არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4829
EUR
1 EUR
2.9497
RUB
100 RUB
4.3289
26-09-2017
ზაალ ანჯაფარიძე - ხელისუფლება შეიძლება შეეცადოს ოპოზიციაში „შტრეიკბრეხერები“ მოძებნოს და კონსტიტუციის მხარდაჭერაზე გარკვეული გარიგებების სანაცვლოდ დაითანხმოს
12:37 15-07-2017
ზაალ ანჯაფარიძე - ხელისუფლება შეიძლება შეეცადოს ოპოზიციაში „შტრეიკბრეხერები“ მოძებნოს და კონსტიტუციის მხარდაჭერაზე გარკვეული გარიგებების სანაცვლოდ დაითანხმოს საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, მიუხედავად იმისა, რომ შეუთანხმებელ საკითხებზე კონსულტაციები მიმდინარეობს, ფაქტია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ისევ ისეთივე ჩიხშია, როგორც ორი კვირის წინ. თქვენ როგორ დაახასიათებდით იმ ვითარებას, რაც შიდა პოლიტიკაში მმართველი გუნდის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებისა და მასზე ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ბატონ ჯანი ბუკიკიოს რეაქციის შემდეგ ჩამოყალიბდა და თქვენი აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოქმედების რა გზა აქვს არჩეული ერთის მხრივ ოპოზიციას, ხოლო მეორეს მხრივ ხელისუფლებას?
- კონსტიტუციასთან დაკავშირებულმა ბატალიებმა ჩვენს მოქალაქეებს სხვა რამეებიც დაანახა. ჯანი ბუკიკიოს წარბის აწევა და შუბლის შეჭმუხვნა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ხელისუფლება მორჩილი ფინიასავით სასწრაფოდ დათანხმებულიყო ოპოზიციასთან ახალ დიალოგზე, რომელზედაც მანამდე არც კი ფიქრობდა. მახსოვს, არცთუ ისე შორეულ წარსულში მოსკოვიდან ჩამოსული მაღალჩინოსნების შუბლის შეჭმუხვნაზეც ასე დაფაცურდებოდა ხოლმე მაშინდელი პარტნომენკლატურა.
როგორ განვითარდება პროცესები, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე თუ რა პირობებით დასხდებიან სასაუბროდ ხელისუფლება და ოპოზიცია, კონსტიტუციის რა პუნქტები გახდება მათი განხილვის საგანი და როგორ მოგვარდება სამართლებრივ-პროცედურული მხარე - როგორ მოხდება ორი მოსმენით მიღებულ კონსტიტუციის ტექსტში პრინციპული ცვლილებების შეტანა. არადა, სწორედ ამას ითხოვს ოპოზიცია.
ჯერჯერობით ორივე მხარე ერთმანეთისთვის კბილის მოსინჯვის პროცესშია. ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლის პირობებში ოპოზიციაც შეეცდება ბოლომდე „მიაწვეს“ ხელისუფლებას რათა დათმობები გამოგლიჯოს

ჯერჯერობით ორივე მხარე ერთმანეთისთვის კბილის მოსინჯვის პროცესშია. ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლის პირობებში ოპოზიციაც შეეცდება ბოლომდე „მიაწვეს“ ხელისუფლებას რათა დათმობები გამოგლიჯოს. სახალხო პროტესტის აგორება ოპოზიციას არ მგონია გამოუვიდეს, ამიტომაც მისი მთავარი ინსტრუმენტი სწორედ საერთაშორისო წრეებზე აპელირება იქნება. ხელისუფლება კი შეიძლება შეეცადოს, რომ ოპოზიციის რიგებში „შტრეიკბრეხერები“ მოძებნოს და დაითანხმოს ისინი კონსტიტუციის მხარდაჭერაზე გარკვეული გარიგებების სანაცვლოდ.
მოგეხსენებათ, წინ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. ხელისუფლებას ასევე შეუძლია დაიწყოს დიალოგი ოპოზიციასთან, აჩვენოს ვენეციის კომისიას, რომ მისი რეკომენდაციები სრულდება, მაგრამ შემდეგ განაცხადოს, რომ ოპოზიციის დესტრუქციული მიდგომის გამო შეთანხმება ვერ შედგა.
- 14 ივლისს აღმაშენებლის პროსპექტზე კარგა ხნის წინ დაანონსებული ”ქართული მარში” გაიმართა. თუ ”ქართული მარშის” მოთხოვნებს გადავხედავთ, მათი ადრესატი ხელისუფლება უფროა, ვიდრე ისინი, ვის წინააღმდეგაც გაიმართა აქცია. ვგულისხმობ საქართველოში არალეგარულად მყოფ კრიმინალ უცხოელებს, რომლებიც აქციის ორგანიზატორების მტკიცებით, ნარკოტიკების ვაჭრობითა და პროსტიტუციით არიან დაკავებული. რადგან მოთხოვნების უმრავლესობის ადრესატი შსს, პარლამენტი და ხელისუფლება იყო, თქვენი აზრით, ”ქართული მარში” რატომ არ გაიმართა შსს-ს შენობასთან ანდა მთავრობისა და პარლამენტის შენობებთან?
- „ქართული მარშის“ ორგანიზატორები რომ აქციას პარლამენტის ან მთავრობის შენობებთან არ გამართავდნენ, ეს თავიდანვე ცხადი იყო ამ აქციის გაცხადებული მიზნებიდან გამომდინარე.
აქცია გაიმართა სწორედ იმ ადგილას, სადაც მიმდინარე პროცესები იწვევს ჩვენი საზოგადოების ნაწილის აღშფოთებას და ადგილი შერჩეული იყო საპროტესტო მუხტის ასაწევად და პროტესტის განცდის მქონე ხალხის შესაგროვებლად.
- ამ თემაზე თქვენ სოციალურ ქსელში ბრძანეთ - "ქართული მარში" კიდევ ერთი ლაკმუსის ქაღალდი და კიდევ ერთი ინდიკატორია თუ როგორ არის ქართული საზოგადოება მკაფიოდ დაყოფილი ერთის მხრივ, "ნაციონალ-პატრიოტებად" და "ტრადიციონალისტ-კონსერვატორებად," ხოლო მეორეს მხრივ კი კოსმოპოლიტებად, ლიბერალებად და მოდერნისტ-გლობალისტებად.”
”ქართულ მარშზე” საჯარო სივრცეში მსჯელობა საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობდა. თქვენი დაკვირვებით, ქართულ სოციუმში ვინ მეტი აღმოჩნდა - ”ნაციონალ-პატრიოტ-ტრადიციონალისტ-კონსერვატორი, თუ კოსმოპოლიტ-ლიბერალ-მოდერნისტ-გლობალისტი? "

- ის, რომ ჩვენი საზოგადოება ამ ნიშნით გაყოფილია, ვფიქრობ არავისთვის აღმოჩენა არ არის, ამას ხომ ვხედავთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. რაოდენობრივ პროპორციაზე ზუსტი პასუხის გაცემა გამიჭირდება, ამას შესაბამისი მიზნობრივი კვლევები სჭირდება.
”ქართული მარშის” ორგანიზატორებს სერიოზული ღირებულებითი კონფლიქტი აქვთ არასამთავრობო სექტორის აღნიშნულ ლიბერალურ ფრთასთან და ასევე „ნაცმოძრაობასთან“

თუმცა, ჩემი აზრით, (რომელიც ამ საკითხზე უკვე არსებულ კვლევებსა და ჩემს უშუალო დაკვირვებებს ეყრდნობა) ლიბერალები და მოდერნისტები აშკარა უმცირესობაში არიან. სხვათა შორის, ამაზე გარკვეულწილად მეტყველებს ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგებიც.
- თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს არალეგალების წინააღმდეგ ”ქართული მარშის” მოთხოვნებში ”ნაცმოძრაობის” აკრძალვისა და არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსების აკრძალვის მოთხოვნა ?
- მე მგონი, ეს მარშის ძირითად თემებზე ასე ვთქვათ „დესერტად“ დამატებული თემები იყო. ისინი სავსებით ჯდება იმ დისკურსში, რომელშიც მოეწყო თავად ეს აქცია.
გარდა ამისა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ სწორედ აღნიშნული არასამთავრობოები და „ნაცმოძრაობა“ აპროტესტებდნენ ყველაზე აქტიურად „ქართული მარშის“ გამართვას და მათი აკრძალვის მოთხოვნა ალბათ მარშის მომწყობთა საპასუხო რეაქცია გახლდათ. ”ქართული მარშის ორგანიზატორებს სერიოზული ღირებულებითი კონფლიქტი აქვთ არასამთავრობო სექტორის აღნიშნულ ლიბერალურ ფრთასთან და ასევე „ნაცმოძრაობასთან.“
- ”ქართული მარშის” პარალელურად საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ბერშუეთში რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესო აქცია გაიმართა. მასში მონაწილეობა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. ბერშუეთში გამართული აქციის ორგანიზატორები თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე გამართული ”ქართული მარშის” ჩატარებას გამოეხმაურნენ.
”ნაცმოძრაობის” წარმომადგენლის ხატია დეკანოიძის განცხადებით, - ”საქართველოს ოკუპაციის საკითხი გამქრალია ყველა საერთაშორისო დღის წესრიგიდან და ეს აქციაც არის ამ შედეგის გასაპროტესტებლად... მნიშვნელოვანია, რომ ეს პროტესტი იყოს მუდმივი”... ”ნამდვილი მტერი სწორედ საოკუპაციო ხაზთან დგას და არა საქართველოში მცხოვრები უცხოელები არიან”. თქვენ როგორ შეაფასებდით, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ გამართულ საპროტესტო აქციას?

- ჩვენი მოქალაქეების სამოქალაქო აქტიურობა და სრულიად ლეგიტიმური პროტესტი ე.წ. „საზღვრების“ უკანონო და ცინიკური გადმოწევის გამო, ბუნებრივია, მისასალმებელია. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ამით მაინც მოხდება საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის ყურადღების მიქცევა პრობლემისადმი.
თუ აქციამ პერმანენტული ხასიათი მიიღო, ეს იქნება კიდევ ერთი ინსტრუმენტი საერთაშორისო თანამეგობრობას შევახსენოთ ჩვენი მტკივნეული პრობლემა... სამწუხარო იქნება, თუკი ეს კეთილშობილი აქცია შიდაპოლიტიკური დაპირისპირების ელფერს მიიღებს და როგორც მისი რამდენიმე მონაწილე იქადნება, თბილისში გადმოინაცვლებს

თუ აქციამ პერმანენტული ხასიათი მიიღო, ეს იქნება კიდევ ერთი ინსტრუმენტი საერთაშორისო თანამეგობრობას შევახსენოთ ჩვენი მტკივნეული პრობლემა, რომელიც სხვა მწვავე საერთაშორისო პრობლემების ფონზე დროებით უკანა პლანზე გადავიდა. სამწუხარო იქნება, თუკი ეს კეთილშობილი აქცია შიდაპოლიტიკური დაპირისპირების ელფერს მიიღებს და როგორც მისი რამდენიმე მონაწილე იქადნება, თბილისში გადმოინაცვლებს.
- შიდა ქართლში ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული ვითარება, იგულისხმება სამხრეთ ოსეთის საზღვრის პერმანენტულად მონტაჟი, მართლაც რომ აქტუალური თემაა, საკამათო არ უნდა იყოს, მაგრამ ამ პროცესის შესაჩერებლად რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ, ამაზე ნაკლებად ისმის წინადადებები. ვითარებაში, როცა ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევა შედეგს ვერ იძლევა, თქვენი აზრით, რა კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ საზღვარზე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შესაჩერებლად?
- ბედის ირონიით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აღმოჩნდა დაახლოებით ისეთივე მდგომარეობაში, როგორც 2008 წელს „ნაცმოძრაობა.“ მაშინ რუსების მიერ მხარდაჭერილი და წაქეზებული ოსი სეპარატისტების მიერ ქართული სოფლები იბომბებოდა. დღეს ასევე რუსების მხარდაჭერითა და დარწმუნებული ვარ მათი პირდაპირი დირექტივით ოსი სეპარატისტები ახორციელებენ ე.წ. „საზღვრის“ გადმოწევის პროცესს.
„ნაცმოძრაობის“ ხელისუფლება როგორც მოიქცა და რა შედეგიც მიიღო აქედან ქვეყანამ, ვიცით. რატომღაც თბილისში მყოფ იმ პარტიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებიც გუშინ ბერშუეთში ჩავიდნენ აქციაზე, 2008 წელს არ გასჩენიათ კონფლიქტის ზონაში ჩასვლის, მოსახლეობის გამხნევებისა და რუსების ქმედებების გაპროტესტების სურვილი.
დღევანდელ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, შეუძლია ძალისმიერი გზით შეეწინაღმდეგოს სასაზღვრო ნიშნების უკანონოდ აღმართვას, მაგრამ ამას დიდი ალბათობით კონფლიქტის პროვოცირება მოჰყვება, რასაც შესაძლოა ელოდება კიდეც რუსეთი. ვფიქრობ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ასეთ ნაბიჯს არ მოგვიწონებენ, რადგანაც ამით უკვე მათ უჩნდებათ დამატებითი „თავის ტკივილი“ და საზრუნავი, რაც მათ ისედაც ჰყოფნით. მეორე გზა არის საერთაშორისო წრეების მობილიზება და დარწმუნება იმაში, რომ რუსეთზე ზეგავლენა მოახდინონ, თუნდაც ახალი სანქციების მუქარით და საზღვრის გადმოწევა შეაჩერებინონ.
ნიშანდობლივია, რომ საზღვრების გადმოწევას წინ უძღოდა კრემლთან დაახლოებული ექსპერტების პუბლიკაციები, სადაც საქართველოს მიმართ კრიტიკა იყო გამოთქმული ნატო-სთან თანამშრომლობის გააქტიურების გამო.
ხელისუფლებას შეუძლია ძალისმიერი გზით შეეწინაღმდეგოს სასაზღვრო ნიშნების უკანონოდ აღმართვას, მაგრამ ამას დიდი ალბათობით კონფლიქტის პროვოცირება მოჰყვება, რასაც შესაძლოა, ელოდება კიდეც რუსეთი

შემდეგ უკვე ოფიციალურმა მოსკოვმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პირით დაადანაშაულა საქართველო ნატოს მიერ რუსეთის შეკავების პოლიტიკაში ჩართულობის გამო. ამის შემდეგ ხდება ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის განახლება-გააქტიურება. შიდა ქართლში საზღვრის ბორდერიზაციით მოსკოვი სჯის თბილისს და სავარაუდოდ, სასჯელთა ნუსხაში სხვა ქმედებებიც ექნება დაგეგმილი.
- გასულ კვირას, აქტუალურად განიხილებოდა ფრაქცია ”პატრიოტთა ალიანსის” წევრთა ვიზიტი მოსკოვში, შეხვედრები სახელმწიფო სათათბიროში და ამ ვიზიტის შედეგები. ვითარებაში, როცა რუსეთი აგრძელებს საქართველოში მცოცავი ოკუპაციის პოლიტიკის გატარებას და საქართველოსგან მოითხოვს ”ოკუპაციის შესახებ” კანონის გაუქმებას, ანუ, მოსკოვი თბილისისაგან ურთიერთობების ისეთ დღის წესრიგს სთავაზობს, რაც საქართველოსთვის იმთავითვე მიუღებელია, თქვენ როგორ შეაფასებდით ასეთ ვითარებაში რუსეთის სათათბიროსა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს შორის თანამშრომლობისთვის ჯგუფების შექმნის - ერთის მხრივ, პერსპექტივას, ხოლო მეორეს მხრივ, მიზანშეწონილობას? და ასევე ამ პროცესისაგან მმართველი გუნდის დისტანცირებას?
- მმართველი გუნდი რომ ამ პროცესისგან დისტანცირებას მოახდენდა, ეს პროგნოზირებადი იყო, რადგანაც მას ისედაც ადანაშაულებენ შიდა ოპოზიცია და დასავლეთის გარკვეული წრეები რუსეთთან ზედმეტად რბილი დამოკიდებულების გამო.
რუსეთისა და საქართველოს პარლამენტარების არაფორმალური სამუშაო ჯგუფის შექმნა არის პრაქტიკულად ის ერთადერთი პროდუქტი, რაც მოსკოვიდან ჩამოიტანა ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ დელეგაციამ. ჯერ რთულია რამე პროგნოზების გაკეთება. უნდა დავაკვირდეთ როგორ იმუშავებს ეს ჯგუფი, რა საკითხებს დააყენებს დღის წესრიგში, შეუერთდებიან თუ არა მას ცალკეული დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობიდან.
შიდა ქართლში საზღვრის ბორდერიზაციით მოსკოვი სჯის თბილისს და სავარაუდოდ, სასჯელთა ნუსხაში სხვა ქმედებებიც ექნება დაგეგმილი

მე მგონია, რომ ამ ეტაპზე რუსი და ქართველი პარლამენტარების არაფორმალური სამუშაო ჯგუფის შექმნა უფრო რუსეთს აწყობს, რადგანაც მას შეუძლია საერთაშორისო არენაზე ეს წარმოაჩინოს როგორც საქართველოსთან სხვადასხვა ფორმატებში დიალოგის წარმოების პროცესი. ამის სურვილი გამოთქვა კიდეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა. ქართული დელეგაცია რუსებთან ურთიერთობაში ფრთხილად უნდა იყოს, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ არ გამოაყენებინოს თავი.
- გასაგებია, რომ მოსკოვთან დიალოგის წარმოება სჯობია მასთან უბრად ყოფნას, მაგრამ, ვითარებაში, როცა მოსკოვი თბილისისაგან 2008 წლის შემდეგ ჩამოყალიბებული რეალობის, ანუ დამოუკიდებელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას მოითხოვს; მეტიც, რეალურად ეს რეგიონები რუსეთის სამართლებრივი და ეკონომიკური სივრცის ნაწილები ხდება; მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების კრემლისეულ დღის წესრიგში საქართველოს ინტერესები არანაირად არ ფიგურირებს, ახლა, ალბათ უფრო გაუგებარია არა მხოლოდ რუსეთთან დიალოგის რეჟიმში ყოფნის მცდელობები, არამედ ის, რომ ოფიციალური თბილისი დასავლეთისაგან უკრაინის მსგავსად არ მოითხოვს დასავლეთმა რუსეთს დაწესებულ ეკონომიკურ სანქციები მანამდე არ მოუხსნას, ვიდრე რუსეთს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ექნება ოკუპირებული...
ამ ეტაპზე რუსი და ქართველი პარლამენტარების არაფორმალური სამუშაო ჯგუფის შექმნა უფრო რუსეთს აწყობს, რადგანაც მას შეუძლია საერთაშორისო არენაზე ეს წარმოაჩინოს როგორც საქართველოსთან სხვადასხვა ფორმატებში დიალოგის წარმოების პროცესი

- თქვენი ნებართვით, მე კითხვას შემოგიბრუნებდით - ვინ უფრო დაზარალდება დიალოგის საერთოდ გაწყვეტით? რუსეთი თუ საქართველო? მე მგონი საქართველო. კრემლის დღის წესრიგში საქართველო ყოველთვის ფიგურირებს, მაგრამ საქართველოს ინტერესები იქ თავისებურად ესმით.
თუ ემოციებს გვერდზე გადავდებთ ვნახავთ, რომ რუსეთთან დიალოგით ჩვენ შევძელით მოგვეგვარებინა გარკვეული პრობლემები, რომლებიც ეხება ჩვენს მოქალაქეებს. დიალოგის შედეგად ჩვენ მოგვეცა საშუალება ჩვენი პროდუქციისათვის ადრე ჩაკეტილი რუსული ბაზარი გაგვეხსნა. აქედან ჩვენი ბიზნესი საკმაო სარგებელს იღებს, ხოლო ბიუჯეტი კი დამატებით შემოსავლებს. პოლიტიკური რისკები, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ სწორი მიდგომით მათი ნეიტრალიზებაც შესაძლებელია.
ყოველი ახალი დიალოგით, თუკი მას კომპეტენტურად ვაწარმოებთ, ჩვენ შეგვიძლია მეტი ინფორმაცია მივიღოთ რუსეთის პოლიტიკურ წრეებში არსებულ განწყობებზე, მათ გეგმებსა და ზრახვებზე ჩვენთან მიმართებაში. თუნდაც აბაშიძე-კარასინის ფორმატი კი არის ფორმალურად შემოფარგლული ეკონომიკური და ჰუმანიტარული საკითხებით, მაგრამ ვერავინ დამაჯერებს, რომ მათ შორის პოლიტიკურ თემებზეც არ ხდება აზრების გაცვლა და პოლიტიკური გზავნილების მიღება-მიწოდება.
რუსეთთან დიალოგისას პოლიტიკური რისკები, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ სწორი მიდგომით მათი ნეიტრალიზებაც შესაძლებელია

რაც შეეხება მეორე კითხვას, საქართველოს მთავრობა შეძლებისდაგვარად უფრთხის რუსეთთან ურთიერთობის გართულებას და ამიტომაც იქ, სადაც კი შეიძლება ეს აცილებულ იქნეს, ცდილობს თავიდან აიცილოს. ალბათ, ამით არის გამოწვეული ის თავშეკავებულობა თუნდაც სანქციების საკითხში. მით უმეტეს, რომ ამ მოთხოვნას უფრო სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და სანქციების მოხსნა დაწესების საკითხში, დასავლეთი თბილისის ჭკუაზე არ ივლის.
- ახლა როცა, უკრაინის საკითხში ევროპაცა და ვაშინგტონიც საკმაოდ მყარად არიან ჩამოყალიბებული, თქვენი აზრით, ქართული მხარე რატომ არ ცდილობს დასავლეთის მიერ რუსეთისადმი დაწესებული ეკონომიკური სანქციები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებსაც დაუკავშიროს?
რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების მიბმა აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებთან გაძნელდება, რადგანაც საამისო დრო უკვე ჩავლილია და არ მგონია, რომ დასავლეთი, რომელიც ცდილობს რუსეთთან ურთიერთობები ბოლომდე არ გაამწვავოს, ამ ჩვენს ინიციატივას ენთუზიაზმით შეხვდეს

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა და მმართველი გუნდი ”პატრიოტთა ალიანსის” მოსკოვში ვიზიტს ემიჯნება, რჩება შთაბეჭდილება ხელისუფლებას აქვს იმედი, რომ თბილისი მოსკოვთან ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში შეძლებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების მოგვარებას...

- ამ კითხვაზე ნაწილობრივ უკვე ვისაუბრე. რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციების მიბმა აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებთან, ვფიქრობ გაძნელდება, რადგანაც საამისო დრო უკვე ჩავლილია და არ მგონია, რომ დასავლეთი, რომელიც ცდილობს რუსეთთან ურთიერთობები ბოლომდე არ გაამწვავოს, ამ ჩვენს ინიციატივას ენთუზიაზმით შეხვდეს. შესაძლოა, ეს იციან ხელისუფლებაში და ამიტომაც არ აქტიურობენ ამ მიმართულებით.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები