არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
23-07-2018
ალექსანდრე თვალჭრელიძე - კონსტიტუციის ირგვლივ ოპოზიციის აჟიოტაჟი პოლიტიკური ბრძოლის ტექნოლოგიაა და არა უკეთესი კონსტიტუციის მისაღებად რეალური ქმედებანი
11:56 14-09-2017
ალექსანდრე თვალჭრელიძე - კონსტიტუციის ირგვლივ ოპოზიციის აჟიოტაჟი პოლიტიკური ბრძოლის ტექნოლოგიაა და არა უკეთესი კონსტიტუციის მისაღებად რეალური ქმედებანი საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გააქტიურებაზე დიამეტრალურად განსხვავებული შეფასებები კეთდება. უკრაინული შსს-ს განმარტებით, სააკაშვილისა და მისი მომხრეების მიერ პოლონეთ-უკრაინის საზღვრის გადაკვეთის სამართლებრივ შეფასებას პროცედურები და საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. ექსპერტ-დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი პოროშენკოს თამაშს თამაშობს, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ მას საკუთარი თამაში აქვს წამოწყებული, მაგრამ უკრაინულ პოლიტიკაში არსებული ვითარების გათვალისწინებით, რა შეიძლება იყოს მისი საბოლოო მიზანი ჯერჯერობით ძნელად წარმოსადგენია.
უკრაინელ ექსპერთა უმეტესობა კი თვლის, რომ სააკაშვილის გააქტიურებამ შესაძლოა, ქვეყანა მორიგ პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანოს, რაც უკრაინისთვის დამღუპველი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ოფიციალური კიევის ხელისუფლება პროევროპული და პროატლანტიკური პოლიტიკის გატარებაში ისეთი თანმიმდევრული არასოდეს ყოფილა, როგორც დღეს. მათივე მტკიცებით, უკრაინის საზღვარზე აქტიურობისას სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის რუსეთის აგენტი კრიმინალები აქტიურობდნენ.
თქვენი დაკვირვებით, რა ხდება უკრაინაში? სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები, ერთი მხრივ, თავად სააკაშვილის ირგვლივ, ხოლო მეორე მხრივ, სააკაშვილის მონაწილეობით თუ მის გარეშე? შეძლებს კიევი უკრაინაში არ განვითარდეს ისეთი პროცესები, რომელიც კრემლისთვის ყველაზე სასურველია?

- ურთულეს კითხვას მისვამთ, რომელზეც მოკლედ პასუხი გამიჭირდება. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინა, მაპატიონ ჩემმა უკრაინელმა მეგობრებმა, ჯერ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ ვერ ჩამოყალიბდა.
თუ სიტუაცია უმოკლეს ვადაში არ დაბალანსდა, უკრაინა, ღმერთმა არ ქნას, ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომის პირას შეიძლება აღმოჩნდეს

უკრაინა ქვეყანაა, რომელიც პირობითად სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს: პირველი, რასაკვირველია, დასავლეთ უკრაინაა, რომელიც ისტორიულად დიდი პოლონეთის (ე.წ. რეჩ პოსპოლიტას) შემადგენლობაში შედიოდა. პირველი და მეორე მსოფლიო ომების შუალედში ეს ტერიტორია პოლონეთმა, ჩეხოსლოვაკიამ და რუმინეთმა გაიყვეს, ხოლო საბჭოთა კავშირს იგი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით შეუერთდა. აქ ძლიერია კათოლიკური, უნიტარული და პროპოლონური ტენდენციები. შემთხვევითი ხომ არ არის, რომ ლვოვის მერმა მიხეილ სააკაშვილს ზარ-ზეიმით უმასპინძლა.
მეორე, ეს აღმოსავლეთი, რუსულენოვანი უკრაინაა, რომელსაც ამჟამად ცენტრალური ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და მესამე - მართმადიდებლური ცენტრალური უკრაინაა, რომელსაც თავის დროზე უკრაინის ზაპოროჟიეს არმიის გეტმანები, რუსეთის დაუძინებელი მტრები, მაგალითად, გეტმანი საგაიდაჩნი მართავდნენ. ეს რეგიონული სხვაობანი დღესაც თავს იჩენს.
უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გამოჩენამ აღნიშნული რეგიონული წინააღმდეგობანი გაააქტიურა, რის გამოც მეჩვენება, რომ ქვეყანაში დაახლოებით იგივე სიტუაციაა ჩამოყალიბებული, რომელიც საქართველოში ვარდების რევოლუციას წინ უძღოდა. მაგრამ უკრაინა საქართველო არ არის. ეროვნული ხასიათიდან გამომდინარე თუ სიტუაცია უმოკლეს ვადაში არ დაბალანსდა, უკრაინა, ღმერთმა არ ქნას, ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომის პირას შეიძლება აღმოჩნდეს.
მეჩვენება, რომ სტრატეგიულად ამგვარი პოლიტიკა პრინციპულად არასწორი და, მაპატიეთ მკვახე სიტყვებისთვის, წინდაუხედავია და უკრაინაში მხოლოდ რუსეთის გავლენის ზრდას შეუწყობს ხელს

ახლა თავად განსაჯეთ, რას ემსახურება მიხეილ სააკაშვილის აქტივობა უკრაინაში. კორუფციასთან ბრძოლის ბაირაღის ქვეშ ამხედრებული ახალი პოლიტიკური ძალა ნებსით თუ უნებლიეთ სამოქალაქო დაპირისპირებას აღვივებს, ეს კი დასავლეთ უკრაინაში პოლონეთის გავლენას ზვავისებრად ზრდის.
ამ თვალთახედვით, აბსოლუტურად ნათელია, რატომ უყვართ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში და რატომ გაუღო მას პოლონეთმა, უკრაინის ხელისუფლების პროტესტის მიუხედავად, თავისი სასაზღვრო კარიბჭე.
მეჩვენება, რომ სტრატეგიულად ამგვარი პოლიტიკა პრინციპულად არასწორი და, მაპატიეთ მკვახე სიტყვებისთვის, წინდაუხედავია და უკრაინაში მხოლოდ რუსეთის გავლენის ზრდას შეუწყობს ხელს.
- მიუხედავად იმისა, რომ დამკვირვებელთა ნაწილი გამორიცხავს სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას ანდა კიევის მიერ თბილისში მის ექსტრადირებას, ქართველ ექსპერტთა უმეტესობა თვლის, რომ მისი საქართველოში ნებისმიერი ფორმით ჩამოსვლა ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მოვლენებმა და უკრაინულ პოლიტიკურ სცენაზე სააკაშვილის გააქტიურებამ საქართველოს შიდა პოლიტიკაზეც ჰპოვა ასახვა.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთან მალე ადგილობრივი ორგანოების არჩევნებია, თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორ აისახება ქართულ პოლიტიკაზე ის, რომ სააკაშვილის ფაქტორი უკრაინის პოლიტიკურ სცენაზე თუ ყველაზე მნიშვნელოვანი არა, საკმაოდ შესამჩნევი ფიგურა გახდა?

- ამ სამყაროში ყველაფერი დროებითი და წარმავალია. სააკაშვილის პარტიის რეიტინგზე კი თუნდაც თქვენი სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული პარტიული შემოწირულობების ნუსხა მეტყველებს. 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, ”ნაცმოძრაობა“ 5432 ლარით გამდიდრდა, რაც 1352-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ”ქართული ოცნების” და 59,6-ჯერ ნაკლები, ვიდრე „ევროპული საქართველოს“ მიერ მიღებული თანხები.
„ნაცმოძრაობას“ ამ პარამეტრით გაუსწრეს აგრეთვე „პატრიოტთა ალიანსმა“, „გირჩმა“, „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“ და „ეროვნულმა ფორუმმა“. მეჩვენება, რომ ქართველი ხალხი ბრძენია, და როგორც არ უნდა იყვირონ და იმოქმედონ მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა, საქართველოში რევოლუციური სიტუაციის შექმნა დღეს შეუძლებელია. ყველა სხვა შემთხვევაში კი მიხეილ სააკაშვილი, როგორც კი შემოაბიჯებს საქართველოში, იქნება დაპატიმრებული. რასაკვირველია, ყოფილი პრეზიდენტის დაკავება ქვეყნისთვის სახარბიელო არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ბატონი სააკაშვილი კარგად აანალიზებს სიტუაციას და საქართველოში ჩამოსვლისგან თავს შეიკავებს. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხომ არ გადაცურა მან ზღვა, როგორც გვპირდებოდა?
თუ სააკაშვილმა წააგო სასამართლო პროცესი, უკრაინის ხელისუფლებამ მისი წინასაექსტრადიციო პროცედურები შეიძლება წამოიწყოს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები

მიხეილ სააკაშვილის სიფრთხილეზე კიდევ ერთი ფაქტი მეტყველებს. როგორც კი მას გადაეცა პროკურატურის პროტოკოლი, სადაც ის 18 სექტემბერს დაიბარეს სასამართლოში, იგი გაქრა საზოგადოებრივი სივრციდან და მას მისი ადვოკატიც ვერ პოულობს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ თუ სააკაშვილმა წააგო სასამართლო პროცესი, უკრაინის ხელისუფლებამ მისი წინასაექსტრადიციო პროცედურები შეიძლება წამოიწყოს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
- რამდენიმე დღის წინ ”ნაცმოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ნაცმოძრაობის” მმართველობის დროს კეზერაშვილს მილიონები ყაჩაღობით აქვს ნაშოვნი. მან კეზერაშვილი ასევე იმაში დაადანაშაულა, რომ იგი არჩევნებში ”ევროპელ დემოკრატებს” აფინანსებს.
ძნელი დასაჯერებელია მელიას არ ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ მან ფაქტობრივად ის თქვა, რაშიც 2012 წლამდე საზოგადოება, თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი ”ნაცმოძრაობას” ადანაშაულებდა.
რა შეიძლება იყოს მელიას ”გულახდილობის” მიზეზი? მელიამ კეზერაშვილზე სკანდალური განცხადება სააკაშვილთან შეუთანხმებლად გააკეთა, ეს განცხადება წამოცდენა უფრო იყო თუ ”ქართული ოცნების” სასარგებლოდ გააზრებულად თუ გაუაზრებლად გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯი?

- ჩემთვის სავსებით უცნობია თუ რაზე და როგორ ფიქრობს ბატონი ნიკა მელია. მე ამ პიროვნებას, მამამისისგან განსხვავებით, საერთოდ არ ვიცნობ... ისე კი, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ტრადიციული პოლიტიკური პარტიები არსებობენ, მელიას გამონათქვამი პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იქნებოდა და ასეთ პიროვნებას წარბშეუხრელად შესაბამისი პარტიიდან გარიცხავდნენ.
ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ტრადიციული პოლიტიკური პარტიები არსებობენ, მელიას გამონათქვამი პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იქნებოდა და ასეთ პიროვნებას წარბშეუხრელად შესაბამისი პარტიიდან გარიცხავდნენ

ვინაიდან ასეთი გამონათქვამი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, პოლიტიკური პარტიის ექსტრემისტულ ბუნებას მიუთითებს და იგი აუცილებლად გახდებოდა პარტიის აკრძალვისკენ მიმართული პროცედურების დაწყების საბაბი.
- წინასაარჩევნო პერიოდი გვახსენებს, რომ ქვეყანაში 21 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩატარდეს. როგორ შეაფასებდით პოლიტიკური სუბიექტების მიერ წარმოებულ საარჩევნო აგიტაციას? თქვენი ყურადღება თუ მიიპყრო რომელიმე პარტიისა და კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამამ თუ დაპირებამ?
- მართალი გითხრათ, მე ასეთი აგიტაციის მოსმენაზე დროს არ ვკარგავ, ვინაიდან თვისობრივად ახალი ვერაფერი დავინახე. ისევ ისმის ერთმანეთის ლანძღვა-გინება და სხვა არაფერი.
გამონაკლისი მხოლოდ კახი კალაძეა, რომელიც ცდილობს (სხვა საკითხია, რამდენად წარმატებულად) რაღაც პოზიტიური მუხტი შეიტანოს თავის გამონათქვამებში. ამიტომ ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს აბსოლუტურად ღია გულით ვურჩევდი სასწრაფოდ შეცვალონ რიტორიკა და ჩემი თუ არა, პიარის სპეციალისტების მაინც დაიჯერონ. კი ბატონო, ათასჯერ გვსმენია, რომ ამჟამინდელი ადმინისტრაცია უვარგისი და კორუმპირებულია, მაგრამ არავითარი გარანტია არა გვაქვს, რომ ახალი ადმინისტრაცია ოდნავ უკეთესი მაინც იქნება.
ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს აბსოლუტურად ღია გულით ვურჩევდი სასწრაფოდ შეცვალონ რიტორიკა და ჩემი თუ არა, პიარის სპეციალისტების მაინც დაიჯერონ... ადგილობრივი არჩევნები უინტერესო იქნება და რეკორდულად დაბალი ამომრჩეველთა აქტიურობით იქნება გამორჩეული

ჩვენ ქართველები ვართ და პარტიული ნიშნის მიუხედავად გვახასიათებს ეროვნული ნიშან-თვისებები. ადრეც მითქვამს, რომ ადგილობრივი არჩევნები უინტერესო იქნება და რეკორდულად დაბალი ამომრჩეველთა აქტიურობით იქნება გამორჩეული.
- კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, ”ოპოზიციას თბილისის მერობაზე ხელი აქვს ჩაქნეული და საკრებულოსათვის იბრძვის.” თქვენი დაკვირვებითაც ასეა? ამ შემთხვევაში უპრიანი იქნება კითხვა: სავარაუდოდ, რა შედეგით დასრულდება პარტიების ბრძოლა საკრებულოებისათვის?
- ჩაქნეული აქვს ხელი ალეკო ელისაშვილს? არა მგონია. იგი თავის საარჩევნო სტრატეგიას ამუშავებს. ისე კი, არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით დიდ ბრძოლასა და მომავალი საკრებულოებში მაინცდამაინც დიდი სიჭრელეს არ ველოდები.
- არ ცხრება დისკუსია საკონსტიტუციო ცვლილებებზე. ოპოზიცია მმართველ გუნდს სადავო საკითხებზე კომპრომისულ ვარიანტებს სთავაზობს. როგორ ფიქრობთ, საკონსტიტუციო საკითხებზე ბოლო პერიოდში არსებული დიალოგი უფრო მოლაპარაკებებისა თუ კონსულტაციების იმიტაციას ჰგავს, თუ უმრავლესობას აქვს სურვილი წავიდეს დათმობებზე?
- მოდით, თვალი გავუსწოროთ რეალობას. თავდაპირველად მმართველი გუნდის ლიდერებსაც უნდოდათ 2020 წელს პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვა, მაგრამ მაჟორიტარი დეპუტატების მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს. აბსოლუტურად ყველამ იცის, რომ ასეთი ვარიანტი კენჭისყრის დროს ჩავარდება, ეს კი უმრავლესობის დაშლას გამოიწვევს.
რა არის ქვეყნისთვის სახარბიელო? სტაბილურობის შენარჩუნება და კონსტიტუციის მიღება, სადაც მხოლოდ ერთი მუხლი არ მოსწონს პოლიტიკოსების უმრავლესობას, თუ ღრმა პოლიტიკური კრიზისის პროვოცირება? ბევრჯერ მითქვამს, რომ კონსტიტუციის ამ მოდელში ვერავითარ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ქვეყნის განვითარების პარალელურად კონსტიტუცია კიდევ არაერთხელ შეიცვლება.
ახლა შევხედოთ ამ პროცესს ოპოზიციის თვალით. მე რაც გითხარით, ძალიან მარტივი რეალიებია, რომლებსაც ყველა პოლიტიკოსი, რასაკვირველია, კარგად ხედავს.
არჩევნებზე ქვეყნის მასშტაბით დიდ ბრძოლასა და მომავალ საკრებულოებში მაინცდამაინც დიდ სიჭრელეს არ ველოდები

ამიტომ კონსტიტუციის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ეს პოლიტიკური ბრძოლის ტექნოლოგიაა და არა უკეთესი კონსტიტუციის მისაღებად რეალური ქმედებანი. კარგად გამიგეთ. მე არ ვამბობ, რომ ოპოზიციამ ეს ტექნოლოგია არ უნდა გამოიყენოს, მაგრამ ჩვენც ხომ გვაქვს ობიექტური ანალიზის უფლება?
- თბილისში სასტუმრო ”რუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობისას ასეთი მოსაზრება გამოთქვა - ”ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლაზე”. ეს კი პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ ვენეციის კომისიამ რა საბოლოო დასკვნაც არ უნდა გამოაგზავნოს, მმართველი გუნდი 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარებას არ დათახმდება. პარლამენტის სპიკერი ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ვერ იპოვით ჩანაწერს, რომლითაც ”ქართულ ოცნებას” შემდეგ არჩევნებში უპირატესობა ექნება.
იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენში მაჟორიტარი დეპუტატები ყოველთვის ხელისუფლების მხარდამჭერები არიან, თქვენთვის რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება სპიკერ ირაკლი კობახიძის მოსაზრება?

- ყოველთვის არ არიან მაჟორიტარი დეპუტატები ხელისუფლების მხარდამჭერები. გაიხსენეთ, თუნდაც, 2012 წლის არჩევნები. მე მგონია, რომ როცა ცვლილებების დრო მოდის, მმართველი გუნდი აგებს არჩევნებს და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს რა საარჩევნო სისტემაა ქვეყანაში, პროპორციული, შერეული, როგორც 2012 წელს თუ მაჟორიტარული, როცა „მრგვალმა მაგიდამ“ არჩევნები მოიგო. ობიექტური რეალობა ყოველთვის იმარჯვებს.
მეჩვენება, რომ ისეთი ტიპის ქუჩის აქციები, რომელიც თბილისის ქუჩებში ვიხილეთ, ხელმოცარული ამბიციური ადამიანების ქმედებებია

ბატონი გიორგი კვირიკაშვილმა კი ფაქტობრივად იგივე თქვა, რაც წინა კითხვაზე პასუხის დროს სხვა სიტყვებით მე გავაჟღერე.
- ”ქართულმა მარშმა” და ”პატრიოტთა ალიანსმა” საპროტესო აქციები კარგა ხანია დაანონსეს, მაგრამ ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ უკვე შედგა ”ქართული მარშის” პირველი დაანონსებული აქცია და იგი კახი კალაძის წინააღმდეგ იყო მიმართული. ”ქართული მარშისა” და ”პატრიოტთა ალიანსის” აქციებზე დიამეტრალურად განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმის.
თქვენ როგორ შეაფასებდით ”ქართული მარშისა” და ”პატრიოტთა ალიანსის” აქციებს, ამ აქციების პოლიტიკურ შემადგენელს? და კიდევ, რამდენად საფუძვლიანია აქციის ორგანიზატორების მტკიცება, რომ მათ იდეებს საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი გაიზიარებს და ეს არჩევნების შედეგებზე აისახება?

- არც პირველი და არც მეორე აქცია მომეწონა. „ქართულ მარშს“ კი ბატონმა სოზარ სუბარმა სავსებით სამართლიანად უპასუხა. ჩვენ ეს თემა თავის დროზე მიწის პირველადი და მეორადი ბაზრების ანალიზის დროს საკმაოდ დეტალურად განვიხილეთ. მეჩვენება, რომ ისეთი ტიპის ქუჩის აქციები, რომელიც თბილისის ქუჩებში ვიხილეთ, ხელმოცარული ამბიციური ადამიანების ქმედებებია.


კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები