არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
23-07-2018
ზაალ ანჯაფარიძე - ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სისტემა და დამყაყებული პოლიტელიტა დარჩეს და რაც შეიძლება დიდი ხნით
11:15 07-11-2017
ზაალ ანჯაფარიძე - ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სისტემა და დამყაყებული პოლიტელიტა დარჩეს და რაც შეიძლება დიდი ხნით საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” დამოუკიდებელ ექსპერტს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, ყოველდღიურობა უამრავ აქტუალურ თემას გვთავაზობს განსჯისა და დაფიქრებისათვის. ზოგი მათგანი აშკარად გაზვიადებულს ჰგავს, ზოგიც ზედმეტადაც გააქტუალებულს. მხედველობაში მაქვს ერთ შემთხვევაში ნუცუბიძეზე მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივ გულგრილობაზე საუბარი, ხოლო მეორე შემთხვევაში ფეხბურთელ გურამ კაშიას მიერ ლგბტ-ის მიმართ სოლიდარობის აქციაში მონაწილეობა.
მესმის, რომ ეს ორივე შემთხვევა ერთმანეთისგან თვისობრივად მნიშვნელოვნად განსხვავდება, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით ხსენებულ შემთხვევებზე ქართული საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან ყურადღების გადატანის თუ ყურადღების გამახვილების მცდელობებს?
- საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ, რომ ჩვენს საზოაგდოებაში ღირებულებებისა და მსოფლმხედველობების პლურალიზმია და მათ მატარებლებს შორის აქტიური და ცხარე დებატები მიმდინარეობს გნებავთ მედია სივრცეში, გნებავთ მის გარეთ. ეს, ჩემი აზრით, ჯანსაღი პროცესია, რადგანაც პლურალიზმი დემოკრატიის ერთ-ერთი დედაბოძია სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასთან და სხვა ფუნდამენტალურ პრინციპებთან ერთად.
სწორედ აზრთა და პოზიციათა ჭიდილი აძლევს საზოგადოებას საშუალებას გააკეთოს მისთვის მისაღები არჩევანი

სწორედ ეს აზრთა და პოზიციათა ჭიდილი აძლევს საზოგადოებას საშუალებას გააკეთოს მისთვის მისაღები არჩევანი. რა თქმა უნდა, ეს პროცესი კანონის და ეთიკის ფარგლებში უნდა მიმდინარეობდეს და ნებისმიერი გადახვევა კანონით გათვალისწინებული ზომებით უნდა აღიკვეთოს
ჩვენ, როგორც დემოკრატიის ჯერ კიდევ საკმაოდ მწირი გამოცდილების მქონე ქვეყანა ჯერაც გარდამავალ სტადიაში ვიმყოფებით. ეხლა გავდივართ იმ რთულ და მტკივნეულ პერიოდს, რომელმაც საბოლოოდ პლურალისტული დემოკრატიის დამკვიდრებამდე უნდა მიგვიყვანოს.
ამ ფონზე მით უფრო უცნაურია და მიუღებელი, როდესაც პლურალიზმის და საპირისპირო აზრის გავრცელების წინააღმდეგ ხშირად გამოდიან ისინი, რომლებიც თავს დემოკრატიის ადეპტებად და დასავლური ღირებულებების მიმდევრებად ასაღებენ.
- რამდენიმე კვირა მსოფლიო და ჩვენც ყურადღებით ვადევნებდით თვალს კატალონიაში განვითარებულ მოვლენებს. მოგეხსენებათ, კატალონიის ირგვლივ მოვლენები საკმაოდ სწრაფად განვითარდა. თქვენი აზრით, ჩვენთვის სავარაუდოდ როგორ გამოიყურება ესპანურ-კატალონიური გაკვეთილი?
- ჩვენთვის ესპანურ-კატალონიური გაკვეთილი არ მგონია რამე გაკვეთილად გამოდგეს, რადგანაც იქ სრულიად განსხვავებული სიტუაციაა. თუმცა, გარკვეული მომენტების გათვალისწინება შეიძლება. მაგალითად, თუნდაც იმის, რომ ესპანეთის მთავრობამ არ იჩქარა ძალისმიერი მეთოდების გამოყენება და სამართლებრივი გზით დაიწყო პრობლემის მოგვარება.
კატალონიური გაკვეთილიდან გასათვალისწინებელია ის, რომ ესპანეთის მთავრობამ არ იჩქარა ძალისმიერი მეთოდების გამოყენება და სამართლებრივი გზით დაიწყო პრობლემის მოგვარება

მეორე გასათვალისწინებელი მომენტია ის, რომ კატალონიელთა სეპარატისტული მოძრაობა არ გადაიზარდა აგრესიულ სეპარატიზმში, როგორც ეს ჩვენთან მოხდა, ხოლო კატალონიის ადგილობრივ ხელმძღვანელობას არ მოუწოდებია შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისათვის.
- ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგების თემაზე უამრავი აზრი კი გამოითქვა, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, იგი მაინც საინტერესო თემად რჩება.
თქვენ როგორ შეაფასებდით ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ რეალობას? ვგულისხმობ მმართველი გუნდის მიერ ყველა დონეზე დომინირებას, პოლიტიკურ ძალთა რანჟირების ახალ ვერსიას, თუნდაც იმას, რომ თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალექსანდრე ელისაშვილს მრავალწლიანი გამოცდილების პარტიებზე უკეთესი შედეგი ჰქონდა...

- ადგილობრივი არჩევნების შედეგებს პოლიტიკური რეალობა და პოლიტიკურ ძალთა რანჟირება არ შეუცვლია. შედეგები დაახლოებით ისეთია, რასაც სოციოლოგიური გამოკითხვები პროგნოზირებდნენ.
მაგალითისთვის ავიღოთ თბილისის საკრებულო, სადაც წარმომადგენლობა ეყოლებათ მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში არიან წარმოდგენილი. ელისაშვილის შედეგი არის საზოგადოების მიერ საკუთარი წიაღიდან წამოწეული და მხარდაჭერილი ლიდერის ტიპიური შემთხვევა და სწორედ ამ ტენდენციის გაძლიერება უნდა გახდეს ჩვენი კრიზისში მყოფი პოლიტიკური ელიტის გაჯანსაღების და გაუმჯობესების ერთ-ერთი საშუალება.
თუ გვინდა, რომ ეს მოხდეს და დარწმუნებული ვარ ბევრს უნდა, მაშინ ეს რაღაცნაირად უნდა აისახოს კონსტიტუციაშიც და იმ საკანონმდებლო გარემოზეც, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებას და პოლიტიკურ სისტემას არეგულირებს.
გადავდივართ არჩევნების მთლიანად პროპორციულ სისტემაზე, რომელიც ქვეყანაში ფაქტობრივად ამყარებს პარტოკრატიას და დამოუკიდებელ, უპარტიო კანდიდატებს უსპობს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას

ამ დროს კი ჩვენთან რა ხდება? ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სისტემა და დამყაყებული პოლიტელიტა დარჩეს და რაც შეიძლება დიდი ხნით. გადავდივართ არჩევნების მთლიანად პროპორციულ სისტემაზე, რომელიც ქვეყანაში ფაქტობრივად ამყარებს პარტოკრატიას და დამოუკიდებელ, უპარტიო კანდიდატებს უსპობს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას. როგორ ფიქრობთ, მიიღებდა ელისაშვილი იმდენ ხმას, რომელიმე პოლიტიკური პარტიის კანდიდატი რომ ყოფილიყო?! არადა, რამდენიმე პოლიტიკურ პარტიას სურდა ეს.
- თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თიანეთის ადგილობრივ არჩევნებში ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ყოფილმა სახემ თამაზ მეჭიაურმა გაიმარჯვა. როგორც ”ქართული ოცნებისა” და ზაქარია ქუცნაშვილის პროტეჟემ განაცხადა, იგი სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. თუ ოპოზიციის მტკიცება, რომ ხელისუფლებლებამ არჩევნები გააყალბა სიმართლეს შეესაბამება, თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ მმართველი გუნდი შეეგუა თიანეთში ”ქართული ოცნების” დამარცხებას და სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი გამორჩეული სახის ზ. ქუცნაშვილის დამარცხება?
- არ მგონია თიანეთში მეჭიაურის გამარჯვებამ „ქართულ ოცნებას“ ამ რეგიონში რამე სერიოზული პრობლემა შეუქმნას, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მეჭიაურს მმართველ პარტიასთან ხიდები არ დაუწვავს და შესაძლოა პარტია მას არც კი განიხილავს ოპონენტად.
პრობლემები შეიძლება შეექმნას ბატონ ქუცნაშვილს, რეგიონში მისი გავლენების შესუსტების კუთხით. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ხმების დათვლის და ბიულეტენების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, სრული სურათი მაინც ვერ მივიღეთ.
საზოგადოებრივი აზრი და კონიუნქტურა აშკარად მეჭიაურის, როგორც ერთგვარად უსამართლოდ ჩაგრულის მხარეზე აღმოჩნდა. „ქართული ოცნებისათვის“ კი წამგებიანი იქნებოდა ამ კონიუნქტურის წინააღმდეგ წასვლა

თუმცა, საზოგადოებრივი აზრი და კონიუნქტურა აშკარად მეჭიაურის, როგორც ერთგვარად უსამართლოდ ჩაგრულის მხარეზე აღმოჩნდა. „ქართული ოცნებისათვის“ კი წამგებიანი იქნებოდა ამ კონიუნქტურის წინააღმდეგ წასვლა.
მთავარი კი მაინც ის არის, რომ ქუცნაშვილ-მეჭიაურის დაპირისპირებამ მოგვცა კიდევ ერთი შესაძლებლობა დაგვენახა თუ რა პოლიტიკური კულტურა გვაქვს ქვეყანაში. ამ მხრივ კი მდგომარეობა მართლაც სავალალოა.
- პრაქტიკულად გამართლდა პოლიტოლოგისა და კონსტიტუციონალისტის ვახტანგ ძაბირაძის მოსაზრება, რომ 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ”ქართულ ოცნებას” პარტიის სახით არ ჰყავდა ორგანიზებული და ძლიერი ოპონენტი. სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც რომ თავი დავანებოთ, ჩვენ ჩვენივე გამოცდილებიდან ვიცით, ოპოზიციის სისუსტის პირობებში მმართველ ძალაში წარმოიშობა ხოლმე ხელისუფლების ძლიერი პოლიტიკური ოპონენტი.
თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მომავალი არჩევნებისთვის ”ქართულ ოცნებაში” გაჩნდეს ხელისუფლების ძლიერი ოპონენტი?

- „ქართულ ოცნებას“ რომ ამ არჩევნებზე ძლიერი ოპონენტი არ ჰყავდა, ამას აჩვენებდა არჩევნების წინ ჩატარებული ყველა სოციოლოგიური გამოკითხვა და პარტიული რეიტინგები, სადაც მმართველ პარტიას თითქმის ორმაგი უპირატესობა ჰქონდა.
მმართველი ძალის წიაღში რომ ძლიერი ოპოზიცია გაჩნდეს, ამისათვის ძლიერი და ქარიზმული პოლიტიკოსები უნდა იყვნენ იქ და მათ უნდა ჰქონდეთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური კაპიტალი. ასევე სერიოზული კავშირები და მხარდაჭერა დასავლეთის წრეებთან. მაგალითად, ”მოქალაქეთა კავშირში” ასეთები იყვნენ ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე და მიხეილ სააკაშვილი. „ნაცმოძრაობაში“ ამის მცდელობა ჰქონდა ოქრუაშვილს. „ქართულ ოცნებაში“, მისი პოლიტიკური სპეციფიკიდან და პერსონალური შემადგენლობიდან გამომდინარე, მე ჯერჯერობით ასეთ ძალას ვერ ვხედავ, შესაბამისად, ალბათობაც მცირეა.
- დამკვირვებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გარკვეული გადაჯგუფებებია მოსალოდნელი ოპოზიციაში. ქართული პოლიტიკის სამზარეულოს საკმაოდ კარგად მცოდნე პრეტენზიების მქონე ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბევრი თვალსაზრისით პოლიტიკური სიურპრიზებია მოსალოდნელი. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა გადაჯგუფეფებია მოსალოდნელი არჩევნების შემდეგ ოპოზიციურ პარტიებში და იმის გათვალისწინებით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდეც არც ისე დიდი დროა დარჩენილი, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რა პოლიტიკური სიურპრიზების მომსწრე შეიძლება გავხდეთ?
- პოლიტიკური სიურპრიზები დიდწილად ამ სიურპრიზების ავტორებზე ანუ „ადამიანურ ფაქტორზეა“ დამოკიდებული. ჩვენ გვინახავს როგორც წარმატებული, ასევე წარუმატებელი პოლიტიკური სიურპრიზები. მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა სიურპრიზი იყო და ის წარმატებული აღმოჩნდა. თუმცა, ასევე ვიხილეთ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში შემოსვლის სიურპრიზის საკმაოდ უბადრუკი დასასრული.
ამჟამად პოლიტიკურ ასპარეზზე მყოფი პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერებისგან სიურპრიზის ალბათობა მცირეა. სიურპრიზი უფრო შეიძლება შემოგვთავაზონ მათ, ვინც აპირებს პოლიტიკაში მოსვლას ან პირველად მოუსინჯა კბილი პოლიტიკას. ასეთი პიროვნებები არიან, თუმცა კონკრეტიკისგან ამჟამად თავს შევიკავებ.
ამჟამად პოლიტიკურ ასპარეზზე მყოფი პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერებისგან სიურპრიზის ალბათობა მცირეა

რაც შეეხება ოპოზიციაში გადაჯგუფებებს, ჩვენთან ეს პროცესი უკვე ორი ათეული წელია პერმანენტულად მიდის და მხოლოდ ორჯერ ჰქონდა სერიოზული ზეგავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ერთხელ 2003 წელს, როდესაც „ვარდების რევოლუცია“ მოახდინა და მეორეჯერ 2012 წელს, როდესაც ამ რევოლუციით მოსული ხელისუფლება მშვიდობიანად შეცვალა.
რა თქმა უნდა, საპრეზიდენტო კანდიდატების ირგვლივ მოხდება პოლიტიკური ძალების კონცენტრაცია. ვინაიდან ჯერ სავარაუდო კანდიდატებიც კი არ ვიცით, პროგნოზი იმაზე თუ ვინ ვისთან დაჯგუფდება, ვფიქრობ ნაადრევია.
- ვინაიდან, როგორც ჩანს, ყოფილი ექსპრემიერისა და შსს ექსმინისტრ ვანო მერაბიშვილის ციხიდან ვადაზე ადრე გამოსვლა, სავარაუდოდ, მხოლოდ დროის საკითხია, ახლა აქტიურად განიხილება ის, ციხიდან გამოსული ვანო მერაბიშვილი ”ნაციონალებს” ანუ მიხეილ სააკაშვილს გუნდს შეუერთდება თუ მათგან გამიჯნულ ”ევროპელ დემოკრატებს”. თქვენი აზრით, რომელ გუნდში აღმოჩნდება ციხიდან გამოსული ვანო მერაბიშვილი?
- ჩემი შეფასებით, ვანო მერაბიშვილი, მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, როგორც პოლიტიკოსი, განულებულია. პოლიტიკური თუ მორალური კუთხით, ის ვერ გააძლიერებს ვერც „ნაცმოძრაობას“ და მით უმეტეს ვერც „ევროპულ საქართველოს“, რომელიც ცდილობს მის „ნაციონალურ“ წარსულს გაემიჯნოს.
მერაბიშვილი, როგორც პოლიტიკოსი, განულებულია. პოლიტიკური თუ მორალური კუთხით ის ვერ გააძლიერებს ვერც „ნაცმოძრაობას“ და მით უმეტეს ვერც „ევროპულ საქართველოს,“ რომელიც ცდილობს მის „ნაციონალურ“ წარსულს გაემიჯნოს

მერაბიშვილის მთავარი აქტივი მისი ინფორმირებულობაა. პირადად ჩემთვის, მისი ფიგურა უფრო ამ კუთხით არის საინტერესო. ის გახლავთ დიდძალი და საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი ძალიან ბევრ მნიშვნელოვან მოვლენასა და ადამიანზე. ვფიქრობ, სწორედ ამ აქტივზე დაყრდნობით შეეცდება ის პოლიტიკურ ველზე ადგილის დამკვიდრებას.
- გავრცელდა ცნობა, რომ თბილისის მერი კახა კალაძე თავისი მოვალეობის შესრულებამდე მერიაში აუდიტის მოწვევას გეგმავს. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, რას შეიძლება იგი ნიშნავდეს? და კიდევ - რადგან ახლა აქტიურად განიხილება ის, თუ სად დაინიშნება ყოფილი მერი დავით ნარმანია, თქვენი ვარაუდით იგი აუდიტის მუშაობის დასრულებამდე დაინიშნება საპასუხისმგებლო თანამდებობაზე თუ შემდეგ?
- ეს იქნებოდა კალაძის თამამი, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება. ეს არის კარგი მენეჯმენტის გავრცელებული პრაქტიკა და ამავდროულად საზოგადოებრივი აზრის მის სასარგებლოს მობილიზებაზე გათვლილი ნაბიჯი, როდესაც ის აჩვენებს მზაობას არ გაექცეს პასუხისმგებლობას. კალაძეს, როგორც „ქართული ოცნების“ გუნდის წამყვან წევრს, უწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარება იმაზე, რაც ხდებოდა და ხდება ქვეყანაში, მით უმეტეს დედაქალაქში.
რაც შეეხება თავად აუდიტს, წესით, მერიაში აუდიტი უნდა ჩაატაროს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა. არის ეჭვი, ხომ არ მოხდება ისე, რომ აუდიტი რაღაცებს გამოავლენს, რაღაცებზე კი თვალს დახუჭავს?! აუდიტმა ეს ეჭვი უნდა გააქარწყლოს.
სხვათა შორის, დაინიშნება თუ არა ნარმანია თანამდებობაზე მერიაში აუდიტის ჩატარებამდე, ეს იქნება ერთგვარი ინდიკატორი, თუ როგორი შეიძლება გამოვიდეს აუდიტის დასკვნა.
დაინიშნება თუ არა ნარმანია თანამდებობაზე მერიაში აუდიტის ჩატარებამდე, ეს იქნება ერთგვარი ინდიკატორი, თუ როგორი შეიძლება გამოვიდეს აუდიტის დასკვნა
- აფხაზეთის ეკლესიის საკითხზე ქართულ-რუსული ეკლესიების სურვილს, რუსული და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობლივი კომისიის შექმნის შესახებ,  აფხაზურ საეკლესიო და საერო წრეებში გამოხმაურება მოჰყვა.
”აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის” ხელმძღვანელ დოროფეი დბარის მტკიცებით, ამ კომისიის მიზანია, რუსულმა ეკლესიამ ქართული ეკლესიისაგან მიიღოს თანხმობა აფხაზეთის ეპარქიაზე დე-ფაქტოდ რუსული ეკლესიის მმართველობაზე, რომლის დროსაც აფხაზეთის ეპარქია დე-იურედ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილად ჩაითვლება. მისივე მტკიცებით, იმის გამო, რომ ”აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიას” აფხაზურ საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერა აქვს, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს რუსული და ქართული ეკლესიების ერთობლივმა კომისიამ, მის აღსასრულებლად მექანიზმები აფხაზეთში არ არსებობს.
თქვენი დაკვირვებით, რამდენად საფუძვლიანია რუსულ-ქართული კომისიის შექმნის მიზნებზე არქიმანდრიტ დოროფეი დბარის მოსაზრებები და ამ თემაზე მის მიერ გამოთქმული ვარაუდები?

- რელიგიური საკითხების ექსპერტი არ გახლავართ და შესაბამისად, ამ თემის საეკლესიო კონტექსტში დეტალური განხილვისგან, ასევე არქიმანდრიტ დბარის მოსაზრებების შეფასებისგან თავს შევიკავებ. ერთი რამ კი შემიძლია ვთქვა, რომ ეს პრობლემა გუშინ და დღეს არ წამოჭრილა. ის ყოველთვის იდგა რუსულ-ქართული ურთიერთობების დღის წესრიგში.
ერთობლივი კომისიის შექმნაში იკითხება რუსეთის სურვილი მოახდინოს სიტუაციის დაკონსერვება

ჩემი ვარაუდით, რუსული მხარე ცდილობს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობები არ გაამწვავოს. ერთობლივი კომისიის შექმნაში იკითხება რუსეთის სურვილი მოახდინოს სიტუაციის დაკონსერვება. კომისია შეიძლება განუსაზღვრელი დროით არსებობდეს, მაგრამ პრობლემის გადაწყვეტა ვერ მოხდეს, რადგანაც, როგორც თავად აღნიშნეთ, აფხაზეთში მისი რეალიზაციის ინსტრუმენტები არ არსებობს.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები