არქივი
«« ნოემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7268
EUR
1 EUR
3.2176
RUB
100 RUB
4.5750
18-11-2017
ვახტანგ ძაბირაძე - მთავრობაში ცვლილებებს პოზიტიურ ნაბიჯად მივიჩნევდი, თუკი მას მოჰყვება ბიუროკრატიული აპარატის მნიშვნელოვანი შემცირება
13:53 14-11-2017
ვახტანგ ძაბირაძე - მთავრობაში ცვლილებებს პოზიტიურ ნაბიჯად მივიჩნევდი, თუკი მას მოჰყვება ბიუროკრატიული აპარატის მნიშვნელოვანი შემცირება საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი" პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, პრემიერ-მინისტრმა მთავრობაში საკმაოდ სერიოზული სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები დაანონსა. ცხადია, დაანონსებულ ცვლილებებს დრო დასჭირდება და როგორც ითქვა, იგი წლის ბოლომდე დასრულდება. ზოგი ამტკიცებს, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები სპონტანურ ხასიათს ატარებს, ზოგიც პირიქით.
თქვენ როგორ შეაფასებდით მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს?

- არაერთგზის მითქვამს, რომ ხელისუფლება საჭიროებს სრულ და ყოვლისმომცველ რეორგანიზაციას, რომ ქვეყანას უნდა ჰყავდეს „მცირე“ ხელისუფლება შესაბამისი ბიუროკრატიითა და ჩვენი რეალობიდან გამომდინარე გონივრული ანაზღაურებით, რომ ზოგადად საჭიროა ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების მოწესრიგება, რადგან, მიმაჩნია, - პოლიტიკური სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის სტაბილური განვითარება.
შს მინისტრად ინიშნება პირი, რომელსაც ძალოვან უწყებებში საქმიანობის გამოცდილება არა აქვს - იყო ბიზნესომბუდსმენი და შემდგომ მინისტრი, ხოლო ფინანსთა მინისტრად ინიშნება პირი, რომელსაც აქვს მხოლოდ სამეურნეო საქმიანობის გამოცდილება... ამგვარად დაკომპლექტებული კაბინეტი ვერ იქნება მობილური, რაც, პირველ რიგში, მის ეფექტურობაზე აისახება

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში მოხერხდებოდა პოლიტიკური ცხოვრების მოწესრიგება. სამწუხაროდ, მოლოდინი არ გამართლდა და ქვეყანას 2024 წლამდე იგივე პოლიტიკურ გარემოში მოუწევს ცხოვრება, როგორშიაც ვცხოვრობთ თუ, რა თქმა უნდა, იქამდე მშვიდობიანად მივაღწიეთ.
შესაბამისად, რაიმე მნიშვნელოვანი „გარღვევის“ მოლოდინი არ მაქვს. მიუხედავად ამისა, დაგეგმილ ცვლილებებს მაინც პოზიტიურ ნაბიჯად მივიჩნევდი, თუკი მას მოჰყვება ბიუროკრატიული აპარატის მნიშვნელოვანი შემცირება. თუმცა აქაც საჭიროა სიფრთხილე, რადგან ეს ადამიაანები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, ვიდრე ახალ სამსახურს იშოვნიდნენ, ერთი წლის მანძილზე მაინც, გამონაკლისის სახით, მათ უნდა შეუნარჩუნდეს არსებული ხელფასის - 70%.
ვფიქრობ, პრემიერმა პარლამენტში მთავრობის სტრუქტურული ცვლილების წარდგენის დროს უფრო დეტალურად უნდა განმარტოს, თუ რა მოლოდინები აქვს მას ამგვარი სტრუქტურული რეფორმის შემდეგ, რატომ იქნება მთავრობა უფრო მობილური, რამდენად შემცირდება ბიუროკრატიული აპარატი და როგორი იქნება ეკონომიკური ეფექტი.
- ზოგი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მისტირის, ზოგიც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭოს რომლის ნაცვლად საგანგებო სიტუაციათა სამსახური შეიქმნება, რომელსაც შსს-ს ყოფილი მინისტრი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს. ძალიან ბევრს ეკონომიკის მინისტრის შს სამინისტროს შეფად გადაყვანის პერსპექტივა აკვირვებს.
მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებზე პრემიერ-მინისტრის გაკეთებულმა განცხადებაში თქვენთვის რომელი იყო მოულოდნელი და თუ შეიძლება ასე ითვას, რომელმა გაგაკვირვათ?

- აღმასრულებელ ხელისუფლებასთან მიმართებაში ჩვენ მუდამ ვიდექით დილემის წინაშე - მინისტრი უნდა ყოფილიყო მის დარგში პოლიტიკის გამტარებელი და, შესაბამისად, პოლიტიკოსი თუ მინისტრი უნდა ყოფილიყო იმ დარგის სპეციალისტი, რომელსაც ხელმძღვანელობს და ექნებოდა თუ არა პოლიტიკური გამოცდილება, მნიშვნელობა არ უნდა ჰქონოდა!
სამწუხაროდ, ეს „გაორებული“ მიდგომა ვერც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ გადაჭრა. ამის დასტურია დღევანდელი გადაადგილებებიც - შს მინისტრად ინიშნება პირი, რომელსაც ძალოვან უწყებებში საქმიანობის გამოცდილება არა აქვს - იყო ბიზნესომბუდსმენი და შემდგომ მინისტრი, ხოლო ფინანსთა მინისტრად ინიშნება პირი, რომელსაც აქვს მხოლოდ სამეურნეო საქმიანობის გამოცდილება.
ჩემი აზრით, ამგვარად დაკომპლექტებული კაბინეტი ვერ იქნება მობილური და ერთიანი (წარსულის გამოცდილებაც ამასვე ადასტურებს), განსაკუთრებით საპარლამენტო მმართველობის პირობებში, რაც, პირველ რიგში, მის ეფექტურობაზე აისახება.
თბილისის მერი ურთულესი ამოცანის წინაშე დგას - მან პრობლემების მოგვარება ინტერესთა ბალანსის დაცვით უნდა შეძლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შესაძლოა აღმოჩნდეს არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ საკუთარი გუნდის სამიზნეც

სტრუქტურული ცვლილებები სქემატურად, სწორადაა დაგეგმილი, მაგრამ რამდენად ეფექტური იქნება მათი მართვა, ამას მომავალი გვიჩვენებს. რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატებს, საპარლამენტო მოსმენების შემდეგ უფრო საგნობრივი გახდება მათ შესახებ მსჯელობა, თუმცა მიჭირს დავიჯერო, რომ კაცმა, რომლის ანაზღაურება თვეში 24000 ლარს აღემატებოდა, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, „გონივრულ“ ანაზღაურებას დაუჭიროს მხარი.
- თბილისის არჩეული მერი კახა კალაძე მერის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მერის მოვალეობის შესრულების პირველსავე დღეს კახა კალაძემ მერიის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა და თავის უახლოეს გეგმებზე და მუშაობის პრინციპებზე ისაუბრა.
ოპოზიციის მტკიცებით, კალაძის განცხადებებმა პრაქტიკულად დაადასტურა ის, რომ რასაც ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო სექტორი დავით ნარმანიას საყვედურობდნენ, არა მარტო ყოფილა ობიექტური კრიტიკა, არამემ კალაძე მათ გათვალისწინებას აპირებს.
პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ კალაძის მერობა იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი თბილისისთვის.
თქვენი პროგნოზით, რამდენად წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს კალაძის მერობა?

- თბილისის მერობა ნებისმიერი პიროვნებისთვის შეიძლება იქცეს პოლიტიკურ ტრამპლინადაც და სამარედაც, რადგან ობიექტურად არსებული პრობლემების გარდა, წლების განმავლობაში რომ გროვდებოდა და არა მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში დავით ნარმანიას მერობის დროს, აქ თავს იყრის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ინტერესები.
დარწმუნებული ვარ კალაძე იქნება გაცილებით აქტიური, ვიდრე ნარმანია, მაგრამ რამდენად იქნება წარმატებული ეს მხოლოდ მის უნარზეა დამოკიდებული

ყოველივე ამის გათვალისწინებით, თბილისის მერი ურთულესი ამოცანის წინაშე დგას - მან პრობლემების მოგვარება ინტერესთა ბალანსის დაცვით უნდა შეძლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შესაძლოა აღმოჩნდეს არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ საკუთარი გუნდის სამიზნეც.
ამასთანავე, კახა კალაძეს აქვს დროის დეფიციტი, რადგან მოსახლეობა მისგან პრობლემების სწრაფ მოგვარებას ითხოვს. ამიტომ, მას სჭირდება გუნდი, რომელსაც სრულად ენდობა.
შესაბამისად, სრულიად ბუნებრივია, რომ საქმიანობის პირველი დღე მან ვიცე-მერების წარდგენით დაიწყო. უახლოეს დღეებში, ალბათ, სამსახურის უფროსებსა და გამგებლებსაც წარადგენს.
ჩემი აზრით, საჭიროა სტრუქტურული რეფორმების გატარებაც და ბიუროკრატიული აპარატის შემცირებაც, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს იმის საბაბი, რომ მოხდეს მერიის თანამშრომელთა სრული ჩანაცვლება.
პრობლემურია ის, რომ ოპოზიციური სპექტრი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო სუსტი, დაქსაქსული და ფრაგმენტირებული აღმოჩნდა. არჩევნებიდან ერთი წლის თავზე ოპოზიციურ ფლანგზე არც ახალი და პერსპექტიული პოლიტიკური ძალა გამოჩნდა და ვერც არსებულებმა შეძლეს მინიმალურ დონეზე მაინც მოეხდინთ კონსოლიდირება

დარწმუნებული ვარ კალაძე იქნება გაცილებით აქტიური, ვიდრე ნარმანია, მაგრამ რამდენად იქნება წარმატებული, ეს მხოლოდ მის უნარზეა დამოკიდებული.
- ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურიც დასრულდა. განმეორებითმა არჩევნებმა ქართული პოლიტიკის არაერთი პრობლემური თემა გააშიშვლა.
კერძოდ, ”ქართული ოცნების” შიდა შეუთანხმებლობა მათივე კანდიდატებთან დაკავშირებით, ასევე ის, რომ ”ნაციონალებმა” მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღეს. ცალკე საუბრის თემაა ისიც, რომ ცესკომ არ გაითვალისწინა ოპოზიციურ პარტიათა მოთხოვნა რიგ უბნებზე ხმათა გადათვლის შესახებ. ასევე საინტერესო გახლდათ თიანეთში თამაზ მეჭიაურის გამარჯვება.
თქვენ როგორ შეაფასებდით ჩატარებულ მეორე ტურთან და ჩემს მიერ უკვე ნახსენებ თემებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს?

- მართალი ბრძანდბით, ადგილობრივმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართული პოლიტიკის პრობლემური თუ უცნაური და გაუგებარი მხარე.
პრობლემურია, რომ ოპოზიციური სპექტრი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო სუსტი, დაქსაქსული და ფრაგმენტირებული აღმოჩნდა, არჩევნებიდან ერთი წლის თავზე ოპოზიციურ ფლანგზე არც ახალი და პერსპექტიული პოლიტიკური ძალა გამოჩნდა და ვერც არსებულებმა შეძლეს მინიმალურ დონეზე მაინც მოეხდინთ კონსოლიდირება. უფრო მეტიც, დაშლილი „ერთიანი ნაცმოძრაობა“ ერთმანეთთან დაპირისპირებით უფრო იყო დაკავებული, ვიდრე ხელისუფლების ოპონირებით.
უცნაური და გაუგებარია „ნაცმოძრაობის“ გადაწყვეტილება, ისევე, როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, მონაწილეობა არ მიეღოთ მეორე ტურში, იმ მოტივით, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებდა. საკმაოდ სუსტი და ულოგიკო არგუმენტია, რადგან არჩევნების გაყალბება პირველ ტურში გაცილებით მარტივია, ამის გამოცდილება, სამწუხაროდ, გვაქვს, ვიდრე მეორე ტურში.
მიუხედავად ამისა, თუ „ნაცმოძრაობა“ თვლიდა, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებდა, მაშინ უფრო ლოგიკური იქნებოდა, საერთოდ არ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა.
საკმაოდ უსუსური აღმოჩნდა ოპოზიციის მცდელობა „ლიდერთა საბჭოს“ შექმნით მოეხდინა ერთიანობის დემონსტრირება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გაკეთდა განცხადებები არჩევნების გაყალბებასა და მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების შესახებ.
„ქართულ ოცნებას“ დიდი ძალისხმევა და სიფრთხილე დასჭირდება, რათა ერთპარტიული მმართველობა მართვის ერთპარტიულ სისტემად არ ჩამოყალიბდეს, ხოლო მოსახლეობასთან გაუცხოების პროცესი - მასთან დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს

არჩევნები, ცხადია, იდეალური არ ყოფილა. ალბათ იყო დარღვევები და შესაძლოა საკმაოდ მნიშვნელოვანიც, მაგრამ, როდესაც მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრები, გარდა, თუნდაც დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტებისა, აუცილებელია, რომ საზოგადოებაში იყოს საპროტესტო განწყობა.
საზოგადოებაში კი საპროტესტო განწყობა ყალიბდება ორ შემთხვევაში - პირველი, როდესაც საზოგადოების უმრავლესობას ჰყავს თავისი რჩეული, როგორც ეს მოხდა ოზურგეთში (ამ შემთხვევაში თ. მეჭიაურის ფაქტი არგუმენტად არ გამოდგება, რადგან ის ხელისუფლებასთან ასოცირებულ პერსონად მოიაზრება) ან მეორე, როდესაც არსებული რეალობა კატეგორიულად მიუღებელია და არჩევნების გამოყენება ხდება ამ რეალობის შესაცვლელად, როგორც ეს მოხდა 2003 და 2012 წელს. სხვა შემთხვევებში მსგავსი განცხდებები და ქმედებები ხელს უწყობს საზოგადოებაში ოპოზიციისადმი ნიჰილიზმის გაძლიერებას და არა ხელისუფლებისადმი პროტესტის გაღრმავებას.
- პრაქტიკულად გამართლდა არჩევნებამდე თქვენს მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ”ქართულ ოცნებას” პარტიის სახით არ ჰყავდა ორგანიზებული და ძლიერი ოპონენტი.
ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგების თემაზე უამრავი აზრი კი გამოითქვა, მაგრამ იგი მაინც საინტერესო განხილვად თემად რჩება.
თქვენ როგორ შეაფასებდით ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ რეალობას? ვგულისხმობ მმართველი გუნდის მიერ ყველა დონეზე დომინირებას, პოლიტიკურ ძალთა რანჟირების ახალ ვერსიას, თუნდაც იმას, რომ თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალექსანდრე ელისაშვილს მრავალწლიანი გამოცდილების პარტიებზე უკეთესი შედეგი ჰქონდა...

- ახალი პოლიტიკური რეალობის ჩამოყალიბების პროცესს სათავე დაუდო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა. „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, ძნელად თუ მოიძებნებოდა ვინმე, ვინც ადგილობრივ არჩევნებში „ქართული ოცნების“ წარმატებას ეჭვქვეშ დააყენებდა. შესაბამისად, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, მივიღეთ რელობა, როდესაც ქვეყანაში ყველა დონეზე ჩამოყალიბდა ერთპარტიული მმართველობა.
საკონსტიტუციო უმრავლესობა ან ერთპარტიული მმართველობა თავისთავად არც კარგია და არც ცუდი, მაგრამ ჩვენი რეალობის გათვალისწინებით, თუ ახლო წარსულს გავიხსენებთ ვნახავთ, რომ პროცესი ამით არ სრულდებოდა, იწყებოდა სახელმწიფო-ბიუროკრატიულ აპარატში ძველი კადრების ახლებით ჩანაცვლების პროცესი, რაც იწვევდა პოლიტიკური უმრავლესობის მმართველობიდან ერთპარტიულ მმართველობაზე გადასვლას, ხოლო ბიუროკრატიული აპარატის სრულად ჩანაცვლების შემდეგ, ერთპარტიული მმართველობა მართვის ერთპარტიულ სისტემად ყალიბდებოდა, რადგან ხდებოდა სახელმწიფო და პარტიული სტრუქტურების შერწყმა.
„ევროპულმა დემოკრატებმა“ პირველად მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა და ამის გათვალისწინებით მათ მიერ მიღებული შედეგი ურიგო ნამდვილად არ არის, მაგრამ, მათ ზრდის პერსპექტივა მაშინ ექნებოდა თუ მას მხარს ელექტორატის ის ნაწილი დაუჭერდა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჩამოშორდა

თუმცა, პროცესი ამით არ სრულდება: იწყება მეორე ეტაპი, როდესაც ”ასპარეზზე” უკვე მართვის ერთპარტიული სისტემა გამოდის და ცდილობს კონტროლქვეშ მოაქციოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო - განათლება, კულტურა,მეცნიერება, მედიცინა, მედია საშუალებები, ბიზნესი და ა.შ.
”ამგვარად, მართვის ერთპარტიული სისტემა იძენს რეპრესიულ ფუნქციას, რაც დასაბამს აძლევს გაუცხოების პროცესს ხელისუფლებასა და ხალხს შორის. იწყება კრიზისული ვითარების ჩამოყალიბება. ხელისუფლება აცნობიერებს, რომ მისთვის ძალაუფლების წყაროს ხალხი უკვე აღარ წარმოადგენს და ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ რეპრესიული აპარატის გამოყენებით შეუძლია. ეს აფართოებს რეპრესიული აპარატის მოქმედების არეალს, ზრდის აგრესიის ხარისხს და ამკვიდრებს მმართველობის ავტორიტარულ წესს.
ხელისუფლების შემაკავებელი ფაქტორი, უბრალოდ, აღარ არსებობს, რადგან პოლიტიკურ ოპოზიციას არ გააჩნია რეალური კონსტიტუციური ბერკეტები, რათა იმთავითვე წინ აღუდგეს ხელისუფლების (უმრავლესობის) ავტორიტარულ მისწრაფებებს, ხოლო სამოქალაქო სექტორი და თავისუფალი მედია, იმავე პოლიტიკურ ოპოზიციასთან ერთად, ვერ ახერხებს ძლიერი სამოქალაქო პროტესტის ორგანიზებას, ვინაიდან გაუცხოების პროცესი მოსახლეობაში ჯერ კიდევ სუსტია.
სწორედ ამ სამოქალაქო აქტივობის უკმარისობის პირბებში ახერხებს ხელისუფლება მორჩილი სახელმწიფო-ბიუროკრატიული აპარატის შექმნას. ამის დაძლევას შემდგომში, როდესაც ხელისუფლება მოსახლეობის მხარდაჭერას კარგავს, რევოლუციებითღა ვახერხებთ, ჯერჯერობით მაინც...” (საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია - „საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის განვრცობილი კონცეფცია“ გვ. 7-8, თბილისი, 2010 წლის 9 აპრილი).
ამჟამად ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეალობა ძალიან ჰგავს ზემოთ აღწერილს. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ პირველი ეტაპი - უმრავლესობიდან ერთპარტიულ მმართველობამდე - უკვე გაიარა: მოხდა ბიუროკრატიის თითქმის სრული ჩანაცვლება და არის მცდელობა მედიასაშუალებებზე კონტროლის დამყარების (თუნდაც საზოგადოებრივ არხზე მიმდინარე გაურკვეველი რეფორმა); პარალელურად, ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი ა. ელისაშვილი მიღებული ხმებით პირველ ოპოზიციურ პარტიას უტოლდება, ხოლო ოზურგეთში ასევე დამოუკიდებელი კანდიდატი პირველადი მონაცემებით იმარჯვებს მერის არჩევნებში, იმის დასტურია, რომ, ერთის მხრივ, ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს არა აქვს მოსახლეობის მხარდაჭერა, ხოლო, მეორეს მხრივ - დაიწყო გაუცხოების პროცესი ხელისუფლებასა და ხალხს შორის.
ასე რომ, „ქართულ ოცნებას“ დიდი ძალისხმევა და სიფრთხილე დასჭირდება, რათა ერთპარტიული მმართველობა მართვის ერთპარტიულ სისტემად არ ჩამოყალიბდეს, ხოლო მოსახლეობასთან გაუცხოების პროცესი - მასთან დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.
- ამას წინათ ”ევროპელი დემოკრატების” ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა - ”ჩვენი ამოცანაა, 2020 წლის არჩევნებზე ხალხთან ერთად ვიბრძოლოთ ხელისუფლებაში მოსასვლელად და ”ქართული ოცნების” სახლში გასაშვებად''. შთაბეჭდილება რჩება, რომ ”ნაციონალები” იმის იმედად არიან თუ როგორი პერსპექტივა ექნება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში.
მესმის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე საკმაოდ დიდი დროა, მაგრამ თუ შევეცდებით მაგ დროისათვის ჩამოყალიბებულ რეალობაზე ფიქრს, თქვენი დაკვირვებით თუ ქართულ საშინაო პოლიტიკაში არსებული პოლიტიკური დინამიკა შენარჩუნდა, სავარაუდოდ, როგორი სურათი შეიძლება იყოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის?
თქვენ კვლავაც ხომ არ მოგიწევთ თქმა რომ - ”ქართულ ოცნებას” რეალური სტრუქტურირებული მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის სახით არ ჰყავს”?

- „ევროპულმა დემოკრატებმა“ პირველად მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა და ამის გათვალისწინებით მათ მიერ მიღებული შედეგი ურიგო ნამდვილად არ არის, მაგრამ, თუ მომავლის პერსპექტივაზე, მით უმეტეს, თუ ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზიაზე ვიმსჯელებთ, მაშინ არჩევნებში მიღწეული წარმატება საფუძვლად ვერ გამოდგება, რადგან მათ მიერ მიღებული ხმების აბსოლუტური უმრავლესობა ყოფილი ნაციონალური ელექტორატის ხმებია. ზრდის პერსპექტივა ამ გუნდს მაშინ ექნებოდა, თუ მას მხარს ელექტორატის ის ნაწილი დაუჭერდა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ჩამოშორდა.
ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ჩვენ მივიღეთ ახალი პოლიტიკური რეალობა, რომელმაც პოლიტიკური პროცესი უნდა წარმოშვას

ჯერჯერობით არც „ევროპულ დემოკრატებს“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“, არც სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს ყოფილი „ნაციონალებიდან“, მხარდამჭერი ელექტორატის ზრდის პერსპექტივა ნამდვილად არ გააჩნიათ. იმ შემთხვევაშიც კი თუ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში კრიზისი ჩამოყალიბდა, ხოლო ოპოზიციური სპექტრისადმი მოსახლეობის დამოკიდებულება ისეთივე დარჩა, როგორიც დღესაა, უფრო დიდია ალბათობა ოპოზიციური ძალა „ქართული ოცნების“ წიაღში ჩამოყალიბდეს (როგორც, თავის დროზე, „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოიშვა „მოქალაქეთა კავშირიდან“) და მოსახლეობამ უფრო მას დაუჭიროს მხარი, ვიდრე ყოფილ „ნაციონალებს“.
ზოგადად ოპოზიციას კიდევ აქვს ერთი შანსი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. ვგულისხმობ საპრეზიდენტო არჩევნებს, რომ როგორმე ჩამოყალიბდეს და ფორმა მიიღოს, რათა ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე შეთანხდნენ, ოღონდ მას „ნაციონალური“ წარსული არ უნდა ჰქონდეს, საერთოდ, უმჯობესია თუ კანდიდატი არ იქნება პოლიტიკური ელიტის წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ოპოზიციას აქვს შანსი რეალური ბრძოლა გაუმართოს ხელისუფლებას და დაძლიოს დეპრესიული მდგომარეობა; ჩნდება შესაძლებლობა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლებას სტრუქტურირებული პოლიტიკური ძალა დაუპირისპირდეს.
საერთოდ, მოვლენების განვითარების გრძელვადიანი პროგნოზირება, მეტ-ნაკლები სიზუსტით, შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც გვაქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკური პროცესი.
პრემია-დანამატების თემამ ისეთი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია, ხელისუფლება იძულებული იქნება რამე მოიმოქმედოს

ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ჩვენ მივიღეთ ახალი პოლიტიკური რეალობა, რომელმაც პოლიტიკური პროცესი უნდა წარმოშვას, თუმცა ჯერჯერობით თავად „ქართული ოცნების“ შიგნით, როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი გადაჯგუფებები და სანამ არ დასრულდება, პოლიტიკურ პროცესზე ლაპარაკი რთული იქნება.
- პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა - ”პრეზიდენტი არის ”ნაცმოძრაობის” ორი განშტოების და ”პატრიოტთა ალიანსის” მხარეს”. მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება მალე გადავა შრომის ანაზღაურების ფიქსირებულ სისტემაზე და მაქსიმალურად შეიზღუდება პრემიების განაწილება”.
თქვენც ფიქრობთ, რომ პრეზიდენტი ოპოზიციის მხარესაა?
და კიდევ, წარმოუდგენელია ხელისუფლებამ არ იცოდეს, რომ საზოგადოება გაღიზიანებულია საჯარო სამსახურში დასაქმებულთა პრემია-დანამატების დარიგებით. თქვენი აზრით, ხელისუფლებამ რატომ აქამდე არ გადადგა ნაბიჯები პრემიების მაქსიმალურად შესაზღუდად?

- პარლამენტის თავმჯდომარის დამოკიდებულება პრეზიდენტისადმი არახალია. გულწრფელად გითხრათ, დღემდე ვერ გავარკვიე, რას ითხოვს „ქართული ოცნება“ პრეზიდენტისაგან ან როგორი პრეზიდენტი უნდათ? ალბათ მაშინ მივხვდებით, როდესაც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში თავიანთ კანდიდატს დაასახელებენ.
ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ვერც ავტორიტარიზმს ვეგუებით და ვერც დემოკრატიული გარემოს შექმნას ვახერხებთ

რაც შეეხება პრემია-დანამატებს, ეს საკმაოდ რთული თემაა, რადგან შეუზღუდავი პრემია-დანამატები ან ჩვენს რეალობასთან შეუსაბამოდ მაღალი ხელფასები არის ფულის შოვნის სამართლებრივად გამართული და ლეგალური გზა, ასევე, ერთგვარი ანტიკორუფციული პრევენცია. თუ ის შეიზღუდება ან შემოიფარგლება, მაშინ სხვა ანტიკორუფციული მექანიზმების შემუშავება იქნება საჭირო. ამიტომ ხელისუფლება დღემდე ერიდება მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას. თუმცა ამ პროცესმა ისეთი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია, იძულებული იქნება რაიმე მოიმოქმედოს.
- ადგილობრივმა არჩევნები კი დასრულდა, მაგრამ ფაქტია, რომ მან ბევრი საშინაო პრობლემა გააშიშვლა.
ახლა როცა არჩევნები დასრულებულია, ქვეყანა ნელი ტემპებით, მაგრამ მაინც დგამს ნაბიჯებს ევროპული სტრუქტურების მიმართულებით, სოციალური ფონი არასახარბიელოა, ეკონომიკის სფეროში გარკვეულ წარმატებებზე კი საუბრობენ, მაგრამ სოციალური ფონი მაინც მძიმდება, საზოგადოებას ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებში აშკარად აკლია კონსოლიდაცია, იგი საკმაოდ ფლუსტრირებულ-ფრაგმენტირებულად გამოიყურება. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ პრობლემების გამოსწორებაზე საუბარს ყველა გაურბის.
მესმის, რომ ჩემს მიერ დასახელებულ პრობლემათა ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, ბევრი მათგანის მოგვარებას დრო სჭირდება, მაგრამ არაკონსოლიდირებულ, ფლუსტრირებულ-ფრაგმენტირებული საზოგადოების პრობლემა რომ სულ უფრო და უფრო იჩენს თავს, ვხედავთ. თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს, ან რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება როგორც მინიმუმ უფრო მდგრადი და პროგნოზირებადი იყოს?

- საზოგადოების კონსოლიდაციის ორი გზა არსებობს - ერთია ავტორიტარიზმი, როდესაც რეპრესიული მეთოდებით ხდება საზოგადოების დამორჩილება, როდესაც რეჟიმი განსაზღვრავს მიზნებსაც და მიმართულებებსაც და საზოგადოების ფუნქცია მხოლოდ აღსრულებაა, მეორე ესაა დემოკრატია, სადაც კონსოლიდირება ხდება საერთო ღირებულებების, ურთიერთ თავისუფლებათა აღიარებით და ერთიანი სამართლებრივი გარემოს შექმნით.
ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ვერც ავტორიტარიზმს ვეგუებით და ვერც დემოკრატიული გარემოს შექმნას ვახერხებთ. ამიტომ მუდმივად ჰიბრიდული რეჟიმის პირობებში გვიწევს ცხოვრება და საქმიანობა.
მთავარი კი ისაა, რომ ჩვენ ამ თემებზე საუბარს გავურბივართ, რადგან უფრო ადვილია კამათი საგარეო ორიენტირებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ლგბტ თემზე და ა.შ. ვიდრე სახელმწიფოს მოწყობაზე.
არადა, სანამ ჩვენ ჰიბრიდული რეჟიმიდან დემოკრატიულზე არ გადავალთ, ვერც ქვეყნის მთლიანობას აღვადგენთ და ვერც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველვყოფთ.

კობა ბენდელიანი
“ინტერპრესნიუსი”

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები