არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5423
EUR
1 EUR
3.1209
RUB
100 RUB
4.5034
16-01-2018
ვაჟა ბერიძე - საარჩევნო კამპანია უღიმღამოა, თუმცა არჩევნები უფრო თავისუფალია, ვიდრე სააკაშვილის ან შევარდნაძის დროს, გარემო კი აშკარად არ არის კონკურენტული
15:14 07-10-2017
ვაჟა ბერიძე - საარჩევნო კამპანია უღიმღამოა, თუმცა არჩევნები უფრო თავისუფალია, ვიდრე სააკაშვილის ან შევარდნაძის დროს, გარემო კი აშკარად არ არის კონკურენტული წინასაარჩევნოდ საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვაჟა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უკვე ცნობილია ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა. ამ დასკვნასთან დაკავშირებით რა განცხადებებიც არ უნდა აკეთონ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა, მათ შორის ისეთი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების სახით მათ ”ხალხისთვის გემრიელი ნამცხვარი გამოაცხვეს”, რომ მასში ვერ იპოვით ჩანაწერს, რომელიც ”ქართულ ოცნებას” მომავალ არჩევნებში უპირატესობას ანიჭებს, ჯანი ბუკიკიო კვლავაც გამოთქვამს წუხილს, რომ კონსენსუსი პარტიებს შორის არ იქნა მიღწეული, რომ პროპორციული არჩევნების 7 წლით გადადება ძალიან ბევრია და ასე შემდეგ.
ახლა, როცა ყველაზე აქტუალური თემაა თუ რა მოტივირებული შენიშვნებით დაადებს ვეტოს მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პრეზიდენტი. მმართველი გუნდის საჯაროდ გაკეთებული განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ფაქტობრივად, ”ქართული ოცნება” კარნახობს პრეზიდენტს ვეტოს მოტივირებული შენიშვნების ტექსტს.
ამაზე მკაფიოდ მეტყველებს უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადება - ”იმ შემთხვევაში თუ კონსტიტუციური ცვლილებებს ორი საკითხის გარდა სხვა ცვლილებებიც დაემატება, უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს”.
თუ მმართველი გუნდი პრეზიდენტთან, ფაქტობრივად, ულტიმატუმის ენით საუბარს აპირებდა, მასთან კონსულტაციების ილუზიის შექმნა რაღა საჭირო იყო?

- არც ჯანი ბუკიკიოა მიკლუხო მაკლაი და არც ჩვენ, ქართველები, პაპუასები. ეს კონსტიტუცია ჩვენი ხალხისაა და არა ვენეციის კომისიის. თუ პარტიებს შორის კონსენსუსი არ შედგა, იქნებ მივმართოთ უზენაესს მსაჯულს - ხალხს. შეხედულება, რომ ჩვენი ხალხი მშიერი და უბირია და კონსტიტუციის პრინციპულ სიახლეებში ვერ გაერკვევა, უსაფუძვლოა.
არც ჯანი ბუკიკიოა მიკლუხო მაკლაი და არც ჩვენ, ქართველები, პაპუასები. ეს კონსტიტუცია ჩვენი ხალხისაა და არა ვენეციის კომისიის. თუ პარტიებს შორის კონსენსუსი არ შედგა, იქნებ მივმართოთ უზენაესს მსაჯულს - ხალხს

თუ ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა ევროპას ერთიან კონსტიტუციაზე უარი უთხრეს, რამაც ამ საერთო კონსტიტუციის იდეა დაასამარა, რატომ არ უნდა ვკითხოთ ხალხს, რა აზრისაა ახალი კონსტიტუციის პრინციპულ დებულებებზე. თუ რეფერენდუმის გამართვა არ შეგვიძლია, რახან იგი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს, გამოკითხვა ჩავატაროთ, სადაც ხალხი ყველა პრინციპულ სიახლესთან დაკავშირებით თავის აზრს დააფიქსირებს. ხომ არ გვეშინია ჩვენი ხალხის?
მაგრამ ხალხმა ხომ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა თავისი გადაწყვეტილებისთვის, თავისი ქვეყნის ბედისთვის? არგუმენტად იმის მოყვანა, რომ გამოკითხვა მხოლოდ მთელი საქართველოს ნაწილში ჩატარდება და მას არ ექნება სრული ლეგიტიმურობა მცდარია. ჯერ ერთი, გამოკითხვას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და მეორეც, განა საქართველოს ტერიტორიის ნაწილზე ჩატარებული არჩევნების შედეგად დაკომპლექტებულ პარლამენტს და მთავრობას სადმე ვინმე ლეგიტიმურობას უწუნებს?
მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის მიმართ ულტიმატუმების ენით საუბარი რა თქმა უნდა, მიუღებელია... ვისურვებდი, პრეზიდენტს ახალი პოლიტიკური პარტია შეექმნა, რომელიც პოლიტიკურ სპექტრს უფრო საინტერესოს და კონკურენტულს გახდიდა

რაც შეეხება მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის მიმართ ულტიმატუმების ენით საუბარს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. მე ვისურვებდი, რომ მას თავისი მართლაც საინტერესო გუნდით და მოკავშირე პოლიტიკური სპექტრის გაერთიანებით, ერთ–ერთი ახალი პოლიტიკური პარტია შეექმნა, რომელიც, ჩემი აზრით, პოლიტიკურ სპექტრს უფრო საინტერესოს და კონკურენტულს გახდიდა.
- პარლამენტის თავჯდომარე ირაკლი კობაიძემ განაცხადა - ”საკონსტიტუციო ცვლილებები იძლევა გარანტიას, რომ იგი ავტოკრატიას თავიდან აგვაცილებს”.
თქვენი აზრით, როგორადაც მოქმედებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდი თუ იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქცია ქვეყანას ახალი ტიპის ავტოკრატიისაგან დაიცავს?

- ავტოკრატიისგან ქვეყნის დაცვას შეძლებს მხოლოდ განვითარებული დემოკრატია, გამართულად მომუშავე დემოკრატიული ინსტიტუტები და ხალხის ცხოვრების დონის ამაღლება. როგორც მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს, რაგინდარა კარგი კონსტიტუცია ვერასდროს ვერ გახდება ავტორიტარიზმის, ნაციზმის, დიქტატურის და ანარქიისგან ქვეყნის დაცვის ერთადერთი გარანტი.
ავტოკრატიისგან ქვეყნის დაცვას შეძლებს მხოლოდ განვითარებული დემოკრატია, გამართულად მომუშავე დემოკრატიული ინსტიტუტები და ხალხის ცხოვრების დონის ამაღლება

დღეს რის მიღებასაც უმრავლესობა აპირებს, ის უდაოდ წინგადადგმული ნაბიჯია, რომელსაც უახლოეს წლებში უნდა მოჰყვეს კონსტიტუციის ახალი პროექტი, რეალური საყოველთაო განხილვა და არა მასკარადები, მომავალი კონსტიტუცია უნდა იყოს არა გადაწერილ-გადმოწერილი ან გადათარგმნილ-გადმოთარგმნილი და თარგმანში დაკარგული, არამედ კვალიფიციური კონსტიტუციონალისტების მიერ საგულდაგულოდ შემუშავებული დოკუმენტი.
- თქვენი ქართველი კოლეგების უმრავლესობა მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით თანხმდება მოსაზრებაში, რომ დღეს ხელისუფლებას რეალური კონკურენტი არ ჰყავს, ანდა პარტიის სახით სტრუქტურირებული ოპონეტი არ ჰყავს.
როგორ გამოიყურება თქვენს მიერ დანახული საარჩევნო კამპანია?
თუ თქვენი დაკვირვებითაც 2017 წლის საარჩევნო პროცესის მთავარი თავისებურება ისაა, რაზეც ქართველი ექსპერტები ამახვილებენ ყურდაღებას, თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

- „ქართულ ოცნებას“ როგორ არ ჰყავს კონკურენტი, ესაა თავად „ქართული ოცნება“. ამას ნახევრად ხუმრობით და ნახევრადაც სერიოზულად მოგახსენებთ. „ქართულ ოცნებას“ რომ კონკურენტი არ ჰყავს, ეს ხუთი წლის მიზანმიმართული სტრატეგიის შედეგია, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შესთავაზა ქართულ საზოგადოებას. მე რეალურ კონკურენტებზე ვსაუბრობ, თორემ მოწინააღმდეგეები მმართველ ძალას არ აკლია. ან კი როგორ შეიძლება პარტიების სახით, როგორც თქვენ ბრძანებთ, სტრუქტურირებული ოპონენტები ჰყავდეთ, როცა სინამდვილიდან გამქრალია დემოკრატიული საზოგადოების მამოძრავებელი მთავარი კომპონენტი - კონკურენცია.
კონკურენცია არ არსებობს პოლიტიკაში, ბიზნესში, სახელოვნებო სფეროშიც კი. ქვეყანაში კაპიტალის დეფიციტია, ყოველგვარი კაპიტალის. როცა ინტერესთა ჯგუფებს, უზრუნველყოფილს შესაბამისი ფინანსური რესურსით, ახალი სივრცეების ათვისების და კანონიერი ლობირების ინტერესი არ აქვთ, კონკურენცია სულს ღაფავს.
„ქართულ ოცნებას“ როგორ არ ჰყავს კონკურენტი, ესაა თავად „ქართული ოცნება“... „ქართულ ოცნებას“ რომ კონკურენტი არ ჰყავს, ეს ხუთი წლის მიზანმიმართული სტრატეგიის შედეგია... სინამდვილიდან გამქრალია დემოკრატიული საზოგადოების მამოძრავებელი მთავარი კომპონენტი – კონკურენცია

საქართველოში წაშლილია ზღვარი ბიზნესსა და პოლიტიკას შორის, აქ პოლიტიკა ბიზნესია და ბიზნესი პოლიტიკა. ბიზნესის კუთხით რომ შევხედოთ, ძნელად თუ დამისახელებთ სფეროს, სადაც ბიზნეს-ჯგუფები იბრძვიან ახალი შესაძლებლობებისთვის, ბაზრის ახალი სეგმენტებისთვის, უმრავლეს სფეროებში ოლიგოპოლიების შიგნით შემოსავლების არეალი გადანაწილებულია. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ბიზნესს აღარ აინტერესებს პოლიტიკა, უკანონო ლობირებაც კი, ლობირების როგორი პრაქტიკაც დამკვიდრებულია ჩვენში.
პოლიტიკურ სივრცეში ისევ დომინირებს „ქართული ოცნება“, რომელმაც კეთილგანწყობისა და ბიზნესების შენარჩუნების სანაცვლოდ „ნაციონალების“ სატელიტი ბიზნესები გადაიბარა საკონტროლოდ, თუმცა წინა პერიოდისგან განსხვავებით, მმართველი პარტია ბიზნესებს ხარკს აღარ აწერს - მათ პატრონი ჰყავთ მილიარდერი და ეს უბრალოდ არ სჭირდებათ.
მხოლოდ სახელმწიფო ტენდერების „ჯადოქრები“ ცდილობენ ასიამოვნონ ხელისუფლებას. ამიტომ, ამ ნაწილში კოლეგებს დავეთანხმები, მაგრამ მმართველ პარტიას სიმშვიდის გარანტიას ვერ მივცემ - მათი მოწინააღმდეგე „ქართული ოცნება“ ერთად აღებულ ყველა დანარჩენზე სახიფათოა.
აქედან გამომდინარე, საქართველოში დღეს მაინც არსებობს ორი პოლუსი, ორი ფული, ორი ცენტრი. ყველა მოთამაშე ან ერთ ან მეორე პოლუსს წარმოადგენს. ესაა ”ქართული ოცნება” და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.
ყველა სხვა სუბიექტი პირდაპირ ან ირიბად სოლოლაკიდან ან უკრაინიდან იმართება. ამ პროცესის კიდევ ერთი პარადოქსია, რომ არც ერთი მხარე ფულს არ ხარჯავს. განსაკუთრებით საგრძნობია სააკაშვილსა და კეზერაშვილს შორის უთანხმოების გავლენა პოსტნაციონალური სპექტრის ფინანსურ შესაძლებლობებზე. მმართველ ძალას კი ბევრი ფული ამ არჩევნებისთვის უბრალოდ არ სჭირდება - სახელისუფლო რესურსი თავისუფლად მოახდენს ფინანსური ნაკლებობის კომპენსირებას.
შევეცდები თქვენი კითხვის არც ერთი პასაჟი არ გამოვტოვო. საარჩევნო კამპანია უღიმღამოა, თუმცა არჩევნები უფრო თავისუფალია, ვიდრე სააკაშვილის ან შევარდნაძის დროს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მაგრამ თუ არჩევნების თავისუფლების ხარისხი საერთაშორისო სტანდარტს უახლოვდება, ამას ვერ ვიტყოდი მეორე უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე - გარემო აშკარად არ არის კონკურენტული.
ყველა სხვა სუბიექტი პირდაპირ ან ირიბად სოლოლაკიდან ან უკრაინიდან იმართება. ამ პროცესის კიდევ ერთი პარადოქსია, რომ არც ერთი მხარე ფულს არ ხარჯავს

მერობის და საკრებულოების თავმჯდომარეობის კანდიდატების პიროვნული ღირსებისა და ხიბლის მიუხედავად, მათი პარტიული მხარდაჭერის სისუსტის პირობებში, ისინი კალაძეს ღირსეულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. არაკონკურენტული გარემო ჩვენი დემოკრატიის და პოლიტიკური სისტემის სერიოზული ნაკლია, მაგრამ ეს სულაც არ გამორიცხავს სერიოზულ სიურპრიზებს არც თბილისში და არც რეგიონებში.
- არჩევნების მოახლოების კვალობაზე სულ მეტ აქტუალობას იძენს კითხვა - არჩევნების შემდეგ თუ როგორი იქნება ქართული პოლიტიკური სცენა პარტიათა რანჟირების თვალსაზრისით. ანუ, რა კორექტივებს შეიტანს მასში 21 ოქტომბრის არჩევნები?
თუ ამ გადმოსახადედიან შევხედავთ საკითხს, თქვენი დაკვირვებით, 21 ოქტომბრის არჩევნების მთავარი ინტრიგა რაა?

- ჩემთვის ნებისმიერი არჩევნების მთავარი ინტრიგაა, რატომ არ ხდება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ავტორიტეტული ქართული სოციოლოგიური და მარკეტინგული კომპანიების ჩამოყალიბება, რომლებიც დროდადრო ობიექტურად გაზომავენ რეიტინგებს შესაბამისი დასაშვები ცდომილების ფარგლებში და მასში ქართული საზოგადოება ეჭვს არ შეიტანს.
ვინც ამას აკეთებს დროდადრო, ის საზოგადოებრივ აზრს კი არ სწავლობს, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ცდილობს. აქედან ზოგი ჩვენი ხალხის მოკეთეა, ზოგი მტერი, ზოგიც მტერ–მოყვარე. ამიტომ, ჩვენ დღესაც არ ვიცით რომელ პარტიას რა რეიტინგი აქვს და გარწმუნებთ, ვერც 21 ოქტომბრის შემდეგ გავიგებთ. თუმცა, რეალობის ამსახველი გარკვეული სიტუაცია უეჭველად ჩამოყალიბდება. ოპოზიციური პარტიები ვერ შეძლებენ არჩევნების შედეგებში ეჭვის შეტანას, მონაცემების რევიზიას, ან არეულობების და საპროტესტო ტალღის აგორებას. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი გადასახედიდან ასე მოსჩანს.
მეორე ადგილზე პრეტენზია უნდა ჰქონდეს „ნაცმოძრაობას“. პარტია ფაქტობრივად დაიშალა, დასუსტდა, მაგრამ ჯერ კიდევ შერჩა 10–15%–იანი მყარი ელექტორატი... მთავარი ოპოზიციურ ძალად გახდომის შანსები ასევე „პატრიოტთა ალიანსს“ და „ლეიბორისტებს“ აქვთ

ახლა ჩვენ, როგორც ანალიტიკოსებმა, უნდა ვიმკითხაოთ ჩვენს დაკვირვებასა და დროდადრო გამოქვეყნებად მონაცემებზე დაყრდნობით. პროგნოზების კეთებაც და მკითხაობაც, მოგეხსენებათ უმადური თემაა, მაგრამ რაკი მკითხეთ, გეტყვით, რომ არჩევნებში, თუ ქვეყანაში საზოგადოებრივი ცნობიერების რამე გლობალური სტრესი არ მოხდა, „ქართული ოცნება“გაიმარჯვებს.
მეორე ადგილზე პრეტენზია უნდა ჰქონდეს „ერთიან ნაცმოძრაობას“. პარტია ფაქტობრივად დაიშალა, დასუსტდა, მაგრამ ჯერ კიდევ შერჩა 10-15%-იანი მყარი ელექტორატი, პლუს მერყევები, რომლებიც ზოგი ბიძინას ფლანგზე მოიაზრება, ზოგიც ისევ მიშას. ყველაზე საფუძვლიანი მაინც, რომელსაც, თქვენი კითხვიდან გამომდინარე, მთავარ ინტრიგას დავარქმევდი, ესაა მეორე პოზიცია ანუ მთავარი ოპოზიცია. აქ კი ყველაზე მეტი შანსი „ერთიან ნაცმოძრაობას“, „პატრიოტთა ალიანსს“ და „ლეიბორისტებს“ აქვთ.
ქართველი ობივატელის ანტიპარტიული განწყობიდან გამომდინარე, არც ალეკო ელისაშვილის შანსების შეუფასებლობა შეიძლება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისი მაინც არ არის „რობინ ჰუდების“ უპირობო სამფლობელო, ეს არაპროგნოზირებად სიტუაციას დედაქალაქში მაინც გამორიცხავს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არსად და მათ შორის, ჩვენთანაც, არ გამოირჩევა ელექტორატის განსაკუთრებული ენთუზიაზმით, ამიტომ ძალთა მნიშვნელოვან გადაჯგუფებას არ ველი.
- რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების მთავარი ამოცანაა არ დაუშვას თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტურის ჩატარების ალბათობა. არადა, წინა არჩევნებზე მეორე ტური დასჭირდა მერად დავით ნარმანიას არჩევას მაშინ, როცა საკმაოდ მაღალი იყო მოსახლეობის ნეგატიური დამოკიდებულება წინა ხელისუფლების მიმართ. ხელისუფლება მეორე ტურის შესაძლებლობას გამორიცხავს, ოპოზიცია კი, ბუნებრივია, საპირსპიროს ამტკიცებს. თქვენი აზრით, თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულის გამოვლენას დასჭირდება თუ არა მეორე ტურის ჩატარება? თუ - კი, მერობის კანდიდატთაგან ვის მეტი შანსი აქვს იყოს კახი კალაძის კონკურენტი?
- ელემენტარული ლოგიკის თანახმად, მეორე ტური გარდუვალია. ეს კარგიც იქნება ჩვენი დემოკრატიისთვის. მაგრამ არ გამოვრიცხავ კალაძის პირველივე ტურში გამარჯვებას, რადგან დათო ნარმანიასგან განსხვავებით, ის უფრო ქარიზმატულია, ცნობადია, პოპულარულია, სოლიდურია და პოლიტიკაშიც საკმაოდ საფუძვლიანად ჩაიხედა ბოლო 5 წლის განმავლობაში.
რაც შეეხება კონკურენტებს, უფრო მეტი შანსი მაინც ვფიქრობ, უდუმაშვილს აქვს, მას მყარი და ორგანიზებული ელექტორატი უჭერს მხარს. თუ იმ დილით თბილისელებმა ცუდ ხასიათზე გაიღვიძეს და მარცხენა ფეხით ადგნენ, შესაძლოა ალეკო ელისაშვილმა შემოგვთავაზოს სიურპრიზი.
მეორე ტური გარდუვალია. ეს კარგიც იქნება ჩვენი დემოკრატიისთვის. მაგრამ არ გამოვრიცხავ კალაძის პირველივე ტურში გამარჯვებას, რადგან დათო ნარმანიასგან განსხვავებით, ის უფრო ქარიზმატულია, ცნობადია, პოპულარულია, სოლიდურია და პოლიტიკაშიც საკმაოდ საფუძვლიანად ჩაიხედა ბოლო 5 წლის განმავლობაში

თუ „პატრიოტულმა“ შეგონებებმა გაჭრა, ირმა ინაშვილიც არ იქნება უშანსოდ. და საერთოდ კალაძის შემდეგ ყველა კანდიდატს თავისი ღირსებები გააჩნია, მიუხედავად უფულობისა და სტრუქტურირებული პარტიული მხარდაჭერის არარსებობისა. მე გულწრფელად ვამბობ, რომ ყველა დასახელებული კანდიდატი საინტერესო პიროვნებაა.
- უნდა ეს ვინმეს თუ არა, თბილისის მერობის კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა უკვე ბევრი აიძულა მასზე ელაპარაკათ. რა კონტექსტში, ეს გემოვნების საკითხია. რამდენად აღმოჩნდება იგი კალაძის კონკურენტი ამას 21 ოქტომბრის არჩევნები გვანახებს, მაგრამ ფაქტია, რომ თუნდაც თბილისის პოლიტიკურ სცენაზე მისი არსებობა გარკვეული დასკვნების საშუალებას იძლევა. სტაჟიან პოლიტიკოსებს ამომრჩევლის თვალში ყავლი გაუვიდათ, სულაც არაა გასაკვირი რომ ამომრჩეველს ისეთი ადამიანების მიმართ მეტი აქვთ ნდობა, ვისაც პოლიტიკური წარსული არ ამძიმებთ.
ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ ასეთ დასკვნამდეც კი შეიძლება მივიდეთ - ქართული პოლიტიკური მოედანი თუ სრულად არა, სანახევროდ მაინც ცარიელია. იდეების თვალსაზრისითაც პოლიტიკური ლიდერებისაგან ახალი არაფერი ისმის. რამდენად ადეკვატურია ჩვენი პოლიტიკურ რეალობის ამგვარი დახასიათება?

- ალეკო ელისაშვილი უდაოდ მებრძოლი და გულწრფელი მოღვაწეა, მაგრამ მე არ მწამს უპარტიო პოლიტიკის, არ მწამს პოპულიზმის პოლიტიკაში. მართალია, განვითარებულ დემოკრატიებშიც კი შეიძლება პარტიული აბლაბუდას გარღვევა, რაც ტრამპმა შეძლო ამერიკაში, თუმცა რესპუბლიკელების დროშით, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ტრამპი მილიარდერია.
ალეკო ელისაშვილი უდავოდ მებრძოლი და გულწრფელი მოღვაწეა, მაგრამ მე არ მწამს უპარტიო პოლიტიკის

ანტიპარტიული განწყობა ქართული რეალობის კიდევ ერთი სერიოზული ნაკლია. მართალია, ბოლო 30 წლის განმავლობაში პოლიტიკოსებმა ბევრი რამ დააშავეს, ბევრი შესცოდეს, მაგრამ დემოკრატიული საზოგადოების პარტიული მოწყობის გარეშე ჩვენ ცივილიზებულ სამყაროსთან შეერთება გაგვიჭირდება. ჩვენში კი ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის პირველ წლებში პარტიებს აბიაბრუებდნენ და დასცინოდნენ. განსაკუთრებული მახვილგონიერებით ჯაბა იოსელიანი გამოირჩეოდა. ხალხსაც არ უყვარს პარტიები. მათი ბევრი შეუსრულებელი დანაპირების და მერყეობის, დაშვებული შეცდომების გამო.
პარტიებს არც ბიძინა ივანიშვილი სწყალობს. იმათ მიმართ, ვინც მისგან ფინანსურ–მატერიალურ სარგებელს ელის, ბიძინა მართალია, მაგრამ მას ხელს არ უნდა აძლევდეს პარტიების დასუსტება და ამ სფეროში კონკურენტუნარიანი მოთამაშეების არარსებობა.
რაც შეეხება პოლიტიკური მოედნის სიცარიელეს, დაგეთანხმებით. ჩემი მოკრძალებული ხედვით, საქართველო მზადაა ორი-სამი სერიოზული პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებისთვის. ამის ადამიანური რესურსი და საჭიროება არსებობს, მე ვიტყოდი საარსებო საშუალებაც, რადგან მმართველ ძალას, „ქართულ ოცნებას“ პერსპექტივაში უნდა ჰყავდეს რეალური ალტერნატივა, რადაც ვერც „ნაცმოძრაობა“ გამოდგება და ვერც მისგან წარმოშობილი დაჯგუფებები.
რაც შეეხება პოლიტიკური მოედნის სიცარიელეს, საქართველო მზადაა ორი–სამი სერიოზული პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებისთვის. ამის ადამიანური რესურსი და საჭიროება არსებობს

„პრორუსულად“ მონათლულების უპირველეს ალტერნატივად ჩამოყალიბება, ვიდრე ჩვენ დასავლეთის თანმიმდევრული და ერთგული სტრატეგიული პარტნიორები ვართ, შეუძლებლად მიმაჩნია. ამიტომ, გამოსავალი იქნებოდა ორი-სამი ახალი ცივილიზებული, შიდაპარტიულ დემოკრატიაზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალის გამოჩენა და არა ბიძინას ან მიშა სააკაშვილის დაკვეთით წარმოქმნილებისა.
- თქვენთან შეხმიანებამდე ერთ საინტერესო ინფორმაციას გავეცანი. სექტემბრის თვეში ”ქართულ ოცნებას” საარჩევნოდ 19-მა იურიდიულმა პირმა შესწირა თანხა. იმავე პერიოდში ”ქართულ ოცნების” საარჩევნო შტაბის ანგარიშზე 4 მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული, ”ევროპული საქართველოს” 336 ათასი ლარი, ხოლო ”ნაციონალების” მხოლოდ 36 ათასი. გამოდის, ამ დროისათვის არჩევნებზე ”ნაციონალები” ”ევროპული საქართველოსთან” შედარებით 10 ნაკლებ ფინანსებს ხარჯავენ. თქვენი აზრით, რაზე მიანიშნებს ის, რომ ბიზნესის წარმომადგენლები მხოლოდ ერთ, მმართველ პარტიას აფინანსებენ და რაზე შეიძლება მეტყვეტებდეს ”ნაციონალების” მიერ საარჩევნოდ გაღებული საკმაოდ მცირედი თანხები?
- ეს შეიძლება მეტყველებდეს ერთადერთზე – ქვეყანაში არ არსებობს კონკურენტული გარემო, ყველაფერი კონტროლდება. ბიზნესი ჯერ კიდევ არ არის თავისუფალი, ხოლო ფულიანი ძიები აფინანსებენ არა იდეებს, არამედ ყიდულობენ ინდულგენციებს მომავალ რეალურ მთავრობაში. ასეთად კი მათ უმეტესობას „ქართული ოცნება“ მიაჩნია.
„ევროპულ საქართველოს“ 336 000 ლარი შესწირეს, ხოლო ”ნაციონალებს” მხოლოდ 36 ათასი, იმას ნიშნავს რომ მათ უკან რეალურად დაინტერესებული ცნობილი ადამიანები დგანან, ”ნაციონალებს” კი ერთი მხრივ, მიშამ გადაუკეტა ჟანგბადი, ხოლო მეორე მხრივ კეზერაშვილმა აიღო მათზე ხელი. ამ ეტაპზე მიშა სააკაშვილს გაცილებით დიდი ფსონი აქვს დადებული უკრაინაზე და საქართველოზე მისი კონტროლირებადი ბიზნესმენები, უბრალოდ ზოგავენ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.
- ყველანი ვისმენთ და ვუცქერთ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების საარჩევნო კამპანიებს, გზავნილებს, სლოგანებს, რგოლებს, უშურველად გაცემულ, ხშირ შემთხვევაში შეუსრულებელ, დაპირებებს.
თქვენ როგორც პოლიტოლოგს, რომელი მათგანი დაგამახსოვრდათ და თვლით, რომ ისინი ამომრჩეველს გულგრილს არ დატოვებენ?

- ამ არჩევნებში ძალიან ცოტა ფული იხარჯება. ეს ხელს უშლის პოლიტიკურ სუბიექტებს თავიანთი პროგრამები და განაზრახი ადამიანებამდე მიიტანონ. პრობლემაა მედიის მისაწვდომობის კუთხითაც. ჩვენთან ზოგიერთ პარტიას თავისი კონტროლირებადი ტელევიზიები აქვს. კონკრეტული პოლიტიკური გავლენა და გარკვეული დოზით მიკერძოებულობა იგრძნობა „რუსთავი2“-ზე, „იმედზე“, „ობიექტივზე“, რაც პარტიების და კანდიდატების ნაწილს არათანაბარი შესაძლებლობების მდგომარეობაში აყენებს.
ქვეყანაში არ არსებობს კონკურენტული გარემო, ყველაფერი კონტროლდება. ბიზნესი ჯერ კიდევ არ არის თავისუფალი, ხოლო ფულიანი ძიები აფინანსებენ არა იდეებს, არამედ ყიდულობენ ინდულგენციებს მომავალ რეალურ მთავრობაში. ასეთად კი მათ უმეტესობას „ქართული ოცნება“ მიაჩნია

ფინანსური რესურსის სიმწირე თანამედროვე პიარ-ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობასაც უზღუდავს მათ. აქედან გამომდინარე, დასამახსოვრებელი და კრეატიული ცოტაა. უფრო მეტი დაბალანსებულობა და გააზრებულობა ჩანს „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიაში. არარეალურ დაპირებებს ხალხი უკვე აღარ უსმენს და ეფექტი არ აქვს, სლოგანები გაცვეთილია, რგოლები ღარიბული და ნაკლებად ეფექტური.
ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც „რესპუბლიკური პარტიის“ კამპანიაა. მათი მესიჯები პოპულისტური არ არის და „რესპუბლიკელების“ ლიდერების მრწამსს და მსოფლმხედველობას ასახავს. იგრძნობა რომ ძმები ბერძენიშვილები გამოცდილი პოლიტიკოსები არიან. განსაკუთრებით მწვავე და პრობლემურია მათი რგოლი თვითმმართველობასთან დაკავშირებით. თუმცა ჩემთვის მიუღებელია საარჩევნო კამპანიის ნაწილად მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაციაზე აქცენტირება.
უეჭველია, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას ბევრი პრობლემა აქვს, ბევრი ინტერესების კვეთა ხდება აქ და ამგვარი კამპანია სახელმწიფო ინტერესებს არ შეესაბამება. თუმცა, სადაც საუბარია სეკულარიზმის პრინციპის მტკიცედ დაცვის აუცილებლობაზე, ეკლესიის, როგორც ყველაზე გავლენიანი ინსტიტუციის მეტი საჯაროობის აუცილებლობაზე, იქ პათოსი გასაზიარებელია.
- თუ ისევ პარტიების რანჟირებას ახალ ვერსიას დავუბრუნდებით, დამკვირვებელთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ამ არჩევნებზე მკვეთრად პრორუსული პარტიები მათთვის საკმაოდ კარგ შედეგს დადებენ. თქვენი კოლეგის, ბატონ რამაზ საყვარელიძის აზრით, - ”რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება კარგი სურვილია, მაგრამ არარეალისტური”. ის, რომ ქართული დღის წესრიგი კრემლის გეგმებთან მიმართებაში ნამდვილად არარეალისტურია, პრაქტიკულად, ყველა თანხმდება.
თქვენი აზრით, ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის რუსეთთან მიმართება რატომ ვერ გაცდა ემოციურ აღქმასა და დამოკიდებულებას?

- ჩვენი მოსახლეობის ნაწილის რუსეთთან მიმართება იმიტომ ვერ გასცდა ემოციურ აღქმას, რომ პოლიტიკას ამ მიმართულებით არაპოლიტიკოსი პროფანები აკეთებენ. „პროდასავლურ“ და „პრორუსულ“ პარტიებად პოლიტიკური სპექტრის დაყოფა უკიდურესად პირობითია. ვფიქრობ, თქვენ შეკითხვაში „პატრიოტთა ალიანსს“ და „დემოკრატიულ მოძრაობას“ გულისხმობთ. მათ უდაოდ კარგი პოლიტიკოსები ლიდერობენ და გარკვეული შედეგი 21 ოქტომბერსაც ექნებათ.
ბატონი რამაზ საყვარელიძე მართებულად შენიშნავს, ხილულ პერსპექტივაში რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგება არარეალურია. მაგრამ იმის მოლოდინი, რომ რუსეთი მალე დაიშლება და ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს და ცხინვალს, კიდევ უფრო არარეალური მგონია.
ჩვენი, ასე ვთქვათ, პროდასავლელების ამოჩემება, რომ ჩვენ კი არ უნდა ველაპარაკოთ რუსებს, არამედ ტრამპის და პუტინის მოლაპარაკებების დღის წესრიგში ერთ–ერთი პირველი საკითხი უნდა ვიყოთ, კიდევ უფრო არარეალური მგონია.
რა, თქვენ გგონიათ თუ დასხდნენ ტრამპი და პუტინი გლობალურ პრობლემებზე სასაუბროდ ჩვენ განსახილველი საკითხების პირველ ათეულში მოვხვდებით? ჩვენ უფრო წინ ჩაგვსვამენ, ვიდრე სირიას, ვიდრე ერაყს, ვიდრე ახლო აღმოსავლეთს, ვიდრე ჩრდილოეთ კორეას, ვიდრე ავღანეთს, ვიდრე იემენს, ვიდრე უკრაინას, ახლა უკვე „ბრექსიტსა“ და კატალონიას? თუ, იმაზე უნდა „ვიჩალიჩოთ“, რომ იქნებ უკრაინას „მიგვაბან“.
რა თქმა უნდა, დასავლეთი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და პერსპექტივის მთავარი გარანტი და სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ვინც ვერ ხედავს რამდენი და რა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას დასავლეთი, ის ბრმა და ყრუა.
ლამის რეგიონში ბოლო საუკუნეების განმავლობაში არნახული და არსმენილი ალიანსი ჩამოყალიბდეს რუსეთი-თურქეთი-ირანი და ამ დროს, საქართველოს ხელისუფლება ამ პროცესში არ მონაწილეობს და ფაქტობრივად არც ერთ მათგანს სერიოზულად არ ესაუბრება.
ჩვენი მოსახლეობის ნაწილის რუსეთთან მიმართება იმიტომ ვერ გასცდა ემოციურ აღქმას, რომ პოლიტიკას ამ მიმართულებით არაპოლიტიკოსი პროფანები აკეთებენ. „პროდასავლურ“ და „პრორუსულ“ პარტიებად პოლიტიკური სპექტრის დაყოფა უკიდურესად პირობითია

არ მიყვარს პოლიტიკურ ანალიზში ისტორიული რემინესცენციების მოხმობა, მაგრამ გავიხსენებდი გიორგი ბრწყინვალის ეპოქას, – 5 ათეულ წელიწადში ქართული სამეფო ოჯახის წარმომადგენლებით რომ მანიპულირებდნენ, ხან ერთს რომ სვამდნენ ტახტზე და ხან მეორეს, მერე სამცხეში ბექა ჯაყელის კარზე გაზრდილი გიორგი ჩობან ნოინს რომ ეახლა და საქართველოს ერთმეფობის პირობით რომ დაბრუნდა საქართველოში. დაუმორჩილებელი ფეოდალები გომბორზე რომ მიიწვია და გაუსწორდა, ხოლო მონღოლების ხელშეწყობით გორში და მის შემოგარენში ჩამოსახლებული ოსები მონღოლთა თანხმობითვე კავკასიონს გადაღმა რომ გადარეკა.
ისტორია მარტო სუფრებზე სადღეგრძელოებისთვის არ უნდა გამოვიყენოთ.
დიახ, რუსებთან ლაპარაკი დღეს ძნელია. მათ, თავისივე სავალალოდ ჰგონიათ, რომ ერთიანი და ძლიერი საქართველო ხელს არ აძლევთ. ეს კი იქნებ ჩვენმა ხელისუფლებამ აუხსნას, იქნებ ჩვენმა მეცნიერებმა და ანალიტიკოსებმა. რატომ უნდა იყოს ეს აკრძალული, ჩემთვის გაუგებარია. მით უმეტეს, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ამას ჩვენგან არ მოითხოვენ.

კობა ბენდელიანი
”ინტრესპტესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები