არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
23-07-2018
FAO-ს მწვანე კუთხე გლობალური მიზნების ხელშესაწყობად
17:25 26-09-2017
FAO-ს მწვანე კუთხე გლობალური მიზნების ხელშესაწყობად 24 სექტემბერს, ქალაქ რუსთავის ცენტრალური პარკი გაეროს ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს დაეთმო. ფესტივალი „მომავალი=შენ“ გაეროს გლობალურ მიზნებს მიეძღვნა და ყველა აქტივობა სწორედ ამ მიზნების განხორციელებაში თითოეული მოქალაქის ჩართვას ისახავდა მიზნად.
FAO-მ - გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ, ფესტივალის სტუმრებისთვის მწვანე კუთხე მოაწყო, სადაც ბავშვები და უფროსები მებაღეობის გაკვეთილს ცნობილი მებაღისგან, ზურა შევარდნაძისგან იღებდნენ. 200-ზე მეტმა ბავშვმა საკუთარი ხელით დარგო მცენარეები და მათი მოვლის შესახებ სასარგებლო რჩევები მიიღო.

რას ისახავს მიზნად მსგავსი აქტივობები, რაში მდგომარეობს გლობალური მიზნების არსი და რა პროექტს ახორციელებს FAO ამ მიზნების მისაღწევად - FAO-ს პროექტების კონსულტანტი, ზაზა ჭელიძე საუბრობს:

- ბატონო ზაზა, თუ შეიძლება აგვიხსნათ, რაში მდგომარეობს გაეროს გლობალური მიზნების არსი? არის თუ არა ამ მიზნების მიღწევა იდეალური სცენარი იმისა, თუ როგორი შეიძლება იყოს ჩვენი პლანეტის მომავალი?
- გაეროს მდგარადი განვითარების მიზნები (SDGs) არის გლობალური მიზნებისა და ამოცანების ერთობლიობა (17 მიზანი და 169 ამოცანა), რომლებიც უნდა განახორციელოს თითოეულმა ქვეყანამ, მიუხედავად იმისა, განვითარებადია თუ განვითარებული. რამდენიმე ასეთი მიზანია: სიღარიბისა და შიმშილის დაძლევა, ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიღწევა, ხარისხიანი განათლების სისტემის შექმნა, გენდერული თანასწორობის მოპოვება, გარემოს დაცვა და ა.შ.

2030 წლისთვის ქვეყნებმა უნდა მიაღწიონ SDG ამოცანებით განსაზღვრულ განვითარების შესაბამის დონეს. მიზნები აერთიანებს გლობალური განვითარების 3 ძირითად მიმართულებას - ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი. შესაბამისად, 2030 წლისთვის მნიშვნელოვანი წინსვლა უნდა იყოს თითოეული ამ მიმართულებით და თითოეული ქვეყნის დონეზე. ცხადია, საქართველოს მთავრობაც მუშაობს ამ მიზნების მისაღწევად, რაშიც FAO აქტიურ მხარდაჭერას უწევს.

- FAO - გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია რომელი მიზნების მისაღწევად მუშაობს? და რაგზებით ხდება ამ მიზნების ხელშეწყობა FAO-ს მიერ?
- FAO, ისევე როგორც გაეროს სხვა ორგანიზაციები, კოორდინაციას უწევს მთელი რიგი ამოცანებისა და ამოცანების მიღწევისთვის საჭირო ინდიკატორების განხორციელებას. მაგალითად, მიზანი 2, სადაც FAO-ს წამყვანი როლი უჭირავს, ეხება შიმშილის აღმოფხვრას, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევას, ასევე მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა. FAO ასევე აქტიურადაა ჩართული სხვა მიზნების განხორციელებაში: მიზანი 1: სიღარიბის ყველა ფორმის აღმოფხვრა, მიზანი 5: გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება, მიზანი 6: წყლის მდგრადი მართვისა და სანიტარული ნორმების დაცვის საყოველთაო უზრუნველყოფა, მიზანი 12: მდგრადი მოხმარება და წარმოება, მიზანი 14: ოკეანისა და ზღვის რესურსების კონსერვაცია და მუდმივი გამოყენება განვითარებისათვის, მიზანი 15: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
FAO საქართველოში ახორციელებს პროექტს, რომელიც ხელს უწყობს გლობალური მიზნების მიღწევისთვის აუცილებელი ინდიკატორების შემუშავებას. პროექტი ამჟამად გადამწყვეტ ფაზაშია და აქტიურად ახორციელებს გლობალური მიზნების შესახებ როგორც საჯარო მოხელეების, ასევე რიგითი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას.

- გლობალური მიზნების ფესტივალის ფარგლებში, FAO-მ წარმოადგინა მწვანე კუთხე გარდენია შევარდნაძესთან ერთად, სადაც ბავშვებს და მოზრდილებს შეეძლოთ სასურველი მცენარეების დარგვა, საკუთარი ხელით გაფორმებულ ქოთნებში. ასევე წარმოდგენილი იყო სასოფლო-სამეურნეო ნარგავებისა და სათესლე მასალების გამოფენა. ეს ღონისძიება რომელი გლობალური მიზნის ხელშეწყობა იყო?
- მიზანი 2-ის ერთ-ერთი ინდიკატორი ქვეყნებს ავალდებულებს აწარმოონ ინფორმაცია ქვეყანაში მცენარეული რესურსების შესახებ. ყველა ქვეყანამ უნდა იცოდეს, თუ რა ტიპის ბოსტნეული და ხილი იწარმოება ქვეყანაში და ყველა შესაბამისი სანერგე მასალა და თესლი უნდა ინახებოდეს სპეციალურ სათავსოებში. ეს ხელს უწყობს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას. ხოლო მიზანი 15 შეეხება ეკო-სისტემებს, სადაც მნიშვნელოვანია ტყეების მოვლა-პატრონობა. შესაბამისად, ფესტივალზე წარმოდგენილი ნერგები, თესლები და მცენარეები, სიმბოლურად გამოხატავდა ამ მიზნებს, ხოლო ფესტივალზე მყოფი ბავშვების აქტიური მონაწილეობა მცენარეების დარგვის პროცესში, მომავალ თაობას ბუნების და ტყის სიყვარულს უნერგავს.

- რა წვლილის შეტანა შეუძლია თითოეულ მოქალაქეს გლობალური მიზნების მიღწევის საქმეში?
- ბუნებრივია, რომ მიზნების განხოციელება თითოეულ მოქალაქეზე გადის. ის რომ ქვეყნები და მათი ეკონომიკები იყოს წარმატებული, დაიზოგოს რესურსები, გავუფრთხილდეთ ბუნებას, ვიყოთ ტოლერანტულები და პატივი ვცეთ კანონებს - თითოეული ადამიანის პერსონალური პასუხიმგებლობის გარეშე მიუღწეველი იქნება.


InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები