არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
ვახტანგ ძაბირაძე - „ქართულ ოცნებას“ რეალური და სტრუქტურირებული მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის სახით, არ ჰყავს
10:26 20-09-2017
ვახტანგ ძაბირაძე - „ქართულ ოცნებას“ რეალური და სტრუქტურირებული მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის სახით, არ ჰყავს საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგს, კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი თვეა დარჩენილი. ბატონი რამაზ საყვარელიძე შიდა პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად იმას მიიჩნევს, რომ ”ქართულ ოცნება” კონკურენტის გარეშეა დარჩენილი. პრაქტიკულად იგივე აზრი გამოთქვა ბატონმა გია ნოდიამ - ”ხელისუფლებას კონკურენტი არ ჰყავს”.
მიუხედავად იმისა, რომ მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანია მასშტაბურობითა და პომპეზურობით გამოირჩევა, ზოგადად, თქვენ როგორ შეაფასებდით საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას და რამდენად ეტყობა მას, რომ მოახლოებულ არჩევნებზე ხელისუფლება რეალური ალტერნატივის გარეშეა დარჩენილი?

- 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მოულოდნელი და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ოპოზიციური სპექტრისათვის. საუბარია როგორც „ ქართული ოცნების“ მიერ მოპოვებულ საკონსტიტუციო უმრავლესობაზე, ასევე, საარჩევნო ბარიერის დაძლევაზე.
ოპოზიცია დღეს ერთმანეთთან ურთიერთობის გარკვევით უფროა დაკავებული, ვიდრე „ქართული ოცნებისათვის“ კონკურენციის გაწევით. ამიტომ, ოპოზიცია დღეს უფრო მეტად ფრ აგმენტირებული და სუსტია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების დროს იყო

ოპოზიციას გაცილებით უკეთესი შედეგების მოლოდინი ჰქონდა, ამიტომ მიღებულმა რეალობამ ოპოზიციის რიგებში სრული ქაოსი და არეულობა გამოიწვია - ნაწილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ასეთ წარმატებას არჩევნების გაყალბების გზით მიაღწია, მეორე ნაწილმა ყველაფერი საარჩევნო სისტემას გადააბრალა, ხოლო დანარჩენებმა ურთიერთშორის დაიწყეს შეცდომების თუ დამნაშავეების ძიება.
შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ გაეანალიზებინათ და გაერკვიათ თუ რამ გამოიწვია ასეთი კატასტროფიული მარცხი, ოპოზიციაში დაიწყო ნაჩქარევი და ემოციური გადაწყვეტილებების მიღება, რამაც ისედაც სუსტი ოპოზიციური ფლანგი კიდევ უფრო დაასუსტა და, ნაცვლად კონსოლიდაციისა, მის შემდგომ ფრაგმენტაციას შეუწყო ხელი.
განვლილი პერიოდი არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ოპოზიცია მეტნაკლებად ჩამოყალიბებულიყო და გარკვეული ფორმა და შინაარსი შეეძინა. უფრო მეტიც, ოპოზიცია დღეს ერთმანეთთან ურთიერთობის გარკვევით უფროა დაკავებული, ვიდრე „ქართული ოცნებისათვის“ კონკურენციის გაწევით. ამიტომ, ოპოზიცია დღეს უფრო მეტად ფრაგმენტირებული და სუსტია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების დროს იყო.
ხელისუფლება დარწმუნებულია გამარჯვებაში, მაგრამ აქტიური სარჩევნო კამპანიით ცდილობს ოპოზიციას გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს და არც მომავალში დაუშვას მისი კონსოლიდაცია

შედეგად მივიღეთ ის, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალური და სტრუქტურირებული მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის სახით, არ ჰყავს. შესაძლოა, ცალკეულ მუნიციპალიტეტებში, ცალკეულმა პიროვნებებმა შეუქმნან გარკვეული პრობლემები, მაგრამ ეს იქნება ამ პერსონების და არა პოლიტიკური ორგანიზაციების დამსახურება.
ხელისუფლება, ცხადია, დარწმუნებულია გამარჯვებაში, მაგრამ აქტიური სარჩევნო კამპანიით ცდილობს ოპოზიციას გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს და არც მომავალში დაუშვას მისი კონსოლიდაცია.
- კარგა ხანია საზოგადოება თვალს ადევნებს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო კამპანიას. ხშირად რჩება შთაბეჭდილება არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსებს ავიწყდებათ, რომ 21 ოქტომბერს მუნიციპალური არჩევნები ტარდება და მათი მხრიდან საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებული რიტორიკა, ანდა ამგვარი კონტენტის შემცველი ფრაზეოლოგია ამ არჩევნების კონტექსტიდანაა ამოვარდნილი.
დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩვენი პოლიტიკური კლასი აშკარად ჩამორჩენილია დროს და ვერ პოულობს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამეტყველო ენას. თქვენ როგორ დაახასიათებდით საარჩევნო პროგრამებს, სლოგანებს, რიტორიკას, რომლითაც პოლიტიკური სუბიექტები და მათი ლიდერები საზოგადოებას ესაუბრებიან?

- როგორც უკვე აღვნიშნე, ოპოზიცია ძიებისა და ჩამოყალიბების პროცესშია. ეს პროცესი დროის ხანგრძლივ პერიოდსა და რამდენიმე ასპექტს მოიცავს. პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმის განსაზღვრა, რომლის დიაპაზონი ვრცელდება თანამშრომლობიდან რადიკალურ დაპირისპირებამდე.
მეორე - ერთმანეთს შორის ურთიერთობის გარკვევა - თანამშრომლობის სტრატეგიის ჩამოყალიბება, ფორმებისა და თემების შერჩევა, მესამე - პოლიტიკურ სცენაზე მნიშვნელოვანი პოზიციის მოპოვება და დამკვიდრება, მეოთხე - ახალი ან განსხვავებული (სხვათაგან) პოლიტიკური იმიჯის შექმნა და მეხუთე - ოპოზიციური ელექტორატიდან ერთგული და მყარი ამომრჩევლის გამოცალკევება და მობილიზება.
ოპოზიცია ცდილობს ნებისმიერ ფასად მიიზიდოს ამომრჩეველი და არად დაგიდევს იმას, არჩეული თემა რამდენად შეესაბამება თვითმმართველობის კომპეტენციას

ეს პრობლემები მეტ-ნაკლები სიმწვავით დგას ყველა ოპოზიციური პარტიის წინაშე. ამიტომ ოპოზიცია ცდილობს ნებისმიერ ფასად მიიზიდოს ამომრჩეველი და არად დაგიდევს იმას, არჩეული თემა რამდენად შეესაბამება თვითმმართველობის კომპეტენციას.
- თვითმმართველობების გაძლიერებაზე ყველა კი ლაპარაკობს, მაგრამ არავინ საუბრობს თვითმმართველობების ქონების რეალურად დადგენა-განსაზღვრაზე, ადგილობრივი ორგანოების უფლებამოსილებების გაზრდაზე. თქვენი დაკვირვებით, რატომ?
- ძლიერი თვთმმართველობა რომ დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველია, ეს აღიარებული ჭეშმარიტებაა. ამიტომ ხელისუფლების დეცენტრალიზაციაზე, თვითმმართველობის რეფორმირებაზე, ადგილობრივი ორგანოების უფლებამოსილებების გაზრდაზე, კომპეტენციებისა და ქონების გამიჯვნაზე საუბარი კარგ ტონად და ლიბერალური ღირებულებების ერთგულებად ითვლება. ოღონდ, როგორც კი საქმე რეალურ რეფორმირებამდე მივა, უამრავი „არგუმენტი“ ჩნდება, რათა პროცესი ან არ დაიწყოს, ან, თუ დაიწყება, ბოლომდე არ მივიდეს.
თვითმმართველობის ორგანოებში რეფორმის გაუტარებლობის რეალური მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება ვერ ელევა მართვის ცენტრალიზებულ ვერტიკალს

შესაბამისად, ვღებულობთ არა რეფორმას, არამედ რეფორმის სუროგატს. თუმცა, ხელისუფლება, ახალიც და ძველიც, ცდილობს ეს სუროგატი ჭეშმარიტ რეფორმად მოგვასაღოს. გახსოვთ ალბათ, წინა ხელისუფლებამ პარლამენტის ქუთაისში, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს ბათუმში გადატანას ხელისუფლების დეცენტრალიზაცია უწოდა. რეალური მიზეზი კი ისაა, რომ ხელისუფლება ვერ ელევა მართვის ცენტრალიზებულ ვერტიკალს.
თვთმმართველობის სრული და რეალური რეფორმირება აუცილებელია მაგრამ, ჩემი აზრით, ის უნდა განხორციელდეს ხელისუფლების რეფორმირების ერთიან კოტექსტში და არა დამოუკიდებლად, როგორც ამას „ქართული ოცნება“ ცდილობდა.
ამასთანავე, გათვალისწინებული უნდა იქნას კომუნიკაციების თანამედროვე საშუალებები და, რაც მთავარია, თვთმმართველობები არ უნდა განიხილებოდეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წყაროდ.
- 2017 წლის ადგილობრივი ორგანოების ერთ-ერთ მთავარ ინტრიგად რჩება თბილისის მერის არჩევნები. ცხადია, რომ ”ქართულ ოცნებას” თბილისის მერის არჩევნების დასრულება პირველივე ტურში სურს. თუ ელისაშვილის ფაქტორს გავიხსენებთ, რომელსაც აქვს შანსები სწორედ ”ქართული ოცნების” ამომრჩეველთა ხმები მიიღოს, ეს სულაც არ არის გასაკვირი.
თქვენი დაკვირვებით, თბილისის პოლიტიკურ სცენაზე ელისაშვილის არსებობა რას შეიძლება ნიშნავდეს და რისი მაჩვენებელი შეიძლება იყოს? თუ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტურის ჩატარება იქნება აუცილებელი, მეორე ტურში მერობის კანდიდატები ვინ იქნებიან?

- თბილისის მერის თანამდებობა ის პოზიციაა, რომელიც ნებისმიერი პოლიტიკოსისათვის ან პოლიტიკური ტრამპლინია ანაც - სამარე. თუ გავიხსენებთ, მ. სააკაშვილმა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტიც კი ტრამპლინად აქცია. ამიტომ, თითქოსდა ლოგიკურია, რომ ამ პოსტისათვის ბრძოლაში პარტიათა ლიდერები მონაწილეობდნენ. თუმცა, თუ პრეტენდენტთა სიას გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ პოლიტიკური ლიდერით მხოლოდ სახელისუფლებო გუნდია წარმოდგენილი კახი კალაძით.
„ქართული ოცნება“ ეცდება ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვოს და ყველაფერი პირველსავე ტურში დაასრულოს. თუმცა, ამჯერად მისი მოწინააღმდეგე პოლიტიკური ოპოზიცია კი არა, ის გულგრილობაა, რომელიც პარტიულად ნეიტრალურ ამომრჩეველშია გაბატონებული

ცხადია, თბილისის მერობაზე უარს არც ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი არ იტყოდა. უფრო მეტიც, რომელიმე მათგანს გამარჯვების თუნდაც მინიმალური შანსიც რომ ჰქონოდა, აუცილებლად ჩაებმებოდა საარჩევნო მარათონში. მაგრამ, რადგან ჩათვალეს, რომ გამარჯვების მინიმალური შანსიც არ არსებობს, წაგებულ თამაშში მონაწილეობას გარიდება არჩიეს, რაც სწორი გადაწყვეტილებაა და ასპარეზი მეორე და მესამე ეშელონის პარტიულ ლიდერებს დაუთმეს.
ამ პროცესიდან „ამოვარდნილია“ ალეკო ელისაშვილი. მან უარი განაცხადა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობაზე იმ მოტივით, რომ „არ სურდა რაიმეთი დავალებული ყოფილიყო პოლიტიკური პარტიებიდან და გამარჯვების შემთხვევაში თავისუფლად შეძლებოდა მერიის სამსახურები, სკუთარი შეხედულებებითა და პასუხისმგებლობით, პროფესიული ნიშნით დაეკომპლექტებინა“.
თუმცა, ჩემი აზრით, პოლიტიკურ ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე უარის თქმის რეალური მიზეზი არის ის, რომ მოსახლეობაში პოლიტიკური პარტიებისადმი, ზოგადად, უფრო მეტად ნეგატიური დამოკიდებულებაა, ვიდრე პოზიტიური. ამიტომ, ოპოზიციასთან თანამშრომლობა ელისაშვილს დამატებით მხარდამჭერებს ვერ გაუჩენდა. შესაძლოა, ამომრჩეველი უფრო დაეკარგა. შესაბამისად, მიღებულ იქნა ნაწილობრივ პრაგმატული გადაწყვეტილება და უარი ითქვა ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე.
ასეთი გადაწყვეტილება „ნაწილობრივ პრაგმატულად“ იმიტომ მიმაჩნია, რომ არჩევნებში წარმატების მისაღწევად მხოლოდ ხმების მოპოვება არაა საკმარისი, აუცილებელია მოპოვებული ხმების დაცვა და შენარჩუნება, რაც ორგანიზაციული სტრუქტურის გარეშე თითქმის შეუძლებელია.
სხვათა შორის, იმ ქადილის აღსასრულებლადაც, რომ თუ გაგიყალბეს ვიღაცას „კბილებს დაამტვრევ“, ორგანიზაციული სტრუქტურაა საჭირო. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შემდეგ იმ აქტივისგან, რომელიც დღეს ელისაშვილის ირგვლივ ტრიალებს, ახალი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბდეს.
ერთია ის თუ რა განცხადებებს აკეთებს ელისაშვილი, ხოლო მეორე - თუ რას პასუხობს ოპოზიცია. სამწუხაროდ, ოპოზიციურ სპექტრში არ მოიძებნა არც ერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც უარს იტყოდა მერობის საკუთარ კანდიდატზე და განაცხადებდა, რომ „ყოველგვარი პირობების გარეშე მხარს უჭერენ ა. ელისაშვილის კანდიდატურას და გამარჯვების შემთხვევაში ისინი იქნებიან საკრებულოში მისი პროგრამის მხარდამჭერნი“.
ამგვარი განცხადებით, შესაძლოა, დამატებითი ხმები ვერ მიიღო, მაგრამ ოპოზიციურად განწყობილ, ოღონდ პარტიულად ნეიტრალურ ელექტორატში კეთილგანწყობას მაინც მოიპოვებ. ამ ეტაპზე პოლიტიკური ოპოზიციისათვის ესეც მნიშვნელოვანი მიღწევა იქნებოდა.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა, ეცდება ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვოს და ყველაფერი პირველსავე ტურში დაასრულოს. თუმცა, ამჯერად მისი მოწინააღმდეგე პოლიტიკური ოპოზიცია კი არა, ის გულგრილობაა, რომელიც პარტიულად ნეიტრალურ ამომრჩეველშია გაბატონებული.
უაღრესად უცნაურ და სახიფათო სიტუაციაში ვიმყოფებით, რადგან მოსახლეობაში ყველა პოლიტიკური პარტიისა და ლიდერისადმი ნეგატიური განწყობა სჭარბობს პოზიტივს.... ამიტომ, ვფიქრობ, რომ წლევანდელ არჩევნებში მოსახლეობის აქტიურობა იქნება რეკორდულად დაბალი, რაც გამოიწვევს მეორე ტურის აუცილებლობას

უაღრესად უცნაურ და სახიფათო სიტუაციაში ვიმყოფებით, რადგან მოსახლეობაში ზოგადად პოლიტიკური სპექტრისადმი და უკლებლივ ყველა პოლიტიკური ლიდერისადმი ნეგატიური განწყობა სჭარბობს პოზიტივს, ასეთ ვითარებაში საეჭვოა ხელისუფლებამ ამომრჩეველზე ზემოქმედების რაიმე ისეთი ქმედითი მექანიზმი მოძებნოს, რომელიც ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლას აიძულებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ წლევანდელ არჩევნებში მოსახლეობის აქტიურობა იქნება რეკორდულად დაბალი, რაც გამოიწვევს მეორე ტურის აუცილებლობას.
ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, თუ ვინ იქნება კ. კალაძის კონკურენტი მეორე ტურში. სულ რაღაც ერთი კვირის წინ მეორე ტურში გასვლის რეალური შანსი თითქოს ჰქონდა ელისაშვილს, თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებულმა პროცესებმა, მხეველობაში მაქვს მ. სააკაშვილის შესვლა უკრაინაში, ნ. მელიას მიერ კეზერაშვილის მხილება კორუფციულ საქმიანობაში და მისი დაკავშირება ”ევროპულ საქართველოსთან”, ასევე ”რუსთავი-2”-ის ღია მხარდაჭერამ ზ. უდუმაშვილისადმი გარკვეული კორექტივები შეიტანა ამჟამად გაყოფილ მაგრამ ”ნაცმოძრაობის” მხარდამჭერ ელექტორატში. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები.
- საკონსტიტუციო პროცესის ირგვლივ ასეთი სიტუაციაა - მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას ელოდება, პრეზიდენტმა ოპოზიციურ სპექტრთან ერთად ”ქართული ოცნებისათვის” საკონსტიტუციო ცვლილებების სადავო საკითხებზე ახალი რედაქცია შეთსთავა.
თქვენი კოლეგა ალექსანდრე თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი პოლიტიკური ბრძოლის ტექნოლოგიაა და არა უკეთესი კონსტიტუციის მისაღებად რეალური ქმედებანი.
თქვენი აზრით, სავარაუდოდ, როგორი იქნება პრეზიდენტისა და ოპოზიციური სპექტრის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების სადავო საკითხებზე შემუშავებული კონხტიტუციის პროექტის ვარიანტი?

- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ვენეციის კომისია 22 სექტემბერს პირველად დასკვნას გამოაქვეყნებს, ხოლო უმრავლესობა კონსტიტუციის მესამე მოსმენით მიღებას 26 სექტემბრისათვის გეგმავს. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტისა და ოპოზიციის მიერ ერთობლივად შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი გადაეგზავნებოდა ვენეციის კომისიას, საქართველოს პარლამენტს და მიმდინარე კვირის დასაწყისში გამოქვეყნდებოდა საჯარო სივრცეში.
არ ვიცი, დოკუმენტი გადაეგზავნა თუ არა ვენეციის კომისიასა და პარლამენტს, მაგრამ საჯარო სივრცეში გამოქვეყნებული მე არ მინახავს. მიუხედავად ამისა, შეხვედრის მონაწილეთა მხრიდან გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, რომ ცვლილებები უნდა შეეხოს პრეზიდეტნისა და პარლამენტის არჩევის წესს, უშიშროების საბჭოს, საპარლამენტო ზედამხედველობას და სასამართლო სისტემას.
საკონსტიტუციო ცვლილებების სადავო საკითხებზე კომპრომისების მიღწევა ვერ ხერხდება. თუმცა გასაგებია ოპოზიციისა და პრეზიდენტის მცდელობა, გამოიყენოს ვენეციის კომისიის ავტორიტეტი და ზემოქმედება მოახდინოს უმრავლესობაზე

მოკლედ, ჩამოთვლილ საკითხთა ნუსხა და მათ მიმართ დამოკიდებულება ცნობილია ყველასათვის და ისიც ნათელია, რომ ამ საკითხებზე კომპრომისების მიღწევა ვერ ხერხდება. თუმცა გასაგებია ოპოზიციისა და პრეზიდენტის მცდელობა, გამოიყენოს ვენეციის კომისიის ავტორიტეტი და ზემოქმედება მოახდინოს უმრავლესობაზე.
- გასულ კვირას ვენეციის კომისიის წარმომადგენელმა ტომას მარკეტმა განაცხადა - ჩვენ გვითხრეს, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ტექსტში შესაძლოა ცვლილებები შევიდეს. მმართველი გუნდის წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა განაცხადა - კონსტიტუციაში შინაარსობრივი ცვლილებების შეტანა ახალი საკონსტიტუციო ინიციატივის ინიცირების პირობებშია შესაძლებელი.
სავარაუდოდ, როგორი იქნება პრეზიდენტისა და ოპოზიციური სპექტრის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მმართველი გუნდის რეაქცია? და რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ სწორედ იგი აღმოჩდეს საკონსტიტუციო ინიციატივის ინიცირების საბაბიცა და საფუძველიც?

- პირველ რიგში პროცედურული საკითხი ანუ შესაძლებელია თუ არა საკონსტიტუციო რეფორმის ტექსტში ცვლილებების შეტანა? როგორც წესი, მესამე მოსმენის დროს ტექსტში რედაქციული ცვლილებების შეტანაა დასაშვები, მაგრამ თუ მხარეები თანხმდებიან, არც შინაარსობრივი ცვლილებების შეტანაა გამორიცხული და ამას, ცხადია, არ სჭირდება ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება, რადგან ლაპარაკია ცვლილებების განხორციელებაზე კონსტიტუციის პროექტში და არა კონსტიტუციაში. სურვილის შემთხვევაში არსებობს სხვა გზაც - კერძოდ, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს მიღებულ კანონპროექტს და უმრავლესობასთან წინასწარ შეთანხმებული მოტივირებული შენიშვნებით უკან დაუბრუნებს პარლამენტს, ხოლო პარლამენტი გაიზიარებს პრეზიდენტის შენიშვნებს და ტექსტში შეიტანს შესაბამის შესწორებას. ამით მესამე მოსმენასთან დაკავშირებული პრობლემა მოიხსნება. თუმცა, ყველასათვის ნათელია, რომ საქმე ეხება ცვლილებების შინაარსს და არა პროცედურებს.
დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება არც ამჯერად გაითვალისწინებს ოპოზიციის წინადადებებს, მაგრამ კონსტიტუციის მიღებით საპროტესტო პროცესი არ უნდა შეწყდეს, უბრალოდ, უნდა მოიძებნოს ახალი ფორმები მის გამოსახატად

ხელისუფლებისთვის მიუღებელია იმ ცვლილებების შინაარსი, რასაც ოპოზიცია ითხოვს. მისთვის ჯერ კიდევ საკონსტიტუციო კომისიის შექმნამდე იყო ცნობილი თუ რა იქნებოდა უთანხმოების მთავარი საკითხი და რომ ნდომოდა, თავად მოახდენდა მის ინიცირებას, მაგრამ არ გააკეთა. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება არც ამჯერად გაითვალისწინებს ოპოზიციის წინადადებებს, მაგრამ კონსტიტუციის მიღებით, საპროტესტო პროცესი არ უნდა შეწყდეს, უბრალოდ, უნდა მოიძებნოს ახალი ფორმები მის გამოსახატად.
- ალბათ, აჯობებს ჩვენი საუბარი ისევ არჩევნების თემით დავასრულოთ. გაგანია საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ”ქართულმა მარშმა” და ”პატრიოტთა ალიანსმა” საპროტესტო აქციები დაანონსეს. მეტიც, ”პატრიოტთა ალიანსი” პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობის აქციების დაწყებას გეგმავს.
თქვენ როგორ შეაფასებთ პოლიტიკურ ველზე ”ქართული მარშის” გააქტიურებას და სავარაუდოდ, რას უნდა ნიშნავდეს ამ ატაპზე მათი ქუჩაში გამოჩენა?
არჩევნების თემა გამოყენებულია იმისათვის, რომ მოხდეს რადიკალურდ და პრორუსულად განწყობილი ელექტორატის მობილიზება და პარტიულ აქტივში ჩართვა... არჩევნების შემდეგ სერიოზულ გართულებებს ნამდვილად არ ველოდები

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რატომ აირჩია ”პატრიოტთა ალიანსმა” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შიმშილობის საპროტესტო აქციების ჩატარების ტაქტიკისთვის მიემართა? ანაც, მოსკოვში მეორეჯერ გამგზავრება, როცა რუსეთის მიმართულებით მათ აქტიურობას ხელისუფლება არ იმჩნევს?

- ცხადია, არც საპროტესტო აქციები, არც გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მოთხოვნა და არც მოსკოვში გამგზავრების დაანონსება ადგილობრივ არჩევნებს არ უკავშირდება.
არჩევნების თემა გამოყენებულია იმისათვის, რომ მოხდეს რადიკალურდ და პრორუსულად განწყობილი ელექტორატის მობილიზება და პარტიულ აქტივში ჩართვა, ამასთანავე ხდება ქუჩის დაკავება, რათა სხვა ოპოზიციურმა ძალებმა არ მოინდომონ ქუჩაში საპროტესტო ტალღის აგორება. შესაბამისად, რაიმე სერიოზულ გართულებებს ნამდვილად არ ველოდები.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”




მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები