სერიოზული განაცხადია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში წარმატების მისაღწევად, ისევე, როგორც წარუმატებლობა იქნება მნიშვნელოვანი დაბრკოლება პოლიტიკური ძალის შემდგომი განვითარებისთვის. ამიტომ თბილისის არჩევნებში მონაწილეობას დიდი სიფრთხილით და პასუხისმგებლობით ეკიდება ყველა პოლიტიკური ძალა და პოლიტიკოსი.
ამგვარი დამკიდებულება მკაფიოდ იკვეთება, თუ პარტიათა მიერ უკვე დასახელებულ მერობის კანდიდატებს შევაფასებთ. „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია გამარჯვებაში და, შესაბამისად, მისი კანდიდატი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი კახი კალაძეა.
„ნაცმოძრაობა“ შეგუებულია მარცხს და შექმნილი ვითარებიდან საკმაოდ საინტერესო და სწორი გამოსავალი მოძებნა - პარტიის ლიდერი ნიკა მელია კახა კალაძესთან დაპირისპირებას მოარიდა და პარტიულ სიას ჩაუყენა სათავეში, სადაც 4%-იანი ბარიერის დაძლევა და საკრებულოში მოხვედრა გარანტირებული აქვს, ხოლო კ. კალაძეს ვითომდა „უპარტიო“ კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი დაუპირისპირა. თუ ზ. უდუმაშვილი წარმატებას მიაღწევს, ვთქვათ, მეორე ადგილს დაიკავებს, „ნაცმოძრაობა“ ამ ფაქტს პიარისთვის გამოიყენებს, წარუმატებლობის შემთხვევაში, ეს ზაალ უდუმაშვილის პირადი წარუმატებლობა იქნება. ანალოგიური განწყობაა „ევროპულ საქართველოშიც“. მარცხს აქაც შეგუებულნი არიან. ამიტომ მერობის კანდიდატად გ. უგულავა კი არა, ე. ხოშტარია წარადგინეს. გიგი უგულავა, დიდი ალბათობით, საკრებულოს სიას ჩაუგება სათავეში, რადგან ბარიერის დაძლევა არც მათ უნდა გაუჭირდეთ.
დარწმუნებული ვარ, არც ნიკა მელია და არც გიგი უგულავა საკრებულოს არჩევნებში მაჟორიტარულ ოლქში კენჭს არ იყრიან

დარწმუნებული ვარ, არც ნიკა მელია და არც გიგი უგულავა საკრებულოს არჩევნებში მაჟორიტარულ ოლქში კენჭს არ იყრიან.
- თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატი კახი კალაძე საარჩევნო კაპმანიაში ჩაერთო. ამ ღინისძიებისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე მან განაცხადა, რომ მისი ენერგეტიკის მინისტრობისას საქართველოში მოხდა ”ენერგეტიკული რევოლუცია”.
თუ ქვეყანაში ”ენერგეტიკული რევოლუცია” მართლაც მოხდა, მოხმარებული ელექტროენერგიის ფასმა რატომ არ დაიკლო, თან მნიშვნელოვნად? თუ გაზის ფასმა დაიკლო? რაც შეეხება ჰესების მშენებლობის ბუმს - თუ მართლა ასეთი ბუმი გვაქვს, იმაზე რატომ არ ვფიქრობთ, რომ ჩვენზე ბევრად ნორმალურ ქვეყნებში ეკოლოგიის გაფრთხილების მიზნით ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაზე უარს ამბობენ?
თუ ბატონ კახის მართლაც სურდა საქართველოში ენერგეტიკული რევოლუცია, რატომ არაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ საქართველოში ”ტესლა” შემოსულიყო? არგუმენტი, რომ საქართველოს ენერგეტიკული ბაზარი მცირეა, არგუმენტად არ გამოდგება. ძნელი დასაჯერებელია, ბატონ კალაძეს არ ესმოდეს, რომ ამ პასუხგაუცემელ კითხვებზე საზოგადოება მისგან პასუხებს ელის.
თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ენერგეტიკის აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა და ახლა უკვე თბილისის მერობის კანდიდატმა კახი კალაძემ საზოგადოებას ქვეყანაში არმომხდარი ”ენერგეტიკული რევოლუცია”, მომხდარად გამოაცხადა?

- გულწრფელად გითხრათ, თავად კ. კალაძეს რომ არ ეხსენებინა, ამ „ენერგეტიკული რევოლუციის“ შესახებ ვერც ვერავინ ვერაფერს გაიგებდა, რადგან რევოლუციის კვალი არც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას ეტყობა და არც მოსახლეობას. უფრო მეტიც, საუბარია დენის ტარიფის გაზრდაზე, რასაც, ალბათ, არჩევნების შემდეგ უნდა ველოდოთ. წინასაარჩევნოდ ტარიფის გაზრდას ხელისუფლება მოერიდება.
მართალია, ტარიფის ზრდა უფრო ლარის ინფლაციითაა გამოწვეული, მაგრამ თუ „რევოლუცია“ მართლაც მოხდა, მისი შედეგი ის მაინც უნდა იყოს, რომ ტარიფის ინფლაციური ზრდა შეაჩეროს. ალბათ, ჯობდა კახი კალაძეს თავად დაეზუსტებინა, თუ რას გულიხმობდა „ენერგეტიკულ რევოლუციაში“.
ალბათ, ჯობდა კახი კალაძეს თავად დაეზუსტებინა, თუ რას გულისხმობდა „ენერგეტიკულ რევოლუციაში“

ამასთანავე, ისიც უნდა ითქვას, რომ კ. კალაძემ სრულიად გამოუცდელმა დაიკავა ენერგეტიკის მინისტრის პოსტი და, თუ არ ჩავთვლით ”გაზპრომთან” გაფორმებულ ხელშეკრულებას, მისი საქმიანობის მიმართ კრიტიკული ან ნეგატიური შეფასებები საჯარო სივრცეში, ოპოზიციის ან მედიის მხრიდან თითქმის არ ყოფილა.
- მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერის არჩევნების სავარაუდო შედეგებზე უკვე ბრძანეთ, მაინც უნდა გკითხოთ - ამ არჩევნებში რა შანსები აქვს ალეკო ელისაშვილს? თქვენი კოლეგა ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ელისაშვილის, როგორც დამოუკიდებელი და უპარტიო კანდიდატის შანსები, სხვა კანდიდატებთან შედარებით საკმაოდ მაღალია...
- ცხადია, წარმატება მინდა ვუსურვო ალეკო ელისაშვილს, მაგრამ არჩევნებს თავისი სპეციფიკა გააჩნია და იმისათვის რომ არჩევნები მოიგო, პოპულარობასთან ერთად აუცილებელია ძლიერი ორგანიზაციული მხარდაჭერა.
ელისაშვილმა მაჟორიტარული ოლქი მოიგო და ასე გახდა საკრებულოს წევრი, მაგრამ ეს იყო 2014 წელს, სრულიად განსხვავებულ პოლიტიკურ ვითარებაში და სრულიად განსხვავებულ მასშტაბებში. მაშინ „ქართულ ოცნებას“ სხვა პრობლემები ჰქონდა და ერთ ოლქს მოიგებდა თუ წააგებდა ეს არ იყო მისთვის მნიშვნელოვანი, მას თბილისში „ნაცმოძრაობა“ უნდა დაემარცხებინა.
„ქართულ ოცნებას“ მოახლოებულ არჩევნებში რეალური კონკურენტი არ ჰყავს არც თბილისში და არც რეგიონებში. ოპოზიციური სპექტრი თვითგამორკვევისა და ჩამოყალიბების პროცესშია, ხოლო მოსახლეობაში ”ოცნებისადმი“ გულგატეხილობა ჯერ კიდევ არ გადასულა აგრესიაში...

ამჟამად საქმე ქალაქის მერობას ეხება. თბილისში 400-ზე მეტი საარჩევნო უბანია და იმისათვის, რომ საარჩევნო კამპანია მინიმალურ დონეზე ჩაატარო, ყველა უბანზე ერთი აქტივისტი, თანაც ერთგული და უღალატო, მაინც უნდა გყავდეს. ამიტომ ა. ელისაშვილისთვის უდიდესი წარმატება იქნება, თუ ის მეორე ადგილს დაიკავებს.
ზოგადად, „ქართულ ოცნებას“ მოახლოებულ არჩევნებში რეალური კონკურენტი არ ჰყავს არც თბილისში და არც რეგიონებში. ოპოზიციური სპექტრი თვითგამორკვევისა და ჩამოყალიბების პროცესშია, ხოლო მოსახლეობაში „ქართული ოცნებისადმი“ გულგატეხილობა ჯერ კიდევ არ გადასულა აგრესიაში, თანაც ადგილობრივი არჩევნები არ არის ის არეალი, სადაც ამომრჩეველი აგრესიისაგან დაიცლება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამომრჩევლის აქტივობა იქნება დაბალი, რაც უმრავლეს რეგიონში, მათ შორის თბილისშიც, წარმოშობს მეორე ტურის აუცილებლობას, საბოლოო ჯამში „ქართულ ოცნების“ სრულმასშტაბიანი წარმატება ეჭვგარეშეა.
- მას შემდეგ რაც დაანონსდა, რომ 14 ივლისს აღმაშენებლის პროსპექტზე ”ქართული მარში” გაიმართება, ამ თემაზე საზოგადოება აქტიურად მსჯელობს და ეს გასაკვირი სულაც არაა. ახლა, როცა აქციის ორგანიზატორებს მათსავე აქციაზე საჯარო სივრცეში უამრავი მოსაზრება აქვთ გამოთქმული და ასევე უამრავი კომენტარი გაკეთებული, ამ ღონისძიებაზე მსჯელობა უფრო საგნობრივად შეიძლება.
თუ აქციის ორგანიზატორები უკანონო ემიგრაციის წინააღმდეგ ატარებენ აქციას, წესით, ეს აქცია შსს-თან უნდა ტარდებოდეს და არა აღმაშენებლის პროსპექტზე... თქვენ ასე არ ფიქრობთ?და კიდევ, თუ აქცია, საქართველოში მიგრანტების მიერ წარმოებული ბიზნესის წინააღმდეგაა, ამ შემთხვევაშიც ადრესატი შსს და ხელისუფლების სხვა ორგანოები უნდა იყვნენ და არა მიგრანტები...

- აბსოლუტურედ ვიზიარებ თქვენს მოსაზრებებს. მართლაც, თუ საქმე არალეგალებისა და კრიმინალის აღკვეთას ეხება, როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ ან, თუნდაც საემიგრაციო პოლიტიკაა შესაცვლელი, მაშინ პროტესტის ადრესატი ხელისუფლებაა და შესაბამისად, დამკვიდრებული ტრადიციიდან გამომდინარე, საპროტესტო აქციაც რუსთაველზე უნდა გაიმართოს და ხელისუფლებას უნდა მოეთხოვოს პრობლემის მოგვარება.
სხვა საკითხია, ჩვენი მხრიდან რამდენად ზნეობრივია არალეგალებისადმი მკაცრი პოლიტიკის გატარების მოთხოვნა მაშინ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები, ჩვენდა სამწუხაროდ, უცხო ქვეყნებში არალეგალური საქმიანობით მიღებული შემოსავლით საქართველოში დარჩენილ ოჯახებსაც არჩენენ და ქვეყნის სავალუტო რესურსსაც ზრდიან.
პრობლემა, თუკი ის არსებობს, არ უდა მივაჩუმათოთ, მაგრამ პრობლემის მოგვარების დრო, ადგილი და ადრესატი ზუსტად უნდა იქნას შერჩეული

შესაძლოა, აქციის ორგანიზატორებმა აღმაშენებლის პროსპექტზე აქციის გამართვა ემოციურ ფონს დაუკავშირეს, რადგან იქ განლაგებულია თურქულ-არაბული ობიექტები, მაგრამ, როდესაც აქციას არალეგალებთან და კრიმინალებთან ბრძოლის მოწოდებით იქ მართავ, სადაც ეს ობიექტებია თავმოყრილი, მაშინ სამიზნე, სურს ეს ვინმეს თუ - არა, ეს ობიექტები ხდება.
როდესაც პროტესტის ადრესატი, რომლისგანაც პრობლემის მოგვარებას ითხოვ, გამოკვეთილი არ არის, მაშინ ბუნებრივად ჩნდება განცდა, რომ პრობლემა თავადვე მოაგვარო, რაც ხელს უწყობს საზოგადოებაში ქსენოფობიური მუხტის გაღვივებას. ამგვარი რამ 90-იან წლებში ჩვენ უკვე გამოვცადეთ, როდესაც ლოზუნგებითა და საზოგადოებრივი ძალებით შევეცადეთ პრობლემების მოგვარებას და შედეგებს დღემდე ვიმკით.
ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. პრობლემა, თუკი ის არსებობს, არ უნდა მივაჩუმათოთ, მაგრამ პრობლემის მოგვარების დრო, ადგილი და ადრესატი ზუსტად უნდა იქნას შერჩეული.
- საპარლამენტო ფრაქცია ”პატრიოტთა ალიანსის” წევრები მოსკოვში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებთან შესახვედრად
გაემგზავრნენ. ქართულ პოლიტიკურ წრეებში რუსეთის დედაქალაქში მათ გამგზავრებაზე რომ დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმებოდა, გასაკვირი არაა. ვითარებაში, როცა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს თემებზე რა პოზიციები აქვს ოფიციალურ მოსკოვს კარგა ხანია ცნობილია, საინტერესოა, თავად რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეთ აქვთ ამ შეხვედრებისაგან მოსკოვში გამგზავრებულ დეპუტატებს? თქვენ როგორ შეაფასებდით ერთის მხრივ, მოსკოვში მათ გამგზავრებას, ხოლო მეორე მხრივ, მათ მოლოდინებს?

- სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი ან პოლიტიკოსი მოსკოვში ჩადის და ამაყად აცხადებს, რომ თუ ხელისუფლებაში მოვა, საქართველოს ტერიტორიულ პრობლემებს მოაგვარებს.
ამ პრობლემის მოგვარება რომ შესაძლებელი ყოფილიყო, ე. შევარდნაძეზე უკეთ ბ. ელცინის პერიოდში ამას ვერავინ გააკეთებდა. უფრო მეტიც, პრობლემის მოგვარების ნებისმიერ ჩვენს მცდელობას, იქნებოდა ეს ძალისმიერი, დიპლომატიური თუ თავდაცვითი ხასიათის, რუსეთი სწორედ ჩვენს წინააღმდეგ და ამ რეგიონებში თავისი ყოფნის გასაძლიერებლად იყენებდა.
ჩვენ ვერა და ვერ მივხვდით, რომ რუსული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ელიტა ამ პრობლემის არა თუ მოსაგვარებლად არამედ სერიოზულად განსახილველადაც კი მზად არ არის. ამიტომ „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტიც მოსკოვში ისეთივე შედეგით დასრულდება, როგორი შედეგითაც სხვა ვიზიტიორთა შეხვედრები დასრულდა.
რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, მაგრამ შექმნილ რეალობაში ეს დიალოგი ხელისუფლებამ უნდა აწარმოოს და არა ოპოზიციამ

სამწუხაროდ, ამგვარი ვიზიტები რუსულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ელიტაში აჩენს განცდას, რომ მათი პოლიტიკა საქართველოს მიმართ სწორია და დღეს თუ არა ხვალ სასურველ შედეგს მოიტანს.
ცხადია, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, მაგრამ შექმნილ რეალობაში ეს დიალოგი ხელისუფლებამ უნდა აწარმოოს და არა ოპოზიციამ. თუ ოპოზიციას ხელისუფლების პოლიტიკა არ მოსწონს, მან ჯერ საკუთარი მოსახლეობა უნდა დაარწმუნოს ამაში, ხელისუფლებაში მოვიდეს და პოლიტიკა შეცვალოს. ჩემი აზრით, ამგვარი ქმედება იქნება სრულ შესაბამისობაში სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესთან.
რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ალტერნატიულ გეგმას, რომელიც თურმე მისაღები იქნება ნატოსთვისაც, რუსეთისთვისაც და სასარგებლო იქნება საქართველოსთვის, ამ თემის განხილვა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მიმნიჭებელი კომიტეტის პრეროგატივა უფროა, ვიდრე მისი ანალიზი რუსულ-ქართული ურთიერთობების ჭრილში.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები