არქივი
«« ოქტომბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4863
EUR
1 EUR
2.9405
RUB
100 RUB
4.3181
20-10-2017
ნოდარ სარჯველაძე - საზოგადოებაში საკმაოდ დიდია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც არც ერთ პარტიას არ გულშემატკივრობენ
16:44 10-10-2017
ნოდარ სარჯველაძე - საზოგადოებაში საკმაოდ დიდია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც არც ერთ პარტიას არ გულშემატკივრობენ წინასაარჩევნოდ საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფსიქოლოგ ნოდარ სარჯველაძეს ესაუბრა.

- ბატონო ნოდარ, 9 ოქტომბერს თბილისის მერობის კანდიდატებმა ”რუსთავი-2”-ის ეთერში ის გუნდები წარმოადგინეს, ვინც არჩევნებში მათი გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქს უხელმძღვალებს. მათ ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში თავიანთ გეგმებზე ესაუბრათ.
თქვენზე რა შთაბეჭდიელბა დატოვეს თბილისის მერობის კანდიდატების გეგმებმა და გუნდებმა?

- თბილისის პერსპექტივებზე ყველა კანდიდატს უდავოდ საინტერესო მოსაზრებები ჰქონდა. ეტყობოდათ, რომ თბილისის პრობლემებზე საკმაოდ ბევრი უმუშავიათ. ჩემი აზრით, ელისაშვილის გამოსვლა ძალიან კარგი იყო. სხვათა შორის, კუკავასა და გუგავასიც. გუგავა თავის ამპლუაში იყო, მაგრამ საერთო ჯამში მაინც საინტერესო იყო თბილისის მერობის კანდიდატების მოსმენა.
კალაძის სიძლიერე ის იქნებოდა თუ ისეთ ხალხს როგორც ვაშაძეა, ანგარიშს გაუწევს და რეალური საქმის საკეთებლად სათანამშრომლოდ მიიწვევს. ხომ ფაქტია, ”ქართული ოცნების” ხალხი კომპეტენტურობით ოპონენტებს აშკარად ჩამორჩება

არც კალაძის წარდგინება არ იყო ცუდი. ჩემი აზრით, იყო საშუალო, ვინაიდან არ იყო სხვისგან რაიმეთი განსაკუთრებით გამორჩეული. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კარგი იყო, ბუნებრივია, ბევრი რამის გათვალისწინებით, მათ შორის, იმითაც, რომ მმართველი გუნდი ამ არჩევნებზეც გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, კალაძე გაიმარჯვებს. გულახდილად გეტყვით, მიუხედავად ყველაფრისა, მე მას მაინც წარმატებებს ვუსურვებდი, მაგრამ სამწუხაროდ, მან ჩემზე ვერ დატოვა განსაკუთრებული გეგმების მქონე კაცის შთაბეჭდილება.
ჩემი აზრით, თავისი ინოვაციურობით ყველას რამდენიმე თავით სჯობდა გიორგი ვაშაძის გამოსვლა. ილიას აქვს ნათქვამი - ”მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი... ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი” - ანუ მომავალზე უნდა ვიფიქროთ. მომავალი კი ასეთია - გადარჩებიან ქვეყნები, რომლებიც განვითარებულები არიან. ანუ არ ჩამორჩებიან იმ ძირითად მეინსტრიმულ ტენდენციებს, რომლებიც დღეისათვის თანამედროვე მსოფლიოში არსებობს.
მხედველობაში მაქვს ის ტექნოლოგიები, რომელიც დღევანდელი ცივილიზაციის მონაპოვანია. დანარჩენი ქვეყნები და ერები მაჩანჩალების როლში აღმოჩნდებიან. თუ ჩვენ ხალხს ძველებურად უნდა ცხოვრების გაგრძელება, უნდა გააგრძელონ ბეჰემოტის სინდრომით ცხოვრება. მოგეხნენებათ, ბეჰემოტს ჭაობი უყვარს და ისაა მისი კომფორტის ზონა, რომელსაც ის არ თმობს.
გარდა იმისა, რომ ვაშაძე საინტერესოდ საუბრობს სრულიად ახალ ტექნოლოგიურ ძვრებზე, რომელიც ჩვენს ირგვლივაა მომხდარი, კონკრეტულად ამბობს დღეს ჩვენ რა და როგორ უნდა ვაკეთოთ თუნდაც თბილისში. მე ასევე ძალიან მომეწონა მისი ნათქვამი - თუ არჩევნებში ვერ გაიმარჯვა, გამარჯვებულ პარტიას თავისი ცოდნითა და კომპეტენციით დაეხმარება. აუცილებელი არაა, ”ქართულმა ოცნებამ” გააგრძელოს ღარიბაშვილივით ნეპოტიზმით მმართველობაში ისეთი ხალხის მოყვანა, რომლებსაც კომპეტენცია არა აქვთ.
თბილისის მომავალ მერს, ვინც არ უნდა იყოს იგი, ელისაშვილის ენთუზიაზმი, გულწრფელობა და ვაშაძის გამჭრიახობა და გონიერება წაადგებოდა

ვიმეორებ, ვაშაძის გამოსვლა მართლაც ძალიან მომეწონა. კალაძის სიძლიერე ის იქნებოდა, თუ ისეთ ხალხს, როგორც ვაშაძეა, ანგარიშს გაუწევს და რეალური საქმის საკეთებლად სათანამშრომლოდ მიიწვევს. ხომ ფაქტია, რომ ”ქართული ოცნების” ხალხი კომპეტენტურობით ოპონენტებს აშკარად ჩამორჩება.
ვაშაძის ის მომეწონა, რომ მას ამბიციური გეგმები აქვს. თუ მიზნად ამბიციური გეგმები არ დაისახე, ბევრს ვერაფერს მიაღწევ. პატარა მიზნების შედეგი მხოლოდ პატარა საქმეებია. თბილისის მომავალ მერს, ვინც არ უნდა იყოს იგი, ელისაშვილის ენთუზიაზმი, გულწრფელობა და ვაშაძის გამჭრიახობა და გონიერება წაადგებოდა.
- პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მოტივირებული ვეტო დაადო და ასახა ის მოთხოვნები, რასაც მთელი სამოქალაქო სექტორი ლამის მთელი წლი აფიქსირებდა.
თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ”ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს კონსტრუქციულად და როგორც ბევრი თვლის, საქმისათვის სასარგებლოდ გამოიყენებს?

- არა ვარ დარწმუნებული, რომ ”ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებიდან რაიმე გაითვალისწინოს. ფაქტია, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს გამარჯვებულის პოზიციიდან უყურებს. სამწუხაროა, რომ ქვეყნის მმართველი გუნდი ისევე ფიქრობს, როგორც რიგითი ობივატელი. მხედველობაში მაქვს, რომ ჩვენთან საქართველოში სხვისი აზრის გათვალისწინება სისუსტის ნიშანია. მეტიც, ხალხი ასე აღიქვამს - იმიტომ დაეთანხმე სხვის აზრს, რომ რაღაცაში არც შენ იყავი მართალი. ამის ამღიარებელს რომ მმართველი გუნდი არ ჰგავს, ვხედავთ.
”ქართული ოცნება” პრეზიდენტის არც ერთ მოტივირებულ შენიშვნას არ გაითვალისწინებს. ამით კი შეგვახსენებენ, რომ ჩვენში ოპონენტის კარგი მოსაზრების გათვალისწინების კულტურა რეალურად არ არსებობს. სამწუხაროდ, ჩვენში ისეთივე ველური პოლიტიკური რეალობაა, როგორც დაახლოებით მე-17, მე-18 საუკუნეში იყო

სამწუხაროდ, საქართველოში არც ადამიანები და არც პოლიტიკოსები ჭეშმარიტებას კი არ ეძებენ, არამედე ეძებენ თავისი მოქმედებების გამართლებებს. რადგან ჩვენში ამგვარი ტენდენციაა, ვფიქრობ ”ქართული ოცნება” პრეზიდენტის არც ერთ მოტივირებულ შენიშვნას არ გაითვალისწინებს. და ამით შეგვახსენებენ, რომ ჩვენში ოპონენტის კარგი მოსაზრების გათვალისწინების კულტურა რეალურად არ არსებობს. სამწუხაროდ, ჩვენში ისეთივე ველური პოლიტიკური რეალობაა, როგორც დაახლოებით მე-17, მე-18 საუკუნეში იყო.
პოლიტიკურ რეალობას ვგულისხმობ და არა ”ჩაკრულოს” თვალსაზრისით რეალობას. ჰარმონიული მუსიკის თვალსაზრისით მგონი ჩვენ მსოფლიოში პირველები ვართ, მაგრამ რასაც ოპონენტის აზრის გათვალისწინება და პლურალიზმი ჰქვია, ჩვენ ისევ გვიანდელ შუა საუკუნეებში ვართ ჩარჩენილები.
- რადგან ადგილობრივ არჩევნებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი, ისევ არჩევნების თემას მინდა დავუბრუნდეთ. თქვენმა ქართველმა კოლეგებმა მოახლოებული არჩევნების თავისებურებებზე თავისი მოსაზრებები უკვე გამოთქვეს.
მათი უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ არჩევნებზე ”ქართულ ოცნებას” რეალური კონკურენტი პრაქტიკულად არ ჰყავს.
პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე კი თვლის - ”საარჩევნო კამპანია უღიმღამოა, თუმცა არჩევნები უფრო თავისუფალია, ვიდრე სააკაშვილის ან შევარდნაძის დროს, მაგრამ საარჩევნო გარემო კი აშკარად არ არის კონკურენტული”.
პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არჩევნების წინ თქვენს მიერ დანახული ქართული პოლიტიკური ველი, სავარაუდოდ, როგორ გამოიყურება?

- სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკა კარგა ხანია ბიზნესის ნაირსახეობად იქცა, პოლიტიკოსები კი ბიზნესმენები უფრო არიან ვიდრე პოლიტიკოსები. პოლიტიკა ფულის გაკეთების საშუალებადაა ქცეული. ამის კარგი მაგალითია პრემიებისა და დანამატების ასე ხარბად თავისთვის გამოწერა, რასაც კარგა ხანია ვადევნებთ თვალს. პოლიტიკოსის ასეთი იმიჯისა და პოლიტიკოსის ასეთი იერსახის თვალსაზრისით ”ქართული ოცნება” მოწინავეა. თუ შეიძლება ასე ითქვას, სხვა პოლიტიკოსებიც ”ამ მოწინავეს” მიჰყვებიან. მაგრამ, ამ თვალსაზრისით მათ შორის ყველაზე წარმატებული მაინც ”ოცნებაა.” ამიტომ, ბუნებვრივიცაა, რომ მოახლოებულ არჩევნებზე სხვა პარტიები მას სათანადო კონკურენციას ვერ გაუწევენ.
არჩევნების წინ კონკურენცია აშკარად არის, მაგრამ იმ თვალსაზრისით, რასაც პოლიტიკით ბიზნესმენობა ჰქვია, ამაში ”ქართულ ოცნებას” კონკურენციას ვერავინ უწევს

მიუხედავად ამისა, საარჩევნო გარემო მაინც კონკურენტულია იმ თვალსაზრისით, რომ ვითარება საკმაოდ მწვავეა. თუ, რა თქმა უნდა, სიმწვავეს კონკურენტულობის საზომად მივიჩნევთ. ამის კარგი მაგალითია უკანასკნელ წლებში ”ქართული ოცნების” საქმიანობის საკმაოდ მწვავე და კრიტიკული შეფასებები.
საინტერესოა ისიც, რომ წინასაარჩევნო კამპანია ”პატრიოტთა ალიანსის” საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს. არჩევნების წინ კონკურენცია აშკარად არის, მაგრამ იმ თვალსაზრისით რასაც პოლიტიკით ბიზნესმენობა ჰქვია, ამაში ”ქართულ ოცნებას” კონკურენციას ვერავინ უწევს.
აქ საინტერესოა ასეთი რამ -”ქართული ოცნების” უკან დგას მართლაც ნამდვილი და წარმატებული ბიზნესმენი ივანიშვილი, ხოლო მისი საპირისპირო ძალა სააკაშვილი უკრაინაშია, სადაც იგი უკრაინელ ოლიგარქებს ებრძვის და თავისი ანტიოლიგარქიული მოძრაობის დაწყებით ირიბად უტევს ივანიშვილსაც.
- წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში არსებულ პოლიტიკურ-ფსიქოლოგიურ განწყობებზე რას იტყოდით?
- უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი დისტანცირებულია პოლიტიკურ პარტიებს. მათი საკმაოდ დიდი ნაწილი რომელიმე ბანაკს თავს აღარ მიაკუთვნებს. დარწმუნებული ვარ, მათი დიდი ნაწილი არჩევნების დღეს ურნებთან არც მივა. საზოგადოებაში საკმაოდ დიდია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც არც ერთ პარტიას არ გულშემატკივრობენ.
პოლიტიკურ ბაზარზე, სადაც ყველას თავისი ფასი აქვს, პოლიტიკურ პარტიებს საზოგადოების თვალში ფასი აქვთ დაკარგული. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკა გაუფასურებულია, აქედან გამომდინარე გაუფასურულები არიან პოლიტიკის აქტორებიც. ეს ეხება არა მხოლოდ ”ქართულ ოცნებას”, არამედ ”ნაციონალებს,” ”პატრიოტთა ალიანსს” და ყველა სხვას, ვინც დღეს პოლიტიკურ ველზეა.
პოლიტიკა გაუფასურებულია, აქედან გამომდიონარე, გაუფასურულები არიან პოლიტიკის აქტორებიც. ეს ეხება არა მხოლოდ ”ქართულ ოცნებას”, არამედ ”ნაციონალებს,” ”პატრიოტთა ალიანსს” და ყველა სხვას, ვინც დღეს ქართულ პოლიტიკურ ველზეა

ეს რომ ასეა, ამაზე მათი რეიტინგებიც მეტყველებს. საზოგადოება ასეთ რეჟიმში ცხოვრობს - მის თვალში საკმაოდ დაბალი შეფასებები აქვთ პოლიტიკურ აქტორებს, ანუ პოლიტიკურ სუბიექტებს.
- ადგილობრივ დამკვირვებელთა უმრავლესობის აზრით, 21 ოქტომბრის მთავარი ინტრიგაა თუ რა კორექტივებს შეიტანს ეს არჩევნები 2012 წლის შემდეგ ჩამოყალიბებულ პარტიათა რანჟირებაში.
თქვენი დაკვირვებით მოახლოებული არჩევნების მთავარი ინტრიგა რაა? და გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ იგი პარტიათა რანჟირებაში სერიოზულ ცვლილებებს შეიტანს?

- პარტიათა რანჟირებაში მოსალოდნელ ცვლილებებზე გამიჭირდება რამის თქმა. ალბათ ეს არჩევნები რაღაც ცვლილებებს შეიტანს, მაგრამ როგორს, ამას არჩენების შედეგები გვიჩვენებს.
ჩემი აზრით, ამ არჩევნებს ინტრიგა მაინც აქვს. ინტრიგის საფუძველი კი სულ სხვა რამეშია. საერთოდ, ნებისმიერი ცოცხალი არსება და მათ შორის პოლიტიკური პარტიები, როგორც ცოცხალი ორგანიზმები, განიცდიან ცვლილებებს. ისინი ისევე იბადებიან როგორც ადამიანები, ვითარდებიან, ბერდებიან და კვდებიან. ასე დაემართა შევარდნაძის ”მოქალაქეთა კავშირს”. ვინც ახლა ქართულ პოლიტიკაშია შევადნაძეს ვერ შეედრებიან, მაგრამ ”მოქკავშირის” დაშლა ბუნებრივი იყო.
”ქართული ოცნების” დაშლა გარდაუვალია, ახლა მთავარი ინტრიგა ისაა, არჩევნების შემდეგ ”ოცნება” თუ როგორ ნაწილებად დაიშლება

ჩემი აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ ”ქართული ოცნების” დაშლა გარდაუვალია, ახლა მთავარი ინტრიგა ისაა, არჩევნების შემდეგ ”ოცნება” თუ როგორ ნაწილებად დაიშლება. ამ არჩევნებშიც გამარჯვებული ”ქართული ოცნება” ალბათ დაიწყებს დაღმა სვლას და პარტიის შიგნით დაიწყება დაშლის პროცესები.
- როგორ შეაფასებდით ”ქართული ოცნების” მიერ წარმოებულ საარჩევნო კამპანიას, დაპირებებს, სლოგანებს - ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა”? წინასაარჩევნოდ მმართველი გუნდი როგორც რეგიონებში, ისე დედაქალაქში საკმაოდ აქტიურ კამპანიას ეწევა...
- როგორც წესი, სლოგანებში შეჯერებული სახით ასობით და ათასობით ადამიანის სულისკვეთებაა გადმოცემული, რომლებიც ამა თუ იმ პარტიაში არიან გაერთიანებული. თუ ამ კუთხით შევხედავთ, ეს სლოგანები აჩვენებს, რომ რაღაც ტიპის ილუზიებია ჩადებული ამ სლოგანაბეში.
”თავისუფლებას” რომ თავი დავანებოთ და ყურადღება გავამახვილოთ სწრაფ განვითარებაზე, უცნაურ დაკვირვებამდე მივალთ. სწრაფი განვითარების ნაკლი ისაა, რომ ყველაფერს განვითარების თავისი ბუნებრივი ტემპები აქვს. სწრაფად რომ რამე გაკეთდეს, ამაზე კარგადაა ქართულად ნათქვამი - ”ქარის მოტანილს, ქარივე წაიღებს”. სწრაფად გაკეთებული, სწრაფად ინგრევა. ამიტომ ”ქართული ოცნების” თეზისი სწრაფ განვითარებაზე მთლად გამართული არ მგონია. ჩემი აზრით, იგი გარკვეულწილად გახლავთ სააკაშვილის სწრაფი განვითარების თეზისზე რეაქცია, ანუ მასთან გაჯიბრება. თუ შენ სწრაფად აკეთებდი, ჩვენც სწრაფად გავაკეთებთ.
სააკაშვილის ”სწრაფ განვითარებაზე” სწორება არასწორი თეზისია, ვინაიდან სააკაშვილის მსგავსად სწრაფად და ნაუცბათევად საქმის კეთება თავისი არსით დამანგრეველია.
სააკაშვილის ”სწრაფ განვითარებაზე” სწორება არასწორი თეზისია, ვინაიდან სააკაშვილის მსგავსად სწრაფად და ნაუცბათევად საქმის კეთება თავისი არსით დამანგრეველია

”ქართული ოცნების” სლოგანებს ადამიანი ან არ დაიჯერებს, ან თუ დაიჯერებს მაშინ მან შედეგიც უნდა ნახოს, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ ამ შედეგს ისინი ვერ ნახავენ. იმიტომ რომ ”ქართული ოცნება” სწრაფად განვითარების უზრუნველყოფას ვერ შეძლებს, თუ შეძლო კიდეც, ამ ტიპის განვითარებას აუცილებლად ექნება არაერთი ხარვეზი.
რაც შეეხება კეთილდღეობას, ეს საკმაოდ ყალბი ლოზუნგია, იმიტომ რომ ცხოვრებისეული დაკვირვებები აჩვენებს - რაც დრო გადის, გაჭირვებულთა რაოდენობა უფრო იზრდება. ანუ იზრდება კეთილდღეობას მოკლებულ ადამიანთა რიცხვი. ასეთ ვითარებაში კეთილდღეობის ამაღლებაზე სლოგანებით საუბარი სარკაზმია თუ ირონია, კიდევ საკითხავია.
- ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ”ნაციონალებიდან” წასულ ”ევროპელ დემოკრატებზე” განაცხადა - „ევროპული საქართველო" არის ხალხი, რომლებმაც მიიღო შეგნებული გადაწყვეტილება, გამიჯნოდა "ნაცმოძრაობას" და ამით გააძლიერა ივანიშვილი. ეს იყო ივანიშვილის სასარგებლოდ”.
სააკაშვილს გიგი უგულავამ უპასუხა - ”როცა არჩევნებამდე ორი კვირა დარჩა და სხვა ოპოზიციურ პარტიას აკრიტიკებ, ივანიშვილის თამაშს თამაშობ... "ოცნება" ხალხს შენი დაბრუნებით, არეულობით აშინებს და ეს სამწუხაროდ მუშაობს...ივანიშვილის თამაშს თამაშობ... რით ვერ გააცნობიერე, რომ საფრთხობელას როლს ასრულებ ივანიშვილის თამაშში.”
თქვენი დაკვირვებით, სააკაშვილსა და უგულავას შორის საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები სავარაუდოდ როგორ აისახება არჩევნებში ”ნაციონალებისა” და ”ევროპელი დემოკრეატების” შედეგებზე?

- ეს განცხადებები არჩევნებში ”ნაციონალებზე” და ”ევროპელ დემოკრატებზე” საზიანოდ იმუშავებს. ახლა ”ქართულ ოცნებას” პოლიტიკურ ველზე წარმატების მისაღწევად შესანიშნავი პირობები აქვს. მისი მთავარი ოპონენტები თავად გაიყვნენ და ახლა მას არ უჭირს მათთან ცალ-ცალკე გამკლავება.
ის, რომ ”ოცნება” ამ არჩევნებზე ”ნაციონალებზე” და ”ევროპელ დემოკრატებზე” გაიმარჯვებს, ეს თავად ”ნაციონალების” და ”ევროპელი დემოკრატების” დამსახურება იქნება

ის, რომ ”ოცნება” ამ არჩევნებზე ”ნაციონალებზე” და ”ევროპელ დემოკრატებზე” გაიმარჯვებს, ეს თავად ”ნაციონალების” და ”ევროპელი დემოკრატების” დამსახურება იქნება. როგორც უკვე აღვნიშნე, იგივე ელის ”ქართულ ოცნებასაც”. როგორც ”ნაციონალები” დაიშალნენ”, ასეთივე დაშლა ელის ”ქართულ ოცნებასაც”.
- თბილისის მერობის კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა უკვე ბევრი აიძულა მასზე ელაპარაკათ. ”ნაციონალებისა” და ”ევროპელი დემოკრატების” მხარდამჭერებში საკმაოდ ბევრი ზაალ უდიმაშვილსა და ელენე ხოშტარიას ურჩევს ვიდრე ჯერ კიდევ გვიან არაა, ელისაშვილის სასარგებლოდ გამოეთიშონ არჩევნებს.
თქვენი დაკვირვებით, რისი ნიშანი შეიძლება იყოს თუნდაც მარტო თბილისის პოლიტიკურ ველზე ელისაშვილის მსგავსი ფიგურის არა მარტო გაჩენა, არამედ მოახლოებულ არჩევნებში თუ ფავორიტად არა, ფაქტორად ქცევა?

- ეს მართლაც საინტერესო კითხვაა. ელისაშვილის ბიოგრაფიიდან ვიცით, რომ თბილისის პრობლემებზე ის სააკაშვილის დროსაც აქტიურად მუშაობდა როგორც ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი. იგი საკმაოდ თანმიმდევრულია და მას შეუძლია თბილისის თემაზე ლექციების ციკლიც კი წაიკითხოს. ამავდროილად ელისაშვილი თბილისის პრობლემების საკმაოდ კარგი მცოდნეა.
პოლიტიკურ ასპარეზზე ელისაშვილი როგორც დამოუკიდებელი მოქალაქე და არა რომელიმე პარტიის წევრი და აქტივისტი მოქმედებს. პოლიტიკურ არენაზე ელისაშვილის დამოუკიდებლად გამოჩენა მისი პიროვნული სიძლიერის ნიშანიცაა და იმავდროულად ქართულ პოლიტიკაში ძალიან საინტერესო პრეცედენტიც. ელისაშვილმა პოლიტიკაში პიროვნულად მარტო ბრძოლისა და აქტიურობის პრეცედენტი შექმნა. პირადად მე, მას ამ ბრძოლაში წარმატებას ვუსურვებ.
პოლიტიკურ არენაზე ელისაშვილის დამოუკიდებლად გამოჩენა მისი პიროვნული სიძლიერის ნიშანიცაა და იმავდროულად ქართულ პოლიტიკაში ძალიან საინტერესო პრეცედენტიც

რაც შეეხება იმას, თუ რისი ნიშანი შეიძლება იყოს პოლიტიკურ ველზე ელისაშვილის გამოჩენა - საერთოდ, ყველა მოვლენა რაღაც ტენდენციას ავლენს. შესაძლოა, ჩვენ ვერ ვამჩნევთ, მაგრამ როგორც ჩანს, საზოგადოებაში არის მოთხოვნა იმაზე, რომ პოლიტიკაში ძლიერი ინდივიდები გაჩდნენ. არა პარტიის წევრები, ანუ ჯგუფურად მეომრები, მარტო რომ არაფერი შეუძლიათ, არამედ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გარკვეული პასუხიმგებლობის თავის თავზე აღება.
ეტყობა, ამგვარი მოთხოვნა ჩვენს საზოგადოებაში ლატენტურად რეალურად არსებობს. რამდენად დიდია ამგვარი მოთხოვნა 21 ოქტომბრის არჩევნებზე ვნახავთ. მე თუ მკითხავთ, ამ თვალსაზრისით, მისთვის მხოლოდ ხმების მიცემა არ არის ამგვარ პიროვნებებზე მოთხოვნის ზრდის ინდიკატორი. მთავარი მაინც ნდობაა, რომელსაც ამგვარი ადამიანების მიმართ საზოგადოება ავლენს.

კობა ბენდელიანი
”ინტრესპტესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები