არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
ხათუნა ლაგაზიძე - საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა პარალელურ სამყაროებში არსებობენ
16:18 04-09-2017
ხათუნა ლაგაზიძე - საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა პარალელურ სამყაროებში არსებობენ საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, მას შემდეგ, რაც პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას მოულოცა ”კარგი კონსტიტუციის მიღება”, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა დასრულებულად შეიძლება მივიჩნიოთ. მესამე მოსმენით ახალი კონსტიტუციის მიღება რომ მხოლოდ დროის ამბავია, ამაში ეჭვის შეტანა უადგილოც კია.
ვინაიდან საკონტიტუციო პროცესის ნაკლოვანებებზე საკმაოდ ბევრი გვისაუბრია, მასზე დროის დაკარგვა არც ღირს. ახლა ალბათ ყველაზე აქტუალურია კიდევ ერთხელ გავიაზროთ პარლამენტის თავმჯდომარემ რა მოგვილოცა და ახალი კონსტიტუციის რა უნდა გვიხაროდეს და რა უნდა გვწყინდეს, გვაღელვებდეს?

- პარლამენტის თავმჯდომარეს, ეტყობა, ადრესატი შეეშალა: ერთადერთი, ვისაც შეიძლება ეზეიმებოდეს კონსტიტუციის ამ სახით მიღება - დღევანდელი ხელისუფლებაა. თუ ვინმეს შეიძლება სწყინდეს - ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი და აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე მოქალაქეების ნაწილი, ხოლო საზოგადოების უდიდესი ნაწილი, სიმართლე თუ გვინდა, სრულიად ინდიფერენტულია კონსტიტუციის გარშემო პოლიტიკურ სპექტრში ატეხილი ვნებათაღელვის მიმართ.
დღევანდელი სიტუაცია იმით განსხვავდება ყველა წინამორბედისგან, რომ ადრე თუ მხოლოდ ხელისუფლება იყო დაშორებული ხალხს, ახლა მთელი პოლიტიკური სპექტრი ცალკე სივრცეში ტივტივებს, ხალხი კი სხვა რეალობაში ცხოვრობს, ანუ საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა პარალელურ სამყაროებში არსებობენ

არ ვამბობ, რომ ეს კარგია, მაგრამ ფაქტია. დღევანდელი სიტუაცია იმით განსხვავდება ყველა წინამორბედისგან, რომ ადრე თუ მხოლოდ ხელისუფლება იყო დაშორებული ხალხს, ახლა მთელი პოლიტიკური სპექტრი ცალკე სივრცეში ტივტივებს, ხალხი -კი სხვა რეალობაში ცხოვრობს, ანუ საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა პარალელურ სამყაროებში არსებობენ ერთმანეთისთვის გაუგებარი ენით, პრობლემებით და მოტივაციით. უპერსპექტივო ოპოზიცია ამ ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანი პრობლემაა, ვიდრე უკვე ტრადიციად ქცეული ხიდჩატეხილობა ხალხსა და ხელისუფლებას შორის.
კიდევ ერთხელ გამოჩნდა ისიც, რომ ხელისუფლება ანგარიშს უწევს მხოლოდ ორ რამეს: საკუთარ ინტერესებს და საზოგადოების ძალას და რადგან ამ შემთხვევაში, უხერხემლო ოპოზიციური სპექტრის უკან საზოგადოებრივი მხარდაჭერა ვერ დაინახა, მიიღო კიდეც საკუთარ ტყავზე მორგებული კონსტიტუცია.
თუმცა, ამავდროულად, მაჟორიტარული სისტემის დატოვება, ხელისუფლების მხრიდან, ყველაზე ნათელი შეფასებაა საკუთარი ურესურსობის და უიმედობის და ააშკარავებს იმას, რომ მათ თავად არ სჯერათ მომავალში ხალხის მხარდაჭერის და შემოვლითი გზებით, კონსტიტუციის ჭრა-კერვით ცდილობენ პოზიციების შენარჩუნებას.
ეს ამჟღავნებს ძლიერი კონკურენტის მიმართ შიშსაც, რომლის გამოჩენისთანავე, თავადვე ფიქრობენ, რომ ხალხი მათ ზურგს აქცევს. თუმცა, ასეთივე შიშის გამო განხორციელებულმა კონსტიტუციის ჭრა-კერვამ, გვახსოვს, რომ სააკაშვილს არ უშველა.
ორიოდე სიტყვით, კიდევ ერთხელ, რა სისტემას დაუჭირა ხელისუფლებამ მხარი: საერთაშორისო პრაქტიკით, მაჟორიტარული არჩევნები სულაც არ არის მოძველებული და ცუდი სისტემა. მაჟორიტარული წესი არის ძლიერი ორპარტიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების საფუძველი, რისი მაგალითებია აშშ და დიდი ბრიტანეთი.
ხელისუფლება ანგარიშს უწევს მხოლოდ ორ რამეს - საკუთარ ინტერესებს და საზოგადოების ძალას და რადგან ამ შემთხვევაში, უხერხემლო ოპოზიციური სპექტრის უკან საზოგადოებრივი მხარდაჭერა ვერ დაინახა, მიიღო კიდეც საკუთარ ტყავზე მორგებული კონსტიტუცია

თუმცა, ჩვენთან ყველაფერი სხვანაირადაა. ჩვენში ყველა ხელისუფლებისთვის მაჟორიტარები იყვნენ და რჩებიან მანიპულაციის საუკეთესო საშუალებად: ყველა ხელისუფლების დროს მაჟორიტარების უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ბიზნესის ლობირებით იყო დაკავებული და ამა თუ იმ კანონპროექტისთვის ხმის მიცემა ვაჭრობის საგნად ჰქონდათ ქცეული - თითო ხმის ნაცვლად თითო ტენდერში გამარჯვება, წილის მიღება და ა.შ.
შეიძლება, ეს ყველაზე არ ითქმის, მაგრამ დიდ ნაწილზე - ნამდვილად. ამ ნაწილისთვის პარლამენტი ქარვასლაა, სადაც ყველაზე ნაკლებად ითვალისწინებენ ამომრჩევლის ინტერესს. ჰოდა, გამოდის, რომ ამ ხელისუფლებასაც საკუთარი თავის მთავრობაში შენარჩუნების გზად პარლამენტის ქარვასლად გადაქცევა ეგულება.
- თქვენი კოლეგა ქალბატონის - ლია მუხაშავრიას აზრით, ის რომ მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისას არავის აზრი არ გაითვალისწინა ”ეს კატასტროფის მომასწავებელია პირველ რიგში მმართველი გუნდისთვის. და ეს სამწუხაროდ, პოლიტიკურ პროცესზე და მათზე ძალიან სწრაფად აისახება”. ამ აზრს საკმაოდ ბევრი სხვა დამკვირვებელიც იზიარებს.
თქვენი აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისას მმართველი გუნდის მიერ, თუ მაჟორიტარების აზრისა და ინტერესების გათვალისწინებას არ ჩავთვლით, არავის აზრის გაუთვალისწინებლობა, რა საფრთხის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისა და მთლიანად პოლიტიკური პროცესისათვის?

- ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს, დაუსჯელ-შეუცვლელობის სინდრომია, რომელიც აუცილებლად გაჩნდება ხელისუფლებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება კიდევ უფრო ნაკლებად მომთხოვნი გახდება საკუთარი თავის მიმართ, რაც გაცილებით მეტი შეცდომის დაშვების წინაპირობაა. ამასთან, ამ ტიპის ცვლილებები ხალხს ტოვებს გარეთ, პროცესებს მიღმა, ხოლო თუ ახალი, ძლიერი ძალა გამოჩნდა, მას სთავაზობს რევოლუციურ სცენარს. თუმცა, პოლიტიკური პროცესისთვის გაცილებით სახიფათო პოლიტიკური სპექტრის უსუსურობა და ურეიტინგობაა, როცა საზოგადოების უკმაყოფილებით შეიძლება სრულიად შემთხვევითმა ავანტიურისტმა ისარგებლოს.
პოლიტიკური პროცესისთვის გაცილებით სახიფათო პოლიტიკური სპექტრის უსუსურობა და ურეიტინგობაა, როცა საზოგადოების უკმაყოფილებით შეიძლება სრულიად შემთხვევითმა ავანტიურისტმა ისარგებლოს

რაც შეეხება იმას, რომ არც დასავლეთის აზრი გაითვალისწინა ხელისუფლებამ, ამასაც აქვს ახსნა: კერძოდ, ის რომ დასავლეთს ჩვენი შიდა გარჩევებისთვის არ სცალია და არც ეგულება საქართველოში ძალა, რომელიც შეიძლებოდა მისი ფავორიტი გამხდარიყო.
შედარებისთვის მინდა გავიხსენო 2003 წლის არჩევნების წინ მიმდინარე პროცესები, როცა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება ლამის ამერიკის სახელმწიფო მდივანთან თუ მასზე ჩინით არანაკლებ ევროპელ ლიდერებთან თანხმდებოდა თუ წყდებოდა. ხელისუფლებამაც ამით ისარგებლა.
- უცნაურად გახშირებულმა ხანძრებმა ჩვენში არსებული არაერთი პრობლემა დაგვანახა. მნიშვნელობა არა აქვს ხანძრები სტიქიური უბედურების შედეგი იყო თუ კიდევ სხვა რამ, ფაქტია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ამგვარ საფრთხეებთან საბრძოლველად აბსოლუტურად მოუმზადებელი აღმოჩდნენ.
გაქვთ იმის განცდა, რომ მომხდარის შემდეგ ხელისუფლება შესაბამის დასკვნებს გააკეთებს და ბევრ პრობლემას, რამაც კრიზისულ დღეებში თავი იჩინა, უმოკლეს ვადებში ოპერატიულად გადაწყვეტს?

- ბოლო დღეებში უკვე ოპერატიულობას და პროფესიონალიზმს ნამდვილად ვერ დაუკარგავ შესაბამის სტრუქტურებს და განსაკუთრებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს. გარკვეული დასკვნები, როგორც ჩანს, ხელისუფლებამაც გამოიტანა მიღებული მძიმე გამოცდილებიდან, თქვა კიდეც პრემიერმა, რომ ინფრასტრუქტურულადაც და სისტემურადაც ცვლილებები გვჭირდებაო. მაგრამ სისტემური ცვლილებები, უპირველესად, საკადრო პოლიტიკას სჭირდება.
ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთ გეოპოლიტიკურ არეალში ცხოვრობდე და კრიზისების საბჭოს აუცილებლობას ვერ ხედავდე, რომელიც საპენსიო ფონდად აქვს ქცეული ხელისუფლებას. ფაქტობრივად, ქვეყანა ცხოვრობს კრიზისების მართვის მაკოორდინირებელი ცენტრის არარსებობის პირობებში.
ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთ გეოპოლიტიკურ არეალში ცხოვრობდე და კრიზისების საბჭოს აუცილებლობას ვერ ხედავდე, რომელიც საპენსიო ფონდად აქვს ქცეული ხელისუფლებას... ცალკე საკითხია ის, რომ ეს ხანძრები გადაუდებლად საჭიროებენ გამოძიებას

ცალკე საკითხია ის, რომ ეს ხანძრები გადაუდებლად საჭიროებენ გამოძიებას. შეიძლება ბორჯომში ხანძარი მართლაც ბუნებრივი პირობების გამო დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ რაც ხდება, აქ აუცილებლად ხელოვნური კვალია საძებნი.
ისე ჩანს, თითქოს ვიღაცამ მიზნად დაისახა აჩვენოს ასეთი კრიზისების და გამოწვევების წინაშე განიარაღებული ხელისუფლება, რათა კიდევ უფრო გააღრმავოს უმწეობის განცდა საზოგადოებაში. პარალელურად, შეიძლება სხვები ხე-ტყის უკანონო ჭრის კვალის დასაფარადაც იყენებდნენ ამ განუკითხაობას. ამიტომაც, არც ერთი შემთხვევის ურეაგირებოდ დატოვება არ შეიძლება.
- საარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შედის. ვიდრე მისი მიმდინარეობის შუქ-ჩრდილებს შევეხებოდეთ, ერთ მეტად საინტერესო მოსაზრებაზე მინდა გავამახვილოთ ყურადღება.
კერძოდ, ბატონი რამაზ საყვარელიძე შიდა პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად იმას მიიჩნევს, რომ ”ქართული ოცნება” კონკურენტის გარეშეა დარჩენილი. პრაქტიკულად იგივე აზრი გამოთქვა ბატონმა გია ნოდიამ - ”ხელისუფლებას კონკურენტი არ ჰყავს”.
თქვენ თუ ეთანხმებით ბატონების საყვარელიძისა და ნოდიას აზრს? თუ - კი, თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ მოახლოებულ არჩევნებზე ხელისუფლება ალტერნატივის, რეალური ოპოზიციის გარეშეა დარჩენილი?

- უდავოდ, ხელისუფლება უკონკურენტოა, განსაკუთრებით, თბილისს მიღმა. მიზეზი ის გახლავთ, რომ არსებულმა პოლიტიკურმა სპექტრმა საკუთარი რესურსი ამოწურა, ხოლო თვითგანახლების ძალა ვერ მონახა. თავის მხრივ, საზოგადოებაც დაიღალა 25 წლის მანძილზე, დიდწილად, ერთი და იგივე პოლიტიკური სპექტრის ერთი და იგივე დაპირებებით, ხელწერით და ტაქტიკით.
მთავარი კი ის გახლავთ, რომ საზოგადოება, მისი მოთხოვნები გაიზარდა, პოლიტიკური ელიტა კი მას ვერ დაეწია და საკუთარ წარმოდგენებში და წვენში ჩაიხარშა. იმიტომ, რომ არსებული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილისთვის პოლიტიკა საკუთარი ბიზნეს-გარიგებების რეალიზაციის ასპარეზია და არა სივრცე, სადაც შეგიძლია სახელმწიფოს შენების ყველაზე საუკეთესო და ამბიციურ იდეებს შეასხა ხორცი.
საზოგადოება ამას ძალიან კარგად გრძნობს და ამიტომაც აღარ სურს სხვისი ბიზნეს-გარიგებების ხელშესაწყობად საარჩევნო ყუთებთან ან ქუჩის აქციებზე იმედგაცრუებულმა ირბინოს. ამ მოჯადოებული წრის გასარღვევად ქვეყანას თვისობრივად ახალი და ამბიციური პოლიტიკური ძალები ესაჭიროება.
საზოგადოება, მისი მოთხოვნები გაიზარდა, პოლიტიკური ელიტა კი მას ვერ დაეწია და საკუთარ წარმოდგენებში და წვენში ჩაიხარშა

ძალზედ სიმპტომატურია ყოფილი ბრიტანელი ჟურნალისტის ჯოზეფ ალექსანდერ სმიტის, რომელიც აგერ უკვე ხუთი წელია საქართველოში ცხოვრობს, სურვილი კენჭი იყაროს თბილისის საკრებულოში დამოუკიდებელ მაჟორიტარად, რადგან ის გრძნობს, რომ არსებული ქართული პოლიტიკური რესურსი უკვე ვეღარ პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს და კატასტროფული დეფიციტია პოლიტიკურ ველზე პერსპექტიული და იმედისმომცემი ფიგურების.
ამიტომაც გაუჩნდა მას ამბიცია სცადოს პოლიტიკური ბედი, მისთვის დიდწილად უცხო ქვეყანაში. ეს თავისთავად საინტერესო ფაქტი, დღევანდელი ქართული პოლიტიკური სპექტრის დიაგნოზია. თუმცა, დასავლური პასუხისმგებლობა, შემართება და საქმის კეთების სურვილი ჩვენს საკრებულოს ნამდვილად წაადგება და მისი ქართველი კოლეგებისთვის, ერთგვარად, სარკის ფუნქციასაც შეასრულებს.
- თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებთან დაკავშირებით პარტიების აქტიურობას, რაც უკვე ცნობილია, მათ სლოგანებს, რიტორიკას, წარდგენილ კანდიდატებს, თუნდაც საარჩევნო პროპაგანდას? თვითმმართველობების გაძლიერებაზე ყველა კი საუბრობს, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავარზე არავინ საუბრობს. მხედველობაში მაქვს ის, რომ თვითმმართველობების ქონების დადგენა-განსაზღვრაზე, ადგილობრივი ორგანოების უფლებამოსილებების გაზრდაზე რეალურად არც არავინ საუბრობს...
- ჩვენ ჯერჯერობით თვალს ვადევნებთ მხოლოდ თბილისის მერის კანდიდატების აქტივობებს და ვისმენთ მათ ხედვებს თბილისის პრობლემებზე. თუმცა ის, რომ პარტიები საერთოდ არ საუბრობენ კასტრირებული თვითმმართველობის უფლებების გაზრდაზე, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ ზედაპირულობას და სტრატეგიული აზროვნების დეფიციტს. რაც შეეხება ცალკეული კანდიდატების საარჩევნო კამპანიას: უკლებლივ ყველას აკლია ექსპრესია, დინამიკა და ინოვაციურობა.
ის, რომ პარტიები საერთოდ არ საუბრობენ კასტრირებული თვითმმართველობის უფლებების გაზრდაზე, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ ზედაპირულობას და სტრატეგიული აზროვნების დეფიციტს

„ნაცმოძრაობის“ მომავალი საქართველოში პირდაპირ არის მიბმული სააკაშვილის ეპოპეაზე უკრაინაში: შეძლებს თუ არა ის 10 სექტემბერს, როგორც აანონსებს, უკრაინაში ტრიუმფით დაბრუნებას და რა მოჰყვება ამას უკრაინულ პოლიტიკაში.
„ევროპულმა საქართველომაც“ ვერ შეძლო სისტემური განახლება და მიუხედავად იმისა, რომ მათი კანდიდატი ელენე ხოშტარია მართლაც სტრატეგიულად მოაზროვნე, ანთებული პოლიტიკოსია და ნამდვილად იქნებოდა ძალიან კარგი მერი, სწორედ მისი გუნდის ძველი სახეებია ის ტვირთი, რომელიც მას უკან ექაჩება.
კიდევ ერთი ქალი-კანდიდატი ირმა ინაშვილი ხმებს წაართმევს ალეკო ელისაშვილს და ნაწილობრივ, კახი კალაძეს და ხელს შეუწყობს საკუთარ პარტიას გადალახოს ბარიერი და მოხვდეს თბილისის საკრებულოში. დანარჩენ კანდიდატებს ჯერ საარჩევნო კამპანია, ფაქტობრივად, არ დაუწყიათ. ამიტომ, მათზე რამეს თქმა გამიჭირდება.
- 2017 წლის ადგილობრივი ორგანოების ერთ-ერთ მთავარ ინტრიგად რჩება თბილისის მერის არჩევნები. პრემიერის მიერ ”ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს კანდიდატების წარდგენისას ”შეცდომით” ნათქვამი იმის თაობაზე, რომ მაჟორიტარებს 50%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ, სულაც არ იყო შემთხვევითი.
წარმოუდგენელია პრემიერს არ სცოდნოდა, რომ საკრებულოს მაჟორიტარებს ასარჩევად სულაც არ სჭირდებათ 50%-იანი ბარიერის გადალახვა. ცნობილია - როგორც წესი, ვინც ხმას მაჟორიტარს აძლევს, ის იმავე პარტიის მერობის კანდიდატის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს. თუ პრემიერის ამ განცხადებით ვიმსჯელებთ, ”ქართულ ოცნებას” თბილისის მერის არჩევნების დასრულება პირველივე ტურში სურს. თუ ელისაშვილის ფაქტორს გავიხსენებთ, რომელსაც აქვს შანსები სწორედ ”ქართული ოცნების” ამომრჩეველთა ხმები მიიღოს, ეს სულაც არ არის გასაკვირი.
თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტურის ჩატარება გახდეს შესაძლებელი?
და კიდევ, თუნდაც თბილისის პოლიტიკურ სცენაზე ელისაშვილის არსებობა რას შეიძლება ნიშნავდეს და რისი მაჩვენებელი შეიძლება იყოს?

- ამ გადასახედიდან მეორე ტურის ალბათობა მაღალია. მაგრამ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად დინამიური, იდეებით, მოტივაციით აღსავსე და კრეატიული გახდება კალაძის კამპანია და რას შეაგებებენ მას კონკურენტები, განსაკუთრებით, ალეკო ელისაშვილი.
ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური სპექტრით იმედგაცრუების პირმშოა და შესაბამისად, პარტიებით იმედგაცრუებული ამომრჩევლის ნაწილის იმედი

ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური სპექტრით იმედგაცრუების პირმშოა და შესაბამისად, პარტიებით იმედგაცრუებული ამომრჩევლის ნაწილის იმედი. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამოქალაქო აქტივისტების მნიშვნელოვანი ნაწილიც და სტუდენტური ჯგუფებიც მის მხარდამჭერად გვევლინება, როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე სპექტრი. გამომცდელი თვალით უყურებს მას დასავლეთიც. მაგრამ მას მოუწევს ბევრი რამ დაამტკიცოს. კერძოდ ის, რომ შეუძლია გუნდური თამაში, რადგან აქამდე არ ტოვებდა გუნდური მოთამაშის შთაბეჭდილებას. ის, რომ შეუძლია დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა, რადგან საკრებულოს წევრობისას მის მიერ დაწყებული რამდენიმე ხმაურიანი საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ ვიხილეთ. მისი ზედმეტად ხალხოსნურ-პოპულისტური რიტორიკაც ზოგჯერ შეურაცხმყოფელია თბილისელი ამომრჩევლისთვის. თუმცა, მთავარი რაც მას აკლია, არის მასშტაბურობა: სააკაშვილი, რომელსაც ზოგჯერ მას ადარებენ, თუ ერთი ხელით კორუფციონერთა სურათებს აფრიალებდა, მეორე ხელით, სასამართლო რეფორმის მამობას და დასავლეთის ფავორიტობას ცდილობდა. თუმცა, ფაქტია ისიც, რომ მოცარიელებულ პოლიტიკურ ველზე, თბილისის მერის არჩევნებზე მეორე ადგილზე გასვლა, ელისაშვილს დიდი პოლიტიკისკენ გაუხსნის გზას.
რაც შეეხება სახელისუფლო კანდიდატს. კახი კალაძეს ყველაზე მეტად აქვს პოლიტიკური პერსპექტივა „ქართული ოცნების“ დღევანდელ შემადგენლობას შორის. კალაძეს ექნება ამბიცია, იყოს თბილისის წარმატებული მერი. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ წარმატებისთვის მას სჭირდება არა მარტო უფრო დინამიური, ინოვაციური და მასშტაბური კამპანია, არამედ შესაბამისი გეგმები. ის უნდა შეეცადოს გახდეს ახალი თაობის წარმატებული ქართველების ლიდერი. მათ კომპასი სჭირდებათ, რომ საკუთარი უნიკალური კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი საკუთარ ქვეყანას მოახმარონ.
წარმატებულ თბილისის მერს უნდა ჰქონდეს ამბიცია, რომ თბილისი რეალურად აქციოს აღმოსავლეთის ევროპულ კარიბჭედ. „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყოველგვარი ამბიცია ჩაგვიკლა, განაცხადა, რა რომ საქართველო ვერ იქნება ვერც გლობალური და ვერც რეგიონალური მოთამაშე, ამიტომ საკუთარ წვენში ვიხარშოთო

წარმატებულ თბილისის მერს უნდა ჰქონდეს ამბიცია, რომ თბილისი რეალურად აქციოს აღმოსავლეთის ევროპულ კარიბჭედ. „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყოველგვარი ამბიცია ჩაგვიკლა, განაცხადა, რა რომ საქართველო ვერ იქნება ვერც გლობალური და ვერც რეგიონალური მოთამაშე, ამიტომ საკუთარ წვენში ვიხარშოთო.
მაგრამ, ყოველდღიური პრობლემების მოგვარების გარდა, ხალხს სჭირდება მიზანი და იდეა, რომლისკენაც ივლის. დიახაც, თბილისი, თავისი მოცემულობით არის აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის ევროპის კარიბჭე, პირველი თუ არა, ერთ-ერთი პირველი ევროპული ქალაქი. და წარმატების მოსურნე და არა მოკლევადიანი პოლიტიკური გეგმებით მოარსებე ქალაქის ხელმძღვანელობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თბილისი იქცეს ტექნოლოგიების ქალაქად, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკური, ფინანსური, კულტურული და საგანმანათლებლო ნაკადების მიმოქცევის ცენტრად.
„ოცნება“, ტრადიციულად, თავის სტილს არ ღალატობს და ძირითადად, ძველ, ნომენკლატურულ კადრებს და მორჩილების უნარით გამორჩეულ ადამიანებს იზიდავს საკუთარ რიგებში. კალაძეს კი სჭირდება მხარდამჭერების სპექტრის გამრავლება სამოქალაქო აქტივისტებით, არასამთავრობო სექტორით, ახალგაზრდა ურბანისტებით და ეკონომისტებით, მსოფლიოს საუკეთესო საგანმანათლებლო და კვლევით ცენტრებში მიმობნეული ქართველებით, ისევე როგორც, საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრები დამწყები, წარმატებული მცირე თუ საშუალო ინოვატორი ბიზნესმენებით.
„ოცნება“, ტრადიციულად, თავის სტილს არ ღალატობს და ძირითადად ძველ ნომენკლატურულ კადრებსა და მორჩილების უნარით გამორჩეულ ადამიანებს იზიდავს საკუთარ რიგებში. კალაძეს კი სჭირდება მხარდამჭერების სპექტრის გამრავლება სამოქალაქო აქტივისტებით, არასამთავრობო სექტორით, ახალგაზრდა ურბანისტებით და ეკონომისტებით

კალაძისთვის, ასევე, უაღრესად მნიშნელოვანია აქტიური დასავლური კონტაქტების აწყობა. მაგრამ ყველაფერი ზემოთქმული მხოლოდ შესაძლებლობებია, რამდენად მოახერხებს იგი ამ შესაძლებლობების რეალობად ქცევას, დრო გვიჩვენებს.
- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ”ოპოზიციამ ხალხთან სალაპარაკოდ სწორი გზავნილები ვერ იპოვა, რის გამოც შესაძლოა, მდგრადობის თვალსაზრისით პოლიტიკურ პროცესს დიდი პრობლემები შეექმნას”.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პოლიტიკურ ველზე ე.წ.”ნაციონალისტები” გაძლიერდნენ, რომლებსაც სიმპათიები რუსეთის მიმართ აშკარად აქვთ?


- დღეს პოლიტიკური ველი ასე ლაგდება: უკონკურენტო და ამ უკონკურენტობით ნირვანამდე მისული ხელისუფლება, აქტიურ-დაფინანსებულ-ორგანიზებული ანტიდასავლური ან გნებავთ, პრორუსული სეგმენტი და ულიდერო, დაქსაქსულ-რეიტინგდაცემული დასავლური ფლანგი.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ პროდასავლურმა ძალებმა დაკარგეს რეიტინგიც, რეიტინგთან ერთად, საზოგადოების ორგანიზაციის და მობილიზაციის უნარიც და ქუჩის რესურსიც და ძირითადად, სოციალური ქსელების „ლომებად“ იქცნენ.
თუმცა, იმ სოციალურ ქსელებშიც კი ერთიანი, ეფექტური საინფორმაციო კამპანიის წარმოებასაც ვერ ახერხებენ მოჯარული რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. იმავდროულად, საგრძნობლად შემცირდა დასავლეთის ინტერესიც და დაფინანსებაც საქართველოს პოლიტიკური თუ სამოქალაქო სექტორის მიმართ, რაც ნაწილობრივ, თავად საქართველოს ურესურსობით, ნაწილობრივ კი დასავლეთის დაბნეულობითაა გამოწვეული.
დასავლური განვითარების გზის მხარდამჭერი პოლიტიკური ფლანგი რევოლუციურ, გარდამტეხ საკადრო განახლებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი მიღწეულით არ დაკმაყოფილდება

ამ დროს, ანტიდასავლური ფლანგი სულ უფრო კარგად ორგანიზებული, დაფინანსებული და მართული ხდება. ქუჩის რესურსის ათვისებასაც ისინი ცდილობენ და აანონსებენ კიდეც წინასაარჩევნოდ აქციებს ამომრჩევლის მობილიზების მიზნით.
ჯერჯერობით გვშველის ის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არაპოპულარულია პრორუსულობაც და რუსეთისგან მხარდაჭერილ-წაქეზებული, ნაციონალიზმით შეფარული ფაშისტობაც და ამ არჩევნებზეც მათი საერთო ხვედრითი წილი 10%-საც ვერ მიაღწევს.
მაგრამ, საქართველოს დასავლური განვითარების გზის მხარდამჭერი პოლიტიკური ფლანგი რევოლუციურ, გარდამტეხ საკადრო განახლებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი მიღწეულით არ დაკმაყოფილდება.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”





მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები