არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5451
EUR
1 EUR
3.1058
RUB
100 RUB
4.5069
17-01-2018
აშშ-ის 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია განათლების ყველა დონეზე ცვლილებებს ახორციელებს
10:46 01-08-2017
აშშ-ის 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია განათლების ყველა დონეზე ცვლილებებს ახორციელებს • როგორ შეიძლება სიღარიბის დაძლევა განათლების სისტემის გაუმჯობესებით ?
• რას ხმარდება 140 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განათლების სფეროში?
• როდის მივიღებთ უმსხვილესი ინვესტიციის კონკრეტულ შედეგებს ?

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობის ფარგლებში, კონკრეტული მისიით შეიქმნა: ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის (გრანტის) მეშვეობით, ხელი შეუწყოს შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიონალი კადრების მომზადებას. ფონდი ახორციელებს საგანმანათლებლო პროექტებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებისთვის საბუნებისმეტყველო-საინჟინრო და ტექნიკურ დისციპლინებში. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ხუთწლიანი სამოქმედო გეგმის მესამე წელს მნიშვნელოვანი მიღწევებით განაგრძობს საქმიანობას.
ფონდის საქმიანობის ამჟამინდელ შედეგებსა და მიღწევებზე ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დირექტორი მაგდა მაღრაძე გვესაუბრა.

- საქართველოს განათლების სისტემაში რეფორმების რამდენიმე ეტაპი გამოვიარეთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ოთხ პუნქტიანი გეგმა, რომელის ერთ-ერთი პუნქტიც განათლების სექტორის კიდევ უფრო გაძლიერებას ეთმობა. დღეს საქართველოში ძირითადი პრობლემა დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის მოთხოვნა - მიწოდების შეუსაბამობაა. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად, 2014-2019 წლებში ვახორციელებთ პროექტს „ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტს“, რომელსაც აშშ-ის მთავრობა მხარს უჭერს 140 მილიონი ამერიკული დოლარის გრანტით. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიონალი კადრების მომზადებას საქართველოში.
ჩვენი ფონდის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტად ადგილობრივი რესურსებით ვერ ვპასუხობთ საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო დარგის მოთხოვნებს; შესაბამისად, ჩვენი ყველა პროგრამა, ხელს უწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებას პროფესიული და უმაღლესი განათლების დონეზე.

- მისიის შესასრულებლად გაიწერა 5 წლიანი სტრატეგიული გეგმა, რა ძირითადი მიმართულებები შევიდა სამოქმედო გეგმაში?

- გამომდინარე იქიდან, რომ კვლევებში პრობლემურ სფეროებად STEM (Science, Technology, Engineering, Math) მიმართულება გამოიკვეთა, 2014-2019 წლის პერიოდში ფონდის მიერ განხორციელებული პროექტები ხელს შეუწყობს აღნიშნული სფეროების სპეციალისტების მომზადებას. უმსხვილესი ინვესტიცია განათლების ყველა სექტორს მოიცავს და მისიის შესასრულებლად, ერთგვარ ლოგიკურ ბმას გადის ზოგადი განათლებიდან უმაღლეს განათლებამდე.
უფრო კონკრეტულად, ფონდის საქმიანობა 3 ძირითად მიმართულებად იშლება:
• 76 მილიონი ამერიკული დოლარი იხარჯება ზოგადი განათლების მიმართულებით: საჯარო სკოლების ზუსტი და საბუნებისმეტყველო დარგის, მათემატიკისა და ინგლისური ენის მასწავლებლები იმაღლებენ კვალიფიკაციას. საქართველოს მასშტაბით შერჩეულ სკოლებს სრული რეაბილიტაცია უტარდება და აღიჭურვება უახლესი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით. ყველა საჯარო სკოლის დირექტორი მონაწილეობას იღებს დარგის სპეციალისტების მიერ შექმნილ გადამზადების პროგრამაში.
• 16 მილიონი ამერიკული დოლარი ხმარდება პროფესიული სასწავლებლებისთვის საერთაშორისო დონისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროგრამების დანერგვასა და ინფრასტუქტურის მოწყობას. 40-მდე ახალი პროფესიული საგანანმანათლებლო პროგრამა შეიქმნება, რომლის უმეტესობას აქვს საერთაშორისო სერტიფიცირება.
• 30 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიყო უპრეცედენტო საგანმანათლებლო პროექტისთვის - საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტი - სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი შემოვიდა. 2014 წლიდან სტუდენტებს საქართველოში აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ ამერიკული განათლება და დიპლომი. აღსანიშნავია, რომ პარალელურად მიმდინარეობს პარტნიორ სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების პროცესი, ლაბორატორიების და აუდიტორიების რეაბილიტაცია და უახლესი აღჭურვილობით მოწყობა, ქართველი პროფესორ-მასწავლებლების პროფესიული განვითარება.

- ქალბატონო მაგდა, როგორია ფონდის საქმიანობის ამ დროისთვის მიღწეული შედეგი, თუ შეგვიძლია ვისაუბროთ კონკრეტულ მაჩვენებელზე?

- 7200 მასწავლებლის გადამზადების პროცესი დასრულებულია, საჯარო სკოლების 1800-მა დირექტორმა გაიარა გადამზადების პირველი ეტაპი. 29 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და დამატებით 32 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო. პროფესიული სასწავლებლებისთვის გაიცა 10 მსხვილი გრანტი 12 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობით. მიმდინარე წლის სექტემბრიდან 40 ახალი პროფესიული პროგრამა შევა ძალაში. მესამე წელია ამერიკული უნივერსიტეტი საქართველოში იღებს ბაკალავრიატის სტუდენტებს, 2000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართი აღიჭურვა უახლესი ტექნოლოგიებით სამი პარტნიორი უნივერსიტეტის ბაზაზე, საფუძველი ჩაეყარა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი შენობის პროექტს. 40-მდე პროფესორმა გაიარა განვითარების პროგრამაში აშშ-ში.
განათლებაში დიდი მიღწევების სწრაფად განხორციელება რთულია. თუმცა, თუ დროულად არ დავიწყებთ ქმედებას, შეგვიძლია გაუთავებლად ვისაუბროთ ამ გამოწვევებზე და ვერაფერს მივაღწიოთ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები