არქივი
«« იანვარი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5463
EUR
1 EUR
3.1154
RUB
100 RUB
4.4951
18-01-2018
უჩა ნანუაშვილი – კრიტიკული სახალხო დამცველი ხელისუფლებისთვის მიუღებელია, ახლის არჩევისას ეს მომენტი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული
11:16 31-10-2017
უჩა ნანუაშვილი – კრიტიკული სახალხო დამცველი ხელისუფლებისთვის მიუღებელია, ახლის არჩევისას ეს მომენტი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება. ომბუდსმენი მთავარ მიღწევად ინსტიტუტისადმი ნდობის ამაღლებას და გაძლიერებას მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ როგორც ქვეყნისთვის, ასევე ომბუდსმენის აპარატისთვის გამოწვევები კვლავ რჩება.
რა გამოწვევებს უტოვებს მომავალ სახალხო დამცველს, რომელ სტრუქტურებს მიიჩნევს ქვეყნის მთავარ პრობლემად, სად აპირებს მოღვაწეობის გაგრძელებას და რატომ ფიქრობს, რომ ხელისუფლება ლოიალურად განწყობილ სახალხო დამცველს ეძებს, „ინტერპრესნიუსი“ უჩა ნანუაშვილს ესაუბრა.

- ბატონო უჩა, თქვენი საქმიანობის შეფასებით რომ დავიწყოთ. რა გამოწვევები დაგხვდათ, რას გაუმკლავდით ამ 5 წლის მანძილზე?
- ამ 5 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა სახალხო დამცველის აპარატში. შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ მთელი რიგი საკითხები უკვე პრაქტიკაშიც მოქმედებს და გამოყენებულია, მათ შორის ინსტიტუციური განვითარების კუთხითაც. მე რომ მოვედი, 52 თანამშრომელი დამხვდა, დღეს 150-ზე მეტი გვყავს. ეს რიცხვი მეტყველებს იმაზე, რომ არა მხოლოდ რაოდენობაა გაზრდილი, არამედ მიმართულებებიც, რაზეც სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს. რამდენიმე ახალი მანდატიც დაგვემატა რეგიონებში, ჩვენი მიმართულება გაფართოვდა. დიდი იყო მოთხოვნა აპარატის მიმართ საზოგადოების მხრიდან, ასევე იყო განსხვავებული პოლიტიკური ვითარება, რამაც ხელი შეუწყო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პოზიტიურ განწყობებს. თუნდაც დაფინანსების გაზრდის კუთხით, რასაც ჩვენ მივაღწიეთ. თუმცა, გამოწვევებიც არაერთია. საზოგადოებაში იყო არასწორი წარმოდგენები შექმნილი, ყველა საკითხზე ხდებოდა და ნაწილობრივ დღესაც ხდება სახალხო დამცველის აპარატთან დაკავშირება. ეს გამოწვევაა.

- რისი ბრალია ეს?
- გარკვეული სტრუქტურები სახელმწიფოში ვერ მუშაობენ ეფექტურად, რის გამოც, გვიწევს ძალიან ბევრ კითხვას ჩვენ გავცეთ პასუხი. ბევრი საჩივარი, რომელიც სხვა მიმართულებით უნდა იყოს, იმის გამო, რომ იმ უწყებაში არ ხდება რეაგირება, ჩვენთან მოდის. გასულ წელს 8 800-ზე მეტი საჩივარი იყო შემოსული. სასამართლოსთვის მიმართვას საზოგადოების ნაწილი ამჯობინებს სახალხო დამცველს მიმართოს. ეს საკითხიც შესწავლას საჭიროებს. ჩვენ ვეცადეთ, რომ აპარატი ყოველმხრივ განვითარებული იყოს ყველა მიმართულებით. შეიძლება ითქვას, რომ სტრუქტურა მუშაობს. გვეხმარება ისიც, რომ ბოლო ორი წელია ცხელი ხაზი მუშაობს ჩვენს აპარატში. ამის საჭიროება დავინახეთ პრევენციისთვის და ეფექტურად ფუნქციონირებს. ნებისმიერ მოქალაქეს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, უქმე დღეებში შეუძლიათ დააფიქსირონ თავიანთი პრობლემის შესახებ ინფორმაცია. შემდეგ მობილური ჯგუფების მეშვეობით ვახდენთ რეაგირებას. გასულ წელს 2559 ზარი, ხოლო წელს, მხოლოდ 9 თვეში 3679 ზარი შემოვიდა. 2014 წლიდან ჩვენი მანდატი გაფართოვდა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის მონიტორინგიც ჩვენი მანდატის ქვეშ მოიაზრება. გაეროს შშმ პირთა დაცვის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, სახალხო დამცველი უწევს მონიტორინგს ამ პროცესს ქვეყანაში. 2015 წლიდან ფუნქციონირებს სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც თავდაცვის სამინისტროში ადამიანის უფლებებზე - წვევამდელების, ვეტერანების უფლებებზე აქტიურად მუშაობს. ასევე, პირველი ინსტიტუტი ვიყავით, სადაც სპეციალური განყოფილება შეიქმნა გენდერული თანასწორობის მიმართულებით. აუცილებლად უნდა ვთქვა გარკვეულ თემებზე, რომლებზეც იყო ხელისუფლების მხარდაჭერა, თუნდაც ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგია მივიღეთ 3 წლის წინ, რომელიც სახალხო დამცველის ინიციატივა იყო. დღეს ეს 7 წლიანი სტრატეგია არსებობს და სამოქმედო გეგმებიც გვაქვს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. ასევე, სახალხო დამცველს უფლება აქვს უკვე მიიღოს იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობაში; შეგვიძლია წარმომადგენელი გვყავდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში; დაიწყო პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღება, რომელიც მანამდე დაუშვებელი იყო. ბევრი ცვლილება განხორციელდა და ეს ცვლილებები თავისით არ მოსულა. ამაში ჩვენი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. იგივე შემიძლია ვთქვა სპეცანგარიშებთან მიმართებაშიც. არა მხოლოდ საპარლამენტო ანგარიშის წარდგენა ხდება ახლა, როგორც წლების განმავლოაბში ხდებოდა, არამედ, სპეციალური ანგარიშებიც ქვეყნდება. იყო წლები, როდესაც 18-19 სპეციალური ანგარიშიც მოვამზადეთ. მიმდინარე წელსაც რამდენიმე ასეთი ანგარიში მომზადდა, რომელსაც გარკვეული ვნებათაღელვა მოჰყვა. იგივე სკოლებში ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც სულ ახლახანს გამოიცა. როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც თავის გადაწყვეტილებებში ძალიან ხშირად იყენებს სახლხო დამცველის ანგარიშებს.

- რა გამოწვევები რჩება სახალხო დამცველის ინსტიტუტისთვის, რისი გაკეთებაც ამ 5 წლის განმავლობაში ვერ მოახერხეთ?
- ბევრი რამ დამოკიდებულია უშუალოდ იმაზე, თუ ვინ იქნება სახალხო დამცველი. საკანონმდებლო ჩარჩო, ასე თუ ისე, ნორმალურია. არის იმის საშუალება, რომ ინსტიტუტმა დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს, კიდევ უფრო განვითარდეს როგორც ქვეყანაში, ასევე საერთაშორისო დონეზე. მოვახერხეთ და გავაკეთეთ ის, რომ სახალხო დამცველი წარმოდგენილია საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამას ისიც ემატება, რომ გაეროს მიერ აღიარებული უმაღლესი A სტატუსი გვაქვს პარიზის პრინციპების თანახმად, რომელიც გვაძლევს საშუალებას საერთაშორისო ორანიზაციების საქმიანობაში ვიყოთ აქტიურად ჩართული. ასევე ვართ ომბუდსმენთა გლობალური ალიანსის ბიუროს წევრი. ევროპიდან საქართველო, გერმანიის ფინეთის და ხორვატიის ომბუდსმენებთან ერთად ევროპის რეგიონს წარმოვადგენთ. მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის ის ხარისხი იყოს შენარჩუნებული, რაც ინსტიტუტს აქვს მოპოვებული. ინსტიტუტი უნდა იყოს მაქსიმალურად კრიტიკული ნებისმიერი ხელისუფლების მიმართ. ეს არის ის მანდატი, რომელიც სახალხო დამცველს გააჩნია. ვეცადეთ, არა ერთ, ორ ან სამ უფლებაზე ვყოფილიყავით კონცენტრირებული, არამედ, ყველა თემაზე, საკითხზე ადამიანის უფლებების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს ყყველა ამ უფლებაზე კონცენტრირება და არ იყოს შერჩეული მიმართულებები და თემები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს ის მონიტორინგი, ჩართულობა პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობაში, ისევე, როგორც თანასწორობის დეპარტამენტის საქმიანობა, რომელიც დისკრიმინაციის მიმართულებით მუშაობს. ასევე, უსაფრთხოების მუშაობის მონიტორინგი. ვფიქრობ, სახალხო დამცველის საქმიანობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას საჭიროებს, რადგან ჩვენ კონკრეტული შედეგები დავინახეთ კონკრეტული მიმართულებით ამ რამდენიმე წლის განმავლობაში. არაერთი შეხვედრა, დიალოგი გვქონდა აფხაზურ ორგანიზაციებთან, რომელიც 3 წლის წინ დაიწყო. ეს მანდატი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე; ხელი შეეწყოს ნდობის აღდგენის პროგრამებს. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ყველგან ვიყავით, სადაც სახალხო დამცველის საჭიროება იყო. ამის გამო ჩვენ ხშირად კრიტიკასაც ვიმსახურებდით, მაგრამ სწორედ ასეთი მუშაობით ხელი შევუწყვეთ იმას, რომ გარემო შეცვლილია და დარღვევები ნაკლებია ადამიანის უფლებების მიმართულებით. ვიდრე ეს წინა წლებში იყო.

- თქვენგან ყველაზე ხშირად კრიტიკა სამართალდამცავი უწყებების მისამართით ისმის. რა ხარვეზები იკვეთება მათ მუშაობაში?
- რაღაც სფეროებში არის პროგრესი და ამას ანგარიშებშიც აღვნიშნავთ, მაგრამ არის სფეროები, სადაც სისტემური პრობლემებია და სისტემური მიდგომა სჭირდება. თუნდაც არასათანადო მოპყრობის, წამების, ძალის გადამეტების ფაქტებზე აუცილებელია ცალკე დამოუკიდებელი ინსტიტუციის შექმნა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის სახით. ეს პრობლემა იყო წარსულშიც და ხელისუფლების შეცვლიდან 5 წლის შემდეგაც ასეთ ფაქტებზე ვსაუბრობთ. ეს არის რეალობა, ჩვენ არ ვიგონებთ. სახალხო დამცველი ბოლო 3 წლის განმავლობაში ძალის გადამეტების 60 ფაქტზე საუბრობდა, სადაც არასათანადო მოპყრობას, წამებას ჰქონდა ადგილი პოლიციის ან სასჯელაღსრულების თანამშრომელთა მხრიდან. ეს არის საქმეები, სადაც მხოლოდ პატიმრის განცხადება კი არაა, არსებობს მტკიცებულებები, კონკრეტულ პირებს დაზიანებები ეტყობათ, არის სამედიცინო ჩანაწერები, არიან მოწმეები და გამძიება მაინც ვერ მთავრდება. შსს-ს, სასჯელაღსრულების, ან პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით ჩვენი კრიტიკა სწორედ ამ კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარეობს, რაც სამწუხაროდ, შენარჩუნებულია. ცალკე სფეროა სასამართლო, რომელზეც კრიტიკული შენიშვნები გვაქვს. იქაც არის მთელი რიგი გამოწვევები. ვფიქრობ, შსს, პროკურატურა, უსაფრთხოების სამსახური, სასამართლო რჩება ყველაზე სერიოზულ გამოწვევად ქვეყნისთვის. აღარ ვამბობ შრომის უსაფრთხოებას და აქ არსებულ მდგომარეობას. წლებია ვითხოვთ ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას და დღემდე არ შექმნილა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებაც პრობლემაა. ეს ის სფეროებია, სადაც მდგომარეობა კვლავ სერიოზული და მძიმეა.

- რა სჭირდება ამის მოგვარებას, არ არის სახელმწიფოს ნება, თუ არის კიდევ სხვა შემაფერხებელი გარემოებები?
- ეს არის სისტემური პრობლემა. სახელმწიფომ დაიწყო მუშაობა სამართალდამცავი ორგანოების, სასამართლოს რეფორმირებისთვის, მაგრამ ეს რეფორმები ბოლომდე არ მისულა. დაიწყო, შეჩერდა, მერე ისევ დაიწყო... იმისთვის, რომ საქართველოს სურდა ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირთან მეტად დაახლოება, ფორმალურად ეცადნენ საკითხების მოგვარებას და არა იმიტომ, რომ რეალური შედეგით იყო ვინმე დაინტერესებული. ამანაც გამოიწვია ის, რომ რეფორმები გვაქვს სანახევროდ გაკეთებული; იმისთვის, რომ რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის თვალში გამოჩენილიყო, თითქოს რაღაც გავაკეთეთ. სწორედ ამიტომ გვაქვს ეს შედეგი. შესაძლებელია სურვილი იყო, ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ეს არ იყო სრულყოფილი და შედეგიც ამიტომ არ გვაქვს.

- შეიძლება ითქვას, რომ ამ პრობლემების გამოძახილია თქვენი რეკომენდაციებიც? რომელი უწყებები ითვალისწინებენ ყველზე ნაკლებად ამ რეკომენდაციებს?

- შეგვიძლია გამოვყოთ ის სტრუქტურები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ჩვენს რეკომენდაციებს, იმის გამო, რომ სწორედ ამ სტრუქტურებშია პრობლემები. მეორე საკითხია, რას ჩავთვლით ჩვენ რეკომენდაციის შესრულებად. როდესაც სახალხო დამცველი მიმართავს საგამოძიებო უწყებას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ეს უწყება იწყებს გამოძიებას და ამას თვლის რეკომენდაციის შესრულებად; სინამდვილეში ეს ასე არ არის. რეკომენდაციის შესრულება იქნება გამოძიების ბოლომდე მიყვანა და კონკრეტული შედეგის დადება, მაგრამ შედეგი არ არის. ძირითადად მაინც შსს, პროკურატურა, უსაფრთხოების სამსახური არიან ის უწყებები, რომლებიც ნაკლებად იზიარებენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.

- რა ბერკეტი აქვს სახალხო დამცველს ამ შემთხვევაში? თუ იყენებთ საერთაშორისო დონეზე თქვენს მანდატს, რომ არა მარტო ქვეყნის შიგნით, გარეთაც იცოდნენ ამ პრობლემების შესახებ?
- რა თქმა უნდა, საქმის კურსში ვაყენებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს თუ რა პრობლემებია ქვეყანაში, რა ვალდებულებები არ სრულდება სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. ასევე, მნიშვნელოვანია, საზოგადოების ინფორმირებულობა და ჩართულობაც. გასულ წელს 414 საჯარო განცხადება გავაკეთეთ. ამით ვეცადეთ მედია და საზოგადოება ინფორმირებული ყოფილიყო ამ საქმეებზე. გვაქვს შედეგები, როდესაც ასეთი აქტიურობით შედეგებისთვის მიგვიღწევია. ამის გამო დავგეგმეთ საინფორმაციო კამპანიები მიმდინარე წელს, სადაც დავინახეთ, რომ სერიოზული პრობლემა იყო. მაგალითად, „საზოგადოება წამების წინააღმდეგ“, ასევე შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დაწყებული კამპანია. ხშირად არ ხდება აღიარება, რომ ესა თუ ის საკითხი სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების გამო გვარდება, მაგრამ პრევენციის მექანიზმიც სწორედ ეს არის, რომ ჩვენი რეკომენდაციის შემდეგ იგივე პრობლემა აღარ განმეორდეს. აქტიურობას ყოველთვის აქვს აზრი.

- ბოლო პერიოდის გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებითაც მინდა გკითხოთ, მათ შორის „ციანიდის საქმე“, აფგან მუხთარლის და ჩაბუქის საქმეები. ამ საქმეების შეჯამება რომ გააკეთოთ, რა პრობლემები რჩება და ვის აკისრებთ პასუხისმგებლობას?
- საზოგადოებრივი მონიტორინგის კუთხით არის სერიოზული პრობლემები შსს-ს, პროკურატურის, უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის მიმართულებით. საპარლამენტო კონტროლიც მინიმალურია. პარლამენტს რომ ჰქონდეს გავლენა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ესეც პრობლემაა. მაინც მივდივართ იქამდე, რომ სისტემურ პრობლემებთან გვაქვს საქმე. რომ არსებობდეს ქვეყანში სამართალდამცავი ორგანოების სერიოზული მონიტორინგი, ეს პრობლემა არ იქნებოდა. თუნდაც, მუხთარლის საქმე ავიღოთ, რომელზეც მთელი მსოფლიო საუბრობს; ეს საქმე აჩვენებს იმას, რომ გარკვეული ხარვეზები ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებში არსებობს, რეალურად არანაირი სივრცე არ არის იმისთვის, რომ მონიტორინგი განხორციელდეს ამ უწყებებში. თუნდაც, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელზეც 4 წელია ვსაუბრობთ, რომ უნდა იყოს ცალკე სტრუქტურა ინტერესთა კონფლიქტის გამოსარიცხად, რომ პოლიციელს არ უხდებოდეს პოლიციელის დანაშაულზე რეაგირება, ასეთი არაერთი საქმე გვქონია. ჩვენი რეკომენდაციები ასეთ საქმეებზე არა ერთი კონკრეტული პირის პრობლემის გადასაწყვეტად, არამედ სისტემის შესაცვლელად იყო გაცემული, რომ მომავალში პრევენციული დატვირთვაც ჰქონდეს. თუმცა, ეს რეკომენდაციები არ შესრულებულა და ჩვენ აქ ვხედავთ, რომ ამიტომაც არის ასეთი პრობლემები ამ საქმეებში და არა მარტო „ციანიდის საქმეში, მუხთარლის ან ჩაბუქის საქმეებში, ასევე, „კაბელების საქმეზეც“, „რუსთავი 2“-ის საქმეზე, ე.წ. „მოსმენების“ თემაზე და ა.შ. უნდა იყოს სპეციალური მექანიზმი, რომელიც დაგვაზღვევს მომავალში მსგავსი დარღვევებისგან. ეს უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყდეს. პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. ჩვენ მხოლოდ იმიტომ არ უნდა გავაკეთოთ საქმეები, რომ იმიჯს გავუფრთხილდეთ საერთაშორისო დონეზე, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფოს აქვს გარკვეული ვალდებულებები მოსახლეობის წინაშე. ანგარიშვალდებულების მომენტი კვლავ პრობლემურია.

- „ინტერპრესნიუსთან“ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ: „იმის რისკები ნამდვილად არსებობს, რომ ინსტიტუტმა დაკარგოს დამოუკიდებლობა და ნაკლებად კრიტიკული კანდიდატის შერჩევა მოხდეს. ხელისუფლება ცდილობს კომფორტული სახალხო დამცველი შეარჩიოს იმ ფონზე, რაც წლების განმავლობაში ჩვენგან კრიტიკის ნაკლებობა არ იყო“. რა საფრთხეებს ხედავთ და რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?
- როცა ვაკრიტიკებთ ხელისუფლების გარკვეულ ორგანოებს და ვერ ვიღებთ არგუმენტირებულ პასუხს, რა თქმა უნდა, გვიჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლება არ არის დაინტერესებული კრიტიკული სახალხო დამცველის არსებობით. როდესაც კონკრეტულ მოქალაქეს აქვს დაზიანებები სამართალდამცავების მხრიდან, ამის მტკიცებულებები არსებობს სამედიცინო ჩანაწერებით დაწყებული, სხვა მტკიცებულებებით დამთავრებული, ვითხოვთ გამოძიებას და შინაგან საქმეთა მინისტრი გვიწოდებს, რომ „კრიმინალების მხარდამჭერი“ უწყება ვართ, ეს ნათლად აჩენს, რომ ხელისუფლებას და მის გარკვეულ სტრუქტურებს არა აქვთ წარმოდგენა სახალხო დამცველის ინსტიტუტზე და მის დანიშნულებაზე. მათ უნდა ესმოდეთ, რომ მათ უწყებებში მომხდარი დარღვევები ჩვენთან მოდის, ვეხმარებით მათ, რომ საზოგადოების ნდობა მათ მიმართ აღდგეს. ეს საბოლოოდ მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტების ნდობის გამყარებისკენ. სამწუხაროდ, ეს ბევრს არ ესმის. ასეთი განცხადებები ერთი და ორი არ ყოფილა, ბევრი იყო და ბოლო ერთ წლის განმავლობაში კამპანიური სახეც კი მიიღო, ამიტომ კრიტიკული სახალხო დამცველი ხელისუფლებისთვის მიუღებელია. ვვარაუდობ, რომ სახალხო დამცველის არჩევის პროცესში ეს მომენტი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, რომ ხელისუფლებამ მაქსიმალურად ლოიალური კანდიდატი შეარჩიოს.

- თქვენი აზრით, რას ემსახურება ცვლილება, რომ სახალხო დამცველი მხოლოდ ერთი, 6 წლის ვადით აირჩიონ?
- ვადა ვენეციის კომისიის მოთხოვნის შემდეგ გაიზარდა. და როდესაც დავსვით კითხვები, რატომ ხდებოდა შეზღუდვა და რატომ უნდა არჩეულიყო სახალხო დამცველი ერთი ვადით, პასუხი ვერ მივიღეთ. ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს მხოლოდ სუბიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე იყო.

- რა სუბიექტური ფაქტორი იყო და ვისი მხრიდან?
- ეს ცვლილებები მიმართული იყო ორი ინსტიტუტის დასასუსტებლად – პრეზიდენტის ინსტიტუტის და მეორეა სახალხო დამცველი. ეს დამოუკიდებელი ინსტიტუტები ქვეყანაში დღემდე არსებობენ, უმრავლესობისგან განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებდნენ ძალიან ბევრ საკითხზე და კანონის შესაბამისად მოქმედებდნენ. შორს ვართ დიქტატურისგან, თუმცა ის, რომ ძალაუფლების კონცენტრაციისკენ მივდივართ, მედიაში განვითარებული მოვლენებიც ამას მოწმობს, რომელიც გარკვეულწილად საგანგაშოა.

- ამბობთ, რომ ქვეყნისთვის რამდენიმე მიმართულებით გამოწვევები კვლავ რჩება, ამ საკითხებზე მომავალმა სახალხო დამცველმაც უნდა იმუშაოს. თქვენი აზრით, ვინ იქნება კარგი სახალხო დამცველი? გყავთ თქვენი კანდიდატი? და მეორე ვადით თქვენს არჩევას გამორიცხავთ?
- რომ არ ვყოფილიყავი კრიტიკული სახალხო დამცველი ესეც შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ახლა არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, სახალხო დამცველი პრინციპული, მაქსიმალურად სახალხო უნდა იყოს. მნიშვნელოვანია მომდევნო სახალხო დამცველი იყოს ადამიანს უფლებებზე მომუშავე, პრინციპული პირი, რომელსაც გარკვეული მხარდაჭერა დამოუკიდებელი აქტორებისგანაც ჰქონდეს, მათ შორის სამოქალაქო სექტორისგანაც. თუ ეს არ იქნება და იქნება სამთავრობო კანდიდატი, ეს იქნება ძალიან ცუდი და წამგებიანი ამ ინსტიტუტისთვის.

- თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?
- სახალხო დამცველად არჩევამდე 16 წელი ამ სფეროში ვმუშაობდი, ბოლო 5 წელი ადამიანის უფლებებზე ვმუშაობდი სახალხო დამცველად და კვლავ ვაპირებ გავაგვრძელო ამ სფეროში მუშაობა. ბევრი რამ არის გასაკეთებელი, სად ვიქნები არა აქვს მნიშვნელობა. მე იმდენად ვარ დაკავებული ყოველდღიური საქმიანობით, არა მაქვს დრო, თუნდაც მომავალი დავგეგმო.

თამთა კაკაურიძე
„ინტერპრესნიუსი“

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები