არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4546
EUR
1 EUR
2.8520
RUB
100 RUB
3.8927
19-07-2018
სოსო ცისკარიშვილი - არჩევნების შედეგი იქნება შთამბეჭდავი, მაგრამ არა ისეთივე თავბრუდამხვევი, როგორც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო
10:43 20-10-2017
სოსო ცისკარიშვილი - არჩევნების შედეგი იქნება შთამბეჭდავი, მაგრამ არა ისეთივე თავბრუდამხვევი, როგორც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტს, სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

- ბატონო სოსო, რამდენიმე დღეში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები ჩატარდება. სადაცაა არჩევნებში მონაწილე ძირითადი პოლიტიკური ძალები საარჩევნო კამპანიებს დაასრულებენ.
თქვენ როგორ დაახასიათებდით არჩევნების წინ ქვეყანის პოლიტიკურ სცენას და იმ პოლიტიკურ ვითარებას, რომლის პირობებშიც მოსახლეობამ არჩევანი უნდა გააკეთოს?

- ხანგრძლივი და დაძაბული წინასაარჩევნო პროცესი ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ამგზნებია, მეორესთვის კი მომაბეზრებელი.
ჩვენი ხელისუფლებისთვის კვლავ საკუთარი ინტერესები უფრო მნიშვნელოვნია, ვიდრე ხალხის

ფაქტი კი ის გახლავთ, რომ ჩვენი ხელისუფლებისთვის კვლავ საკუთარი ინტერესები უფრო მნიშვნელოვნია, ვიდრე ხალხის.
- არჩევნების წინ საჯარო სივრცეში პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების აქტიურობამ და საარჩევნო კამპანიებმა საკმაოდ კარგად დაგვანახა თუ როგორი პოლიტიკური კლასი, გნებავთ პოლიტელიტა ჰყავს დღეს ქართულ საზოგადოებას.
თქვენი კოლეგა ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს - ”აღარ გვყავს სტრატეგიული ხედვის პოლიტიკოსები, რომლებიც შეძლებდნენ დროს თუ არ გაასწრონ, დაეწიონ მაინც და სწორად გამოიყენონ ის შანსები, რომელსაც დღეს გარე სამყარო და გარემოებები საქართველოს სთავაზობს. მოკლედ, დროა ანტიისტებლიშმენტური კამპანია დაიწყოს ახალმა თაობამ, ახალი ხედვებით და ენერგიით”.
თქვენი შეფასებით რამდენად მართებულია ქალბატონ ხათუნას დაკვირვება ქართულ პოლიტელიტაზე?

- ქალბატონ ხათუნა ლაგაზიძის მართებულობაში ეჭვის შეტანა ძნელია. საბედნიეროდ, ამ მიმართულებით გვყავს სტრატეგიული ხედვის მქონე არაერთი მეცნიერი თუ ექსპერტი. კვლავ აქტიური და შედეგიანია ალექსანდრე რონდელის ფონდი, ისევე როგორც შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციები.
ამ არჩევნებში ჩვენი პოლიტელიტა, უკეთეს შემთხვევაში, წარმოდგენილია, როგორც შემსრულებელი

სამწუხაროდ, ამ არჩევნებში ჩვენი პოლიტელიტა, უკეთეს შემთხვევაში, წარმოდგენილია როგორც შემსრულებელი. სტრატეგად დაბადებულ დავით უსუფაშვილს არ ვგულისხმობ. რაც შეეხება ახალი ხედვებისა და ენერგიის მქონე ახალ თაობას, მათთვის ახალ შეთავაზებებზე ჯერ საექსპერტო ჯგუფებმა უნდა იზრუნონ.
- სამ თვეზე მეტია ქვეყანა წინასაარჩევნო რეჟიმში იმყოფებოდა. დამკვირვებელთა უმეტესობა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ უხვი და პოპულისტური დაპირებებით წლევანდელი საარჩევნო კამპანია ნამდვილად გამორჩეულიც კი იყო.
გარდა ამისა, ასევე შეიმჩნეოდა საარჩევნო კამპანიების ეკლექტიკური, ადგილობრივი არჩევნებისათვის ნაკლებად დამახასიათებელი მესიჯბოქსებით საზოგადობასთან ურთიერთობის მცდელობები.
მხედველობაში მაქვს შეთავაზება ამომრჩეველს არჩევანი გაეკეთებინა ”ლიბერალიზმსა” და ”პატრიოტიზმს” შორის. ანაც იმის მიხედვით, რომ ”სოხუმსა და ცხინვალს მოსკოვის გარეშე ვერ დავიბრუნებთ”.
თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა არჩევნებში მონაწილე ხელისუფლებისა და სხვა პოლიტიკური სუბიექტების მიერ წარმოებულმა საარჩევნო კამპანიებმა?

- ზოგადად, წლევანდელი ადგილობრივი არჩევნების საარჩევნო კამპანიის სიმწვავეს ბადალი არ ჰქონია არც ერთ ყოფილ ანალოგიურ არჩევნებზე. ასეთი სიმწვავე მრავალი არგუმენტით აღიწერება - სახელგატეხილი ხელისუფლების მიმართ ნდობის ვარდნა, ახალი კონსტიტუციის პრივატიზაცია პარლამენტარ მეოცნებეთა ახალი ტალღის მიერ, “ევროპული დემოკრატიის”, როგორც ცნების შეურაცხყოფა და მისი ჩანაცვლება მათი სანუკვარი დემოკრატის - ვლადიმერ ლენინის ფორმულით - “დემოკრატია არის უმრავლესობის ბატონობა”.
- თქვენი კოლეგები თანხმდებიან მოსაზრებაში, რომ ოპოზიცია ახლა იმაზე მეტად ფრაგმენტიზებულია, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების წინ, ხელისუფლება ოპოზიციაზე ფინანსურად ძლიერია და ფლობს ადმინისტრაციულ რესურსს. შესაბამისად, ”ქართული ოცნება” ამ არჩევნებზე პრაქტიკულად კონკურენტის გარეშეა დარჩენილი და არჩევნებს დამაჯერებლად მოიგებს.
თქვენი დაკვირვებით, ამ არჩევნებზე მმართველი ძალის შედეგი, სავარაუდოდ, როგორი იქნება - შთამბეჭდავი, ისე რა, ცუდი თუ ძალიან ცუდი? კითხვის ასე დასმა იმის გამოა უპრიანი, რომ სოციოლოგიური კვლევებით ძალიან დიდია იმ ამომრჩეველთა რიცხვი, ვისაც არც ერთი პარტია არ მოსწონს და არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას...

- ჩვენი საზოგადოების არცთუ მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე ნაწილი, რომელიც, სამწუხაროდ, არც ისე ცოტაა, უპირველეს ყოვლისა ნებისმიერ შემთხვევაში ეცდება ხმა მისცეს საკუთარ ნაცნობს ანუ პოტენციურ “პატრონს”, რომლისგანაც დახმარებას მოელის.
არჩევნების მყისიერი შედეგი იქნება შთამბეჭდავი, მაგრამ არა ისეთივე თავბრუდამხვევი, როგორც შარშანდელი საპარლამენტო არჩევნები. მეოცნებეთა კომფორტი შემცირდება ამომრჩეველთა გამოფხიზლების გამო.
- დამკვირვებელთა უმრავლესობამ ”ინტერპრესნიუსთან” საუბარში 2017 წლის არჩევნების მთავარ ინტრიგად მიიჩნია შეინარჩუნებს თუ არა ”ნაცმოძრაობა” ხელისუფლების მთავარი ოპოზიციის ძალის სტატუსს.
რეგიონებში ”ქართული ოცნების” საარჩევნო სიებში ყოფილი ”ნაციონალების” სიმრავლე იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მმართველი გუნდი ამ არჩევნებზეც მთავარ მეტოქედ სწორედ ”ნაცმოძრაობას” მოიაზრებს.
თქვენი დაკვირვებით, არჩევნების მთავარ ინტრიგად აღიარებული საკითხის ბედი სავარაუდოდ როგორ დასრულდება?
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ”ნაცმოძრაობას” მთავარ ოპოზიციურ ძალად გახდომაში ან ”ევროპული საქართველო”, ან ”პატრიოტთა ალიანსი” შეეცილოს?

- ვერ გამოვრიცხავ შესაძლებლობას საქართველოს ან უკრაინის “მთავარი ოპოზიციური ძალის” ცვლილებისა, რადგან ჩვენ პლანეტაზე ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი - ერთი ბელადი, თუნდაც უპასპორტო, ერთდროულად ორ ქვეყანაში წინ რომ უძღვებოდეს ორივე სახელმწიფოს “მთავარ ოპოზიციურ ძალებს”.
ამასთანავე, არც იმას გამოვრიცხავ, რომ გამოჯანმრთელებული “ევროპული საქართველო” აღარ ისურვებს საკუთარი “უმწიკვლო” პოლიტიკური წარსულის გაფეტიშებას და ღირსეულად გაგვაევროპელებს ჩვენ გზააბნეულ, თავჩაქინდრულ თანამემამულეებსაც, ხელისუფალთა ნერვების აშლის პარალელურად.
რაც შეეხება “პატრიოტებს”, ვშიშობ, რომ საკუთარ ძირითად ძალას რუსეთის ნატოსთან დამეგობრების არცთუ მოკლე პროცესს მოახმარენ.
- 2017 წლის ადგილობრივი ორგანოების ერთ-ერთ მთავარ ინტრიგად რჩება თბილისის მერის არჩევნები. დამკვირვებელთა უმრავლესობა თბილისში მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობას პროგნოზირებს.
”რუსთავი-2”-ზე ვიხილეთ თბილისის მერობის კანდიდატთა საკმაოდ საინტერესო დებატები. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა თბილისის მერობის კანდიდატთა სატელევიზიო პაექრობამ?

- დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალს ღირსეულ კონკურენტთა ჭიდილს და ვნანობდი, რომ მათგან მხოლოდ ერთს ექნებოდა უფლება კანონიერად განეგრძო თბილისზე ზრუნვა და სიკეთის თესვა.
იმედი მაქვს, რომ ახალი მერი ეფექტურად გამოიყენებს ყოფილ კონკურენტთა განსხვავებულ მიდგომებს

იმედი მაქვს, რომ ახალი მერი ეფექტურად გამოიყენებს ყოფილ კონკურენტთა განსხვავებულ მიდგომებს, ახალ ტექნოლოგიათა წარმატებული დანერგვით. არც იმას ვითაკილებდი გაგვეხსენებინა ბრძენკაც რაბინდრანათ თაგორის შეგონება - “თუ გვსურს გაიღვიძოს ხალხმა, უნდა გავაღვიძოთ ქალი”. თბილისის მერობისთვის მებრძოლმა მანდილოსნებმა დაგვაჯერეს, რომ ჩვენმა ხალხმა დაიწყო გამოღვიძება.
- თქვენი კოლეგა ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, მეორე ტურში ერთმანეთის კონკურენტები კალაძე და ელისაშვილი იქნებიან...როგორია თქვენი აზრი?
- მეორე ტურს რეალური როლი შეეძლო შეესრულებინა იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში მონაწილე თითოეული პარტიის ლიდერი საჯაროდ დადებდა ფიცს, რომ საკუთარ ამომრჩევლებს მიმართავდა თხოვნით, რომ მხოლოდ ოპოზიციური პარტიის კანდიდატისათვის მიეცათ ხმა.
ასეთი სურვილი არ გამოუთქვამს არც ერთ პოლიტიკოსს, რაც კვლავ მიგვანიშნებს, რომ საქართველოს ოპოზიციური სპექტრის სუბიექტები ნებისმიერ სიტუაციაში ერთმანეთს აღიქვამენ როგორც მოწინააღმდგებს და არა პარტნიორებს. ასე კი ქართული პოლიტიკა გააგრძელებს გართობას სტატუსით “ადგილზე ნაბიჯით იარ!”
.- ”ნაციონალების” ლიდერებმა ხელისუფლებას მოუწოდეს არჩევნების შედეგების გაყალბებაზე ”ხელი არ წაცდეს”. მეტიც, ”ნაციონალების” თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა - ”არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ხალხი საკუთარი არჩევანის დასაცავად ქუჩაში კვლავ გამოვა”.
ბევრმა ”ნაციონალების” ამ ტიპის განცხადებები რევოლუციის მზადებად მიიჩნია. მეორე ნაწილის მტკიცებით ”ნაციონალებმა” რევოლუციის იმიტაციისთვის დაიჭირეს თადარიგი.
თქვენი დაკვირვებით, არჩევნების შემდეგ მოვლენათა განვითარების რა სცენარს აირჩევენ ”ნაციონალები” და სავარაუდოდ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები?
დიდი ალბათობით არჩევნების შემდეგ ”ნაცმოძრაობა” შეეცდება, რომ 2003 წლის ნოემბერში დაგვაბრუნოს

- დიდი ალბათობით არჩევნების შემდეგ ”ნაცმოძრაობა” შეეცდება, რომ 2003 წლის ნოემბერში დაგვაბრუნოს. შესაძლოა, ამის მიზეზიც ჰქონდეს უსამართლო არჩევნების შემთხვევაში, მაგრამ რევოლუციური ვარდების დაჭკნობა არ გაუჭირდება ხალხზე დაგეშილ პოლიციას.
წინა საარჩევნო პერიოდის მთავარ შედეგად კი უნდა აღვიქვათ მეოცნებეთა ახალი კონსტიტუცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მოულოდნელმა ხელმოწერამ დაამშვენა.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რა არის ბიო რძე?
მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი კვების პროდუქტები გახლავთ ბიო პროდუქტები. განვითარებული ქვეყნები ძალიან მკაცრად აკონტროლებენ საკვების