არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4863
EUR
1 EUR
2.9405
RUB
100 RUB
4.3181
20-10-2017
ლადო პაპავა - სახეზეა საზოგადოების პრორუსულ და პროევროპულ ნაწილებად დაყოფისა და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, რაც მხოლოდ მოსკოვის ინტერესებშია
14:43 28-07-2017
ლადო პაპავა - სახეზეა საზოგადოების პრორუსულ და პროევროპულ ნაწილებად დაყოფისა და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, რაც მხოლოდ მოსკოვის ინტერესებშია საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” აკადემიკოს ლადო პაპავას ესაუბრა.

- ბატონო ლადო, რამდენიმე დღეში საქართველოს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი პენსი ეწვევა. ვითარებაში, როცა აშშ-სა და რუსეთს, დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად გამწვავებულია, აშშ-ს კონგრესმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა, ევროკავშირს გაცხადებული აქვს, რომ ვიდრე უკრაინის საკითხში კრემლი პოზიციების კორექტირებას არ მოახდენს, ევროკავშირი რუსეთისათვის ეკონომიკური სანქციების მოხსნას არ აპირებს, მეტიც, ვაშინგტონი უკრაინისათვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას გეგმავს, 2008 წლის ომის მე-9 წლისთავზე საქართველოში ნატო-ს ყველაზე მასშტაბური წვრთნები გაიმართება, რომელიც აშშ-ს ევროპული სარდლობის შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე სწავლების ციკლის ნაწილია, მსოფლიოს უძლიერესი ქვეყნის მეორე პირის ჩამოსვლა არც შემთხვევითი და არც რიგითი მოვლენა რომ არ უნდა იყოს, ცხადია.
დღევანდელ მსოფლიოში არსებული რეალიებისა და იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია თბილისი-გორის სატრანსპორტო და სატრანზიტო გზის გადაკეტვა, თქვენი აზრით, რა მოლოდინი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს პენსის ვიზიტისაგან?
- ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ბატონი პენსის ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სულ ცოტა ეს იმის საყოველთაო დემონსტრირება იქნება, რომ საქართველო არ არის მარტო, რომ ჩვენი სამშობლოს ბედი აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისთვისაც პრინციპული მნიშვნელობისაა.
დარწმუნებული ვარ ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე საუბარი იქნება ისეთ საკითხებზეც, როგორიცაა ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემები

ამ გარეგნული ეფექტის გარდა, ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტს სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი დატვირთვაც ექნება. კერძოდ, დარწმუნებული ვარ, ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე საუბარი იქნება ისეთ საკითხებზეც, როგორიცაა ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემები.
- ფაქტია, ერთია თუ რა გეგმებით ჩამოვა პენსი თბილისში და მეორეა საქართველოს საფრთხეების და პრობლემებიდან გამომდინარე რა კონკრეტული დღის წესრიგით დახვდება მას საქართველოს ხელისუფლება და ქართული პოლიტიკური სპექტრი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ კიევის აქტიურობის შედეგად უკრაინის მიმართ ვაშინგტონიც გააქტიურებულია. ჩვენი დიპლომატიაც აქტიურობს, მაგრამ კონკრეტულად როგორ, საჯარო სივრცეში ამის შესახებ ცოტა რამ თუ ხვდება. ახლა, როცა საქართველოს კვლავ ემუქრება ხელახალი აგრესია, თქვენი აზრით, რა კონკრეტული დღის წესრიგით დახვდება ოფიციალური თბილისი ვიცე-პრეზიდენტ პენსს?
- დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი პენსი საქართველოს ხელისუფლებას ჩამოუტანს გარკვეულ ”საშინაო დავალებებს”, რომელთა შესრულება ქვეყნის დღევანდელი ხელმძღვანელობისათვის გადამწყვეტი იქნება.
არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა ამ ვიზიტისათვის შეძლებს ჯეროვნად მომზადებას. პესიმიზმის საფუძველი კი პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის ზოგიერთი წევრის გულდასაწყვეტი არაკომპეტენტურობაა... ამის დასტურად გავიხსენოთ პრემიერის გაუგებარი განცხადებები ქართველი მამაკაცების ღამის კლუბებში არშეშვების თუ ონლაინ-სესხების გაუქმების შესახებ. დაბოლოს, არაკომპეტენტურობის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია პრემიერის ფრაზა საქართველოში განსხვავებული სახის სეკულარიზმის შესახებ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მან ეს ფრაზა ტრადიციულად გაუაზრებლად წამოისროლა, (რაც, სამწუხაროდ, ხშირად ემართება), და შემდეგ ბ-ნ სოზარ სუბარს დაევალა ამ ფრაზის ე.წ. ”გაპრავება”.
ბატონი პენსი საქართველოს ხელისუფლებას ჩამოუტანს გარკვეულ ”საშინაო დავალებებს”, რომელთა შესრულება ქვეყნის დღევანდელი ხელმძღვანელობისათვის გადამწყვეტი იქნება, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა ამ ვიზიტისათვის შეძლებს ჯეროვნად მომზადებას

ჩემი ბ-ნი სოზარისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, რაც განპირობებულია მისი საქმიანობით სახალხო დამცველის თანამდებობაზე, ის არ გახლავთ ის პიროვნება, რომელიც ივარგებს ამგვარი გაუგებარი აზრების გარშემო ატეხილ დისკუსიაში მოპაექრედ.
კვლავ რომ დავუბრუნდეთ ბ-ნი პენსის თემას, ვიმედოვნებ, რომ ის ოფიციალური პირი, ვინც ვიცე-პრეზიდენტს საქართველოში დახვდება, არ იქნება მთავრობის კარიკატურული ფიგურა ბატონი ჯეჯელავა, რათა არ გაიმეორონ ის შეცდომა, რომელიც ახლახან დაუშვა საქართველოს მთავრობამ უკრაინის პრეზიდენტის თბილისში ვიზიტისას.
- ახლა საქართველოსთვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ყველაზე აქტუალურია, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ეკონომიკის სხვადასხვა სფეროების ამუშავება და დასაქმების პრობლემების მეტ-ნაკლებად გადაჭრაა.
იმისათვის, რომ ამერიკული ბიზნესი საქართველოში შემოვიდეს თითქოს გარკვეული ნაბიჯები კი იდგმება, მაგრამ იგი რომ საკმარისი არაა, ვხედავთ. ასევე აქტუალურია აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევა.
თქვენი აზრით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ამერიკული ბიზნესის ქართული ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში შემოსვლა როგორც ხალხისთვის, ისე სახელმწიფოს ბიუჯეტისთვის საგრძნობი აღმოჩნდეს?

- საქართველოსთვის, მისი ეკონომიკისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევას. ეს შესაძლებლობა დაფიქსირებულია 2009 წლის დასაწყისში ხელმოწერილ ქარტიაში.
სამწუხაროდ, ”ნაცების” და ”ქოცების” მთავრობებმა დრო დაკარგეს და ქარტიის ხელმოწერიდან რვა წლის შემდეგაც ვაშინგტონთან ამ თემაზე მოლაპარაკების სერიოზული ინიცირება თბილისს არ უცდია. ამ ეტაპზე კი მე არ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ისურვებს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების პროექტზე მუშაობის დაწყებას, რადგანაც თავისუფალი ვაჭრობა, როგორც ასეთი, პრინციპულად მიუღებელია პრეზიდენტ ტრამპისათვის. ასე, რომ 2009 წლის ქარტიაში თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩანაწერის რეალიზაცია სულ ცოტა იმ დრომდეა გადადებული, სანამ ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის პრეზიდენტი ბატონი ტრამპი იქნება.
სამწუხაროდ, არც ამ და არც წინა მოწვევის პარლამენტს პრეზიდენტის არც ერთი ვეტო სერიოზულად არ განუხილავს

რაც შეეხება ამერიკულ ინვესტიციებს საქართველოში, არც ამ შემთხვევაში ვიქნები, სამწუხაროდ, ოპტიმისტურად განწყობილი, რადგანაც ტრამპის ადმინისტრაციის გაჟღერებეულ ინიციატივებს შორის აშშ-ის დღევანდელი ხელმძღვანელობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა არის, რომ ამერიკული ინვესტიციები უწინარეს ყოვლისა თავად ამერიკისვე ეკონომიკას მოხმარდეს.
- პარლამენტმა პრეზიდენტის ყველა ვეტო დაძლია. ბევრი კი გამოთქვამდა იმედს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოებს სიღრმისეულად გაიხილავდა, მაგრამ ასე არ მოხდა. გარდა იმისა, რომ გაუგებარია - 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევა როგორაა ”ქვეყანაში დემოკრატიის გაღრმავება”, ძნელია არ დაეთანხმო ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილს - ”ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებებს თვითონ ისმენს, იწონებს, მხარს უჭერს და შემდეგ გვეუბნება - მოდით ვილაპარაკოთო”. თქვენ როგორ შეაფასებდით ერთის მხრივ, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ანუ რა ბედი ელის კონსტიტუციას და მეორე მხრივ, პრეზიდენტის ვეტოებთან დაკავშირებით აბსოლუტურად არასაგნობრივ მსჯელობაზე უარის თქმას?
- ქვეყნისთვის საზიანოა რა ურთიერთობაც ჩამოყალიბდა ერთის მხრივ საქართველოს პარლამანტსა და მთავრობას და მეორე მხრივ, პრეზიდენტს შორის. სამწუხაროდ, არც ამ და არც წინა მოწვევის პარლამენტს პრეზიდენტის არც ერთი ვეტო სერიოზულად არ განუხილავს.
საკონსტიტუციო პროცესი კი აშკარად ჩიხშია შესული და არა იმიტომ, რომ მას ”საოცნებო” უმრავლესობა არ დაუჭერს მხარს მესამე მოსმენით, არამედ იმიტომ, რომ სულ მალე გვექნება კონსტიტუცია, რომლის სუსტი მხარე იქნება ის, რომ მისი მიღებისას გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესები. და რომ პროფესიონალთა არაერთი მნიშვნელოვანი წინადადებაც არ ყოფილა სათანადოდ ასახული კონსტიტუციაში. ამ უკანასკნელის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია საგადასახადო პოლიტიკის რეფერენდუმის მექანიზმით რეგულირების დატოვება 12 წლით და კონსტიტუციაში ანაკლიისათვის განსაკუთრებული ეკონომიკური რჟიმის დაწესება.
სულ მალე გვექნება კონსტიტუცია, რომლის სუსტი მხარე იქნება ის, რომ მისი მიღებისას გათვალისწინებულ იქნა მხოლოდ ერთი პარტიის ინტერესები და პროფესიონალთა არაერთი მნიშვნელოვანი წინადადებაც არ ყოფილა სათანადოდ ასახული კონსტიტუციაში

სააკაშვილის მმართველობისას კონსტიტუცია შეიცვალა ორჯერ, თუმცა ”ნაცებს” დიდად არ ანაღვლებდათ, თუ რა შენიშვნებს და რეკომენდაციებს მიიღებდნენ ვენეციის კომისიიდან. ამ უკანასკნელის დასკვნის გაფეტიშება კი დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარის ”დამსახურებაა”, თუმცა პრაქტიკულად მანვე უარყო მის მიერვე გაფეტიშებული ვენეციის კომისიის დასკვნის მნიშვნელობა.
ამის თვალსაჩინო დასტურია, თუ რამდენად ნაჩქარევად უყარეს კენჭი ორი მოსმენით კონსტიტუციის პროექტს, რამენაირად ეს რომ მოსწრებულიყო ბატონი ბუკიკიოს დაგეგმილ ვიზიტამდე, რათა მერე მისთვის ეთქვათ - ახლა უკვე გვიანიაო და უკეთეს შემთხვევაში საჭირო ცვლილებებს კონსტიტუციაში მომავალში შევიტანთო. ზუსტად ამასვე ეუბნება საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციურ პარტიებს.
- აღმაშენებლის გამზირზე გახშირებულ მარშებზე საკმაოდ ბევრი კი ითქვა, მაგრამ ვინაიდან ეს თემა აქტუალობას არ კარგავს და რჩება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკურ ძალების ქუჩაში დომინირება პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია, უნდა გკითხოთ - თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ივლისში აღმაშენებელზე გამართულმა მარშებმა?
ვის ინტერესში შეიძლება იყოს პოლიტიკური პროცესების ქუჩის სცენარით განვითარება და აღმაშენებლის გამზირზე დაწყებული პროცესები, სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს შიდა პოლიტიკაზე?
- ქვეყნისთვის ყველაზე საშიში სამოქალაქო დაპირისპირებაა, რისი მწარე გამოცდილებაც, სამწუხაროდ, გვაქვს. სააკაშვილმა საზოგადოება დაყო პრივილეგირებულებად და ”ჩარეცხილებად”, ამჟამად კი სახეზეა საზოგადოების პრორუსულ და პროევროპულ ნაწილებად დაყოფის და ამის ნიადაგზე სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, რაც მხოლოდ და მხოლოდ მოსკოვის ინტერესებშია. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ამ დაპირისპირებას წარმატებით აძლიერებს უწიგნურობა.
ის რომ ყოფილმა ”ნაცებმა” სახელი შეიცვალეს და ახალ სახელში ”ევროპა” გაურიეს სულაც არ არის იმის დასტური, რომ ამ პარტიის წევრები უცბად ევროპული ფასეულობების და იდეოლოგიის მატარებლები გახდნენ და ”სინგაპურიზაცია” სრულად უარყვეს

ჯერ ერთი, ”ქართული მარშის” იდეა პრორუსულად შერაცხეს, რაც აბსოლუტური უმეცრებაა, რადგანაც უკონტროლო იმიგრაციის წინააღმდეგ აქციების გამართვა ევროპის ბევრ სახელმწიფოში კარგა ხანია ტრადიციად იქცა, რომ არაფერი ვთქვათ აშშ-ზე, რომლის ახლად არჩეული პრეზიდენტი ოფიციალურად ებრძვის არალეგალ იმიგრანტებს და ამ მიზნით მექსიკასთან კედელსაც კი აშენებს...
მეორე, ”ქართული მარშის” მონაწილეებს ფაშისტები უწოდეს, რაც უწიგნურობის მწვერვალია. ფაშისტების უმთავრესი მიზანია სახელმწიფოს გაძლიერება, აბსოლუტური სახელმწიფოს შექმნა, მაშინ როცა ნაციზმი ერთი რასის სხვა რასებთან, ერთი ერის სხვა ერებთან უპირატესობის საფუძველზე ბატონობის მიღწევაა. ბევრად უფრო ლოგიკური იქნებოდა ფაშისტების სახელის დარქმევა სააკაშვილის ”ნაცმოძრაობისთვის”, ხოლო ”ნაცისტების” კი - ”ქართული მარშის” მონაწილეებზე.
თუმცა, არც ამ უკანასკნელს ვიზიარებ, რადგანაც არალეგალური იმიგრაციის აღკვეთა და ზოგადად იმიგრაციის მოწესრიგება სულაც არ არის ნაციზმი. ამ ლოგიკის მიუხედავად, ”ქართული მარშის” მონაწილეებისათვის ნაცისტების დაძახება კი უხერხულობას უქმნის ”ნაცებს,” რადგანაც ორ სიტყვას -”ნაცისტებსა” და ”ნაცებს” შორის მსგავსების გამო შესაძლოა რიგითი მოქალაქე დაბნეულიყო და ”ქართული მარშიც” სააკაშვილის პროდუქტად აღექვა.
საყურადღებოა, რომ თავის დროზე, სახელი ”ნაციონალური მოძრაობაც” იმიტომ დაარქვეს პარტიას, რომ უცხოელები შეცდომაში შეეყვანათ, რამეთუ ”ეროვნული მოძრაობაც” ისევე ითარგმანება უცხო ენაზე, როგორც ”ნაციონალური მოძრაობა”.
გახსენებისათვის, ”ნაცმოძრაობის” სულისჩამდგმელი მიხეილ სააკაშვილი მისი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლამდე დაესესხა ადოლფ ჰიტლერს და ვარდების რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე საკუთარი ავტორობით გამოუშვა წიგნი - ძირითადად, თავისივე ინტერვიუების კრებული სათაურით - ”ჩემი ბრძოლა საქართველოსათვის”.
სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებისა და ციხეში ჩასმის ინტერესთა ჯგუფი პოლიტიკურად უფრო სუსტია, ვიდრე ის ჯგუფი, ვისაც ეს არ აწყობს

მესამე, სრული ცინიზმია, როცა ”ნაცმოძრაობიდან” გამოყოფილმა პარტიამ ”ევროპული საქართველო” დაირქვა, რადგანაც ამ პარტიის წევრები, განსაკუთრებით, ისინი, ვინც ქმნიდა ”ნაცმოძრაობის” პოლიტიკურ სახეს, აკეთებდნენ ყველაფერს, რათა გაეჭიანურებინათ ევროკავშირთან საქართველოს დაახლოება. სწორედ ისინი იყვნენ იმის მთავარი იდეოლოგები, რომ მომხდარიყო საქართველოს სინგაპურიზაცია და არა ევროპეიზაცია, რადგანაც ხაზგასმით აცხადებდნენ, რომ ევროპა ეს რეგულაციებია, ხოლო საქართველოს რეგულაციებიდან თავისუფალი უნდა იყოსო... ის, რომ ყოფილმა ”ნაცებმა” სახელი შეიცვალეს და ახალ სახელში ”ევროპა” გაურიეს, სულაც არ არის იმის დასტური, რომ ამ პარტიის წევრები უცბად ევროპული ფასეულობების და იდეოლოგიის მატარებლები გახდნენ და ”სინგაპურიზაცია” სრულად უარყვეს.
დაბოლოს, რუსეთი რომ საქართველოს აშკარა მტერია, ეს ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ყველაფერში რუსეთის ფაქტორის ”დანახვა”, - მაშინაც კი, როცა ამის მეტ-ნეკლებად არგუმენტირებული მტკიცებულება არ არსებობს, - გაუმართლებელია.
ყველაფერზე ”მგელი, მგელის” დაძახება, ცნობილი ზღაპრის არ იყოს, მოადუნებს საზოგადოების ყურადღებას და როცა ნამდვილი ”მგელი” გამოჩნდება, შესაძლოა, მოუმზადებლებიც კი ვიყოთ.
ასე რომ, თავად მკითხველმა განსაჯოს ვის ინტერესშია, რომ ყველაფერში რუსეთის კვალი დავინახოთ, მაშინაც როცა ეს შეიძლება ასე არ იყოს, და ამით მოდუნდეს ჩვენი ყურადღება რუსეთის მიმართ, და შედეგად უფრო მეტად დაუცველები აღმოვჩნდეთ...
- უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში აქტუალურად განხილვადი თემა გახლავთ და ეს გასაკვირი ნამდვილად არაა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი გააგრძელებს სამართლებრივ დავას უკრაინის მოქალაქეობის დასაბრუნებლად. ამ თემაზე უამრავი საფუძვლიანი თუ საფუძველს მოკლებული მოსაზრება გამოითქმის, მაგრამ წარმოუდგენელია ისიც, რომ პრეზიდენტ პოროშენკოს სააკაშვილთან დაკავშირებული გადაწყვეტილება თბილისთან და ვაშინგტონთან შეუთანხმებლად მიეღო. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და თქვენი აზრით, სააკაშვილისათვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევაში სავარაუდოდ რა როლი შეიძლება მიუძღოდეს ქართული პოლიტიკური სცენიდან პრაქტიკუალდ გაუჩინარებულ ბიძინა ივანიშვილს, რაზეც საუბრობენ თავად სააკაშვილი და მისი თამამებრძოლები?
- განვიხილოთ, ვის აწყობს და არ აწყობს სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება და ციხეში ჩასმა.
პირველ რიგში ეს აწყობს მის პარტიას - ”ნაცმოძრაობას,” რადგანაც ის ამით უფრო გაძლიერდება, რადგანაც პარტიის ლიდერი საქართველოში ეყოლებათ და თანაც ”ჩაგრულის მანტიით”.
სააკაშვილის საქართველოს ციხეში ჩასმა ასევე უნდა ყველა იმ ჩვენ თანამოქალაქეს ვინც სამართლიანად ადანაშაულებს მას ყველა იმ ბოროტებაში, რაც მისი ხელმძღვანელობით ჩაიდინა ”ნაცმოძრაობის” ხელისუფლებამ.
სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება და ციხეში ჩასმა, პირველ რიგში, არ აწყობს თავად სააკაშვილს, მისი მხდალი ბუნებიდან გამომდინარე. სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება ასევე არ აწყობს ზემოხსენებულ ”ევროპულ საქართველოსაც”, რადგანაც მისი წევრები, როგორც მიშას მოღალატეები, კიდევ უფრო გაბითურდებიან.
ის, რომ გამოკითხულთა 37%-სათვის არც ერთი პარტია არ არის მოსაწონი, ჩემი აზრით, მეტ-ნაკლებად უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილეს. ისიც სავარაუდოა, რომ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური დაინიშნოს

დაბოლოს, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება არ აწყობს თავად ”ქართულ ოცნებასაც”: მისი ბევრი თანამედროვე ლიდერი ხელისუფლებაში მყოფი ”ნაცმოძრაობის” დროს ”ნაცების” პოლიტიკური გუნდის გრძელ სათადარიგოთა სკამზე იყო და მათი წამყვან პოლიტიკურ სახეებად დაწინაურების ალბათობა დაბალი გახლდათ. ”ქოცებმა” ისინი არა მარტო გულში ჩაიხუტეს, არამედ პოლიტიკურ ლიდერებადაც კი აქციეს და მიშას დაბრუნების შედეგად ”ნაცმოძრაობის” გარდაუვალი გაძლიერების შემთხვევაში ”გაქოცებული ნაცები” პოლიტიკურ თანამდებობებს და შესაბამის პრივილეგიებს დაკარგავენ, რაც მათ, რა თქმა უნდა, არ აწყობთ.
აშკარაა, რომ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებისა და ციხეში ჩასმის ინტერესთა ჯგუფი პოლიტიკურად უფრო სუსტია, ვიდრე ის ჯგუფი, ვისაც ეს არ აწყობს.
- NDI-ის ბოლო კვლევებით პარტიათა რეიტინგი ასე გამოიყურება - 37% აცხადებს, რომ მის შეხედულებებთან არც ერთი პარტია არ დგას. ”ქართული ოცნება” – 23%, ”ნაცმოძრაობა” - 9%, ევროპული საქართველო”- 4%, პატრიოტთა ალიანსი” - 3%. ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები იყოს ხმები ასე გადანაწილდებოდა - კალაძე - 30%, ელისაშვილი - 19%, უდუმაშვილი -18%, ხოშტარია - 5%. ადგილობრივ არჩევნებამდე 4 თვით ადრე, თქვენ როგორ შეაფასებდით ”ენ-დი-აი”-ს კვლევის შედეგებს?
- მე და ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ამ ტიპის კვლევებს დიდად არ ვენდობით, რადგანაც არცთუ იშვიათად ამ გამოკვლევების უკან დგანან პოლიტიკური ჯგუფები, ვინც დაინტერესებულია ამომრჩევლის განწყობაზე ზეგავლენა იქონიოს. ამის დასტურად გავიხსენოთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, როცა ყველა გამოკითხვით ”ნაცმოძრაობას” უნდა გაემარჯვა, თუმცა, მას ”ქართულმა ოცნებამ” აჯობა.
ამის მიუხედავად ის, რომ გამოკითხულთა 37%-თვის არც ერთი პარტია არ არის მოსაწონი, ჩემი აზრით, მეტ-ნაკლებად უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილეს. ისიც სავარაუდოა, რომ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური დაინიშნოს: წინა არჩევნებში თუკი საჭირო გახდა მეორე ტურის გამართვა, მაშინ, როცა ”ქართული ოცნება” არ იყო ისე დისკრედიტირებული როგორც დღესაა, 2017 წლის არჩევნებში მეორე ტურის გამართვის ალბათობა აშკარად მეტია.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები