არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4478
EUR
1 EUR
2.8458
RUB
100 RUB
3.9292
16-07-2018
ალექსეი გარანი - თუ რუსებს მიეცათ შესაძლებლობა, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში პრორუს პრეზიდენტებსა და მთავრობებს დასვამენ
16:39 18-07-2017
ალექსეი გარანი - თუ რუსებს მიეცათ შესაძლებლობა, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში პრორუს პრეზიდენტებსა და მთავრობებს დასვამენ უკრაინის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შედეგებზე, უკრაინაში არსებულ ვითარებასა და აშშ-რუსეთისა და ევროპა-რუსეთის ურთიერთობებში უკრაინის ადგილსა და პერსპექტივებზე ”ინტერპრესნიუსი” კიევის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის ხელმძღვანელსა და კიევის უნივერსიტეტის პროფესორს, ალექსეი გარანს ესაუბრა.

- ბატონო ალექსეი, ჩვენი საუბარი პრეზიდენტ პოროშენკოს თბილისში ვიზიტის შედეგების შეფასებით გვინდოდა დაგვეწყო, მაგრამ ვიდრე თქვენ დაგირეკავდით, დონეცკის რესპუბლიკის ლიდერმა ალექსანდრე ზახარჩენკომ გაავრცელა განცხადება დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების ბაზაზე მალოროსიის სახელმწიფოს შექმნის შესახებ, რომელიც 2014 წლის უკრაინის სახელმწიფოს სამართალმემკვიდრეა. მისი მტკიცებით, კიევსა და დონეცკს შორის კონფლიქტამდე არსებული უკრაინის აღდგენა შეუძლებელია, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებმა გადაწყვიტეს მალოროსიის სახელმწიფოს შექმნა, რომლის დროშა ბოგდან ხმელნიცკის დროშა იქნება და საგანგებო მდგომარეობაც გამოაცხადა. თქვენ როგორ შეაფასებდით ზახარჩენკოს მიერ 18 ივლისს გაკეთებულ განცხადებას?
- ზახარჩენკოს განცხადება სხვა არაფერია, თუ არა რუსული აბსურდული პროპაგანდის ნაწილი. აქამდე ჩვენ რუსებისგან გვესმოდა, რომ ისინი ქმნიდნენ ნოვოროსიას. როდესაც ამ გეგმას მხარი უკრაინელებმა არ დაუჭირეს და ეს გეგმა მათ ჩაუვარდათ, ახლა რაღაც მარაზმატული იდეის - მალოროსიის შექმნის შესახებ კეთდება განცხადება, რომელიც თურმე უკრაინის სამართალმემკვიდრეა. ამას არანაირი არც ისტორიული და არც სამართლებრივი საფუძველი არ აქვს... კი ვთქვი რომ ეს პროპაგანდაა, მაგრამ ზახარჩენკოს განცხადება დონბასის ოლქში მალოროსიის სახელმწიფოს შექმნის შესახებ უკვე პროპაგანდაც აღარაა, რადგან პოლიტიკურ თემაზე ბოდვას უფრო ჰგავს.
ზახარჩენკოს განცხადება დონბასის ოლქში მალოროსიის სახელმწიფოს შექმნის შესახებ უკვე პროპაგანდაც აღარაა, რადგან პოლიტიკურ თემაზე ბოდვას უფრო ჰგავს

მიუხედავად ამისა, ზახარჩენკომ ეს განცხადება გააკეთა უკრაინის ოლქების მითური წარმომადგენლების თანდასწრებით. გასაგებია, რომ ზახარჩენკო ამ განცხადებას კრემლის ნებართვის გარეშე არ გააკეთებდა. ზახარჩენკოს განცხადება ნიშნავს იმას, რომ რუსეთი არ აპირებს მინსკის შეთანხმების შესრულებას. მეტიც, შესაძლოა ისინი ამ შეთანხმებიდან გავიდნენ კიდეც. რუსეთი ცდილობს უკრაინის ”პონტზე აყვანას” და მინსკის შეთანხმებიდან გამოსვლით აშინებს.
ჩემი დაკვირვებით, ამ ტიპის განცხადებები აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია. თუნდაც იმიტომ, რომ იგი კიდევ ერთხელ აძლევს საშუალებას უკრაინის ხელისუფლებას ხმამაღლა თქვას ვინ არ ასრულებს მინსკის შეთანხმებებს. სინამდვილეში, ამგვარი განცხადებები უკრაინის არგუმენტაციას ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან მხოლოდ ამყარებს.
- ზახარჩენკოს განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ მალოროსიის ტერიტორიაზე 3 წლით საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. რატომ სამი წელი? ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოსკოვი უკრაინის ხელისუფლების დამხობას 3-წლიან ვადაში გეგმავს?
- გასაგებია, რომ ზახარჩენკომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მაგრამ ახლა რა მდგომარეობაა ამ რეგიონში? რა, ახლაც საგანგებო ვითარებაში არ ცხოვრობენ ამ ოლქების გარკვეული ნაწილში დარჩენილი ადამიანები? საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება შეუძლია დემოკრატიულ ქვეყანას. ამ ოლქებში კი ახლა მოსახლეობის მიმართ ტერორი მძვინვარებს. ბოევიკები, რომლებიც ამ ტერიტორიაზე რუსეთის მხარდაჭერით ყველაფერს აკონტროლებენ, გარდა იმისა რომ მოსახლეობა ჰყავთ ტერორში, არ ცნობენ ოპონენტებს, სიტყვისა და პრესის თავისუფლებას, უჩინარდებიან ჟურნალისტები.
რაც შეეხება რუსეთის გეგმებს და სურვილს შეცვალონ კიევში ხელისუფლება - ამგვარი გეგმები კრემლს აქვს არა მარტო უკრაინაში, არამედ საქართველოსა და მოლდოვაშიც. ამგვარი გეგმები არსად არ გამქრალა.
თუ რუსებს მიეცათ ამის შესაძლებლობა, ისინი, რა თქმა უნდა, უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში დასვამენ პრორუს პრეზიდენტებსა და მთავრობებს. სხვათა შორის, ამგვარი მცდელობა მოსკოვს ჩერნოგორიაშიც ჰქონდა. მაგრამ ჩერნეგორია ნატოს წევრი უკვე გახდა. დიდი იმედი ჰქონდათ, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე ლე პენი გაიმარჯვებდა, მაგრამ, ასე არ მოხდა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ კრემლს ამგვარი გეგმები სულ ექნება.
- უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში არაერთხელ გადაიდო, მაგრამ იგი მაინც შედგა. ვიდრე პოროშენკოს თბილისში ვიზიტის შედეგებზე ვისაუბრებდეთ, ალბათ უპრიანიც იქნება გკითხოთ - ვითარებაში, როცა უკრაინასა და საქართველოს მსგავსი პრობლემები აქვთ მეზობელ რუსეთთან და შესაბამისად, გარე სამყაროსთან ურთიერთობებში მსგავსი დღის წესრიგი ჰქონდათ და ახლაც აქვთ, თქვენი აზრით, აქამდე რატომ არ შედგა უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში? და კიდევ, თქვენი დაკვირვებით, ამ ვიზიტისთვის რატომ შეირჩა 2017 წლის ზაფხული?
- გამიჭირდება იმაზე საუბარი ასე გვიან რატომ ჩავიდა პოროშენკო თბილისში. მე მაინც ვფიქრობ რომ ტანგოს ორი ადამიანი ცეკვავს. ძნელი სათქმელია ამ ვიზიტზე მანამდე რატომ არ (თუ ვერ) მოილაპარაკეს.
მე მაინც მგონია, რომ ეს ის კითხვაა, რომელზეც პასუხი საქართველოს პრეზიდენტმა და მთავრობამ უნდა უპასუხოს. ახლა, რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტი პოროშენკო საქართველოში ვიზიტით პრეზიდენტ მარგველაშვილის მიწვევით იმყოფება. საერთოდ, ამ დონის შეხვედრების ვადების გამართვაზე ორი მხარე იღებს გადაწყვეტილებას.
დიახ, მეც ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე, რომ უკრაინასა და საქართველოს საერთო პრობლემები, ვგულისხმობ ჩვენს ტერიტორიებზე რუსული სამხედროების ყოფნას, და ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საერთო მიზნები აქვთ. ამ საკითხებზე კიევსა და თბილისს სულ ჰქონდა სრული ურთიერთგაგება. ჩვენს შორის თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ადრე ხელმოწერილი შეთანხმებებით ხორციელდებოდა. მათ კიდევ ერთი სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება დაემატა, რომელსაც ხელი პრეზიდენტებმა პოროშენკომ და მარგველაშვილმა მოაწერეს.
2008 წელს, როდესაც საქართველოს ომი ჰქონდა რუსეთთან, უკრაინა საქართველოს უწევდა სამხედრო დახმარებას. თავის დროზე უკრაინელი მოხალისეები იბრძოდნენ აფხაზეთში. ახლა საქართველოს მოხალისეები იბრძვიან უკრაინაში ჩვენი ინტერესების დასაცავად.
შესაძლოა, პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის შემაფერხებელი იყო ის, რომ ჩვენთან უკრაინაში იყო და ახლაც არის საქართველოს ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობდა

შესაძლოა, პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის შემაფერხებელი იყო ის, რომ ჩვენთან უკრაინაში იყო და ახლაც არის საქართველოს ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობდა.
- პრეზიდენტ პოროშენკოს ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა იყო ის, თუ რას იტყოდა იგი თბილისში სააკაშვილზე და მოითხოვდა თუ არა საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის თბილისში ექსტრადირებას. ითქვა, რომ მხარეთა წარმომადგენლების დღის წესრიგში ეს თემა საერთოდ არ იყო...თქვენ როგორ შეაფასებდით სააკაშვილის საქმიანობას უკრაინაში და უკრაინულ პოლიტიკაში მის პერსპექტივას?
- ჩვენთან იყვნენ და ახლაც არიან სააკაშვილის რეფორმატორული გუნდის წევრები. ვიღაცამ შეძლო საქმის გაკეთება, ვიღაცამ ვერა. სააკაშვილი იმ ადამიანთა ჯგუფს განეკუთნება, ვინც საქმის გაკეთება ვერ შეძლო. იყო იმის მოლოდინი, რომ იგი უკრაინას მოახმარდა რეფორმების გატარების იმ გამოცდილებას, რომელიც ჰქონდა, მაგრამ ასე არ მოხდა და ახლა იგი უკრაინაში მადესტაბილიზებელ ფაქტორად გადაიქცა - სააკაშვილის აშკარა ღია პოპულიზმი, არაკონსტრუქტიულობა უკრაინაში დესტაბილიზაციის წყაროდ იქცა.
თუ სააკაშვილი საქართველოში ავტორიტარული მეთოდებით მუშაობდა, უკრაინაში ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მან არ მოისურვა ხელებდაკაპიწებული შრომა და განაცხადა, რომ მას ყველა უშლიდა ხელს და ყველა ცუდები არიან.
- რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს - ანუ მისსა და მისი მოძრაობის პერსპექტივებს უკრაინულ პოლიტიკაში?
- ჩემი დაკვირვებით, სააკაშვილმა უკრაინაში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი დაკარგა. მისი მოძრაობა ”ვოლნა” მას შემდეგ დაიშალა, რაც ეს მოძრაობა ბევრმა დატოვა, ბევრმა ჩათვალა, რომ სააკაშვილს არ შეუძლია გუნდური თამაში ანდაც ნებისმიერ მოძრაობას მხოლოდ თავისი გეგმებისთვის აკეთებს და სურს ყველა მის დაქვემდებარებაში იყოს. როგორც ჩანს, ეს ბევრმა არ მოისურვა.
2017 წლის ივლისში ჩატარებული სოციალოგიური გამოკითხვებით სააკაშვილის მოძრაობის რეიტინგი 1,8%-ია იმათ შორის, ვინც აპირებს არჩeვნებში მონაწილეობას და მათთვის ხმის მიცემას

ახლა სააკაშვილი გახლავთ ”მოძრაობა ახალი ძალების” ლიდერი. 2017 წლის ივლისში ”დემოკრატიული ინიციატივებისა” და ”რაზუმკოვის ცენტრის” მიერ ჩატარებული სოციალოგიური გამოკითხვებით სააკაშვილის მოძრაობის რეიტინგი 1,8%-ია იმათ შორის, ვინც აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და მათთვის ხმის მიცემას. ჩვენთან პარლამენტში მოსახვედრად კი პოლიტიკურმა სუბიექტებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. ამ გამოკითხვების შედეგები საკმაოდ პირობითია, მაგრამ შედეგები ასეთია.
- ზოგადად, როგორ შეაფასებდით უკრაინაში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას?
- ზოგადი შეფასება ასეთია - კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტი მუშაობს, პარლამენტში არის უმრავლესობა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციებს ასრულებს. ოპოზიცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, მაგრამ ის კიდეც რომ გაიმართოს, ვითარების გაუმჯობესებას არ გამოიწვევს. მეტიც, გამოიწვევს ვითარების დესტაბილიზაციას, ვინაიდან არ არის გამორიცხული, რომ ახლად არჩეულ პარლამენტში თავის წარმომადგენლობას გაზრდიან პოპულისტური ძალები.
დონბასში ჩვენ სიმშვიდე გვჭირდება, რომ მოვახდინოთ რეფორმების იმპლემენტაცია და ქვეყანაში განვახორციელოთ ეკონომიკური ცვლილებები... ეს ესმის პუტინს და სულ ცდილობს გაამწვავოს ვითარება დონბასის რეგიონში

ჩემი დაკვირვებით, ქვეყნის ინტერესებშია არ ვიჩქაროთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ვინაიდან უკრაინაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება დაგეგმილია 2019 წელს. ვიმეორებ, ჩვენს პარლამენტში ვითარება მარტივი ნამდვილად არაა, მაგრამ პარლამენტს ჰყავს მუშა უმრავლესობა და გარდა ამისა, მთავრობა მუშაობს. მეტიც, ჩვენთან ახლა დაფიქსირებულია მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობა. და ეს იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში, დონბასში, პრაქტიკულად საომარი მდგომარეობაა.
როგორც იქნა, ძალაში შევიდა შეთანხმება ევროპასთან უვიზო მიმოსვლის შესახებ. ანუ ის, რაც ახლა საქართველოს აქვს. ასევე დასრულებულია ყველა ფორმალური პროცედურა უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოსაწერად. სწორედ ამ პროცესის ჩაშლას ცდილობდა რუსეთი. იგი სამ წელი გაიჭიმა. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერა მაიდნის მთავარი მოთხოვნა იყო. რუსეთი ცდილობდა ამისთვის ხელის შეშლას, მაგრამ ეს მას არ გამოუვიდა. ეს შეთანხმება ძალაში შედის არა მხოლოდ დე-ფაქტო, არამედ დე-იურედაც. ეს უკვე ევროკავშირსა და უკრაინას შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი გახლავთ .
- თქვენი ნებართვით, მე ისევ დონბასის საკითხს დავუბრუნდები. ფაქტია, რომ უკრაინა მინსკის მოლაპარაკებათა ჩიხშია. მინსკის შეთანხმება არ მუშაობს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების მცდელობები ჩაშლილია. თქვენ როგორ შეაფასებდით დღეისათვის დონბასში არსებულ ვითარებას?
- სიტუაცია დონბასში ისეთივეა, როგორიც იყო. შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არ მოქმედებს. ანუ, არ სრულდება მინსკის შეთანხმების პირველი პუნქტი. სამწუხაროდ, დაპირისპირების ფრონტზე რუსი ბოევიკები მუდმივად უხსნიან ცეცხლს უკრაინული ძალების პოზიციებს. დონბასში ვითარების დესტებილიზაციით უკრაინა დაინტერესებული არაა. ჩვენ სიმშვიდე გვჭირდება რომ მოვახდინოთ რეფორმების იმპლემენტაცია და ქვეყანაში განვახორციელოთ ეკონომიკური ცვლილებები. რა თქმა უნდა, ეს ესმის პუტინს და სულ ცდილობს გაამწვავოს ვითარება დონბასის რეგიონში.
იმის გამო, რომ მინსკის შეთანხმების პირველი პუნქტი არ სრულდება, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორს ნორმანდიული ოთხეულს მონაწილეები, უკრაინული მხარის პოზიციას, რომლის არსი იმაში მდგომარეობს რომ ჯერ უნდა იქნას უზრუნველყოფილი უსაფრთხოება, ხოლო შემდეგ იქნება შესაძლებელი პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა, - იზიარებენ.
ვაშინგტონს სურს უკრაინის საკითხში უფრო აქტიური როლი შეასრულოს. ამაზე მიუთითებს თუნდაც ის, რომ აშშ-მ უკრაინაში სპეციალურ ელჩად კურტ ვოლკერი დანიშნა

ამის დასტურია ის, რომ ევროკავშირმა რუსეთს გაუგრძელა ეკონომიკური სანქციები. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ იყო მოლოდინი, რომ უკრაინის საკითხში იგი პრინციპულობას არ გამოავლენდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ახლა უკრაინის პოზიციას ამერიკაც იზიარებს.
ამ თვალსაზრისით, პოზიტიური გახლდათ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ტილერსონის ვიზიტი კიევში, რომლის დროსაც მან განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვარის იმ მონაკვეთზე, რომელსაც უკრაინა ახლა ვერ აკონტროლებს, უზრუნველყოფილი უნდა იქნას კონტროლი. სულ ცოტა ხნის წინ, ამ საკითხში ვაშინგტონის პოზიცია ასეთი მკაფიო არ იყო. გარდა ამისა, აშშ-მ უკრაინაში სპეციალურ ელჩად, გამოცდილი დიპლომატი კურტ ვოლკერი დანიშნა, რომელმაც ნორმანდიულ ოთხეულსა და აშშ-ს შორის კოორდინაცია უნდა უზრუნველყოს. ეს სწორედ ისაა, რასაც კარგა ხანია უკრაინა ითხოვდა.
- ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკებში კარგა ხანია რიგდება რუსეთის პასპორტები. რუსეთის სათათბიროში მისაღებად მზადაა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც უკრაინის ის მოქალაქეები, რომლებიც საჯაროდ იტყვიან უარს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე, უპრობლემოდ მიიღებენ რუსეთის მოქალაქეობას. რუსეთის მიერ დონბასში გადადგმული ეს ნაბიჯები როგორ ხორციელდება და რა გავლენას ახდენს რეგიონში არსებულ ვითარებაზე?
- მოსკოვი რუსეთის პასპორტებს არიგებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამგვარი ნაბიჯები რეგიონში დესტაბილიზაციის შეტანის ერთ-ერთი ელემენტია. ეს არის სწორედ ის, რაც უკმაყოფილებას იწვევს არა მარტო უკრაინაში, არამედ ჩვენს დასავლელ პარტნიორებში. ამ ქმედებებით რუსეთი თავად ადასტურებს, რომ მას არ სურს მინსკის შეთანხმებების შესრულება.
იყო გარკვეული შიში, რომ უკრაინის საკითხში ტრამპი რუსეთის მიმართ მკაცრი არ იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. არჩევნებამდე ტრამპსა და არჩევნების შემდეგ ტრამპს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა

რაც შეეხება მინსკის შეთანხმებას, იგი თავისი არსით საკმაოდ არაერთმნიშვნელოვანია. უსაფრთხოების საკითხებში იქ არის პუნქტები, რომელიც უკრაინისთვის კარგია, - ვგულისხმობ დონბასიდან ჯარების გაყვანას. პოლიტიკურ საკითხები გაცილებით რთულია, მაგრამ ახლა სხვა ინსტრუმენტი გარდა მინსკის შეთანხმებისა არ არსებობს.
შესაძლოა, მოიძებნოს და ჩვენ გვინდა, რომ ამ მოლაპარაკებებში უფრო აქტიურად ჩაერთოს აშშ. ახლა ყველაფრი ასე გამოიყურება - ვაშინგტონს სურს უკრაინის საკითხში უფრო აქტიური როლი შეასრულოს. ამაზე მიუთითებს თუნდაც ის, რომ აშშ-მ უკრაინაში სპეციალურ ელჩად კურტ ვოლკერი დანიშნა.
- ალბათ ისიცაა მნიშვნელოვანი, რომ ეს მოხდა ჰამბურგში ტრამპი-პუტინის შეხვედრის, ასევე პუტინის მაკრონთან და მერკელთან შეხვედრის შემდეგ...
- ამისკენ პროცესი მანამდეც მიდიოდა. უკრაინის საკითხში მერკელთან და მაკრონთან დაკავშირებით კიევში კითხვები არავის ჰქონია, რადგან ორივემ არაერთხელ გააკეთა განცხადებები რუსეთის პასუხისმგებლობაზე უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო.
რაც შეეხება ტრამპს, იყო გარკვეული შიში რომ უკრაინის საკითხში ტრამპი რუსეთის მიმართ მკაცრი არ იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. არჩევნებამდე ტრამპსა და არჩევნების შემდეგ ტრამპს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა.
- აშშ-ს კონგრესმა მიიღო გადაწყვეტილება სეპარატიზმთან ბრძოლისათვის უკრაინისათვის საკმაოდ მოზრდილი ფინანსური დახმარების შესახებ. ასევე იმაზე, რომ ვაშინგტონი კიევს სხვა სამხედრო იარაღთან ერთად ლეტალურ იარაღსაც მიაწვდის...
- აშშ-ს კონგრესს ამგვარი გადაწყვეტილებები ადრეც, ობამას პრეზიდენტობის დროსაც აქვს მიღებული. კონგრესში ამ საკითხს ორივე პარტიის მხარდაჭერა ჰქონდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ობამას უნდა მიეღო. ობამა არ წავიდა იმაზე, რომ უკრაინისთვის ლეტალური იარაღი მიეწოდებინა. წავა თუ არა ტრამპი, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.
ობამა არ წავიდა იმაზე, რომ უკრაინისთვის ლეტალური იარაღი მიეწოდებინა. წავა თუ არა ტრამპი, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას აშშ-ს კონგრესში ახლაც აქვს ორპარტიული სრული მხარდაჭერა. მას შემდეგ, რაც რუსეთი ღიად ჩაერია აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნებში, ამერიკაში ერთი მხრივ უკრაინული პრობლემების, ხოლო მეორე მხრივ რუსეთის აღქმაში სერიოზული ცვლილებებია მომხდარი. აშშ-ში კარგად აქვთ გაცნობიერებული რომ რუსეთი არა მარტო უკრაინისთვის, არამედ აშშ-სთვისაც წარმოადგენს საფრთხეს.
- უკრაინა, რომელსაც რუსეთი ვერ აკონტროლებს, სახიფათო აღმოჩნდა კრემლისთვის იმ თვალსაზრისით, რომ უკრაინის გარეშე წარმოუდგენელი აღმოჩნდა როგორც ”რუსული სამყაროს” მშენებლობა, ისე ევრაზიული კავშირის შექმნა.
თქვენი კოლეგა უკრაინელი ექსპერტები პრეზიდენტ პოროშენკოსა და მის ხელისუფლებას ხშირად საყვედურობენ იმას, რომ უკრაინის ეკონომიკაში არ მომხდარა ეკონომიკური გარღვევა, ყვავის კორუფცია, და ეს მაშინ, როცა რუსეთს ”კოლექტიური პუტინის” სახით უარი არ უთქვამს უკრაინაზე.
ისინი ხელისუფლებას ასევე საყვედურობენ, რომ მან ვერ მიაღწია სტრატეგიულ გამარჯვებას. ისინი სტრატეგიულ გამარჯვებაში გულისხმობენ უკრაინის პოლიტიკასა და ეკონომიკაში კრემლის მთავარი დასაყრდენი ძალების - გავლენის აგენტების საქმისაგან არა მხოლოდ ჩამოშორებას, არამედ პოლიტიკურად განეიტრალებას. მათი მტკიცებით, ეს ხალხი უკრაინაში წარმატებით აგრძელებს რუსული საქმის კეთებას...

- გასაგებია, რომ პუტინი ცდილობს უკრაინაში თავისი გავლენის აგენტების გამოყენებას. დარწმუნებული ვარ, თქვენ ქართველებს გესმით რაზეც ვსაუბრობ. პუტინი ამითვეა დაკავებული სხვა ქვეყნებშიც, - არა მარტო უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში, არამედ ევროპაშიც. ისიც გასაგებია, რომ ომი ხელს უშლის ეკონომიკის გამოცოცხლებას, სხვა შორის, ეს პუტინის ერთ-ერთი მიზანია.
რაც შეეხება რეფორმებს. ისინი ზიგზაგისებურად ტარდება. მასთან დაკავშირებული პროცესები სირთულეებით, მაგრამ მაინც ტარდება. მთავარია, რომ ჩვენთან ახლა იქმნება კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუტები.
კორუფციასთან ბრძოლის ტრენდი უკრაინაში უკვე არსებობს. ეს პროცესი ისეთი ტემპით არ მიმდინარეობს როგორც გვინდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ თვალსაზრისით ცვლილებები მაინც გვაქვს

სულ ახლახან რამდენიმე დეპუტატს მოუხსნეს დეპუტატის ხელშეუხებლობა. ერთ-ერთი მათგანი დაპატიმრებულია. კორუფციასთან ბრძოლა გააქტიურებულია იმიტომ, რომ განხორციელდა ინსტიტუციური ცვლილებები. კორუფციასთან ბრძოლა მიმდინარეობს, მაგრამ იგი წინააღმდეგობებს აწყდება თავად ხელისუფლებაში. კორუფციასთან ბრძოლის ტრენდი უკრაინაში უკვე არსებობს. ეს პროცესი ისეთი ტემპით არ მიმდინარეობს, რომ გვინდა, მაგრამ, ფაქტია, რომ ამ თვალსაზრისით ცვლილებები მაინც გვაქვს.
- თქვენი კოლეგები აშშ-ს საყვედურობენ იმას, რომ ვაშინგტონი კიევს ხშირად რეფორმების გასატარებლად საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესრულებას საყვედურობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა კორუფციასთან ბრძოლა, მიწისა და მართლმსაჯულების სფეროში რეფორმები...
- ის, რომ ამ საკითხებში არა მარტო აშშ, არამედ ევროკავშირიც ახდენს ზეწოლას ჩვენს ხელისუფლებაზე რეფორმების გატარების დასაჩქარებლად, ძალიან მნიშვნელოვანია. მათ გარდა ამ საკითხებში ჩვენს ხელისუფლებაზე ზეწოლას ახდენს უკრაინის სამოქალაქო სექტორი. ორივე მხრიდან ამ ზეწოლას მე პოზიტიურ მოვლენად განვიხილავ.
მაგრამ, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა რამეც. თუ ჩვენ უკრაინაში მიმდინარე რეფორმებს შევადარებთ იმ რეფორმებს, რომელსაც სააკაშვილი ახორციელებდა საქართველოში, დავინახავთ, რომ იგი მათ საკმაოდ ავტორიტარული მეთოდებით ახორციელებდა.
უკრაინაში ხელისუფლება არ არის არც ერთი ადამიანის და მით უმეტეს, არც ერთი პარტიის ხელში და ძალაუფლებები ისეა გადანაწილებული, რომ სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი რეალურად არსებობს

მთელი ძალაუფლება მის ხელში იყო - ჰყავდა პრაქტიკულად ერთპარტიული პარლამენტი, ერთპარტიული მთავრობა. უკრაინაში ხელისუფლება არ არის არც ერთი ადამიანის და მით უმეტეს არც ერთი პარტიის ხელში და ძალაუფლებები გადანაწილებულია ისე, რომ სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი რეალურად არსებობს.
მთავრობა კოალიციურია, პრეზიდენტი ყველაფრის შემძლე არაა. ამიტომ უკრაინის ხელისუფლებას რეფორმების გატარებისას უხდება ერთის მხრივ, კომპრომისების ძებნა და მეორე მხრივ, იმაზე ზრუნვა, რაც კეთდება, სამართლებრივად სადაო არ იყოს და იმავდროულად არ მოხდეს სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის დარღვევა.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რა არის ბიო რძე?
მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი კვების პროდუქტები გახლავთ ბიო პროდუქტები. განვითარებული ქვეყნები ძალიან მკაცრად აკონტროლებენ საკვების