არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4546
EUR
1 EUR
2.8520
RUB
100 RUB
3.8927
19-07-2018
ლევან დგებუაძე - 1-ელ ნოემბერს ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა იწურება
10:42 30-10-2017
ლევან დგებუაძე - 1-ელ ნოემბერს ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა იწურება ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა რამდენიმე დღეში იწურება. როგორ უნდა განსაზღვროს ფიზიკურმა პირმა, აქვს თუ არა მას აღნიშნული დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, რა სანქციებია ვადების დარღვევის ან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში და წინა წლებთან შედარებით, როგორია ქონების გადასახადის ნებაყოფლობითი დეკლარირების სტატისტიკური მაჩვენებელი - ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლევან დგებუაძე ესაუბრა.

- საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, ვის აქვს ქონების გადასახადის დეკალარაციის ვალდებულება, 2017 წლის დეკლარაციაში რომელი წლის მიხედვით შეიტანება დასაბეგრი ქონება და როდის იწურება ვადა?
- თუ ფიზიკური პირის და მისი ოჯახის წევრების ჯამური წლიური შემოსავალი საანგარიშო პერიოდის წინა კალენდარულ წელს აღემატება 40 000 ლარს და საკუთრებაში აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული დასაბეგრი ქონება, ან თუ იგი ფლობს მიწის ნაკვეთს, მიუხედავად შემოსავლის ოდენობისა და არ სარგებლობს ამავე კოდექსით განსაზღვრული შეღავათებით, იგი ვალდებულია წარმოადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია არაუგვიანეს კალენდარული წლის 1-ლი ნოემბრისა და გადაიხადოს კუთვნილი გადასახადი არაუგვიანეს 15 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ქონების ფლობის თვეების პროპორციულად, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ - მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

- რომ განმარტოთ, საგადასახადო კოდექსის მიხედვით ვინ განიხილება ფიზიკური პირის ოჯახის წევრად?

- საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, პირის ოჯახის წევრად უპირობოდ განიხილება მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი და გერი, აგრეთვე პირთან მუდმივად მცხოვრები მშობელი, შვილი და გერი, და, ძმა, ბებია, პაპა, შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ამასთან, გადასახადის გადამხდელი უპირობოდ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს (ზემოაღნიშნულ პირთაგან), რომლებიც მასთან ერთად მუდმივად ცხოვრობენ.

- რა ტიპის შემოსავლის აღრიცხვა უნდა განახორციელოს ფიზიკურმა პირმა ქონების გადასახადის დეკლარაციაში და რომლის - არა?
- ფიზიკური პირის და მისი ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი (მაგალითად, თუ ინდ. მეწარმის ერთობლივი შემოსავალია 120 000 ლარი, მასთან დაკავშირებული დეკლარირებული ხარჯი კი 80 000 ლარი, დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 40 000 (120 000 მინუს 80 000) ლარს და სწორედ ის არის ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულების განსაზღვრის მიზნით ერთობლივ შემოსავალში ჩასართველი და არა 120 000 ლარი); ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან; დარიცხული ხელფასი (ამ შემთხვევაში იგულისხმება დარიცხული და არა საშემოსავლო გადასახადის დაკავების შემდეგ გაცემული ხელფასი); მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის - სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი (მცირე მეწარმისთვის დასაბეგრი შემოსავალი წარმოადგენს მის მიერ დეკლარირებულ ერთობლივ შემოსავალს, ხარჯის გამოქვითვის გარეშე); დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს. ამასთან, შემოსავლებში არ შეიტანება - ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება; ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად თავისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი; იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი; ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრობიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი; სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისგან საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში მიღებული სარგებელი; მკურნალობის ან/და სამედიცინო მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიღებული სარგებელი.

- როგორ განისაზღვრება შემოსავლები საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებაში?
- საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით.

- რა განეკუთვნება დაბეგვრის ობიექტებს?

- მიმიდინარე წელს წარსადგენ ქონების გადასახადის დეკლარაციაში შესატანი დაბეგვრის ობიექტებია - უძრავი ქონება (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათ ნაწილი), იახტები (კატარღები), შვეულმფრენები, თვითმფრინავები, ასევე, არარეზიდენტისაგან ლიზინგით მიღებული ქონება და ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, დაუმონტაჟებელი მოწყობილობები, აგრეთვე, მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონება.

- რა შემთხვევაში აქვს ფიზიკურ პირს უფლება, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია?
- თუ წინა საგადასახადო პერიოდის მიხედვით ფიზიკურ პირს ჰქონდა წარდგენილი დეკლარაცია ან/და დაერიცხა კუთვნილი გადასახადი და ამავე დროს, არ შეცვლილა დეკლარირებული მონაცემები პირის მიერ მიღებული შემოსავლების ან დაბეგვრის ობიექტების შესახებ, მოცემულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, ხოლო საგადასახადო ორგანო მას პროგრამულად და არიცხავს ქონების გადასახადს. ამასთან, თუ პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი და მიმდინარე საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა, მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უგზავნის დეკლარაციის არწარდგენის შესახებ განაცხადის ფორმას არა უგვიანეს 1-ელი ნოემბრისა.

- როდიდან დაემატა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დეკალარაციას მსუბუქი ავტომობილები და რომელი წლის დეკლარაციაში უნდა მოხდეს მათი აღრიცხვა?

- ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაბეგვრის ობიექტად განიხილება 2017 წლიდან, რაც აისახება 2018 და მომდევნო წლებში წარსადგენ დეკლარაციაში.

- როგორ განისაზღვრება და რის მიხედვითაა დიფერენცირებული ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი?
- ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით - 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,05 პროცენტისა და არა უმეტეს 0,2 პროცენტისა; 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

- რა შემთხვევაშია ფიზიკური პირი მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელი და როგორ განისაზღვრება მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი?
- მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი საგადასახადო წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით - მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე; სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი; მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე. მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთი დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება სასოფლო-სამეურნეო მიწის შემთხვევაში 1 ჰექტარზე, ხოლო არასასოფლო სამეურნეო მიწის შემშთხვევაში 1 კვ.მ-ზე გაანგარიშებით ლარში და კონკრეტულ განაკვეთს განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო.

- წინა წლებთან შედარებით, თუ არის გაზრდილი გადამხდელების მიერ საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების მაჩვენებელი?
- ვინაიდან დეკლარირების ბოლო ვადა იწურება 1-ელ ნოემბერს, ჯერ ვერ ვიტყვით მიმდინარე წელს რამდენით არის გაზრდილი ნებაყოფლობითი დეკლარირების მაჩვენებელი. თუმცა თუ გასული წლების მონაცემებს შევხედავთ, 2015 წელს ნებაყოფლობითი დეკლარირების მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით გაზრდილია 14%-ით. 2016 წელს კი, წინა წელთან შედარებით გაზრდილია - 18%-ით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლების სამსახურის 2017-2020 წლების სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ნებაყოფლობითი კანონმორჩილების ხელშეწყობა. ამასთან, სამსახურისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო და საგანმანათლებლო ღონისძიებების საშუალებით საგადასახადო ვალდებულებების ცოდნის ამაღლება.

- ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების არ შესრულების შემთხვევაში, რა სანქციები შეიძლება დაეკისროს მას?
- თუ, პირი არ წარადგენს საგადასახადო დეკლარაციას, ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია. ამ საანგარიშო პერიოდზე შემდგომ წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია დაგვიანებულად წარდგენილად ჩაითვლება. ამდენად, დეკლარაციის წარდგენის ვადის დარღვევა, ანუ დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა იწვევს პირის დაჯარიმებას დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით ყოველ დაგვიანებულ თვეზე. ამასთან, სანქციის ჯამური თანხა არ უნდა აღემატებოდეს დასარიცხი თანხის 30 პროცენტს და არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები. აქვე გასათვალისწინებელია, რომ თუ პირს ევალება დეკლარაციის წარდგენა და კუთვნილი გადასახადის გადახდა, მაგრამ საერთოდ არ წარადგენს ამ დეკლარაციას, აღნიშნული შესაძლებელია დაკვალიფიცირდეს საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის შემცირებად. რაც შეეხება საურავს, იგი ერიცხება გადაუხდელი გადასახადის თანხას 0,05 პროცენტის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

- რა ფორმითაა შესაძლებელია ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენა?
- დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის საშუალებით - www.rs.ge, ისე მატერიალური ფორმით.

ნათია რუხაძე
„ინტერპრესნიუსი“

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რა არის ბიო რძე?
მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღი კვების პროდუქტები გახლავთ ბიო პროდუქტები. განვითარებული ქვეყნები ძალიან მკაცრად აკონტროლებენ საკვების