არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
უჩა ნანუაშვილი - კონფლიქტისპირა სოფლებიდან წლის განმავლობაში ასობით ადამიანს აკავებენ, მონაცემები საგანგაშოა
11:38 27-09-2017
უჩა ნანუაშვილი - კონფლიქტისპირა სოფლებიდან წლის განმავლობაში ასობით ადამიანს აკავებენ, მონაცემები საგანგაშოა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებაზე, მათ პრობლემებსა და გამოწვევებზე ”ინტერპრესნიუსი” სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს ესაუბრა:

- თქვენ იმყოფებოდით ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფლებში. შეხვდით ადგილობრივ მოსახლეობას და ისაუბრეთ მათ პრობლემებზე. როგორია ადგილობრივი მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა და მათი ძირითადი ”საყვედური” ვის ეხება? ფიქრობს თუ არა მოსახლეობა, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მეტის გაკეთება შეუძლია მათთვის?
- მთავარი პრობლემა მაინც არის უსაფრთხოების საკითხი. ისინი დაუცველად გრძნობენ თავს და რა თქმა უნდა, ეს დასაბუთებულიც არის, გამომდინარე იქიდან, რომ წლის განმავლობაში არაერთი ადამიანის დაკავება ხდება. ისინი ითხოვენ დამატებით საგუშაგოების გახსნას, მათ შორის სოფელ ჯარიაშენში, სადაც ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი ადამიანების დაკავება ისე, რომ ქართული საგუშაგო მათ ხელს ვერ შეუშლის. მთავარი მაინც, ვფიქრობ, არის ის დამოკიდებულება, რასაც რიგ შემთხვევებში მოქალაქეები აპროტესტებდნენ, მაგალითად, სოციალური დახმარების საკითხი. შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარე წელს, მას შემდეგ, რაც სოციალური დახმარების დათვლის ახალი მეთოდოლოგია შემუშავდა, ათეულობით ოჯახს მოეხსნა სოციალური დახმარება. სამწუხაროდ, ამ ერთიან სივრცეში მოყვნენ ის მოქალაქეები, რომლებიც გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ კონფლიქტისპირა სოფლებში. მათთვის უნდა იყოს გათვალისწინებული სპეციფიკა, მაგრამ ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა სოციალური დახმარება. ჩვენთან არაერთი განცხადება იყო, რომ დავხმარებოდით მათ სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღებაში. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ხელისუფლების მხრიდან დამატებითი ღონისძიებების გატარება იმისთვის, რომ ადგილზე მოქალაქეები დაკავდნენ საქმით და მიგრაციის პროცესები არ გაგრძელდეს. ბოლო წლებში ძალიან ბევრი რამ არის გაკეთებული, მათ შორის გაზიფიკაციის პროგრამის დაწყება ერთ სოფელში, ეს ეხება სარწყავ და სასმელი წყლის საკითხს და ა.შ. ბევრი რამ გაკეთდა სკოლებთან დაკავშირებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი რამ კვლავ გასაკეთებელია. ისინი ითხოვენ მეტ პროგრამას და დახმარებას, რადგან მათ ყოველდღიურ რეჟიმში უწევთ ასეთ საშიშ პირობებში ცხოვრება. ძალიან ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავლის წყარო, გამომდინარე იქიდან, რომ მათი ქონება, ათეულობით ჰექტარი მიწა რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვდა და მათ არ შეუძლიათ გამოიყენონ ეს ტერიტორია. თუ არ განხორციელდა დამატებითი პროგრამები მათთვის, თუნდაც დასაქმების თვალსაზრისით, რეალურად, იქ პირობები უფრო და უფრო გაუარესდება. მოსახლეობა დატოვებს იქ სახლებს და ამის ნიშნები უკვე იკვეთება.

- საგუშაგოებზე საუბრობდით, ასევე განაცხადეთ, რომ მოსახლეობის ნაწილს მოეხსნა სოციალური დახმარება. თუ დაუკავშირდით შესაბამის უწყებებს და რა პასუხი აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე? როგორ ფიქრობთ, რატომ არ იხსნება საგუშაგო, თუკი ამის საჭიროება დგას?
- სოციალური დახმარების მოხსნის შემთხვევაში საქმე ეხება ახალ ფორმულას, რომელიც შემუშავებულია. მოგეხსენებათ, ერთიანი დოკუმენტი არსებობს საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანისთვის და ის სპეციფიკა, რომელიც ამ სოფლებში არსებობს, არ არის გათვალისწინებული ქულების მინიჭების პროცესში. ალბათ, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა იყოს გაკეთებული იმისთვის, რომ ამ რეგიონში მცხოვრები ადამიანების სოციალური მდგომარეობის შეფასებისას გათვალისწინებული იყოს ის რისკები, რის ქვეშაც მათ უწევთ ცხოვრება ყოველდღიურად. მაგალითისთვის გეტყვით, რომ იყო შემთხვევა, როცა ადამიანს ერთი ძროხის გამო შეუწყდა დახმარება. ასეთი მაგალითი ბევრია, ჩვენ მათ ვიკვლევთ და ყველა საქმესთან დაკავშირებით გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია სამინისტროსთან. ასევე ჩვენ ვართ ჩართული და ვმუშაობთ სპეციალური კომისიის ფარგლებში, რომელიც შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, რეგიონული განვითარების სამინისტროს მონაწილეობითა და თანათავმჯდომარეობით იკრიბება და მუშაობა ეხება სწორედ გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებულ პირობებს, იქ არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ჩვენ ამ კომისიაზეც დავაყენებთ ამ საკითხებს, რომ იქაც მოხდეს გადაწყვეტა რიგი საკითხების. ვფიქრობ, მთავარი, ალბათ, ის არის, რომ მოსახლეობა უჩივის უყურადღებობას, განსაკუთრებით ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. პრობლემებია მიწების რეგისტრაციის საკითხშიც, რომელიც მიმდინარეობს, მაგრამ ნელი ტემპებით. ერთია კონკრეტული ცვლილებების მიღება კანონმდებლობაში, მაგრამ მეორეა მისი იმპლემენტაცია. მოსახლეობას გარკვეული მომსახურების მისაღებად ესაჭიროება მატერიალური რესურსი, რაც არ აქვთ. არის საკმაოდ ბევრი ხარვეზი პრაქტიკაში, მათ შორის სასმელ წყალთან დაკავშირებით, სკოლებთან და საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით, არის განათლების პრობლემები. რაც შეეხება საგუშაგოებს, მე მესმის რომ ხელისუფლება ერიდება მეტი საგუშაგოს გახსნას უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რადგან რაც უფრო მეტია სამართალდამცველის რაოდენობა, უფრო მეტია საფრთხე მოწინააღმდეგე მხარისგან, მაგრამ ეს არგუმენტი ვერ იქნება გამართლებული, რადგან მთავარი უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობა და მათი დაცვა, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ არავინ იცის, სად გადის ე.წ. საზღვარი. მოსახლეობამ არც იცის, სად შეიძლება აღმოჩნდეს საფრთხეში. ადგილზე დღის განმავლობაში რამდენჯერმე გადაადგილდება მობილური ჯგუფი და ახდენს პატრულირებას, თუმცა საჭიროა მუდმივი საგუშაგოს არსებობა და ეს ვერ აჩენს მუდმივად დაცვის შეგრძნებას მოსახლეობაში.

- რაც შეეხება მონაცემებს, როგორია ადამიანების გატაცებების მდგომარეობა? ბოლო პერიოდის განმავლობაში გატაცებების რიცხვი რა მიმართულებით იცვლება და ხომ არ შეინიშნება გატაცებების კლების ტენდენცია?
- ერთი არის ოფიციალურად დაფიქსირებული გატაცებები, მაგრამ მეორე არის დაკავებები, რომელთა აღრიცხვაც არ ხდება. აქ ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი განსხვავებაა. აბსოლუტურად სხვა მონაცემები აქვს რუსულ მხარეს, რომელიც ამ სტატისტიკას ყოველწლიურად აქვეყნებს. რუსულ მხარეს გაცილებით მეტი ადამიანი ჰყავს აღრიცხული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გატაცებები დოკუმენტირების გარეშე ხდება. რაც შეეხება კონკრეტულ მონაცემებს, 2016 წელს შიდა ქართლის გამყოფ ხაზზე 134 დაკავება იყო და აფხაზეთის მხარეს - 193. ჯამში, ოფიციალურად, 300-ზე მეტი ადამიანის დაკავება მოხდა. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ყოველწლიურად რამდენიმე ასეული ადამიანის დაკავება ხდება. არსებობს რუსული სასაზღვრო ძალების ინფორმაცია, სადაც წერია, რომ 2009-2016 წლებში მხოლოდ აფხაზეთის გამყოფ ხაზზე 14 ათასი ადამიანი დააკავეს. ეს ციფრი გაცილებით მაღალია ქართულ მონაცემებთან შედარებით და ეს უკვე პრობლემატურია. ეს ციფრები მეტყველებს, რომ მონაცემები არის ძალიან საგანგაშო. პრობლემების დიდი ნაწილი გვარდება, ოჯახები იხდიან ჯარიმას და ადამიანები თავისუფლდებიან, მაგრამ საბოლოოდ, მონაცემები გვეუბნება, რომ დაკავებების რაოდენობა ძალიან მაღალია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად გარკვეული ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული, მე ნამდვილად ვერ ვხედავ, რომ მონაცემები ტრაგიკულად მცირდება. მე ვხედავ, რომ მეტნაკლებად სტაბილური ვითარებაა და წლის განმავლობაში ასეულობით ადამიანს აკავებენ.

- რა იქნება სახალხო დამცველის რეკომენდაცია მთავრობისადმი? რა უნდა გააკეთოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ და რით უნდა დაეხმაროს მოსახლეობას, რომ პრობლემები აღმოიფხვრას?
- ალბათ მნიშვნელოვანია, რომ დაწყებული პროექტები დასრულდეს. მათ შორის ინფრასტრუქტურის მოწერიგება, ასევე ჯანდაცვის და განათლების ხელმისაწვდომობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. უნდა განხორციელდეს პროგრამები, რაც მოსახლეობას დაეხმარება, რომ იქ გააგრძელოს ცხოვრება და ბევრი რამ უნდა იყოს ამ კუთხით გაკეთებული. სამწუხაროდ, უკვე მიმდინარე პროცესები საკმარისი არ არის, რომ მიგრაციული პროცესები შეჩერდეს. მესმის, რომ პრობლემების ჯაჭვში ყველაზე რთული საკითხი უსაფრთხოებაა, მაგრამ ამ მხრივ ნაბიჯებია გადასადგმელი, რათა მოსახლეობამ იგრძნოს, რომ მათ უსაფრთხოებასა და პრობლემებზე ვინმე ზრუნავს. ადგილობრივებისთვის მორალური მხარდაჭერაც კი მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ამ საკითხების გააქტიურება სხვა ფორმატებში. ჩვენ მივესალმეთ გასულ წელს გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯს, რაც იყო პატიმრების გაცვლა თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორს, თუმცა ვფიქრობთ, ეს პროცესი ამით არ უნდა დამთავრებულიყო. ზოგადად უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ მოქალაქეების დაკავება ე.წ. საზღვარზე. ამ მხრივ გასაგებია, რომ არის სხვა ბევრი ფაქტორი, მაგრამ, ვფიქრობ, მეტი რამ არის გასაკეთებელი, რომ დაკავებების ტენდენცია შემცირდეს და აღმოიფხვრას.

- 2014 წლიდან ევროსაბჭოს დახმარებით თქვენ ინტენსიურად ხვდებით აფხაზეთში მოღვაწე უფლებადამცველებს. რა ინფორმაციას იღებთ მათგან ძირითადად, რა ხელშესახები შედეგებია ამ ფორმატისგან და არის თუ არა კონსენსუსის და თანამშრომლობის სურვილი აფხაზი უფლებადამცველების მხრიდან?
- უკვე სამი წელია, რაც ასეთი შეხვედრები იმართება. ეს არის კიდევ ერთი ახალი პლატფორმა ჟენევის მოლაპარაკებების გარეთ, სადაც უფლებადამცველები და სამოქალაქო აქტივისტები რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს. ჩვენ გვქონდა შეხვედრები დე-ფაქტო ომბუდსმენთან, რომლის წარმომადგენლებთანაც საკმაოდ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს. ასევე იმართება თემატური შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფებს შორის. ერთ-ერთი შეხვედრა გაიმართა სულ ახლახან, პენიტენციურ სისტემაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ამ სისტემაში მომუშავე პირები. ჩვენ სწორედ მონიტორინგის მექანიზმებზე გვქონდა მათთან საუბარი, თუ როგორ ხდება პატიმრების უფლებების დაცვა და რა სტანდარტები არსებობს. ვფიქრობთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცნობიერების ამაღლებას. მიმდინარეობს შეხვედრები ბავშვთა თემატურ ჯგუფში, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ფსიქოლოგები, მასწავლებლები და ა.შ. ასევე მუშაობს ჯგუფი ქალთა უფლებებთან დაკავშირებით და არაერთი შეხვედრა გაიმართა. ზოგადად, ეს შეხვედრები იმართება მესამე, ანუ ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ევროსაჭო, ფაქტობრივად, ამ შეხვედრების მედიაციას ახდენს. რეალურად, ამით ჩვენ ვიგებთ მეტს იქ არსებულ მდგომარეობაზე, ასევე ევროპიდან მოვლენილი ექსპერტების მეშვეობით ვცდილობთ საკითხების ღრმად შესწავლას. იყო განხილვა გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით, თუ რა სტანდარტები და დოკუმენტაცია არსებობს საერთაშორისო, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეების გადაადგილებას. ჩვენ გვეხმარება ევროსაბჭო და ევროპელი ექსპერტები, რომ რაღაცნაირად მივიდეთ საერთო მოსაზრებებამდე, რომ ერთად შევძლოთ გარკვეული საკითხების გადაწყვეტა. ჩვენ სხვადასხვა ჯგუფებს ვახვედრებთ ერთმანეთთან, ესენი არიან ადამიანები, ვისაც შეწყვეტილი ჰქონდა კომუნიკაცია და შესაძლებლობა არის იმის, რომ განიხილონ პროფესიული საკითხები, დაგეგმონ ღონისძიებები ერთად. რამდენიმე წლის წინ შევძელით სტამბულში ჩაგვეტარებინა ერთობლივი საზაფხულო სკოლა ქართველი, აფხაზი და ოსი სტუდენტებისა და ახალგაზრდა უფლებადამცველებისთვის სტამბოლში. სწორედ ეს იყო ჩვენი მუშაობის შედეგი. ეს იყო სკოლა, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხებოდა. ეს აუცილებელია, რადგან განსაკუთრებით აფხაზეთში ინფორმაციის ნაკლებობაა. არ ხორციელდება ტრენინგები, სემინარები, სწორედ ამიტომ არის ჩვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანი. მე ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ადამიანებს ჰქონდეთ ინფორმაცია და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ. ჩვენ მაქსიმალურად ვერიდებით პოლიტიკური საკითხების განხილვას და არ გავდივართ ჩარჩოებიდან, რომელიც სახალხო დამცველს აქვს დაწესებული. ჩვენ ვცდილობთ დავანახოთ, რომ თუ უნდათ გახდნენ ევროპული ოჯახის წევრები, უნდა დაიცვან და აღიარონ ის სტანდარტები, რომელიც ევროპაში არსებობს. ნელ-ნელა მე ვხედავ, რომ ამ მიმართულებით ცნობიერება ნელ-ნელა იცვლება. აუცილებელია მსგავსი შეხვედრების გაფართოება, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე, ჯგუფებად მიმდინარეობს.

- და ბოლოს, დეკემბრის ბოლოს გეწურებათ უფლებამოსილების ვადა. როგორ აფასებთ განვლილი წლების საქმიანობას, რა ძირითადი პრობლემები და გამოწვევები ელოდება თქვენს შემცვლელს და თუ გაქვთ უკვე ინფორმაცია, ვინ განიხილება სახალხო დამცველის პოსტზე?
- რაც შევძელით ამ წლების განმავლობაში იყო ის, რომ რეალურად ეფექტური ინსტიტუტი შეიქმნა. ყველა საკითზე მუშაობს, ყველა თემაზე. გასული წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატი 7 ათასზე მეტ საქმეზე მუშაობდა. როცა მოვედი აპარატში 52 ადამიანი მუშაობდა და დღეს 150-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, განვითარდა სხვადასხვა მიმართულებები. ისეთ საკითხებზეც კი, რომლებზეც არ უმუშავია ამ აპარატს, დღეს უკვე მუშაობს. რაც ყველაზე მთავარია, სახალხო დამცველის ინსტიტუტი გახდა დამოუკიდებელი და კომპეტენტური. ამას ყველაზე მეტი კრიტიკოსებიც ვერ უარყოფენ. ინსტიტუტი არის განვითარებული ძალიან ბევრი მიმართულებით და ჩვენი მუშაობაც უკვე ამაზე მეტყველებს. უკვე ორი წელია ამოქმედებულია ცხელი ხაზი, რომელიც ერთგვარი პრევენციაა უფლებების დარღვევის. მთელ რიგ საკითხებზე ხდება ჩვენი მოსაზრებების და რეკომენდაციების გათვალისწინება და ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. წლის განმავლობაში 416 პრესრელიზის და განცხადების გამოქვეყნება მეტყველებს იმაზე, თუ რა მოცულობის საქმეებზე მიდის მუშაობა. ზოგადად, საკმაოდ მაღალია მოსახლეობის ნდობა ინსტიტუტის მიმართ და ეს არის შედეგი იმისა, რომ შედგა როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი. ვფიქრობ, მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ეს ინსტიტუტი განვითარდეს და იყოს დამოუკიდებელი. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს კრიტიკული ხელისუფლების მისამართით. იმის რისკები ნამდვილად არსებობს, რომ ინსტიტუტმა დაკარგოს დამოუკიდებლობა და ნაკლებად კრიტიკული კანდიდატის შერჩევა მოხდეს. მესმის, რომ ხელისუფლება ცდილობს კომფორტული სახალხო დამცველი შეარჩიოს იმ ფონზე, რაც წლების განმავლობაში ჩვენგან კრიტიკის ნაკლებობა არ იყო. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ინსტიტუტის რეალური დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მე ვეცადე, რომ ინსტიტუტი მაქსიმალურად გაგვეძლიერებინა და აგვეტანა სხვა სიმაღლეზე. ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ სახალხო დამცველი პირველად არის სხვადასხვა ორგანიზაციების წევრი. იყო ძალიან ბევრი ინიციატივა, რომელიც დავიწყეთ და ა.შ. მთავარია დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი და უნდა იყოს შერჩეული კანდიდატი, რომელიც ხელისუფლებისადმი კრიტიკით იქნება გამორჩეული.

- სად გააგრძელებთ მოღვაწეობას?
- მე ადამიანის უფლებათა სფეროში ვრჩები. პოლიტიკაში არ მივდივარ და ვფიქრობ, ადამიანის უფლებათა კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

ინგა მურუსიძე
”ინტერპრესნიუსი”
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები