არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
ლია მუხაშავრია - საკონსტიტუციო პროცესის ფარგლებში არც თავში, არც შუაში და არც ბოლოში ხელისუფლებას არავისი მოსმენა არ უნდოდა, ეს კი პოლიტიკურ პროცესზე და მათზეც აისახება
17:32 01-09-2017
ლია მუხაშავრია - საკონსტიტუციო პროცესის ფარგლებში არც თავში, არც შუაში და არც ბოლოში ხელისუფლებას არავისი მოსმენა არ უნდოდა, ეს კი პოლიტიკურ პროცესზე და მათზეც აისახება საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” უფლებადამცველს, არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის" აღმასრულებელ დირექტორს, ლია მუხაშავრიას ესაუბრა.

- ქალბატონო ლია, ”ქართულმა ოცნებამ” საშემოდგომო სესიაზე სარედაქციო შესწორებებით საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღება დაანონსა.
თქვენ როგორ შეაფასებდით უმრავლესობის ამ განცხადებას და თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ აისახება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უმრავლესობის განცხადება შიდაპოლიტიკურ პროცესზე?

- საერთოდ, ჩემთვის ძალადობა ნებისმიერი ფორმით და ცხოვრების ნებისმიერ სფეროში მიუღებელია. როდესაც ხედავ მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან ხელების გადაგრეხას და ფიზიკურ ძალადობას ოპოზიციის, ოპონენტებისა და სხვა პოლიტიკური ძალების მიმართ, ეს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამ ადამიანებს არავის აზრის გათვალისწინება არ უნდათ.
საკონსტიტუციო პროცესის ფარგლებში ჩვენ დავინახეთ, რომ არც თავში, არც შუაში და არც ბოლოში ხელისუფლებას არავის მოსმენა არ უნდოდა. ეს კი კატასტროფის მომასწავებელია პირველ რიგში მმართველი გუნდისთვის. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკურ პროცესზე და მათზე ძალიან სწრაფად აისახება

მათ, იმით რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ორი მოსმენით მიიღეს, ისედაც ჩაიყენეს თავი უხერხულ მდგომარეობაში, რადგან ამის შემდეგ საზოგადოებასთან თითის ქნევით და მუქარის ტონით დაიწყეს საუბარი. ახლა მე ძალიან მაოცებს ის ფაქტი, რომ მათ არც კი მოისურვეს დაეცადათ 6 სექტემბრისთვის, როდესაც ოპოზიციური ძალები თავის პოზიციას გააცნობდნენ ვენეციის კომისიას.
ჩემი აზრით, ეს არის პოლიტიკური და ფიზიკური ძალადობისა და ხელის გადაგრეხის ძალიან მკაფიო მაგალითი. ეს კი ადასტურებს იმას, რომ დღეს ხელისუფლების სათავეში მყოფი პოლიტიკური ძალა არის აბსოლუტურად შეუთავსებელი იმ მოთხოვნებთან, რომელიც პოლიტიკოსებს წაეყენებათ. პოლიტიკოსი უნდა იყოს კომპრომისის ხელოვნების უზადოდ მფლობელი და პოლიტიკური გუნდი უნდა ახერხებდეს იმას, რომ ყველასთან შეთანხმებით, ყველასთან აზრის შეჯერებით და გაზიარებით მიაღწიოს საბოლოო შედეგს.
საკონსტიტუციო პროცესის ფარგლებში ჩვენ დავინახეთ, რომ არც თავში, არც შუაში და არც ბოლოში ხელისუფლებას არავის მოსმენა არ უნდოდა. ეს კი კატასტროფის მომასწავებელია პირველ რიგში მმართველი გუნდისთვის. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკურ პროცესზე და მათზე ძალიან სწრაფად აისახება. ან უნდა ვივარაუდო, მათ ყველა მონაცემის საფუძველზე აქვთ სურათი, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მათი კატასტროფა გარდაუვალია და ახლა კატასტროფის რეჟიმში რეალობის სრულიად შეუსაბამოდ და სრულიად არაადეკვატურად მოქმედებენ.
აპრობირებული პრინციპია - თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ყველა ძალის შეთანხმებით არ მოხდა, ისე ის ვერ იმუშავებს. ეს კი არც ქვეყანას წაადგება და არც იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ასეთი ფორმით და ასეთი პროცედურით სცადა მისი მიღება

ჩემი ვარაუდით, უფრო მეორეა, ანუ არჩევნებში წარუმატებლობა და ახლა უნდათ მოასწრონ და გააკეთონ ის, რასაც თავად საკონსტიტუციო ცვლილებებს ეძახიან. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისას ყველა ქვეყანაში აპრობირებული პრინციპია - თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ყველა ძალის შეთანხმებით არ მოხდა, ისე ის ვერ იმუშავებს. ეს კი არც ქვეყანას წაადგება და არც იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ასეთი ფორმით და ასეთი პროცედურით სცადა მისი მიღება.
- სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეებთან დაკავშირებით არ ცხრება ხმაური. არასამთავრობოების ნაწილმა დატოვა კომისია. მოგეხსენებათ, სტრასბურგმა წარდგენილი მოსამართლეები ორჯერ დაგვიწუნა. თქვენ როგორ შეაფასებდით ახლა რაც ხდება?
- ჩემი აზრით, ახლა კარგი კანდიდატურებია შერჩეული. სამი კანდიდატიდან ერთი ბატონი ლადო ჭანტურიაა, რომელიც უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე იყო, ორნი არიან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრები. რამდენადაც ვიცი, ორივე კანდიდატს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის ვადა უმთავრდება და სწორედ ამიტომ იღებენ ისინი კონკურსში მონაწილეობას.
ვფიქრობ, ძალიან ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ, რომ ამჯერადაც არ მოხდეს მესამედ შერჩეული კანდიდატების ჩავარდნა, თორემ ეს ჩვენი ქვეყნისთვის და კონკრეტულად იუსტიციის სამინისტროსთვის ძალიან დიდი სირცხვილი იქნებოდა, რომელმაც ვერ მოახერხა ღირსეული სამი კანდიდატის შერჩევა, რათა წარედგინა ევროპული საბჭოსთვის და სპეციალური კომისიისთვის, რომელიც ამ კანდიდატებს არჩევს.
ვფიქრობ, ძალიან ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ, რომ ამჯერადაც არ მოხდეს მესამედ შერჩეული კანდიდატების ჩავარდნა, თორემ ეს ჩვენი ქვეყნისთვის და კონკრეტულად იუსტიციის სამინისტროსთვის ძალიან დიდი სირცხვილი იქნებოდა

სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი ჩვენი კანდიდატები მესამეჯერაც რომ ჩავარდნენ, არ ვიცი რა შეიძლება დაერქვას იმას, რომ სამჯერ ჩატარებული კონკურსის შედეგად ვერც ერთი ვერ იქნას მოწონებული.
- ხანძრების თემამ ჩვენში არსებული არაერთი პრობლემა გააშიშვლა. ცოტა ვინმე თუ უარყოფს, რომ სტიქიურ უბედურებას მოუმზადებელი შევხდით და ეს თემა უნდა იყოს მსჯელობის საგანი. ამავე თემაზე ჩვენ მოვისმინეთ ხელისუფლების წარმომადგენელთა კომენტარები კრიზისების საბჭოზე. აშკარაა, რომ ხელისუფლება სტიქიასთან ბრძოლასთან მოუმზადებლობის თემაზე მსჯელობის განწყობას არ ავლენს....
- ხანძრები ჩვენი ცხოვრების ძალიან მკაფიო ნიმუშია, რომ ჩვენ საერთოდ ვართ სახანძრო ვითარებაში და ამ სახანძრო ვითარებაში არც ხელისუფლება გვყავს მზაობაში, რომ უპატრონოს ხანძარს ანუ მისი ჩაქრობა დროულად შეძლოს. უარესი ის არის, სავარაუდოდ, ეს ხანძრები არ არის სტიქიური მოვლენების შედეგი, უფრო მეტად მგონია, რომ არის შედეგის დანაშაულებრივი მოქმედებების შედეგი და სამწუხაროდ, ხელისუფლებას არ ჰყოფნის რესურსი, ასეთი ხანძრების საფრთხის პრევენცია მოახდინოს და ხანძრების პირისპირ დარჩენილმა გააკეთოს ისე, რომ სწრაფად მოხდეს მათი ლიკვიდაცია.
მგონი, მთელი საქართველო თვალცრემლიანი შეჰყურებდა ბორჯომის თავზე წითლად მოელვარე ცას და იმას, თუ რა პოლიტიკური შეცდომების და მიქარვების ფონზე ხდებოდა ეს ყველაფერი. ვგულისხმობ, რომ ვერ გაერკვიათ ვისთვის ეთხოვათ და ვისგან მიეღოთ დახმარება. ახლა არავის არ გვაქვს იმის განცდა, რომ ხანძრის შემთხვევაში მეხანძრე მოვა და ექნება საკმარისი ტექნიკა ცეცხლის ჩასაქრობად.
ამ ხანძრის დღეებში მთელი სოციალური ქსელი იმით იყო აღშფოთებული, რომ ხელისუფლებას მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკებისთვის ძვირადღირებული მანქანები აქვს შეძენილი და არავის გაახსენდა გვქონოდა ვეტფრენი, რომელიც ხანძრისა და ბუნებრივი კატასტროფების დროს ბუნებისა და ადამიანების გადარჩენისთვის იქნებოდა მობილიზებული და გამოყენებული. ეს ნამდვილად თვალსაჩინო იყო.
გულსატკენია, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც კარგ ხელფასსა და პრემია-დანამატებს ვუხდით და ვინახავთ, კარგ მანქანებში და ოფისებში გვყვანან, მაგრამ ისინი თავიანთ საქმე ისე ვერ აკეთებენ, რომ კრიზისები არ შეიქმნას და კრიზისულ სიტუაციაში ვერ არიან ქმედუნარიანები

არადა, ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, რომ კატასტროფებისგან არ ვართ დაზღვეული. ისეთი ლანშაფტი გვაქვს, რომ ყველგან მანქანით ვერ მიხვალ. გულსატკენია, რომ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც კარგ ხელფასსა და პრემია-დანამატებს ვუხდით და ვინახავთ, კარგ მანქანებში და ოფისებში გვყვანან, მაგრამ ისინი თავიანთ საქმე ისე ვერ აკეთებენ, რომ კრიზისები არ შეიქმნას და კრიზისულ სიტუაციაში ვერ არიან ქმედუნარიანები. ძალიან საშიში მოვლენაა, როცა საზოგადოებას მის მიერ დაქირავებული საჯარო მოხელეების მიმართ ასეთი განწყობა უჩნდება.
- საარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის. თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო ვითარებასა და არჩევნებთან დაკავშირებით პარტიების აქტიურობას?
- მე ახლა რეგიონში, კერძოდ, გურიაში ვცხოვრობ. მიუხედავად იმისა, გურულები პოლიტიკურად აქტიურები არიან, ახლა აქ ნაკლებად იგრძნობა, რომ ძალიან მალე ადგილობრივი არჩევნებია მოსალოდნელი.
ამას წინათ ახლობელმა გამიმხილა, რომ უნახავს”ქართული ოცნების” საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატთა სია ოზურგეთში და იყო აღშფოთებული იმის გამო, რომ ამ სიაში აღმოაჩინა ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე ატერორებდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, მოქმედებდნენ ”ნაცმოძრაობის” სახელით და დღეს ისინი მმართველი გუნდის სიებში არიან. როგორც ჩანს, კოჰაბიტაციის პროცესი ”ქართული ოცნებისა” და ”ნაცმოძრაობის” შერწყმაში გადაიზარდა. ამით საზოგადოება საკმაოზე მეტად აღშფოთებულია. ეტყობა ხელისუფლებამ არ იცის, რომ ჩვენს საზოგადოებას არც ისეთი მოკლე მეხსიერება აქვს, რომ ვერ გაიხსენოს თუ რა ხდებოდა ქვეყანაში 5-7 წლის წინ.
როგორც ჩანს, კოჰაბიტაციის პროცესი ”ქართული ოცნებისა” და ”ნაცმოძრაობის” შერწყმაში გადაიზარდა. ამით საზოგადოება საკმაოზე მეტად აღშფოთებულია

მე ყველას, მათ შორის ხელისუფლების გასაგონად ვამბობ - ნუ მოიჭრიან ასე თავს და ნუ გადაიკიდებენ საზოგადოებას. ნუ ექნებათ იმედი, რომ გაყალბებით, მოსყიდვით და ადამიანების დაბეჩავებით არჩევნებზე ხმებს მიიღებენ. ეს ხალხი თუ გამწარდა, მერე უკონტროლო სიტუაცია შეიძლება შეიქმნას, რაც ძალიან ცუდი იქნება არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ საერთოდ ქვეყნისთვის.
- ბატონი რამაზ საყვარელიძე შიდა პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად იმას მიიჩნევს, რომ ”ქართულ ოცნება” კონკურენტის გარეშეა დარჩენილი. პრაქტიკულად იგივე აზრი გამოთქვა ბატონმა გია ნოდიამ - ”ხელისუფლებას კონკურენტი არ ჰყავს”.
ამგვარი ტენდენცია რეგიონებშიც შესამჩნევი რომ არის, თქვენ უკვე ბრძანეთ. თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ მოახლოებულ არჩევნებზე ხელისუფლება ალტერნატივის, რეალური ოპოზიციის გარეშეა დარჩენილი?

- სამწუხაროდ, ჩვენ ნაკლები პოლიტიკური კულტურის მქონე ქვეყანა ვართ. ჩვენში ხომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს ოპოზიციის ან განადგურებას, ან მოსყიდვას. ან ახდენს მის იმდენად კომპრომენტირებას, რომ ის იყოს განეიტრალებული.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენთან ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ოპოზიციური პოლიტიკური ძალა არ არსებობდეს და ყველა ხელისუფლება ყველანაირი მანკიერი ხერხის გამოყენებით ცდილობს ხელისუფლების სათავეში ყოფნას.
როდესაც ხელისუფლება კონსტიტუციას იღებს ისეთი ძალადობრივი მეთოდებით, როგორსაც ის ამას აკეთებს, რა გასაკვირია, რომ მან ოპოზიციას კისერი კარგა ხანია გადაუმტვრია და რეალურად პოლიტიკურ ველზე არანაირი ოპოზიციური ძალა არ ჩანს

ჩვენ ხომ არ გვაქვს ურთიერთმოსმენის და აზრის გაზიარების ან თუნდაც ურთიერთპატივისცემის კულტურა და ეს ყველაფერში იგრძნობა. როდესაც ხელისუფლება კონსტიტუციას იღებს ისეთი ძალადობრივი მეთოდებით, როგორსაც ის ამას აკეთებს, რა გასაკვირია რომ მან ოპოზიციას კისერი კარგა ხანია გადაუმტვრია და რეალურად პოლიტიკურ ველზე არანაირი ოპოზიციური ძალა არ ჩანს.
ეს კეთდება სრულიად შეგნებულად, სრულიად განზრახ, რომ საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა - პოლიტიკურ მოედანზე ხელისუფლების გარდა სხვა არავინ არ არის და არჩევნებზე ხმაც მან უნდა მიიღოს.
- საყოველთაოდ ცნობილია, რომ გურულები პოლიტიკურად მართლაც აქტიურები არიან. ძნელი დასაჯერებელია, რომ გურიაში ”ქართულ ოცნებას” ნერვების მომშლელად ერთი ელისაშვიალი მაინც არ ჰყავს?
- სამწუხაროდ, არ არის. თბილისის მერობაზე ისეთი ბრძოლაა გაჩაღებული, რომ ამ თემამ სხვა ყველა საკითხი დაჩრდილა. შესაძლოა, ესეც სპეციალურად კეთდებოდეს, რომ ყურადღების კონცენტრაცია თბილისზე იყოს გაკეთებული და ყველას დაავიწყდეს, რომ რაიონებში გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები უნდა გამოიცვალოს და საკრებულოს წევრებიც ასარჩევია.
- სამწუხაროდ, გურიასა და სამეგრელოში მწერებმა თხილისა და სიმინდის მოსავალი მნიშვნელოვნად გაანადგურეს. თქვენი აზრით, შესაძლებელი იყო თუ არა პრევენციული ზომების მიღება?
- თხილის წარმოების სფეროში მეც ჩართული ვარ და ვიცი, მართლაც კატასტროფული მდგომარეობაა. მთის სოფლებში კიდევ არა უშავს, მაგრამ ბარის ზონის სოფლებში აბსოლუტურად სავალალო მდგომარეობაა. არავის მოსავალი არ აქვს. სხვათა შორის, ხალხი იმდენად დაბეჩავებულია, არავინ არ ფიქრობს ხელისუფლებისგან მოითხოვონ გარკვეული კომპენსაცია, როგორც სტიქიური უბედურებულებისგან დაზარალებულებმა.
თხილის მოსავალი გურიაში შემოსავლის უმთავრესი წყაროა. თუ ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩა, თან წელს კლიმატური პირობების გამო ძალიან მოუსავლიანი წელია, რასაც დაავადებებისა და პარაზიტების პრობლემა დაემატა, მე რასაც ვაკვირდები, ალბათ, ამ ზამთარს გურიაში შიმშილობა იქნება. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლებამ უფასო ხვნა-თესვა გააუქმა, ამიტომ ეს ხარჯები ძალიან ბევრმა ვერ გაიღო, ძალიან დიდი ფართობები სრულიად აუთვისებელი და გამოუყენებელია. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, წლევანდელი ზამთარი გურიის მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე იქნება.
წლევანდელი ზამთარი გურიის მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე იქნება... ალბათ ამ ზამთარს გურიაში შიმშილობა იქნება

2-3 წლის წინ სპეციალისტები მიუთითებდნენ, რომ პარაზიტები და მავნებლები ძალიან მომრავლდა და მათი ზრდა-გამრავლება გამოიწვევდა იმ შედეგს, რომელიც დღეს დაგვიდგა. უფრო მეტიც, მაშინ მათ რეკომედაციებს ყური არავინ დაუგდო. მაგრამ ახლაც, რა ღონისძიებებიც ჩატარდა, ის არ არის საკმარისი და არ არის შედეგიანი, სამწუხაროდ, ამას არ აქვს სისტემური ხასიათი, რომ მთლიანად მოიცვას ყველაფერი. შესაძლოა, მომავალ წელს კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა იყოს, თუკი წელსაც არ მოხდა თხილის პლანტაციების დროულად მოვლა.
- ”ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით - ”ჩვენ დავიწყებთ აქციას აღმაშენებლის გამზირიდან, გადავალთ რუსთაველზე და მასობრივ შიმშილობას დავიწყებთ სახელმწიფო კანცელარიასთან”.
თქვენ როგორ შეაფასებდით ”ქართული მარშის” გააქტიურებას? და კიდევ, იგივე გურიის საზოგადოებაში თუ შეიმჩნევა ”სამარშო” განწყობა?

- სამწუხაროდ და ჩემდა გულგასახეთქად, ხალხი იმდენადაა დაბეჩავებული, იმას ვერ ითხოვს, რაც ეკუთნის. ვგულისხმობ, კატასტროფის გამო კომპენსაციას. ჩემი აზრით, აქ ადამიანებს არ აქვთ ის განწყობა, რაც ”ქართული მარშის” მესვეურებს აქვთ და რაც ჩვენ აღმაშენებელზე ვნახეთ.
მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ხელოვნურად, დაგეგმილად, ფინანსური უზრუნველყოფით მოწყობილი ღონისძიებები. რაც კეთდება, ჩვენი ქვეყნისთვის აშკარად საზიანო საქმეა. ”ქართული მარშის” ყველა ეს ღონისძიება მიმართულია ქვეყნისათვის რამდენიმე ზიანის მომტანი შედეგისაკენ.
მე არ ვფიქრობ, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს ასე არ ესმის ეს ამბავი. ვფიქრობ, ყველა დარწმუნებულია ქვეყნისათვის ამ აქციების მავნებლობაში. ძალიან საწყენია, რომ ასეთი თავხედობით და საჯაროდ ხდება ქვეყნისთვის საზიანო ქმედებების დაგეგმვა და განხორციელება.
სად არიან უსართხოებისა და საგამოძიებო სამსახურები? ამის გამოძიებასა და დადგენას რა უნდა. ტელევიზორში ვნახე და მივხვდი - აღმაშენებელზე მარშის ორგანიზატორები ერთნაირი მაისურებით რომ იყვნენ გამოწყობილები ჩანდა, რომ მათი აქცია იყო დაფინანსებული ღონისძიება.
”ქართული მარშის” აქტიურობა მიმართულია იქეთკენ, თითქოს ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს ევროპული მისწრაფება და ორიენტაცია. პირიქითაა, ჩვენ ყველანი განწყობილი ვართ ევროკავშირისა და ევროპული ფასეულობების წინააღმდეგ. არც ნატო გვინდა და საერთოდაც, გვინდა რუსეთი

ჩემი აზრით, ”ქართული მარშის” აქტიურობა მიმართულია იქეთკენ, თითქოს ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს ევროპული მისწრაფება და ორიენტაცია, რომ პირიქით, ჩვენ ყველანი განწყობილი ვართ ევროკავშირისა და ევროპული ფასეულობების წინააღმდეგ, არც ნატო გვინდა და საერთოდაც, გვინდა რუსეთი.
არადა, საზოგადოებაში ასეთი განწყობა არ არის, ჩვენ არც ტოლერანტობა გვაკლია, მაგრამ როდესაც ტელევიზიებში ასეთი კადრები გავა, ძნელია უცხოელმა დაიჯეროს, რომ რომ ეს აქციები ყალბია და არ ასახავს რეალობას. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ”ქართული მარშის” აქტივობა სწორედ ამისკენაა მიმართული.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები