არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5451
EUR
1 EUR
3.1058
RUB
100 RUB
4.5069
17-01-2018
რამაზ საყვარელიძე - ძლიერი ოპოზიცია რომ იყოს, რეალური კონკურენცია „ოცნებასაც“ შეცვლიდა და ჩიხსაც გაარღვევდა
11:37 27-10-2017
რამაზ საყვარელიძე - ძლიერი ოპოზიცია რომ იყოს, რეალური კონკურენცია „ოცნებასაც“ შეცვლიდა და ჩიხსაც გაარღვევდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებსა და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, თბილისის მერად არჩეულმა კახა კალაძემ განაცხადა - ”ალეკოსთან, ელენესთან, ზალიკოსთან, გიორგი ვაშაძესთან - ყველასთან მზად ვარ თანამშრომლობისთვის”. მისივე თქმით, იგი ყველა ადამიანთან მზადაა ითანამშრომლოს, ვისაც ექნება ხედვა, კონკრეტული პროექტი.
თქვენი აზრით, კალაძის მიერ გაკეთებული განცხადება უფრო პოლიტტექნოლოგიური სვლაა, მის ირგვლივ ყოფილი კონკურენტების კონსოლიდაციის მცდელობა თუ რა...?

- იქნებ, იმ კულტურის დამკვიდრების მცდელობაა, რომ კონკურენცია მტრობას არ ნიშნავს. არჩევნების მეორე დღეს ელისაშვილმა მიულოცა კალაძეს გამარჯვება. მისი ეს საქციელიც შეიძლებოდა რამე ეშმაკობით აგვეხსნა - პოლიტტექნოლოგიით, მომხრეების გამრავლებით და ა.შ. თავად ელისაშვილმა თავისი მილოცვა ახსნა იმით, რომ სურს დამკვიდრდეს ღირსეულად დამარცხების კულტურა. ეს ახსნა ყველასთვის გასაგები აღმოჩნდა და საქციელიც ყველამ მოიწონა. მე მგონია, რომ ასევე მისაღები და გასაგები იქნება, თუ კალაძესაც სურს, რომ დამკვიდრდეს ღირსეულად გამარჯვების კულტურა.
ელისაშვილისა და კალაძის მიერ პოლიტიკური ღირსებისკენ გადადგმული ეს ნაბიჯები შეიძლება ამ არჩევნების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყოს

მგონია, რომ ყველასთვის მოსაწონი იქნება მისი პოზიცია. ელისაშვილის და კალაძის მიერ პოლიტიკური ღირსებისკენ გადადგმული ეს ნაბიჯები შეიძლება ამ არჩევნების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყოს.
- ვინაიდან არჩევნების შედეგები ყველაზე განხილვად თემად რჩება, ჩვენ სწორედ მასზე სასაუბროდ შეგეხმიანეთ.
ვიდრე არჩევნების შედეგების სხვადასხვა ასპექტებზე ვისაუბრებდეთ, თქვენგან მინდა მოვისმინო პასუხი კითხვაზე - თქვენი აზრით, ”ნაცმოძრაობამ” სწორი გადაწყვეტილება მიიღო თუ არა, როცა უარი თქვა ქუთაისში, მარტვილში და კიდევ რამდენიმე ქალაქში მერის არჩევნებში მეორე ტურში მონაწილეობაზე?
და კიდევ, რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ ”ნაცმოძრაობის” პერსპექტივა მთლიანად დამოკიდებულია უკრაინის პოლიტიკურ მოედანზე სააკაშვილის აქტიურობის შედეგზე?

- „ნაცმოძრაობამ“ ამ არჩევნებში მონაწილეობაზე რეალურად უარი თქვა უფრო ადრე, როცა თბილისის მერობის კანდიდატად პოლიტიკაში გამოუცდელი ადამიანი დაასახელა. ეს ნიშნავდა, რომ გამოცდილები თავს გაუფრთხილდნენ, არ ისურვეს წაგება. მიმაჩნია, რომ იგივე მოტივი აქვს მეორე ტურზე უარის თქმას.
მეორე ტურში ყველა, ვისაც „ნაცმოძრაობა“ არ სურს ხელისუფლებაში, ხმას მისცემდა მათ კონკურენტს… ამიტომ, ჩემთვის გასაგებია მათი უარი მეორე ტურზე

მეორე ტურში ყველა, ვისაც „ნაცმოძრაობა“ არ სურს ხელისუფლებაში, ხმას მისცემდა მათ კონკურენტს. საქართველოში ასეთი ადამიანების რიცხვი 80%-ზე მეტია და „ნაცმოძრაობა“ მეორე ტურს აუცილებლად წააგებდა ყველგან. ამიტომ, გასაგებია მათი უარი მეორე ტურზე. პირველ ტურში მათი მონაწილეობაა გაუგებარი, თუ არ გავითვალსიწინებთ იმას, რომ არმონაწილეობით ისინი დარჩენილ ელექტორატს დაკარგავდნენ.
- თიანეთში არჩევნებთან დაკავშირებით ”ქართულ ოცნების” დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილსა და თამაზ მეჭიაურს შორის დავა სასამართლომ განიხილა და არჩევნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური ცნო. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას წინ ”რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში ქუცნაშვილსა და მეჭიაურს შორის დაპირისპირება უძღოდა.
ამ თემაზე ”ქართული ოცნების” დეპუტატების განცხადებებმა ნათლად გვაჩვენა, რომ ისინი არა მათ ახლანდელ თანაგუნდელ ქუცნაშვილს, არამედ ყოფილ თანაგუნდელ მეჭიაურს უჭერდნენ მხარს.
თქვენ აზრით, რა ხდება ”ქართულ ოცნებასა” და მათ ყოფილ თანაგუნდელს შორის და რატომ?

- მე კულუარული პროცესების კურსში არა ვარ, მაგრამ ეს ფრაგმენტი დიდად არ მაკვირვებს. სხვა დროსაც ხშირად ყოფილა, რომ „ოცნების“ ყველა წევრი თავისას ამბობდა რამე კონკრეტულ მოვლენაზე და მათ განცხადებებში არ იყო გუნდურობა. „ოცნების“ დამცველები ამას ხსნიან დემოკრატიულობით, მაგრამ მოსახლეობას უჭირს ზღვარის გავლება დემოკრატიულობასა და ქაოტურობას შორის. ჩვენთან პარტიისთვის წამგებიანია, თუ მასში არ ხედავენ ორგანიზებულ ძალას. შეიძლება ეს დამოკიდებულება ჩვენი შორეული და ახლო წარსულის გადმონაშთია. დასავლეთში პარტია არაა მონოლითი. რესპუბლიკელები თავისუფლად აკრიტიკებენ ტრამპს და ეს გაკვირვებას არ იწვევს. შეიძლება, ამ მიმართულებითაც ახალი კულტურა მკვიდრდება ჩვენთან - უდიქტატო პარტიების კულტურა.
რაც შეეხება ქუცნაშვილ-მეჭიაურის დავას, ადამიანებს სურთ პოლიტიკოსები ღირსეულად იქცეოდნენ. იმედია, პოლიტიკოსები, ადრე თუ გვიან, ანგარიშს გაუწევენ საზოგადოების ამ სურვილს

რაც შეეხება ქუცნაშვილ-მეჭიაურის დავას, მე მგონი, შეფასებებზე გავლენას ახდენს არა იმდენად საარჩევნო პროცესი, რამდენადაც ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, რომ ადამიანებს სურთ პოლიტიკოსები ღირსეულად იქცეოდნენ. იმედია, პოლიტიკოსები, ადრე თუ გვიან, ანგარიშს გაუწევენ საზოგადოების ამ სურვილს.
- ადგილობრივი არჩევნების შედეგები დაახლოებით ასე გამოიყურება - 1. ქვეყანაში რეალურადაა ჩამოყალიბებული სრული ერთპარტიული მმართველობა, 2. ”ქართული ოცნების” მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი შეინარჩუნა ”ნაცმოძრაობამ”, 3. ”ევროპული საქართველო” დამოუკიდებლად გახდა მეორე ყველაზე გავლენიანი პარტია, 4. პრორუსულ ძალად მიჩნეულმა ”პატრიოტთა ალიანსმა” მართალია საპარლამენტო არჩევნების შედეგი ვერ გაიმეორა, მაგრამ ქვეყნის წამყვან პოლიტიკურ პარტიებს შორისაა. 5. ოპოზიციური პარტიების საკმაოდ დიდ ნაწილს წესით უნდა დაკარგვოდა პოლიტიკაში მოღვაწეობის სურვილი და 6. ელისაშვილის მაგალითმა დაგვანახა, იმის გამო, რომ ამომრჩეველს პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა აქვთ დაკარგული, ”მარტო კაცად” მიჩნეულმა ელისაშვილმა თბილისის არჩევნები ”ნაცებსაც” და სხვა ყველა დანარჩენებსაც მოუგო.
თქვენ როგორ შეაფასებდით 21 ოქტომბრის შედეგებს და რას შეიძლება ისინი ნიშნავდეს?

- თქვენ ისე ამომწურავად დახატეთ არჩევნების შედეგად შექმნილი სურათი, რომ თავად სურათს ვერაფერს დავამატებ. ეს სურათი კი ნიშნავს იმას, რასაც თითქმის ყველა ანალიტიკოსი ამბობს, რომ კრიზისშია პარტიული ცხოვრება. კრიზისი ყველაზე მეტად ეხება ოპოზიციურ პარტიებს. ყოველი მათგანის რეიტინგს თავისი ბარიერი აქვს, საერთო პრობლემა კი ისაა, რომ ამომრჩეველი მათში ახალს არაფერს ხედავს, დრო იცვლება და პარტიები - არა.
არჩევნების შედეგებზე ვიტყვი იმას, რასაც თითქმის ყველა ანალიტიკოსი ამბობს - კრიზისშია პარტიული ცხოვრება

სათქმელი კი არა, თქმის ინტონაციაც არ ეცვლებათ. ახალი, გულწრფელი ადამიანის ინტონაცია ჰქონდა ელისაშვილს და მიიღო კიდეც უკეთესი რეზულტატი. ასე რომ, ჩემი აზრით, ადგილობრივი არჩევნების შედეგები სიახლის საჭიროებას ნიშნავს.
- ფაქტია, რომ არჩევნების შედეგების შესაბამისად სხვადასხვა პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ ქვეყნის ძირითად პოლიტიკურ ძალებს.
ფილოსოფოსმა ზაზა ფირალიშვილმა არჩევნების შედეგებზე საუბრისას ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა - ”ხელისუფლებას ყოველთვის აქვს შანსი, რომ თავისი ქცევის წესი შეცვალოს და ჩიხიდან გამოვიდეს. სხვა საქმეა, რამდენად შეძლებს ამ შანსის გამოყენებას.”
თქვენი დაკვირვებით, რამდენად აქვს შანსი ”ქართულმა ოცნებას” შეცვალოს თავისი ქცევის წესი და მისგან ზურგშექცეული ამომრჩევლი მისკენ შემოაბრუნოს და როგორც ბევრი დამკვირვებელი ამტკიცებს, ჩიხში მოქცეული პოლიტიკური პროცესიდან ქვეყანა გამოიყვანოს?

- მე არ ვთვლი, რომ ქვეყნის პოლიტიკური ჩიხი „ქართული ოცნების“ შექმნილია და მისი დასაძლევია, თუმცა ამ ჩიხში ქვებს მას დაუშენენ. ჩიხი შექმნა იმან, რომ თანაბარი ძალის ოპოზიცია არაა. ძლიერი ოპოზიცია რომ იყოს, რეალური კონკურენცია „ოცნებასაც“ შეცვლიდა და ჩიხსაც გაარღვევდა.
პოლიტიკური ჩიხი შექმნა იმან, რომ თანაბარი ძალის ოპოზიცია არაა. ძლიერი ოპოზიცია რომ იყოს, რეალური კონკურენცია „ოცნებასაც“ შეცვლიდა და ჩიხსაც გაარღვევდა

ჩვენ გვინდა, რომ „ოცნება“ განვითარდეს კონკურენტის გარეშე. ჩვეულებრივ, კონკურენციის გარეშე განვითარება არ ხდება, ხოლო თუ ხდება, ხდება ძალიან ნელა.
- 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ხელისუფლების მსგავსად ოპოზიციურ ძალებსაც უნდა ჰქონდეთ ახალი დღის წესრიგი.
თქვენი დაკვირებით, სავარაუდოდ, როგორი იქნება არჩევნების შემდეგ არჩევნებში ბონუსმიღებული და საერთოდ პრაქტიკულად თამაშგარე მდგომარეობაში დარჩენილი ოპოზიციური სპექტრის დღის წესრიგი?

- დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი. წესით, ოპოზიციას ახალი დღის წესრიგი 2012 წლიდან უნდა შეემუშავებინა, რადგან ახალი რეალობა იყო დამდგარი. ოპოზიციურმა პარტიებმა ეს არ გააკეთეს, დაკმაყოფილდნენ „ოლიგარქის“ და „უნიათოს“ ძახილით. „შეძახილმა ხე გაახმოო“ და ხელისუფლების რეიტინგმაც დაიწყო გახმობა, მაგრამ ოპოზიციური პარტიების რეიტინგმა ამით არ მოიმატა და დარჩნენ, როგორც თქვენ თქვით, თამაშგარე მდგომარეობაში. საჭირო იყო სიახლე, მაგრამ პარტიებმა ხელწერა არ შეცვალეს, არც სოციოლოგიურმა გამოკვლევებმა იმოქმედა, არც ანალიტიკოსების შეძახებებმა და არც დამარცხებებმა არჩევნებში.
კრიზისი ყველაზე მეტად ეხება ოპოზიციურ პარტიებს. მათი საერთო პრობლემა კი ისაა, რომ ამომრჩეველი მათში ახალს არაფერს ხედავს, დრო იცვლება და პარტიები - არა

ოპოზიციის ნაწილს არც ახლა ეტყობა დღის წესრიგის შეცვლის განზრახვა. ამიტომ, ძნელია თქმა, რამეს შეცვლიან თუ არა არსებული ოპოზიციური პარტიები. პოლიტიკური სულისკვეთებით (და არა მხოლოდ დასახელებით) შექმნილი ახალი პარტიები თუ გაჩნდება, მათ შეიძლება მოიტანონ ახალი დღის წესრიგი. ვნახოთ.
- არჩევნების დასრულების შემდეგ ბევრს საუბრობენ ქართულ პოლიტიკაში ალექსანდრე ელისაშვილის შანსებსა და პერსპექტივებზე. მეტიც - იმაზე, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა და ელისაშვილმა პარტიაც შექმნან.
გია ხუხაშვილი, რომელიც ორივეს კარგად იცნობს ამ თემაზე განაცხადა - ”ვერც ელისაშვილში და ვერც მარგველაშვილში სისტემური პოლიტიკოსი ვერ დავინახე”. მარგველაშვილ-ელისაშვილის შესაძლო გაერთიანებასაც რომ თავი დავანებოთ, თქვენი დაკვირვებით, რა შანსები აქვს ქართულ პოლიტიკაში ალექსანდრე ელისაშვილს?

- შანსები ბევრს აქვს, მათ შორის - ელისაშვილსაც. სხვათა შორის, მასაც დასჭირდება სიახლე, მხოლოდ „ჰამქარის“ რიტორიკით პარტიის შექმნა ძნელი იქნება. თუ ამ გარდაქმნას და არსებულ რეალობის გათვალისწინებას იგი მოახერხებს, შანსის მეტი რა არის.
- ამას წინათ ქალბატონმა ხათუნა ლაგაზიძემ ”ინტერპრესნიუსთან” განაცხადა - ”დროა ანტიისტებლიშმენტური კამპანია დაიწყოს ახალმა თაობამ, ახალი ხედვებით და ენერგიით”.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 2020 წლამდე ქართულ პოლიტიკურ სცენაზე გაჩნდეს ახალი ტიპის ლიდერი, რომელიც შეძლებს ”ქართულ ოცნებას” რეალური კონკურენცია გაუწიოს?

- საზოგადოება დიდი ხანია ელის ახალ ფიგურებს. გამოჩნდა პაატა ბურჭულაძე და დიდი ენთუზიაზმით ამოუდგნენ გვერდში, მაგრამ ვერ გაამართლა. ასეთივე ენთუზიაზმი გაჩნდა უსუფაშვილის პარტიასთან დაკავშირებით, მაგრამ შთამბეჭდავი შედეგები არ აქვს. ახლა ელისაშვილში ხედავდნენ გადარჩენას, მაგრამ ერთი მერცხლით გაზაფხული არ მოდის. საზოგადოების ეს დაჟინებული მოლოდინი გააჩენს ახალ ფიგურებს, - ამის ალბათობა მაღალია, მაგრამ რისი უნარი ექნებათ ამ ფიგურებს, წინასწარმეტყველება ძნელია. მიუხედავად იმისა, რომ ძნელია წინასწარმეტყველება, ბევრი ახალი ფიგურა უნდა შემოვიდეს პოლიტიკაში და ბევრმა უნდა სცადოს ბედი.
ოპოზიციის დიდ ნაწილს არც ახლა ეტყობა დღის წესრიგის შეცვლის განზრახვა. ამიტომ ძნელია თქმა, შეცვლიან თუ არა რამეს არსებული ოპოზიციური პარტიები

ბედი გამბედავებს უღიმის. მისასალმებელი იქნება, რომ ძველმა ფიგურებმაც სცადონ ბედი და შეიცვალონ პოლიტიკური ხელწერა, მათ დიდი რესურსი აქვთ. ყველა სიახლისთვის ნოყიერი ნიადაგია ქართულ პოლიტიკაში.
- თუ ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეძლეს თავისი დღის წესრიგის სწორად განსაზღვრა და საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია, თქვენი აზრით, იმედგაცრუებული ამომრჩეველი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სავარაუდოდ, ვის დაუჭერს მხარს?
- თუ ამომრჩეველი ყველასგან იმედგაცრუებული იქნა, გაპასიურდება. ხოლო ის, ვინც მივა არჩევნებზე, შეჩვეულ ხელისუფლებას დაუჭერს მხარს.
- ცალკე საუბრის თემაა საარჩევნო სისტემა რომელიც გვაქვს. ფაქტია, რომ თბილისის ამომრჩევლის მეოთხედის მხარდაჭერის პირობებში ”ქართულმა ოცნებამ” საკრებულო 90 პროცენტით დააკომპლექტა. ანალოგიური ვითარებაა რაიონებისა და ქალაქების საკრებულოებში.
ახლა ცოტა ვინმე თუ დავობს იმაზე, რომ მაჟორიტარული არჩევნების წესი ხელს არც პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას უწყობს და არც პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებას. და ეს მაშინ, როცა ახალი კონსტიტუციით საქართველო მთლიანად უნდა გადავიდეს საპარლამენტო მმართველობაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ თავად ”ქართულ ოცნებას” არ უნდა აწყობდეს ქვეყანაში პრაქტიკულად ერთპარტიული მმართველობა, თქვენ გამორიცხავთ, რომ ”ქართული ოცენებამ”, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს საბოლოდ გაზაფხულზე უნდა უყაროს კენჭი, თავად შეიტანოს სერიოზული ცვლილებები საარჩევნო სისტემის კანონმდებლობაში?

- არ გამოვრიცხავ, რომ იქნება ცვლილებები, რადგან, საერთოდ, ძალზე ფამილარულად ვექცევით კონსტიტუციას. რაც შეეხეება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, იმედია, არ იჩქარებს ხელისუფლება და ოპოზიციაც მეტად დაფიქრდება.
საზოგადოების დაჟინებულმა მოლოდინმა შეიძლება გააჩინოს ახალი ფიგურები, ამის ალბათობა მაღალია, მაგრამ რისი უნარი ექნებათ ამ ფიგურებს, წინასწარმეტყველება ძნელია

თუ ოპოზიციური სპექტრი „თამაშგარე მდგომარეობაშია“, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მათ ყოველგვარ შანსს მოუსპობს. ამით ხმები სამართლიანად კი გადანაწილდება, მაგრამ ერთპარტიულობა დამკვიდრდება ქვეყანაში.
- 2017 წლის არჩევნებმა ასევე დაგვანახა, რომ არჩევნების წინ და თავად არჩევნების დღეს ”ქართული ოცნება” თუ ბევრ რამეში არა, მაინც ჰგავდა წინა ხელისუფლებას.
იგულისხმება როგორც მმართველი პარტიის სასარგებლოდ ”მადლიერი” ბიზნესმენების მიერ გადარიცხული ფინანსები, ისე კოორდინატორების აქტიურობა. ფაქტია, რომ პოლიტიკური კულტურა არ გაუმჯობესებულა და ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით.
იმის გამო, რომ საარჩევნო უბნებზე იგივე ხდებოდა რაც წინა წლებში, ამან გააჩინა იმაზე საუბრის აუცილებლობა იქნებ დროა საქართველო ელექტრონული არჩევნებზე გადავიდეს. პენსიონერთა ჩათვლით ყველა სარგებლობს ბარათებით, შესაბამისად, ამის გაკეთება ძნელი არ უნდა იყოს.
რამდენად შეიძლება გვქონდეს იმედი, რომ არჩევნების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის ინიციატორი თავად ხელისუფლება აღმოჩნდეს?

- ამ ხელისუფლების პოზიტიური თვისებაა, რომ მან არ იცის გაჯიუტება. თუ რამე მოთხოვნა მკაფიოდ დგას, ცდილობს მას გაუწიოს ანგარიში. ელექტრონული არჩევნების მოთხოვნა თუ მკაფიოდ დააყენა საზოგადოებამ, პოლიტიკურმა სპექტრმა და ევროპელმა პარტნიორებმა, სავარაუდოა, რომ „ოცნება“ გაიზიარებს ამ მოთხოვნას. ოღონდ, მოთხოვნამდე კარგად დავფიქრდეთ, ელექტრონული არჩევნები გვაწყობს თუ არა.
ამგვარი არჩევნების ჩატარების შემდეგ ამ ეჭვიანმა საზოგადოებამ რომ თქვას „ელექტრონულად გაყალბდა არჩევნებიო?“, წყალში იქნება გადაყრილი უზარმაზარი მუშაობა. ამიტომ, იქნებ უპრიანია, ჯერ ყველა ვარიანტი ასჯერ გავზომოთ და მერე გადავწყვიტოთ.
თუ ოპოზიციური სპექტრი „თამაშგარე მდგომარეობაშია“, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა მათ ყოველგვარ შანსს მოუსპობს, ერთპარტიულობა ქვეყანაში სამართლიანი კანონით დამკვიდრდება

ან შეიძლება სხვა გზა ავირჩიოთ - არ ვიჩქაროთ, თანდათანობით გავაუმჯობესოთ სისტემა. ამ არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია დაგვპირდა კანონის შემოღებას, რომელიც აკრძალავს უბნის გარე პერიმეტრზე დაუსაქმებელი ადამიანების ყოფნას. ვნახოთ, ეს რას მოიტანს. შემდეგ დავფიქრდეთ სხვა ვარიანტებზე. ხშირად, უცნობ სივრცეში გადახტომას მოკლე ნაბიჯებით სიარული სჯობია.

კობა ბენდელიანი
”ინტერპრესნიუსი”





მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები