არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4863
EUR
1 EUR
2.9405
RUB
100 RUB
4.3181
20-10-2017
რამაზ საყვარელიძე - თუ რუსეთი არაფრის დათმობას არ აპირებს, საქართველოს მხრიდან პირდაპირი დიალოგის ინიციატივას აზრიც არა აქვს
09:19 11-08-2017
რამაზ საყვარელიძე - თუ რუსეთი არაფრის დათმობას არ აპირებს, საქართველოს მხრიდან პირდაპირი დიალოგის ინიციატივას აზრიც არა აქვს საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, ვინაიდან შემოდგომაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დაგეგმილი, თქვენი აზრით, ჩვენი საშინაო პოლიტიკის უმთავრესი და ყველაზე დიდი პრობლემა რაში მდგომარეობს?
- რთული კითხვაა. მასზე მზა პასუხი, წესით, პოლიტიკოსებს უნდა ჰქონდეთ, მათი საქმეა იმ პრობლემის პოვნა, რომლიდანაც სხვა პრობლემები გამომდინარეობს. ახლა, მყისიერად ის აზრი მიჩნდება, რომ ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდი პრობლემაა კომპეტენციის დეფიციტი.
ეს, ერთის მხრივ, ბუნებრივია, რადგან დემოკრატიის პირობებში არ გვიცხოვრია და ახლა ვსწავლობთ. მეორეს მხრივ, კომპეტენციის, ანუ ცოდნის ხარისხი კლებულობს სკოლაში, მეცნიერებაში, სადაც ადრე შედარებით მაღალი დონე გვქონდა. ალბათ გამოსწორდება ეს მდგომარეობა, მაგრამ ამჟამად დასაფიქრებელია. მე მგონი, კომპეტენციის პრობლემა გვაქვს პოლიტიკაშიც, სადაც კომპეტენტურობა ყველაზე რთულია.
კომპეტენციის პრობლემა გვაქვს პოლიტიკაშიც, სადაც კომპეტენტურობა ყველაზე რთულია

პოლიტოლოგია ყველამ შეიძლება ისწავლოს, მაგრამ პოლიტიკოსობა არ ისწავლება. ცოდნასთან ერთად პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს უნარი მოიპოვოს ხალხის ნდობა, რათა ამ გზით მოვიდეს ხელისუფლებაში. ბოლო არჩევნები, სოციოლოგიური გამოკვლევები, თქვენთან გამოქვეყნებული პარტიების შემოწირულობები, ყველაფერი მიუთითებს, რომ პარტიების მიმართ ნდობის ხარისხი დაბალია, ანუ პოლიტიკოსებს არ ჰყოფნით ნდობის მოპოვებისთვის საჭირო კომპეტენცია.
ეს ყველაზე მეტად ითქმის ოპოზიციურ პარტიებზე. ”ნაცმოძრაობა” მხოლოდ მეტ-ნაკლებად ინარჩუნებს თავის ერთგულ ამომრჩეველს, ამომრჩევლების რიცხვს ვერ ზრდის. დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს საპარლამენტო ბარიერის გადალახვა აქვს საოცნებო. „რესპუბლიკურ პარტიას“, რომელიც კომპეტენტურ პოლიტიკურ ჯგუფად ითვლება, 20 ლარი შესწირეს, ანუ 20-ლარად შეაფასა ეს პარტია გულშემატკივარმა. ეს მიუთითებს, რომ კომპეტენციის გაგებაა არასწორი.
დღევანდელმა ოპოზიციამ ხალხის ნდობა ვერ მოიპოვა მაშინაც კი, როცა ეს ხალხი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი. ამას მოახერხება უნდა. მეტი რა არგუმენტი სჭირდება ოპოზიციას დაფიქრებისთვის. ამ დროს, ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციის ერთი და იგივე პოლიტიკოსები ერთსა და იმავეს ლაპარაკობენ სიტუაციის ცვლილების მიუხედავად, რაც ანელებს მათდამი ინტერესს. პოლიტიკოსი უნდა გრძნობდეს ამას და ცვლიდეს სტრატეგიას.
ოპოზიციის სისუსტე მარტო ოპოზიციის პრობლემა რომ იყოს, სალაპარაკო არ იქნებოდა. ამ სისუსტის შედეგად ქვეყანა რჩება ერთპარტიული მართვის პირობებში, რაც მოადუნებს ნებისმიერ სახელისუფლო პარტიას. სპრინტერმა თუ კონკურენტის სუნთქვა არ იგრძნო კეფასთან, თუ კონკურენტი ძალიან ჩამორჩება, თავად სპრინტერს აღარ აქვს წინსწრფვის მუხტი.
ოპოზიცია არ აღმოჩნდა კომპეტენტური, რითაც მმართველი პარტია დატოვა კონკურენციის გარეშე და ეს მიმაჩნია შიდა პოლიტიკის ცენტრალურ პრობლემად

იგივეა პოლიტიკაშიც. ოპოზიცია არ აღმოჩნდა კომპეტენტური, რითაც მმართველი პარტია დატოვა კონკურენციის გარეშე და ეს მიმაჩნია შიდა პოლიტიკის ცენტრალურ პრობლემად. წინ წამოსაწევია ახალგაზრდები. პოლიტიკაში ახალი თაობის მოსვლის და ახალი იდეების შემოტანის გარეშე ჯანსაღი პოლიტიკური ცხოვრება არ დამკვიდრდება. პარადოქსულია, მაგრამ პოლიტიკაში ახალი ძალების შემოყვანის ტენდენციას მმართველი პარტია უფრო ამჟღავნებს, ვიდრე ოპოზიციური პარტიები. ვნახოთ, ამ მხრივ რას შემოგვთავაზებს მომავალი არჩევნები.
- წლის პოლიტიკურ შედეგებზე სრულ და ამომწურავ პასუხებს ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მივიღებთ, მაგრამ ახლა, როცა პოლიტიკურ პარტიებს აქტიურად აქვთ დაწყებული ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადება, ალბათ უპრიანიცაა, მათ ძირითადი პოლიტიკური ძალების ”სპორტულ ფორმაში” ყოფნაზე ვისაუბროთ.
თქვენ დაკვირვებით, პოლიტიკური თვალსაზრისით როგორ სპორტულ ფორმაში არიან ქართული პოლიტიკური რუკის ძირითადი აქტორები?

- ადრე, როცა არჩევნების დროის ჩასმა სურდათ კონსტიტუციაში, დაიწყეს იმ პერიოდის ძებნა, როცა მოსახლეობის დიდ ნაწილს საარჩევნო უბნამდე მისვლაში ხელს არ შეუშლიდა არც თოვლი და არც არდადაგები. ამ ნიშნით შეირჩა შუა შემოდგომა. ეს გადაწყვეტილება სხვა პრობლემებს აჩენს. რადგან წინ ზაფხულია, ყველა არჩევნებში საარჩევნო კამპანია, რეალურად, სექტემბრიდან იწყება. ანალოგიური მდგომარეობაა ახლაც.
კი იძლევიან კანდიდატები ინტერვიუებს, მაგრამ ამის გარდა არ იგრძნობა მარათონის დაძაბულობა. მე მგონი, ყველა სექტემბერს ელოდება. ამიტომ, სპორტული ფორმის განჭვრეტა სიცხით გათანგულ პოლიტიკოსებში, რომლებსაც ამომრჩეველიც არ ეგულებათ ადგილზე, ცოტა ძნელია.
მედიაში აქტიურობით კალაძე გამოირჩევა, ის აშკარად საბრძოლოდ არის განწყობილი... ბრძოლის ჟინი ეტყობა ელისაშვილსაც. მრჩება შთაბეჭდილება, რომ თბილისის მერობის დანარჩენი კანდიდატები შემოდგომის დადგომას ელიან

მედიაში აქტიურობით, მე მგონი, მაინც კალაძე გამოირჩევა, ის აშკარად საბრძოლოდ არის განწყობილი. მედიის მიხედვით ბრძოლის ჟინი ეტყობა ელისაშვილსაც. მრჩება შთაბეჭდილება, რომ თბილისის მერობის დანარჩენი კანდიდატები შემოდგომის დადგომას ელიან.
- თუ ვინ გახდება თბილისის მერი, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის აქტუალური თემაა, მაგრამ თუ იგივე ”ქართული ოცნების” წინასაარჩევნო აქტიურობას დავაკვირდებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველი გუნდის სახელით პოლიტიკურ მოედანზე მხოლოდ კახა კალაძეა. არსად ჩანან რეგიონებში ”ქართული ოცნების” ლიდერები, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების ამბიციები უნდა ჰქონდეთ. წინასაარჩევნოდ ”ქართული ოცნებიდან” პოლიტიკურ სცენაზე რატომ ჩანს მარტო კახი კალაძე?
რატომ არ ცდილობს ”ქართული ოცნება” გაგვაცნოს თავისი რეგიონალური ლიდერები, რომელთაც დაეკისრება პასუხისმგებლობა რეგიონებში თვითმმართველობის ორგანოების შემდგომ განვითარებაზე? წინასაარჩევნოდ სამხარეო ადმინისტრაციებში საკადრო ცვლილებას არ ვგულისხმობ...
- მე მგონია, რომ მმართველი პარტიაც სექტემბერს ელოდება. ამავე დროს, ალბათ, გადაწყვეტილების მიღებაც უძნელდებათ, რადგან მმართველი პარტიისგან წარდგინების მსურველი ბევრი იქნება.
- ოპოზიციის ლიდერებმა მოუხშირეს საუბარს, რომ თუ ოპოზიცია არ გაერთიანდება, არჩევნებს ხელისუფლება მოიგებს. გასაგებია, რომ არჩევნებში მონაწილეობის სურვილის მქონე არც ერთ პარტიას ხელისუფლებისთვის არჩევნების მარტო მოგების შანსი არ აქვს.
მაგრამ, გაუგებარია, იგივე ”ნაციონალები” და ”ევროპელი დემოკრატები”, ასევე ”გირჩი” და გიორგი ვაშაძის ”ახალი საქართველო” თუ რამ უნდა გააერთიანოს, ვინაიდან, ისინი დიდი ხანი არაა, რაც ერთმანეთს, მართალია, სკანდალების გარეშე, მაგრამ მაინც გაეყარნენ...
თქვენ როგორ შეაფასებდით იმ პროცესს, რომელსაც ახლა ადგილი აქვს იმ პოლიტიკურ ძალებში, რომლებიც წინა ხელისუფლებასთან აქტიურად არა მხოლოდ თანამშრომლობდნენ, არამედ აქტიურად უჭერდნენ მხარს? რა თქმა უნდა, მხედველობაში მაქვს განცხადებები გაერთიანების აუცილებლობის შესახებაც...

- ადრეც ხშირად უთქვამთ და ახლაც გაიხსენეს, რომ „ძალა ერთობაშია“. ოღონდ გასათვალისწინებელია, რომ ეს პრინციპი არჩევნებში ყოველთვის არ ამართლებს. თქვენი მაგალითისა არ იყოს, „ნაციონალებს“ და „ევროპელ დემოკრატებს“ დღეს სხვადასხვა ამომრჩეველი ჰყავს, რომლისთვისაც მეორე პარტია მიუღებელია. ამ პარტიებმა თუ საერთო კანდიდატი წამოაყენეს, როგორც ერთის, ისე მეორის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი შეიძლება საერთოდ არ წავიდეს არჩევნებზე და ამომრჩეველთა რიცხვი გაზრდის მაგივრად შეიძლება შემცირდეს.
გაერთიანება აზრს იძენს, თუ მოსახლეობისთვის კატეგორიულად მიუღებელია მმართველი პარტია და მისაღებია მისი კონკურენტი... გაერთიანება ოპოზიციისთვის შედეგის მომტანი არ იქნება და ეს კიდევ უფრო დააგდებს მის რეიტინგს

გაერთიანება აზრს იძენს, თუ მოსახლეობისთვის კატეგორიულად მიუღებელია მმართველი პარტია და მისაღებია მისი კონკურენტი. ამგვარი სიტუაცია იყო 2012 წელს. დღეს ეს სიტუაცია არაა. საზოგადოების დიდ ნაწილში არც მმართველი პარტიაა მიუღებელი და არც ოპოზიციის მიმართ არის ნდობის მაღალი ხარისხი, მით უმეტეს - წინა ხელისუფლებასთან ადრე დაკავშირებული ოპოზიციის მიმართ. ამიტომ, ვვარაუდობ, რომ გაერთიანება ოპოზიციისთვის შედეგის მომტანი არ იქნება და ეს კიდევ უფრო დააგდებს მის რეიტინგს.
- თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა და ახლა თბილისის მერობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციურ ძალებს გაერთიანებაზე უარი უთხრა. ოპოზიციას გაერთიანებაზე ასევე უთხრა უარი ”შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა. ბევრი მიზეზის გამო ორივეს უარი აბსოლუტურად გასაგებია.
ვითარებაში, როცა 62%-ს არ აქვს გადაწყვეტილი ვის დაუჭერს მხარს, 37%-ს არც ერთი პარტიის სიმპათიები არ აქვს, საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგად ქართულ პოლიტიკურ ველზე ახალი და ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ფიგურები გაჩდნენ. თუ პროცესები სწორედ ასე განვითარდა, თქვენ აზრით, პერსპექტივაში რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესს?

- თქვენს მიერ მოტანილი პროცენტები იმის განმტკიცებაა, რასაც ზემოთ ვამბობდი პარტიების მიმართ საზოგადოების სკეპტიკურ დამოკიდებულებაზე. დიდია იმის ალბათობა, რომ ეს სკეპტიკური ხმების დიდი ნაწილი ელისაშვილისკენ წავიდეს, რაც მას მართლაც გადააქცევს უფრო მეტად ანგარიშგასაწევ ფიგურად. ვნახოთ, ეს ერთეული შემთხვევა იქნება, თუ რეგიონებშიც გახშირდება უპარტიო კანდიდატები.
თუ მათი რიცხვი დიდი იქნა და თუ ისინი მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწევენ, შესაძლებელია მივიღოთ ახალი ტიპის პოლიტიკური სინამდვილე. ჯერ ამ სიახლეზე მკითხაობა ნაადრევი მეჩვენება.
დიდია იმის ალბათობა, სკეპტიკური ხმების დიდი ნაწილი ელისაშვილისკენ წავიდეს, რაც მას მართლაც გადააქცევს უფრო მეტად ანგარიშგასაწევ ფიგურად. ვნახოთ, ეს ერთეული შემთხვევა იქნება, თუ რეგიონებშიც გახშირდება უპარტიო კანდიდატები

რაც შეეხება უახლოეს პერსპექტივას, იგი მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადია. ადგილობრივი თვითმმართველობა იმდენად არის დამოკიდებული ცენტრალურზე, რომ უპარტიომ ან ოპოზიციური პარტიიდან გასულმა თანამდებობის პირმა ან უნდა ითანამშრომლოს მმართველ პარტიასთან, ან დაუპირისპირდეს მას და შეამზადოს რევოლუცია. რევოლუციური დაპირებები ისმის უდუმაშვილისგან, რაც მისი პოლიტიკური პლატფორმიდან გასაგებია, მაგრამ ამ დაპირისპირებაში საზარბაზნე ხორცად გადაიქცევა მოსახლეობა.
- ”პატრიოტთა ალიანსმა” შემოდგომაზე აქციები დაანონსა, რომელთა მოთხოვნა იქნება - ნატო-საქართველო-რუსეთის ფორმატის შექმნა, პირდაპირი დიალოგი კრემლთან და კანონის ”ოკუპაციის შესახებ” გაუქმება.
ხელისუფლება აცხადებს, რომ კანონში ”ოკუპაციის შესახებ” ცვლილებების შეტანას აპირებს, მაგრამ რაც შეეხება რუსეთთან პირდაპირ დიალოგსა და საქართველოს ნატოსთან ურთიერთობის ფორმატში რუსეთთან დიალოგს, - ამგვარი რამ არ იგეგმება. ”პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების მტკიცებით, გარდა იმისა, რომ საქართველოს არაერთ ქალაქში შემოდგომისათვის დაგეგმილი მათი აქციები მრავალრიცხოვანი იქნება, ისინი ამ აქციების ფარგლებში შიმშილობის აქციების დაწყებასაც არ გამორიცხავენ.
დაახლოებით 30 წლის წინ ქართველები რუსული ტანკების გაყვანის მოთხოვნით მართავდნენ აქციებს. თქვენი დაკვირვებით, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წლის შემდეგ რუსეთთან დაახლოების მოთხოვნით აქციების გამართვა პოლიტიკური თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ჩვენი საზოგადოების ნაწილის რა თავისებურებებზე იძლევა მინიშნებებს?

- საბჭოთა ცხოვრებაზე ნოსტალგიის მქონე ადამიანები არიან, მაგრამ ცოტანი. მათი ნოსტალგიაც იმ ძალისა არაა, რომ დროს და შიმშილს გაუძლოს. თანაც, ქართული პოლიტიკური ინსტრუმენტების ნუსხაში აქციები წამყვანი აღარაა, რადგან ხალხის დაყოლიება პოლიტიკოსებს უჭირთ. მიუხედავად ამისა, მცირე ზომის აქციაც შეიძლება გამოადგეს რუსულ პროპაგანდისტულ მანქანას იმის საჩვენებლად მსოფლიოსთვის, რომ ოკუპაციის მიუხედავად, ქართველებს უნდათ რუსეთი. ხოლო ჩვენებისთვის ვიზუალური შთაბეჭდილების შექმნისთვის აქციები საუკეთესო საშუალებაა. იმედია, „პატრიოტთა ალიანსი“ დაფიქრდება ამაზე და არ მოისურვებს გახდეს რუსული პროპაგანდის ბრმა იარაღი.
იმედია, „პატრიოტთა ალიანსი“ დაფიქრდება და არ მოისურვებს გახდეს რუსული პროპაგანდის ბრმა იარაღი

რაც შეეხება პირდაპირი დიალოგის მოთხოვნას, რამდენიმე მცდელობა იყო. რუსეთში წასულმა ვერც ერთმა პოლიტიკოსმა ვერ ჩამოიტანა ამბავი, რისი დათმობა შეუძლია რუსეთს ამგვარი დიალოგის შემთხვევაში. თუ რუსეთი არაფრის დათმობას არ აპირებს, რაც საჯაროდ არაერთხელ განაცხადა,საქართველოს მხრიდან პირდაპირი დიალოგის ინიციატივას აზრიც არა აქვს და, თან, ისევ რუსული პროპაგანდის წისქვილზე დაასხამს წყალს.
- პენსის თბილისში ვიზიტს პრეზიდენტმა პუტინმა აფხაზეთში ვიზიტით უპასუხა. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი დაიცავს აფხაზეთის დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებას. თქვენ როგორ აღიქვით პრეზიდენტ პუტინის ბიჭვინთაში განხორციელებული ვიზიტი და იქ გაკეთებული განცხადებები?
- ადრეც იყო რუსულ პრესაში ლაპარაკი, რომ აფხაზეთში ბევრი პრობლემა დაუგროვდა რუსეთს და პუტინის ჩასვლა იქნება საჭირო. რუსეთს უყვარს ამერიკასთან ჯიბრი და ახლა პენსის ვიზიტს დაამთხვიეს პუტინის ვიზიტი, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთის მოსათვინიერებლად უნდოდა, ალბათ, რუსეთს ეს ვიზიტი. რუს ტურისტებზე გახშირებული თავდასხმების მიზეზით გადაწყდა, რომ წესრიგსაც ერთად დაიცავენ აფხაზები და რუსები.
პუტინის ბოლო ვიზიტით აფხაზეთში კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა აფხაზების დამოუკიდებლობის შეზღუდვისთვის. მწარედ დასცინის ბედი აფხაზებს

ეს იმის გადაწყვეტასაც ნიშნავს, რომ მომავალში აფხაზებს დამოუკიდებელი შეიარაღებული ჯგუფები ლეგალურად აღარ ეყოლება და იარაღიან აფხაზ ჯარისკაცს და პოლიციელს განკარგავს რუსი. ამით რუსეთი გარანტიას იქმნის, რომ აფხაზები ვერ შეძლებენ რუსული პოლიტიკისთვის ძალისმიერი წინააღმდეგობის გაწევას. პუტინის ამ ვიზიტით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა აფხაზების დამოუკიდებლობის შეზღუდვისთვის. მწარედ დასცინის ბედი აფხაზებს.
- მას შემდეგ რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საკმაოდ მკაცრ ეკონომიკურ სანქციებს ხელი მოაწერა, ცხადი გახდა, რომ რუსეთის მიმართ დამოკიდებულებას ევროპის გარდა ვაშინგტონიც გაამკაცრებს. თუ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ პენსის მიერ თბილისში გაკეთებულ განცხადებებსაც გავიხსენებთ, სულ უფრო ცხადად დავინახავთ, რომ დღევანდელ მსოფლიოში 2008 წელთან შედარებით სურათი მნიშვნელოვნად შეცვლილია.
მნიშვნელოვნად შეცვლილი მსოფლიოს პირობებში, უპირველესად მხედველობაში მაქვს რუსეთთან დაკავშირებით მსოფლიო პოლიტიკის ძირითადი მოთამაშეების დამოკიდებულების შეცვლა, თქვენი აზრით, რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული საზოგადოება?

- მართლაც, ძნელია საერთაშორისო ურთიერთობების ანალოგიური კონფიგურაციის გახსენება. ერთი ფაქტორიც განასხვავებს დღევანდელობას 2008 წლიდან. მაშინ რუსეთი ეკონომიკურ აღმავლობას განიცდიდა, დღეს იგი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია. ახალი სანქციები კიდევ უფრო დაამძიმებს ამ მდგომარეობას.
ბევრი უცხოელი ექსპერტი შიშობს, რომ კედელთან მიყენებულმა რუსეთმა შეიძლება სადმე ომი გააჩაღოს იმისთვის, რომ მის მოსახლეობაში აღარ გაჩნდეს ეკონომიკური პრეტენზიები. ეს შიში საფუძვლიანია.
ჩვენ რუსული აგრესიის საფრთხე, ალბათ, არ გვემუქრება, რადგან რუსეთს ხანგრძლივი ომი ესაჭიროება... ოღონდ, საჭიროა სიფრთხილე და მეთოდურად იმ კურსის გაგრძელება რასაც ვადგავართ, რადგან თუ მომავალში რუსეთში სტაბილურობა მოირღვა, დასავლეთის მხარდაჭერა უფრო მეტად დაგვჭირდება

ჩვენ რუსული აგრესიის საფრთხე, ალბათ, არ გვემუქრება, რადგან რუსეთს ხანგრძლივი ომი ესაჭიროება, ხოლო საქართველოს ერთ საათში აიღებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ოღონდ, სხვისი დასარტყმელი ჯოხი რომ ჩვენ არ მოგვხვდეს, საჭიროა სიფრთხილე და მეთოდურად იმ კურსის გაგრძელება, რასაც ვადგავართ, რადგან თუ მომავალში რუსეთში სტაბილურობა მოირღვა, დასავლეთის მხარდაჭერა უფრო მეტად დაგვჭირდება.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”





მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები