არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
23-04-2018
თორნიკე შარაშენიძე - სამწუხაროდ, ცნება საერთაშორისო საზოგადოება, რეალურად აღარც არსებობს
10:41 17-10-2017
თორნიკე შარაშენიძე - სამწუხაროდ, ცნება საერთაშორისო საზოგადოება, რეალურად აღარც არსებობს საერთაშორისო ურთიერთობებისა და საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ჯიპა-ს პროფესორს, თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა.

- ბატონო თორნიკე, ბათუმში დასრულდა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც მსოფლიოში არსებული მრავალი გამოწვევის ფონზე ის გზები და სტრატეგია განიხილეს, რაც ევროპული უსაფრთხოების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
თქვენი დაკვირვებით, რამდენად ადეკვატურად რეაგირებს საერთაშორისო თანამეგობრობა საერთაშორისო ურთიერთობებში ყველაზე აქტუალურ - უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დღის წესრიგის გამოწვევებზე?

- ბათუმის კონფერენციით ამ თემაზე ნამდვილად ვერ ვიმსჯელებთ. ბათუმის კონფერენციაზე საერთაშორისო საზოგადოება სრულად წარმოდგენილი არ იყო. სამწუხაროდ, ცნება საერთაშორისო საზოგადოება რეალურად აღარც არსებობს. იგი 90-იან წლებში მაშინ გამოიყენებოდა, როცა პრინციპში დასავლეთი განკარგავდა ყველაფერს. ამიტომაც იყო, რომ მსოფლიოში თანხმდებოდნენ თითქმის ყველაფერზე, მაგრამ ახლა დასავლეთს არ ეთანხმება რამდენიმე გავლენიანი სახელმწიფო, მხედველობაში მაქვს რუსეთი, ჩინეთი.
სამწუხაროდ, ცნება საერთაშორისო საზოგადოება რეალურად აღარც არსებობს. იგი 90-იან წლებში მაშინ გამოიყენებოდა, როცა პრინციპში დასავლეთი განკარგავდა ყველაფერს. ახლა დასავლეთს არ ეთანხმება რამდენიმე გავლენიანი სახელმწიფო, მხედველობაში მაქვს რუსეთი და ჩინეთი

ასე რომ ახლა, ვითარებაში, როცა რეალურად აღარც არსებობს ერთიანი საერთაშორისო საზოგადოება, ძნელია ვისაუბროთ იმაზე, თუ რამდენად რეაგირებს იგი საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ თემებზე.
- ვიცით, რომ კონფერენციაზე აქტიურად იყო განხილული ნატო-საქართველოს, ნატო და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები.
ვითარებაში, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის გააქტიურების წინააღმდეგ რუსეთის შეკავების პოლიტიკის” გატარებას ჯერჯერობით არც ისე დიდი წარმატებით ცდილობს, რამდენად ადეკვატური და ეფექტურია ის ნაბიჯები, რომელსაც ევროპული და ტრანსატლანტიკური ინსტიტუტები ერთი მხრივ, საქართველოს მიმართ დგამენ და მეორე მხრივ, რამდენად ეფექტურ ნაბიჯებს დგამს საქართველო, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიაში ჩართული და ამ პროცესის მონაწილე მხარე?

- რაც ჩვენ მოვისმინეთ, საქართველო მუშაობს და თავისი მცირე რესურსებით რაც მის ხელთ არის რაღაცას ცდილობს მიაღწიოს, რომ მაქსიმალურად დაიცვას თავი. სამწუხაროდ, ჩვენი რესურსები მწირია, შეზღუდულია ბიუჯეტი, აქედან გამომდინარე საქართველო ფიქრობს როგორ გაუიოლოს საქმე თავის პარტნიორებსა და მოკავშირეებს, რომ ისინი ჩვენი პრობლემებით არ დაიტვირთონ.
რაც შეეხება იმას, თუ როგორ რეაგირებს ჩვენი უსაფრთხოების პრობლემებზე ევროკავშირი და ნატო. ამ ეტაპზე ნატო გადართულია თავისი წევრი სახელმწიფოების დაცვაზე, რაც სრულიად ადეკვატური და ნორმალურია. ერთადერთი, რაზეც ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ არის ის, რაზეც საუბარი იყო ნატო-ს ბოლო სამიტებზე, მხედველობაში მაქვს, რომ იქნებ შავ ზღვაზე მოხდეს რუსული საფრთხის დაბალანსება. ამ მხრივ სხვა რაიმე ახალი ჯერჯერობით არაფერია.
შავ ზღვაზე ნატო-ს გააქტიურების პროექტსა და პროცესში საქართველო იქნება ჩართული. რეალურად იგი უფრო მეტად ჩვენთვის კეთდება, რომ იქნებ შავ ზღვაზე მოხდეს რუსული საფრთხის დაბალანსება

რა თქმა უნდა, შავ ზღვაზე ნატო-ს გააქტიურების პროექტსა და პროცესში საქართველო იქნება ჩართული. რეალურად იგი უფრო მეტად ჩვენთვის კეთდება. რუმუნეთი, ბულგარეთი, თურქეთი ნატო-ს წევრი სახელმწიფოებია. რაც შეეხება უკრაინას, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინისგან ყირიმი წაიღო, შავი ზღვიდან უკრაინის დაცვა ბევრად გართულებულია.
- ამას წინათ, ამერიკელმა ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა გამოთქვა მოსაზრება, რომ რუსეთი ახალი ტერიტორიების ანაქსიას განახორციელებს. ქართველ დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის მხრიდან ამგვარი მოქმედება ”ვითარების შეუსაბამო იქნებოდა”, მაგრამ კრემლთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა და ”ეხო მოსკვის” მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმა ამას წინათ განაცხადა - ”დიდი ომის ალბათობა საკმაოდ დიდია”.
თუ თქვენც თვლით, რომ კრემლის გეგმებში ახალი ტერიტორიების ანექსიის ალბათობა დიდია, ამჯერად კრემლი აგრესიულ ნაბიჯებს, სავარაუდოდ, რომელი მიმართულებით გადადგამს?

- მე მგონი, ისევ უკრაინის. სხვა მიმართულებით ახლა გააქტიურება რუსეთს არაფერში არ სჭირდება. კრემლის პოზიცია უკრაინის მიმართ ახლა ასეთია - კიევი არ ასრულებს მინსკის შეთანხმებებს, უკრაინა დროს წელავს. ახლა უკრაინას ორი ვარიანტი აქვს - ბოლოს და ბოლოს ან შეასრულოს მინსკის შეთანხმება, ან მიიღოს იმაზე უარესი, რაც მას ახლა აქვს.
რუსეთის სამიზნე მაინც ისევ უკრაინა იქნება. ახლა მას საომარი სხვასთან არავისთან არ აქვს

მე მგონი რუსეთის სამიზნე მაინც ისევ უკრაინა იქნება. ახლა მას საომარი სხვა არავისთან არ აქვს. რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო სწავლებისას მოსკოვმა ბელარუსს დაანახა თუ ვინ არის სიტუაციის ბატონ-პატრონი. მხედველობაში მაქვს ის, რომ რუსეთი ბელარუსს წვრთნებისას არაფერს დაეკითხა. ეჭვი მაქვს, რომ ამგვარი მოქმედებით რუსეთმა ბელარუსი შეაშინა.
- მალე ერთი წელი შესრულდება, რაც აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს. ტრამპთან მიმართებაში მოსკოვში გარკვეული პოზიტიური მოლოდინები კი ჰქონდათ, მაგრამ ფაქტია, ახლა კრემლი ტრამპის პოლიტიკით უკმაყოფილებას აღარ მალავს.
ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ვაშინგტონი ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის ახალი სტრატეგიის შემუშავებას. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის დედაქალაქში ამ საკითხში ერთი მხრივ, რუსეთთან მეგობრობისა და მეორე მხრივ, მასთან დისტანცირების, მკაცრი და ხისტი პოლიტიკის მომხრეები ვერ თანხმდებიან, დღეისათვის მოსკოვის მიმართ ვაშინგტონის პოლიტიკა საკმაოდ მკაცრი და თანმიმდევრულია. ეს რომ ასეა, აღარავინ დავობს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება მოსკოვის მიმართ ვაშინგტონის ხისტი პოლიტიკა.
იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი პრეზიდენტად 2018 წელსაც პუტინს 6 წლით აირჩევენ, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ აშშ რუსეთის მიმართ ეკონომიკური საქციებისა და მკაცრ პოლიტიკას 2024 წლამდე, ანუ პუტინის პრეზიდენტობის მესამედ ვადის დასრულებამდე გაატარებს?

- აშშ ასე მარტივად არ იღებს გადაწყვეტილებას სანქციების დაწესების შესახებ და არც ასე მარტივად აუქმებს მათ. არა მგონია, რუსეთში აშშ-ს მხრიდან ეკონომიკური სანქციების გაუქმების იმედი ჰქონდეთ. რუსეთში კარგად ხვდებიან, რომ აშშ-ს შემდეგი პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ უფრო ანტირუსული იქნება.
თუ ახლა პრეზიდენტი ტრამპი ცდილობს რუსეთთან გამოძებნოს საერთო ენა, სამაგიეროდ ამერიკული ისტებლიშმენტი, მცირე გამონაკლისის გარდა, მთლიანად ანტირუსულადაა განწყობილი. ამერიკელები არ აპირებენ ვინმეს აპატიონ მათ არჩევნებში ჩარევა.
თუ ისევ ტრამპი არ იქნა აშშ-ს შემდეგი პრეზიდენტი, წესით თეთრი სახლის შემდეგი ადმინისტრაცია კიდევ უფრო ანტირუსული იქნება

თუ ისევ ტრამპი არ იქნა აშშ-ს შემდეგი პრეზიდენტი, წესით, თეთრი სახლის შემდეგი ადმინისტრაცია კიდევ უფრო ანტირუსული იქნება. აშშ-ს არჩევნებში ჩარევა ამერიკისთვის არავის გაუბედია. სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ამგვარ რამეს აშშ არავის შეარჩენს.
- აშშ-ირანი, ირანთან მიმართებაში ტრამპმა ახალი სტრატეგია გააჟღერა. ტრამპის განცხადებით, აშშ მზად არის ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებიდან გამოვიდეს, თუ შეთანხმებაში ცვლილებები არ შევა. ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ აშშ ვერ შეძლებს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების ცალმხრივად ანულირებას.
საუდის არაბეთმა ირანთან მიმართებაში აშშ-ის პრეზიდენტის ახალ სტრატეგიას მხარი დაუჭირა. იმის გათვალისწინებით, რომ ირანთან შეთანხმების მიღწევაში ევროპის წამყვანი სახელმწიფოების გარდა ჩინეთიც მონაწილეობდა, რას შეიძლება ნიშნავდეს ირანთან მიმართებაში პრეზიდენტ ტრამპის განცხადება?
თუ თეირანის მიმართ თეთრი სახლის ახალმა სტრატეგიამ ახლო აღმოსავლეთში ცვლილებები გამოიწვია, სავარაუდოდ, რა ტიპის ცვლილებებზე შეიძლება საუბარი და სავარაუდოდ, როგორ აისახება ისინი საქართველოზე?

- ჯერჯერობით ყველაფერი გარკვეული არ არის. ნარჩუნდება იმის შესაძლებლობა, რომ ობამას დროს ირანთან მიღწეული შეთანხმება ძალაში დარჩეს. ამას აქტიურად ცდილობენ აშშ-ს ევროპელი პარტნიორები.
მალე გაირკვევა, ტრამპს ირანთან გაკეთებული განცხადებით თეირანზე ზეწოლის მოხდენა უნდოდა თუ ირანთან მიმართებაში აშშ-ს საბოლოო გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე

მალე გაირკვევა, ტრამპს ირანთან გაკეთებული განცხადებით თეირანზე ზეწოლის მოხდენა უნდოდა თუ ირანთან მიმართებაში აშშ-ს საბოლოო გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე. ჯერ ეს არ ჩანს. ფაქტია, აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაცია უფრო პროისრაელურია, ვიდრე იყო ობამას ადმინისტრაცია. ეს მაშინაც გამოჩნდა, როცა აშშ გამოვიდა იუნესკოდან იმის გამო, რომ იუნესკოში პალესტინა იქნა მიღებული.
- რაც მეტი დრო გადის, სულ უფრო გაუგებარი ხდება როგორც აშშ-თურქეთის, ისე თურქეთ-ევროკავშირისა და თურქეთ-რუსეთის ურთიერთობები. აშშ-მ და თურქეთმა ერთმანეთის მოქალაქეებს ვიზების გაცემა შეუჩერეს. ერდოღანმა განაცხადა, რომ წყვეტს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.
ერდოღანი-პუტინის შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტი ვიზიტად უკრაინაში იმყოფებოდა და კიევში უკრაინისა და ყირიმელი თათრების მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა. ანკარასა და მოსკოვს შორის გარკვეული ფლირტის მიუხედავად მათ შორის ურთიერთობები ისე მყარი არ უნდა იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. აშკარაა, რომ სირიისა და ქურთების საკითხში პუტინი და ერდოღანი ვერაფერზეც ვერ შეთანხმდნენ.
თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ საგარეო პოლიტიკას ატარებს პრეზიდენტი ერდოღანი ერთი მხრივ, აშშ-ს, მეორე მხრივ, ევროკავშირისა და მესამე მხრივ, რუსეთის მიმართ?

- ქურთისტანისა და კიდევ ბევრი სხვა საკითხების გამო თურქეთს აშშ-სთან მართლაც გართულებული აქვს ურთიერთობები. გართულებული ურთიერთოებების ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ერდოღანმა ახსენა არის ის, რომ ამერიკის ელჩი თურქეთში ბასი, რომელიც მანამდე აშშ-ს ელჩი იყო საქართველოში, როგორც ჩანს, თურქეთშიც კარგს ვერაფერს აკეთებს. ელჩ ბასთან დაკავშირებით ერდოღანის მწვავე განცხადება აშშ-სთვის სიგნალი იყო, რომ ვაშინგტონმა თურქეთში ელჩი უნდა გამოცვალოს თუ მას უნდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გამოსწორდეს.
მას შემდეგ, რაც რუსეთი აქტიურად და წარმატებულად ჩაერია სირიის საქმეში, რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები დაიძაბა. ფაქტია, რომ რუსეთი ამარცხებს ასადის ოპოზიციას, მათ შორის ტერორისტებსაც, იგი ახლო აღმოსავლეთში ანგარიშგასაწევი ფაქტორი გახდა. ახლა მას არა მარტო თურქეთი, საუდის არაბეთიც ელაპარაკება. ახლო აღმოსავლეთში რუსეთის ყოფნას თავისი პლუსები და მინუსები ახლავს.
თურქეთი იძულებულია ანგარიში გაუწიოს იმ ფაქტორს, რომ რუსეთის ქმედებები თურქეთის სამეზობლოში მისთვის მტრულია, მაგრამ მან მისი რეგიონში ყოფნა უნდა აიტანოს

ის რომ რუსეთი და თურქეთი ერთმანეთთან ვერანაირად ვერ დაახლოვდებოდნენ, ეს დადასტურდა მაშინაც, როცა ანკარა მოსკოვს ანტისარაკეტო სისტემის ყიდვაზე შეუთანხმდა, მაგრამ შემდეგ ეს გარიგება სწრაფად ჩაიშალა. თურქეთი იძულებულია ანგარიში გაუწიოს იმ ფაქტორს, რომ რუსეთის ქმედებები თურქეთის სამეზობლოში მისთვის მტრულია, მაგრამ მან მისი რეგიონში ყოფნა უნდა აიტანოს.
თურქეთს ევროკავშირთან ურთიერთობა დიდი ხანია გაფუჭებული აქვს. როგორც ჩანს, მათ შორის კარგი ურთიერთობები ასე მარტივად არ აღდგება. ფაქტია, რომ ევროკავშირში თვალს ვერ დახუჭავენ იმ დარღვევებზე, რაც თურქეთის საშინაო პოლიტიკაში ხდება. მხედველობაში მაქვს ოპოზიციის დევნა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.
- მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პატრნიორი ქვეყანაა, იგი საქართველოს მთლიანობას და ოფიციალური თბილისის საგარეო კურს მყარად უჭერს მხარს, ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ხშირად გაიგონებთ თურქეთის მიმართ კრიტიკულ მოსაზრებებს.
თქვენ როგორ შეაფასებდით თურქეთ-საქართველოს ურთიერთოებებს და იმ პოლიტიკას, რომელსაც ანკარა საქართველოს მიმართ ატარებს?
შიშები, რომ თურქეთი აჭარას გვართმევს, ეს სხვა არაფერია თუ არა რუსული პროპაგანდის შედეგი

- ჩვენ თურქეთი არაფერს არ გვიფუჭებს. თუ მას შიდა პრობლემები აქვს, ჩვენ ეს ნაკლებად გვეხება. ჩვენ ევროკავშირი არა ვართ, რომ თურქეთს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე ჭკუა ვარიგოთ.
სხვა მხრივ, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შიშები, რომ თურქეთი აჭარას გვართმევს, ეს სხვა არაფერია თუ არა რუსული პროპაგანდის შედეგი.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები