არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
19-01-2018
ხათუნა ლაგაზიძე - ჩვენ ახლა ვუყურებთ პოლიტიკური მშობიარობის - ძველი პოლიტიკური ძალების რეინკარნაციისა და ახალი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბების მძიმე პროცესს
12:31 25-07-2017
ხათუნა ლაგაზიძე - ჩვენ ახლა ვუყურებთ პოლიტიკური მშობიარობის - ძველი პოლიტიკური ძალების რეინკარნაციისა და ახალი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბების მძიმე პროცესს საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი”დამოუკიდებელ ექსპერტს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, ცხელი ივლისის დღეებში აღმაშენებლის გამზირზე გამართულმა ”ქართულმა მარშმა”, შემდეგ ”ქალების მარშმა”, ხოლო შემდეგ ანტიფაშისტ-ანტირუსების მარშმა, დატოვა შთაბეჭდილება, რომ თუ ადრე დედაქალაქის პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი რუსთაველის პროსპექტი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იყო, ახლა თბილისის მთავარი პოლიტიკური მოედანი აღმაშენებლის პროსპექტი გახდა. ფაქტია, რომ მეორე ”ქალების აქცია”და მესამე ანტიფაშისტ-ანტირუსების აქცია, პირველის -”ქართული მარშის” კონტრაქცია იყო.
ამ სამივე პოლიტიკურმა აქტივობამ ნათლად დაგვანახა ის პოლიტიკური განწყობები და მათ შორის მსოფმხედველურ-იდეოლოგიური დაპირისპირება, რომელიც ამ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის არსებობს. გარდა ამისა, ასევე დარჩა შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს ქუჩისთვის ბრძოლის ტაქტიკა აქვთ არჩეული. ეს კი იმაზე მიანიშნმებს, რომ აღმაშენებლის გამზირზე პოლიტიკური აქტივობების მხილველნი კიდევ არაერთხელ ვიქნებით.
თქვენ როგორ შეაფასებდით აღმაშენებლის გამზირზე ივლისის თვეში განვითარებულ მოვლენებს? სავარაუდოდ, როგორ აისახება იგი საქართველოს შიდა პოლიტიკაზე?
- შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ახლა ვუყურებთ პოლიტიკური მშობიარობის - ძველი პოლიტიკური ძალების რეინკარნაციისა და ახალი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბების მძიმე პროცესს. ამასთან, რუსეთი ცდილობს, მაქსიმალურად გააძლიეროს მის მიერ მართული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი დაჯგუფებები. სამწუხაროდ, დასავლეთი, ამ კუთხით, არაფერს არ ცდილობს, თუმცა, თავად დასავლური ორიენტაციის პარტიები ცდილობენ მოწყვეტილი წელის გამთელებას და ფეხზე წამოდგომას.
დაიწყო და მიმდინარეობს ბრძოლა ქუჩისთვის და ვინც ამ ბრძოლას მოიგებს, ის იქნება გამარჯვებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში

რა დუღილი მიდის პოლიტიკურ სპექტრში? „ევროპული საქართველოსთვის“ აღმაშენებელზე გამართული მარში საკუთარი ძალის დემონსტრირების და პროდასავლურ სპექტრში ლიდერის ადგილის დამკვიდრების მცდელობა იყო. უფრო მეტიც, პრორუსული ძალების ქუჩაში გააქტიურების ფონზე, "ევროპელების" ეს აქცია ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის წინ, გარკვეულწილად, საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური ელიტის სახის გადარჩენასაც ემსახურებოდა.
შეიძლება ითქვას, რომ „ნაცმოძრაობისთვის“ პროდასავლურ ფლანგზე ლიდერობისთვის ხელთათმანი ნასროლია და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ორივე ეს ძალა არა იმდენად „ქართული ოცნების“, რამდენადაც, უპირველესად ერთმანეთის კონკურენტები იქნებიან.
ასეთ ვითარებაში ალეკო ელისაშვილს შეუძლია შესაძლო პოლიტიკური ცენტრის ფორმირება. ელისაშვილს უჩნდება შანსი გახდეს ეროვნული მასშტაბის ლიდერი, თუ არჩევნებზე მეორე ადგილზე გავა. ასეთ შემთხვევაში, ის გახდება ოპოზიციის შემკრები ღერძი. მისი რესურსია ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი, რომელიც ინტერესით და მოლოდინით შეჰყურებს მას, მაგრამ ელისაშვილისთვის მათ მისამხრობად სასიცოცხლო ამოცანაა, დაარწმუნოს ისინი საკუთარ გამარჯვებისუნარიანობაში.
რუსეთი კარგად იყენებს ულტრანაციონალისტური ძალების, იგივე „ქართული მარშის“ იდეების მიმართ საზოგადოების ლოიალობას და მხარდაჭერას. თუ გამართლდა საუბრები „ქართულ მარშთან“ ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო კავშირის შესახებ და თუ იგი დაუბრუნდა აქტიურ პოლიტიკას, ღარიბაშვილის ასპარეზზე შემოსვლა აღქმული იქნება, როგორც კახი კალაძის დაბალანსების მცდელობა.
„ევროპული საქართველოსთვის“ აღმაშენებელზე გამართული მარში საკუთარი ძალის დემონსტრირების და პროდასავლურ სპექტრში ლიდერის ადგილის დამკვიდრების მცდელობა იყო

„პატრიოტთა ალიანსი“ რუსეთთან მთავარი მომლაპარაკებლის სტატუსით ცდილობს რუსეთისადმი ნოსტალგიურად განწყობილი ამომრჩევლის მიმხრობას.
მოახლოებული არჩევნების მთავარი ფიგურანტი კახი კალაძეა, რომელიც ერთადერთია „ქართული ოცნების“ 5-წლიანი ისტორიის მანძილზე, ვინც ლიდერად ფორმირება შეძლო. მას აქვს საკმარისი ქარიზმა, კარგად გრძნობს პიარს და ამ არჩევნებში გამარჯვების ყველაზე რეალური პრეტენდენტია. მასაც, წესით, უნდა ჰქონდეს გათვლა გრძელვადიან პოლიტიკურ პერსპექტივაზე.
კალაძისთვის დღეს მთავარი გამოწვევა არა იმდენად არჩევნების მოგებაა, არამედ რამდენად შეძლებს შექმნას და შეინარჩუნოს მოლოდინი მისი როგორც წარმატებული მერის და პოლიტიკური ლიდერის მიმართ.
თუ წინასაარჩევნოდ კალაძის იმიჯი საფუძვლიანად დაბინძურდა, მას გაუჭირდება წარმატებული პოლიტიკური კარიერის შექმნა და ერთჯერადი გამოყენების პოლიტიკოსი გახდება, როგორც არაერთი „ქართული ოცნებიდან“.
ამ გზაზე მას აუცილებლად სჭირდება საკუთარი გუნდის საფუძვლიანი გადახალისება, რადგან სწორედ მისი გარემოცვა შეიძლება გახდეს მისთვის მთავარი გამოწვევა.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუაფშვილი არც ერთ კონფიგურაციაში არ დაკარგავს მიზიდულობას. მისი საჭიროება ყოველთვის იქნება როგორც კვალიფიციური, სოლიდური, დასავლურ პოლიტიკურ ელიტასთან მჭიდრო კავშირების მქონე პოლიტიკოსის. იგივე კალაძისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იქნება უსუფაშვილის სოლიდურობაც და დასავლეთთან კონტაქტებიც, ვინაიდან იგი ამ თვალსაზრით ირაკლი კობახიძის იმედზე ვერ იქნება.
და ბოლოს, პოლიტიკური პროცესის კიდევ ერთი აქტიური მონაწილე - ქართული ეკლესია, რომელმაც მაშინვე დაიწყო ბიძინა ივანიშვილის შემცვლელის ძებნა, როგორც კი მისი რეალური თუ ირეალური ავადმყოფობის ამბავი გაიგო. ეკლესიამ აქეთ გაიხედა, იქეთ გაიხედა და პერსპექტიული რომ ვერავინ დაინახა, მონარქიის იდეა გააქტიურა.
როგორც ჩანს, ეკლესიისთვის დისკომფორტია ის, რომ სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში მოხდა ეკლესიაში დაგროვილი პრობლემების სააშკარაოზე გამოტანა, არადა, ეკლესიაში პრობლემები ივანიშვილს არ შეუქმნია, ისინი თავად ეკლესიის წიაღში დაგროვდა მრავალი წლის განმავლობაში და რაც უფრო მალე დაიწმინდება ეკლესია ამ პრობლემებისგან მით უკეთესი მისთვისაც, ქვეყნისთვისაც და ხალხისთვისაც.
რუსეთი კარგად იყენებს ულტრანაციონალისტური ძალების, იგივე „ქართული მარშის“ იდეების მიმართ საზოგადოების ლოიალობას და მხარდაჭერას

საბოლოო ჯამში, მართალი ბრძანდებით - დაიწყო და მიმდინარეობს ბრძოლა ქუჩისთვის და ვინც ამ ბრძოლას მოიგებს, ის იქნება გამარჯვებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მომავალი არჩევნები ქუჩაში მოიგება, მას ქუჩა მოიგებს, ვგულისხმობ არა რევოლუციურ პროცესებს, არამედ ენერგეტიკას, რომელიც ხალხს ამა თუ იმ ძალის გამარჯვებისუნარიანობაში დაარწმუნებს, აანთებს და საარჩევნო უბნებთან მასობრივად მოიყვანს. ასევე კვალიფიციურობას, რომელიც ახალი პოლიტიკური ძალის მიმართ ერთ-ერთი გადამწყვეტი მოთხოვნა იქნება არაკვალიფიციური პოლიტიკოსებისგან დაღლილი საზოგადოებისგან.
- ”კვირის პალიტრისათვის” მიცემულ ინტერვიუში თქვენ განაცხადეთ - ”საქართველო რუსეთთან ჰიბრიდული ომის მდგომარეობაშია”. ხელისუფლება აცხადებს, რომ იგი ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ქვეყნის ინტერესების დასაცავად საერთაშორისო საზოგადოება იქნეს მობილიზებული. კარგია, რომ ამგვარი ნაბიჯები იდგმება, მაგრამ მეორეცაა, შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება არ დგამს ნაბიჯებს საგარეო საფრთხეებთან მიმართებაში რათა საზოგადოება იყოს მეტ-ნაკლებად კონსოლიდირებული.
თუ თქვენც ასეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ მმართველი გუნდი ამის გაკეთებას არ ცდილობს და ძირითადად მხოლოდ ოპონენტების მისამართით ახერხებს საზოგადოებრივი აზრის მეტ-ნაკლებად კონსოლიდირებას?

- სრულიად გეთანხმებით, საგარეო საფრთხეების იდენტიფიცირება და მათ წინააღმდეგ საზოგადოების კონსოლიდირება სასიცოცხლოდ აუცილებელია. აშკარაა, რომ რუსული აგრესიული პროპაგანდისთვის სივრცე სრულიად მოშიშვლებულია.
რუსული პროპაგანდის მიზანია საქართველოს იზოლაცია და ისეთი უდიდესი ქვეყნებისთვის, როგორიც არის ჩინეთი, ირანი, ინდოეთი და ა.შ. საქართველოს, როგორც აღმოსავლეთის ევროპული კარიბჭის ფუნქციის დაკარგვა. არცთუ შორეულ მომავალში, შესაძლოა, აღმოსავლეთის დიდი ქვეყნების ინტერესში ისევე შევიდეს სტაბილური საქართველო, როგორც დღეს აშშ-ისა და დასავლეთის ინტერესებშია. ამგვარი პერსპექტივის რეალობად გადაქცევისკენ საქართველომ სვლა უკვე დაიწყო.
დღეს სწორედ რუსეთის ინტერესში შედის ქვეყნისთვის ამ პერსპექტივის დაკარგვა. ის ვერ დაუწყებს აშკარად ბრძოლას, მაგალითად, ჩინეთისა თუ ირანის ინტერესებს საქართველოში, ყველას ხომ არ გადაიკიდებს, ამიტომ ყველანაირად შეეცდება, მონახოს სხვა გზები, რათა საქართველოდან ფეხი ამოაკვეთინოს როგორც ირანს, ასევე ჩინეთს, ინდოეთს და ა.შ. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა. აქ ლაპარაკი არ არის შემთხვევითობასა და ალბათობაზე, ეს კარგად გათვლილი სტრატეგიაა.
რუსეთის გეგმაა, აგრეთვე, ქვეყანაში ქაოსის და შიდა სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირება. ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ამაზე დიდი გამოწვევა მე ძნელად წარმომიდგენია.
აშკარაა, რუსული აგრესიული პროპაგანდისთვის სივრცე სრულიად მოშიშვლებულია. რუსეთის გეგმაა, აგრეთვე, ქვეყანაში ქაოსის და შიდა სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირება

უამრავჯერ მითქვამს, საჭიროა რუსული საინფორმაციო ომის დამაბალანსებელი, გამანეიტრალებელი, მასირებული საინფორმაციო პოლიტიკა: სულ მინიმიმუმ, რუსული პროპაგანდის ოკუპაციის ანალოგიურ საფრთედ განხილვა და შესაბამისი ნაბიჯების გატარება. ის, რომ ხელისუფლება გვერდზეა გამდგარი სიტყვის თავისუფლების ხელშეუხებლობის მოტივით და სეირის მაყურებლის პოზიციიდან უყურებს მოვლენებს, ეს მას პასუხისმგებლობას არ უხსნის.
- ასეთ არც თუ ისე მარტივ პოლიტიკურ ფონზე, სულ უფრო უცნაურად გამოიყურება 2012 წლის არჩევნებით საქართველოში ხელისუფლების ცვლილების მთავარი ორგანიზატორისა და ქართული პოლიტიკური ლანდშაფტის მნიშვნელოვნად შემცვლელის, ბიძინა ივანიშვილის საჯარო სივრციდან ნებაყოფილობით გაუჩინარება.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ამგვარ ვითარებას სკეპტიკურად იმის გამო უყურებს, რომ ”დღესაც ივანიშვილის რესურსებზე და რეიტინგზე დგას მთლიანად ”ქართული ოცნების” ხელისუფლება”. ერთნი ამტკიცებენ, რომ ივანიშვილი ”ქართულ ოცნებას” საბოლოოდ გაემიჯნა, მეორეთა მტკიცებით, იგი აიძულეს პოლიტიკას ჩამოშორებოდა.
თქვენი ვარაუდოთ, რეალურად რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე? ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილის პოლიტიკური სცენიდან გაუჩინარება ასპარეზზე სხვა ძალების გამოჩენას შეიძლება მოასწავებდეს?

- მოდით, ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილი დაიღალა თავის მიერ მოყვანილ მთავრობებზე პასუხისმგებლობის აღებით. ძნელია აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, რაც დღეს ხდება ქვეყანაში - მიშვებული, აგრესიული რუსული პროპაგანდა, ყოველდღიური რუსული ოკუპაცია და სამოქალაქო დაპირსპირების ზღვარზე მდგომი საზოგადოება.
ამიტომ, არსებული მარშებიც და ადგილობრივი არჩევნებიც შეიძლება ჩავთვალოთ როგორც ძალთა დათვალიერების პროცესი, აღლუმს კი ივანიშვილი ჩაიბარებს, როგორც ფინანსების და ძალაუფლების რეალური წყარო ქვეყანაში. ფსონი დაიდება იმაზე, ვინც ყველაზე უნარიანი აღმოჩნდება, ეს ცალსახაა.
მარშებიც და ადგილობრივი არჩევნებიც შეიძლება ჩავთავლოთ როგორც ძალთა დათვალიერების პროცესი. აღლუმს კი ივანიშვილი ჩაიბარებს, როგორც ფინანსების და ძალაუფლების რეალური წყარო ქვეყანაში. ფსონი დაიდება იმაზე, ვინც ყველაზე უნარიანი აღმოჩნდება

გავიხსენოთ, რა გააკეთა შევარდნაძემ თავის დროზე - ქვეყნაში არ დარჩენილა არც ერთი პოლიტიკური ძალა, ვის წარმომადგენლებსაც ასპარეზი არ დაუთმო - დაწყებული ძველი პარტიული ნომენკლატურიდან - მაგალითად, ვაჟა ლორთქიფანიძე, გაგრძელებული „თბილისელებით“ - იგივე, ნიკო ლეკიშვილი, ედპ-თი - სარიშვილითა და ბათიაშვილით მთავრობაში, ჟვანია-სააკაშვილ-ბურჯანაძის ფრთებით, „ახალი მემარჯვენეებით“, ნუგზარ საჯაიას კადრებით და ა.შ., მაგრამ საბოლოო ჯამში ძალაუფლება მოიპოვა ყველაზე ქმედითმა, ენერგიულმა და მოტივირებულმა - მიხეილ სააკაშვილმა.
დამერწმუნეთ, ახლაც იგივე მოხდება: ვისაც ეყოფა ძალა, ინტელექტი, შემართება და ენერგია, ის მოხიბლავს დამფინანსებელს თუ დამფინანსებლებსაც და საზოგადოებასაც და ის გავა ფინიშის სწორზე გამარჯვებული.
- სადავო საკითხებზე შეუთანხმებლობის გამო საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი არ და ვერ სრულდება. დამკვირვებელთა უმეტესობა თვლის, რომ მმართველი გუნდი დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს ანუ საკონსტიტუციო ცვლილებებს იმ სახით მიიღებს, როგორც თავად აქვს ჩაფიქრებული, რითაც მას 2020 წელს ძალაუფლების შენარჩუნების შესაძლებლობა ექნება. თუ თქვენც ასე ვარაუდობთ, თქვენი აზრით, როგორ აისახება მომხდარი ერთის მხრივ, შიდა პოლიტიკაზე და მეორე მხრივ, მმართველი გუნდის საერთაშორისო იმიჯზე?
- 2020 წლის არჩევნებისთვის, არ გამოვრიცხავ, სრულიად სხვა პოლიტიკური სურათი გვქონდეს და ხელისუფლებას ისე არ მოუვიდეს - „ბევრი ვეცადე ჩემთვისა და გამომივიდა შენთვისაო“, ანუ სხვა პოლიტიკური ძალისთვის არ წერდეს საკონსტიტუციო ცვლილებებს.
2020 წლის არჩევნების შედეგებზე რამდენიმე ფაქტორი იმოქმედებს: 1. თუ ბიძინა ივანიშვილმა გააგრძელა „ოცნებისგან“ დისტანცირება, დღევანდელი ხელისუფლების პოზიციები უკიდურესად დასუსტდება.
2. ასეთ შემთხვევაში, გაღრმავდება ხელისუფლებაში არსებული, ისედაც მძაფრი დაპირისპირება, რომლის ჩაცხრობას მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესიც კი ვერ ახერხებს.
3. ისურვებს და შეძლებს თუ არა აშშ საქართველოს საინფორმაციო, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეში რუსეთის სულ უფრო მძლავრი გავლენის შესუსტებას და საკუთარი მილევადი გავლენის აღდგენას.
ხელისუფლება აშშ-ს ეუბნება, რომ რუსეთის მზარდი აგრესიის ქვეშაა, რუსეთს კი იმას, რომ - აშშ-ს და ქართული საზოგადოების ზეწოლის გამო მასთან უფრო ღია და აქტიურ ურთიერთობებზე ვერ მიდის. სადამდე შეძლებს „ოცნება“ ამ ბეწვის ხიდზე სიარულს, ეს არა იმდენად მის დიპლომატიაზე, არამედ აშშ-სა და რუსეთის მოთმინებაზე და სხვა საერთაშორისო ფაქტორებზეა დამოკიდებული

4. რამდენად შედეგიანი იქნება ძველი პოლიტიკური სპექტრის რეინკარნაციის და ახლის ფორმირების მცდელობა - შესაძლოა, თავად „ოცნების“ შიგნითაც გამოჩნდნენ ახალი პოლიტიკური ძალის თუ ძალების ფორმირების მოსურნენი. ასე რომ, დღევანდელი მოცემულობით და ივანიშვილის განზე დგომის ფონზე, საკმაოდ მაღალია იმის შანსი, რომ „ოცნება“ არ იყოს ის ძალა, რომელიც 2020-ის არჩევნებში პირველ ადგილზე გავა და შეიძლება გამოვიდეს, რომ ასეთი პოლიტიკური თავგასულობითა და საზოგადოებრივი აზრის სრული იგნორირებით დაწერილი საკონსტიტუციო ცვლილებები სხვა პოლიტიკური ძალისთვის მიუღიათ.
რაც შეეხება საერთაშორისო იმიჯს. საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს ეუბნება, რომ რუსეთის მზარდი აგრესიის ქვეშაა, რუსეთს კი იმას, რომ - აშშ-ს და ქართული საზოგადოების ზეწოლის გამო, მასთან უფრო ღია და აქტიურ ურთიერთობებზე ვერ მიდის. სადამდე შეძლებს „ოცნება“ ამ ბეწვის ხიდზე სიარულს, ეს არა იმდენად მის დიპლომატიაზე, არამედ აშშ-სა და რუსეთის მოთმინებაზე და სხვა საერთაშორისო ფაქტორებზეა დამოკიდებული.
- მალე თბილისს აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი პენსი ეწვევა. თუ საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ ვითარებას, ასევე უკრაინის საკითხზე რუსეთთან მიმართებაში ვაშინგტონის პოზიციას გავითვალისწინებთ, პენსის ვიზიტი არც შემთხვევითი უნდა იყოს და არც ჩვეულებრივად მორიგი ვიზიტი. მით უმეტეს, რომ გასულ კვირას აშშ-ს კონგრესმა საქართველოს ტერიტორული მთლიანობის მხარდამჭერი გადაწყვეტილება მიიღო და ასევე მიიღო გადაწყვეტილება რუსეთს გაუმკაცროს ეკონომიკური სანქციები.
თუ რა დგას ამ ვიზიტის უკან, ალბათ მალე ვნახავთ, მაგრამ პენსის ვიზიტთან დაკავშირებით თქვენი მოლოდინი როგორია? და კიდევ რამდენად შეიძლება უკავშირდებოდეს ქვეყნის შიგნით სხვადასხვა ფორმით რუსული დისკურსის გააქტიურება ერთი მხრივ ვიცე-პრეზიდენტ პენსის მოახლოებულ ვიზიტს და მეორე მხრივ საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობას?

- მივყვეთ ბოლო დღეების ქრონიკას. აშშ-ის კონგრესმა განაცხადა, რომ ამერიკა რუსეთს არ დაუთმობს საქართველოს. იგივე კონგრესი იღებს ახალ კანონპროექტს, სადაც, პირველად მრავალი წლის შემდეგ, საქართველოში რუსეთის მცოცავი ოკუპაციის თემა ყირიმის ოკუპაციის საკითხის გვერდზე დგას და სანქციების ახალი ულუფა უწესდება რუსეთს, პირველად 2008 წლის შემდეგ, საქართველოში მიმდინარე აქტიური მცოცავი ოკუპაციისთვის. არადა, ღიად საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მცოცავი ოკუპაციის საპასუხოდ, სანქციების დაწესების მოთხოვნით, არავისთვის მიუმართვას.
რუსეთი ცდილობს მოასწროს და მაქსიმალურად ბევრი წაიღოს საქართველოში, სანამ ტრამპის ადმინისტრაცია სახელდახელოდ ჩამოაყალიბებს საკუთარ საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებს. აშშ-ისთვის ყარაფილაში რუსეთის მიერ ბაქო-სუფსის კიდევ ერთი მონაკვეთის მიტაცება სერიოზული გამოწვევაა, რადგან ამ გზით ის ნაბიჯ-ნაბიჯ კარგავს ევროპის ენერგორესურსებით მომარაგების ალტერნატიულ დერეფანს აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის გავლით, რომლის მონაკვეთები რუსული კონტროლის ქვეშ ექცევა.
აშშ-ისთვის ნათელი უნდა იყოს საქართველოს დაკარგვის საფრთხე, რომელიც რუსეთით შემოსაზღვრულ უზარმაზარ რეგიონში - სამხრეთ კავკასიაში მისი დასაყრდენია, რომელიც ესაზღვრება თურქეთს და ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი ქვეყანაა

გარდა ამისა, იმ ადგილების ოკუპაცია, სადაც ამერიკის ელჩი იყო მისული საქართველოსადმი მხარდაჭერის გამოსახატად და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ, სილის გაწვნაა ამერიკისთვისაც.
პარალელურად, ამერიკა თანდათან კარგავს რუსული პროპაგანდის წნეხის ქვეშ მყოფ საქართველოს საზოგადოებასაც, მათ შორის, მომავალ თაობებს - ახალგაზრდებში პროდასავლელობა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა სულ უფრო ნაკლებად პოპულარულია, სამაგიეროდ, სულ უფრო მეტად შეხვდებით სოციალისტებს, ნაციონალისტებს, პრორუსებსაც კი.
მედიაც აღარ მუშაობს ახალი პროდასავლელების გამოჩენა-შექმნაზე, ძველი, ნდობა და მხარდაჭერადაკარგული დასავლური ელიტის რეინკარნაციის მცდელობითაა დაკავებული.
ასე რომ, აშშ-ისთვის ნათელი უნდა იყოს საქართველოს დაკარგვის საფრთხე, რომელიც რუსეთით შემოსაზღვრულ უზარმაზარ რეგიონში სამხრეთ კავკასიაში მისი დასაყრდენია, რომელიც ესაზღვრება თურქეთს და ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელი ქვეყანაა.
შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპისთვის აშშ-მ რეგიონში უკვე დაკარგა აზერბაიჯანი, როგორც სანდო, მყარი პარტნიორი და თურქეთი, რომელიც სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება. რჩება საქართველო, რომლის დაკარგვით, ეს უზარმაზარი რეგიონი კარგა ხნით ჩაიკეტება დასავლური გავლენებისთვის. დასავლეთი უნდა ხვდებოდეს და საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრიც უნდა პედალირებდეს იმაზე, რომ დღეს გაცილებით იოლია შეინარჩუნო საქართველო, როგორც დასავლური ღირებულებების და ცივილიზაციის პლაცდარმი რეგიონში და ამ გზით, შედარებით იოლად და მოკლევადიან პერსპექტივაში დაიბრუნო დაკარგული გავლენებიც. ამიტომ, გასაკვირიც არ არის ამერიკის გააქტიურება და შესაბამისად, პენსის ვიზიტიც.
ამერიკა დღეს ერთადერთია, ვისაც რუსეთის მიერ საქართველოს სრული ოკუპაცია და ქვეყნის შიგნით ქაოტური პროცესები შეიძლება შეაჩეროს. მაგრამ, ამისათვის საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმაც უნდა გამოიღოს ხელი და კონკრეტული დღის წესრიგით მივიდეს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე.
მე ვფიქრობ, ოპოზიციამ სამ ფუნდამენტურ საკითხზე უნდა გააკეთოს აქცენტი: 1. რუსეთის თემა: სთხოვოს ამერიკას, ყველა შესაძლო რესურსით, იქნება ეს ინტელექტუალური, ფინანსური, საინფორმაციო თუ ტექნოლოგიური, მხარი დაგვიჭიროს რუსეთის შეკავების სტრატეგიაში და მაქსიმალურად გააქტიუროს საქართველოს ხელისუფლება ამ სტრატეგიის რეალიზაციის მიზნით.
2. საკონსტიტუციო ცვლილებები. მნიშვნელოვანია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დაინახოს რა როლი აქვს საქართველოს დემოკრატიისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, ყოველგვარი ბონუსის გარეშე და რატომ არის აუცილებელი ამ საკითხზე დათმობაზე წავიდეს საქართველოს ხელისუფლება.
ამერიკა დღეს ერთადერთია, ვისაც რუსეთის მიერ საქართველოს სრული ოკუპაცია და ქვეყნის შიგნით ქაოტური პროცესები შეუძლია შეაჩეროს. მაგრამ, ამისათვის საქართველოს პოლიტიკურმა სპექტრმაც უნდა გამოიღოს ხელი და კონკრეტული დღის წესრიგით მივიდეს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე

3. და მესამე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი - 2018 წლის არჩევნებისთვის მთელი ოპოზიციური სპექტრი დასავლეთის დახმარებით თუ შუამავლობით შეჯერდეს საერთო საპრეზიდენტო კანდიდატზე, რითიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შეიქმნება ძლიერი ოპოზიციური ღერძი.
რაც შეეხება ხელისუფლებას. რადგან დღეს სულ უფრო ხშირად ისმის ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნა, ტრამპისთვის უაღრესად მნიშნელოვანია, რომ მისი ადმინისტრაციის არც ერთი ნაბიჯი არ იქნეს აღქმული, როგორც რუსეთისთვის დათმობა.
ჰოდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რუსების მიერ საოკუპაციო ზოლის გადმოწევა და ჰიბრიდული ომის სულ უფრო მძიმე შემოტევები, ტრამპის ოპოზიციისთვის ტრამპის ადმინისტრაციის სისუსტედ იქნეს აღქმული, რაც რეალურად ასეც არის, რუსეთი ჩქარობს და სარგებლობს ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ჩამოუყალიბებლობით. ასეთ შემთხვევაში, ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღება საქართველოს მიმართ და რუსეთის შეკავების მექანიზმები, გაათმაგდება.
უკიდურესად საინტერესოა პასუხი კითხვაზე: ვინ სთხოვა ამერიკის კონგრესს საქართველოს ოკუპაციის შესაჩერებლად რუსეთისთვის სანქციების დაწესება? ზემოთაც აღვნიშნე, საქართველოს ხელისუფლებისგან, ღიად, მე ეს არ მახსენდება.
რა გამოდის, ამერიკა დამოუკიდებლად, საქართველოს ხელისუფლების თხოვნის გარეშე იცავს საქართველოს ინტერესებს?! თუ რუსეთის გაღიზიანების შიშით საქართველო ჩუმად აწარმოებს მოლაპარაკებებს დასავლეთთან რუსეთის შეკავების მექანიზმების თაობაზე?! ამ კითხვაზე პასუხი უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ საქართველოს ხელისუფლების რეალური საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და განზრახვები.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები