არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4546
EUR
1 EUR
2.8520
RUB
100 RUB
3.8927
19-07-2018
ზაზა ფირალიშვილი - არჩევნებში მიღებული შედეგები ჩვენი სარკეა საკუთარ თავს რომ გვაჩვენებს და გვაიძულებს გავიაზროთ, რა შეცდომები დავუშვით
15:41 23-10-2017
ზაზა ფირალიშვილი - არჩევნებში მიღებული შედეგები ჩვენი სარკეა საკუთარ თავს რომ გვაჩვენებს და გვაიძულებს გავიაზროთ, რა შეცდომები დავუშვით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებსა და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ფილოსოფოსს, ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, მართალია 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოცხადებას კიდევ დასჭირდება გარკვეული დრო, მაგრამ იმ ინფორმაციით, რა ნაკადიც არჩევნების შედეგებს უკავშირდება, გარკვეული შეფასებების გაკეთება უკვე შესაძლებელია.
ვითარებაში, როცა ერთნი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე მიიჩნევენ, რომ ”ყველაფერი დამთავრებულია”, ხოლო მეორენი ”ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის ბრძოლის გაგრძელების” იმედს არ კარგავენ, თქვენ როგორ შეაფასებდით, 21 ოქტომბრის პირველად შედეგებს?

- როგორი უკმაყოფილოებიც არ უნდა ვიყოთ არჩევნების შედეგებით, აპოკალიფტური განწყობებისა და უიმედობის დანერგვა მხოლოდ ჩვენს მტერს თუ აძლევს ხელს. ისტორია პროცესია. ყოველი არჩევნებიდან რაღაცას ვსწავლობთ.
არჩევნებმა ისიც აჩვენა, თუ როგორია სტიგმის ძალა საქართველოში და რომ “ნაციონალებსა” და მათ განაყოფებს უახლოესი წლების განმავლობაში ძალიან გაუჭირდებათ მისგან თავის დაღწევა. ეს კარგიც არის და ცუდიც

მაქსიმალისტური და რადიკალური მოლოდინები არც საკუთარი თავის მიმართ უნდა გვქონდეს და არც სხვისგან. ყოველი არჩევნების შემდეგ ვიღებთ იმ პოლიტიკურ რელიეფს, რომლის შექმნაშიც თავად ვიღებთ მონაწილეობას ჩვენი გონიერებით თუ მითის მთხზველობით.
ამ არჩევნებმა ისიც აჩვენა, თუ როგორია სტიგმის ძალა საქართველოში და რომ “ნაციონალებსა” და მათ განაყოფებს უახლოესი წლების განმავლობაში ძალიან გაუჭირდებათ მისგან თავის დაღწევა. ეს კარგიც არის და ცუდიც. კარგია იმიტომ, რომ ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც ჩანს, ძლიერია მრწამსი, რომ არავითარი მოდერნიზაცია არ ღირს ძალადობად და კანონის უპატივცემულობად, მმართველთა პიროვნულ ბონაპარტიზმად და ა.შ.. ცუდი კი იმიტომაა, რომ კვალიფიციური ადამიანებით ისედაც მწირ ქვეყანაში ვკარგავთ იმ ზოგიერთ უნარიან ადამიანს, რომლებიც “ნაციონალებთან” თანამშრომლობდნენ, თვალს ხუჭავდნენ უმსგავსობაზე და მიიჩნევდნენ, რომ მოდერნიზაცია ძალადობის რაღაც მინიმუმს გულისხმობს.
შეიძლება დაეთანხმო კიდეც, ბევრის აზრით მოდერნიზაცია ნამდვილად გულისხმობს ძალადობის რაღაც მინიმუმს, ამის გარეშე თუნდათ კრიმინალური სუბკულტურის დამარცხება შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ ის არ გულისხმობს იმგვარ ბონაპარტიზმსა და თვითნებობას, დაუფარავ ძალადობას ან ადამიანების პიარ-ხრიკებით გაბითურების იმგვარ ტოტალურ სურათს, რომელსაც ვუცქერდით ყველა, ვინც ამ ქვეყანაში ვცხოვრობდით.
როგორც ჩანს, ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ძლიერია მრწამსი, რომ არავითარი მოდერნიზაცია არ ღირს ძალადობად და კანონის უპატივცემულობად, მმართველთა პიროვნულ ბონაპარტიზმად

კიდევ ერთი: ამ არჩევნებზე თითქმის თამაშგარეთ აღმოჩნდა დავით უსუფაშვილი და „შენების“ მოძრაობა. როგორც ჩანს, პარტია საპარლამენტო არჩევნებისათვის აგროვებს რესურსებს, თუმცა კი მისი წარმომადგენლების მიერ საინფორმაციო სივრცის დათმობა გამართლებული არა მგონია. ამ სივრცეზე არც ისე ადვილია ადგილის მოპოვება.
- არჩევნებამდე დამკვირვებელთა უმრავლესობა თანხმდებოდა მოსაზრებაში, რომ არჩევნების შედეგად პარტიათა რანჟირების თემა ანუ პოლიტიკური სპექტრის გადაფორმატირების საკითხი 2017 წლის არჩევნების ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა იქნებოდა. გარდა ამისა, ბოლო დღემდე რჩებოდა ინტრიგად თბილისის მერის ასარჩევად გაიმართებოდა თუ არა მეორე ტური.
ამ თვალსაზრისით, როგორია დასრულებული არჩევნების შედეგები?

- ალბათ, მოულოდნელი არაფერი მომხდარა. სიტუაცია მეორე ტურის ზღვარზე აღმოჩნდა. კალაძე რომ ვერ მოიპოვებდა 60-70%-იან გამარჯვებას, იმთავითვე ცხადი იყო. თავად საარჩევნო პროცესიც რომ უკეთ იყო ორგანიზებული, ესეც, როგორც ვფიქრობ, აშკარაა.
”ქართულ ოცნებას” სჭირდება ”ნაციონალები,” როგორც ძალადობრივი და ვოლუნტარისტული მართვის სიმბოლო, ხოლო ”ნაციონალებს” - ”ოცნება,” როგორც უნიათო და 90-იანი წლების ცხოვრების რეალიების მომბრუნებელი ძალა. ერთიც და მეორეც ამის წყალობით არსებობენ

თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი საზოგადოებისათვის. არჩევნებში მიღებული შედეგები ჩვენი სარკეა, საკუთარ თავს რომ გვაჩვენებს და გვაიძულებს, გავიაზროთ, რა შეცდომები დავუშვით. ვიმეორებ - ისტორია პროცესია. მთავარი ისაა, რომ ჩვენ ნელა, წვალებით, მაგრამ მაინც ვსწავლობთ ჩვენი გამოცდილებიდან.
- რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ანუ თბილისში მეორე ტურის ჩატარება-ჩაუტარებლობის თემას?
თავიდან ჩანდა, რომ თბილისში მეორე ტურის ჩატარება გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ მმართველმა გუნდმა, რამდენადაც უცნაურიც არ უნდა იყოს, სწორედ ”რუსთავი-2”-ის მიერ გამოცხადებული ეგზიტპოლების საშუალებით იმთავითვე გამორიცხა თბილისში მეორე ტურის ჩატარება.
თუ მანამდე ხელისუფლება ”რუსთავი-2”-ს მიიჩნევდა სიყალბის გამავრცელებელ საინფორმაციო წყაროდ, ამ არჩევნებზე დაუჯერებელი რამ მოხდა - სწორედ ”რუსთავი-2”-ის მიერ გამოცხადებული ეგზიტპოლების შემდეგ დაიწყო მმართველმა გუნდმა არჩევნებში გამარჯვების აღნიშვნა. მეტიც, ტელეკომპანია ”იმედმა” ხელისუფლების დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგად ეგზიტპოლების გამოცხადება 2 საათის დაგვიანებით გაასაჯაროვა...

- ხომ გაგიგიათ, ბიოლოგიაში არსებობს ურთიერთპარაზიტირების ფენომენი. ორი ორგანიზმი ერთმანეთს მტრობს, მაგრამ ერთმანეთის გარეშე ვერ არსებობს. სწორედ ასეთი სიმბიოზი ჩამოყალიბდა ”ქართულ ოცნებასა” და ”ნაცმოძრაობას” შორის. ”ქართულ ოცნებას” სჭირდება ”ნაციონალები,” როგორც ძალადობრივი და ვოლუნტარისტული მართვის სიმბოლო, ხოლო ”ნაციონალებს” – ”ოცნება,” როგორც უნიათო და 90-იანი წლების ცხოვრების რეალიების მომბრუნებელი ძალა. ერთიც და მეორეც ამის წყალობით არსებობენ. მაპატიეთ, რომ ვიმეორებ იმას, რაც ადრეც ბევრჯერ მითქვამს.
რაც შეეხება ”რუსთავი-2”-ის მონაცემებზე დაყრდნობით მეორე ტურის გამორიცხვას. თუნდაც ამის შემდეგ ცესკოს მეორე ტურის აუცილებლობა დაედასტურებინა, ეს მონაცემები თუნდაც იმაში გამოდგებოდა, ამომრჩეველს სცოდნოდა, მეორე ტური სათუო იყო და რომ მხოლოდ მონაცემების დაზუსტებამ გახადა ის აუცილებელი. ასეთი ვითარება მეორე ტურის შემთხვევაში სახელისუფლებო კანდიდატისათვის იქნებოდა ხელსაყრელი.
რაც შეეხება ”რუსთავი-2”-ის წარმომადგენლებს. როგორც ჩანს, მათ ჰქონდათ მონაცემები, რომ მეორე ტურისთვის ბრძოლას მხოლოდ ელისაშვილის წისქვილზე შეეძლო წყლის დასხმა. თანაც, რამდენადაც მახსოვს, ამ მონაცემებმა ელისაშვილს მესამე ადგილი განუკუთვნა და ესეც საყურადღებოა.
- "ლიდერთა საბჭო" არჩევნების წინასწარ შედეგებს სრულ უნდობლობას უცხადებს. მასში შემავალი ლიდერები არჩევნების შედეგებს გაპროტესტებას გეგმავენ.
თუ მანამდე ”ნაციონალები” პერმანენტულ საპროტესტო აქციებს აანონსებდნენ, არჩევნების შემდეგ მათ ამგვარი განცხადებები არ გაუკეთებიათ. ცხადია, არჩევნების შედეგების გამო დიდი არეულობა მოსალოდნელი არაა, მაგრამ თუ ”ლიდერთა საბჭომ” ქუჩაში გააპროტესტა არჩევნების შედეგები, შეუერთდებიან თუ არა მათ სხვა ოპოზიციური პარტიები? თუ - არა, ეს რისი ნიშანი იქნება?

- მოსახლეობაში რომ საპროტესტო განწყობები მწიფდება, აშკარაა, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ არ არსებობს პოლიტიკური აქტორი, რომელიც მათ მობილიზებას შეძლებს. ამიტომაც მგონია, რომ ამ განცხადებებს რეალური შედეგები არ მოჰყვება. ლიდერთა საბჭოს წარმომადგენელთა გავლენის ხარისხი რაღაც მიახლოებაში მაინც ჩანს არჩევნების შედეგებში.
ელისაშვილი შეეცადა ”ნაციონალებისა” და ”ოცნების” პოლიტიკური სიმბიოზის ალტერნატივა შეეთავაზებინა ამომრჩევლისათვის. სამწუხაროდ, ამ ალტერნატივის შინაარსი, მისი კონცეპტუალური დატვირთულობა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, პოლიტიკური პროექტი, რომელიც მან ამომრჩეველს შესთავაზა, არ იყო სრულყოფილი

სიტუაცია შეიძლება შეეცვალა ამ საბჭოში ალიკო ელისაშვილის გამოჩენას, მაგრამ ეს უკანასკნელი, რამდენადაც ვხვდები, თავისი პოლიტიკური აქტიურობის არეალს თბილისით შემოფარგლავს და ამ არეალის გაფართოებას არ გეგმავს.
- პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ ”ოცნებამ” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და საკრებულოებში უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი, მაგრამ თუ არჩევნებში მოსახლეობის საკმაოდ დაბალ აქტიურობას, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან მმართველი გუნდის მიერ მიღებული მხარადაჭერის მაჩვენებელს დავუკვირდებით, პოლიტიკური სუბიექტებისათვის არც ისე სახარბიელო სურათს დავინახავთ.
მხედველობაში მაქვს ის, რომ ერთი მხრივ, საკმაოდ დაბალი იყო მმართველი გუნდის მხარდაჭერა, ხოლო მეორე მხრივ, ასევე საკმაოდ დაბალი აღმოჩნდა ოპოზიციური პარტიების შედეგები.
მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი არჩევნებში დამარცხდა, ფაქტია, რომ მისი შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
თქვენი კოლეგა ხათუნა ლაგაზიძის აზრით, ”ელისაშვილმა გარღვევა მოახდინა, "ოცნებამ" კი საკუთარ თავს აჯობა და ელისაშვილის მეორე ადგილი აღიარა”.
თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს მიზეზი, რომ პრაქტიკულად, როგორც მას ხშირად მოიხსენიებდნენ ”მარტო კაცს”, თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალექსანდრე ელისაშვილს ”ნაცმოძრაობაზე” და ”ევროპელ დემოკრატებზე” და სხვა ოპოზიციურ პარტიებსა და ლიდერებზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს?

- აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადგილობრივ არჩევნებს ამომრჩეველი საპარლამენტოსაგან განსხვავებული განწყობით ხვდება და ეს უფრო და უფრო აშკარა ხდება.
1998 წლის პირველ ადგილობრივ არჩევნებს თუ გავიხსენებთ, მაშინდელი განცხადებები და მოსახლეობის განწყობაც თითქმის არ განსხვავდებოდა საპარლამენტოსაგან. ახლა ეს ორი ფენომენი ერთმანეთს შორდება და თანდათან ვიღებთ იმ სურათს, როგორიც ევროპის ქვეყნებშია.
ადგილობრივი არჩევნები ადამიანებს აიძულებს, ყურადღება თავის უშუალო გარემოს პრობლემებსა და ბედზე გადაიტანოს და ნაკლები იფიქროს, ვთქვათ, გეოპოლიტიკურ პრობლემებზე.
ელისაშვილი კარგად მოერგო ამ განწყობას. ალბათ, თავადაც დამეთანხმება, რომ ქვეყნის მასშტაბით მას ნამდვილად არ ექნებოდა ასეთი მაჩვენებელი. მან თბილისელებს ჩვენში გაბატონებული პარტიულ-ბიუროკრატიული მეტყველებისაგან განსხვავებული, ადგილობრივ თავისებურებებთან და პრობლემებთან ზომიერად დაახლოებული ენა შესთავაზა.
პარტიულ-ბიუროკრატული მეტყველების სტილი ადგილობრივი არჩევნების დროს თავის მიმზიდველობას ჰკარგავს - თუკი გააჩნია ასეთი რამ. ეს სიახლე ბევრისთვის მისაღები აღმოჩნდა. ქალაქის ყოფილი მერი თბილისმა ვერ იგუა, ხოლო ”ნაცმოძრაობისა” და მისი განაყოფების მიმართ ნდობა - ძალზე დაბალი იყო და, როგორც ჩანს, დიდხანს დარჩება ასეთად.
რაც შეეხება ოპოზიციის პერსპექტივას გავიმეორებ, საკმარისი იქნება გამოჩნდეს სიტუაციის ადეკვატური ლიდერი, რომ მასაც პოლიტიკური პერსპექტივა გაუჩნდება. ამ პოლიტიკურ აქტორებს ამ ეტაპზე მაინც სხვა პერსპექტივა არა აქვთ

წმინდა პოლიტიკურადაც ელისაშვილი შეეცადა ”ნაციონალებისა” და ”ოცნების” პოლიტიკური სიმბიოზის ალტერნატივა შეეთავაზებინა ამომრჩევლისათვის. სამწუხაროდ, ამ ალტერნატივის შინაარსი, მისი კონცეპტუალური დატვირთულობა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, პოლიტიკური პროექტი, რომელიც მან ამომრჩეველს შესთავაზა, არ იყო სრულყოფილი.
მან ქალაქის ცხოვრების განახლება შესთავაზა ტრადიციული დაპირისპირებით მობეზრებულ ადამიანებს, მაგრამ ვერ შეძლო დაენახვებინა რას ნიშნავდა თავად ეს განახლება, მისი პროექტი და პოლიტიკური ქცევა რაღაც მნიშვნელოვან ელემენტებს იყო მოკლებული.
ის, რამაც მისკენ ყურადღება მიმართა უმალ ემოციური ხასიათისა იყო, ვიდრე რაციონალური. არადა, მხარდაჭერა ამ ორის ბალანსში იბადება. უბრალო ადამიანისათვის ის ჩაიკეტა ყველასათვის გასაგებ ენაზე მეტყველ, თბილისის მცოდნე და მოყვარული ადამიანის ფარგლებში. ეს კი ნამდვილად არ იყო საკმარისი. უფრო მეტიც, პირადად მე ისეთი გრძნობა გამიჩნდა, რომ რაღაც მომენტიდან ის თავადაც ამ ფარგლებში აღიქვამდა თავს და ამ იმიჯის ფარგლებში დარჩენას ცდილობდა.
არ ვიცი, როგორი იქნება მისი პოლიტიკური მომავალი. ზრდის შესაძლებლობაც აქვს და, როგორც ჩანს, სურვილიც. აქვს გადამდები მუხტიც. ამ ეტაპზე მას არც კონცეპტუალური კაპიტალი აღმოაჩნდა და არც პოლიტიკური რესურსები, რომ ამით სოლიდური ბაზა შეექმნა თავისი იმიჯისათვის. მან ერთხელ თქვა, რომ მხოლოდ თბილისის ფარგლებში აპირებს პოლიტიკურ აქტივობას. ახლა უკვე ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალა შეეცდება, რომ იგი პოლიტიკურ ლიდერად აქციონ და მის გარშემო დაჯგუფდნენ.
ამ შემთხვევაში მას მოუწევს კარგად გაიაზროს, თუ რამდენად შეუძლია ამ ტვირთის ზიდვა. მისი დღევანდელი პოლიტიკური კაპიტალი ამისთვის საკმარისი არ არის, ხოლო ისინი, ვინც მის გარშემო მოინდომებენ დაჯგუფებას, ბევრს ვერაფერს შესძენენ.
არაერთი მაგალითის გახსენება შეიძლება, როდესაც პოლიტიკაში ახლად შემოსული ადამიანი პირველი პოლიტიკური წარმატების შემდეგ ამ წარმატების ინერციას მიენდო და არასასურველი შედეგები მიიღო. გაიხსენეთ, როგორი ეფექტი ჰქონდა 1998 წელს შალვა ნათელაშვილის გააქტიურებას. მან მყისიერად შეიტანა შფოთი მაშინდელ პოლიტიკურ რელიეფში.
იგივეს ვიტყოდი სააკაშვილზეც. პირველ ხანებში ის სწრაფად იზრდებოდა და წარმატებებიც ჰქონდა. მისი საკადრო პოლიტიკა დღემდე შეუდარებლად რჩება. შემდეგ კი იგი უიმედოდ ჩაიკეტა ერთხელ შექმნილი პორტრეტისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების წრეში და გაუცხოვდა საზოგადოებისაგან. 2012 წლის მარცხის მიუხედავად, ის დღეს უკრაინაშიც იმავე წრეში განაგრძობს ტრიალს, ისევ და ისევ 2005-2007 წლებში ჩამოყალიბებულ პორტრეტსა და ტექნოლოგიებს იმეორებს.
ვფიქრობ, ელისაშვილი გრძნობს თუ საკმარისი სიმწიფე არ ექნა, მას მხოლოდ საზოგადოებაში არსებული მოლოდინების დაზიანება ძალუძს. ალბათ, ამასთან იყო დაკავშირებული მისი განცხადება ოთხწლიანი შესვენების შესახებ, მით უმეტეს, ვიმეორებ, ის მხოლოდ თბილისის მასშტაბებში ფიქრობდა დარჩენას.
დღევანდელი ისტებლიშმენტი ჩიხშია შესული და ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ალიკო ელისაშვილის წარმატებაში. ახალ პოლიტიკურ გმირებს სწორედ ეს ჩიხი შობს. ამაშია დემოკრატიის სიკეთე

”ოცნებისათვის,” ალბათ, გასაგები უნდა იყოს შემდეგი: ჩვენს საზოგადოებაში მწიფდება ახალი, ”ოცნებისა და ”ნაციონალების” სიმბიოზის ალტერნატივის მოლოდინი და რომ ძველ და ტრადიციულ ძალებში არავინ ჩანს ამ ვაკუუმს რომ შეავსებს.
სანამ ამგვარი მავანი გამოჩნდება, ელექტორალური ინერცია იმუშავებს და ”ოცნებას” ძალაუფლების შენარჩუნება გარანტირებული აქვს. საკმარისია, გამჩნდეს ეს ალტერნატივა, რომ არსებული რელიეფი დაირღვევა, ”ოცნების” წიაღში არსებული დაპირისპირებები გარეთ გამოვა, ”ნაციონალებს” კი მოუწევთ წლების განმავლობაში რეიტინგის ერთ წერტილზე გაყინული ძალის როლში იყვნენ. ვფიქრობ, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს თუ რა როლი ითამაშა მის გამარჯვებაში ამ ინერციამ.
აქ ერთ რამეს მივაქცევდი ყურადღებას. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ყვარელში ორი ძალოვანი დააპატიმრეს. მათ ბრალად 2011 წლის მაისში საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციებში მონაწილე 14 პირის მიმართ არაადამიანური მოპყრობა ედებათ ბრალად. ცხადია, 2011 წელს ბევრი დანაშაული იქნა ჩადენილი. მსხვერპლიც გვახსოვს. მაგრამ როდესაც დანაშაული 2017 წელს გაიხსენეს, ნება მომეცით, ეჭვი გამიჩნდეს - ვიღაცამ მიიჩნია, კახეთში პროცესებს სამართლიანობის აღდგენის საკაზმი თუ არ მიაშველა, ცუდად იქნებოდა საქმე. ვიღაც თავს ნებას აძლევს სამართლის აღსრულება თავის პოლიტიკურ ინტერესებს მიაბას. გამოდის, რომ მისთვის სამართალი მხოლოდ პირადი პოლიტიკური კაპიტალის ზრდის საშუალებაა და მეტი არაფერი.
გაგახსენებთ, რომ მიუხედავად დაპატიმრებებზე გამოცხადებული მორატორიუმისა, წინა ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის წინაც რაღაც მსგავსი მოხდა. ვიმეორებ: დამნაშავე უნდა დაისაჯოს იმიტომ, რომ ამას მოითხოვს სამართალი და არა ვიღაცის პოლიტიკური ანგარიშების გამო. ამით თავად სამართლიანობის იდეას ვაზიანებთ. იმედი მაქვს, ეს ორი შემთხვევა ვიღაცის დაუფიქრებელი ინიციატივის შედეგია და არა სახელისუფლებო სტრატეგია.
- თუ არჩევნების შედეგების სტატისტიკას დავუკვირდებით რჩება შთაბეჭდილება, რომ 21 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ქართული პოლიტიკური სცენა თუ მთლად ცარიელი არა, ნახევრად ცარიელი მაინცაა.
პრორუსულ პარტიებად მოაზრებულ პოლიტიკურ სუბიექტებს არც იმის ტირაჟირება წაადგა, რომ ამ არჩევნებზე საჭირო იყო არჩევანის ”ლიბერალიზმსა” და ”პატრიოტიზმს” შორის გაკეთება, და არც იმის მტკიცება, რომ ”მოსკოვის გარეშე ცხინვალსა და სოხუმს ვერ დავიბრუნებთ”.
დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ”ქართულ ოცნებას” პრორუსულ ძალებად მოაზრებული პოლიტიკური ძალების ელექტორატი მიმხრობილი ჰყავს. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?
და კიდევ, გაქვთ იმის იმედი, რომ ოპოზიციური სპექტრის ლიდერები არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ადეკვატურ დასკვნებს გააკეთებენ?

- ძალზე საეჭვოა, ჩვენს ამომრჩეველს ამგვარი მოწოდების საფუძველზე გაეკეთებინა არჩევანი. არა მგონია, ბევრი იყოს, ვისაც არ ესმის, რომ ამგვარად გაგებულ „ლიბერალიზმსა“ და „პატრიოტიზმში“ რაღაც ვერ არის წესრიგში და რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების სახელით რაღაც სხვას სთავაზობენ, კონკრეტულად კი იმ მოძალადის შეყვარებას, რომელიც დაუფარავად ამბობს: უნდა შემიყვარო, მაგრამ არაფერს დაგიბრუნებო.
შესაძლოა, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე ამგვარ მოწოდებას რამე გავლენა ჰქონდეს, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლებიც მოწონებით (თუმცა კი ირონიულადაც) გაიღიმებენ, მაგრამ ეს იქნება და ეს.
”ქართული ოცნება” იდეოლოგიური თვალსაზრისით ისეთივე კონგლომერატია, როგორიც თავის დროზე ”მოქალაქეთა კავშირი” იყო. ამას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს და დადებითიც. პრორუსული იდეოლოგიის მატარებელთა არსებობა მის რიგებში სხვა პრორუსული ძალების გაძლიერებას უშლის ხელს. თუმცა კი ესეც რომ არ იყოს, ამ იდეოლოგიას თავისი ზედა ზღვარი აქვს. მან განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწია მაშინაც კი, როდესაც მოსახლეობაში საკმაოდ დიდი იყო ქართული სახელმწიფოებრიობაზე გულის გაცრუება და მოსახლეობაში მეტი იყო იმ ადამიანების ხვედრითი წილი, ვისთვისაც სტალინი ლამის ცოცხალ პოლიტიკურ პერსონაჟს წარმოადგენდა. მათ არც იმ იმედმა გაუმართლათ, რომ ”ნაცმოძრაობის” მარცხი იქცეოდა პოლიტიკიდან მათ სრულ განდევნად პროდასავლურ ორიენტაციასთან ერთად. სიტუაცია მკვეთრად არის შეცვლილი.
რაც შეეხება ოპოზიციის პერსპექტივას, გავიმეორებ, საკმარისი იქნება გამოჩნდეს სიტუაციის ადექვატური ლიდერი, რომ მასაც პოლიტიკური პერსპექტივა გაუჩნდება. ამ პოლიტიკურ აქტორებს ამ ეტაპზე სხვა პერსპექტივა მაინც არა აქვთ. სათითაოდ ყველა მათგანს აქვს სურვილი, ინიციატივა აიღოს, მაგრამ - უშედეგოდ.
ამ არჩევნებმაც გამოაჩინა, რომ ბევრი პოლიტიკური ჯგუფისათვის არჩევნები აპოკალიფტური თუ სიკეთისა და ბოროტების საბოლოო შეჯახების განწყობებით უნდა წარიმართოს და მათთვის მნიშვნელობა არა აქვს, რას ფიქრობს ამომრჩეველი. არც უნდა გაუკვირდეთ, თუ ამომრჩეველს არ ესმის მათი.
- ამას წინათ ქალბატონმა ხათუნა ლაგაზიძემ ”ინტერპრესნიუსთან” განაცხადა - ”დროა ანტიისტებლიშმენტური კამპანია დაიწყოს ახალმა თაობამ, ახალი ხედვებით და ენერგიით”.
ახლა როცა ცხადი გახდა, რომ საზოგადოებაში დიდია ოპოზიციური მუხტი ”ოცნების” დასამარცხებლად საჭიროა ძლიერი ოპოზიციური ორგანიზაცია თავისი პოპულარული ლიდერით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ახალი ტიპის ამგვარი პოლიტიკური ლიდერი და ოპოზიციური ძალა შეიძლება გაჩდეს?

- სრულიად ვეთანხმები ხათუნას. მე და მას ამ თემაზე ადრეც გვისაუბრია. დღევანდელი ისტებლიშმენტი ჩიხშია შესული და ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ალიკო ელისაშვილის წარმატებაში. ახალ პოლიტიკურ გმირებს სწორედ ეს ჩიხი შობს. ამაშია დემოკრატიის სიკეთე.
ის არ აცლის ჩიხში შესულ პოლიტიკურ ძალებს თავისი მდგომარეობა საბჭოურ ან ჩრდილო კორეულ ჭაობად აქციონ და მუდმივად ახალ პერსონაჟებს შობს. არსებობს და ძლიერდება სიახლის მოლოდინი და ალბათობას სწორედ ეს ზრდის.
თუმცა კი ხელისუფლებას ყოველთვის აქვს შანსი, რომ თავისი ქცევის წესი შეცვალოს და ჩიხიდან გამოვიდეს. სხვა საქმეა, რამდენად შეძლებს ამ შანსის გამოყენებას.
”ოცნებისაგან” ჩვენ ველოდით, თუ შეიძლება ითქვას, მოდერნიზაციას ადამიანური სახით. პრემიერის თანამდებობაზე ბატონი გიორგი კვირიკაშვილის გამოჩენამ და მისმა ტანდემმა დავით უსუფაშვილთან ერთგვარი იმედიც გამიჩინა, რომ პროცესი ამ მიმართულებით შეიძლებოდა წარმართულიყო.
სამწუხაროდ, პრემიერის მოქმედების თავისუფლება შეზღუდული აღმოჩნდა. თანაც, ”ოცნების” თავზე მუდმივად დამოკლეს მახვილივით იქნება დაკიდებული რამდენიმე რამ: უზომო დაპირებები, იმგვარი ადამიანების სიჭარბე მის რიგებში თუ პოლიტიკურ ორბიტაში, არაკეთილსინდისიერ საგარეო პოლიტიკურ თამაშებში თუ სულაც სრულ არაკვალიფიციურობაში არიან ეჭვმიტანილნი და ა.შ.
ხელისუფლებას ყოველთვის აქვს შანსი, რომ თავისი ქცევის წესი შეცვალოს და ჩიხიდან გამოვიდეს. სხვა საქმეა, რამდენად შეძლებს ამ შანსის გამოყენებას.

მთავარი კი ის არის, რომ 2005-2007 წლების ”ნაცმოძრაობის” მსგავსად დაიწყო ”ოცნების” საზოგადოებისაგან გაუცხოვების პროცესი. ოდესღაც, 2012-2013 წლების თანხმობის ნაცვლად ახლა აშკარად ვხედავთ ”ოცნების” მცდელობას, რომ ძირითადი საინფორმაციო საშუალებების კონტროლითა და პიარ-ხერხებით შეძლოს ოდესღაც არსებული მდგომარეობის აღდგენა.
სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ბრალდება ჩემთვის იყო საკადრო პოლიტიკაში პოლიტიკური ლოიალობის პრინციპის დაუფარავი გამოყენება. ვეჭვობ, ამ თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეიცვალა. მეტიც: ლოიალობის გაგების მასშტაბები გაიზარდა და თანამდებობრივად დაწინაურებულთა შორის აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელთა მიმართაც საზოგადოებაში ძალზე სერიოზული ეჭვები არსებობს.
მოგეხსენებათ, როცა ადამიანი იდეურად არის შენი ლოიალური, არ არის გამორიცხული, აზრი შეიცვალოს. მაგრამ როდესაც ლოიალობას უზრუნველყოფა კომპრომატებითა და სხვა ხერხებით, შეგიძლია მშვიდად იყო.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”



მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რა არის ბიო რძე?
მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი კვების პროდუქტები გახლავთ ბიო პროდუქტები. განვითარებული ქვეყნები ძალიან მკაცრად აკონტროლებენ საკვების