არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
23-07-2018
ვანო ჩხაიძე - არავის ებადება მარტივი კითხვა: გადაეცეს თუ არა საქართველოს მოქალაქეებს მიწები და სხვა სიმდიდრეები უფასოდ?
18:32 09-09-2017
ვანო ჩხაიძე - არავის ებადება მარტივი კითხვა: გადაეცეს თუ არა საქართველოს მოქალაქეებს მიწები და სხვა სიმდიდრეები უფასოდ? საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორს, ვანო ჩხაიძეს ესაუბრა:

- ბატონო ვანო, უკანასკნელ დღეებში მიწის გასხვისება-არგასხვისებაზე კონსტიტუციაში ჩანაწერის თემა კვლავ აქტიურად განიხილება. თავიდან ამ თემაზე ხელისუფლებას რომ საზოგადოების აზრი გაეთვალისწინებინა თუ გული მოეგო, მან ასეთი პოზიცია დააფიქსირა - მიწა არ გაიყიდება და მიწის გაყიდვაზე მორატორიუმი იქნება გამოცხადებული.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა, რომ მიწის შეძენის უფლება კომერციულ ბანკებს ექნებათ. გასაგებია, რომ საქართველო მცირემიაწიანი ქვეყანაა, მართლაც არსებობს სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელების მიერ დაპატრონების საფრთხე და ამ საკითხის გადაწყვეტისას უპრიანიც კი იქნებოდა გაგვეთვალისწინებინა ევროპული ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება. მაგრამ, ვხედავთ, რომ ჩვენს შემთხვევაში არც ასე არ ხდება.
სამწუხაროდ, ჩვენში, როცა ეკონომიკის განვითარებაზე საუბრობენ არ ითვალისწინებენ, რომ ეკონომიკის განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, რომ განიხილება თუ არა მიწა ეკონომიკურ ღირებულებად. არადა, კარგად ჩანს, რომ ხელისუფლებას კარგად ესმის მიწის, როგორც ეკონომიკური ღირებულების ფასი და გამოსავლის პოვნას ცდილობს.
თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ მიწის გასხვისება-არგასხვისებასთან დაკავშირებით ჩვენს საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება? ამ შემთხვევაში სულაც არ იგულისხმება ის, რომ გარკვეული პირობებით მიწა შესაძლოა მართლაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა აიღონ თუნდაც არენდით...

- სამწუხაროდ, ვერ დაგეთანხმებით, რომ "ხელისუფლებას კარგად ესმის მიწის, როგორც ეკონომიკური ღირებულების ფასი და გამოსავლის პოვნას ცდილობს." თან, ვერც მე ვიჯერებ ხელისუფლება ეკონომიკურად ამდენად უვიცი იყოს, განსაკუთრებით მიწის საკითხში.
თუ თქვენი მოსაზრება სწორია, მთლად უარესი. გამოდის მავნებლობს, რადგან პრობლემიდან ერთადერთი გამოსავალის დიამეტრალურად საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს იღებს და შემდეგ თავისივე გადაწყვეტილებების ახალი კორექტირების ისეთი ინიციატივებით შემოდის, რომ კიდევ უფრო შეუძლებელი გახადოს საკითხის ჩვენი ხალხისათვის და ქვეყნისათვის სასიკეთოდ მოგვარება. ამავე დროს, ვფიქრობ, ზუსტია მოსაზრება - "მიწის გასხვისება-არგასხვისებასთან დაკავშირებით ჩვენს საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება".
სამწუხაროდ, ვერ დაგეთანხმებით, რომ "ხელისუფლებას კარგად ესმის მიწის, როგორც ეკონომიკური ღირებულების ფასი და გამოსავლის პოვნას ცდილობს." თან, ვერც მე ვიჯერებ ხელისუფლება ეკონომიკურად ამდენად უვიცი იყოს, განსაკუთრებით მიწის საკითხში

მოგეხსენებათ, "მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს ან გასხვისების ან არგასხვისების (სახელმწიფო საკუთრებიდან კერძო საკუთრებაში გადაცემის ან არგადაცემის) წინააღმდეგ. თითქოსდა, ან ერთი დამოკიდებულება უნდა იყოს ან მეორე, მაგრამ პარადოქსული სწორედ ისაა, რომ თქვენი მოსაზრება ზუსტია და რეალურად, ორივე ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულება ერთად არსებობს მიწის გასხვისება-არგასხვისებასთან დაკავშირებით. ანუ სახეზეა სრული დომხალი.
ეს რეალობა, მიწის გასხვისება-არგასხვისების თემაზე საზოგადოების აზრის, ვფიქრობ, დიდწილად მცდარი, ზედმეტი გამწვავება და შემდეგ მისი თითქოს გათვალისწინება მიზანმიმართულად, ხელოვნურად მოხდა თუ ბუნებრივად, ამ მიმართულებით ხანგრძლივად გენერირებული საზოგადო მენტალობის გამო, ეგ ცალკეა საფიქრალი.
თუ მაინც ვეცდებით აბსურდულ სურათში უფრო მკაფიოდ გავერკვეთ დავინახავთ, რომ ერთის მხრივ, უკვე ვერავინ ბედავს უარყოს საყოველთაო ჭეშმარიტება, რომ მიწა და ნებისმიერი სხვა ეკონომიკური აქტივი ყველგან და ყოველთვის, კერძო საკუთრებაში უფრო ნაყოფიერად გამოიყენება, ვიდრე სახელმწიფო საკუთრებაში.
ეს თეზისი დამანგრეველ წინააღმდეგობაში მოდის ყველაფრის ცენტრიდან მართვის მოტრფიალე და ეკონომიკის თავისუფლების შემზღუდავ წითელ იდეოლოგიასთან, მაგრამ ის წინა საუკუნის მიწურულს საკუთარი ინიციატივით გადავიდა რა "იატაკქვეშეთში", გაექცა ცივილიზაციასთან ხისტ დაპირისპირებას და საკუთარი რეპუტაციის ნარჩენების გადასარჩენად უკვე ღიად ვეღარ ბედავს "დახვრიტოს ყველა", ვინც კერძო საკუთრებას იცავს. ახლა ძველზე უფრო მალავს საკუთარ სიხარბეს. ვეღარ რისკავს ღიად დაუპირისპირდეს ეკონომიკაში კერძო საკუთრების პრიმატს, იძულებულია შენიღბულად და თვალთმაქცურად, ახალ რეალობასთან სასიცოცხლო დაპირისპირებაში პარტიზანულ-დივერსიული მეთოდები და ხრიკები გამოიყენოს.
მხოლოდ ამის დანახვისას ხდება ცხადი, რომ ამ უმთავრეს თემაში გაუცნობიერებელ
მოსახლეობაში თანმიმდევრული პროპაგანდით "ადვილად" როგორ ჩაინერგა საკმაოდ
უსაფუძვლო შიში, რომ კერძო საკუთრებაში მყოფ მიწებს, შესაძლოა, უცხოელები დაეპატრონონ და მათ ადგილობრივები გააძევონ ან შავ მუშებად დაიყენონ.
ყოველდღიურ მედიაში მყარად დამკვიდრდა ”მტრული სპეცსამსახურების ჯურღმულებში” მოფიქრებული თუ არა ნამდვილად მოწონებული მზაკვრული კითხვა - "მიეყიდოს თუ არა ჩვენი მიწა უცხოელებს?" თითქოსდა იმ კეთილი მზრუნველობით, რომ ჩვენი მოქალაქეები არ აღმოჩნდნენ უმიწოდ.
არავის ებადება უფრო მარტივი, პირდაპირი კითხვა: "გადაეცეს თუ არა საქართველოს მოქალაქეებს პირად საკუთრებაში დღემდე სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი, გამოუყენებელი და გავერანებული მიწები და სხვა სიმდიდრეები უფასოდ?"...
კითხვის ასე მოტრიალებას საყოველთაო ტაბუ ადევს. უსაფუძვლო თუნდაც იმიტომაა ზემოთხსენებული, ხელოვნურად გაღვივებული შიშები, რომ განვლილ წლებში, როცა იმავე უცხოელებს სრულიად თავისუფლად და უიაფესად შეეძლოთ ჩვენი საუკეთესო მიწების ყიდვა და ამას არავინ უკრძალავდათ, მათ კერძო მესაკუთრეებისაგან მაშინაც პრაქტიკულად არაფერი უყიდიათ და მიწების ის უმცირესი რაოდენობა (1%-მდე), რაც უცხოელებმა მაინც დაისაკუთრეს, ძირითადად სწორედ სახელმწიფოსგან იყიდეს ან საჩუქრად მიიღეს.
ერთი მხრივ, უკვე ვერავინ ბედავს უარყოს საყოველთაო ჭეშმარიტება, რომ მიწა და ნებისმიერი სხვა ეკონომიკური აქტივი, ყველგან და ყოველთვის კერძო საკუთრებაში უფრო ნაყოფიერად გამოიყენება, ვიდრე სახელმწიფო საკუთრებაში

საერთოდ, თუკი უცხოტომელთა რამე ანკლავები, ავტონომიები ან ავტონომიურობის პრეტენზიები ჩნდება, სწორედ სახელისუფლებო ჩარევებით ან შეცდომებით.
საპირისპიროდ ამისა, ალბათ, არსად მომხდარა და ვერც მოხდება, რომ მოქალაქეებს ვინმე მყიდველისათვის და მით უმეტეს რომელიმე ერთი ეთნოსისათვის ერთხმად და ორგანიზებულად მიეყიდოთ თავიანთი სამკვიდრო მიწები.
თუ საკმაოდ ვრცელი ტერიტორიის მისაკუთრების მსგავსი მიზნები მდიდარმა რამე გარე ძალამ, თუნდაც ფარულად, მაინც დაისახა, უშუალოდ მოსახლეობისაგან ყიდვა ისე ძვირი დაუჯდება, მას მიწის მნიშვნელოვანი ნაწილის ყიდვა და მიზანთან მიახლოებაც კი ვერანაირად გამოუვა.
ეს იმ უბრალო ბუნებრივი მიზეზით მოხდება, რომ მოსახლეობის უმეტესობას ერთნაირად ისე მძაფრად არასდროს უჭირს, რომ მიწის რამე ერთ ფასზე შეთანხმდნენ. იაფ ფასად კი, შესაძლოა, უფრო მალე ადგილობრივებიდან ვინმე გამოისყიდის, ვიდრე გარე მყიდველი.
- ხელისუფლების სურვილს, რომ კომერციულ ბანკებს ექნებათ მიწის შეძენის უფლება, ექსპერტთა ნაწილი მიესალმა. საზოგადოების ნაწილი, რომელიც თვლის, რომ კომერციული ბანკები ხალხს მხოლოდ მოგების წყაროდ განიხილავს, მიწის საკითხში ხელისუფლების მიერ ნაპოვნ გამოსავალს აპროტესტებს და ხელისუფლებისაგან ამ საკითში მიწის არგაყიდვაზე მორატორიუმის შენარჩუნებას კვლავაც დაჟინებით მოითხოვს.
ექსპერტთა საკმაოდ დიდი ნაწილი მიწის საკითხში ილია ჭავჭავაძის დამოკიდებულებას იხსენებს. კერძოდ იმას, რომ სწორედ ილია ჭავჭავაძის ინიციატივით თავის დროზე ბანკები იძენდნენ მიწებს.
თქვენ როგორ შეაფასებდით ხელისუფლების სურვილს, რომ კომერციულ ბანკებს ექნებათ მიწის შეძენის უფლება?

- სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება დღემდე გაურბის
მიწების და სახელმწიფო საკუთრებაში ჩარჩენილი, უკეთეს შემთხვევაში გამოუყენებელი სხვა "უპატრონო" ეკონომიკური აქტივების უფასოდ გადაცემას და დამკვიდრებას საკუთარი მოქალაქეების პირად საკუთრებაში, რათა ეს აქტივები ქვეყნის ეკონომიკაში დივერსიფიცირებულად ინტეგრირდეს, მრავალფეროვანი პირადი ინიციატივები და პასუხისმგებლობები ამოქმედდეს, გაამდიდროს დღეს ღატაკი თითოეული მოქალაქე და გააძლიეროს ქვეყანა.
როგორ შეიძლება ვალში დაგირავებული ქონების მესაკუთრეს ნაკლები უფლება ჰქონდეს თავისი ქონების უფრო სასურველი ფასით გაყიდვაზე, ვიდრე ბანკს, რომელიც თუნდაც სახელმწიფოს თანადგომით იტაცებს მას?! სრული უნამუსობაა მსგავსი მცდელობა სახელმწიფო ინტერესებით შეფუთო

ამას ეწინააღმდეგება თითქოს მხოლოდ იმიტომ, რომ გაძლიერებულ საზოგადოებას მოქმედი ხელისუფლება თავის ნებასურვილზე უკვე ვეღარ დაიმორჩილებს. თვითონ გახდება ძლიერი საზოგადოებისაგან მართული, თუმცა, სხვათა შორის, უკეთ ხელშეწყობილიც.
გარდა მეტი მატერიალური რესურსებისა, ხელშეწყობილი თუნდაც იმით, რომ ასეთ შემთხვევაში ქვეყანაში ბუნებრივად უთუოდ გაჩენილი საკუთარი, მაღალი რეპუტაციის მქონე უამრავი უმდიდრესი ადამიანი, თავიანთ შორის არავის დაანებებს პირადი ბიზნესის ხელშემწყობი, მაგრამ სხვა ბიზნესებისათვის და მთლიანად ქვეყნისათვის კი ნაკლებსასურველი კანონშემოქმედების ინიცირებას. ამ თემებში გვერდზე მყარად დაუდგება კარგ ხელისუფლებას.
სამწუხაროდ, დღეს არ გვყავს წმინდანი ილია ჭავჭავაძე თავისი ეროვნული ბანკებით,
რომლებიც საკმარისი ეროვნული ნდობით სარგებლობენ. გამორიცხული სულაც არაა, ბანკების უმეტესობა მხოლოდ იმაზე იყოს გამეცადინებული, მოქალაქეები "საკრედიტო ჩიხში" მოამწყვდიონ და იაფად დაგირავებული აქტივები დააკარგვინონ. საბანკო სისტემა და კომერციული ბანკები, მათი კლიენტების საყოველთაო გააღატაკების ფონზე, წლებია ისეა შეზრდილი ხელისუფლებასთან, არ გაუჭირდებათ რამე ახალი კრიტერიუმი მოიგონონ.
როგორ შეიძლება ვალში დაგირავებული ქონების მესაკუთრეს ნაკლები უფლება ჰქონდეს თავისი ქონების უფრო სასურველი ფასით გაყიდვაზე, ვიდრე ბანკს, რომელიც თუნდაც სახელმწიფოს თანადგომით იტაცებს მას?! სრული უნამუსობაა მსგავსი მცდელობა სახელმწიფო ინტერესებით შეფუთო.
კონსტიტუციაში კი ვისურვებდი ყოფილიყო ამ შინაარსის ჩანაწერი: "ყველა აქტივი, რომელიც ეკონომიკაში გამოიყენება, არის კერძო საკუთრება იმ მცირე განსაკუთრებული აქტივების გარდა, რაც დროებით, სხვა საჯარო მიზნებით, არაკომერციულად მოიხმარება და მისი სახელმწიფო საკუთრებაში დატოვების დროებით გარდაუვალი მიზეზების საჯარო დასაბუთება ყოველწლიურად საჯაროდ ქვეყნდება."

საერთოდ კი, ყველა ლოგიკით პირიქით აჯობებდა - ვინც საკრედიტო ხაფანგში აღმოჩნდა, იმათ, თავიანთი ვალის დაფარვის მიზნით თავისი აქტივის გაყიდვის შედარებით შეუზღუდავი უფლება მისცემოდათ, კომერციულ ბანკებს კი პირიქით, უზრუნველყოფის თავისუფლად გაყიდვა შეზღუდვოდათ.
- თქვენთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისა და ეკონომისტისთვის მიწის გასხვისება-არგასხვისების თემაზე კონსტიტუციაში ოპტიმალური ჩანაწერი სავარაუდოდ, როგორი შეიძლება ყოფილიყო?
- უნდა რეალურად და არა თვალთმაქცურად შევთანხმდეთ, რომ ეკონომიკურად საუკეთესო სასტარტო პირობა იქნებოდა, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოსაყენებელი მიწა და სხვა უამრავი აქტივი:
- იშვიათი, მცირე გამონაკლისის გარდა, იყოს ქვეყნის მოქალაქეების კერძო საკუთრებაში;
- ქონდეს მათ მაღალი საბაზრო ფასი, ლიკვიდურობა და საინვესტიციო მიმზიდველობა.
ეს არაა ტექნიკურად რთული გასაკეთებელი და პოლიტიკური ნების გარდა, არც არაფერი სჭირდება, კონსტიტუციაში კი ვისურვებდი ყოფილიყო ამ შინაარსის ჩანაწერი:
ფული ყოველთვის მაშინ უფასურდება, როცა იმაზე მეტი იხარჯება, ვიდრე არის

"ყველა აქტივი, რომელიც ეკონომიკაში გამოიყენება არის კერძო საკუთრება იმ მცირე, განსაკუთრებული აქტივების გარდა, რაც დროებით, სხვა საჯარო მიზნებით, არაკომერციულად მოიხმარება და მისი სახელმწიფო საკუთრებაში დატოვების დროებით გარდაუვალი მიზეზების საჯარო დასაბუთება ყოველწლიურად საჯაროდ ქვეყნდება."
- უკანასკნელ დღეებში ლარი მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ამ თემაზე ხელისუფლების მოსაზრებები კი მოვისმინეთ, მაგრამ დამკვირვებელთა საერთო შეფასებით, მათ დამაჯერებლობა აშკარად აკლია.
პროფესორ ლადო პაპავას განმარტებით, ”ლარის კურსის ცვლილება სეზონურ ცვლილებას” უკავშირდება. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რამ გამოიწვია ლარის მორიგი გაუფასურება?

- თუ ძალიან, "უძალიანესად უმოკლესად" და თან ყველასთვის მაქსიმალურად გასაგებად ვიტყვით - ფული ყოველთვის მაშინ უფასურდება, როცა იმაზე მეტი იხარჯება, ვიდრე არის. ეს კი, მხოლოდ მის "დამბეჭდავს" ანუ, ბრუნვაში დამმატებელს, მის ემიტენტს შეუძლია. აბა მე და თქვენ, თუ ფული გაგვითავდა, ვერაფრით დავხარჯავთ.
როგორც წესი, ამომრჩეველთა უმნიშვნელო ნაწილი აკეთებს საკმარისად გაცნობიერებულ ანალიზს და აკეთებს საფუძვლიან დასკვნებს, დიდი ნაწილი კი ყველგან ემოციურ და ინტუიციურ არჩევანს აკეთებს. ასეთ არჩევნებს ის იგებს, ვისაც მეტი რესურსი გააჩნია

- მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი არჩევნებისათვის მზადება შიდა პოლიტიკის დღის წესრიგის უმთავრესი საკითხია, საკონსტიტუციო ცვლილებების თემა აქტუალობას არ კარგავს.
მმართველი გუნდის მტკიცებით, მისაღებად მზადაა ”ევროპული ტიპის საუკეთესო კონსტიტუცია”. ოპოზიციის ლიდერთა ნაწილის აზრით, კონსტიტუციის შემუშავებული პროქტით, ევროპაში არავინ მიგვიღებს. დამოუკიდებელი ექსპერტის გია ხუხაშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ”ქართული ოცნება” პოლიტიკურ ბუნკერშია”. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძის განმარტებით კი - ”ჩვენს პარლამენტს რეპუტაციაზე ხელი აქვს ჩაქნეული”.
თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხდება და ამავე ცვლილებebთან დაკავშირებით რა მოცემულობაც ჩამოყალიბდა?

-ვეთანხმები ბატონ გიას და სოსოს, მაქსიმალურად სრული პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის აუცილებლობაSi.
არჩევნებს რაც შეეხება, როგორც წესი, ამომრჩეველთა უმნიშვნელო ნაწილი აკეთებს საკმარისად გაცნობიერებულ ანალიზს და აკეთებს საფუძვლიან დასკვნებს, დიდი ნაწილი კი ყველგან ემოციურ და ინტუიციურ არჩევანს აკეთებს.
ალბათ, ყველაზე გამორჩეულია ერთ-ერთი უდიდესი ნობელიანტი ეკონომისტის, ცხონებული მილტონ ფრიდმანის ფრაზა, მიმართული პოსტკომუნისტური ქვეყნების ლიდერებისაკენ: "პრივატიზაციის ფორმებიდან ჩემთვის ყველაზე ახლობელია ქონების არა გაყიდვა, არამედ უფასოდ გადაცემა ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაში"

ასეთ არჩევნებს კი ის იგებს, ვისაც მეტი რესურსი გააჩნია მეტ ამომრჩეველს პერსონალურად სხვაზე დამაჯერებლად მიაწვდინოს ინფორმაცია, რომ მასზე ფსონის დადება საუკეთესო არჩევანია... ეს კი ნამეტანი ძვირი ჯდება.
- იმის გამო, რომ ახლოვდება ადგილობრივი არჩევნები, საინფორმაციო სივრცის უდიდესი ნაწილი სწორედ საარჩევნო კამპანიებს ეთმობა. მიუხედავად ამისა, ჯერ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიეტებისგან მათი საარჩევნო პროგრამები არ მოგვისმენია. პროგრამების ფრაგმენტებს კი ვისმენთ მაგრამ ფაქტია, რომ ვის რა გეგმები აქვს, ჯერ ძნელად აღქმადი და ძნელად გასაგებია.
თქვენ როგორ შეაფასებდით მოახლოებული ადგილობრივი არჩევნებისათვის პოლიტიკური სუბიექტების აქტიურობას?

- პირადად მე, მესიმპათიურება მეტი თავისუფლებისა და იმავდროულად მეტი წესრიგის მსურველი პოლიტიკური ძალები. ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებსაც საკმარისი სიზუსტის, რეალისტურად განხორციელებადი, ხალხისა და ქვეყნისათვის სასიკეთო მოქმედების კონკრეტული სქემა, ან მიზნის მისაღწევი მექანიზმების შემუშავების უნარი აქვთ, რომელიც მანამდე გადაგვარჩენს, სანამ სული ჯერ კიდევ გვიდგას. სამწუხაროდ, ასეთ რამეს ვერავისგან ვხედავ...
- თვითმმართველი ორგანოების გაძლიერებაზე არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური ძალა კი ლაპარაკობს, მაგრამ არავინ საუბრობს თვითმმართველი ორგანოების ქონების დადგენა-განსაზღვრაზე და ადგილობრივი ორგანოების უფლებამოსილებების გაზრდაზე. თქვენი აზრით, რატომ?
ძნელი დასაჯერებელია ყველა პოლიტიკური სუბიექტი ეკონომიკის ერთი ცენტრიდან მართვის მომხრე იყოს...

- დღეს საბანს, რომლის გამოყენება ვერაფრით ვისწავლეთ, ყველა თავისკენ ექაჩება. ძნელად აღქმადი ის პროგრამები და საუბრებია ხოლმე, რომლებიც ან მნიშვნელოვანს არაფერს შეიცავს და სიტყვების ცარიელი რახარუხია, ან თვითონ ავტორს არ აქვს საკმარისად გააზრებული, თუ მართლაც აირჩიეს, რას და როგორ გააკეთებს და მიაღწევს.
როცა ლაპარაკია სოფლად, ან მთაში ხალხის დამაგრებაზე, ეს მხოლოდ მაშინ იქნება საფუძვლიანად შესაძლებელი, როცა მთაშიც და ბარშიც, ცივილიზებული მსოფლიოს მსგავსად, მიწა და კარმიდამო ჩვენსავით კაპიკები კი არა, მილიონები ეღირება და მის პატრონს ღირსეული შრომის და არსებობის გარანტიებს მისცემს.
ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ეკონომიკურად უმნიშვნელოვანესი თემის, საკუთრების არსებული პოტენციალის ხალხისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ უკეთ, ოპტიმალურად გამოყენებაზე, მთავარი კი არ გვითქვამს.
დღეს რაც რეალობაა შექმნილი, ყველა ნაკომუნისტარ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, მსგავსი და მისაბაძად წარმატებულად დაძლეული მძიმე რეალობა,
სამყაროს ეკონომიკურ ისტორიას არსად არასდროს ჰქონია.
არსად არასდროს ყოფილა მთელი ქვეყნის სიმდიდრე მითვისებული რომელიმე მეფის, იმპერატორის და მით უმეტეს პოლიტიკური ბელადის (და მასთან მყოფ რამდენიმე გაფეტიშებული ადამიანის) ხელში. არსად დამდგარა და მით უმეტეს არ განხორციელებულა ქონების ხელახალი დენაციონალზაცია და შესაბამისად არც პრაქტიკაში, წარმატებით სხვაგან გამოცდილი, მზა რეცეპტები არსებობს.
მხოლოდ ფრაგმენტების და ცალკეული ბრძნული რჩევების აზრიანად გამოყენება შეიძლება სხვათა და თუნდაც ჩვენი წარსულიდან და მათ შორის ალბათ ყველაზე გამორჩეულია ერთ-ერთი უდიდესი ნობელიანტი ეკონომისტის, ცხონებული მილტონ ფრიდმანის ფრაზა, მიმართული პოსტკომუნისტური ქვეყნების ლიდერებისაკენ: "პრივატიზაციის ფორმებიდან ჩემთვის ყველაზე ახლობელია ქონების არა გაყიდვა, არამედ უფასოდ გადაცემა ქვეყნის მოქალაქეების საკუთრებაში".
ჩვენ ეს მოწოდება, ალბათ ჩვენი საკუთარი, ბრძენი შოთას მოწოდებასაც გვაგონებს, მაგრამ ამ უმარტივესი და დღეს უკვე უგენიალურესი რჩევის გაგონება არადა არ გვინდა...
კი ბატონო, კერძო კონკურენციის ზრდას და თავისუფალი ეკონომიკის გააქტიურებას
მოჰყვება ხოლმე სოციალური გართულებები და პრობლემებიც, მაგრამ ამ გზით მკვეთრად გამდიდრებულ ქვეყანას უფრო უჩნდება იმის ფუფუნების რესურსი, რომ ძალიან ცოტა, ან სულ არ ჰყავდეს უმწეო და ღატაკი მოქალაქეები.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები