არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
21-01-2018
ხათუნა ლაგაზიძე - ”ოცნების” თბილისის საკრებულოს სიაში სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებია გათვალისწინებული, შესაბამისად, ეს არ იქნება „კალაძის საკრებულო“
14:53 13-10-2017
ხათუნა ლაგაზიძე - ”ოცნების” თბილისის საკრებულოს სიაში სხვადასხვა ჯგუფების ინტერესებია გათვალისწინებული, შესაბამისად, ეს არ იქნება „კალაძის საკრებულო“ საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მოტივირებულ შენიშვნებში გაითვალისწინა როგორც „ქართული ოცნების“, ასევე ოპოზიციის მოთხოვნები, ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის დამბალანსებლის როლი შეასრულა, უმრავლესობა უპრობლემოდ დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს.
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის აზრით, მმართველი გუნდი მხოლოდ იმ შენიშვნებს გაითვალისწინებს, რაც ვენეციის კომისიის დასკვნაში იყო, და ხელისუფლება მთავარ დათმობაზე წავა ანუ არჩევნებს 2020 წლისთვის პროპორციული სისტემით არ ჩაატარებს. მისივე თქმით, ფორმალურად ამით საკონსტიტუციო პროცესი მხოლოდ გაზაფხულზე დასრულდება.
თქვენი შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი შედეგი რაა? შესაძლოა, კითხვა ასეც დაისვას - საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესმა რა დაგვანახა?
- მივიღეთ ქართული პოლიტიკური სივრცის სრული სპექტრული ანალიზი: 1. ხელისუფლებამ გვაჩვენა: ქვეყნის შიგნით - „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“ ანუ მუსიკასაც მე ვუკვეთავ და თითის წვერებზეც მე ვცეკვავო, 2. თუმცა, ქვეყნის გარეთ მთლად ეგეთი ხურუშიანიც ვერ ვარ, რაღაცებში მაინც მიწევს დასავლეთისთვის ანგარიშის გაწევაო.
განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით ”ქართულმა ოცნებამ” გვითხრა - „მე ვარ და ჩემი ნაბადიო“ ანუ მუსიკასაც მე ვუკვეთავ და თითის წვერებზეც მე ვცეკვავო
ამიტომაც ევედრა საპარლამენტო უმრავლესობა ყელგამოღადრული ბოლოს პრეზიდენტს - „ბიძია-ბაბუა“ ერთი ვეტო გვესროლე, შენი მუხლების ჭირიმე, თორემ შევრცხვით ევროპის მასშტაბითო - პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის ბონუსების სისტემა გაგვაუქმებინე და 2020 წლის არჩევნებზე ბლოკები ისევ დაგვაშვებინეო.
3. ამ საკონსტიტუციო ცვლილებების საუკეთესო დიაგნოზი თავად ხელისუფლებამ დასვა, როცა იძულებული გახდა ვალდებულება აეღო ვენეციის კომისიის წინაშე: შენ ოღონდ არ განრისხდე და საკონსტიტუციო ცვლილებებში კიდევ საკონსტიტუციო ცვლილებებს შევიტანო
4. დარჩენილი პოლიტიკური სპექტრის უმეტესობამ ქუდი უნდა დაიხუროს და გაეცალოს პოლიტიკურ სივრცეს, რადგან ისინი ქართულ პოლიტიკაში საკუთარი თავის შენარჩუნების იქეთ, სხვა ამოცანას ვერ ხედავენ - საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში მათი ლაიტმოტივი და ფეხების ბაკუნის ძირითადი მიზანი იყო - პოლიტიკა ჩემი ქარვასლაა, სადაც მე მშვენივრად გამომდის ყიდვა-გაყიდვა და კომფორტული ცხოვრების მოწყობა და არავის მოგცემთ უფლებას ამ ქარვასლის შიგნით შემოაღწიოთო.
5. მაჟორიტარების უმეტესობა ჩამოყალიბდა კლანად, რომელიც პოლიტიკას მხოლოდ საკუთარი ბიზნესის ასაწყობად იყენებს და ეს კლანი უნდა დაინგრეს: ბიზნესმენი პოლიტიკოსებს უნდა აფინანსებდეს და არა თავად მიძვრებოდეს პოლიტიკაში კორუფციული სქემების უფრო ეფექტურად გამოსაყენებლად. დანარჩენი წვრილ-წვრილი აღმოჩენები არაფერია ამ დიაგნოზთან შედარებით.
- მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი პოლიტიკური სუბიექტები აქტიურ საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ, ფსიქოლოგი ნოდარ სარჯველაძე მიიჩნევს რომ საზოგადოებაში საკმაოდ დიდია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც არც ერთ პარტიას არ გულშემატკივრობენ.
თქვენ არა ერთხელ აღგინიშნავთ, რომ საზოგადოებაში უარყოფითი მუხტი საკმაოდ მაღალია, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა ახერხებს სათავისოდ მის გამოყენებას.
თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ არჩევნებში მონაწილე ვერც ერთი პოლიტიკური ძალა, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, ვერ ახერხებს უარყოფითი მუხტის ელექტორატის მიმხრობას?

- პოლიტიკურმა სპექტრმა განვითარება შეწყვიტა და საზოგადოების მოთხოვნებმა მას გაუსწრო. ჩვენ აღარ გვყავს პოლიტიკოსები, რომლებიც პოლიტიკაში საკუთარი ადგილის გარდა რამეს ხედავენ, მხოლოდ იშვიათ გამონაკლისებზე თუ შეიძლება ვისაუბროთ.
აღარ გვყავს სტრატეგიული ხედვის პოლიტიკოსები, რომლებიც შეძლებდნენ დროს თუ არ გაასწრონ დაეწიონ მაინც და სწორად გამოიყენონ ის შანსები, რომელსაც დღეს გარე სამყარო და გარემოებები საქართველოს სთავაზობს

დიახაც, მე წინააღმდეგი ვარ ბლოკების მახინჯი სისტემის, რომელიც ერთკაციანი პარტიების არსებობას უწყობს ხელს საქართველოში. ამ ერთკაციანი პარტიების ლიდერები კი, სწორედ ამ მახინჯი სისტემის წყალობით, ასიათასობით ლარს იღებენ დაფინანსებას ბიუჯეტიდან - ურცხვად იპარავენ, სწორედ, ამომრჩევლის ჯიბიდან ბიუჯეტში შეტანილ ფულს. დიახაც, უნდა დამთავრდეს ამომრჩევლის ხარჯზე სასათბურე პირობების შექმნა დრომოჭმული პოლიტიკური სპექტრისთვის. ხომ არ შეიძლება დაუსრულებლად, არსებული პოლიტიკური სპექტრის პანაშვიდს ვუყურებდეთ.
აღარ გვყავს სტრატეგიული ხედვის პოლიტიკოსები, რომლებიც შეძლებდნენ დროს თუ არ გაასწრონ, დაეწიონ მაინც და სწორად გამოიყენონ ის შანსები, რომელსაც დღეს გარე სამყარო და გარემოებები საქართველოს სთავაზობს.
„ქართულ ოცნებაში“ ხომ ამბიციის და სტრატეგიული ხედვების გავარდნილი თოფივით ეშინიათ და საერთოდაც, დასჯადია ასეთი ხედვები. მე ველოდი, რომ იგივე კახი კალაძეს უფრო მასშტაბური და ამბიციური პროგრამა ექნებოდა, სადაც ის თბილისს დაინახავდა, როგორც უდიდესი პოტენციალის, „დიდი ახლო აღმოსავლეთის“ ერთ-ერთ საკვანძო ქალაქს და სამწუხაროა, რომ მან ეს საჭიროდ არ ჩათვალა და აკადემიური, არაამბიციური, სამეურნეო პრობლემებზე კონცენტრირებული კამპანია არჩია.
მოკლედ, დროა ანტიისტებლიშმენტური კამპანია დაიწყოს ახალმა თაობამ, ახალი ხედვებით და ენერგიით

მოკლედ, დროა ანტიისტებლიშმენტური კამპანია დაიწყოს ახალმა თაობამ, ახალი ხედვებით და ენერგიით. სხვათა შორის, ასეთი განახლების საჭიროებას, ერთადერთი, დავით უსუფაშვილი ხედავს და ამბობს, რომ მისი და მისი თაობის როლი ახალი თაობისთვის გამოცდილების გაზიარებაშია. ამ თვალსაზრისით, არსებულ პოლიტიკურ სპექტრში ის ყველაზე მეტად არის მომავლის პოლიტიკოსი.
- დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდება მოსაზრებაში, რომ 2017 წლის არჩევნების მთავარი ინტრიგაა შეინარჩუნებს თუ არა ”ნაცმოძრაობა” ხელისუფლების მთავარი ოპოზიციის ძალის სტატუსს.
რეგიონებში ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიებში ყოფილი ”ნაციონალების” სიმრავლე იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მმართველი გუნდი ამ არჩევნებზეც მთავარ მეტოქედ სწორედ ”ნაცმოძრაობას” მოიაზრებს.
თქვენი დაკვირვებით როგორ დაახასიათებდით ამ არჩევნებზე ერთი მხრივ ”ქართული ოცნების”, ხოლო მეორე მხრივ სხვა ოპოზიციური ძალების საარჩევნო ტაქტიკასა და სტრატეგიას?

- მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის არჩევნები, სადაც ხელისუფლების გარდა, ყველა პოლიტიკური სუბიექტი რეალურად დამარცხებისთვის მიდის და მეორე საპატიო ადგილისთვის იბრძვის. ეს დიაგნოზი საზოგადოების მხრიდან პოლიტიკური სპექტრის შეფასებას ეფუძნება.
მთავარი პრობლემა პოლიტიკური სპექტრის ფინანსური და უპირველესად, ადამიანური რესურსის არქონაა. თუმცა, ფინანსების შემთხვევაშიც, პოლიტიკური სპექტრი საკუთარ შედეგს არსებითად ვერ გააუმჯობესებდა, რადგან ფული ვერ შველის ინტელექტუალურ სიმწირეს.
ინტელექტუალურ სიმწირეს ოპოზიციაც და ხელისუფლებაც თანაბრად განიცდის, მაგრამ ამ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ამ დეფიციტს უბალანსებს ადმინისტრაციული რესურსი, ფინანსები და შედარებით მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რაც ხელისუფლებაში მისი ყოფნითაა განპირობებული

უნდა აღინიშნოს, რომ ინტელექტუალურ სიმწირეს ოპოზიციაც და ხელისუფლებაც თანაბრად განიცდის, მაგრამ ამ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ ამ დეფიციტს უბალანსებს ადმინისტრაციული რესურსი, ფინანსები და შედარებით მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რაც ხელისუფლებაში მისი ყოფნითაა განპირობებული: მმართველ ძალას ჰყავს ამომრჩეველი, რომელიც დასაქმებულია საბიუჯეტო ორგანიზაციებში და მისსავე ინტერესშია, რომ ამ ძალამ ხელისუფლება შეინარჩუნოს.
არის ამომრჩევლის მეორე სეგმენტიც, რომელსაც დღემდე აქვს შემორჩენილი „ნაცმოძრაობის“ რეინკარნაციის შიში და ამიტომ აძლევს ხმას ,,ოცნებას''. ოპოზიციას კი, ეს სეგმენტები არ ჰყავს და ამიტომ მისთვის უფრო დამანგრეველია ინტელექტუალური სიმწირე. სწორედ ეს უპირატესობა განაპირობებს ხელისუფლების გამარჯვებას.
- ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიებისათვის თბილისის ცენტრში მიწის გადაცემის შესახებ საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ოპოზიციის ხმაურიან გააქტიურებასა და არჩევნების წინ უარყოფითი მუხტის აწევას რომ გამოიწვევდა, მოსალოდნელი იყო. მაგრამ მმართველი გუნდი ამ ნაბიჯზე მაინც წავიდა. ამ თვალსაზრისით ყველაზე რადიკალურები ”ნაციონალები” არიან, და ”ევროპელი დემოკრატები” ცდილობენ საჯარო სივრცეში მათ რადიკალიზმში არ ჩამორჩნენ.
რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი, რომ საკრებულოს გადაწყვეტილებით მმართველმა გუნდმა თავად შეუწყო ხელი არჩევნების წინ ემოციური მუხტის ოპოზიციის სასარგებლოდ აწევას? რჩება შთაბეჭდილება, რომ ბატონი ივანიშვილი ”ნაციონალებსა” და ”ევროპულ დემოკრატებს” კატა-თაგვობანას ეთამაშება...

- საკუთარი იმიჯით ასეთი მძიმე თამაში, არა მგონია, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედიოდეს და ასე იოლად სწირავდეს მსხვერპლად საკუთარ იმიჯს არამცთუ „ნაციონალების“, არამედ, თუნდაც, საკუთარი გუნდის კეთილდღეობას. აი, სწორედ აქ იჩენს თავს მორჩილების ნიშნით შეყრილი ადამიანების ინტელექტუალური სიმწირე: მართებული თუ არამართებული დავალების სწორად შესრულებაც რომ არ შეუძლიათ.
არც იმას გამოვრიცხავ, რომ ინტერესთა ჯგუფებად დაყოფილ „ქართულ ოცნებაში“ ბევრს არ უნდოდეს, კალაძის მაღალი პროცენტით მოსვლა დედაქალაქის სათავეში, მით უფრო, პირველ ტურში გამარჯვება, რაც მისი დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდიდა.
არც იმას გამოვრიცხავ, რომ ინტერესთა ჯგუფებად დაყოფილ „ქართულ ოცნებაში“ ბევრს არ უნდოდეს კალაძის მაღალი პროცენტით მოსვლა დედაქალაქის სათავეში, მით უფრო, პირველ ტურში გამარჯვება, რაც მისი დამოუკიდებლობის ხარისხს გაზრდიდა

გადახედეთ, როგორი დაბალანსებულია „ქართული ოცნების“ საკრებულოს სია თავისი მაჟორიტარი კანდიდატებიანად: ვისი ინტერესები აღარ არის ჩადებული შიგ. პირობითად, რომ ვთქვათ, ეს არ არის „კალაძის საკრებულო“.
როგორც ჩანს, ამ საკითხების ფორსირება გამოიწვია იმანაც, რომ ახალ მერს და საკრებულოს არ ექნება სურვილი, რომ მათი საქმიანობა ახალ ამპლუაში ასეთი მძიმე ტვირთის აწევით დაიწყოს. ასე რომ, მძაფრ ინტელექტუალურ დეფიციტს დამატებული ქვედა დინებები და მივიღეთ ის სურათი, რასაც ვუყურებთ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ოპოზიციური პარტია, ამ მსუყე საკბილოთი ისარგებლებდა.
- ფაქტია, რომ ”ნაცმოძრაობისთვის” სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგად შეინარჩუნონ „საპატიო“ მეორე ადგილი როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის ყველა სხვა რეგიონში.
”ნაციონალებმა” საკრებულოსთან ივანიშვილისთვის მიწის გამოყოფის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი და მრავალათასიანი საპროტესტო აქცია დაანონსეს. ”ნაციონალების” პოლიტიკურ წასრულის გათვალისწინებთ, რამდენად დიდია იმის ალბათობა რომ ”ნაციონალებმა” საკრებულოსთან დაანონსებული აქცია პერმანეტულ საპროტესტო აქციად აქციონ?

- გამოვრიცხავ, რადგან დღეს „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა რიგები საკმაოდ შეთხელებულია იმისათვის, რომ მათ ფართომასშტაბიანი და გრძელვადიანი აქციების აგორება შეძლონ.
„ნაცმოძრაობის“ წევრებიც და მხარდამჭერებიც საკმაოდ დაიქსაქსა „ევროპულ საქართველოს“, „გირჩსა“ და გიორგი ვაშაძეს შორის. დიდი ნაწილი „ქართულ ოცნებას“ შეაფრინდა. მართალია, მათი აბსოლუტური უმრავლესობა, პირველივე შესაძლებლობისთანავე უკან შემოაფრინდება „ნაცმოძრაობას“, მაგრამ დღევანდელი მოცემულობა ასეთია.
- 2017 წლის ადგილობრივი ორგანოების ერთ-ერთ მთავარ ინტრიგად რჩება თბილისის მერის არჩევნები. დამკვირვებელთა უმრავლესობა თბილისში მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობას პროგნოზირებს.
თბილისის არჩევნები იმითაცაა საინტერესო, რომ მასში მონაწილეობას დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი იღებს, რომელიც არც ერთ პარტიასთან არ ასოცირდება.
როცა თბილისის მერის არჩევნებში ირმა ინაშვილი ჩაერთო, დამკვირვებელთა ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ უკმაყოფილო ელექტორატის ხმებს ინაშვილი არა ”ქართულ ოცნებას”, არამედ ელისაშვილს წაართმევდა. ინაშვილის საარჩევნო კამპანია იმ თვალსაზრისითაა უცნაური, რომ თბილისის მერობის კანდიდატი თბილისის პრობლემებზე მეტად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაზე საუბრობს.
თქვენი დაკვირვებით, რას შეიძლება ნიშნავდეს ანაც რისი მაჩვენებელი შეიძლება იყოს თბილისის პოლიტიკურ სცენაზე ელისაშვილის არსებობა? თუ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტურის ჩატარება იქნება აუცილებელი, დღეის მონაცემებით მეორე ტურში მერობის კანდიდატად ყოფნის ვის მეტი შანსი აქვს - უდუმაშვილს თუ ელისაშვილს?
- ალეკო ელისაშვილს, შეიძლება, სხვა ოპოზიციურ კანდიდატებთან შედარებით საზოგადოების შედარებით მაღალი მხარდაჭერა ჰქონდეს, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს არაა საკმარისი, რადგან ამ მხარდაჭერის თუ სიმპათიის საარჩევნო ხმებად გადაქცევა საკმაოდ რთული პროცესია. პირველ რიგში, მან უნდა დაარწმუნოს ამომრჩეველი საკუთარი გამარჯვების უნარიანობაში, ანუ იმაში, რომ მეორე ტურში გასვლას შეძლებს.
თბილისში მეორე ტურის შემთხვევაშიც „ნაცმოძრაობა“ ,,ოცნების'' მაშველ რგოლად მოგვევლინება

მეორე პრობლემა საარჩევნო უბნებში ამომრჩევლის ორგანიზებულად მიყვანაა, რასაც უდიდესი ორგანიზაციული რესურსი სჭირდება. მესამე კი, უშუალოდ არჩევნების დღეს, მიღებული ხმების დაცვა დატაცება-გაყალბებისგან, რაც საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების არყოლით ძალიან რთულდება.
ჯერჯერობით უპარტიო ელისაშვილს გონიერი და კვალიფიციური გუნდი კი ჰყავს, თუმცა არჩევნების მენეჯმენტში რამდენად გამოცდილები არიან, არ ვიცი. ამიტომ, ამ ეტაპზე რთულია თქმა, რამდენად შეძლებს ელისაშვილი თავისი უპირატესობების სრულად გამოყენებას.
თუმცა, რაც ამ გადასახედიდან ცხადად ჩანს ის ამ არჩევნებიდან წაგებული მაინც არ გამოვა: არჩევნების შემდეგ, დიდი ალბათობით შექმნის ახალ პოლიტიკურ პარტიას და ამისთვის საკმაოდ საინტერესო რესურსიც შეარჩია თბილისის მასშტაბით. მან აქცენტი პროფესიონალებზე გააკეთა და მისი გუნდის წევრებზე არავის გაუჩნდება კითხვა, მაგალითად, ამ კაცს თბილისის მთავრობაში რა უნდაო?! ასე რომ, არჩევნების შემდეგ მისი პოლიტიკური ძალა ერთადერთი ცინცხალი ძალა იქნება პოლიტიკურ სივრცეში.
საარჩევნო მენეჯმენტის და ამომრჩევლის ორგანიზების საკითხებში უბადლოა „ნაცმოძრაობა“ და ეს ზაალ უდუმაშვილის უდავო უპირატესობაა ელისაშვილთან შედარებით, ისევე როგორც მყარად იდეოლოგიზებული ამომრჩეველი. მისი გუნდის ორგანიზაციული უნარი და საარჩევნო გამოცდილება შეიძლება იყოს ფაქტორი, რომელიც უდუმაშვილს მეორე ადგილზე გაიყვანს. რეალურად, უდუმაშვილი და ელისაშვილი ამ ეტაპზე თითქმის თანაბარ პოზიციაზე არიან.
მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი მერი იქნებოდა ელენე ხოშტარია თავისი ინტელექტით, განათლებით, შემართებით, იდეურობით. ის ერთ-ერთი ყველაზე მოტივირებული კანდიდატია, მაგრამ მისი მეორე ადგილზე გასვლის შანსი უფრო მოკრძალებულია, რადგან პარტია ”ნაციონალური წარსულის” საკვანძო ლიდერებით, ამ შემთხვევაში, მისი ტვირთია.
რაც შეეხება უკვე მეორე ტურში კანდიდატების შანსებს: ზაალ უდუმაშვილის გასვლის შემთხვევაში, მის გარშემო ოპოზიციის გაერთიანება არარეალურია, რადგან ის „ნაცმოძრაობის“ კანდიდატია. ამიტომ, ის კალაძისთვის იდეალური მეტოქეა.
რაც შეეხება ელისაშვილს - მისი გამარჯვების შანსებიც არარეალურია და ავხსნი რატომ - მას გამარჯვებისთვის მხოლოდ საკუთარი ამომრჩეველი არ ეყოფა და სხვა პარტიების ამომრჩევლის მობილიზება დასჭირდება საკუთარი თავის გარშემო. ჰოდა, თუ „ნაცმოძრაობის“ რომელიმე ფრთამ საკუთარ ამომრჩეველს ელისაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, ელისაშვილი ვერ გამოვა და ვერ იტყვის, მე „ნაციონალების“ ხმები არ მჭირდება, მათი მერი ვერ ვიქნებიო. ეს წარმოუდგენელია, ის ყველას მერი უნდა იყოს.
ამისთვის კი ხელისუფლება უკვე მზად არის გამზადებული კლიშეთი: ყველანი დავუპირისპირდეთ ელისაშვილს, როგორც „ნაცმოძრაობისგან“ მომავალ ახალ საფრთხესო. ასე რომ, ამჯერადაც, „ნაცმოძრაობა“ ,,ოცნების'' მაშველ რგოლად მოგვევლინება.
ვინ წარმოიდგენდა 2012 წლის ოქტომბერში, რომ „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა" ქართული პოლიტიკის სიამის ტყუპებად იქცეოდნენ და ერთმანეთის არსებობის ყველაზე მყარ გარანტად იქცეოდნენ

ზოგადადაც, ფიგურალურად შეიძლება ითქვას, რომ „ოცნების“ სული „ნაციონალების“ სხეულშია და პირიქით: ვინც შეიწოვა „ნაციონალებიდან“, ხომ უშურველად შეიწოვა. ვინც „ნაციონალების“ რიგებში დარჩა - ხელისუფლებაში საკუთარი ყოფნის ყველაზე მყარ გარანატიად აქცია.
ვინ წარმოიდგენდა 2012 წლის ოქტომბერში, რომ „ოცნება“ და „ნაცმოძრაობა ქართული პოლიტიკის სიამის ტყუპებად იქცეოდნენ და ერთმანეთის არსებობის ყველაზე მყარ გარანტიად იქცეოდნენ. ამიტომაც არის პოლიტიკაში პროგნოზების კეთება უმადური საქმე. ამიტომაც არის კახი კალაძე ყველაზე მშვიდად: არ სჭირდებოდა მას ფეიერვერკული პიარი და წინასაარჩევნო გაელვებები, ზედმეტი აქტიურობა და პოპულარობა საკუთარ გუნდშივე შეუქმნიდა პრობლემებს - ასე კი გამარჯვება გარანტირებული აქვს.
- საარჩევნო კამპანია კარგა ხანია მიმდინარეობს, მაგრამ ძნელი შესამჩნევი არაა, რომ თუნდაც თვითმმართველობის ორგანოების როლის გაზრდისა და ეფექტურობის თვალსაზრისით პოლიტიკურ სუბიექტებს პოლიტიკური ხედვების ნაკლებობის პრობლემა აქვთ. ეს ეხება მათი მხრიდან საერთოდ ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მსჯელობასაც.
ამ თვალსაზრისით დამკვირვებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ გიორგი ვაშაძის საარჩევნო კამპანია და ხედვები აშკარად გამორჩეულია. მეტიც, ფსიქოლოგმა ნოდარ სარჯველაძემ ასეთი აზრიც კი გამოთქვა - ”თბილისის მომავალ მერს, ვინც არ უნდა იყოს იგი, ელისაშვილის ენთუზიაზმი, გულწრფელობა და ვაშაძის გამჭრიახობა და გონიერება წაადგებოდა”
გასაგებია, რომ ამ არჩევნებში ვაშაძეს, შესაძლოა, დიდი შანსები არ ჰქონდეს, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, ქართულ პოლიტიუკურ ველზე იმ ტიპის პოლიტიკური აზროვნების ხედვების გაჩენა და არსებობა, როგორსაც გიორგი ვაშაძე გვთავაზობს, რისი ნიშანი შეიძლება იყოს?
- თბილისში მაღალი კონკურენციაა, თუმცა კანდიდატების საარჩევნო პროგრამები გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს. ისინი ჩაიკეტნენ ვიწრო სამეურნეო-ინფრასტრუქტურულ ჩარჩოში და რატომღაც ჩათვალეს, რომ გზების, კანალიზაციის, პენსიისა და მსგავსი პრობლემების გარდა, თბილისელებს არაფერი ესმით და ანაღვლებთ.
თბილისში მაღალი კონკურენციაა, თუმცა კანდიდატების საარჩევნო პროგრამები გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს

რა თქმა უნდა, მერობის კანდიდატი დედაქალაქში არსებულ ყველა პრობლემას უნდა ხედავდეს. მათ შორის, ეკოლოგიურ პრობლემასაც, რომლის გამოც სიმსივნით დაავადებული ახალგაზრდების საშინელი სტატისტიკა გვაქვს. მაგრამ თბილისისთვის იდეალური იქნებოდა კანდიდატი, რომელიც შეათავსებდა, შეაჯერებდა მეურნის მენეჯერულ თვისებებს და დედაქალაქის განვითარების სტრატეგიულ ხედვას, ზუსტად დაინახავდა იმ რესურსს, რომელიც თბილისს აქვს, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის გზაშესაყარზე მდებარე საკვანძო ქალაქს: მას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, იყოს კულტურულ-საგანმანათლებლო, საინფორმაციო და ტექნოლოგიური ნაკადების თანამედროვე მექა, საგანმანათლებლო ნაკადების შემკრები ღერძი.
ყველა კანდიდატი თბილისის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს უმიზნებს - მე შევცვლი ასფალტის საფარს, ეკოლოგიას და ა.შ. მაგრამ არ ამბობს, როგორ გაზარდოს ბიუჯეტი, სად ხედავს ბიუჯეტის გაზრდის რესურსებს. თუ თბილისი ფუნქციის ზრდის მასშტაბური ხედვა არ გაქვს, საიდან აპირებ მოიტანო ფული.
როცა შეიძლება თბილისი 5-10 წელიწადში ერთ-ერთი უსწრაფესად მზარდი ქალაქი იყოს რეგიონში, ეს ამბიციური გეგმა უნდა დადო და არა ის, კანალიზაციებს გააფართოვებ თუ გზებზე ასფალტს დააგებ, რაც მე-19 საუკუნის გამოწვევებია.
გულდასაწყვეტია, რომ მერობის კანდიდატები, გიორგი ვაშაძის გარდა, თბილისის ამ რესურსს არ თუ ვერ ხედავენ.
ვაშაძემ კი მოკლე დროში გარღვევა მოახდინა - ერთ თვეში შეძლო და თბილისი აალაპარაკა თავის პროგრამაზე, ინტერესი აღუძრა, მოლოდინი გაუჩინა და თავისი ნიშა მონიშნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
რეალურად ვაშაძეს აქვს ყველაზე კარგი გაგებით ამბიციური და თანამედროვეობის მოთხოვნებზე ორიენტირებული საარჩევნო პროგრამა და სტრატეგიული ხედვა

რეალურად ვაშაძეს აქვს ყველაზე კარგი გაგებით, ამბიციური და თანამედროვეობის მოთხოვნებზე ორიენტირებული საარჩევნო პროგრამა და სტრატეგიული ხედვა. ჩინეთის იმ ქალაქების ეკონომიკა, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინოვაციების ცენტრებად იქცნენ, წლიურად 18%-ით იზრდება.
დიახ, საქართველოს გადარჩენის და თბილისის აღორძინების ერთადერთი შანსი, ბოდიში მომითხოვია, არა კანალიზაციის მილების დიამეტრის შერჩევაში ან დამტვრეული „შიფერების“ გამოცვლაში, არამედ ტექნოლოგიურ რევოლუციაშია, რაც სრულიად რეალურია სურვილის, სწორი საგარეო აქცენტების და პარტნიორების მოძიების შემთხვევაში. თუმცა, ვაშაძის შემთხვევაშიც, ჯერჯერობით გადაულახავ ბარიერად რჩება „ნაციონალური წარსული“ და თანალიდერების სიმცირე.
- ვიცით, რომ თქვენ ახლახან დაბრუნდით ჩინეთიდან, სადაც ჩინეთის მხარის მიწვევით იმყოფებოდით. გაგვიზიარეთ თქვენი ჩინური შთაბეჭდილებები იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი თანამდროვე მსოფლიოში სულ უფრო მეტად ასრულებს განსაკუთრებულ როლს და ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობას შესაძლოა განსაკუთრებული მნიშვნელობაც კი ჰქონდეს...
- ეს არის უდიდესი კულტურის, უდიდესი ისტორიის, ზეგანვითარებული ეკონომიკის და ტექნოლოგიების, უსწრაფესად მზარდი პოტენციალის, საქართველოს მიმართ უაღრესად კეთილგანწყობილი და დახმარებისთვის მზადმყოფი ქვეყანა. ქვეყანა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პარალელურად, უდიდესი როლი შეუძლია შეიტანოს საქართველოს სწრაფ აღმავლობაში.
ეკონომიკა, უსაფრთხოება, განათლება - ეს არის სფეროები, სადაც ჩვენ ჩინეთის უდიდესი პოტენციალის გამოყენების რეალური შანსი გვაქვს. ფორმულა მარტივია - რაც უფრო ხელსაყრელ გარემოს შევქმნით ჩინური ინვესტიციებისთვის, მით უფრო მეტი ჩინური კაპიტალი შემოვა საქართველოში. დიდ ჩინურ კაპიტალს კი სტაბილური და უსაფრთხო საქართველო სჭირდება, რის უზრუნველყოფაშიც თავად იქნება დაინტერესებული. რუსი კი ჩინეთს ისეთივე აგრესიით ვერ დაუპირისპირდება ვერც აქ და ვერც ვერსად მსოფლიოში, როგორც იგივე ამერიკას ან ზოგადად ნატო-ს ინტერესებს უპირისპირდება, რადგან, მოკლედ რომ ვთქვათ, მას ჩინეთის იქეთ გზა არ აქვს: არც გაერო-ს უშიშროების საბჭოში, სადაც მას ჩინეთი პარტნიორად ეგულება და არც ჩინეთის ბაზრის გარეშე, სადაც მას თავისი ენერგორესურსების დიდი ნაწილი გააქვს და ა.შ.
ჩინეთი გახლავთ ქვეყანა, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პარალელურად, უდიდესი როლი შეუძლია შეიტანოს საქართველოს სწრაფ აღმავლობაში... რა ჯობს იმას, თუ ჩვენს უსაფრთხოებაზე მოფიქრალ და მზრუნველ ქვეყანათა შორის, აშშ-სთან ერთად, ჩინეთიც დადგება

ჩვენთვის კი ცალსახად მომგებიანი სიტუაციაა - რა ჯობს იმას, თუ ჩვენს უსაფრთხოებაზე მოფიქრალ და მზრუნველ ქვეყანათა შორის, აშშ-სთან ერთად, ჩინეთიც დადგება. სხვათა შორის, აშშ-ის, ერთ-ერთი, ყველაზე გავლენიანი „კარნეგის“ ფონდის კვლევაც ადასტურებს, რომ აშშ-სთან ერთად, სწორედ ჩინეთი შეიძლება იქცეს ახლო მომავალში საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთ-ერთ გარანტორად.
რაც შეეხება განათლებას. ჩვენს ჩინელ კოლეგებთან ერთად ვფიქრობთ ერთობლივ პროექტებზე თანამედროვე განათლების მიმართულებით, რომელიც საქართველოს რეგიონებს მოიცავს და სრულიად შეცვლის საქართველოს მომავალი თაობის პერსპექტივას. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან ერთად, დაცული უნდა იყოს და იქნება საქართველოს დემოგრაფიული ინტერესები და შრომის ბაზარზე საქართველოს მოქალაქეების უფლებები.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები