არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5451
EUR
1 EUR
3.1058
RUB
100 RUB
4.5069
17-01-2018
გია ხუხაშვილი - თბილისის მერის არჩევნებში ინაშვილის შემოსვლამ მნიშვნელოვნად გააძლიერა მეორე ტურის ალბათობის შესაძლებლობა
17:52 19-08-2017
გია ხუხაშვილი - თბილისის მერის არჩევნებში ინაშვილის შემოსვლამ მნიშვნელოვნად გააძლიერა მეორე ტურის ალბათობის შესაძლებლობა საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა.
- ბატონო გია, პარლამენტში საკონსტიტუციო საკითხებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა. შეხვედრის შედეგებზე ორივე მხარის წარმომადგენლებისგან განსხვავებული შეფასებები მოვისმინეთ.
ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლება მზად არ აღმოჩნდა პასუხი გაეცა მთავარ კითხვაზე - 2020 წელს ჩატარდებოდა თუ არა საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით. იმან, რაც ჩვენ ამ შეხვედრის შედეგებზე მოვისმინეთ, რა შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე და სავარაუდოდ, როგორ წარიმართება საკონსტიტუციო პროცესი?

- ჯერჯერობით, მაინც რთული სათქმელია, მაგრამ, ფაქტია, რომ თავად პროცესი უცნაურად მიმდინარეობს. მხედველობაში მაქვს, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა საკონსტიტუციო კომისიაში, მოეწყო საერთო-სახალხო განხილვა, ეს ყველაფერი მიმდინარეობდა იმ დათქმით, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. ამის შემდეგ ხელისუფლებამ უცნაური, მე ვიტყოდი, დრამატული მანევრი ჩაატარა, ორ დღეში პრაქტიკულად წყალში გადაყარა მთელი ის სამუშაო, რომელსაც მანამდე პომპეზურად ატარებდა და კენჭი ორი მოსმენით უყარა მაჟორიტარული სისტემის დატოვებას, რითაც საკონსტიტუციო პროცესი სრულ ფარსად აქცია.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე ორჯერ კენჭისყრით მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთან კონსენსუსისა და მოლაპარაკებების გზა პრაქტიკულად თავად მოიჭრა და ყველაფერი აბსურდს დაამსგავსა... ის, რაც ჩვენ პარლამენტში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით ვნახეთ, ამ აბსურდის გაგრძელება იყო

საკონსტიტუციო ცვლილებებზე ორჯერ კენჭისყრით მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთან კონსენსუსისა და მოლაპარაკებების გზა პრაქტიკულად თავად მოიჭრა. ამის შემდეგ იწყება მეორე უცნაურობა. ამის შემდეგ მათ დაიწყეს საუბარი კონსენსუსზე. სწორედ მაშინ დაემსგავსა საკონსტიტუციო პროცესი ერთ დიდ აბსურდს და ის, რაც ჩვენ პარლამენტში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით ვნახეთ, ამ აბსურდის გაგრძელება იყო.
როდესაც ხელისუფლება ოპოზიციას სასაუბროდ ეძახის, მაგრამ თავად არაფერს ამბობს, ვგულისხმობ მთავარ საკითხსა და დაპირებას, რაც 2011 წლის არჩევნებიდან მოყოლებული ”ქართული ოცნების” არა მხოლოდ დაპირება, არამედ პოლიტიკური ვალდებულებაც იყო.
- უცნაურად გაიჟღერა უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის მოწოდებამ იმის შესახებ, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებას მოთხოვნები წერილობით უნდა წარუდგინოს. ასევე უმრავლესობის წევრის კახა ოქრიაშვილის განცხადებამ - ”მთავარია არა კონსენსუსი, არამედ ხარისხიანი კონსტიტუციის მიღება”...
- რაც შეეხება თალაკვაძის განცხადებას, რომ ოპოზიციამ მოთხოვნები წერილობით წარადგინოს, ნამდვილად გაუგებარია, რადგან თუ წერილობით გინდოდა მოთხოვნების მიღება, ამის სათქმელად მოლაპარაკებების გამართვა საჭირო სულაც არ იყო. თუ ეს უნდოდათ, შეხვედრამდე მოეთხოვათ და ამის შემდეგ მიმჯდარიყვნენ მოლაპარაკების მაგიდას. მმართველი გუნდის მხრიდან ოპოზიციის წინადადებების წერილობით წარმოდგენის მოთხოვნა საკონსტიტუციო პროცესების სრული აბსურდულობის კასკადის გაგრძელება და კიდევ ერთი დადასტურება გახლდათ.
რაც შეეხება ოქრიაშვილის განცხადებას, ამის კომენტირება ყოველგვარ ზღვარს სცილდება. იმიტომ, რომ მაჟოროტარები და მათ შორის ოქრიაშვილი, ის ადამიანები არიან, რომლებმაც 2010 წლის მანკიერ კონსტიტუციას, რომლითაც დღეს ვცხოვრობთ, მხარი დაუჭირეს.
თუ იმ პერიოდს გავიხსნებთ, ჩვენ არ გვახსოვს მისი მოსაზრება, რომ თურმე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისას მთავარია კონსტიტუციის ხარისხი და არა პოლიტიკურ ძალებს შორის კონსენსუსი. ის მაშინ ყველაფერს უპრავებდა სააკაშვილის ხელისუფლებას, მათ შორის 7 ნოემბერს, 26 მაისს, გაყალბებულ არჩევნებს. ახლა ძალიან დაიბოხა ხმა და ”შემტევი” გახდა. ეს ძალიან ყალბ და არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დღეს ხელისუფლება არის სრულ იზოლაციაში. როგორც პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში, არამედ მთლიანად საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან. ამიტომაცაა, რომ მას საკონსტიტუციო პროცესში არც ერთი პარტნიორი არ ჰყავს და იგი რეალურადაა სრულ იზოლაციაში ამ საკითხებში.
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესი ტრაგიკომედიის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს სასაცილოც კი იქნებოდა, მასზე რომ არ იყოს დამოკიდებული ქვეყნის მომავალი და სტაბილური დემოკრატიული განვითარება

შეიძლება ითქვას, ხელისუფლება პოლიტიკურ ბუნკერშია და ამ ბუნკერიდან რაღაცას ღაღადებს. მოისურვებენ ოპოზიციის რომელიღაც ნაწილთან დალაპარაკებას და შემდეგ ისევ თავის ბუნკერში შებრუნდებიან. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესი ტრაგიკომიდიის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს სასაცილოც კი იქნებოდა, რომ მასზე არ იყოს დამოკიდებული ქვეყნის მომავალი და სტაბილური დემოკრატიული განვითარება.
- პრაქტიკულად, წინასაარჩევნო პერიოდში ვართ. თქვენ ზოგადად როგორ დაახასიათებდით წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არსებულ ვითარებას?
- ჩემი აზრით, ჩვენ პოლიტიკური ელიტის ღრმა კრიზისი გვაქვს. არა მხოლოდ პერსონალურად ვგულისხმობ ვინმეს, არამედ პარტიებსაც. ვთვლი, რომ ქვეყანაში ალტერნატიული იდეების სერიოზული დეფიციტია. პარტიები საზოგადოებასთან ვერ დებენ ხიდებს, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემდა ახალი იმპულსი შესძენოდა როგორც საზოგადოებას, ისე მთელ პოლიტიკურ პროცესს, რაც თავის მხრივ, პროცესების დინამიური განვითარების საშუალებას მოგვცემდა.
ჩემი აზრით, ესაა მთავარი პრობლემა. ვფიქრობ, წინასაარჩევნო პერიოდი სწორედ ამგვარი კრიზისის შესაბამისად მიმდინარეობს. დღეს ჩვენ ამომრჩეველს არა აქვს ღირსეული არჩევანი. ფაქტობრივად, ის ისევ და ისევ დარჩენილია ნეგატიური არჩევანის პირისპირ - ანუ, ცუდსა და უარეს შორის.
საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი თვლის, რომ მას ჰყავს ცუდი ხელისუფლება და აგრეთვე ცუდი ოპოზიცია. ნეგატიური არჩევანის პირობებში ამომრჩეველი აკეთებს არჩევანს არა იდეების, ან მომწონს-არმომწონს პრინციპით, არამედ იმ პრინციპით თუ ვინ მეტს გადაიხდის. ვინაიდან ამომრჩეველს უკეთესობის იმედი არ აქვს, მზადაა ერთჯერადად გაიყიდოს. არ ვგულისხმობ მაინცდამაინც ფულის გადახდას - ხმას მისცემს იმას, ვინც გზას დაუგებს, ან წყალს გაუყვანს.
ჩვენ პოლიტიკური ელიტის ღრმა კრიზისი გვაქვს... საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი თვლის, რომ მას ჰყავს ცუდი ხელისუფლება და აგრეთვე ცუდი ოპოზიცია ჩვენ დღეს გვყავს პოლიტიკური ელიტა, რომელიც ან მძიმე წარსულით არის დამძიმებული ან მუდმივად წარუმატებელია, რაც ამომრჩევლისთვის აგრეთვე არ არის საინტერესო

ამ არჩევნებში საგრძნობი უპირატესობა აქვს ხელისუფლებას. ბუნებრივია, რომ მას მეტი რესურსი აქვს იმისათვის, რომ ამომრჩევლისათვის სხვადასხვა სარგებელის გადაგდებით ამომრჩველი ერთჯერადად ”იყიდოს.” თუმცა, არსებობს თბილისის მერის არჩევნების ინტრიგა.
- ამ თემაზე ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ. თქვენ შიდა პოლიტიკის მთავარ პრობლემად იდეების დეფიციტი და არარსებობა დაასახელეთ. თქვენი აზრით, ამის მიზეზი რა შეიძლება იყოს?
- შესაძლოა, ამის მიზეზი იყოს პოლიტიკური ელიტის სისუსტე. არსებული ელიტა საკმაოდ კომპრომეტირებულია, ერთსა და იმავე თემებზე საუბრობენ, მოსახლეობის რეალურ პრობლემებზე ვერ პასუხობენ. ვგულისხმობ უმუშევრობას, სოციალურ პრობლემატიკას. შეიძლება ითქვას, ისინი ხალხს ვერაფერს ფასეულს ვერც პასუხობენ და ვერც სთავაზობენ. ფაქტობრივად, მათი რიტორიკა, პროგრამები და გზავნილები აგებულია ზუსტად იგივე ფორმულებზე, რაც ჯერ კიდევ 90-იან წლებში იქნა გენერირებული და ჩამოყალიბებული. რეალურად, ისინი ხომ ძირითადად ამ ფორმულების გამეორებით არიან დაკავებული. ამას ემატება ის, რომ ისინი კომპრომეტირებულები არიან.
ჩვენ დღეს გვყავს პოლიტიკური ელიტა, რომელიც ან მძიმე წარსულით არის დამძიმებული ან მუდმივად წარუმატებელია, რაც ამომრჩევლისთვის აგრეთვე არ არის საინტერესო. თუ აქამდე არ იყავი წარმატებული, ამომრჩეველი არ ფიქრობს, რომ ისინი მაინცდამაინც მეათე ცდაზე მიაღწევენ წარმატებას.
თბილისის მერის არჩევნებში ინაშვილის შემოსვლამ მნიშვნელოვნად გააძლიერა მეორე ტურის ალბათობის შესაძლებლობა

ყველაფერი ეს არჩევნებისთვის ნეგატიური მუხტის შემცველია. ამომრჩეველი ითხოვს ნორმალურ არჩევანს, ამგვარ არჩევანს მას დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ვერ სთავაზობს. სამწუხაროდ, ახალი პოლიტელიტის ფორმირება ჯერჯერობით ვერ მოხდა.
- ”პატრიოტთა ალიანსმა” მერობის კანდიდატად ირმა ინაშვილი წარადგინა. თქვენი დაკვირვებით, რა კორექტივებს შეიტანს თბილისის მერის არჩევნებისათვის ბრძოლაში კანდიდატებს შორის ირმა ინაშვილის გამოჩენა?
- თბილისის მერობისთვის ბრძოლაში ინაშვილის მონაწილეობამ ფაქტობრივად მეორე ტურის მოლოდინი გააძლიერა და შესაძლოა, გარდაუვალიც კი გახადა. ინაშვილსაც და ელისაშვილსაც მიაქვთ ”ქართული ოცნების” სამობილიზაციო რესურსი. ეს ორი კანდიდატი ხმას ართმევენ არა ”ნაცმოძრაობას”, არამედ სწორედ ”ქართულ ოცნებას”.
ინაშვილმა კიდეც რომ არ მოიგოს არჩევნები, ეს სულაც არ იქნება ამ პარტიის ფიასკო, ვინაიდან, ”პატრიოტთა ალიანსი” შეძლებს საკრებულოში დეპუტატთა გარკვეული რაოდენობის გაყვანას

”ნაცმოძრაობის” ამომრჩეველი კარგა ხნის წინ ჩამოყალიბებული ელექტორალური ჯგუფია. ”ნაცმოძრაობისთვის” ელექტორატის წართმევა პრაქტიკულად შეუძლებელია, შესაბამისად, თბილისის მერის არჩევნებში ინაშვილის შემოსვლამ მნიშვნელოვნად გააძლიერა მეორე ტურის ალბათობის შესაძლებლობა.
მეორე ტური ხელისუფლებისთვის ძალიან დიდი და სერიოზული პრობლემა იქნება, ვინაიდან თუ მეორე ტურში გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი, მაღალია იმის ალბათობა, იგი შეძლებს ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციას. ასეთ შემთხვევაში ”ქართული ოცნების” სახელისუფლებო კანდიდატს შეიძლება სერიოზული პრობლემები შეექმნას.
- სავარაუდოდ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ”პატრიოტთა ალიანსის” გადაწყვეტილება, რომ სწორედ ირმა ინაშვილს მიეღო მონაწილეობა?
- ვფიქრობ, რომ ”პატრიოტთა ალიანსის” მხრიდან აბსოლუტურად ლოგიკური ნაბიჯია, ვინაიდან ”პატრიოთა ალიანსი” პარტიაა და მას თავისი ამოცანები აქვს. მარტო მერობაზე არაა საუბარი. თბილისის საკრებულოში 50 დეპუტატია ასარჩევი. ”პატრიოტთა ალიანსის” სიას თავისი ორთქლმავალი სჭირდება და ასეთი ორთქლმავლის როლი პარტიის ლიდერს ეკისრება ხოლმე. ინაშვილის მერად წარდგენას უკან მოჰყვა კიდევ 50-კაციანი პარტიული სია.
სრული აბსურდია იმის დაჯერება, რომ ირიბად არჩეული პრეზიდენტი ზეპარტიული ფიგურა იქნება

ინაშვილმა კიდეც რომ არ მოიგოს არჩევნები, ეს სულაც არ იქნება ამ პარტიის ფიასკო, ვინაიდან, ”პატრიოტთა ალიანსი” შეძლებს საკრებულოში დეპუტატთა გარკვეული რაოდენობის გაყვანას.
- შეიძლება ითქვას, რომ 2017 წლის ადგილობრივი არჩევნები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გენერალური რეპეტიციაა...
- ბუნებრივია, ეს ასეა. მაგრამ, ადგილობრივი არჩევნები უპირველესად ტესტია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. 2018 წლის არჩევნები უკვე თავისთავად იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნისათვის რეპეტიცია. ჩვენ გვაქვს 3-არჩევნებიანი ციკლი, ყოველი შემდგომი არის მნიშვნელოვანი და ქმნის საფუძველს შემდეგ არჩევნებზე გარკვეული შედეგის მისაღებად
- უმრავლესობის ლიდერები კი აცხადებენ, რომ მათ უნდათ ისეთი კონსტიტუცია, რომლის პირობებში ქვეყანას ზეპარტიული პრეზიდენტი ეყოლება. თუ კონსტიტუციაში დარჩა ჩანაწერი, რომ პრეზიდენტს პარლამენტი აირჩევს, გაუგებარია საკონსტიტუციო უმრავლესობის მიერ არჩეული პრეზიდენტი ზეპარტიული ფიგურა როგორ იქნება?
- სამწუხაროდ, მმართველი გუნდის წევრები აღარ ფიქრობენ იმაზე, რომ მათი განცხადებები იყოს ლოგიკური. ისინი ისვრიან ფორმულას და მათ რატომღაც ჰგონიათ, რომ ის ლოგიკურია თუ არა, საზოგადოება მას დაიჯერებს.
პრეზიდენტის ირიბად არჩევაზე ანდა პრეზიდენტის ინსტიტუტის საერთოდ გაუქმებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკურ ძალებს შორის ბალანსი შედგება. ანუ, უკვე გვექნება ფორმირებული მულტიპარტიული დემოკრატიული სისტემა ხელისუფლებამ საკონსტიტუციო საკითხებზე ძალიან უხარისხოდ იმუშავა. მეტიც, უგუნურად თვითდაზიანებებიც კი მიიყენა

რა თქმა უნდა, ეს სრული აბსურდია იმის დაჯერება, რომ ირიბად არჩეული პრეზიდენტი ზეპარტიული ფიგურა იქნება. იგი სრულიად იქნება დამოკიდებული მმართველ ძალაზე. თუ ზეპარტიულ პრეზიდენტში ხელისუფლება გულისხმობს მარიონეტ პრეზიდენტს, ეს სხვა თემაა და გასაგებია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში საუბარი იქნება არა ზეპარტიულ, არამედ ქვეპარტიულ პრეზიდენტზე. როგორც ჩანს, ისინი საუბრობენ ზეპარტიულ პრეზიდენტზე, მაგრამ მხედველობაში ჰყავთ ”ქვეპარტიული” პრეზიდენტი.
- თქვენი ვარაუდით, პრეზიდენტის არჩევის წესის ნაწილში ახალ კონსტიტუციაში რა დარჩება?
- იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვქონდეს სტაბილური განვითარების პერსპექტივა, ქვეყანას სჭირდება ორი ტიპის ბალანსები. ერთი ინსტიტუციური ბალანსი და მეორე პოლიტიკური ბალანსი.
პოლიტიკური ბალანსი ნიშნავს მულტიპარტიულ დემოკრატიულ სისტემას, ევროპისთვის დამახასიათებელს. როცა ქვეყანაში რამდენიმე თანაბარწონადი პოლიტიკური პარტია არსებობს, რაც ფაქტობრივად თავისთავად აზღვევს ძალაუფლების უზურპაციის შესაძლებლობას.
ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებაზე. მაგრამ, ქვეყანაში, რომელშიც პოლიტიკურ ძალთა შორის ბალანსი რეალურად არ არსებობს და მთელს უახლოეს ისტორიაში საქმე გვაქვს პოლიტიკურ პროცესში ერთი პარტიის დომინირებასთან, პრეზიდენტის ინსტიტუტის სახით ინსტიტუციური ბალანსის შენარჩუნება ბუნებრივი იქნებოდა. პრაქტიკულად იგი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელიც კია.
ვფიქრობ, შექმნილ ვითარებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმან უნდა აიღოს, ვინც საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობდა ანუ პარლამენტის თავმჯდომარემ

არსებულ ვითარებაში პრეზიდენტის ირიბად არჩევაზე საუბარი სრული კატასტროფაა, ვინაიდან ჩვენ პოლიტიკურ ძალთა შორის ბალანსი ვერანაირად ვერ გვექნება. ამიტომაცაა რომ ვამბობ - ჩვენ პრეზიდენტის ირიბად არჩევაზე ან პრეზიდენტის ინსტიტუტის საერთოდ გაუქმებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკურ ძალებს შორის ბალანსი შედგება. ანუ, უკვე გვექნება ფორმირებული მულტიპარტიული დემოკრატიული სისტემა.
ეს კი ნიშნავს ქვეყანაში ისეთი რამდენიმე პარტიის არსებობას, რომლებიც ერთმანეთს იმდენად დააბალანსებენ, რომ ძალაუფლების უზურპაცია შეუძლებელი იქნება. პრეზიდენტის ირიბად არჩევა კი ქვეყანაში ერთი პოლიტიკური ძალის მიერ ძალაუფლების უზურპაციის შესაძლებლობას ერთიათად ზრდის.
- გახშირდა საუბარი საპარლამენტო არჩევნების უბარიეროდ ჩატარებაზე. 1,5%-იან ბარიერს ბევრი პარტია გადალახავს. ასეთ ვითარებაში საკმაოდ ჭრელ და არაეფექტურ პარლამენტს მივიღებდით. ჩვენ გვახსოვს პარლამენტი იმელის შენობაში, სადაც უამრავი პარტია იყო წარმოდგენილი.
მართლაც საინტერესო პარლამენტი კი იყო, ვგულისხმობ შემადგენლობას, მაგრამ იგი იმავდროულად აშკარად არაეფექტური იყო. თან მაშინ პოლიტიკურ არენაზე იყო პოლიტიკური თამაშების დიდოსტატი ედუარდ შევარდნაძე. მისი წონის ფიგურები ახლა პოლიტიკურ ველზე აშკარად არ ჩანან, შესაბამისად, გაუგებარია, ვის მოუვიდა აზრად უბარიერო არჩევნების ჩატარებაზე საუბარის დაწყება...

- სწორს ბრძანებთ. ჩვენ უნდა გვესმოდეს, როდესაც ხელისუფლებამ ეს იდეა ისროლა, ის მაშინ სახელმწიფო ინტერესზე არ ფიქრობდა და არც იმაზე უფიქრია, თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო შემდეგი პარლამენტი.
ცხადია, მათ როცა ამაზე დაიწყეს საუბარი, ჰქონდათ კონკრეტული ამოცანა - ეს თემა მათთვის პოლიტიკური ტაქტიკის თემა იყო. ვარაუდობდნენ ერთკაციანი პარტიებისთვის ძვლის გადაგდებას და მათთან გარიგების საფუძველზე კონსენსუსის ფასადის შექმნას. ეს იყო ხელისუფლების ამოაცანა და არა ის, შემდეგი პარლამენტი თუ როგორ ეფექტური იქნებოდა.
- თავიდანვე რომ უბარიერო არჩევნების ჩატარებაზე ესაუბრათ, მეტ-ნაკლებად კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ ახლა ნამდვილად აშკარად გაუგებარია...
- ზუსტად ამაშია საქმე, ხელისუფლებამ საკონსტიტუციო საკითხებზე ძალიან უხარისხოდ იმუშავა. მეტიც, ჩემი აზრით, უგუნურად თვითდაზიანებებიც კი მიიყენა. რაც გასაკეთებელი იყო გუშინ, იმის კეთება ზეგ დაიწყეს. გარდა იმისა, რომ ეს პროცესი სახელმწიფოსათვის დამანგრეველია, მმართველმა გუნდმა ამ პროცესში საკუთარი ინტერესებიც კი ვერ გაატარა. და საბოლოო ჯამში აღმოჩნდნენ იმ ბუნკერში, რაზეც საუბრის დასაწყისში მოგახსენეთ.
ვფიქრობ, შექმნილ ვითარებაზე ვიღაცამ პოლიტიკური პასუხიმგებლობა უნდა აიღოს. ასეთი ფიგურა ვინ არის? ვინც საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობდა, ანუ პარლანენტის თავმჯდომარე.
სიმპტომატიური იყო ალბათ ის, რომ ოპოზიციასთან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არ დასწრებია. მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო სექტორთან, ასევე ვენეციის კომისიასთან გაიარეს კონსულტაციები და შეათანხმეს, ამის შემდეგ გვითხრეს, რომ თურმე გუნდში არ აქვთ თანხმობა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე.
- ის, რომ ოპოზიციასთან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე არ დასწრებია, ეს მმართველი გუნდიდან მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯია თუ ამის უკან სხვა რამ შეიძლება იყოს...
- არა, არ მგონია. ამ თემას ახლა არ გავბერავდი. შესაძლოა, საქართველოში არ იყო. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია სწორი დასკვნების გაკეთება და ასევე სწორი ორგანიზაციული გადაწყვეტილებების მიღება. ასე რომ, ოპოზიციასთან შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარის არყოფნა ტაქტიკის საკითხიც იყო.
შესაძლოა, მმართველმა გუნდმა მანევრირების საშუალება დაიტოვა. მაგრამ, სამწუხაროდ, მე ჩვენი ხელისუფლება ამდენად ჭკვიანიც არ მგონია, რომ ამგვარი ტაქტიკური მონახაზი ვინმეს გაეკეთებინა. მმართველ გუნდში პროცესი მიჰყავთ ადამიანებს, რომლებსაც არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არ აქვთ. ფაქტობრივად, სასათბურე პირობებიდან არიან აღმოჩენილები ხელისუფლებაში და არ იციან როგორ მართონ პროცესი. ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს აქვთ ამბიციები, მაგრამ არ აქვთ ამ ამბიციების აღსრულების არც ინტელექტუალური და არც მორალურ-ზნეობრივი უნარები.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები