არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
19-01-2018
სოსო ცინცაძე - შექმნილ ვითარებაში საქართველოს ერთადერთი ხსნა აშშ-სთან სამხედრო სფეროში უფრო რეალური კავშირების დამყარებაა
10:39 08-08-2017
სოსო ცინცაძე - შექმნილ ვითარებაში საქართველოს ერთადერთი ხსნა აშშ-სთან სამხედრო სფეროში უფრო რეალური კავშირების დამყარებაა საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” საერთაშორისო ურთიერთობის ცნობილ მკვლევარს, პროფესორ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

- ბატონო სოსო, 2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავზე მსოფლიო პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე მნიშვნელოვანი ცვლილებებია მომხდარი.
ექსპერტთა უმრავლესობა თანხმდება მოსაზრებაში, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ აშშ-სა და რუსეთს შორის ისეთი დაძაბული ურთიერთობები არასოდეს ყოფილა, როგორც დღესაა.
თქვენ რა განსხვავებებს ხედავთ იმ ვითარებას შორის, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საერთაშორისო ურთიერთობებში იყო და იმას შორის, რაც დღეს ეს ურთიერთობები უკვე სხვა სახით ან ჩამოყალიბებულია, ან ჩამოყალიბებების პროცესშია?

- საერთაშორისო ურთიერთობებში ამ დონის დაძაბული ვითარება მართლაც არასოდეს ყოფილა. პრეზიდენტ ტრუმენის დროს რომ დაიწყო სსრკ-ს შეკავების პოლიტიკა, რომელსაც მოჰყვა მარშალის გეგმა და შემდგომ ნატოს შექმნა, ხანგრძლივად იყო სტაბილურად დაძაბული ვითარება, მაგრამ ეს დაძაბულობა მართვადი იყო.
იყო წითელი ხაზები, მაგრამ დასავლეთმაც იცოდა, რომ წითელი ხაზისთვის არ უნდა გადაებიჯებინა და სსრკ-მაც იცოდა მას რისი გაკეთების უფლება არ ჰქონდა. მარშალის გეგმამაც და ნატომაც ევროპაში კარგად იმუშავა.
თუ პენსის თბილისში გაკეთებული განცხადებები ტრამპის მიერ იყო ვიზირებული, მაშინ საქართველოსთან დაკავშირებით პროცესები იმაზე სწრაფად განვითარდება, ვიდრე აქამდე იყო მოსალოდნელი

რა თქმა უნდა, ამგვარი მართვადი დაძაბულობიდან ლირიკული გადახვევები იყო, მაგრამ მაინც სტაბილური ურთიერთობა იყო დასავლეთსა და სსრკ-ს შორის. 60-იანი წლების ბოლოსა და 70-იანი წლების დასაწყისში მსოფლიო კინაღამ აფეთქდა, - ჩინეთ-სსრკ-ს ურთიერთობამ საქმე ომის ზღვრამდე მიიყვანა. ფართო საზოგადოებისათვის აბსოლუტურად უცნობია ის ფაქტი, რომ მაშინ ჩინეთი სსრკ-ს შეჭრისაგან კისინჯერმა და ნიქსონმა გადაარჩინეს.
- სსრკ-ს დროინდელი წითელი ხაზები სსრკ-ს დაშლის შემდეგ მოიშალა. ისინი 2008 წლამდე ნელ-ნელა იშლებოდა, მაგრამ 2008 წლის ომის, განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 2014 წლის დაწყებული ომის შემდეგ, წითელი ხაზები არა მარტო რეალურად გაჩნდა, მისი კონტურებიც ცნობილია. ამ გამოწვევას დასავლეთმა რუსეთს ეკონომიკური სანქციებით უპასუხა. აშშ-სა და რუსეთს, დასავლეთსა და რუსეთს შორის ეკონომიკური ომი კარგა ხანი დაწყებულია და ახლა უკვე მეტად საშიშ ფორმებსაც იძენს...
- საერთოდ, ჟანრის კლასიკაა - როდესაც სახელმწიფო კუთხეშია მიმწყვდეული, იგი ან ომს ან ომით შანტაჟს იწყებს. წითელი ხაზების რღვევა პუტინმა ძალიან ეფექტურად დაიწყო, - ეს იყო მისი გადმოსახედიდან პასუხი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე. 1995 წლიდან მოყოლებული, როცა ნატოს გენერალური მდივანი ჰავიერ სოლანა იყო, დასავლეთი რუსეთის ინტერესებს არაფერში არ ითვალისწინებდა.
ხელისუფლების კურსი რუსეთის მიმართ უფრო სწორია, ვიდრე მცდარი. მაგრამ, სტრატეგიული თვალსაზრისით იგი განჭვრეტად მომავალში საკმაოდ დიდი საფრთხეების შემცველია

საერთოდ, დიპლომატიაში ძალიან ცუდია, როდესაც ერთი მხარე არ ითვალისწინებს მეორე მხარის ფსიქოლოგიას. არ ცდილობს თავისი ვიზავის ტყავში ჩაჯდომას. დიპლომატიის კლასიკად ითვლება - ვილჰელმ მეორემ სულელური პოლიტიკით პირველ მსოფლიო ომში გადაჩეხა თავისი იმპერიაც და რუსეთიც. რუსეთის ინტერესების გაუთვალისწინებლობის ფონზე რუსეთის პოლიტიკაში მოვიდა პუტინი-მაჩო, რომელმაც სსრკ-ს დროს არსებული წითელი ხაზების აღდგენა დაიწყო.
- თუ ჩვენ მაინც საერთაშორისო ურთიერთობებში 2008 წლისა და 2017 წლის განსხვავებების თემას დავუბრუნდებით, ზედაპირზე რა დევს?

- დასავლეთისთვის მოულოდნელი იყო ნავთობის ფასების ზრდისა და ენერგორესურსების ექპორტის ხარჯზე რუსეთის ეკონომიკური გაძლიერება. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ყველაფერმა შეცვლა დაიწყო. დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესების თვალსაზრისით ეტაპობრივი მოვლენა იყო რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ აგრესიული ქმედებები და ყირიმის მიტაცება. აქედან იწყება რუსეთისათვის უჩვეულო, ეკონომიკური სანქციების ერა.
ყირიმის ანექსიამდე რუსეთის პოლიტიკური ელიტა და იგივე პუტინი კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა იმას, რომ მთელი დასავლეთი რუსეთში წინააღმდეგ უცებ აღდგებოდა და მათი საქმე საერთაშორისო ურთიერთობებში იზოლაციისკენ წავიდოდა.
რუსეთთან დიალოგი საჭიროა, მაგრამ არა ისეთი, ”პატრიოტთა ალიანსს” რომ ჰქონდა - ჩავიდნენ და დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. ესენი იმასაც ვერ მიხვდნენ, რომ ამ კომიტეტში შეხვედრებით ისინი საქართველოს დსთ-ს წევრად განიხილავენ

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები ლოგიკური იყო, მათ ჩვენ დაგვანახეს ის ევოლუციური ძვრები, რაც რუსეთის მიმართ აშშ-ს პოლიტიკაში მოხდა. სამწუხაროა, როცა ჩვენთან ხშირად გაიგონებთ იმას რასაც სანქციებთან დაკავშირებით რუსი რუსული მედია წერს და ჩვენთან კი უაზროდ იმეორებენ. მხედველობაში მაქვს ის, თითქოს ეკონომიკური სანქციები რუსეთისთვის არაფერია და პირიქით, რუსეთი ძლიერდება.
არადა, აშშ-ს მიერ რუსეთისათვის გამკაცრებული ეკონომიკური სანქციები რუსული ეკონომიკისთვის საკმაოდ ძლიერი დარტყმაა. პრეზიდენტი ტრამპი მას კონგრესის თანხმობის გარეშე ვერ გააუქმებს. ვაშინგტონის მიერ რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები ჯოჯოხეთურად დეტალურია. იგი 1000-ს გვერდზე მეტია და მასში ჩამოთვლილია ყველა ოლიგარქი, მათი ცოლები, დედები, მამები, შვილები, ნათესავები, მათი აქტივები, ინტერესები, კრემლთან კავშირები. სანქციების ნუსხაში არის სპეციალური თავი, თუ როგორ უნდა გაუწიონ წინააღმდეგობა რუსეთის პოლიტიკას ევროპაში და ევრაზიაში. გარკვეულწილად ეს ჩვენც გვეხება.
აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს, დაზვერვის სააგენტოებს და სახელმწიფო დეპარტამენტს ევალება ყოველ სამ თვეში ერთხელ დეტალური მოხსენება წარუდგინოს კონგრესს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება აშშ-ს მოკავშირე ქვეყნებში, როგორ მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულება. მათ შორის იმაზე, თუ როგორ ახდენს რუსეთი თავისი ”რბილი ძალით” დემოკრატიის დისკრედიტაციას, ქსენოფობიისა და ულტრანაციონალისტური იდეოლოგიის გაღვივებას და საერთოდ, დასავლური დემოკრატიის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შემცველი განწყობების გაჩენას.
ერთადერთი სფერო, რომელსაც სანქციები არ შეეხო, აშშ-სა და რუსეთს შორის კოსმოსური ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობაა. ამ სფეროში რუსეთის ტექნოლოგიები ამერიკულზე უკეთესი ვერ იქნება, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი რაღაცებს რუსულს მოიხმარენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ სფეროში ინვესტიციების განხორციელებაც კი შეიძლება. ეს გახლავთ კლასიკური კომპრომისი ინტერესებსა და პრინციპებს შორის.
აშშ-ს ახალი ეკონომიკური სანქციებით კრემლი შეშფოთებული, შეწუხებული და პირდაპირ რომ ვთქვათ, შეძრწუნებულიც კია. ამაზე ისიც მიანიშნებს, რომ კრიტიკულ ვითარებაში, როცა პუტინი ცეცხლს აფრქვევს და აშშ-ს წინააღმდეგ განცხადებებს აკეთებს, გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთმა პირველად დაუჭირა მხარი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას! - წინა ორი ცდა უშედეგოდ დასრულდა, ვინაიდან ამ საკითხს რუსეთმა ვეტო დაადო.
ერთის მხრივ, კრემლი აცხადებს, რომ სანქციები არავითარ ეფექტს არ იძლევა, ისინი უაზრობაა და სანქციების წინააღმდეგი არიან. თუ მოსკოვი სანქციების წინააღმდეგია, ისინი უაზრობაა და მათ არავითარი შედეგი არ მოაქვთ, მაშინ ახლაც რატომ არ დაადო ვეტო ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციებს? იმიტომ არ დაადო, რომ ეს გახლდათ რევერანსის მატარებელი მესიჯი თეთრი სახლისთვის - თითქოს აშშ-სთან შერიგებას ცდილობს.
რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სამიტზე ლავროვი შეხვდა ტილერსონს და განაცხადა - რუსეთი მზადაა აშშ-სთან იმეგობროს, ითანამშრომლოს. ამის ერთადერთი ხელისშემშლელი გახლავთ რუსეთის მიმართ აშშ-ს კონფრონტაციული პოლიტიკა.
ყირიმის ანექსიამდე რუსეთის პოლიტიკური ელიტა და იგივე პუტინი კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა იმას, რომ მთელი დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ უცებ აღდგებოდა და მათი საქმე საერთაშორისო ურთიერთობებში იზოლაციისკენ წავიდოდა

მაგრამ, დღეს ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში რუსეთთან მიმართებაში არსებობს კონგრესის მიერ დამტკიცებული კონსესუსი, რომელსაც ვერავითარი რუსული ”რბილი ძალა” და პუტინის რევერანსები ვერ შეცვლის. ეს გახლავთ ის, რომ რუსეთი აშშ-ს მტერია. ანუ რუსეთის შეკავებაა საჭირო და ვაშინგტონი კრემლის მიმართ სწორედ ასეთ პოლიტიკას გაატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ევროპა რუსეთის მიმართ სანქციური პოლიტიკით ბევრს კარგავს, მანაც ამას წინათ გაამკაცრა რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები.
- დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად, კრემლი არც უკრაინის და არც საქართველოს მიმართ თავისი გეგმების შეცვლას არ აპირებს. მეტიც, პენსის თბილისში გაკეთებულ განცხადებებზე პუტინმა განაცხადა, რომ მათ უპასუხოდ არ დატოვებს. არც ისეთი პირი უჩანს ამ პროცესს, რომ რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას ევროპა შეცვლის.
ასეთ ფონზე, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს ამერიკა-რუსეთსა და ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთოებები?

- ცდუნებას ვერ ვუძლებ, რომ არ გავიხსენო კისინჯერის პირველი წიგნი, როდესაც ის ჰარვარდის უნივერსიტეტის დოცენტი იყო. წიგნს ჰქვია ”ბირთვული იარაღი და საგარეო პოლიტიკა”. ის ამ წინგში წერს - მიუხედავად ჰიროსიმა-ნაგასაკის შემთხვევებისა, ბირთვულ იარაღის არსებობას აქვს ის დადებითი, რომ მათი არსებობის პირობებში ბირთვული ომები გამორიცხულია. ბირთვული ომი მხოლოდ გიჟებს შეუძლიათ დაიწყონ.
მიუხედავად იმისა, რომ ბირთული ომი აღარ არის აქტუალური პრობლემა. ჯერ მაინც არ ჩანს, სანამდე მივა აშშ-ს რუსეთთან დაპირისპირება. დასავლეთში რამდენიმე სცენარი განიხილება.
რუსეთის ელიტა იძულებული იქნება რაღაც კომპრომისზე წავიდეს. ამ კონტექსტში საინტერესოა, როგორი იქნება პუტინის მომავალი. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ ამ ორი დღის წინ, 10-წლიანი ინტერვალის შემდეგ, პირველად გამოქვეყნდა წელს ზემოთ შიშველი პუტინის ფოტო. ძველი რომიდან მოყოლებული მსგავსი რამ აღარ არის მიღებული.
ასეთი რამ კრემლს საშინაო მოხმარებისთვის დასჭირდა. ანუ, პუტინი ჯამრთელია, იგი ისევ მაჩოა და ძლიერია. რუს ხალხს, რომელსაც ჯერ კიდევ ახსოვს ბრეჟნევი და ჩერნენკო, რომელთა წელ ზევით შიშვლად გამოჩენა წარმოუდგენელი იყო მათი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯანმრთელი პუტინის ხილვა ახარებს. პუტინს კიდევ დასჭირდა ყველას დაანახოს, რომ ის ფიზიკურადაც ძლიერია. და ეს მაშინ, როცა მას კონკურენტად, როგორც იტყვიან, ”დივანში ლურსმანი” ნავალნი გამოუჩნდა.
ვაშინგტონის მიერ რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები ჯოჯოხეთურად დეტალურია

აშშ-სა და რუსეთს შორის კონფრონტაცია აუცილებლად იქნება, ვინაიდან ამერიკაში რუსეთთან მიმართებაში კონსენსუსი მართლაც არსებობს. მაგრამ, ჩემი აზრით, იქნება დაახლოებით ისეთი რამ, რაც გასული საუკუნის 50-70-იან წლებში იყო - შეკავება და დიალოგი.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნიქსონი აშშ-ს ყველაზე ანტიკომუნისტურად განწყობილი პრეზიდენტი იყო, მაგრამ სწორედ მან დაიწყო სსრკ-თან ურთიერთობების განმუხტვა. ნიქსონმა ჩაუყარა საფუძველი ჩინეთთან აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას. მართალია, ეს საქმე ბოლომდე შემდეგმა პრეზიდენტმა კარტერმა დაასრულა.
- თქვენი აზრით, რუსეთთან მიმართებაში დანარჩენი მსოფლიოს შეკავება-დიალოგის პოლიტიკა, სავარაუდოდ, როგორ აისახება საქართველოზე?
- პენსის თბილისში გაკეთებული განცხადებები მოულოდნელი აღმოჩნდა რუსეთის პოლიტელიტისთვის. ახლა მსჯელობენ, ეს პენსის პირადი აზრი იყო თუ ამგვარია საქართველოს მიმართ თეთრი სახლის პოლიტიკა.
იყო ვერსია, რომ პენსი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. მაგრამ ამ რამდენიმე დღის წინ პენსმა ოფიციალურად განაცხადა, რომ იგი 2020 წელს ის პრეზიდენტობაში არ შედავება ტრამპს.
რასაკვირველია, პუტინი ამ განცხადებებს არ გადაყლაპავს და ცხადია, რაღაცას მოიმოქმედებს. სად და როგორ, ეს უკვე სხვა საკითხია. ვნახოთ, პენსის თბილისში გაკეთებულ განცახადებებს მატერიალიზაციის თვალსაზრისით რა მოჰყვება.
ნუ ვიფანტაზიორებთ, - საქართველოს ნატოში შესვლა გამორიცხულია. იმიტომ რომ, ეს მხოლოდ ამერიკაზე არ არის დამოკიდებული. გერმანია და საფრანგეთი ამას ცოცხალი თავით არასოდეს დაუჭერს მხარს. არ არის გამორიცხული, აშშ-სა და საქართველოს შორის იმ ტიპის ორმხრივი სამხედრო კავშირი დამყარდეს, როგორიც აშშ-ს სამხრეთ კორეასთან, იაპონიასთან, ანდა როგორიც ვაშინგტონს ნახევრად ოფიციალურად ისრაელთან აქვს.
აშშ-ს სახელმწიფო უწყებებს ევალება ყოველ სამ თვეში ერთხელ დეტალური მოხსენება წარუდგინოს კონგრესს თუ როგორ მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულება... როგორ ახდენს რუსეთი თავისი ”რბილი ძალით” დემოკრატიის დისკრედიტაციას, ქსენოფობიისა და ულტრანაციონალისტური იდეოლოგიის გაღვივებას და დასავლური დემოკრატიის წინააღმდეგ განწყობების გაჩენას

ახლა ამერიკა სწავლობს უკრაინისთვის ახალი ტიპის სამხედრო იარაღის გადაცემის საკითხს. ამ თემაზე გადაწყვეტილება უახლოეს ორ კვირაში იქნება მიღებული. თუ პენსის განცხადებებს მართლაც რეალური და კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვა, ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი საუბარი აშშ-სა და საქართველოს შორის სამხედრო სფეროში მართლაც სერიოზულ თანამშრომლობაზე - განცხადებები რომ საკმაოდ ხმამაღალი იყო, ვნახეთ.
ამერიკაში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტს აქვს ორი როლი. ერთი, როგორც აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტები ხუმრობით ამბობენ - მან ყოველ დღე უნდა რეკოს თეთრ სახლში და იკითხოს თუ როგორია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მეორე კი ის გახლავთ, რომ შეასრულოს პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი შიკრიკის როლი. რასაც პრეზიდენტი სხვადასხვა მიზეზების გამო საჯაროდ ვერ თუ არ იტყვის, იმ ტიპისა და სახის განცხადებები აკეთოს. სანამ პრეზიდენტმა კენედიმ ვიეტნამში ვიცე-პრეზიდენტი ჯონსონი არ გაგზავნა, მანამდე არ დაუწყია ვიეტნამში ჯარების შეყვანა.
თუ პენსის თბილისში გაკეთებული განცხადებები ტრამპის მიერ იყო ვიზირებული, მაშინ საქართველოსთან დაკავშირებით პროცესები იმაზე სწრაფად განვითარდება, ვიდრე აქამდე იყო მოსალოდნელი.
- ცხადია, ასეთ ფონზე პუტინის სოხუმში ჩასვლა ბევრი თვალსაზრისით მრავლისმეტყველი და სიმბოლურია...
- ჩვეთვის ეს იქნება ძალიან ცუდი სიგნალი. ეს გარკვეულ წილად იქნება კრემლის დემონსტრაციული პასუხი პენსის განცხადებებზე, რომელმაც თქვა, რომ აშშ საქართველოს გვერდითაა, რომ ეს ტერიტორიები ოკუპირებულია და ასე შემდეგ. გარდა იმისა, რომ ამას დასავლეთისათვის მხოლოდ ფსიქოლოგიური ეფექტი ექნება, ასევე გაგონილი იქნება პუტინის პასუხიც - თქვენ რასაც არ უნდა ამბობდეთ და ვისაც რასაც არ უნდა პირდებოდეთ, ამ თემებზე საბოლოო სატყვა ჩემზეა დამოკიდებული.
ამერიკის პოლიტიკურ ელიტაში რუსეთთან მიმართებაში არსებობს კონგრესის მიერ დამტკიცებული კონსესუსი, რომელსაც ვერავითარი რუსული ”რბილი ძალა” და პუტინის რევერანსები ვერ შეცვლის

მაგრამ, მე უკვე ვახსენე, რომ პუტინის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფ ტილერსონთან ფლირტი აქვს გაჩაღებული და ეუბნება - ოღონდ თქვენ შეწყვიტეთ კონფრონტაცია და მზადა ვართ სამეგობროდ. პარალელურად გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის ახალმა წარმომადგენელმა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას ვეტო არ დაადო. როგორც ვხედავთ, რუსეთის პოლიტიკა წინააღმდეგობრივია, მაგრამ ახლა მთავარი ისაა, ჩვენ არ დავუშვათ რამე შეცდომა.
- აკადემიკოსი სანდრო თავლჭრელიძე თვლის - ”ჩვენი ხელისუფლება სწორად იქცევა, არავითარ შემთხვევაში იგი არ უნდა აყვეს ”ნაცმოძრაობის” პროვოკაციას და რუსეთთან მიმართებაში თავისი პოლიტიკა არ უნდა გაახისტოს”. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის მიმართ ჩვენი ხელისუფლების რიტორიკა გაწონასწორებულია, მაგრამ ევროპისა და ნატოს მიმართულებით საკმაოდ თანმიმდევრული და კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. გასაგებია, რომ თავისივე პრობლემებით დამძიმებული კრემლი ამას არ თუ ვერ იმჩნევს, მაგრამ ასეთი ვითარება რომ შეუმჩნეველი არ და ვერ დარჩება, ეგეც ფაქტია. შეიძლება ითქვას, რომ ახლა ხელისუფლება რუსეთის მიმართ სწორ პოლიტიკას ატარებს?
- შეიძლება ითქვას, რომ მთლიანობაში, ჩვენი ხელისუფლების კურსი რუსეთის მიმართ უფრო სწორია, ვიდრე მცდარი. მაგრამ, სტრატეგიული თვალსაზრისით იგი განჭვრეტად მომავალში საკმაოდ დიდი საფრთხეების შემცველია. დიპლომატიური ანბანური ამბავია - საშიშია ყველა კვერცხის ერთ კალათში ჩაწყობა.
აშშ-სა და რუსეთს შორის კონფრონტაცია აუცილებლად იქნება, მაგრამ, ჩემი აზრით, დაახლოებით იქნება ისეთი რამ, რაც გასული საუკუნის 50-70-იან წლებში იყო - შეკავება და დიალოგი

ჩემი პოზიცია ასეთია - აუცილებელია რუსეთთან დიალოგი. შესაძლოა მან არაფერი არ მოგვიტანოს, მაგრამ ყველა შემთხვევაში სწორი დიალოგი ეფექტიანი იქნება. ამაზე რიშელიემ თავის ანდერძში ზუსტად ჩამოწერა.
რუსეთს უნდა საქართველო იყოს გავლენის მისი სფეროში, მაგრამ არ უნდა საქართველო იყოს იმდენად სუსტი, რომ აქედან რადიკალური ისლამური საფრთხე ჩრდილოეთ კავკასიას მიედოს.
ამიტომ დიალოგი საჭიროა, მაგრამ არა ისეთი, ამას წინათ ”პარიოტთა ალიანსს” რომ ჰქონდა - ჩავიდნენ და დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. ესენი იმასაც ვერ მიხვდნენ, რომ ამ კომიტეტში შეხვედრებით ისინი საქართველოს დსთ-ს წევრად განიხილავენ. ჯერ ერთი, არ უნდა ჩასულიყვნენ, ვინაიდან თუ დიალოგი იწყება, იგი იმ პირებთან უნდა გამართო, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს. თუ მაინცდამაინც ჩასვლა უნდოდათ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში უნდა გაემართათ შეხვედრები.
არ არის გამორიცხული აშშ-სა და საქართველოს შორის იმგვარი ორმხრივი სამხედრო კავშირი დამყარდეს, როგორიც აშშ-ს სამხრეთ კორეასთან, იაპონიასთან ანდა ნახევრად ოფიციალურად ისრაელთან აქვს

მოსკოვიდან ჩამოსულმა ადა მარშანია რომ თქვა - ჩვენ გვისაყვედურეს ნატოში სწრაფვის გამოო - კი მაგრამ, ის რატომ არ თქვა, მან პასუხად რა უთხრა? უთხრა კი, რომ რუსეთი ოკუპანტია და რა უპასუხა დეპუტატ კოლესნიკოვს, რომელმაც ამათ პირში უთხრა - როცა მინდა მაშინ ჩავალ თავისუფალ, სუვერენულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიო, ესენი კი ზრდილობიანად უკრავდნენ თავს. ეს რა დიპლომატია და მოლაპარაკებაა?
მე როცა ვამბობ, რომ რუსეთთან დიალოგის მომხრე ვარ ვგულისხმობ, დიალოგი უნდა იყოს პროფესიული და ღირსების დაცვით. და არა ისე, რომ შესაძლოა, საქართველო დსთ-ს წევრი გახდეს.
- გასაგებია. აგვისტოს ომის შემდეგ 9 წლის გასვლის შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს დღის წესრიგი, სავარაუდოდ, როგორი უნდა იყოს?
- 2008 წლის აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავზე საქართველოს გაუჩნდა ისეთი შანსები, როგორიც მას 2008 წელს არ ჰქონია. ერთდროულად გაიზარდა შანსებიც და გამოწვევების საფრთხეებიც. როგორც არასდროს, საჭიროა ქართულმა დიპლომატიამ ოსტატობა გამოავლინოს.
გამორიცხულია, პენსი დღეს ტრამპის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდეს. ახლა ამ პოზიციებს მატერიალიზაცია სჭირდება. ამ საქმეში თავისი სიტყვა ქართულმა დიპლომატიამ უნდა თქვას. ეს ეხება ჩვენს დიაპლომატიას არა მარტო ამერიკაში, არამედ ევროპაშიც. ვერა და ვერ გაუჩინეთ გერმანიასა და საფრანგეთს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიმართ სიმპათიები.
ამათ, რუსი კოლეგებისთვის იმის თქმაც ვერ გაბედეს, თუ რატომ მიდიან საქართველო და სხვა ქვეყნები ნატოში. იმიტომ მიდიან, რომ ყველამ იცის, რა არის რუსეთი. ის, რომ რუსეთს საქართველოს ნატოში შესვლა არ უნდა, ამას რად უნდოდა დელეგაციის მოსკოვში ჩასვლა. ეს ხომ ჩვენ ისედაც ვიცოდით.
შექმნილ ვითარებაში, საქართველოს ერთადერთი ხსნა აშშ-სთან სამხედრო სფეროში უფრო რეალური კავშირების დამყარებაა. ვგულისხმობ იურიდიულად გაფორმებულ კავშირს, რომლითაც აშშ ვალდებული იქნება საჭიროების შემთხვევაში დაიცვას საქართველო.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”




მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები